ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2016


უტიფრული - სამშობლოს!

რა წარსულის გაკვეთილი, რა დასკვნები საჭირო!
ითმენს ჩემი საქართველო, წიხლიც რომ დააჭირო.

იტანს კოდვას, იტანს ცოდვას, რაც რომ შემოესია.
მსგავსი მსგავსის გამგებია, ყველა უარესია.

რა ზნეობა, რა ღირსება, მთავარია გაგება:
- კარგ დროს ყოფნა კარგ ადგილზე, დროზე ფეხქვეშ გაგება,

გარეთ - პირი მოცინარი, შინ - ვაება-გოდება.
დღევანდელი კვერცხი უჯობს, ქათამს ვერ ელოდება,

ცოცხალს კლავს და მკვდარს აღმერთებს, ზნეს შეუცვლის აწი რა!
არ დაინდო, მისთვის თავი ვინც გაიღო, გაწირა,

ვინც იმედის ცისარტყელით ზეცა მოასალტვინა.
მაინც მიყვარს საქართველო, ორგულა და ცალტვინა,

მისი მთით და მისი ბარით, ველითა და ბექობით.
გადის ათასწლეულები წაჯექ-უკუჯექობით,

შინ და გარეთ არ ელევა გამკილავ- მაქებარი,
იქნებ არის რაღაც სიბრძნე, ჩემთვის გაუგებარი,

რაღაც კოდი,  რაც არ ითქმის არც გარეთ და არც შინა,
დე, უშველოს, ვით აქამდე ბევრჯერ გადაარჩინა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები