ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2016


პ ი რ ო ბ ი თ ა დ ვთვლი

გიღიმი შორით და  გატყობინებ,
ღრუბლებზე  ცელქობს  ეს  ურჩი გრძნობა,
ვარსკვლავებს სწვდება გულწრფელი  ფიქრი
და  მიკვირს  სხვათა ფარისევლობა.

გადაილეწა  სირცხვილმა  ბევრჯერ,
სახრე  მუხლებზე  და  ახმიანდა,
გამთენიისას  აწივლდა  ქარიც,
თითქოს  სატრფოსთან  დააგვიანა.

გადაირბინა  მთაზე  იოლად 
და  მზეს  სირცხვილი  გადააფინა.
გაახალისა  ჩემ  თვალში  ყოფნა,
იმედშიც  ძალა  ვით  ქინაქინა.
 
მე  და  ქარს  ახლა  ღიმილით  სავსე,
ხელს  გვიქნევს  აქვე,  ფაქიზი  ძეწნა,
სურვილმა  ხელი  ჩაავლო  ნიავს
და  გულში  ლამის  ეწნა  და  ეწნა.

არ  ვიცი  დღემდე, ვერაფრით  მივხვდი,
ცა  დედამიწას  რად  ჰხურებია.
სოფელი  ისევ  მშიერი  არი,
ჯეჯილს  თავთავი დაჰპურებია.

გამჭვირვალეა  თეთრი  ღრუბელი
და  მთვარე  მუდამ  ჩვენზე  მშვიდია,
წუთისსოფელი  ჩვენი  მცირეა,
სიცოცხლე,  თურმე  ჩვენზე  დიდია.
 
გაჰკიდებია  გონების  თვალი 
და  ფიქრთან  ომი  აუტეხია, 
მზეც  შეპარულა  საწოლ  ოთახში 
ღამისთვის  თვალი  აუხელია,

პირობითად  ვთვლი,  რომ  მთელ  სამყაროს,
მუდმივი,  მყარიც  არაფერი  აქ ,   
სულის  მდინარე  ადიდებულა
და  ნაპირები  დაუცველი  აქვს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები