ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 აპრილი, 2016


* * * (პირის შეკვრა მიბრძანე და...)

პირის შეკვრა მიბრძანე და
ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას მოვანდომებ ასერთ წელიწადს!
უნდა ვიმღერო - სადაც მე ვდგავარ, მთავრდებიან მდინარეები.
სადაც მე ვდგავარ - ქარია.

ამომიშენე კედლები და ძილი მიბრძანე
- ჩაძირულ გემებს დავისიზმრებ, სკივრებს, ზარდახშებს.
ზღვის ფსკერზე დავრჩე - სევდიანი მემოზინები
მომიყვებიან მითებს ხმელეთზე.

გაბზარულაო, პაპაჩემის საფლავის ქვა და ათოვს ნასახლარს.
ჭა ჩამშრალაო, დაქცეულა, ჩამქრალა კერა, მოთქვამს სულელი.
კაცო, ამისთვის თუ მოსულხარ, ამ ქვეყანაზე,
არ დაგელია წვეთი წყალი, ქვა არ დაგედო.

აი, მე ვდგავარ მდინარეთა დასალიერთან, სიზმრებს ვკითხულობ.
ხორგივით მოაქვთ, მომლოდინე დედების შიში.
შენ კი, გაბზარულ ქვას დასტირი, პაპაშენისას.

წადი და მოსდე მთელ ქვეყანას ჩემი ამბავი,
რომ მე აქ ვდგავარ, მდინარეთა დასალიერთან,
სიზმრებს ვკითხულობ. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები