ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2016


S A U D A D E

* * *
მოუხდებოდა ამ ყველაფერს,
ცოტათი სევდა, ანდაც
სენტიმენტალური საუბრები
მეგობრების წრეში,
თუ როგორი კარგი იყო ყველაფერი,
როგორი სუფთა.
მაგრამ ამის შანსიც გავუშვით ხელიდან,
რადგან გვიან შევიტყვე,
რომ გარდაცვლილან ჩვენი გრძნობები.
გამომეპარა, ვერ შევამჩნიე როდის კვდებოდა.
ალბათ, როდესაც გეუბნებოდი,
როგორ მიყვარდი,
როგორი სასწაულია ერთად რომ ვართ და მისთანები..

სიმართლე რომ ვთქვა,
დამწყდა მხოლოდ იმაზე გული,
რომ ისე გვიან შევიტყვე,
საკადრისად ვერ დავიტირე.



* * *
ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო.
აი, როგორც იქნა, წლების შემდეგ,
შენ აქ ხარ.

ცხადად ვხედავ შენს ხელებს.
ხელებს, რომლებმაც
უკან მისაბრუნებელი ხიდები დაწვეს,
და გზად, ჩემამდე,
დიდგვაროვანთა ნასახლარებზე
კრეფდნენ ყვავილებს.

ახლა კი აქ ხარ და
ცხადია ისიც ხარ ზუსტად,
ვისთვისაც ვწერდი;
შენ აკლიხარ ჩემი ლექსების
ცარიელ ქუჩებს,
მოდი,
ამოხაპე სიცარიელე...

აღარაფერი შეიცვლება
ჩვენ უკვე აქ ვართ,
გზას ვადგავართ, მაგრამ არც ვიძვრით,
და თავს ვიტყუებთ, რომ
იმას ვგრძნობთ ახლაც,
როცა პირველად შეიმოსე
ფარდების იქით.

აი, როგორც იქნა,
შენ ახლა აქ ხარ.
მაგრამ გვინდა რომ
ჩვენს ყოფაში შეგვქონდეს ეჭვი,
რომ კვლავ ვიქცეთ ვერ მოსახელთებელ დროდ,
კვლავ ვიქცეთ სურვილად-

მოვდიოდეთ
და ვხაპავდეთ სიცარიელეს,

მოვდიოდეთ
და ვხაპავდეთ სიცარიელეს,
ოღონდ,
ბოლომდე არასდროს ვრჩებოდეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები