ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2016


ოქროს მხეცი (ვინ ამოვიდა ზღვიდან)

    ვინ ამოვიდა ზღვიდან...

ვინც ამ გზაზე ჩემამდე იარა, ჩემსავით იხსენებდა და აღწერდა ყველაფერს. ჩვენი პირველი ნაბიჯები ამ წალკოტში ზუსტად ერთნაირი თუ არ იყო, ძალიან კი ჰგავდნენ ერთმანეთს, ოღონდ... გარკვეული დროით. განსხვავებამ ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი, უფრო სწორად, განსხვავებათა მთელმა კრიალოსანმა.
კინაღამ გადავიჩეხე ღრმა ორმოში, აი ეს გახლდათ ხსენებული კრიალოსანის პირველი მარცვალი. ჩემს წინამორბედს, ნამდვილად ვიცი, მსგავსი არაფერი შემთხვევია. ბეწვზე ვუშველე თავს, ძლივს მოვასწარი ფეხის მომაგრება ზედ ორმოს ნაპირზე...
სული მოვითქვი, რა კარგია, გადავრჩი-მეთქი. საკუთარ თავს მივულოცე. როგორც ჩანს, სხვა ბილიკი ამირჩევია ამ წალკოტში... ანდა სულაც გზა დამბნევია, რამდენადაც მახსოვს, ჩემს წინამორბედს ორმო ერთი სიტყვითაც არ უხსენებია.
გზის გაგრძელებას ვაპირებდი ისევ... ხომ უნდა მივყოლოდი მწვანე ბილიკს, ნებსით თუ უნებლიეთ ჩემთვის გამზადებულს თუ არჩეულს...
უცბად ვხედავ, ორმოდან ვიღაცა ამობობღებას ცდილობს, და ეს ვიღაცა სხვა არავინაა, თუ არა... ოქროს ნიღაბი. სწორედ ის, ვისი გულისთვისაც გამოვიარე ამხელა გზა. ხელიც კი გამომიწოდა, მანიშნა, მომეშველეო.
რაღა თქმა უნდა, წავაშველე ხელი. ოქროს ნიღაბი ამოვიდა ორმოდან, მაშინვე თავისი ბრწყინვალე სამოსელის ფერთხვას მოჰყვა. მოიცილა, თუ რამ ზედმეტი აჰკვროდა ტანზე.
მოიწესრიგა თავი, წელში გასწორდა, ოქროს ბრწყინვალე ქანდაკებასავით აღიმართა ჩემს წინაშე. ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩემი წინამორბედი აღწერდა; მთელ სახეს უფარავდა ოქროს ბრწყინვალე ნიღაბი... და საერთოდ, თავიდან ფეხებამდე ბაჯაღლო ოქროსგან გამოძერწილს ჰგავდა. მის უკან მიწის ღრმა ორმოს დაეღო პირი.
- ჭექა-ქუხილის ღმერთმა უმისამართოდ დაარტყა, - მაცნობა მან ისე უბრალოდ, თითქოს დაწყებულ საუბარს აგრძელებსო.
ჰო, ჯერ არ მითქვამს; ცალი ხელით ლამაზი ჭრელი ბურთი ჩაებღუჯა.
შევყურებდი ოქროს მშვენიერ ქანდაკებას, თვალი ტკბებოდა, გული ხარობდა, თავში ხომ ნამდვილი ქარიშხალი დამიტრიალდა: ო, რომ იცოდე, რად მიღირს შენთვის თუნდაც თვალის შევლება... შენ, მხოლოდ შენ დაგეძებ ამ მშვენიერ წალკოტში, შენსკენ მოვილტვი, შენსკენ მომიხარია...
ეს სიტყვები ჯებირის გამორღვევას ლამობდნენ, მაგრამ სიფრთხილე ვამჯობინე (ბუნებით წინახედული ვარ... მით უმეტეს მაშინ, როცა რაიმეს ჩავუდგები კვალში, თანაც ეს ,,რაიმე~ ასე მიმზიდველად რომ გამოიყურება), ისევ მის სიტყვებს შევეხმიანე;
- ვიცი, მსმენია ჭექა-ქუხილის ღმერთის შესახებ. მოთამაშემ მიამბო... სხვაც ბევრი რამ მითხრა, ოღონდ აი, ორმო არ უხსენებია.
ეს ბოლო ფრაზა საიდან გაჩნდა, არ ვიცი. ორმოს შესახებ არაფრის თქმას არ ვაპირებდი. იცოცხლე, მომიხდა ამაზე დაფიქრება, ოღონდ... ცოტა მოგვიანებით.
- მოთამაშე ვერაფერს გეტყოდა ორმოს შესახებ, რადგან ორმო სულ ახლახანს გათხარეს - მითხრა ოქროს ნიღაბმა. ჩანს, ჩემი დაულაგებელი სიტყვები არც ისე ეუცხოვა.
- რისთვის? - ვიკითხე (ჰმ, თითქოს სხვა აღარაფერი მქონდა გამოსარკვევი).
- ალბათ, რომელიმე მცენარის გადმორგვას აპირებენ. ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, ახალ ნიადაგს რომ შეეგუოს... ანდა იქნებ საყრდენს ამზადებენ მრავალთაღოვანი სივრცისთვის. შეიძლება ეძებენ რაიმეს, ვერ გეტყვი... - ამას რომ ლამბობდა, სახე (ანუ ნიღაბი) ორმოსკენ მიაბრუნა ოქროს ნიღაბმა, ჰაერი მთელი მკერდით ღრმად ჩაისუნთქა, - მიყვარს მიწის სურნელი...
- მეც მიყვარს, - ვთქვი, სხვა რაღა დამრჩენოდა.
მეც ჩავისუნთქე მიწის სურნელი... (მართლა რა მსუყეა ეს დალოცვილი...) ძალა მოვიკრიბე და პირდაპირ შეტევაზე გადავედი. თუ ამ წალკოტში რაიმე გამახარებდა, მხოლოდ შენთან შეხვედრა-მეთქი, ვუთხარი ოქროს მშვენიერ ქანდაკებას.
- რაში გჭირდები? - მკითხა მან, ორმოს მოსცილდა, ნელა გაუყვა მწვანე ბილიკს. ცხადია, მეც მივყევი.
,,რაში გჭირდებიო?~
ეს სიტყვები რაღაცამ თუ ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა ჩემში... აბ, ესაა საკითხავი!
თუმცა მე მოვახერხე თავის მოთოკვა, დინჯად ვაცნობე ოქროს ნიღაბს (იგი უკვე გამოერიდა ღრმა ორმოს), რომ მოთამაშემ ძალიან, ძალიან ბევრი რამ მიამბო აქაურობის შესახებ... ისიც მითხრა, რომ თამაში გიკვირთ... და საოცრად საინტერესო მეთოდებს ირჩევთ საამისოდ... ისეთ საშუალებებს, თავში რომ აზრადაც არავის მოუვა.
მაგრამ, უნდა ვაღიარო, ვეუბნები ოქროს ნიღაბს, რომელმაც ჭრელი ბურთით ჟონგლიორობა წამოიწყო, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რაც სწორედ მის შესახებ, ოქროს ნიღბის შესახებ მიამბო მოთამაშემ. მან მითხრა, რომ ოქროს ნიღაბი დიდი ხანია კვალში უდგას ამ მზისფერ მეტალს, ოქროს... რომელიც თურმე უამრავ საიდუმლოს ინახავს, თავის მიუვალ წიაღში. ოქროს ნიღაბმა უკვე იპოვა ბილიკი ოქროს მიუვალი წიაღისკენ, ამოხსნა მისი ყველა საიდუმლო, თანაც მზადაა ყველას გაუზიაროს იგი. ერთი იმასღა ნატრობს, ვინმემ ყური დაუგდოს, მეტი არც არაფერია საჭირო... ძალიან, ძალიან ბევრ საიდუმლოს გაუმჟღავნებს ამ მზისფერი მეტალის შესახებ... ისეთ რამეებს იტყვის, რაც ჯერ არავის სმენია.
- ამაზე ნამდვილად არ დაგზარდები - მითხრა ოქროს ნიღაბმა (გულზე ცხელი ტალღა მომაწვა), - ოღონდ როგორმე სხვა დროს (ცხელი ტალღა უკუიქცა, მთელ სხეულში ყინულისებური სიცივე ვიგრძენი). - თამაში აუზთან უკვე დაწყებულია, ახლა იქ უნდა ვიყოთ.
როცა ამ სიტყვებს, მეუბნებოდა, ოქროს ნიღაბი განუწყვეტლივ ჟონგლიორობდა. საოცრად ხელმარჯვე აღმოჩნდა, ჭრელი ბურთი ლამაზ ფართო რკალებს აღწერდა ჰაერში და კვლავ ოქროსგან ნაძერწ ხელებს უბრუნდებოდა აუცდენლად.
- ჰოდა, ოქროს შესახებ ვილაპარაკოთ, - ვთქვი მე. იმედი ჯერ კიდევ არ დამეკარგა, იქნებ რაიმე გამოსულიყო, - მეც მაქვს ჩემი სათქმელი ოქროს შესახებ. მეც კარგად ვიცნობ მას, ჩემებურად...
- სალაპარაკო თემა უკვე შერჩეულია, - მივიღე პასუხად.
- რა თემაა ასეთი... - ჩავილაპარაკე გულჩამწყდარმა. მინდოდა მეთქვა, ოქროზე უკეთესიო, მაგრამ აღარ გავაგრძელე.
- ზღვიდან ამომავალი მხეცი, - თქვა ოქროს ნიღაბმა, ბურთიც შედარებით უფრო მაღლა აისროლა.
იმავე წამს ჭექა-ქუხილივით ომახიანი ხმა გამოიჭრა მწვანე ტოტების მიღმიდან. მაშინვე მივხვდი, ჭექა-ქუხილის ღმერთი უნდა ყოფილიყო. აბა, სხვა ვინ იქნებოდა ასეთი ომახიანი ხმის პატრონი.
- ...დიდი მოწიწება გვმართებს, ძალიან დიდი. ხომ იცით, აქ თითო სიტყვა თითო ცთომილს მაინც იწონის...
მგრგვინავ სიტყვას გამოხმაურებაც მოჰყვა: ეს ჩვენთვისაც ცნობილიაო, გავარჩიე ქოროს მსგავს ხმებში.
წმინდა წერილი მოიხსენიეს ასე, როგორც ოქროს ნიღაბმა მაცნობა. ამ შეხედულებას მეც ვეთანხმებოდი (მთელი სულით და გულით), მეც მიკვირს, იმ საოცარ სიღრმეებზე თვალის მიდევნება, წმინდა წერილის სიტყვების მიღმა რომ ილანდება. ჯერ ეს თქმა რად ღირს: ,,გადაივლის ეს ცა და მიწა, ჩემი სიტყვა არ გადაივლის~. ამ სიტყვებს ცთომილის კი არა, ზევარსკვლავის წონა აქვთ, საიდანაც მთელი სამყაროები და გალაქტიკები იბადებიან. საქმე იმაშია, რომ საამისო განწყობა ნამდვილად არ გამაჩნდა. თავს ვიმტვრევდი, რაიმე მეღონა და ოქროს ნიღაბი როგორმე ამელაპარაკებინა. დანარჩენები? ჰმ, ისინი სათვალავში ჩასაგდებნი არც იყვნენ.
- იქნებ როგორმე გადააფიქრებინო მათ... - წამოვიწყე მე...
- ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, - მითხრა ოქროს ნიღაბმა, - ერთი შენღა გელოდნენ. შენ ხომ მეშვიდე ხარ...
ჰო, მართლა... აქ ძალიან უყვართ ეს ციფრი, მოთამაშეს ასე ამბობდა; თამაშს, მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც შვიდნი გახდებიანო. მაშინ მოთამაშე იყო მეშვიდე. ახლა, როგორც ჩანს, მე მხვდა წილად ეს პატივი. მაგრამ რა დროს თამაშია... როგორმე ოქროს ნიღაბი უნდა ავალაპარაკო, თავისი საიდუმლო ვათქმევინო.
თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, გაურკვევლობა მტანჯავდა, აღარ ვიცოდი, რა მეღონა... როგორ ამელაპარაკებინა ოქროს ნიღაბი... რა მეთქვა ისეთი, მისი ყურადღება რომ დამეპყრო... გადამლაშებისაც მეშინოდა... მეგონა, თითქოს ზღაპრულად ლამაზ უცხო ფრინველს ვუთვალთვალებდი და ვცდილობდი, რაიმეთი არ დამეფრთხო... იქნებ ხმაც აღარ გაეცა ჩემთვის ოქროს ნიღაბს, თუკი თავს ზედმეტად მოვაბეზრებდი.
უცბად ჩემს ცხვირწინ ნიღბების აცმამ იწყო კონწიალი. ჭექაქუხილივით მგრგვინავი ხმაც სულ ახლოდან გაისმა:
- აირჩიე, რომელი ნიღაბი გინდა...
გამომაფხიზლა ამ ხმამ... აბა, ვის არ გამოაფხიზლებდა... ჩემს წინამორბედსაც ჭექა-ქუხილის ღმერთმა შესთავაზა ნიღბები... რამდენადაც მახსოვს, დომინოს ნიღაბი აირჩია. მეც მის კვალს მივყევი.
მოვირგე ნიღაბი, ისევ ოქროს ნიღაბს მივუბრუნდი, ჩემს გვერდით მეგულებოდა... აჯობებს, მასთან ახლოს ვიყო, რა იცი, რა ხდება...
რა დაგიკარგავს და რას ეძებ... ოქროს ნიღაბი ახლომახლოს არ ჩანდა. აუზის მიღმა აღმოვაჩინე, როდესაც კარგად მოვათვალიერე იქაურობა. ჰო, მოთამაშემ აუზიც ახსენა. ისიც, რა თქმა უნდა, საოცრად ლამაზი.
დანარჩენებიც დავინახე, აუზის ირგვლივ ჩამორიგებულიყვნენ. ყველა ნიღაბი ორი იყო, თუ მათ ორეულებსაც მივათვლით, ცრემლივით კამკამა წყალში არეკლილებს... ეს, ცხადია, ოქროს ნიღაბსაც ეხება. ყველაზე საოცარი სანახავი სწორედ ის იყო: ოქროს ორი ბრწყინვალე ქანდაკება, ერთმანეთთან ასე ახლოს და თან სულ სხვადასხვა სამყაროში მყოფნი, სრულიად მოუხელთებელნი ერთმანეთისთვის. ჭრელი ბურთი უძრავად იდო იქვე... (ცხადია, ისიც ორი იყო) ჩანს, ოქროს ნიღაბს მობეზრებია ჟონგლიორობა.
მათი თვალიერება აღარ დამცალდა, ისევ ჩამესმა ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხი:
-...ზღვიდან ამომავალი მხეცი... ვინ უნდა იყოს იგი? ვერვინ შეძლო ზღვიდან მისი ამოტყუება.
ნიღბები მაშინვე გაცხოველებით გამოეხმაურნენ ჭექაქუხილის ღმერთის როხროხს: მართლაც, რამდენი თავსატეხი გაგვიჩინა ამ საოცარმა არსებამ... ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ლგავიგოთ, ვინ ამოვიდა ზღვიდან, რატომ გაურბის ასე ჯიუტად ყოველგვარ ადამიანურ განსჯას. რამდენი ხანია, ვცდილობთ და ვეძიებთ, მაგრამ მისი ვერაღერი გავიგეთ, შვიდ თავს ათი რქა ვერა და ვერ მოვარგეთ. ვერც ლომის ხახა მივუსადაგეთ ავაზას სახეს. დათვის ფეხებმაც ხომ გაუგებრობის ბურუსში გახვია ყველაფერი... და საერთოდ, ისიც გაუგებარია, რატომ ჰქვია ზღვიდან ამომავალი მხეცი. მართლა ზღვიდან ამოვიდა თუ რაიმე შემთხვევის გამო ეწოდა ასე... ხომ ცნობილი ჭეშმარიტებაა, თუ რა მბრძანებელ სიმაღლეს იკავებს, ხანდახან ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევა.
ასე და ამგვარად, გააგრძელეს ნიღბებმა მსჯელობა. ერთგვარად საინტერესოც კი მეჩვენა ზოგიერთი მათი მოსაზრება. კერძოდ ის, შემთხვევის როლი რომ არ გამოჰპარვიათ მხედველობიდან, მაგრამ დიდად გაწბილებული დავრჩი, როდესაც ერთერთი ბელადის (კაცობრიობას ხომ არაერთი ბელადი ჰყოლია თავისი არსებობის მანძილზე) სახელი გაიხსენეს და მას დაუკავშირეს ზღვიდან ამომავალი მხეცი, აქაოდა ბელადს მდინარის სახელი ერქვა და ყველა მდინარე ხომ ბოლოს ზღვაში ჩადისო...
ეეჰ, ამათ მართლა სათამაშოდ მოუცლიათ, ჩემი წინამორბედიც ხომ სწორედ ასე ამბობდა; იქ (ზღაპრულად მშვენიერ წალკოტში) მუდამ თამაშობენო. ძალიან კარგი, ითამაშეთ, სანამ არ მოგწყინდებათ... ეს თქვენი მიეთმოეთი მართლაც თამაშია და მეტი არაფერი...
ჩემი წინამორბედიც ხომ სათამაშოდ ეწვია აქაურობას, თუმცა ვერ ითამაშა, ო, რა გულდაწყვეტილი იყო, ვერ გავაგორე ჩემი კამათელიო.
ერთადერთი, ვინც არ თამაშობს ამ ნიღბებს შორის, მე ვარ. დიახ, აქ სათამაშოდ ნამდვილად არ მოვსულვარ, ფრიად სერიოზული ლმიზანი მამოძრავებს. ოქროს ნიღაბია ჩემი მიზანი, თუ გნებავთ, ღვთაება... ო, რა მაცთუნებლად ბრწყინავს, მის ყურებას მართლაც არაფერი სჯობს. ჰოდა, თვალსაც არ მოვაცილებ...
,,როცა იქნება, ჩაგიგდებ ხელში და აგალაპარაკებ!~ გულში ასე დავექადნე ოქროს მშვენიერ ქანდაკებას. აქედან ისე როგორ წავალ, სანამ შენს საიდუმლოებებს არ გავიგებ... აკი მოთამაშემაც (ჩემმა წინამორბედმა) გამაფრთხილა, ფეხი არ მოიცვალო იქიდან, სანამ საწადელს არ ეწევიო.
თვითონ ჩემი წინამორბედი ვერ ეწია საწადელს... ვერ ითამაშა, როგორც უკვე ვთქვი... ო, რა გულდაწყვეტილი იყო, ვერ გავაგორე ჩემი კამათელიო. უფრო მეტიც, თვალითაც ვერ იხილა ,,ის~, კაცი ვისთანაც უნდა ეთამაშა. რა დიდმნიშვნელოვნად ამბობდა ამ სიტყვებს ,,ის~... მე კი, მისგან განსხვავებით სწორედ თვალწინ მყავს ის, ვისი ნახვაც ყველაზე მეტად გამახარებდა... სულ პირველად სწორედ ის (ოქროს ნიღაბი) შემომხვდა, როგორც კი ამ წალკოტში ფეხი შემოვდგი. კარგი ნიშანია, აუცილებლად ავალაპარაკებ, გავიგებ ყველა მის საიდუმლოს.
როცა იქნება, დამთავრდება ეს მიეთ-მოეთი... ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს იგი? ჰოდა, მაშინ მივიტან იერიშს, ოქროს მშვენიერ ქანდაკებაზე...
სანახევროდ გავთიშე ცნობიერება, რათა ნაკლებად შევეწუხებინე ნიღბების მიეთმოეთს, ჩემს საფიქრალს გავყევი... (დრო რაიმეთი ხომ უნდა გამეყვანა) ერთმანეთს ვადარებდი ჩემს საკუთარ შთაბეჭდილებებს და მოთამაშის ნათქვამს (ეს შეიძლება სასარგებლო გამომდგარიყო), ნამდვილ სამოთხეს ჰგავს იქაურობაო, ასე ამბობდა იგი. ოდნავადაც არ გადაუჭარბებია, ამ მშვენიერ წალკოტს სხვანაირად ვერც უწოდებ... ჰო, კიდევ როგორ ამბობდა? ასეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ვიღაცის ძლევამოსილ მარჯვენას ვუჭვრეტდით. ყველა და ყოველი ამ წალკოტში, სულ პაწია უღონო ბალახიც კი, ამაზე ღაღადებდაო. სრული ჭეშმარიტებაა... ასე როგორ გალაღდნებოდნენ თუნდაც აი, ეს მრავალფერადი ყვავილები, ვიღაცა გამუდმებით რომ არ ზრუნავდეს მათზე. მეც მაგონდება მათი დანახვისას განებივრებული ჩვილები (ჩემი წინამორბედის სიტყვებია), იმ ზომამდე არიან გასათუთებულნი.
ცვალებადმა სივრცეებმა ხომ პირდაპირ გამაოგნა, ყოველ ახალ მომდევნო ნაბიჯს თითქოს სულ სხვა, ახალ სამყაროში შევყავდი. ოქროს ნიღაბმაც თქვა რაღაც ამის შესახებ... მრავალთაღოვანი სივრცე ახსენა... არ ვიცი, როგორ და რანაირად ხერხდება ეს ყველაფერი, ის კი ნამდვილად ვიცი, აქ შემოსულთაგან მოწყენას ვერავინ იგრძნობს, ყოველ ახალ ნაბიჯზე რაიმე სიახლე ელოდება.
რკინის ჭიშკარიც სულ ადვილად გაიღო, ხელის დაკარებისთანავე (ისევ შემოსასვლელთან დავბრუნდი, ჩემი ფიქრები უთავბოლოდ დაჰქრიან). დიდი ჭიშკარი, შავად ჩალუსკუმებული... არადა, როგორი მასიური, როგორი მძიმე ჩანდა. იფიქრებდი, ადგილიდან ვერც კი დავძრავო.
ასე რომ, ყველაფერი ემხთვევა ერთმანეთს, გარდა ერთისა; მე ვნახე, თუ როგორ ამობობღდა ოქროს ნიჭაბი ღრმა ორმოდან. ჩემს წინამორბედს ეს არ უნახავს.
ახლა კიდევ ნიღბები... ერთი შეხედვისთანავე ვცნობ ყველა მათგანს. მათ შესახებაც ბევრი რამ მიამბო მოთამაშემ... აგერ მზის ნიღაბი. მომღიმარე მზის გაბადრული სახე, სამოსელზე მიმოფანტული ოქროსფერი სხივები... მართლაც ხალისის მომფენი შეხედულება აქვს. არ შეიძლება არ გაგეღიმოს მისი დანახვისას.
ორსახა ნიღაბი... სწორედ ისეთია, როგორიც წარმომედგინა; ორი ზუსტად ერთნაირი ნიღაბი, სხვადასხვა მხარეს მომზირალი... თუ არ ვცდები, წყალსა და სულს განასახიერებს. ფართოსახელოებიანი ფრიალა სამოსელი წყლის ჭავლივით ულაპლაპებს.
ცისარტყელას ნიღაბი... აბა, ამის ცნობას რა უნდა? თავით ფეხებამდე ცისარტყელას ფერებით შეფერილა, უზარმაზარი სათვალის ჩარჩოც ცისარტყელას ფერებით მოუხატავს.
მერე, მგალობელი ფრინველი... არც ამის ამოცნობაა ძნელი; ხშირი, ხუჭუჭა თმები, დაწინწკლული პეპელა ჰალსტუხი. ფართო მანჟეტები უფრიალებს, ისიც დაწინწკლული. შედარებით სადად გამოიყურება ამ ჭრელა-ჭრულა ნიღბებში, მაგრამ, ჩემი აზრით, არც პეწი აკლია, არც დახვეწილობა... პირიქით, აღემატება კიდეც სხვებს ამ მხრივ...
...და რა თქმა უნდა, ჭექა-ქუხილის ღმერთი! ო, ამან უკვე კარგად გამაცნო თავი; გამგმირავი გამოხედვა, მრისხანე მეომრის იერი, დამაბრმავებლად მოლაპლაპე ელვის ისრები და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად ომახიანი ხაფი ხმა, მართლაც ჭექა-ქუხილივით მგრგვინავი.
ბოლოს კი (საგანგებოდ მოვიტოვე ბოლოსთვის) ოქროს ნიღაბი. ერთიანად ოქროსფრად მბზინავი, თავით ფეხებამდე. რა მშვენიერია, რა პეწიანი და ლაზათიანი, ამის ყურებას მართლაც არაფერი სჯობს... ჯერ მარტო მისი ერთი დანახვაც კი რად მიღირს... მოსვენებით და დიდებულად სუფევს აუზის კიდესთან... კიდესთანო, ვამბობ, მაგრამ ეს კიდე იმდენად ჩახლართულია ნაირნაირი ორნამენტებით და რაღაც გამოუცნობი, ძერწილი სახეებით, რომ ასე უბრალო სიტყვა მეხამუშება თითქოს. ო, რა კარგად იგრძნობდა აქ თავს ვინმე მხატვარი დიზაინერი... რა წყალუხვ წყაროს იპოვიდა საკუთარი ფანტაზიისთვის.
აუზში კი წყალია, მართლაც ცრემლივით გამჭვირვალე... როგორც სარკეში, ისე ირეკლება მასში ყველაფერი... და ყველა ნიღაბი ორია, როგორც უკვე ვთქვი... ასევე ოქროს ნიღაბიც... ჭრელი ბურთიც ორია... საოცარია, ოქროს ნიღაბი ამ ბურთს წამითაც რომ არ იშორებს თავიდან... ეს ბურთიც რა პეწიანი სანახავია... ნაირფერი (ოქროსფერი, ლაჟვარდისფერი, მწვანე და ა.შ.) თითქოს უწესრიგოდ არიან მიმოფანტულნი, მაგრამ ისე ლამაზად ერწყმიან ერთმანეთს, უკეთესს ვერც კი წარმოიდგენ. ვერცერთი მხატვარი აქ ოდნავ შესწორებასაც ვერ შეიტანდა. თანაც, ამ ლამაზ ჭრელ ბურთს ერთგვარი მარგალიტის მსგავსი ელფერიც გადაჰკრავდა, თითქოს მქრქალ შარავანდედში იყოს გახვეული, ისე ჩანდა... და ახლაღა შევამჩნიე: მარგალიტის მსგავსი ელფერიც გადაჰკრავს ამ ჭრელ, ლამაზ ბურთს, ოდნავ ბუნდოვან, მქრქალ შარავანდედში. და ეს ელფერი ასევე მარგალიტის მსგავს შარავანდედს ქმნის მის ირგვლივ. მართლაც მშვენიერი რამაა, მდიდრული და პეწიანი, როგორც ყოველივე ამ მშვენიერ წალკოტში...
უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხი ისევ გაისმა, ნახევრად მთვლემარე ფიქრები დამიფრთხო:
- იქნებ მეზღვაურთა რიგებში აღმოვაჩინოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი!
- ჰო, ჰო! აჯობებს, ასედაც ვცადოთ, - აჟივჟივდნენ ნიღბები.
თავი გავიქნიე, თითქოს აბეზარ ბუზს ვიშორებდი. არაფრის გაგონება არ მინდოდა, ისევ ჩემს საფიქრალს მივუბრუნდი, ოქროს ნიღაბს შევყურებდი თვალმოუშორებლად. მერე მის ორეულზე ვინაცვლებდი წყლის სარკეში, და ასე დაუსრულებლად. თვით შენი ორეულის ჭვრეტაც კი რა თავშესაქცევია, შენზე თუ აღარაფერს ვიტყვი, გულში ასე მივმართე ოქროს ნიღაბს. ნეტავი მაცოდინა რა საიდუმლოა შენი საიდუმლო, როგორ დაიჟღერებს როდესაც, ბოლოს და ბოლოს, მეღირსება მისი მოსმენა. ოქრო თავის თავში მთელ სამყაროს აირეკლავსო, ასე გითქვამს მოთამაშისთვის. მე რაღას მეტყვი ნეტავი? ამ ზოგად ფრაზებს მე არ დაგაჯერებ, ყველაფერს გამოგკითხავ ძირისძირობამდე... აქედან ისე როგორ წავალ, სანამ ბოლომდე არ გათქმევინებ ყველაფერს.
- იქნებ მეკობრეებში მოვიძიოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი, - ჩამესმა ნაცნობი როხროხი.
ეს ჭკუასთან უფრო ახლოაო, გამოეხმაურა რომელიღაცა ნიღაბი. თავიც არ ამიწევია, მთელი ეს მიეთმოეთი სულ უფრო და უფრო მაღიზიანებდა. როგორმე უნდა გაუძლო ბოლომდე, შევუძახე ჩემს თავს, როცა იქნება, მორჩებიან ამ აბდაუბდას, ამქვეყნად ყოველივეს აქვს თავისი დასასრული, ისიც დასრულდება... მთავარია, მოთმინებამ არ გიღალატოს, ბოლო სიტყვა შენია...
კიდევ უფრო ღრმად ჩავიძირე მთვლემარე, უწესრიგო ფიქრებში, თვალი ოქროს ნიღბისათვის მქონდა მიშტერებული... მგონი თვლემამ უფრო შორს წამიღო; ოქროს ნიღაბი გადღაბნილ ოქროსფერ ლაქად იქცა... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე, ბოლოს ოკი...
- მხეცი ძალიან ჯიუტობს, - დაიგრგვინა ნაცნობმა ხმამ (ჭექა-ქუხილის ღმერთმა, აბა, სხვა ვინ იქნებოდა) - არაფრის გულისთვის არ ამოდის ზღვიდან.
ამ ხმამ მაშინვე გამომაფხიზლა... აბა, ვის არ გამოაფხიზლებდა. ოქროსფერი ლაქა ისევ ოქროს ნიღბად იქცა. და ნარჩენი ნიღბებიც შედარებით ხმამაღლა აჟივჟივდნენ: უნდა ვაღიაროთ, მართლაც ასეაო, თქვეს. რამდენი არ ვეძიეთ და ვჩხრიკეთ, შვიდ თავსა და ათ რქას შორის ლოგიკური ძაფი ვერ გავაბითო, და საერთოდ, ამ სიმბოლოებს ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნეთო. თუ ხანდახან რომელიმე მათგანი ჰგავს და ემთხვევა რაიმეს, უცბად სხვა მხრივ ისეთი რამ გამოტყვრება, ყველაფერს წყალში გვიყრისო.   
ამის გაგონებაზე იმედი მომეცა, იქნებ მორჩნენ ამ უსაგნო ლაყბობას (თუ თამაშს... რაც უნდათ, ის დაარქვან), მეც ჩემსას ვეწიო, ოქროს ნიღაბს მივუჩოჩდე.
საქმეში ხარ? ყველაფერი თურმე ჯერ კიდევ წინ იყო, კიდევ რამდენი რამ მელოდა... ეს რომ მაშინვე მცოდნოდა, არ ვიცი, რა მომივიდოდა აზრად, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი.
მაგრამ წინასწარ ვინ რა იცის?
მზის ნიღაბმა ითხოვა სიტყვა, რაღაც მინდა გითხრათ ყველამ კარგად მომისმინეთო.
ნიღბებმაც, აბა ამის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდესო, მიუგეს.
ამას გარდაო, სიტყვა გააგრძელა მზის ნიღაბმა, ნება მომეცით, მე დავასრულო ჩვენი თამაში, როცა ამის დრო მოაწევს. იქ არის, რაღაც, კარუსელს რომ მაგონებს, ხომ იცით, კარუსელი ჩემი საყვარელი თემაა.
ნიღბებმა, არც ამის საწინააღმდეგო გვაქვს რამეო.
აუზის ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ მზის ნიღაბს მიაპყრო მზერა.

                                  *  *  *

- იცით, რა მაგონდება? - ასე დაიწყო მზის ნიღაბმა თავისი სიტყვა, - ის ლიფსიტა მაგონდება, პატარა ტბორში რომ დაცურავს. იქაა მისი საცხოვრისი, იმ ტბორის წიაღით სულდგმულობს. ხანდახან თუ ამოხტება წყლიდან... რას დაინახავს ამ დროს ლიფსიტა? ტბორის ნაპირებს დაინახავს და სწორედ ის წარმოუდგება მთელ სამყაროდ.
მზის ნიღაბი შეჩერდა, მზის მომღიმარე სახე მოგვაპყრო. თუ გახსოვთ, ლიფსიტას შესახებ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთო, გვითხრა. ნიღბებმა თავი დაუქნიეს იმის ნიშნად, არაფერი დაგვვიწყებიაო. მეც დავუქნიე თავი, რაღაც ამდაგვარი მეც მახსოვდა მოთამაშის ნაამბობიდან. მზის ნიღაბმაც კვლავ გააგრძელა სიტყვა ამ მცირე შეყოვნების შემდეგ.
- ჩემი აზრით, ჩვენ სწორედ იმ ლიფსიტას ვემსგავსებით, როდესაც ზღვიდან ამომავალ მხეცზე ვლაპარაკობთ. რა აღარ ვთქვით, რა აღარ დავაბრალეთ, ვინ აღარ გავიხსენეთ; მეფეები, ადმირალები, მეკობრეები... ათასნაირი რეგალიების მთელი კრიალოსანი დავატეხეთ თავზე. მერე, რა გამოვიდა აქედან? მხეცმა ისინი ახლოსაც არ გაიკარა, არა და არა! სულ ტყუილად ჩაგვიარა ამდენმა სჯა-ბაასმა და თავგამოდებულმა მცდელობამ. რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ბოლომდე იმ ტბორში დავრჩით... პატარა ლიფსიტას სულ პაწია სამყაროში... ჩვენი თვალსაწიერი ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცდა მის ნაპირებს.
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა ტბორმა უეცრად გაფართოება დაიწყო, მისი ნაპირები ყოველმხრივ გაიწ-გამოიწივნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. გაფართოვდეს ჩვენი ტბორი, ნაპირების მოხაზულობა ახლებური სახით წარმოგვიდგება, ჩვენი თვალსაწიერიც გაფართოვდება, ანუ უფრო ფართო სამყაროს დავინახავთ წყლიდან წამით ამოხტომისას.
მაგრამ ტბორი აგრძელებს გაფართოებას, ნაპირები კიდევ უფრო განზე იწევენ, სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს. თუმცა ჯერ ისევ ვხედავთ მათ, ჯერ არ დაკარგულან ჩვენი თვალსაწიერიდან.
ბოლოს კი, დგება ისეთი წამიც, როდესაც ნაპირებს ვეღარ დავინახავთ... ტბორის ნაპირები უსასრულობას შეუერთდა, მასში დაინთქა. ცხადია, ჩვენი თვალსაწიერიც გაფართოვდა, რამეთუ ჩვენ იმ ტბორის ბინადარნი ვართ... გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენც უსასრულობას უნდა გავუსწოროთ თვალი. დიახ, ჩვენი თვალსაწიერი ახლა უკვე თვით უსასრულობა გახლავთ.
სადაც უსასრულობაა, იქ მარადისობაც სუფევს, ისინი ხომ განუყრელი ტყუპისცალები არიან... გემახსოვრებათ, იმათ შესახებაც ვისაუბრეთ წინა შეხვედრისას (ყველანი თავს იქნევენ მათ შორის მეც). ეს ორი ტყუპისცალი არავის და არაფერს ცნობს, ერთმანეთისა გარდა მხოლოდ ერთმანეთს თუ გაესაუბრებიან, უზიარებენ თავიანთ საიდუმლოებებს, მათ საიდუმლოებებს კი, მერწმუნეთ, ვერავინ დათვლის... ისინი ხომ დრო-სივრცის უფართოესი რკალიდან დაჰყურებენ ყველაფერს ეს კი ისეთი სიმაღლეა, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა პატარა ლიფსიტა, ბინადარი პატარა ტბორისა...
ამგვარად, გაჰქრა სადღაც პატარა ტბორი, თავის ბინადარ პატარა ლიფსიტასთან ერთად. მის ნაცვლად მივიღეთ დრო-სივრცის უფართოესი რკალი, და ჩვენ ყველანი ყარიბნი ვართ მისი. ამ რკალს მივუყვებით, ყურს ვუგდებთ ორ განუყრელ ტყუპისცალს, მარადისობას და უსასრულობას... და ვარსკვლავებსაც. დიახ, ჩვენ ახლა უკვე ვარსკვლავების მეზობლად დავაბიჯებთ, მათი სიმაღლე აღარაა მიუწვდომელი ჩვენთვის... აქედან გამომდინარე, ჩვენი ხედვაც შეიცვალა, სულ სხვა თვალით დავაფასებთ ყველაფერს...

***
  ერთი წამით ყურადღებას ვითხოვ: როგორც კი მზის ნიღაბმა დრო-სივრცის უფართოესი რკალი ახსენა, როგორღაც ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ. მგონი სივრცე მართლა გაფართოვდა, ცისკიდურს ვერსაით დაინახავდი, საითაც არ უნდა გაგეხედა... ვერ შეამჩნევდი ცისა და მიწის გამყოფ ვერანაირ ზღვარს ხაზს... და საერთოდ, ვერანაირ საზღვარს თუ ნაპირს ვერ დალანდავდი... მეტად თავისებური შორსგაზიდულ სივრცეში ამოვყავით თავი... ციური მნათობებიც დაგვიახლოვდნენ; ახლა უკვე ჩვენს შორის დარიალებდნენ ცთომილები, მეტეორები თუ ვარსკვლავები... არც იყო გასაკვირი, ჩვენ ხომ ვარსკვლავებამდე ავმაღლდით... ყოველივე ამასთან ერთად განათებაც შეიცვალა ჩვენს ირგვლივ, იგი რაღაც სხვა შუქმა შეცვალა.
ამ შუქის წყაროს ვერ დაადგენდი, იგი თითქოს ყველა მხრიდან ჟონავდა, როგორც მზის სხივები სქელ ნისლში... მან სულ მთლიანად აავსო ჩვენი შორსგაზიდული სივრცის წიაღი, ყველას და ყველაფერს მოეფინა, თან რაღაც უცნაურად გადაასხვაფერა, უპირველეს ყოვლისა, ეს ნიღბებს ეხება. ცისარტყელას ნიღაბი მგონი ოდნავ გახუნდა, ცისარტყელას ნაირფერები ძველებურად ვეღარ ჭახჭახებდნენ... სამაგიეროდ, მგალობელი ფრინველი ზეციური ფერების ნამდვილ გამოფენად იქცა... ნისლის ფთილას გაგახსენებდათ, რიჟრაჟისას ცაზხე შემორჩენილს. მერე როგორ უხდებოდა დაწინწკლული მანჟეტები და პეპელა ჰალსტუხიც კიდევ უფრო უხდებოდა. მზის ნიღაბი ოდნავ ჩამუქდა, ჩამავალი მზის მსგავსი მოწითალო ელფერი მიიღო... ორსახა ნიღაბი სულმთლად ვერცხლისფრად ალაპლაპდა, კიდევ უფრო დაემსგავსა წყლის ჭავლს. ჭექა-ქუხილის ღმერთი ისევ ისეთი იყო, როგორიც თავდაპირველად, ცვლილების მსგავსი არაფერი დასტყობია.
  რაც შეეხება ოქროს ნიღაბს... ო, ამაზე ნამდვილად ღირს ენის მოცვეთა. თუ შეიცვალა, სწორედ ის შეიცვალა. არა კი არ გახუნებულა... არც კი იფიქროთ... ისევ ისე ბრწყინავდა, როგორც მაშინ, ღრმა ორმოდან რომ ამოდიოდა (სხვათა შორის, ის ორმო რაღაც უცნაურად მახსენებს ხანდახან თავს). დიახ, ყველაფერი უცვლელად შეინარჩუნა ოქროს ნიღაბმა შეცვლილ დრო-სივრცეში; პეწი, ლაზათი, ბრწყინვალება... ბეწვის ოდენაც კი არაფერი დაჰკლებია... ოღონდ აი, მის თავზე პაწია რქები გამოისახნენ. საყვარლად ჩაგრეხილ-ჩაწნული რქები, კრავმა რომ იცის, ისეთი...
ჯერ გაოცებამ შემიპყრო ამის დანახვისას. რა უცნაურია; ლამის თვალმოუშორებლად შევყურებ ოქროს ნიღაბს, რაც ამ წალკოტში შემოვდგი ფეხი. როგორ მოხდა, ეს რქები აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე. როგორც ჩანს, ამ ახლებურმა, სრულიად განსხვავებულმა შუქმა გაამჟღავნა ისინი, იქნებ შეცვლილმა სივრცემაც... ჰო, აქ დიდად გასაკვირი ნამდვილად არაფერია. თანამედროვე ტექნიკისგან მიჩვეულნი ვართ მსგავს სასწაულებს თუ ფოკუსებს. თუ მთელი თვითმფრინავის მიჩქმალვა შეიძლება ისე რომ მხოლოდ სავსე მთვარის დისკო ამჟღავნებს მის არსებობას, მაშინ რაღა ითქმის ამ პაწია რქების შესახებ. სულ ადვილი საქმეა. არ ჩანდა დღის შუქზე, გაამჟღავნა მათი არსებობა შეცვლილმა დრო-სივრცემ და შუქმა.
ჰოდა, ძალიანაც მომეწონა ასეთნაირად გადასხვაფერებული ოქროს ნიღაბი, მართლაც თავშესაქცევი რამ იყო; მაშინაც სათამაშოს ჰგავდი, როდესაც სულ პირველად დაგინახე, ასე მივმართე გულში ოქროს ნიღაბს, ახლა კიდევ უფრო დაემსგავსე სათამაშოს... თანაც როგორ სათამაშოს, ერთიანად ბაჯაღლო ოქროსგან გამოძერწილს. თუ მეტი არ ხარ, ნაკლები ნამდვილად არ ხარ... ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ თუ არ შეგემატა, არაფერი დაგკლებია ამ რქებით; თანაც რა საყვარლად არიან ჩაგრეხილ-ჩაწნულები... თუ არ ვცდები, კრავს უნდა ჰქონდეს ასეთი რქები.
ციური მნათობებიც გვეთამაშებიან მგონი... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება...
არც ესაა დიდად წარმოუდგენელი რამ. ბოლოს და ბოლოს, პლანეტარიუმი ყველას გვაქვს ნანახი. ოღონდ აქ ყველაფერი განსხვავებულია, ანუ ბევრად უფრო დახვეწილია და, თუ გნებავთ, ნატურალური და უფრო ბუნებრივი, ვიდრე ნებისმიერ სხვა პლანეტარიუმში. აქ შეიძლება იხილო ყველა ციური მნათობი, რომლის შესახებაც ოდესმე რაიმე გსმენია. ისინი შენს გვერდით, სულ ახლოს იხეტიალებენ და ყოვლად წარმოუდგენელ ცეცხლოვან რკალებს აღწერენ. შეგიძლია იხილო ახალი მთვარე და სავსე მთვარე მხარდამხარ... ბრწყინვალე იუპიტერი თავის განთქმულ ამალასთან ერთად, სატურნი, თავისი საოცარი შლიაპით. საოცრად სტუმართმოყვრად იქცევიან ცთომილები, აუჩქარებლად შემოტრიალდებიან ყველა გვერდით, თითქოს თავიანთ სამყაროში გეპატიჟებიან. მეტეორებზე და კუდიან ვარსკვლავებზე აღარაფერს ვამბობ, მათ თავზეხელაღებულ ნახტომებს თვალს ვერც კი მიადევნებ...
და რაღა თქმა უნდა, მზაკვარი ვარსკვლავები... ო, რა საოცარ, ბრწყინვალე გირლიანდებს ქარგავენ ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში, თვალებს ისე აკვესებენ, თითქოს რაღაცის თქმა უნდათ... თავის დროზე მიხვდებით, თუ რატომ ვუწოდე მათ ,,მზაკვარი~.
...და საერთოდ, ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ თურმე დიდი ყურადღებით ვუსმენ მზის ნიღბის სიტყვებს. უფრო უკეთესი... დრო უფრო სწრაფად გავა, სანამ ოქროს ნიღაბთან ლაპარაკს ვეღირსები.
მგონი სიტყვა გამიგრძელდა, ისევ მზის ნიღაბს მოვუსმინოთ.

***
...ეს უკვე სხვა ხედვაა, სხვა სამყარო. ჩვენი ხედვაც უნდა გაფართოვდეს, თვალი დიდ სიმაღლეს უნდა მოვარგოთ და შევაჩვიოთ, გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა... უამისოდ ვერაფერსაც ვერ დავინახავთ, პატარა ტბორის ბინადარ ლიფსიტებად დავრჩებით ისევ. ,,ოკეანე ისე იყო გახვეული ნისლში, როგორც ჩვილი სახვევებში~... წმიდა წერილის ეს სიტყვები სწორედ იმ ხედვას ამჟღავნებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამჟამად. ძველი პანგეა გავიხსენოთ. დღევანდელი მატერიკების პირველადი დვრიტა. გონდვანა, ოთხი ოკეანის შორეული საერთო წინაპარი... ყოველივე ამას დრო-სივრცის უფართოესი რკალი აერთიანებს, ჩვენც სწორედ აქედან დავყურებთ დედამიწას, თვალს ვადევნებთ მასზე მიმდინარე მოვლენებს. რა ხდება დედამიწაზე? ო, ძალიან, ძალიან ბევრი რამ. სიცოცხლე გაღვივდა, გაიფურჩქნა ამ მშვენიერ ცთომილზე, სულ უფრო და უფრო ძლევამოსილი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ერთმანეთს ცვლიან სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები და სახეობები. ხან ერთი მძლავრობს, ხან მეორე.
,,ზღვიდან ამოვიდა მხეცი...~ აი ეს სიტყვები მიგვიძღვის წინ მას ვეძიებთ, უპირველეს ყოვლისა, რომელი მხეცი ამოვიდა ზღვიდან? ჯერჯერობით ყველაფერი ბუნდოვანია, თითქოს ნისლნი გახვეულაო... ჰოდა, ამ ნისლიდან სიცოცხლის ყველაზე ზოგადი ნიშანი ამოტივტივდა. ,,სიცოცხლე ზღვაში დაიბადა!~ ასეთი გახლავთ ეს ზოგადი ნიშანი. ჯერჯერობით მხოლოდ მას მისწვდა ჩვენი თვალი, სხვას ვერაფერს. ასე რომ, სიცოცხლე ზღვაში დაიბადა, ზღვიდან გადაინაცვლა ხმელეთზე, მერე ტაშიც აიჭრა... აქ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის რომელ სახეობაზეა ლაპარაკი... სპილო და ჭიანჭველა, არწივი და ბეღურა, ლომი და თაგვი. რომელი ერთი გავიხსენო... ჩვენ მათ ერთმანეთისგან არ ვანსხვავებთ. ყველა მათგანი ერთად აღებული ჩვენს თვალში სიცოცხლეა მისი ყველაზე ზოგადი ნიშნით.
ახლა ისევ ჩვენს ,,მხეცს~ დავუბრუნდეთ; ისიც ოდესღაც ზღვის ბინადარი იყო, ისიც ზღვიდან ამოვიდა, როგორც სიცოცხლის, ყველა სახეობა, რომელთაც კი ოდესმე დედამიწა უთელიათ. სწორედ ეს დაგვანახა დრო-სივრცის უფართოესმა რკალმა, უპირველეს ყოვლისა. წმინდა წერილის სიტყვები ,,ზღვიდან ამოვიდა მხეცი~... სწორედ ამას გულისხმობენ.
,,მხეცს შვიდი თავი აქვს~... ასე ღაღადებს წმინდა წერილი. ყველაზე მეტი თავსატეხი სწორედ ამან გაგვიჩინა. რამდენი არ ვცადეთ, რამდენი არ ვჩხრიკეთ, ციფრი შვიდიანი აქ ვერავის და ვერაფერს ვერ მოვარგეთ. ეს საკრალური ციფრი შვიდიანი აქ ყოველთვის ჰაერში გამოკიდებული დარჩა. ის არ უნდა ნიშნავდეს არც შვიდ სამეფოს (რამდენი იმპერია დავშალეთ, რათა რამენაირად ციფრი შვიდიანი მიგვეღო), არც შვიდ საუკუნეს (სხვადასხვანაირი რიტმით დროის ათვლამ არანაირი შედეგი არ მოგვცა). მით უმეტეს, ციფრი შვიდიანი არ ასახავს რომელიმე ურჩხულს (შესახედავად ავაზას მსგავსს, რომელსაც შვიდი თავი ერთად ეზრდება კისერზე). არა და არა არაფერი გამოგვივიდა. ციფრი შვიდიანი სადღაც სხვაგანაა საძიებელი. მაგრამ სად? ამაში დრო-სივრცის უფართოესი რკალი დაგვეხმარება, ის აგვიხელს თვალებს, ყოველივეს სრულად განსხვავებულად სულ სხვა სახით დაგვანახებს. წმიდა წერილის სიტყვები სწორედ დრო-სივრცის უფართოეს ხედვას აირეკლავს. მერედა, როგორია ეს ხედვა? ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო, ასე ღაღადებს იგი. აჰა, ციფრი შვიდიანი! რა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს... ეს გარემოება მის უეჭველ საკრალურობაზე მიუთითებს. დიახ, შვიდ დღეში შეიქმნა სამყარო... აღარ დაგღლით მათი ჩამოთვლით, ისინი ყველასთვის ცნობილია... თქვენს ყურადღებას იმ ერთადერთ დღეზე შევაჩერებ, როდესაც უფალმა ადამიანი შექმნა. ეს დღე ყველაზე ბოლო იყო, სიცოცხლის დანარჩენი სახეობები წინ უსწრებდნენ ადამიანის შექმნას. ამგვარად, ადამიანი შეიქმნა, როგორც ბუნების გვირგვინი.
ამრიგად, ღმერთმა ადამიანი ყველაზე ბოლოს შექმნა, როგორც ბუნების გვირგვინი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანში შეიკრა ყველა იმ დროთა ძეწკვი, რომლებიც მის მოვლინებამდე განსხეულდა უფლის ხელით. ანუ ადამიანმა მთლიანად გაითავისა სამყაროს შექმნის მთელი პერიოდი, შვიდ ნაწილად დანაწევრებული. ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება, უაღრესად რთული წარმონაქმნია; მართლაც საოცარი არსებაა: შესახედაობით ერთი, მაგრამ შინაგანად შვიდმაგი. ჩვენს ცთომილს მისი სახით ნამდვილი სასწაული მოევლინა.
მერედა, როგორ აღსრულდა ეს სასწაული? პასუხი ამ კითხვაზე ,,საოცარი არსების~ თავში უნდა ვეძებოთ... მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს უფლის ხელიდან ებოძა უაღრესად დახვეწილი, მაღალაგნვითარებული გონება, არაჩვეულებრივად ფართოდ განფენილი, ყოვლისმომცველი მეხსიერება. სწორედ ამ უფართოესი მეხსიერების წყალობით დაიტია ადამიანის თავმა (ერთმა თავმა) სამყაროს შექმნის მთელი საკრალური სურათხატება... აჰა, ნახეთ! რა ფართო განზომილების მქონე დრო-სივრცის რკალი მივიღეთ: სახუმარო საქმე ხომ არაა, სამყაროს შექმნის ყველა საფეხური, იმ ყველაზე იდუმალი, შორეული წერტილის ჩათვლით, როდესაც უფალმა ბრძანა: ,,იქმენინ ნათელი~.
დიახ, ადამიანმა სამყაროს დასაბამიერ წერტილს უწვდინა გონების თვალი ამ უფართოესი მეხსიერების წყალობით, და ეს ყოველივე ამ საკრალულ ციფრს, შვიდიანს მოერგო, მიქადაგა.
ეს ციფრი ადამიანს ყოველთვის წინ მიუძღვის, რასაც არ უნდა მიაპყროს თავისი ყურადღება... გემახსოვრებათ, რამდენი ვისაუბრეთ ამის თაობაზე წინა შეხვედრისას... ციფრ შვიდიანთან დაკავშირებით ყველას აღმოაჩნდა სათქმელი, შემთხვევითობის ჩათვლით... ყველაზე მეტად სწორედ მან მოგვხიბლა... ასე რომ, წმინდა წერილის სიტყვები, თითქოს მხეცს, შვიდი თავი აქვს, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, ციფრი შვიდიანი აქ სულ სხვა მიზნითაა ნახსენები. ზღვიდან ამომავალ მხეცს ერთი თავი აქვს, რომელიც შინაგანი წყობით არის შვიდი, შვიდმაგ საოცრებას იტევს სიღრმისეულ წიაღში: აი ასეთნაირად წარმოჩინდა იგი ჩვენს წინაშე, როდესაც ვარსკვლავების სიმაღლიდან, ანუ დრო-სივრცის უფართოესი რკალიდან დავხედეთ... და იგი ადამიანია, ოღონდ არა რომელიმე კერძო პირი... (ბელადი, მეკობრე და ა.შ.), ადამიანი მისი ყველაზე ზოგადი ნიშნებით.
ახლა კი ათი რქის შესახებ ვისაუბროთ. რომელია ეს ათი რქა? ცხადია, ვარსკვლავების სიმაღლე აქაც დაგვეხმარება, განსაკუთრებით არწივის თანავარსკვლავედი... არა, ამ თანავარსკვლავედში გამგზავრებას არ ვაპირებ, მისი სახელწოდება მხიბლავს... არწივი გამახსენა, მთების ბინადარი მტაცებელი ფრინველი, მიწიერი მშვენიერების ერთერთი განსახიერება. ყველას გექნებათ ნანახი, ფართოდ ფრთებგაშლილი რომ ნავარდობს ლურჯი ცის ტატნობზე. რა ლაღია, რა ამაყი... მის ყურებას მართლაც არაფერი სჯობს, თუმცა მე ამჯერად მისი კლანჭები მაინტერესებს ყველაზე მეტად, სილამაზით თვალის დარწყულება სხვა დროისთვის იყოს... ასე რომ, კლანჭები... ჰაერში ნავარდობისას არწივს კლანჭები არ უჩანს, იგი მათ მაშინვე შემოკრეფს, როგორც კი სიმაღლეს აიღებს თუ არა.
კლანჭებს მხოლოდ მაშინ თუ დავინახავთ, როდესაც იგი რაიმეს დაესხმის თავზე, ბატკანი იქნება თუ წიწილა... ამგვარად, კლანჭები არწივისთვის იარაღია, ნამდვილად ქმედითი, ბასრი იარაღი, თქმა არ უნდა...
ტყეში რაღაცამ გაიშლიგინა, ნეტავი რა უნდა იყოს? ცოტა ხანიც და ქორბუდა ირემი გამოერიდა მწვანიანს. აი, სილამაზის კიდევ ერთი ზეიმი; უნაკლოდ ნაძერწი, სხარტი სხეული... თავს უხვად განტოტვილი რქები აგვირგვინებენ... ქორი მართლაც შეძლებდა მათში დაბუდებას, ასეთი სახელიც ქორბუდა იმიტომ უწოდეს... რქები იარაღია ირმისთვის, ბასრი, მართლაც ქმედითი იარაღი... ისე როგორც კლანჭები არწივისთვის, ახლაც ჰაერში რომ ნავარდობს ლაღად ფრთებგაშლილი. ორმა ტყიურმა არსებამ წამით შეათვალიერა ერთმანეთი და ისევ თავის გზას ეწია ორივე... არწივი ირემს ვერ მოინადირებს, ირემს არწივი არც არაფრად სჭირდება... ეს ორივემ შვენივრად იცის...
ყოველივე ამას ადამიანი შეჰყურებს, თანაც როგორ შეჰყურებს... სულ ერთიანად მზერად ქცეული, ფართოდ გახელილი თვალები აღტაცებით უბრწყინავს. თუმცა... უბრწყინავს თვალის ბროლი... უამისოდ მისი თვალები სხვანაირად ვერ გაბრწყინდებიან.
იქნებ იკითხოთ, ეს მიწიერი სურათხატებანი, მართლაც მშვენიერი, რისთვის დაგჭირდაო. გეტყვით: მე მინდა ერთ სიბრტყეზე დავალაგო არწივის კლანჭები და ირმის რქები. ერთიც და მეორეც იარაღია, დანიშნულების და ფორმის მიხედვით განსხვავებულნი. მაგრამ მასალა, რომლისგანაც ისინი შექმნა ბუნებამ, ერთია, და ეს მასალა რქოვანა გახლავთ. რქოვანისგან არის გამოძერწილი არწივის კლანჭებიც, ირმის რქები, კამეჩის ჩლიქები, ფრინველის ბუმბული, თვალის ბროლი... ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
ადამიანი თითქოს უმწეოდ გამოიყურება იმ ტყიური არსებების გვერდით, ზემოთ რომ აღვწერეთ, მაგრამ არა... ადამიანიც შეიარაღებულია, მისი იარაღი ფრჩხილები გახლავთ, ათი ფრჩხილი, რამდენადაც ადამიანს ათი თითი აქვს ხელზე. ფრჩხილებიც ხომ რქოვანაა, რომლისგანაც ბუნებამ არწივის კლანჭები და ირმის რქები შექმნა... ათი ფრჩხილი, ანუ ათი რქა, რომლებიც ადამიანის თითებს აგვირგვინებენ. აი სადამდე მივედით ამდენი მიეთმოეთის შემდეგ... წმინდა წერილში ნახსენები ათი რქა, იგივე ათი ფრჩხილია, ისინი ადამიანის ხელების ძლევამოსილებაზე მიუთითებენ. ჰკითხეთ საქმეში ჩახედულ ადამიანებს (ინჟინრებს, ბიზნესმენებს...) გეტყვიან; ბუნებას არ შეუქმნია უფრო სრულყოფილი მექანიზმი, ვიდრე ადამიანის ხელებია, ანუ ათი თითი, ათი ფრჩხილით (რქით) დაგვირგვინებული. უაღრესად ქმედითი და მქონილია ეს ბუნებრივი მექანიზმი, ადამიანის ხელები... თანაც მბრძანებლად შვიდმაგი წიაღის მქონე თავი ჰყავს, უსასრულობამდე განფენილი მეხსიერებით, სამყაროს შექმნის სიბრძნე რომ გაისიგრძეგანა. წინ რა დაუდგება ასეთ ძლევამოსილ იარაღს? ამ ორი ხელით (ანუ ათი რქით), ადამიანი ქმნის ისეთ იარაღებს, რომელთა წინაშე ყველა მიწიერმა ძალებმა მოიხარეს ქედი.
აი, როგორი არსება წარმოსდგა ჩვენს წინაშე, როდესაც ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედეთ; ზღვიდან ამომავალი მხეცი, ანუ ადამიანი ზოგადად... უსაზღვროდ განვითარებული გონებით, ანუ შვიდმაგი წიაღის მქონე თავით... ფრჩხილებით, ანუ რქოვანათი (გნებავთ, რქებით) დაგვირგვინებული ხელებით, რომელთათვისაც შეუძლებელი არაფერია მზის ქვეშ.
,,რქებზე ათი ჯიღა და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები~... წმინდა წერილის ეს სიტყვები რაღას ნიშნავსო, ალბათ კითხვები გაგიჩნდებათ. მაგაზეც მოგახსენებთ: ადამიანის ორი ხელი, ფრჩხილებით (ანუ რქებით) აღჭურვილი, ყველაზე ძლევამოსილი და ქმედითი იარაღია, როგორც უკვე ვთქვით, მაგრამ... საქმე იმაშია, როგორ იყენებს იგი ამ ძლევამოსილებას?
ვთქვათ ასე: მშვენიერი საქციელი მშვენიერებას ასხივებს. როდესაც მოყვასს გაუწვდის ხელს საშველად, მაშინ თითქოს ჩირაღდნები ენთება ადამიანის ათივე თითზე, ისეთი სანდომიანი და საამაყოა ყოველივე ამ დროს. წმინდა წერილში ნახსენები ათი ჯიღა სწორედ ამას გულისხმობს.
ანდა, როდესაც მშობელი დედა თავის პირმშოს ემსახურება, ხელით ატარებს, ეალერსება... ეს ხომ ყველაზე ცხადი მაგალითია ზემოთქმულისა. ჭეშმარიტად ასეა; მეტად დიდია ძალა და ბრწყინვალება იმ ათი ჩირაღდნისა, რომლებიც ადამიანის ხელებზეა ანთებული, ოღონდ... თუ ჯეროვან გზას ვუჩვენებთ მათ.
აქ ერთი დიდი დაბრკოლება ძევს; ესაა ღვთისმგმობელი სახელები, რომლებიც მხეცის შვიდი თავის ზემოთ აღმართულა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მხეცს ერთი თავი აქვს შვიდმაგი წიაღით, და ყველა ამ წიაღს მბრძანებლობს, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, აი ეს აზრია ჩადებული წმინდა წერილის სიტყვებში. მთავარი დაბრკოლებაც სწორედ ესაა; მთელი ძალით ვეღარ ანათებენ ღვთის მიერ ბოძებული ათი ჩირაღდანი, მათ ბრწყინვალებას ბნელი შეერევა ხოლმე. ამ დროს ისინი ბჟუტვას იწყებენ, შეიძლება ჩაქრნენ კიდეც, ისე იმძლავროს ბნელმა. ადამიანს მუდამ მათ შორის (სათნოების ჩირაღდნებსა და ცოდვათა სიბნელეს შორის) უხდება გზის გაკვალვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი იყოს. არცაა გასაკვირი, ადამიანი ხშირად რომ იბნევა, მაგრამ მშვენიერი საქციელი რომ მშვენიერებას ასხივებს, ეს ყოველთვის ახსოვს ადამიანს. ეს მშვენიერი გამონათქვამიც დაიტია მისმა ყოვლისდამტევმა, შვიდმაგწიაღიანმა გონებამ. ათი ჯიღა სწორედ ამას ნიშნავს.

                                      *  *  *

მზის ნიღაბმა დაასრულა სიტყვა, თავის დაკვრითაც გვანიშნა ამის შესახებ. იმწამსვე ჭექაქუხილის ხმამ გააყრუა ყველაფერი, ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა;
- ძლივს! როგორც იქნა! - გრგვინავდა იგი, - მხეცმა ზღვიდან ამოსვლა დაიწყო! საეჭვო აღარაფერია, ცხადად ვხედავ ამის ნიშნებს.
ნიღბებიც მაშინვე აჟივჟივდნენ, თამაშით გახარებული ბავშვებივით (რა ხშირად მახსენებს თავს ჩემი წინამორბედის ეს სიტყვები). მხეცი რომ ზღვიდან ამოდის, ამის ნიშნებს ჩვენც ვხედავთო, ამბობდნენ... არადა, რამდენ ხანს ველოდით... საცდელი არ დაგვიკლია, რა სატყუარა არ დავუყარეთ, და სულ ამაოდ... მისთვის, თვალის მოკვრაც ვერავინ შეძლო. ყველას თავგზას გვიბნევდა შვიდი თავით და ათი რქით. თურმე დრო-სივრცის უფართოეს რკალზე უნდა გადაგვენაცვლა, ვარსკვლავების სიმაღლე გვჭირდებოდა. რა კარგად მოიფიქრა მზის ნიღაბმა, რკალთა სისტემების დიდოსტატმა, მან პირველმა გადააბიჯა დრო-სივრცის უფართოეს რკალზე და ჩვენც თან გაგვიყოლა, ეს იყო უმთავრესი... სხვანაირად ვერაფერსაც ვერ დავინახავდით, პატარა ტბორის ბინადარ ლიფსიტებად დავრჩებოდით ყველანი.
სხვათა შორის, ვარსკვლავებმაც უფრო მეტი გაცხოველებით იწყეს რიალი ჩვენს ირგვლივ. თან როგორ აკვესებდნენ თვალებს... ნეტავი კიდევ რას იტყვითო, მგონი ნიღბებს ანიშნებდნენ ამით.
მერე ისევ ჭექაქუხილის ღმერთი აროხროხდა.
- აკი ვთქვი, თითო ცთომილს მაინც იწონის წმინდა წერილის ყოველი სიტყვა, თუ მეტს არა... მეც მივხვდი, რაღაც განსაკუთრებული ლგზა და ბილიკი რომ გვჭირდებოდა მათთან მისასვლელად, მაგრამ აი, დრო-სივრცის უფართოეს რკალზე არ მიფიქრია.
დიდი სინანული გაისმა ჭექაქუხილის ღმერთის ხმაში. ძალიან განიცდიდა (ის ხომ მეტად თავმომწონეა... ასე თქვა მოთამაშემ), რაღაცას რომ მიხვდა, მაგრამ როგორღაც სანახევროდ... ერთი ნაბიჯი გადადგა, წმინდა წერილის სიტყვების წონა დაინახა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, ერთ ნაბიჯს მეორე ვეღარ მიაშველა, ცთომილთა წიაღში ვეღარ ჩაიხედა.
ერთხანს კიდევ იღუღუნეს და იჟივჟივეს ნიღბებმა, მხეცი ვეღარსად დაგვემალებაო, ამბობდნენ. დრო-სივრცის უფართოესი რკალი კიდევ ბევრ რამეს დაგვანახებს. მისი წყალობით ჩვენს თვალწინ უსაზღვრო სივრცე გადაიშალა, ჰოდა, სათქმელი ყველას გაგვიჩნდებაო.
ძალაუნებურად ვუსმენდი ნიღბების ჟივჟივს, დროის გაყვანაში მეხმარებოდა... როცა იქნებოდა, მივაღწევდი ოქროს ნიღბამდე, ერთხანს უნდა გამეძლო ამ მიეთმოეთისთვის, ოქროს ნიღაბთან საუბარი (მისი საიდუმლოება) მიღირდა ამად...
უცბად, თითქოს დანით ჩამოჭრესო, შეწყდა ყოველგვარი მიეთ-მიეთი, საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი. მოვათვალიერე იქაურობა. ვხედავ, ყველა ნიღაბი ჩემსკენ შემობრუნებულა, შემომყურებენ და მგონი რაღაცას ელიან ჩემგან. ჩემი მხრით, მეც შევაჩერდი მათ, ძალიან გაოცებული დავრჩი.
- აბა, გისმენთ! - დაიროხროხა ჭექაქუხილის ღმერთმა.
- მე მისმენთ? - ვიკითხე გაოცებულმა...
- რა თქმა უნდა, შენ ხომ შემთხვევითობა ხარ! - დაიგრუხუნა ჭექაქუხილის ღმერთმა...
- ...ჰო, ჰო, შენ ხომ შემთხვივითობა ხარ, შენი სათქმელი თქვი - აჟივჟივდნენ ნიღბები.
ჰო, მართლა! ჩემი წინამორბედიც ამბობდა რაღაც ამგვარს, შემთხვევითობად ჩამთვალეს და სიტყვის თქმა მეც მაიძულესო. თუმცა კარგად გამომივიდაო, სიამაყით მაცნობა.
მე კი, ნამდვილად ვიცი, არაფერი გამომივა, ვერაფერსაც ვერ ვიტყვი, ჩემი აზრები სულ სხვაგან ქრიან...
არაფერი მაქვს სათქმელი-მეთქი, ვუთხარი ნიღბებს. თავის გაქნევითაც ვანიშნე ამის შესახებ.
სუსხიანი დუმილი ჩამოვარდა, ნიღბები უძრავად იდგნენ, მათი მზერა კვლავ ჩემსკენ იყო მოპყრობილი.
ვარსკვლავებიც კი გაირინდნენ, თითქოს ისინიც რაღაცას ელოდნენ ჩემგან, ისე შემომაცეცეს თვალები.
მეც არ ვიღებდი ხმას. უნდა გაუძლო, ვამხნევებდი საკუთარ თავს, თუმცა... შენი გულისთვის რას არ გავუძლებ... ეს სიტყვები უკვე ოქროს ნიღბის მიმართ ვთქვი ჩემთვის გულში...
- როცა იქნება, შემთხვევითობაც ალაპარაკდება, - თქვა ბოლოს ორსახა ნიღაბმა, და ვერცხლისფერი ფართო სახელოები ააფრიალა, - ჯერჯერობით კი მე მომისმინეთ, ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ მეც გამიჩნდა სათქმელი.
ნიღბები მაშინვე მისკენ მიტრიალდნენ, მეც შვებით ამოვისუნთქე.

                                    *  *  *

ალბათ გემახსოვრებათ, ვარსკვლავების სიმაღლე მეც ვახსენე, როდესაც წყალი და სული დავაწყვილე.
მიწიერი ოკეანე, ეს ერთი დიდი სარკეა, რომელშიც ვარსკვლავები იყურებიან და მასში თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ხედავენ. ზღვიდან ამომავალ მხეცს სწორედ ამ სიმაღლიდან დავყურებ. მან უკვე ამოჰყო თავი ზღვიდან, რქებიც გამოაჩინა. ვნახოთ, კიდევ რა ნიშნებს გაამჟღავნებს.
წმინდა წერილი ღაღადებს, რომ ზღვიდან ამომავალი მხეცი ავაზას ჰგავდა... აქ ეს სიტყვა, ,,ჰგავდა~, მხოლობით რიცხვშია წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხეცს ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით, როგორც მზის ნიღაბმა გაგვიმჟღავნა. წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე დამატებითი მინიშნებაც იქნებოდა. მარტივი ხედვაა; შვიდი თავის შესახებ არ ითქმის ,,ჰგავდა~. ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა ,,ჰგავდნენ~.
აქედანვე შეიძლება ითქვას: როგორც ერთმა თავმა დაიტია სამყაროს შექმნის შვიდმაგი სურათხატება უსასრულობამდე განფენილი მეხსიერების წყალობით, ასევე ამ ერთმა სიტყვამ, ავაზასთან მსგავსებამ, ძალიან ბევრი რამ უნდა დაიტიოს თავის წიაღში. ეს იმას ნიშნავს, რომ დრო-სივრცის მეტისმეტად ფართო არეალი უნდა მოიცვას იმ შედარებებმა, რომლებიც ხსენებულ ,,მსგავსებას~ აღწერენ; ჩვენ ხომ მას ვარსკვლავების სიმაღლიდან დავყურებთ.
ამგვარად, ხედვის კუთხე არჩეული გვაქვს, იგი მეტისმეტად ფართოა. იმდენად ფართო, რომ ძალიან, ძალიან შორს მტკიცდება ჩვენი ყოფიერების საზღვრებს, რომელზეც თვალი გვაქვს შეჩვეული. უნდა შევძლოთ და როგორმე ამ საზღვრებს მიღმა გადავიხედოთ.
ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ, სანამ დრო-სივრცის უფართოეს რკალზე გადავინაცვლებდით მის ძიებაში თაობათა მთელი ნიაღვრები გადავჩხრიკეთ, რომელთაც ჩვენი ყოფიერება შობდა, მაგრამ ამან არავითარი შედეგი არ მოგვცა, მხეცი ჯიუტად გვემალებოდა თაობათა მდინარების სიღრმეში.
უწინარეს ყოვლისა, ზემოხსენებული მსგავსების ცალკეული შტრიხები უნდა მოვიძიოთ, თაობათა ნიაღვრებში რომ ჩაკარგულან და მიმოფანტულან. როგორმე უნდა შევძლოთ, სიღრმიდან ზევით ამოვიხმოთ ეს ცალკეული შტრიხები, მერე კი ერთმანეთს მივუსადაგოთ ისინი. თუ ამას შევძლებთ, მთლიანობაში მისი დანახვაც არ გაგვიჭირდება. ეს იქნება მსგავსება, განფენილი დრო-სივრცის უფართოეს არეალზე.
ასე რომ, ვეძიოთ მხეცი, ავაზის მსგავსი... როგორი ბუნების უნდა იყოს იგი? რა ხასიათი ექნება?
მიაქციეთ ყურადღება; მე ვამბობ, ,,ხასიათი~. ჩემი აზრით, სწორედ ესაა უმთავრესი. სულაც არაა აუცილებელი, ავაზას ნაკვთები დახატოს თაობათა სიღრმიდან ამოსულმა შტრიხებმა, მხეცი, რომელსაც ეს შტრიხები აღწერენ, თავისი შინაგანი არსით უნდა იყოს ავაზა. ჰოდა, ყოველივე ცხადია, თვალის ერთი გადავლებითაც კი... ზღვიდან ამომავალ მხეცს არა აქვს ავაზას სხეული, იგი ადამიანია (მისი ყველაზე ზოგადი ნიშნებით), მაგრამ მას მაინც შეიძლება ვუწოდოთ ავაზა. რატომ? იმიტომ რომ იგი ავაზას ჰგავს ბუნებით, ინსტიქტებით, ხასიათით, სისხლისმსმელია, ვერაგი, დაუნდობელი, როგორც ნამდვილი ავაზა.
აი რა მივიღეთ, როდესაც თაობათა სიღრმეებში მიმოფანტული შტრიხები შევაერთეთ; შესახედაობით ადამიანი, შინაგანად ავაზა! ზღვიდან ამომავალი მხეცის ნიშანიც სწორედ ამას გულისხმობს.
ეს არის სახე, თაობათა მრავალსახეობამ რომ დახატა. გვინდა თუ არ გვინდა, თვალი უნდა გავუსწოროთ მას, ვარსკვლავების სიმაღლემ იგი ასეთნაირად წარმოაჩინა.

***
  ორსახა ნიღაბი გაჩუმდა, აუზბისკენ გადაიხარა, წყლის სარკეში ჩაიხედა. სხვა ნიღბებმაც იგივე გაიმეორეს, ყველამ ჩაიხედა წყლის სარკეში. ნეტავი რას ეძიებდნენ იქ? საკუთარი ნიღბის გარდა ხომ ვერაფერს დაინახავდნენ... მაინც დიდი მოწადინება იგრძნობოდა მათ საქციელში, ჩემდა გასაკვირად.
მეც გადავიხედე წყალში, მათი მიბაძვით. აბა, რა უნდა დამენახა, დომინოს სულელური ნიღბის გარდა. მაგრამ რატომღაც მომეტებული ყურადღებით მივაშტერდი საკუთარ ორეულს, თითქოს ვცდილობდი, ავაზასთან მსგავსების რომელიმე შტრიხი დამენახა და ამომეცნო მასში.
რამდენიმე წამს ყველანი ამით ვიყავით გართულნი, ხმას არავინ იღებდა. აუზის ირგვლივ რაღაცნაირი, მძიმე სიჩუემე ჩამოწვა.
კიდევ კარგი, ორსახა ნიღაბმა გააგრძელა ლაპარაკი, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, თვალი მოვწყვიტეთ საკუთარ ორეულებს: საძიებელი ჯერ კიდევ ბევრი იყო...

***
ესეც ასე, თანდათან ვეცნობით ზღვიდან ამომავალ მხეცს, სხეულით ადამიანს, ინსტიქტებით ავაზას. ისევ მივყვეთ წმინდა წერილის სიტყვებს:
,,...მიეცა მას ლომის ხახა...~
ეს კიდევ უფრო გაუგებარი ჩანს, წინანდელთან შედარებით. სრული შეუსაბამობაა; სად ლომის ხახა და სად ავაზას ცხვირპირი... ლომის ხახა რომ მოვარგოთ ავაზას, ცხვირპირს, სრულიად დაფარავს ამ უკანასკნელს, ისე როგორც მთვარის დისკო დაფარავს მზეს, როდესაც მზის დაბნელებას ვუჭვრეტთ.
ჰოდა, სწორედ ამაშია საქმე; ციური მნათობები გვამცნობენ, თუ რა ხდება და რატომ... ისინი ხომ ჩვენი თანამოსაგრენი არიან, დრო-სივრცის უფართოესმა რკალმა მათ მეზობლად დაგვასახლა. ლომის ხახა აქ უსაზღვრო სიხარბეს ნიშნავს, ანუ იმას გაუნელებელ წყურვილს, რომ მუდამ ლომის წილი მოთალოს თავისკენ. მერედა, ვისა აქვს ლომის ხახა? ზღვიდან ამომავალ მხეცს, რომელსაც მიეცა ადამიანის სხეული და ავაზას ინსტიქტები. სრული სურათხატებაც ჩვენს წინაშეა... ჩვენი მხეცი, მუდამ ლომის წილს უსაფრდება, მისი გულისთვის თავგამოდებით იბრძვის (ყველგან და ყოველთვის), ნაკლებს არასდროს არ დაჯერდება, არ შეურიგდება... ყოველთვის ძალზე გულნაკლული რჩება, თუ ნაკლები არგუნეს, ბრძოლას არასდროს არ წყვეტს... განა ასე არაა? საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ეს ისმის: ვის ეკუთვნის ლომის წილი? (ვთქვათ, აქციების პაკეტი. და ა.შ. აქ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ვფიქრობ, მათი გამოდევნება არ ღირს). დიახ, ლომის ხახა აქ სიხარბეს ნიშნავს, და იგი იმდენად უზომოა, რომ ზღვიდან ამომავალი მხეცი აღარც კი ჩანს მის მიღმა, თუ ამ უკანასკნელს სიხარბის თვალსაზრისით განვსჯით და შევხედავთ. ზუსტად ისე, როგორც ლომის ხახა დაფარავს ავაზას, ცხვირპირს, თუკი ერთმანეთზე მათ მორგებას ვეცდებით. აი ამას, გვამცნობენ ციური მანათობები, ამაოდ არ აგვირჩევია ვარსკვლავების სიმაღლე, ყოველივე თანმიმდევრულად ლაგდება ჩვენს თვალწინ.
,,...მისი ფეხები, როგორც დათვისა~...
წმინდა წერილის ეს სიტყვები არანაკლებ დამაბნეველია წინანდელებთან შედარებით. თითქოს ვერაფერს ვპოულობთ ხელჩასაჭიდს, რას უნდა ნიშნავდეს აქ დათვის ფეხები... მაინც ვცადოთ, დრო-სივრცის უფართოეს რკალს მივმართოთ, გაჭირვების ტალკვესს... სხვანაირად არაფერი გამოგვივა, დათვის ფეხებს, ლომისხახიან ავაზასთან ვერანაირად ვერ შევათავსებთ.
ასე რომ, დათვის ფეხები... კიდევ ერთხელ დავხედოთ თაობათა ნიაღვრებს ვარსკვლავების სიმაღლიდან. რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ ეს ნიაღვრები გამუდმებით მიმოიქცევიან ხან აქეთ, ხან იქით... მიმოიქცევიან მოუხეშავად, მოუქნელად, ხანდახან ნაკადებად იყოფიან, რომლებიც იმავე მოუხეშაობას ამჟღავნებენ... სულ პატარა ნაკადიც კი უცვლელად იმეორებს დიდი ნიაღვრის ხსენებულ მოუხეშავობას, ამ მხრივ ყველანი ზუსტად ერთნაირნი არიან...
და ეს ყველაფერი, ნიაღვრების და ნაკადების ერთობლიობა, მთლიანობაში ისე აღიქმება, როგორც უზარმაზარი, უფორმო ცხოველი... იგი კი არ დადის, დატორტმანებს, მოუქნელად და უთავბოლოდ. ხან გაუბედაობა იგრძნობა მის ტორტმანში, ხან თავგაწირულებამდე მისული უგუნურება. ბრმა დათვს მოგვაგონებს, თუ ხედვის კუთხეს რაც შეიძლება ფართოდ გავშლით... დათვი ხომ ისედაც მოუხეშავია, ახლა ბრმა რაღა იქნება... ტორების უთავბოლო ქნევით აწყდება იგი აქეთ-იქით.
ვფიქრობ, ყოველივე ცხადია: თაობათა ნიაღვრები (ანუ მთელი კაცობრიობა, ბრმა არის დროში...) ხომ ცნობილი ჭეშმარიტებაა, ადამიანი თვალხილულია სივრცეში, მაგრამ ბრმაა დროში. წმინდა წერილიც ღაღადებს: ,,ცის ნიშანს ხედავთ, დროის ნიშანს კი ვერა~... ჰოდა, კაცობრიობის ადგილმონაცვლეობა დროსა და სივრცეში ბრმა დათვის ტორტმანს ემსგავსება, როდესაც მას (თაობათა ნიაღვრებს) ვარსკვლავების სიმაღლიდან დავხედავთ. დათვის ფეხები აქ სწორედ ამას ნიშნავს.
და აჰა, ლომისხახიან ავაზას დათვის ფეხებიც დაემატა და იგი არ ნიშნავს რომელიმე ცხოველს, თუნდაც დათვს... დათვის ფეხები აქ გვისურათხატებს ზღვიდან ამომავალი მხეცის ერთერთ თვისებას, სიბრმავეს დროში.
აი რა საოცარი არსება ამოდის ზღვიდან: მხეცი, რომელსაც აქვს ადამიანის სხეული, ავაზას ინსტიქტები, ლომის სიხარბე და დათვის მოუხეშაობა, ანუ სიბრმავე დროში. 

                                        *  *  *
ო, რა ამბავი ატყდა, რომ იცოდეთ, როდესაც ორსახა ნიღაბი მორჩა თავის სათქმელს. ნიღბები არა მარტო აჟივჟივდნენ და ახმაურდნენ გახარებული ბავშვებივით (ეს მათგან აღარ მიკვირდა), მოძრაობითაც გამოხატავდნენ თავიანთ აღფრთოვანებას მოსმენილით. ადგილზე ხტოდნენ, ხელებს იქნევდნენ, დათვს ბაძავდნენ მოუხეშავ ტორტმანში... რამდენადაც ჩუმად იყვნენ მხეცის ავაზასთან მსგავსების აღმოჩენისას (ავაზამ ისინი, პირდაპირ დაამუნჯა), იმდენად გამხიარულდნენ და აცქმუტდნენ დათვის ფეხების შესახებ საუბრისას. ყველამ სცადა, დათვისებურად ებაჯბაჯა, მოუხეშავად ექნია ტორები. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო დაემსგავსებოდა დათვს.
- მხეცი უკვე სულ მთლიანად ამოვიდა ზღვიდან, - დაიგრუხუნა უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთმა, თან დათვივით ტორტმანებდა, - ვეღარსად დაგვემალება!
ნიღბებმაც ქოროსავით გაიმეორეს:
- ვეღარსად დაგვემალება!
რა თქმა უნდა, ვარსკვლავებმაც გაიზიარეს ჩვენს ირგვლივ გამეფებული მხიარულება, დიდი დათვის თანავარსკვლავედი გამოსახეს ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში... სულ პირველად ჭექა-ქუხილის ღმერთმა მიგვითითა მისკენ... ამან მხიარულების ახალი ტალღა გამოიწვია ნიღბებში.
როგორც შევამჩნიე (ამისთვის, ბევრი საბაბი მქონდა), ამ საოცარი, შორსგაზიდული სივრცის წიაღი მეტისმეტად მგრძნობიარედ აღიქვამდა ყველა იმ განწყობილებას, ნიღბებს შორის რომ დაისადგურებდა... ჯერ არ ვიცოდი, მე თვითონ რამდენად მეხებოდა ეს გარემოება, თუმცა, ბოლოს მივხვდი, არც მე ვყოფილვარ უცხო მისთვის.
მერე კი, თითქოს ვიღაცამ უბრძანაო, ნიღბებმა უცბად შეწყვიტეს მხიარულება, ყველა მე მომაჩერდა.
უკვე ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა, თავი გავიქნიე იმის ნიშნად, არც ახლა მაქვს რაიმე სათქმელი-მეთქი.
- ნუთუ შემთხვევითობა არაფერს გვეტყვის? - ახმიანდნენ ნიღბები, მათ ხმებში საყვედური ისმოდა. ოქროს ნიღაბმა ხელიც კი ჩაიქნია ამის დანახვისას, გულმა რეჩხი მიყო. რას მემართლებიან ეს ნიღბები, რატომ მოითხოვენ ჩემგან შეუძლებელს. აბა, რა უნდა ვუთხრა მათ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ... მე ხომ არ შემიძლია ვარსკვლავებამდე ამაღლება, დრო-სივრცის უფართოესი რკალი მიუწვდომელია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ასეთ რამეებზე ფიქრით თავი არასდროს გამიცხელებია. ამას გარდა, ახლა სულ სხვა საფიქრალით ვარ შეპყრობილი...
ხმის ამოღებას როგორ გავბედავდი, თავი ჩავღუნე, ჩუმად ვასკდებოდი ჩემს გულს... ,,როგორმე გაუძელი~ კიდევ ერთხელ შევუძახე თავს. როცა იქნება, ეწევი საწადელს, თუმცა, გაძლებაც არის და გაძლებაც, ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა უკვე.
ყოველივეს აქვს დასასრული, ეს პატარა უსიამოვნებაც (მე ასე დავარქვი) დასრულდა; ცისარტყელას ნიღაბმა შეიმაღლა ხმა, ასე თქვა: მეც გამიჩნდა სათქმელი ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ. პირდაპირ მოთმინება არ მყოფნის სანამ გაგიზიარებთო.
ნიღბებმაც (კიდევ კარგი) ახლა უკვე მას მიაპყრეს თვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები