ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2016


სიმბოლიზებული არჩევანი

    ყველაზე ლამაზი თვითმკვლელი ხარ მათ შორის, ვინც კი მინახავსო, - 
უთხრა დაახლოებით სამი საათითა და შვიდი წუთით ადრე, სანამ მისი ნეიტრალურობამდე მიყვანილი სხეულის ტემპერატურა გაცივდებოდა ასფალტზე.
ალბათ ეს უკანასკნელი იყო, რაც მისგან სარწმუნოდ ჟღერდა და ამიტომაც ჩაებღაუჭა ამ ნათქვამს, სურდა რაღაც ხელშესახები მაინც ჰქონოდა მასთან დაკავშირებით.
და სასტუმროს ნომრიდან წასვლამდე უთხრა.
- გახსოვს, რამდენიმე წლის წინ რომ მომწერე, თავის მოკვლა მინდა, მაგრამ ვერ ვბედავო.
თავი დაუქნია კაცმა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- ჰოდა ახლა ჩემი ჯერია, ვკვდებოდე.
სიგარეტი გამოართვა და თითქმის ჩამწვარ ღერს ბოლომდე გამოსწოვა ბოლი.



                                                                  *  *  *


    მასთან შეხვედრამდე კარგა ხანს მჯეროდა, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და რომ მოწონება სტიმულ-რეაქციის რიგითი მაგალითია. მერე დიდხანს რომ მეფერებოდა თმაზე, მივხვდი რომ არაფერია იმაზე სუბიექტური, ვიდრე ვინმე აჩემებული ადამიანის სუნთქვაზე დამოკიდებულება.
ჩემი გრძნობები სიტყვებში მოვაქციე და სანამ ქცევებს მომთხოვდა, მანამდე დავახურდავე მოთხრობებში. მწერალი ქალის სიყვარული იგივეა, რაც ხალხის წინაშე გაშიშვლება. უნდა გქონდეს სისხლში ექსჰიბიციონიზმი, თორემ სხვაგვარად აღმოაჩენ რომ ათასი თვალის ტყვე ხარ და იმდენად პატარად გრძნობ თავს წინადადებებს შორის, რომ გგონია თითოეული მათგანი რელსებივით გადებულან და შენს ზურგზე წვებიან.
- ცხოვრებაში ბევრი რამ ურთიერთსაპირისპიროა და როგორ მოხდა რომ ძლიერს ასევე ძლიერი მოგწონვარ?
ვეკითხები წარბის აწევით და გულის სიღრმეში მინდა რომ ჩემს ფილოსოფიურ იუმორს აჰყვეს. უხდება ტვიდის კოსტუმი, ეს კლასიკური ფეხსაცმელები პირდაპირ მისი სტილის სავიზიტო ბარათია და ჰო, სიყალბემდე გათეთრებული პერანგი. იმდენად მინდა თითი გავაყოლო პერანგის საყელოს, რომ თავისშესაკავებლად ტუჩები თითებთან მიმაქვს.
- იქნებ, სწორედ ესაა თავი და თავი?
- ანუ?
სულ არ ვფიქრობ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე. ისევ პერანგის საყელოს ვუბრუნებ მზერას...
- შენ საკუთარ თავს ეძებ სხვებში და როგორც კი იდენტიფიკაცია მოახდინე შენი წამყვანი თვისების ჩემში, მაშინვე მოიხიბლე.
როგორ ეხერხება წინადადებების დაწყობა, განლაგება და სიზუსტე. ალბათ ის უნდა წერდეს და მე კი ექსჰიბიციონიზმით ვტკბებოდე.
- მოსაწყენია საკუთარი თავის ძიება სხვებში, მით უფრო, როცა შენი სახების ერთეულად ატანაც კი საშინელია ზოგჯერ.
  ალბათ ემოციური ინტელექტი იმდენად დაბალი მაქვს, რომ ზოგჯერ წარმომიდგენია ჩემი თავი მის მუხლებზე წამომჯდარი, როგორ ვეწევი მისი თითებიდან სიგარეტს და მონუსხულივით ვუსმენ მორიგ სისულელეს მის სამსახურზე.
იქნებ ჩემი ნაადრევად მომწიფებული გონება, იმდენად წინ გაიჭრა, რომ უმწიფარი ემოციები სხეულს შეატოვა შესაფარებლად. მე კიდე დღეგამოშვებით ვამტკიცებ, რომ ძლიერი ქალი ვარ, რომელსაც საყვარელი მამაკაცის პერანგების სიყალბემდე მისული სითეთრე აღაგზნებს.
- ემანსიპირებული ქალების საუკუნე ბევრ კითხვას ბადებს. გსურს დამოუკიდებლობა და თანაც ცახცახამდე გინდა მემორჩილებოდე.
- შენ... შენ რა გინდა?
ვეკითხები და ნერწყვს ვყლაპავ. ზოგჯერ მგონია ჩემი ემოციები მარიონეტად ქცეული, მის თითებს შორის მოქცეულან და ძაფების ერთი გატოკება და სრულად იცვლება განწყობა.
- კალთაში ჩამიჯდე და თმაზე მოგეფერო.
როცა მისი ზღვარზემაღალი ინტელექტი ასეთ მარტივ სურვილებს ქმნის და მაწვდის, ეს მე სიმშვიდეს მგვრის. ვიცი, რამდენიც არ უნდა ვეურჩო, მაინც მისი მორჩილების ქვეშ მყოფი ემოციური ინტელექტის დონით „ბავშვი“ ვარ. 
 






                                                              *  *  *


  ასფალტზე ქალის სისხლი იმდენად მუქად მოჩანდა, იფიქრებდით საწამლავით შეუღებავთ და ასე გაუშავებიათო. მარცხენა მაჯაზე თმისსამაგრი ეკეთა, იფიქრებდით, სანამ გადმოხტებოდა თმის აწევას აპირებდაო. რაღაცები დაულაგებელი რჩება სიკვდილს, ანდაც იმდენად უმნიშვნელო ხდება თავად ეს პროცესი, რომ უბრალო დეტალები წამოიწევენ ხოლმე წინ.
მხოლოდ ერთი მამაკაცი იდგა იქვე, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფი აღმოჩნდა და მტედების გადაღებისას, შემთხვევით დაინახა მეშვიდე სართულიდან გადმოშვებული სხეული.
მერე კარგა ხანს ნანობდა, როგორ არ დავაჭირე გადაღების ღილაკს თითი და მხოლოდ აპარატის მიღმა რატომ ვუცქერდიო. ვერ გეტყვით, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია - დაიჭირო კადრი თუ სიკვდილის უეცარობამ აღგაშფოთოს.
ალბათ ყველაფერი პირობითია.
ქალს ორივე ფეხზე ლამაზად მორგებული ფეხსაცმელი ეცვა და ისე საოცრად შეეხამებინა ცისფერი კაშნე ქვედაბოლოსთვის, რომ იფიქრებდით, უთუოდ სადღად გადიოდაო. იქნებ სახლიდან გასვლის წინ ონკანის შემოწმებასთან ერთად გადაწყვიტა სარკეში კიდევ ერთხელ მოეკრა საკუთარი თავისთვის თვალი?
და იქნებ, სულაც არ უფიქრია ფანჯარასთან ახლოს მისვლა. 
რა ქმნის რეაქციას თუ არა სტიმული, და თუკი ამას დავეყრდნობით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სიკვდილის (მა)სტიმული(რებელი)?




                                                              *  *  *


- რა არის ურთიერთობის სიმყარის გარანტია?
- მისი არასტაბილურობა.
- მორჩი სისულელეებს.
ვიცინი და მსუბუქი ხელისკვრით ვცდილობ მისი სხეულის მოშორებას.
ორივე ხმამაღლა ვხარხარებთ უკვე და ზუსტად ამ წამს მგონია, რომ ალბათ ბედნიერება სწორედ ესაა. ჰო, როცა უმიზეზოდ გამოწვეული, ორი სიცილი ერთმანეთს ერწყმის.
უმიზეზოობაა თავი და თავი.
    არადა, მგონია, რომ იგი თავის საწყისს ეძებს ჩემთან. სურს ჩემში შემოსვლით თავისი ამ ქვეყნად გაჩენის განცდა განიახლოს. და მერწყმოდა მანამ, სანამ ერთიანად არ მოდუნდა და არ დაეშვა ჩემს მკერდზე, როგორც ქარიშხლიდან ახლახანს გადარჩენილი მოგზაური.
ფრთხილად ვეფერებოდი შუბლთან ჩამოყრილ მოკლე თმაზე და მისი ბავშვურობა უფრო მეტ სითბოს ბადებდა ჩემში. ჰო, ალბათ ისიც ჩემსავით ემოციურად უმწიფარია და ეს ორი ბავშვი რა ჯანდაბას დავმართებთ ერთმანეთს არავინ იცის.
  სამყარო ცვლადია, (არამხოლოდ ბრუნვადი) ძვირფასო. და ესეც რომ არა, თავად ადამიანი - სამყაროს მიკროვერსია, იმდენად არის მიდრეკილი ყველაფრის გაფუჭებისკენ, რომ ჩვენი უმიზეზო სიცილის ურთიერთგადაკვეთა არაფერია იმასთან შედარებით, რაც რეალურად შეგვიძლია რომ გავაკეთოთ.
ადამიანს ებოძა უნარი ქმნას და გაანადგუროს. მასშია ჩაბუდებული ანტაგონიზმი და სადო-მაზოხისტური წყობა. ამდენ დეტალს შორის, განა რამდენად ფასობს ის წამი, რომელსაც უსასრულობა გამოვაბით და ახლა ვტკბებით ჩვენსავე ნახელავით, რომლის ნგრევაც განპირობებულია იმთავითვე ჩვენს გენეტიკურ კოდში.
შენ არ შეგიძლია დამიცვა იმისგან, რასაც ვერ მართავ, ისევე როგორც მე ვერ დაგპირდები, რომ არ მომინდება შენი განადგურება.
სხეული მატერიაა, მაგრამ განა სხეული მეთოდი უფრო არ არის საკომუნიკაციოდ?
როცა ჩემს შეხებებს ვატოვებ, როგორც წერისას სიტყვებს ფურცლებზე, და ასე უკიდეგანოდ მულტიპოლარულ სამყაროში გიშვებ.
იმდენი შემიძლია გესაუბრო განცდებზე, რომ ბოლოს დაგაჯერო, თითქოს ახლა შენი სხეულის ნაცვლად, რომელიც ჩემს სხეულზე განისვენებს, ჩვენ ვართ ფიქრისგან წარმოქმნილი სურვილების წყება, რომელთა ფიზიკური არსებობის უნარი გონებრივი მატერიალიზების შედეგია მხოლოდ.
ყველაფერი, რასაც ეხები ან გრძნობ, შესაძლოა სულაც არ წარმოადგენდეს თავისთავადობრივ არსებობის გამოხატულებას და მხოლოდ მისი დეფინიციური საწყისით შეძლო გაიგო ჭეშმარიტი არსი. თუმცა, ვინ ქმნის დეფინიციას, ძვირფასო?
განა, არ შემიძლია „ბედნიერება“ ჩავანაცვლო „სიკვდილით“ და მერე იმდენი გესაუბრო ამაზე, რომ დაგაჯერო ჩემი სიმართლე?
ვარაუდი - არის ამოსავალი წერტილი.
მაშინ, როცა გამალებით გინდა შეძვრე იქ, საიდანაც წარმოიშვი და ასე მაინც იცვალო სახე.
მეტამორფოზა არ არის დანიშნულების ის წერტილი, რომელიც მოგცემს იმას, რასაც ეძებ და მაშინ, შენ მოგინდება დაანგრიო საყდარი, რომელსაც ასე ეძიები და ჩემი სხეული გგონია.
ხედავ რამდენი რამის თქმა მსურს? და ყველაფერი მხოლოდ გონების კონფიგურაციებია. ემოციების დონეზე კი იმდენად განუვითარებელი არსება ვარ, რომ ახლაც ვერ მომიშორებია შენი ჩემს ზემოდან დამხობილი სხეული.




                                                          *  *  *


    სიგარეტს მოუკიდა და ყელზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი იმდენად ემძიმა, იფიქრა ლოდი მკიდია მის მაგივრადო.
უკვე რა ხანია დაურეკა სასწრაფოს. მიუხედავად იმისა რომ ზუსტად იცოდა, ქალი უკვე მკვდარი იყო, რატომღაც ეს იმედი - სასწრაფოს დახმარების იმედი, თავის გადარჩენად მიიჩნია.
მალე პოლიციაც მოვიდა, ქალის გვამი ცარცით შემოხაზეს და პატარა ბლოკნოტებში რაღაცების ჩაწერა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი, დაბალი და უკამყოფილოსახიანი პოლიციელი მასთან მივიდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
არ იცის რა ჯანდაბად, მაგრამ დააყრანტალა, რომ ძალიან წუხდა, ფოტოს გადაღება რომ ვერ მოახერხა, არადა კამერა მტრედებისკენ ჰქონდა მომართული და ზუსტად მაგ დროს დაინახა მეშვიდე სართულიდან გადმომხტარი (?) ქალის სხეული.
ამის გაგონებისას ისე უცნაურად შეხედა კანონისდამცველმა, რომ წამით საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო. მუცელი უჭმელობისგან აუბუყბუყდა, ან სულაც ნერვიულობის გამო. ერთი სული ჰქონდა სიგარეტი ამოეღო, არადა მკაცრად განუსაზღვრა ექიმმა, რომ კუჭის წყლულს აიკიდებდა, თუ უზმოზე მოწევას არ გადაეჩვეოდა.
ჯერ ყავა აუკრძალეს, მერე სიგარეტი. ხვალ ალბათ სადმე, თავის ჩამოხრჩობასაც შესთავაზებენ. ფუი, სიკვდილზე ხუმრობაც კი უსიამოვნოდ და სიმბოლურად ეჩვენა. გუნებაში თავის თავს უფრო მეტად შეუღრინა და პოლიციელს გასცილდა.
შეეძლო მანამდეც გადაეღო ქალის უკვე გაცივებული სხეული, მაგრამ იფიქრა ორი სიკვდილი ერთად წარმოუდგენელიაო (კადრი ხომ საგნის წამიერი სიკვდილია, რომელიც შეუქცევადია). მალევე მიხვდა რომ უაზრო ეგზისტენციალურ მანჭვებს აყოლოდა, მაგრამ ამ უჭმელზე, უსიგარეტოდ და თანაც ახლადგაციებული გვამის წინაშე, მეტი ვერაფერი მოახერხა.
შენიშნა, რომ მარცხენა ხელზე თმისსამაგრი გაეკეთებინა და ზოგადად, ეს ქალი საკმაოდ მოწესრიგებული ჩანდა(იყო, უფრო სწორად), ალბათ ფანჯრის ნაცვლად კარში აპირებდა გასვლას და ბოლო წამს გადაიფიქრა.
გააჟრჟოლა, ვერ მიხვდა მიზეზს, რის გამო შეიძლებოდა ეს გადაეწყიტა და ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა.
ისე, ლოგიკურია, რადგან მიდიოდა ასე გამოწყობილი, ესე იგი ვიღაც მნიშვნელოვანი უნდა ენახა და ვინ იცის, უკვე რამდენი ხანია ვიღაც მამაკაცი (დიახ, საყვარელი ალბათ) კაფეში ზის და ცდილობს ვიტრინებიდან დალანდოს საყვარელი ქალის ცისფერი კაშნე, რომელიც მის მოსვლას აუწყებს რამდენიმე წამით ადრე. რომ უკვეთს უკვე მეორე ფინჯან ყავას და ნერვიულად იყურება საათზე. ოჰ, როგორები არიან ეს ქალები, - ალბათ ამ შაბლონურ ფრაზასაც მოაყოლებს და უკვე მესამედ აკრებს მის ნომერს. ის კი არ პასუხობს და ვერც ვერასოდეს უპასუხებს... მისი ხმა ახლა ალბათ ხორხში გაიჩხირა და საბოლოოდ მიინავლა.
ნეტავ, თუ წამოიყვირა ვარდნისას ან სულაც ასფალტზე დაცემისას?
- თუ არ გჭირდებით, მე წავალ.
მხრები აიწურა და ფოტოაპარატს მოკიდა ხელი, რომელიც თანდათან უფრო მძიმდებოდა.
- თქვენი კოორდინატები მორიგეს ჩააწერინეთ და ეს სავიზიტო ბარათი წაიღეთ, იმ შემთხვევაში თუკი კიდევ რაიმეს გაიხსენებთ.
ბარათი სწრაფად გამოართვა და იქვე ახლოს მდებარე კაფესკენ გასწია, კიდევ ერთი ღერის მოსაწევად და ფინჯანი ყავის შესაკვეთად.






                                                                *  *  *


    სანამ მოხვიდოდი, შენი კარადა გამოვაღე და თეთრი პერანგების წყებას გადავუსვი ხელი. რამდენი გქონია და თანაც იდენტურები. მომინდა ყველა მათგანი გადმომეყარა ლოგინზე და ზემოდან გავწოლილიყავი. გამეღიმა, შენი სახე წარმოვიდგინე, პედანტურ სკრუპულოზურობაში ჩანთქმული მიმიკები და ხმამაღლა გამეცინა.
საინტერესოა, მე როგორ ჩამსვი იმ ჩარჩოებში, როცა ჩემი აბსტრაქტულობა ასეთი ყოვლისმომცველია. შენს ერთ-ერთ პერანგს ვიღებ და შიშველ სხეულზე ვიცვამ.
ნაჭრის უხეში შეხება სიამოვნებას მგვრის. წარმოვიდგენ, როგორ გხდი მორიგ პერანგს შემოსვლისთანავე და ვეუფლები შენს წამყვან სურვილს - ეძიო საწყისი ჩემში.
მე შენი კერპთაყვანისმცემლური მიდრეკილებები უფრო მახელებს და მინდა გამოგკეტო მატრიალიზებული სხეულის მიღმა, რომ საკუთარი დაბადების ძიებაში არაერთხელ გარდაიცვალო.
სიკვდილი ორგაზმია, არ იცოდი, ძვირფასო?
და მინდა იმდენად ბევრჯერ მოგკლა, რომ ბოლოს სიცოცხლეზეჩაბღაუჭებულმა გამოაღწიო ჩემი ვნების ქარტეხილებიდან.


- არ გინდა მომკლა?
მეკითხება და ისე ფართოდ იღიმის, მგონია წამიც და სიცილს დაიწყებს.
- მერე მე რა ამით?
ეგოიზმითა და პატივმოყვარეობით ვფარავ ინტერესს.
- ჰო, მინდა მოვკვდე, მაგრამ თავის მოკვლა სისულელეა, არ მინდა ეგ გავაკეთო.
თავს მარცხნისკენ ვხრი და თვალებს ოდნავ ვჭუტავ.
რა მოსდით ადამიანებს, როცა ნგრევის ვექტორი გარემოს მაგივრად საკუთარი თავისკენ აქვთ მიმართული? (ეს არის ის კითხვა, რომელიც პასუხად გამოდგება ამ შემთხვევაში).
მინდა იმდენი ხანი გკოცნიდე, რომ ენების შეხება დიალოგს ჰგავდეს.
შენს სიღრმეში შემოვაღწიო და ასე ავირეკლო შენი ჩემში შემოსვლის სურვილი.
    ადამიანი ანტაგონისტური ნაბიჭვარია, რომელსაც ისე უყვარს და ეზიზღება თავისივე თავი, რომ ყველაში ეძებს მას და პოვნისთანავე კლავს.
    რა მოხდება, თუკი შეძლებ ჩემში გადმოანთხიო (ჰო, ორგაზმისას) მთელი შენი შიში, კომპლექსი და სიძულვილი. რა დაგრჩება მერე? სიცარიელეს რა ამოგივსებს?
ნუთუ ჩემში გადმოტრანსფერებული შენი განცდები მოგცემენ იმის მოტივაციას, რომ დაანგრიო საყდარი და ჩემი სხეულის მოკვლით მოიშორო თავიდან ის, რაც გაწვალებს.
იქნებ, იმდენად ძალიან გინდა მოიკლა თავი, რომ ამის განსახორციელებლად მიყვარებ. ასე შეძლებ გაუნადგურო და წაართვა შენს თავს ყველაზე ძვირფასი.
ჰო... ალბათ ავადმყოფი ნაბიჭვარი ხარ, ემოციურად მოუმწიფებელი და ახლა ჩემს კერტებზე ვგრძნობ შენს ცრემლებს. არ შეგიძლია ყოველი ორგაზმის მერე არ ტიროდე.
თითქოს გენანება საკუთარი შიშებისა და კომპლექსების ჩემში ჩატოვება.
მიდი, კიდევ ერთხელ შემოდი, შემოლეწე საყდრის კარები, რომ ჩაგტოვო, მოგკლა და ასე უფრო მიგაახლოვო იმ სიცარიელესთან, რომელიც საბოლოოდ არცერთმა ვიცით რას შობს.
  შესაძლოა მართალი იყავი, როცა იფიქრე რომ დაგბადებდი, ჩემი ქალური საწყისიდან წარმოგქმნიდი, როგორც დედა, როგორც მშობელი და შემდგომ მიგიღებდი ყველანაირს, მაგრამ ამ ვერსიის მხოლოდ ნაწილი აცხადდა, მეორე ნაწილს კი ვერაფრით მოვაბით თავი.
ახლა, ალბათ, რამდენიმე წუთში შემოაღებ კარს და ჩვეული სიდინჯით (ეს მხოლოდ გარედან, ძვირფასო) შემეკითხები, რაიმე ისეთს, არასაგულისხმოს, რომ მოისმინო მიზეზი, რატომ ვდგავარ შენი კარადის წინ, შენსავე პერანგში შემოსილი, რომელიც სიყალბემდე თეთრია და მაინც იმდენად რეალური, რომ მისი წყალობით ვგრძნობ საკუთარ სხეულს.

- ჩაი ან ყავა?
პირველი, რაც მოგდის თავში კარის გაღებისას.
- შენ.
იღიმი ფართოდ და კმაყოფილად, თუმცა არ ჩქარობ ჩემს გაშიშვლებას. ფრთხილად დებ კეისს იატაკზე და კოსტუმს სავარძელზე კიდებ.
- ცოტა დავიღალე დღეს.
ამატებ თავისმართლებასავით, ნაგვიანევი მოფერების გამო და იმ ღიმილით გიღიმი, როცა მართლა მგონია რომ მე გშობე და ყველაფერი უნდა გაპატიო.
- მთელი დღე შენს სუნში გავატარე, რატომღაც არ მომინდა სამსახურში წასვლა.
როცა ურთიერთობაში ორივე თავისმართლებაზე გადადის, ესე იგი რაღაც ზედმეტია. ხშირად თავად ურთიერთობა, თუმცა ეს იქით იყოს.
- იცი, მართლა არ მომწონს, ჩემზე რომ წერ ხოლმე.
- არადა მახსოვს, როცა წაგიკითხე ჩემი მოთხრობა, ისეთი სახე გქონდა, ალბათ ყველაფერს გაიღებდი შენზე რომ ყოფილიყო.
ნიშნს ვუგებ და პერანგის სახელოს ვაწვალებ.
- ხედავ? აი, ეს არ მინდა. მერე, სხვა დროს, სულ სხვა ცხოვრებაში, რომ ვინმეს ისე მოუნდე, როგორც მე მინდიხარ და ინატროს, ნეტავ მასზე წერებულიყო ეს ტექსტი.
- გამოუსწორებელი იდიოტი ხარ.
- უბრალოდ დაღლილი ცხოველი.
შემიძლია დავიფიცო, რომ მის იუმორს ცალკე ხასიათი აქვს და განწყობებიც ეტყობა ხოლმე.
ჩვენი ემოციური უმწიფრობა ის საერთო მახასიათებელია, რომელიც ორივეს ნაკლად გვეთვლება, მაგრამ შეჯამებისას რატომღაც პლუსად იქცევა ხოლმე.
პერანგს ვიხდი და ლოგინზე ვწვები.
გვერდზე გადაბრუნებული, ემბრიონის პოზაში, ველოდები როდის მომიახლოვდება.
არც კი მიწევს დიდხანს ლოდინი. მალევე ვგრძნობ მისი სხეულის გადაღლილ სითბოს და უკნიდან მეხვევა. მისი სიშიშვლე ჩემს სიშიშვლესთან ისე იკვეთება, რომ ვეღარ ვგრძნობ ჩვენს კანს შორის სხვაობას.
- არ მინდა, რომ ოდესმე მომკლა.
არც კი შევტრიალებულვარ, ისე წავიჩურჩულე.
- რატომ ფიქრობ რომ ასე მოვიქცევი?
არ გაჰკვირვებია შეკითხვა.
- შენ იმდენად გინდა თავის მოკვლა, რომ გადარჩენას არ მაპატიებ.
- იმდენად შევერწყით ერთმანეთს, რომ მგონია ახლა შენ უნდა ფიქრობდე ხოლმე თვითმკვლელობაზე.
გავჩუმდი.
დუმილი არასოდეს არის არც თანხმობა და არც უარყოფა.
ეს უბრალოდ პასუხის არქონაა.







                                                            *  *  *


    სადღაც სამიოდე წელი გავიდა, რაც არ მინახავს.
პირობა ვერ შევასრულე და მაინც ვწერ მასზე, რადგან მჯერა, რომ კარგა ხანს არ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი, რომელსაც ისევე მოვუნდები, როგორც მას ოდესღაც.
    თმა მხრებამდე დავიმოკლე და მაინც ჩვევად დამრჩა მაჯით თმისსამაგრის ტარება.
იმ ბოლო დიალოგიდან, კიდევ რამდენჯერმე ვნახე და ერთ-ერთი ლოდინისას მის ბინაში, როცა შემთხვევით ჩართულ ტელევიზორში მოვკარი თვალი თვითმკვლელი ქალის შესახებ სიუჟეტს, რომლის გვამის გადაღებაც შორიდან მაინც მოეხერხებინათ ჟურნალისტებს, გამცრა. ყველაზე დისონანსური მარცხენა მაჯაზე გაკეთებული ხასხასა ფერის თმის უბრალო სამაგრი იყო. არ ვიცი, რატომ უნდა მოიკლას თავი გოგონამ, რომელიც თავის თმაზე ზრუნავს სახლიდან გასვლის წინ, მაგრამ იმ დროს ზუსტად ის სტიმული მივიღე ამ კადრიდან, რომელმაც შემდგომი ჩემი ქცევა განაპირობა.
  გადაცემის დამთავრების ბოლოს, ტელევიზორი გამოვრთე და ისე წამოვედი მისი ცხოვრებიდან, რომ არაფერი ამიხსნია. გზაში სალონში შევიარე, რომ თმა შემეჭრა მხრებამდე. მერე კი თმაზე გაკეთებული რეზინა მარჯვენა მაჯაზე გადავიტანე.
იმის სიმბოლოდ, რომ ამ მულტიპოლარულ, მაგრამ გულისრევამდე მარტივ ცხოვრებაში, შენ ირჩევ სად დაასრულო ან თავად სად დასრულდე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები