ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2016


ბუმერანგი

    ისევ მოვხვდი (რა თქმა უნდა, შემთხვევით) ჩემთვის კარგად ნაცნობ ალაყაფის ჭიშკართან, სულ სხვა საქმეზე მივდიოდი და იქით მომიწია გავლა. ნაბიჯი არც კი შემინელებია, ისე ვკარი ხელი შავად ჩალუსკუმებულ ფრთას, ისიც გაიღო, რბილად, უხმაუროდ, როგორც ყოველთვის.
    ალმაცერად ვკიდე თვალი წამით გამომკრთალ სურათს. აბა, რა უნდა დამენახა იმ უსახური, უღიმღამო ეზოს გარდა, ასე უსაშველოდ რომ მომაბეზრა თავი. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ შემიღია ეს ჭიშკარი... ზღაპრულად ლამაზ წალკოტს ვეძებდი, რომლის ნახვასაც მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ ვეღირსე, მერე კი მორჩა, თვალიც ვეღარ მოვკარი. მის ნაცვლად ყოველთვის ხსენებულ ეზოში ვხვდებოდი, უშნოდ აჩხორილი აივნებით შემოსაზღვრულ, ყრუდ ჩაკეტილ სივრცეში... ეს ყველაფერი რაღაც საზიზღარ კოშმარს ჰგავდა, რომელსაც თავი ვერა და ვერ დავაღწიე.
    სხვათა შორის, იგივე დაემართა ოქროს მაძიებელსაც, რომელიც მე დავაკვალიანე.
იმანაც მხოლოდ ერთადერთხელ იხილა ზღაპრულად მშვენიერი წალკოტი, ისეირნა მის წიაღში, მერე კი თვალიც ვეღარ მოჰკრა მას. ყოველთვის ყრუდ ჩაკეტილ, უღიმღამო ეზოში ამოჰყო თავი ალაყაფის ჭიშკრის შეღებისას. ო, რა დღეში იყო! ადგილს ვეღარ პოულობდა, ცოფიანივით აწყდებოდა აქეთ-იქით თავისი ამბის მოყოლისას. ეს როგორ მოხდაო, როგორ დამემართაო, ოქროს ნიღაბს ვერ დავტყუე დიდი საიდუმლო, რომელსაც ასე დიდხანს და ასე მონდომებით ჩავუსაფრდიო. როგორც მისი არეულ-დარეული ლაპარაკიდან გავიგე, თურმე ოქროს ნიღაბი რაღაც დიდი საიდუმლოს გაზიარებას შეპირებია ოქროს შესახებ, ოღონდ ჯერ ნიღბებმა უნდა თქვან თავიანთი სათქმელი, ჩვენი თამაშის წესი ასეთიაო, უთქვამს ოქროს ნიღაბს. ოქროს მაძიებელიც დათანხმებია, აბა, სხვა რა გზა ჰქონდა... ნიღბები თავიანთ თამაშს თამაშობდნენ, ჭექა-ქუხილის ღმერთის გრგვინვა ჰაერს არყევდა... მერე კი თვითონვე დავიწყებია ოქროსმაძიებელს, თუ რას ჩაუსაფრდა და როგორ, აღარაფერი უკითხავს ოქროს ნიღბისთვის. სწორედ ეს ვერ ეპატიებინა საკუთარი თავისთვის.
  - არაფერს დაგიმალავო, მითხრა! - ბრდღვინავდა ოქროს მაძიებელი, - ხომ გესმის! ოქროს ნიღაბს აზრადაც არ მოსვლია უარის თქმა, როდესაც თავისი საიდუმლოს გაზიარება ვთხოვე. ისეთ რამეებს გეტყვი ოქროს შესახებ, სიზმრადაც რომ არავის მოლანდებიაო, შემპირდა... მერე კი მე თვითონვე გადამავიწყდა, აღარ შევახსენე. არადა, რამდენხანს ვუთვალთვალე... ჩაგიგდებ ხელში, აგალაპარაკებ! გულში სულ ასე ვექადნებოდი...
  ვცადე მენუგეშებინა ოქროს მაძიებელი, მეც შენსავით გაწბილებული დავრჩი-მეთქი, ვუთხარი. ვერც მე ვითამაშე ჩემი თამაში... თითქოს გავაგორე კამათელი, მაგრამ სანაცვლოდ არაფერი მიმიღია. ჩვენ, ორივემ, სხვა ვიღაცის თამაში ვითამაშეთ, ძალაუნებურად ასე გამოვიდა.
ამაოდ ვხარჯავდი სიტყუებს, ოქროსმაძიებელი უნუგეშებელი იყო. პირდაპირ ვერ გამიგია, რა დამემართა, რა ჯადომ შემკრაო, გაიძახოდა, ოქროს საიდუმლო რამ დამავიწყაო... საიდუმლო, რომელიც თავისით მივარდებოდა ხელში, მე კი, სულელმა, ხელი არც კი შევაგებე...
ამ სიტყვებთან ერთად ოქროსმაძიებელმა ხელი გამეტებით იტკიცა შუბლში. ხმა აღარ ამომიღია, რა აზრი ჰქონდა... შემდგომშიაც არაერთხელ მისაუბრია ოქროსმაძიებელთან და ყოველთვის წყობიდან გამოდიოდა, როდესაც საკუთარ უცნაურ გულმავიწყობაზე იწყებდა ლაპარაკს. მეც ჩემებურად ვეხმიანებოდი: რა იზამ, თამაში თამაშია, ხან ასეა, ხან ისე...
  ისიც გავიგე ოქროსმაძიებლისგან, თურმე მასაც მიუღია მონაწილეობა ნიღბების თამაშში, ჩემსავით დომინოს ნიღბით აჭურვილს. თვითონაც უთქვამს თავისი სათქმელი, რითაც ნიღბების მთელი მარაქა მოუხიბლავს, მაგრამ ახლა ამას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებდა. ყოველ შემთხვევაში, ოქროს ნიღბის საიდუმლოსთან შედარებით სახსენებელიც არ იყო, მისი აზრით, რასაკვირველია...
  - ოღონდ ისევ ჩამაგდებინა ხელში ოქროს ნიღაბი, მეტი არაფერი მინდა! წამი რაა, ერთი წამითაც არ მოვშორდები, სანამ ძირისძირობამდე არ გამოვკითხავ ყველაფერს, - იმუქრებოდა ოქროსმაძიებელი და თან გამეტებით კუმშავდა მუშტებს, თითქოს რაღაც უხილავს უბღაუჭებაო.
მეც, ჩემდათავად, მქისე კამათლის გადანატეხს მოვსინჯავდი ხოლმე ამ დროს ჯიბეში... განუყრელად თან ვატარებ ამ გადანატეხს. რა იცი, რა ხდება, იქნებ ოდესმე ვითამაშო ჩემი თამაში.
  ასე გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ საყოველშემთხვეოდ კიდევ ერთხელ ვუბიძგე შავად მოზიმზიმე ალაყაფის ჭიშკარს, (ჩვენი მოთხრობის დასაწყისს ვუბრუნდები). ვფიქრობდი, ალბათ ახლაც კოშმარული სურათის მოწმე გავხდები-მეთქი, ერთს შევავლებ თვალს და ჩემს გზას ვეწევი...
  თუმცა ამჯერად ასე არ მომხდარა, ყრუდ ჩაკეტილი უღიმღამო ეზო აღარ დამინახავს. შეღებული ჭიშკრიდან რაღაც გამოკრთა, სრულიად განსხვავებული მომაკვდინებლად მომაბეზრებელი სანახაობისგან.
მაშინვე შევჩერდი, ფეხებზე დავიკიდე ის საქმე, რაზეც მიმეჩქარებოდა. უკანმოუხედავად გავსხლტი იმ ჭიშკარში... გავსხლტი იმ სისწრაფით, რის საშუალებასაც საკუთარი ფიზიკური მონაცემები მაძლევდნენ. მგონი მეღირსა, თავი დავაღწიე იმ საზიზღარ, ყრუდ ჩაკეტილ უღიმღამო სივრცეს...
რამდენიმე ნაბიჯი (ასე, ოციოდე) სირბილით გავიარე, თითქოს მეშინოდა, ისევ იმ კოშმარული სანახაობის პირისპირ არ დავრჩენილიყავი, თავი ასე უსაშველოდ რომ მომაბეზრა. მხოლოდ ამ პატარა გარბენის შემდეგ გავბედე გაჩერება, როცა გული დავიარხეინე, ნაღდად ჭიშკრის გადმოღმა ვრ-მეთქი.
სული მოვითქვი, თვალი შევავლე იქაურობას და...
  - ეს სად მოვხვდი? - უნებურად ხმამაღლა ვიკითხე...
  გაოგნებული ვიყავი. მეტისმეტად მეუცხოვა სანახაობა, თვალწინ რომ გადამეშალა. ვეღარ ვიცანი წალკოტი, ზღაპრულად მშვენიერი და სანატრელი. ჰო, თითქოს ისევ ის იყო, რაღაც რაღაცეები ნამდვილად მენიშნა, როცა რეტდასხმულივით ვტრიალებდი ადგილზე და იქაურობას ვათვალიერებდი, მაგრამ, ღმერთო, როგორ შეცვლილიყო, როგორ გასაცოდავებულიყო ყველაფერი! ჯერ არასდროს მენახა დაქცევის და გაპარტახების ასეთი ცხადი სურათი...
  აჰა, აგერ, იმ ფანჩატურის ნამუსრევი, რომლის ჩრდილშიაც განცხრომით ვისვენებდი. რა თვალწარმტაცი რამ იყო; მოქნილი ნედლი რტოები მჭიდროდ ექსოვებოდნენ ერთმანეთს, უმშვენიერეს მწვანე გუმბათს ქმნიდნენ. თანაც რა ლამაზად ყვავილობდა... მზისგან გვიფარავდნენ ის ყვავილები, თან მზეს ეტოქებოდნენ სილამაზით.
ახლა კი უშნოდ ჩამოწეწილან გამხმარ-გასაცოდავებული რტოები, ერთმანეთში უაზროდ გადახლართულნი. ზოგი მათგანი ძირს გართხმულა, სანახევროდ ნაგავში ჩაფლული. აღარც საკუთარ თავს არგია რაიმეში და აღარც სხვას.
  ავსულთა ხროვას დამგვანებია ბუჩქნართა წყება, ერთ დროს საგანგებოდ შეკრეჭილ-გამოკოხტავებული, მსუყე სიმწვანით მოღაღანე. ისე უშნოდ აქოჩრილან, თითქოს ცდილობენ, კიდევ უფრო უსახურნი გამოჩნდნენო... ამას გარდა, იმდენი ნაგავი და ნამუსრევი აქვთ გვერდებზე აკრული, ისღა დაგრჩენია, ზიზიღით აარიდო თვალი.
ვერც ტანმაღალი ხეები გადარჩენია ამ საყოველთაო ხრწნასა და გაპარტახებას. მათი დანახვისას უნებურად სახრჩობელა გაგონდება, ისე უშნოდ და საზიზღრად აჩხორილან. ჩამომტვრეულ ტოტებზე ძონძებივით ჰკიდია გამხმარ-განაცრისფერებული ფოთლები. რაღაც გაურკვეველი ნაგლეჯები კონწიალობენ ფოთლებთან ერთად, თითქოს გახრწნილ გვამს სუდარის ნაფლეთები შერჩენიაო.
უკვალოდ აღგვილა მწვანედ მობიბინე მდელო. ნასახიც არ ჩანს იმ ხავერდოვანი სიმწვანისა, ასე საამურად რომ მეგებოდა ფეხქვეშ. ერთი მწვანე ბალაღის ღერო რაა, ისიც კი არ ბოგინობს სადმე... რაღაც მეტად უსამოვნო ნამუსრევებზე და ბინძურ ნაყარ-ნუყარზე მივაბიჯებ. ვცდილობ, ნაგვის გროვებს ავუქციო გვერდი.
რაც შეეხება ყვავილებს, იმათ აღარც კი დავეძებ... იმ ყვავილებზე ვამბობ, განებივრებულ ჩვილებს რომ მაგონებდნენ, იმზომამდე იყვნენ მოვლილ-გასათუთებულნი. მათი ადგილი აქ ნაღდად აღარ იყო.
  ბოლოს აუზსაც მივადექი... უფრო სწორედ მის საცოდავ ნამუსრევს. მკითხველს ალბათ ემახსოვრება, თუ რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ საოცარმა ქმნილებამ, რომლისთვისაც აუზის მოყვანილობა მიეცათ; უცხოდ ნაქანდაკარი კოლონადები მიჯრით მიჰყვებოდნენ ერთმანეთს. ყველა მათგანი უთვალავი ძერწილი სახეებით და ფანტასტიკური ფიგურებით იყო დახუნძლული. შეუძლებელ საქმედ მომეჩვენა მათი აღწერა, ამ როლს მოკრძალებით დავუთმობდი რომელიმე მხატვარ-დიზაინერს, თუ ვინმე ასეთი შემოაღწევდა ამ წალკოტის წიაღში, იქნებ როგორმე გაერთვა თავი ამ საქმისთვის.
მაშინაც აუზში წყალი იდგა, ოღონდ ცრემლივით გამჭვირვალე. ყოველივე ორმაგ სახეს იღებდა, რაც იმ წყალში ჩაიხედავდა. ვერ გაიგებდი, სად იყო ნაღდი და სად მოჩვენებითი.
  ახლა კი, აჰა, ნახეთ; ნამტვრევების უსახო გროვად ქცეულან ნაქანდაკარი კოლონადები, ათასნაირ ნაგავში და ნაყარ-ნუყარში ათქვეფილან. ზოგიერთ ნამტვრევს შერჩენია ძერწილი სახის რაღაც ფრაგმენტი, წამიერად რომ გამოკრთება ნაგვის გროვიდან. ესაა სულ, რაც მის გარდასულ მშვენიერებას გაგახსენებს. უბინძურეს წუმპედ ქცეულა ერთ დროს ცრემლივით მჭირვალე წყალი, მასში უკვე აღარაფერი აირეკლება... არცაა საჭირო, რა უნდა აირეკლოს, მხოლოდ ხრწნა და გადაგვარება.
ერთი სიტყვით, მთლად დაქცეულიყო წალკოტი, სიზმარივით მშვენიერი და სანატრელი, საკუთარი თავის საცოდავ ნამუსრევადღა ქცეულიყო... წალკოტი, რომლის წიაღშიც ყოველივე ერთხმად ღაღადებდა, თვით ძლევამოსილებაა ჩემი შემოქმედი და მფარველიო.
ნიღბებიც რომ აღარსად ჩანდნენ... ერთიც ვერ დავლანდე, თუმცა კი ბევრი ვაცეცე თვალები. იქნებ რაიმე ეთქვათ, რითიმე აეხსნათ ამ უსაშველო ნგრევა-გაპარტახების მიზეზი.
- რამ გადაუარა აქაურობას? - ისევ საკუთარ თავს ვკითხე სრულიად დაბნეულმა, - რატომაა ყოველივე ამ ზომამდე გასაცოდავებულ-გაპარტახებული? ასეთი რა ძალა და მრისხანება დაატყდა თავს...
ჰაერში გამოეკიდნენ ჩემი სიტყვები, არავინ გამომეხმაურა. სრული მდუმარება სუფევდა ირგვლივ, მდუმარება და გაქვავება. არავინ ჭაჭანებდა სულიერთაგან, არც არაფერი იძროდა, როგორც ფოტოსურათზეა ხოლმე. ყოველივე ერთ წერტილში გაყინულიყო.
ამან ჩემზე უცნაურად იმოქმედა. ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს მართლა ფოტოსურათს შევყურებდი, რომელზედაც რაღაც უსახური ხედი აღბეჭდილა ერთხელ და სამუდამოდ...
უფრო მეტიც: მეჩვენებოდა, თითქოს თვითონაც გადავაბიჯე იმ უსახური ხედისკენ, მეც თითქოს რაღაც ადგილი მეჭირა იმ ფოტოსურათში, მის რომელიღაც წერტილზე ვიყავი მიჯაჭვული, ერთხელ და სამუდამოდ.
  ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნოდ დამრჩენოდა ეს განცდა. როგორ არ ჰგავდა ეს ყოველივე იმ ზღაპრულ წალკოტს, სადაც სივრცეები გამუდმებით ცვლიდნენ ერთმანეთს, და ეს ცვალებადობა მუდამ მშვენიერებასთან იყო წილნაყარი.
კარგად მახსოვს, ყველაზე მეტად სწორედ ამ საოცარმა სივრცეთა ცვალებადობამ მომხიბლა.
ახლა კი პირიქით, არსად არაფერი იცვლება, საითაც არ უნდა გაიხედო.
თითქოს ცხადად ვხედავდე; ვიღაცის ძლევამოსილმა მარჯვენამ ეტრატივით დაგრაგნა ცვალებად სივრცეთა სიმრავლე. შედეგად ეს მკვდარი, გაქვავებული ხედი დარჩა, უსახური და არაფრისმთქმელი.
  მგონი მართლა გაქვავდა ყველაფერი, ოდნავ მოძრაობასაც კი ვერ აღიქვამს თვალი...  ხმელი ფოთოლი მაინც ჩამოვარდეს ხიდან, ბუზმა გაიფრინოს, ან ჩიტმა, ობობას აბლაბუდა მაინც შეირხეს.
  მსგავსიც არაფერი ხდება. არაფერი იძვრის, არაფერი სუნთქავს, ცოტაც და... ალბათ მე თვითონაც შემეკვრება სუნთქვა...
აჯობებს თავს ვუშველო, ვიდრე მართლა შემეკვრებოდეს სუნთქვა, ვთქვი ჩემთვის გულში. ხმის ამოღება ვერ გავბედე, თითქოსდა მეშინოდა, ბგერებიც არ გაქვავებულიყვნენ.
  იმავე წამს რაღაც მოძრაობა დავლანდე ჩემგან მოშორებით, თითქოსდა ობობას აბლაბუდა შეირხაო.
  ხომ წარმოგიდგენიათ, თვალებით როგორ ჩავაფრინდებოდი ამ ოდნავ შესამჩნევ მოძრაობას... ისევ შეირხა რაღაც, ოდნავ, სულ ოდნავ... და უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთი დავინახე, პირდაპირ ჩემსკენ მოეპყრო მრისხანე, შთამაგონებელი მზერა.
მაშინვე მისკენ გავიქეცი, ნაგვის გროვებზე და ნამტვრევებზე ხტუნვა-ხტუნვით. როგორც იქნა, მეღირსა, ხმის გამცემი გამოჩნდა ამ მდუმარე გაპარტახების წიაღში. თანაც როგორი; მისი ხმა რომ ჭექა-ქუხილივით არყევს ცას და მიწას.
მივირბინე, ვნახე; ნამდვილად ჭექა-ქუხილის ღმერთია... უფრო სწორად, მისი ნიღაბი. მოქნილი თასმებით ეკიდა უშნოდ გაბურძგნული, ჭუჭყიანი ბუჩქის ტოტზე. ჩანს, თასმა დაცურდა. ალბათ სწორედ ეს მომხვდა თვალში, რაღაც მოძრაობა რომ შევნიშნე.
უნდა ითქვას, რომ ნიღაბი მშვენივრად გამოიყურებოდა. ახლაც იმავე პეწით და ლაზათით ბრწყინავდა, სულ პირველად რომ მომხიბლა. თან სისუფთავით კრიალებდა, ოდნავადაც არ გაკარებოდა იმ სიბინძურის ნასახიც კი, აქაურობა რომ აევსო. როგორ გამოირჩეოდა იმ უსახურ ფონზე... თითქოს სხვა სამყაროს ნაწილი იყო, შემთხვევით უცხო გარემოში მოხვედრილი.
  მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, რა სანდომიანი და შთამბეჭდავიც არ უნდა ყოფილიყო, ნიღაბს ვერ დაველაპარაკებოდი. ვერც მე შევჩივლებდი ჩემს სატკივარს, ვერც ის მეტყოდა რამეს.
  - ღმერთს მიუტოვებია აქაურობა, - ვთქვი ხმამაღლა. ძალიან მენატრებოდა, ბოლოს და ბოლოს, რაიმე მეთქვა. თან ჩემთვის გავიფიქრე, რომ ეს ფრაზა ზუსტად თავის შესაფერ ადგილას სუფევდა. მართლაც კარგად მოერგო შექმნილ მდგომარეობას.
უცბად ნამწვის სუნი ვიგრძენი. მაშინვე თვალი ვჭყიტე, ჰაერში აცურებული მკრთალი კვამლის ბოლქვებიც დავინახე. ყოველივე ამას ჩემს ფიქრებს ახალი მიმართულება მისცა: სადაც კვამლია, იქ ცეცხლიც იქნება, ვმსჯელობდი მე. ცეცხლი ვიღაცამ უნდა დაანთოს. როგორმე უნდა ვიპოვო ის უცნობი მეცეცხლური, იქნებ რაიმე ეთქვა ამ საოცარი ამბების შესახებ, რისი მოწმეც უნებურად გავხდი.
  ნიღაბი ავხსენი ბუჩქის ტოტიდან, მკლავზე გადავიკიდე და ერთად გავწიეთ უცნობი მეცეცხლურის საძენად. მიმართულების არჩევა არ გამძნელებია, ცხადად ჩანდა, თუ საიდან მოიზლაზნებოდნენ კვამლის ბოლქვები.
  მივდიოდი, უფრო სწორად, მივბორძიკობდი ნაგვის გროვებზე და ათასნაირ ნაყარ-ნუყარზე. ერთმანეთში გადახლართული ეკალ-ბარდებშიაც არაერთხელ მომიხდა გზის გაკვლევა. ჭექა-ქუხილის ღმერთის ნიღაბი დინჯად კონწიალობდა ჩემს მკლავზე, ვფიქრობ, არც ამ შეუფერებელ მდგომარეობაშიც კარგავდა თავის ნაქებ შთამბეჭდაობას. კვამლის ბოლქვებიც სულ უფრო და უფრო სქელდებოდნენ. ბოლოს კი ისე შესქელდნენ, თვალით თითქმის აღარაფერი ჩანდა.
  დაბრკოლებები ისედაც არ მაკლდა, ახლა კიდევ კვამლის ფარდაც დაემატა, რომელმაც ყველაფერი დაბურა ჩემს ირგვლივ. გზის გაკვლევას ძლივსღა ვახერხებდი, მეტად გაძნელდა იმის დადგენა, თუ საიდან მოიგრაგნებოდნენ კვამლის ბოლქვები. ხანდახან თითქოს ნიადაგი მეცლებოდა ფეხქვეშ, ძლივსღა ვახერხებდი წონასწორობის აღდგენას. მხუთრის სუნმა ხომ ლამის გონება დამიბინდა... ალბათ რაღაც სინთეზური მასალა იწვოდა, რითაც უხვად გვამარაგებს უმაღლესი ტექნოლოგიების ხანა.
  ვერ გეტყვით, რამდენ ხანს ვიბორძიკე ამ ყოფაში, დროის შეგრძნება როგორღაც დავკარგე. ქანქარასავით აქეთ-იქით ეხეთქებოდა ჭექა-ქუხილის ღმერთის ნიღაბი, ჩემს მკლავზე მოკონწიალე. არ ვიცი, რამდენად შთამბეჭდავი სანახავი იქნებოდა იგი ამ დროს.
ერთგან ქვის ყორეზე მომიწია გადაფოფხება. სხვა გზა არ იყო, კვამლის ბოლქვებმა სწორედ იქითკენ მიმითითეს.
  მალე შევამჩნიე, სავალი გზა მოსწორდა ჩემს ფეხქვეშ, ნაგვის გროვებზე აღარ მიწევდა ხტუნვა და ბორძიკი. აღარც ჭექაქუხილის ღმერთის ნიღაბი ეხეთქებოდა ქანქარასავით აქეთ-იქით, ღირსეული სახით ეკიდა თასმებზე.
რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადავდგი და... ისიც დავინახე.
არა, ღმერთი არ დამინახავს, ვიღაც შუახნის კაცი დავინახე, აბურბურებულ ცეცხლს უკეთებდა... ალბათ ეს უნდა ყოფილიყო მეცეცხლური, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ვეძებდი. მებაღეს ჰგავდა, ფოცხით გახლდათ აღჭურვილი. ხმელი ფოთლები და ათასნაირი ნაყარნუყარი მოექუჩებინა. სწორედ ეს მომცრო გორაკი იწვოდა მხრჩოლავი კვამლით.
  - კაცმა არ იცის რა ნაგავს აღარ ყრიან, - გავიგონე მებაღის უკმაყოფილო ხმა, - ნეტავი რა იყო ასეთი, ლამის დამახრჩოს.
  ჩანს, მებაღეს საკუთარ თავთან უყვარდა საუბარი, რომლის მოწმეც უნებლიედ გავხდი. ნაგვის ახალი ბღუჯა ჩემს თვალწინ მიახვეტა აბურბურებულ ცეცხლს. შემოტრიალდა, რათა კვლავ მოესვა ფოცხი მიწაზე. ამ დროს მეც დამინახა. მაშინვე წელში გაიმართა, სიხარულით გაბრწყინებული სახე მომაპყრო.
- როგორც იქნა, გამოჩნდი! - მითხრა მებაღემ სიხარულით აჟღერებული ხმით. ფოცხი გვერდზე მიაგდო, ჩემსკენ გამოეშურა. მე დარჭობილივით ვიდექი, სახტად დარჩენილი, მებაღის მხიარულების მიზეზი ვერ გამეგო.
  - ეს სად იყო? - მკითხა მებაღემ.
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამაბნია, მაგრამ უცბად შევნიშნე, რომ მებაღეს მზერა ჭექა-ქუხილის ღმერთის ნიღბისთვის მიეპყრო, მკლავზე რომ მქონდა ჩამოკონწიალებული.
  - ამაზე ამბობთ? - ვკითხე მებაღეს და ნიღაბი მაღლა ავწიე.
  - ჰო, ჰო, სწორედ მაგაზე. რამდენი ხანია ვეძებ, ვერა და ვერ ვიპოვე, არსად ჩანდა.
აი, თურმე ვის ეკუთვნის მებაღის სიხარული!
  - ბუჩქის ტოტზე ეკიდა, - ვთქვი და მებაღეს ნიღაბი გავუწოდე. მაშინვე გამომართვა, გაბრწყინებული თვალებით დააცქერდა.
- იმედი აღარც კი მქონდა, თუ ისევ ვნახავდი. აჰა, აგერ, საკუთარი ფეხით არ მობრძანდა?!
მებაღეს ორივე ხელით მოწიწებით ეპყრა ნიღაბი, თვალს ვეღარ აშორებდა. მშვენივრადაა შენახულიო, ჩაილაპარაკა.
მე უხმოდ შევყურებდი, თავში ათასი აზრი ერთად მიტრიალებდა. გუმანმა მაშინვე მიკარნახა, რომ ეს უბრალო ადამიანი რაღაცით მეტად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემთვის.
რა კარგია, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთის ნიღაბი არ დავტოვე ბუჩქის ტოტზე და თან წამოვიღე... აყვავებულ წალკოტში ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო ჩემი მასპინძელი, აქაც მისი ნიღაბი მიმიძღვის წინ. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც მასპინძლის როლს ასრულებს, ნებით თუ უნებლიედ. ვფიქრობ, ჭექა-ქუხილის ღმერთიც შემაწევს თავის მრისხანე ხმას, დამეხმარება ამ უცნაური რებუსების ამოხსნაში, შუბლით რომ ვეჯახები ლამის ყოველ ნაბიჯზე. ოღონდ არც მე უნდა ჩამომეძინოს, რაღაცრაღაცეები თვითონაც უნდა გავაკვლიო...
ჭექა-ქუხილის ღმერთის ნიღაბი იდუმალი ძაფის წვერივითაა, რომელიღაც ბილიკზე უნდა გამიყვანოს, სწორედ ამას უნდა ჩავუსაფრდე...
- ეს ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც კი მისი ხელიდან გამოსულა, - ჩამესმა ფიქრებში გართულს მებაღის ხმა.
აჰა, მებაღემ ძაფის წვერი გადმომიგდო.
  - ალბათ, იმის შესახებ ამბობთ, ვინც ეს ნიღაბი გააკეთა, არა? - ვკითხე მებაღეს, - მართლაც მშვენიერი რამაა...
  - სწორედ იმაზე, - ხალისით გამომეხმაურა მებაღე, - ძალიან ნიჭიერი იყო. მთელს კლინიკაში ვერავის ნახავდით მის ბადალს.
  კლინიკაშიო?
  კინაღამ ხმამაღლა ვთქვი ეს სიტყვა, მაგრამ დროზე ვიკბინე ენაზე. უფრო მეტი ყურადღებით მოვათვალიერე იქაურობა, საამდროდ კვამლიც შეთხელდა... თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, უსახური მაღალი შენობები დავინახე, ფანჯრებზე გისოსებით. ავადმყოფების პატარა ჯგუფიც გამოჩნდა, რომელსაც თეთრხალათიანი სანიტარი მიაცილებდა.
თურმე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოში მოვხვედრილვარ.
გაბრუებულივით ვიდექი. ამ ახალმა აღმოჩენამ მართლაც ძალიან დამაბნია. სად ვიყავი და სად ვარ, ვფიქრობდი გუნებაში.
ისევ ჩამესმა მებაღის ხმა.
  - მეტად მადლიერი ვარ თქვენი. ეს ნიღაბი ძალიან აკლდა ჩემს კოლექციას.
შევხედე, მებაღე თვალს ვერა და ვერ აშორებდა ნიღაბს. ისეთ ადამიანს ჰგავდა, საკუთარ ბედნიერებას რომ ვერ იჯერებს.
  წამში გამოვფხიზლდი; ფიქრებს ნუ გამოეკიდები, მოქმედებაა საჭირო. ვერცერთი ღმერთი ვერ გიშველის, თვითონვე თუ არ დაეხმარე საკუთარ თავს. როგორც ჩანს, მებაღე დიდად მადლიერია ჩემი. სანაქებო განცდაა... ალბათ სასარგებლოც იქნება ჩემთვის... რატომაც არა? მე ხომ ასეთი დიდი სიხარული ვაჩუქე მებაღეს. რა სჯობია, როცა დაკარგულს ისევ იპოვი. მითუმეტეს, როცა იგი ასე ძვირფასია შენთვის. არ მენანება მებაღისთვის ეს დიდი სიხარული, ოღონდ უფლებას ვიტოვებ, საკუთარი მოსაზრებები მქონდეს, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი.
- ერთი ჩემი ნაცნობის სანახავად მოვედი, - ვეუბნები მებაღეს, რაც ენაზე მომადგა, - ჯერ-ჯერობით ნებას არ მაძლევენ, რაღაც პროცედურების ჩატარება სჭირდება. არ მიყვარს ლოდინი, მყუდრო ადგილი გეცოდინება სადმე ახლომახლო... დროც მალე გავა და ერთმანეთსაც გავიცნობთ.
მებაღემ თვალი მოსწყვიტა ნიღაბს (როგორც იქნა), ყურადღებით შემომხედა. ერთი წამით დამაკვირდა, ალბათ თავის მრავალწლოვან გამოცდილებას მოუხმო, გუნებაში სწონიდა, ვინ ვიყავი სინამდვილეში და რას ვაპირებდი. ჩანს, მიხვდა, ისეთი არაფერი მედო გულში, მისთვის საზიანო რომ ყოფილიყო. (მართლაც)! თავი დამიქნია, ახლავე ყველაფერი იქნებაო და სადღაც გაქრა თავის ნიღბიანად.
სულ მალე მობრუნდა, რაღაც პაკეტიც აეკიდა ნიღბის გარდა, ხელი მკლავში გამომდო და წამიყვანა.
  ერთი სიტყვით, ჩავუჯექით მე და მებაღე პატარა სუფრას, მის პატარა ბუდრუგანაში. მადლიერების გრძნობას ნამდვილად არ უღალატია მებაღისთვის, მშვენიერი ღვინო გამომიტანა. იქვე ჰქონდა მოყუჩებული. მე ვიცი, ეს საიდან უნდა გამოვძებნოო, თვალი ჩამიკრა, როდესაც ღვინო მოვუწონე...
  პური გავტეხეთ, ჭიქა ავწიეთ... გარემოც სასიამოვნო იყო, მყუდრო, სუფთა. მებაღე მზრუნველად ეპყრობოდა თავის ბუდრუგანას. თავიდანვე მომხვდა თვალში: ბუდრუგანის ერთ-ერთ კედელს მთლიანად ფარავდა სქელი, გაუმჭვირვალე ფარდა.
ენაწყლიანი კაცი გამოდგა მებაღე, ღვინომაც თავისი ჰქნა. აჭიკჭიკდა, მაგრამ რა აჭიკჭიკდა, ყველაფერი ხელის გულზე გადამიშალა. სმაშიაც ზომიერი იყო. რაც მე შემეხება, ყურადღება მეტისმეტად მქონდა გაფაციცებული საიმისოდ, თრობას რომ გამოვკიდებოდი.
  ისიც შევამჩნიე, მსმენელს მონატრებული უნდა ყოფილიყო ჩემი თანამეინახე. ისეთ თემებზე უყვარდა ლაპარაკი, რომელთა მოსასმენადაც დიდად არავინ იწუხებდა თავს. იძულებული იყო საკუთარ თავთან ესაუბრა ხანდახან. ეს გარემოებაც ძალიან დამეხმარა.
მხოლოდ სამი ჭიქის მერე ჩამოვაგდე სიტყვა ჩემთვის სასურველ თემაზე.
- მეც ვხატავდი ბავშვობისას, - წამოვიწყე, შორიდან მოვლა ვამჯობინე, - ხომ იცი, ბავშვობაში ყველას უჩნდება ხატვის სურვილი (მებაღემ თავი დამიქნია). მეუბნებოდნენ, ნიჭი გაქვსო. ერთხანს მოზრდილობაში გამომყვა (ხატვის სურვილზე გეუბნები). ყველაფერს ვხატავდი, რასაც კი თვალი მისწვდებოდა, გარჩევა არ იყო. ბოლოს შევეშვი. ჩანს, არ იყო ჩემი საქმე.
- ასე გამოდის, - დამეთანხმა მებაღე.
- ერთი პერიოდი ქანდაკებასაც შევეთამაშე. ქანდაკება, ხომ იცი, ახლოსაა ნიღაბთან. აი, ეს ნიღაბი (ჭექა-ქუხილის ღმერთის ნიღაბზე მივუთითე), მართლაც ნამდვილი შედევრია. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორც კი თვალი მოვკარი. ასე მეგონა, თითქოს მართლა ღმერთი გამომეცხადა. ვფიქრობდი, ცოტაც, და ჭექა-ქუხილივით დაიგრგვინებს-მეთქი.  მეტად ნიჭიერია ამისი შემქმნელი.
  - ნიჭიერია და თანაც როგორი! - ცოცხლად გამომეხმაურა მებაღე, - ოღონდ მოენდომებინა, ქვასაც კი სულს ჩაუდგამდა. ნამდვილ სასწაულს შექმნიდა სრულიად არაფრისგან.
  - ნიღბები, ალბათ სხვებიც ექნება, - ფრთხილად ჩავაკერე სიტყვა.
მებაღეს პასუხი არ გაუცია. წამოდგა, კედელზე ჩამოფარებული სქელი ფარდის კიდე გადასწია.
  ...ჰო, ყველანი აქ იყვნენ, მხიარულად მომღიმარე მზის ნიღბით დაწყებული, რომელსაც ორსახა ნიღაბი მოსდევდა. ამ უკანასკნელს ცისარტყელა უმშვენებდა მხარს. შემდეგ, მგალობელი ფრინველი, წინწკლებიანი პეპელა ჰალსტუხით... იქვე ოქროს ნიღაბი ბრწყინავდა მთელი თავისი დიდებულებით... რაღა თქმა უნდა, დომინოს ნიღაბიც აქ იყო. უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო მისი დანახვისას. ასე მეგონა, თითქოს საკუთარ თავს შევხვდი. ერთი, მხოლოდ ჭექა-ქუხილის ღმერთი აკლდა ნიღაბთა მთელ მარაქას, და ისიც ჩემს თვალწინ მიაკიდა კედელზე მებაღემ, სწორედ დომინოს ნიღბის გვერდით. ასე რომ, ჩემთვის ნაცნობი რიგითობა არ დარღვეულა.
  - შვიდნი არიან, - აღნიშნა მებაღემ კმაყოფილებით და სუფრას ისევ მიუჯდა, - მხოლოდ ესენი დარჩნენ.
- სხვებიც იყვნენ?
- რამდენიც გინდა... ბევრნი იყვნენ, ყველა გაიყიდა, ამათ გარდა, - თავი ნიღბებისკენ გადაიქნია მებაღემ - არადა, მეტად უცნაურია, ისინი ამ ნიღბებზე უკეთესები არაფრით ყოფილან. პირიქით, ესენი სჯობდნენ, მაგრამ მაინც იმათ გამოუჩნდათ მუშტარი, ამათ კი არა.
- ისევ შექმნის ნიღბებს ის მხატვარი, - ვთქვი მე - შეავსებს, თუ რაიმე დააკლდა სათვალავში. ნიჭიერ კაცს, აბა, ისე რა გააჩერებს.
- მაგის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, თუ მოეხასიათა, გააკეთებს ახალ ნიღბებს. თუ არა და ვერ აიძულებ. მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავში მოუვა, სხვისი არაფერი ესმის.
- ჭეშმარიტი შემოქმედი მუდამ ასეთია...
- მართალი ხარ, მაგრამ რაღაც ზომა-წონა უნდა იყოს დაცული. ხანდახან შენიც უნდა გაიგონოს, მეტისმეტი არაფერი ვარგა.
- სცადე, იქნებ მოგისმინოს.
- მეტი არ შეგჭამოს ჭირმა. თითქოს გისმენს, ყველაფერი ესმის, რასაც ეუბნები, საქმით კი სულ სხვას აკეთებს. ბევრმა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, - ამ სიტყვებთან ერთად თავი ენერგიულად გაიქნია მებაღემ, თეთრი ბარაქიანი თმა ნისლივით წამოეშალა. ჩემი მასპინძელი იმ ბედნიერთა რიცხვს ეკუთვნოდა, თმებს რომ ინარჩუნებენ ღრმა სიბერემდე. გათეთრებით კი მთლად გათეთრებულიყო, თმა ხშირად წამოეშლებოდა ხოლმე და ხელის ჩვეული მოძრაობით ისწორებდა.
საერთოდ, სასიამოვნო შესახედაობის გახლდათ; მზემოკიდებული, პირხმელი. აგებულებითაც თხელი ტანისა იყო, მისი  დაძარღვული ხელები შრომის კვალს ამჟღავნებდნენ. რა მყუდროდ შეყუჟულიყო თავის მოციქნულ ბუდრუგანაში... მეც ერთგვარად მყუდროება მომეფინა. ალბათ ამის ბრალიც იყო, იმდენხანს რომ შევრჩი იქ...
მოულოდნელად მებაღე წამოდგა, ფარდა ბოლომდე გადასწია. თურმე რამდენი რამ ყოფილა ამ ფარდის მიღმა, ათასნაერი ნაკეთობა თუ ხარახურა. ზოგი თაროზე იდო, ზოგიც კედელზე ეკიდა ნიღბებივით.
- აქ მარტო მხატვრები კი არა მყავს, - დიდის ამბით მაცნობა თვალგაბრწყინებულმა მებაღემ, ამ ბრწყინვაში უკვე სასმელსაც მიუძღოდა წვლილი, - სხვებიც არიან, ხელოსნები, მუსიკოსები, პოეტები... გაგიკვირდება პირდაპირ, ისეთ უცნაურ უნარს ავლენენ ხოლმე ხანდახან, ჩვენგან განსხვავებულად ხედავენ რაღაცას. გეგონება უცხო ცთომილის შუქმა გამოანათაო. მაგრამ, რად გინდა, ვერაფერში იყენებენ განგების იშვიათ საჩუქარს, გინდა ჰქონიათ, გინდა არა. აგერ, ნახე, ვინც ეს გააკეთა...
შევხედე, თავბრუ დამეხვა; მებაღეს ხელის გულზე კამათლის ნატეხი ედო... მქისე, კორძებიანი კამათლის ნატეხი. ძალიან ჰგავდა იმ მქისე კამათელს, მე თვითონვე რომ გამოვაჩარხვინე უცნობ ხელოსანს.
  ხელი ჯიბეში ჩავიყავი, ჩემი კამათლის ნატეხი თავის ადგილას იდო.
- იცი, რა მოთამაშე იყო? - ჩემესმა მებაღის ხმა, - იცი, როგორ აგორებდა კამათელს? ამის აღწერა სრულიად შეუძლებელია; ყოველთვის იმ ნიშანზე სვამდა, რომელსაც მოიგუნებებდა. არც ერთხელ არ შემცდარა, გესმის? არცერთხელ... ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ, ასეა ნამდვილად, ყოველთვის სასურველ ნიშანზე სვამდა.
მებაღეს კამათლის ნატეხი გამოვართვი, ყურადღებით დავაკვირდი. მგონი სწორედ ის უნდა იყოს, ჩემი კამათლის გადანატეხი. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ჰგავს.
- ამასაც ვითომ კამათელი ჰქვია, - ვთქვი ყასიდად. სულწასული ველოდი, რას მეტყოდა მებაღე.
  - ეს საგანგებოდ გამოაჩარხვინეს ხელოსანს, იქნებ აქ მაინც შეეშალოს რამეო, ვერ დასვას სასურველი ნიშანიო. სულ ტყუილად გაისარჯნენ, ამ მქისე კამათლითაც უნაკლოდ სვამდა ნიშანს. ზუსტად ისე, როგორც უნდოდა. გალაქულ კამათლებზე ნუღარაფერს ვიტყვით... მის სამახსოვროდ ვინახავ კამათლის ამ ნატეხს, მეორე ნატეხი დაკარგულია.
სანამ მებაღე ლაპარაკობდა, მე ჯიბიდან ჩემი კამათლის ნატეხი ამოვიღე. ვითომ სხვათაშორის, მივბრუნდი გვერდზე და კამათლის ნატეხები ერთმანეთთან მივიტანე. უმეტნაკლებოდ ჩაჯდნენ ერთმანეთში... ნამდვილად ისაა, ჩემი კამათელი...
  - ვინც კი მისი თამაში ნახა, ყველა გაოგნებული დარჩა, მსგავსი არაფერი გვსმენია და არც გვინახავსო, ამბობდნენ, - აგრძელებდა მებაღე საუბარს, მას არ შეუმჩნევია ჩემი ცდები...
  - ალბათ უნდა გაემდიდრებინა ის მოთამაშე ამ საოცარ უნარს, - ვთქვი მე.
  - გაემდიდრებინაო? - სიცილით შემესიტყვა მებაღე, - სიმდიდრეს რა უნდოდა მასთან... იმისთანა საცოდავი არსება იშვიათად მინახავს. ვერაფერზე გააგზავნიდი, ქუჩაზე ვერ გადადიოდა დამოუკიდებლად. როგორც პატარა ბავშვს, ისე უნდა გაყოლოდი გვერდით. სივრცეში ორიენტაციის უნარი სრულიად არ აქვსო, მის შესახებ ასე ამბობდნენ. მაგრამ მაშინ უნდა გენახა, როცა კამათლის გაგორებას იწყებდა. სულ სხვა იყო, ვეღარ იცნობდი. ვერც კი წარმოიდგენდი მაშინ, თუ ისევ ის უმწეო არსება იყო, საკუთარი პალატის კარებსაც კი რომ ვერ აგნებდა.
  - უცნაურია, - ჩავილაპარაკე მე. კამათელი ისევ ხელისგულზე მედო და თვალს არ ვაცილებდი მონუსხულივით.
  - მართლაც, - დამეთანხმა მებაღე, - ისე, ვიღაც-ვიღაცეებმა სცადეს მისი უნარის გამოყენება. სადღაც წაიყვანეს, მგონი რაღაც ადგილი შეურჩიეს სათამაშოდ. არ ვიცი, რა მოხდა და როგორ, მაგრამ ძალიან გაბითურებული სახეები კი ჰქონდათ, როცა ისინი ვნახე, - მებაღემ ირონიულად ჩაიცინა, რაღაც უხერხული მდგომარეობა გაახსენდა იმ ვიღაცეებთან დაკავშირებით. - არა და არა! ჭკუის გარეშე ნიჭი უმაქნისია სრულიად. მე თუ მკითხავ, ჯერ ჭკუა უნდა ინატრო და მერე ნიჭი. თუ ჭკუა არ გყოფნის, ნიჭი გინდა გქონია და გინდა არა... იმის უბედურებაც ეს იყო, ჭკუასუსტობა, მოთამაშეზე გეუბნები... თორემ ნიჭი, მას რომ ჰქონდა, ზღაპრადაც არ გამიგონია.
  - ისე ლაპარაკობ, თითქოს ცოცხლებში აღარც იყოს, ის, კამათლის გამგორებელი მოთამაშე.
- ასედაცაა, ცოცხლებში აღარაა.
- რამ მოკლა?
- არ ვიცი, არც არავინ იცის. რომელიღაც ქუჩაზე იპოვეს მკვდარი. მწვანე გაზონზე იწვა თურმე. მძინარეს ჰგავდაო, ამბობდნენ. მეეზოვეს ენახა, გაღვიძება დაუპირებია, იფიქრა, ალბათ მთვრალიაო. სასწრაფო დახმარებაც მან გამოიძახა, თუმცა, რა თქმა უნდა, სულ ტყუილად, მკვდარს ვინღა გააღვიძებდა... გვერდზე იწვა თურმე, ხელი თავქვეშ ჰქონია ამოდებული. საოცრად მშვიდი სახე ჰქონდაო, ამბობდნენ. ჯიბეში მქისე კამათლის ერთი ნატეხი უპოვეს. მეორე ნატეხი, ხომ გითხარი, დაკარგულია... კაცმა არ იცის, რა უნდოდა იქ. და საერთოდ, როგორ მიაღწია იქამდე. აქედან საკმაოდ შორსაა ის მწვანე გაზონი.
ვეღარ გავძელი სკამზე, წამოვდექი და თაროების წინ მოვყევი სიარულს.
აი, თურმე როგორ უნდა დასრულებულიყო შენი თამაში, საკუთარ თავს მივმართე გულში. ბევრი კი ეძიე, ჩხრიკე და აჰა, მიიღე!
ამაზე ფიქრიც კი აღარ მინდოდა. ყველაფერი ისევ გაურკვევლობის ბურუსში იყო ჩაფლული. მებაღის სიტყვებმა თითქოს რაღაც სინათლის სხივი შემოიტანა ამ ბურუსში, მაგრამ სანაცვლოდ ათი იმდენი დაუმატა. არ ვიცი, მათ უკვე სინათლის რომელი სხივი შეარღვევს. ერთადერთი, რაც ამ წუთას ჩემთვის ნათელია, ის ჭეშმარიტება გახლავთ, რომ მეტად ვეღარ ვითამაშებ ამ მქისე კამათლებით. აქ საეჭვო ნამდვილად არაფერია. აფსუს, რა ამაოდ მიტარებია ჯიბით ამდენ ხანს!.. ვეღარ გავაგორე კამათელი, ჩემთვის საზღაპრო მოგება რომ უნდა მოეტანა.
თაროებთან შევჩერდი, ვითომდა იქ დახვავებულ ხარახურას ვათვალიერებდი... და, ამ დროს, ჩუმად დავდე გამთლიანებული მქისე კამათელი თაროზე. მერე ისევ სუფრას დავუბრუნდი.
მებაღეს არც ეხლა შეუმჩნევია რაიმე, მეტისმეტად გართული იყო თავისი მოგონებებით, შეუჩერებლად ქაქანებდა. ლაპარაკს რომ იყო მოწყურებული, ცხადად შეეტყო.
- რა უნდოდა იმ სიშორეზე ნეტავი, რამ მიიყვანა იქამდე, - ამბობდა მებაღე. მისი ფიქრები ისევ იმ საოცარ მოთამაშეს უტრიალებდნენ. ჩანს, მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა მასზე. - თუმცა რა, განა ჩვენ კი ვიცით, სად რა გვინდა, რისთვის ვაღებთ რომელიმე კარებს (აჰა, მიზანში მოარტყა, ისე რომ წარმოდგენაც არ აქვს ამის შესახებ), ჩვენ, ვინც ნორმალურებად ვითვლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები