ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მაისი, 2016


როდემდე?...! ანუ ”გამოცხადებული დარბევის ქრონიკა”

        2011 წლის 25 მაისი, ღამის თერთმეტი საათი:
მირეკავს კარგა ხნის უნახავი მეგობარი, რა ხდება ახალი? შენები როგორ არიან? საით ხართო.... ისედაც ყველამ იცოდა, რომ სააღლუმედ მოსამზადებლად რუსთაველის პროსპექტს გაწმენდა ემუქრებოდა. ამ ზარამდე იმედი მქონდა, რომ შესაძლებელი იყო საზეიმო ღინისძიება სხვა ადგილას გადაეტანათ და ხალხი არ დაერბიათ. ახლა დავრწმუნდი, რომ ფუჭი იყო ამაზე ფიქრიც. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი მეგობარი სპეცრაზმელია.

        მერე რაც მოხდა, ისედაც ყველამ ვიცით. უფრო სწორად, ვიცით ის, რაზეც გვეუბნებიან, უნდა იცოდეთო. ან რისი ჩვენამდე მოტანაც მართლა ჟურნალისტებმა მოახერხეს კადრების სახით. ''მართლა ჟურნალისტები'' იმიტომ რომ, დღეს უმეტესობა შეურაცხყოფს ამ პროფესიას, მხოლოდ იმით, რომ ჟურნალისტის სტატუსი აქვთ.
(ერთი მათგანი, ახალგაზრდა გოგონა, შემდეგი შეკითხვით მიმართავს აქციაზე მყოფ მოხუც მამაკაცს:

- ეს ფეხსაცმელი მიტინგებზე საიარულსგან გაგიცვდათ?....

"მერე რა", თუკი, უბრალოდ, "დაინტერესდა".)

        არახალია, რომ ერთიანობის ნაკლებობა გვაქვს ქართველებს. არც აზრთასხავადასხვაობა უნდა იყოს გასაკვირი, რასაც საზოგადოებაში ადგილი აქვს. ვსხედვართ ახლა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებით ვიწონებთ ან ვკილავთ მორიგ დაცემას ერის ღირსებისა. ვიღაცა ამბობს, რომელიმე პარტიის აქტივისტების ან ცალკეული, თუნდაც უპარტიო და უპოვარი ადამიანების ჯგუფი ერი არ არის. სწორედაც რომ, ერი მთლიანი ორგანიზმია, მაგრამ ჩვენ ვართ ნაწილებად დაშლილი და იმაზეღა ვდაობთ, სხეულის რომელი ორგანო უფრო საჭიროა არსებობისთვის.

        ზოგსაც საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება პოლიტიკაში. თურმე, პოლიტიკა ყოფილა საკუთარი ქვეყნის მომავლისადმი ინტერესი თუ აღმოგაჩნდა. ისიც გაგვიგონია, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. აბა, რა რეჟისორის, მსახიობის, პოეტის, მომღერლის და ა.შ. საქმეა, ვინ მართავს ერს და ვინ კიდევ აპამპულავებს?! ყველამ თავისი საქმე აკეთოსო (!) კი ბატონო, თუკი პროფესიონალიზმის მაგალითს ზემოდან იღებ, აღარც გახდება საჭირო შენი ჩარევა. იმის შეხსენებაც არაა საჭირო, რომელ შემოქმედთა მართალ სიტყვაზე იდგა ჩვენი ერის სინდისის შენარჩუნების საკითხი არაერთხელ.
მითუმეტეს ახლა, როცა ყბადაღებულ თემად იქცა დემოკრატია. რატომ არ უნდა ''ერეოდეს'' ხელოვანი სახელმწიფო ვითარებაში. რატომაც არ უნდა ეწეოდეს თუნდაც სიტყვიერ ''კონტროლს'' წესისამებრ პრაგმატულად მოაზროვნე ხელისუფლების. ნუთუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენელი არ ერევა პოლიტიკაში,  ჯიბის გასუქების ხარჯზე რომ გუნდრუკს უკმევს საკუთარ მმართველებს...

      და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ათასგვარი პროფესიული ტიტულით შემკული ადამიანები ყოველდღიურად იწონებენ თავს ჟურნალებსა თუ ეკრანებზე, უნიჭობისა და გარყვნილების სადემონსტრაციოდ. როდესაც ''ხალხის ტელევიზიებად'' წოდებული არხები ჟურნალისტიკის ყოველგვარი ნორმების დარღვევას ემსახურებიან. ცალკე საკითხია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და იმის მიუხედავად, რომ ფასიანი რეკლამის გაშვების უფლებაც არ აქვს, ''ტელემარკეტადაა'' ქცეული.

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, თან იმის იმედად, რომ ამ თემებზე მკითხველიც ჩემზე არანაკლებად ფიქრობს, დავამატებ, რომ:

არის უფალი, რომელიც ყველაფერს ხედავს;
არის ისტორია, რომელიც ყველაფერს გადააფასებს;
ჯერ კიდევ -
არის აწმყო, თუმცა სულს ღაფავს.
და არის კითხვა: როდემდე?

პასუხი - არ არის?!

(ეს წერილიც ისე, ერთი ამოსუნთქვით და შეგრძნებით, რომ აკვარიუმში ვცხოვრობთ და დღითიდღე წყალს გვიშრობენ).

26 მაისი, 2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები