ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
4 მაისი, 2016


ავთო (ამონარიდი მოთხრობიდან)

ჰექტრამდე შემოღობილი ტერიტორია უკავია სკოლა-ინტერნატს. შიგ რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების შენობა დგას. სკოლის კორპუსი და საძინებელი კორპუსი ორსართულიან შენობებშია განთავსებული. სასადილოს კორპუსი ერთსართულიანია. დამხმარე ნაგებობებში აბანოები და სამრეცხაო მოუწყვიათ...
იხსენებს ლილე, იხსენებს დაწვრილებით და სითბო ეღვება გულში. ნეტავ ერთხელ კიდევ შეეძლოს იქ გასეირნება, ახლა, როცა უმარტივესია ფირზე აღბეჭდოს ყოველი კუთხე-კუნჭული, მისი ტკბილ-მწარე ბავშვობის სავანისა. იგონებს და უზომო ნოსტალგიით  ივსება.
ეზოს დასავლეთ ნაწილში, სკოლის შენობასთან მოასფალტებული სათამაშო მოედანია, იმის იქეთ პატარა ფიჭვნარი, წიწვების ნოხით. საძინებელი კორპუსის წინ უმშვენიერესი ბაღია: სიმეტრიულად განლაგებული დიდი და პატარა წრეები ბზის ბუჩქებისგან; კოინდრის ზოლი მიუყვება დაფხვნილი აგურის ბილიკებს; ბაღის შუაგულში ორი დიდი მაგნოლია დგას;  ზედ საძინებლების ფანჯრების წინ - წითლად, თეთრად, ვარდისფრად მოყვავილე კამელიები.
ამ ბაღში იშვიათად შემოჰყავს კლასი ჟენია მასწავლებელს. მაშინაც ეკლებზე ზის, ეშინია რამე არ დააზიანონ. ძალიან ცელქები არიან, ძალიან. ასფალტიან მოედანზე უფრო ადვილი მოსამწყემსები არიან. ავთოს ხელს ჩასჭიდებს, მისი თამაშში ჩართვის ერთი-ორი წარუმატებელი  მცდელობის შემდეგ და ყურადღებადაა ქცეული.
ჟენია ხუთი წელია, პირველი კლასიდან მოყოლებული, ამათი აღმზრდელია. ყოველ დღე, გაკვეთილების შემდეგ ათის ნახევრამდე, სანამ ძიძებს ჩააბარებს კლასს, მისი თავში სახლელები არიან. ვერც მერე, სახლში მისული ახერხებს ამ ბავშვებისგან განთავისუფლებას.  სულ მათი მოქმედებები უდგას თვალწინ.
ორ რიგად დაწყობილებს გვერდით მიყვება ჟენია მასწავლებელი. სასადილო კორპუსისკენ მიემართებიან.
-ჩაკიდე გოგო ხელი ამ საცოდავს და მიხედე, თორემ მოკლეს ცემით – ბოლო რიგიდან მობუზული ავთო გამოიყვანა და ლილეს მიუყვანა. მანაც ხელი ჩაკიდა მომცრო ტანის ბიჭს და უკანა რიგებს ბრაზიანი მზერა მოავლო.
მასწავლებელი დაელოდა, როცა “წრუწუნამ” ჩაუარა, ყურში სტაცა ხელი და მსუბუქად გადაუგრიხა.
-რატო ვერ ისვენებ ბიჯო შენ, რატო?!
ლილე ყველა ბიჭს კინკრიხოზე დაჰყურებს. მაღლები სხვა გოგოებიც არიან, მაგრამ ის ჯანითაც გამოირჩევა. გარდა ამისა, ყველა სუსტის მოსარჩლეა. ჟენია მასწავლებელმა იცის, რომ მისი თანდასწრებით ძალადობა ვერ იზეიმებს.
ჟენია მესამე კლასის აღმზრდელს გამოელაპარაკა. “წრუწუნამ” დრო იხელთა, რიგიდან გამოიჭრა და ავთოს პანღური უთავაზა.
- მოხვალ საძინებელში. იქ ვინღა დაგიცავს!
ლილემ ხელი თავზე წამოუქნია, მაგრამ “წრუწუნა” მკვირცხლად გასხლტა და თავისი რიგის მეწყვილეს დაუბრუნდა.
რატი ტანით ნამდვილი წრუწუნაა, გულით კი - ვისთან როგორ. როცა ტატო მასზე გამწყრალი არ არის, ვინმეს მიუქსევს-ხოლმე. ისიც  მშვენივრად ართმევს თავს დავალებას.
ავთო სადილის მერეც ლილესთან ახლოს, გოგონების კომპანიაში ელოდება სამ საათს – ფილმის დროს. ყოველ სამშაათს რომელიმე ფილმი მოაქვთ ქალაქის კინოთეატრიდან.
-რა იყო ბიჭო, სანამ უნდა იყო ასეთი მშიშარა. – ეუბნება თამო –ერთი-ორჯერ შენც შემოუქნიე. იმაზე მეტი ხომ არ მოგხვდება, რასაც ახლა გირტყამენ?!
-ძლიერი რომ ვიყო, მაგათ იცი რას ვუზამდი? – წამიერად ენთება ავთოს ჭაობისფერი თვალები და ისევ უქვრება. მერე ფილმი ახსენდება და ოცნებებში ეშვება: იქ, თვითონ უძლიერესი გმირია, ხოლო ტატო, წრუწუნა და სხვები შიშითა და კრძალვით ეპყრობიან.
-როგორ შემოგციცინებს ავთო თვალებში –ნეტა ხომ არ უყვარხარ, მაგ საცოდავს? – უჩურჩულებს თამო ლილეს.
- ვუყვარვარ არა ისა! - ბრაზმორეული პასუხობს.
ავთოს სიყვარული ვის რაში სჭირდება.
ავთოს ყურსაც წვდება თამოს შეკითხვა და წითლდება. ნეტავ, ძლიერი იყოს და იქეთ დაიცავდა ლილეს, ხელისგულზე ატარებდა... წერილს გაუგზავნოდა, სამიჯნურო ლექსით, როგორიც მეექვსეკლასელმა ზაზამ თამოს გაუგზავნა. თვითონვე ყვებოდა გუშინ თამო.
საკლასო ოთახში ბრუნდებიან, ისევ ორ რიგად ჩამწკრივებულები და გაკვეთილებს სწავლობენ. ამ დროს დერეფანი რვა საკლასო ოთახიდან გამოსული დუდუნით ივსება.
-ლილე, მორჩი სწავლას? მიხედე ერთი ამას, გაჭირვებულ სამიანზე მაინც ასწავლე – და მასწავლებელი ავთოს  გვერდით მიუჯენს. თვითონ გიას სვამს მის მაგიდასთან ახლოს და დავალებებს აკეთებინეს.
ლილეს არ ეხალისება ეს საქმე, მაგრამ ნდობას რომ გამოუცხადებენ, დაღალატება არ ჩვევია. ერთ საათს “უღეჭავს” ავთოს დავალებებს. მერე ბეზრდება და მერხიდან დგება.
ასე თუ ისე კლასი ხვალისთვის მზადაა. შემდეგ ეზოში, სათამაშოდ გადიან, მერე ივახშმებენ  და ისევ იხვის ჭუკებივით ჩამწრივებულები საძინებელ კორპუსს მიაშურებენ. გოგონებს – პირველ სრთულზე სძინავთ, ბიჭებს – მეორეზე.

ჟენია მასწავლებელი შუახნის, შავგვრემანი, სიმსუქნეშეპარული ქალია. კოსმეტიკა და მაკიაჟი მისთვის უცხო ხილია. თვლის, რომ ქალი ბუნებრივი და სადა უნდა იყოს. ის უშვილოა და თავისი დედობრივი მზრუნველობის მარაგს ამ ბავშვებზე ხარჯავს. ხშირად ესაუბრება მათ ეთიკასა და ესთეტკაზე, ყოფით წვრილმანებზე. ზოგი უსმენს და ცოტა ხნით მაინც მიყვებათ მისი დარიგებები. ზოგისთვის - იგივეა, რაც მგლის თავზე სახარების კითხვა. ვერ შეიგნეს, რომ სუსტის ჩაგვრა ვაჟკაცობა არაა.  ხანდახან სენტიმენტალურ ისტორიებს იხსენებს, - თავისი ყოფილი მოსწავლეების ოჯახურ ტრაგედიებს, მათ წარმატებებს სკოლის დამთავრების შემდეგ და უმეტეს ისტორიას ასე ამთავრებს:
“ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვა, მაგრამ კარგად გამოცხვაო.”

ავთო ობოლი არ არის, თანაკლასელთა უმრავლესობისგან განსხვავებით. მისი უბედურება ობლობაზე უარესია. წევს მოკუნტული, ალიყურნაჭამი და დედაზე ფიქრობს. " რაც ნაკლებად უყურებს ლოთ მამას, მით უკეთესი იქნება ბავშვისთვისო" და აქ მოიყვანა. ჰო, ამათი მუშტები რა სახსენებელია, მამის წიხლებთან შედარებით... მაგრამ დედა როგორღა არის ნეტავ? გასულ შაბათ-კვირას არ უცემია მამას. ავთოც ნაკლებად დარდობს მასზე... მერე ქუთუთოებს ძილი უმძიმებს და იქაც ტკივილია: “არ გაბედო წამოსვლა! ოჯახის დანგრევა ეგრე ადვილია?! ისე უნდა მოექცე, რომ არ გცემოს. უნდა გაუძლო!  ოჯახური კონფლიქტი გარეთ არ უნდა გაიტანო.”  – ეუბნება ბებია დედას. დედაც უძლებს. მიიყუჟება კუთხეში და წკმუტუნებს. ავთო მეორე კუთხეშია მიყუჟული და ჩუმად სლუკუნებს.

ცხვა, ავთოს კვერი, ცხვა... და გახდა ავთო ოცდაერთი წლის.

ინტერნატის შემდეგ ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ლილე და ავთო. იმ დრიოსთვის მამა ორის წლის გარდაცვლილი ჰყავდა ავთოს.
ლილე არდადეგებზე ჩავიდა რაიონში. სოფლის ავტობუსის გასვლამდე ერთი საათი იყო და გადაწყვიტა ქალაქში გაევლო. უცებ ნაცნობ თვალებს გადააწყდა. მისი პატრონი ერთი შეხედვით ტანმაღალ, ძლიერ მამაკაცად ქცეულიყო. თვალებში კი ისევ ის დაბნეულობა და შიში ედგა. ლილეს დანახვისას სახე გაუბრწყინდა, მაგრამ სიმორცხვემ სძლია და თვალის არიდება გდაწყვიტა. არ დაანება ლილემ. წინ გადაუდგა და შეაჩერა. ისევ სხივი ჩაუდგა თვალებში ბიჭს.
- როგორა ხარ ავთო? სადა ხარ? რას საქმიანობ? რამხელა გაზრდილხარ! – კითხვები მიაყარა.
-სოფელში, დედას ვეხმარები მეურნეობაში. შენი სწავლის ამბავი გავიგე და ძალიან გამიხარდა. ისე, როგორ გალამაზებულხარ. – უთხრა და გაწითლდა.
-ოჰო! კომპლიმენტს მეუბნები? მართლა გაზრდილხარ, ხო იცი. – გაიკვირვა ლილემ.
ორიოდ წუთი ილაპარაკეს. კლასელების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს და ერთმანეთს დაშორდენ.
ხუთი თვის შემდეგ, ქალაქიდან ჩასულ ლილეს მისი წერილი დახვდა სახლში. ერთი თვის წინ ავტობუსის მძღოლისთვის გაეტანებია. იწერებოდა: “მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან და გთხოვ ქალაქში შემხვდი. ჩემი მეზობელი სწავლობს უნივერსიტეტში, მისგან გავიგებ, არდადეგები როდის დაგეწყება და ყოველ შუადღის რეისს დავხვდები, შენი სოფლის ავტობუსს. როცა მოახერხო, მაშინ ჩამოდი.”
ერთი-ორი დღე გამოიძინა ლილემ და მერე შუადღის რეისზე ქალაქში წავიდა. ამაოდ ეძება ავთო, ავტოსადგურშიც, ქალაქშიც.

შემდეგ გაიგო, იმ დროისთვის ავთო ორი კვირის გარდაცვლილი ყოფილა.
ნეტავ, რა საქმე ჰქოდა ლილესთან. მანაც, რაღა მაინცდამაინც მაშინ დაიგვიანა სოფელში ჩასვლა. იქნებ გადაერჩინა. იქნებ ეპოვნა გამოსავალი. ბავშვობისდროინდელი მზრუნველობა იღვიძებს მასში, ამაგის შორეული ექო ხმიანდება და გული ეწურება.

სოფლის  “მაგარმა" ბიჭებმა ბანქოს თამაში შესთავაზეს. ავთომ იფიქრა: მაინც მაიძულებენ და ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, ვინ იცის, იქნებ ამით ბიჭებში ჩემი პოზიციის გამყარება მოვახერხოო.
რამდენიმე ხელი მოიგო და გახარებულმა თამაშის შეწყვეტა მოიდომა. ვინ დაანებებდა! 
დაწყება შენი ნება იყო, დამთავრბა – ჩვენიო. წამოარტყეს თავში და სკამზე დააბრუნეს.
დიდი თანხა წააგო ავთომ.
ვერც სახლიდან ჩუმად გატანილმა დედის ბეჭდებმა დააშოშმინა მევალეები და ვერც გადავადების მუდარამ.
-თავანი ჩაბარდეს ბიჭო, თორემ!.. – და ცხრასართულიან გინებას მუქარების სერია მოჰყვა.
ავთომ გაქცევით გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება, - სიცოცხლისგან გაქცევით.
მხოლოდ წამით, როცა ჭერის კოჭაზე გამობმულ თოკს ახედა, გაუელვა: “რატომ – მე, წავალ და იმას მოვკლავ!” მაგრამ ინერციით ამოძრავებული სხეული ვეღარ შეიკავა. სკამი შორს ჰქონდა მოსროლილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები