ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2016


გაქვავებული ისტორიები

მობრუნდი, სიტყვავ,
ნუ გამირბიხარ თოფნასროლი ნიამორივით,
გამაცოცხლებინე
გაქვავებული ისტორიები...

ხომ გახსოვს,
ჩემი კლასელი გოგო,
გოროზი მთების ამაყი მადონა,
შავ-ხალ-წარბა და წაბლისფერთმიანა,
პირველყოფილი
ტყიური ჭალების ვენერას რომ ვეძახდი,
კლასელ ბიჭებს რომ
სიყვარულზე მეტად გვიყვარდა,
მამამისმა კი,
ცოლმკვდარმა და პირქუშმა მამამ,
შებერებულ და ხელსარფიან კაცზე დანიშნა...
იმ შავ წელიწადს,
ბოლო ზარის რომ
წვიმიანი იყო წინადღე,
და დილით კრავებს მიდენიდა იალაღისკენ,
ტრიალ ჭალაში,
მეხმა მოკლა ბედდამეხილი.

დღეს იმ გოგონას დაბადების მდუმარე დღეა.
....
მობრუნდი, სიტყვავ,
ნუ გამირბიხარ თოფნასროლი ნიამორივით,
გამაცოცხლებინე
გაქვავებული ისტორიები...

შენ უსახელო
ცის პოეტიც გემახსოვრება,
არმიწიერი მიწიერად დაბადებული,
ყველაზე ბევრს რომ თხზავდა,
მაგრამ არაფერს წერდა.
ბავშვთა სახლიდან
დიდ პრიუტში გამოქცეულმა,
გამუზეუმებული სიყვარულის ნაპირებიდან,
ვერ მიაკვლია მესამე ნაპირს
და შარიანი მარტის ღამის გათენებისას,
ცხელ შუბლში ცივი ტყვია იგლიჯა.

დღს ამ პოეტის
თვითმკვლელობის მწუხარე დღეა.
....
მობრუნდი სიტყვავ,
ნუ გამირბიხარ თოფნასროლი ნიამორივით,
გამაცოცხლებინე
გაქვავებული ისტორიები..
.
„კალოპირაში,“
ჩემი სოფლის სასაფლაოზე,
ხანდაზმულთ შორის ბავშვი წევს ერთი,
დედმამის ერთა,
გაწყვეტილი ბიოგრაფიით,
რომელიც, (მახსოვს), ოცდაორ მაისს,
აკვანში ჭრელმა გველმა დაგესლა.

ამ ბავშვის დედა გაასვენა გუშინ სოფელმა.
....
მობრუნდი სიტყვავ,
ნუ გამირბიხარ თოფნასროლი ნიამორივით,
გამაცოცხლებინე
გაქვავებული ისტორიები...

ამ თეთრმა წყვილმა,
ეპოქა რომ წელში გატეხა,
ორივე ერთად კვირაძალზე რომ აღესრულა,
და დღეს საფლავში
გვერდი-გვერდ რომ განისვენებენ,
იცხოვრა ერთად 107 წელი.
გუშინწინ ამ წყვილს,
საიმსოფლადაც განუყოფელ წყვილს,
მათ მიერ შექმნილ საოჯახო იმპერიაში,
შემოემატათ ასმეშვიდე შთამომავალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები