ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2016


მირა (1)

მაშინ როცა ეს ამბავი დაიწყო, არც ისე იღბლიანი პერიოდი მქონდა.  დავიწყოთ იქიდან რომ დასრულდა ჩემი ცხოვრების თითქმის ოთხწლიანი ურთიერთობა. როგორც მაშინ ვფიქრობდი საკმაოდ მნიშვნელოვანი. ვერ ვიტყვი რომ მიმატოვეს (ან არ მინდა აღიარება), თუმცა მაინც მძიმე იყო მასთან განშორება. არა იმდენად ადამიანთან განშორება რამდენადაც თვითონ ცხოვრების სტილის შეცვლამ შემაშინა (არადა მეგონა მამალი მგლისაც არ მეშინოდა). ალბათ ჩემი ბრალიც იყო - არაფრის შეცვლა არ მინდოდა, ის კი ალბათ ოჯახისთვის ემზადებოდა. წასვლისას მომაძახა კიდეც - შენ თუ გელოდე, იმ ასაკამდე არ იფიქრებ ოჯახის შექმნაზე, რომ ბოლოს საკურთხევლის და ქორწილის დასიზმრება ან შემრცხვება ან დამავიწყდებაო. მაშინ დიდად ვერ გავიგე რას ითხოვდა ჩემგან. ვერაფრით ვხვდებოდი რატომ უნდოდა ისედაც მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის არევა და რაღაც ჩარჩოებში მოქცევა. ქალებს რას გაუგებ? ჰოდა ვერც მე გავუგე და გავუშვი. ვაღიარებ, თავიდან გამიჭირდა. მერე უმისობას შევეჩვიე და ბოლოს სულ დავივიწყე.
ის იყო სულიერი ტრავმა მოვიშუშე, რომ სამსახურში გამომიცხადეს - შტატის ნაწილი რეგიონებში უნდა გადანაწილდესო. გადაგვთვალეს ისეთი კადრები რომლებსაც ოჯახი არ გვყავდა, სამივლინებო თანხების ანაზღაურებას დაგვპირდნენ და სანამ გონს მოსვლა მოვასწარით რეგიონების გზას გაგვიყენეს. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ ისიც კი ვიფიქრე, მაკამ მომიწყო-მეთქი.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ სიახლის მთელი „სიტკბოება“ თბილისს უკვე საკმაოდ მოშორებულმა მანქანის საჭესთან მჯდომმა გავიაზრე. სხვა რა გზა იყო, კიდევ ერთ გრანდიოზულ ცვლილებას უნდა შევგუებოდი.
პროფესით გეოლოგი ვარ. წესით ალბათ არ უნდა გამკვირვებოდა საკუთარი მივლინება, მაგრამ როგორც ზევით აღვნიშნე ცვლილებებს რთულად ვეგუები. ახლაც არ მივდიოდი დიდი სიხარულით, მაგრამ წუწუნს რა აზრი ჰქონდა? ან ვისთან მეწუწუნა? ჰოდა ავუწიე მუსიკას და გადავწყვიტე სანამ ადგილზე ჩავიდოდი საკუთარ თავში სიმშვიდე მეპოვნა. ჯანდაბა! ისევ მაკას ფრაზებით ვლაპარაკობ. მავნე ჩვევა - ვცდილობ გადავეჩვიო.
I'm A Late Night Lover - სასიამოვნო ხრინწშეპარული ხმა იღვრებოდაა სალონში და ვცდილობდი წარმომედგინა მე როგორი გვიანი ღამეები მელოდა უახლოესი დღეების განმავლობაში. დიდი ვერაფერი წარმოვიდგინე და გადავწყვიტე ცხადად მენახა.
უკვე საღამოვდებოდა დანიშნულების ადგილს რომ მივაღწიე. გეოლოგების ჯგუფი დიდი ხნით ადრე იყვნენ ჩასულები და უკვე სამუშაოს დიდი ნაწილიც შესრულებული ჰქონდათ. მე მათი ხელმძღვანელობა მევალებოდა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა ნაცნობი სახეების დანახვა. სოფლის გამგეობას ჩვენთვის სამუშაო ოთახებიც გამოეყო. ჩემი პირადი კაბინეტი მანახეს - უკომენტაროდ. თუმცა მეტს მაინც არ ველოდი. ჩვეულებრივი ოთახი იყო, ხის იატაკით და მწვანე კედლებით. შეძლებისდაგვარად მოხერხებული საწერი მაგიდით აღეჭურვათ. კედელზე რამდენიმე ცუდადდამაგრებულ თაროზე აქა-იქ წიგნები შემოეწყოთ. ერთ-ერთ მათგანზე საკმაოდ ჩასუქებული ობობა დასეირნობდა, მისი გაბარიტების შემხედვარეს ლუი უნდა რქმეოდა (ჰმ, ანიმაციური სერიალი - მაკას კიდევ ერთი გავლენა, თუმცა არ ვიცი გადაჩვევა ღირს თუ არა).
ოთახთან ნახევარსაათიანი კონტაქტის მერე მივხვდი რომ შევეჩვეოდი. ეზოში გამოვედი, კიბეზე დავეშვი და ფეხი კინაღამ ცხოველის „პატივში“ ჩავდგი.
-ჯანდაბა! აქ რა ძროხებსაც უშვებენ? - შემოღობილ ეზოს თვალი მოვავლე და შევეცადე გამეგო საიდან შეძლო შემოღწევა უნამუსო პირუტყვმა.
წინ მიმავალმა გიორგიმ, რომელიც უკვე რამდენიმე თვე იყო უკვე აქ იმყოფებოდა და აქაური კილოც აეკიდებინა, გაიცინა და ისე თითქოს უპირატესობას მიმტკიცებსო გამეღრიჭა.
-რა ძროხა, ვერა ხედავ? ეს ღორის პატივია.
-ბოდიში, - უკვე მოთმინების ზღვარზე მყოფმა ჩავიღრინე. - ასე ერთი თვალის შევლებით ვერ გავარჩიე. თუ გამატან ლაბორატორიაში წავიღებ და დაგიზუსტებ.
-ჯერ ახალი ხარ, - ისევ გაიცინა გიორგიმ. - მალე მიეჩვევი. - დამამშვიდა და მხარზე ხელი მეგობრულად დამარტყა.
კაცმა რომ თქვას რას ვერჩი ახლა ამ კაცს? ასაკითაც ჩემზე უფროსია და არც ისეთი არაფერი უთქვამს. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი საცხოვრებელი ოთახისკენ გავემართე. რა შემიძლია ვთქვა ოთახზე? - შევეგუები. დიასახლისსაც არა უშავს, სხვა თუ არაფერი გემრიელ კერძებს მაინც ამზადებს.
პირველი კვირა - ასე მგონია შუმერულად ვსაუბრობ. ჩემი უბრალოდ არ ესმით და ყველა ჟესტების ენაზე მელაპარაკება. დილით შემხვედრს ვცდილობ მივესალმო, ის კი რამდენიმე გაუგებარ ბგერას წარმოთქვამს და ხელისაწევით მესალმება.
მეორე კვირა - სავარაუდოდ ინგლისურად საუბარზე გადავედი. ნაწილობრივ ესმით ჩემი, მაგრამ არა ბოლომდე. დლით „სამსახურში“ მისული დამლაგებელ ლუბას ვეეკითხები:
-ქალბატონო ლუბა, სად არის ლუი? - და ამაოდ ვაცეცებ თვალებს ახლადგადაწმენდილ თაროზე.
-ვინაა ლუი? - გაოცებული მიყურებს ლუბა. - რომ მოვედი არავინ დამხვედრია. ეზოში მარტო ქელეხსაშვილების ძროხა დაბოდიალობდა და იმასაც მე მგონი მარგოს ეძახიან.
მესამე კვირიდან როგორც იქნა ერთ ენაზე დაიწყეთ საუბარი. ალბათ შევეჩვიეთ ერთმანეთს. ჩვენს დაახლოებაში ალკოჰოლმაც საკმაო როლი ითამაშა. სოფლის ჭაჭა მაინც თავისას შვება და ვერც კი ხვდები როდის იწყებ განსხვავებული „კულტურის“ შესისხლხორცებას.
ჰო, მესამე კვირას კიდევ მირა გავიცანი.
სამუშაო დღე სრულდებოდა. სულ ცოტაც და მოვიფიქრებდი საღამო როგორ ჩამემთავრებინა. კარზე კაკუნმა შემაკრთო. არა, არც ასეთი სუსტი გული მაქვს რომ კარზე დაკაკუნებამ გული გამოხეთქოს. უბრალოდ სამი კვირის განმავლობაში ვისწავლე რომ აქ არავინ აკაკუნებს. კარი თუ იღება, კარგი ბიჭი ხარ და ვინმე შეაკავე. აქ სახლში ტრუსიკით გავლაზე ოცნებასაც კი დიდი ხანია შევეშვი.
ჩავახველე და ჩაწმენდილი ხმით გავძახე:
-მობრძანდით!
კარი გაიღო და ოთახში ასე 17-18 წლის გოგონა შემოვიდა. ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი. თხელი ჟაკეტი, რომელიც სავარაუდოდ რამდენმე წუთის წინ თეთრ ბრეტელებიან მაისურზე უნდა ჰქონოდა მოცმული, ახლა წელზე შემოეხვია და ქამართან გაენასკვა. მიპატიჟებას არ დალოდებია ისე წამოვიდა მაგიდისკენ და ჩემს წინ სკამზე მოხერხებულად მოეწყო.
გაკვირვებული ვუყურბდი და ველოდი როდის მომახსენებდა ესოდენ უცნაური ვიზიტის მიზეზს.
-სალამი, - არ ჩქარობდა.
-საღამო მშვიდობის. - შევეცადე „საუბარში“ ავყოლოდი.
-შენთან ერთი წინადადება მაქვს. - გამაოცა მისმა უშუალობამ.
-გისმენ.
-შეგიძლია ცოლად მომიყვანო? - ისე ჩვეულებრივად მითხრა გეგონება მათემატიკის საკონტროლოს გადაწერას მთხოვდა.
გაოგნებისგან დავდუმდი. მეტყვის ვინმე, რა შეიძლებოდა მეპასუხა ამაზე? ეტყობა დიდი ხანი გამომივიდა დუმილი. გამომეტყველება შეეცვალა, ახლა უფრო თანაგრძნობით მიყურებდა.
-წყალი გინდა? - ცდილობდა გონზე მოვეყვანე.
-ჰმ... - ჩავახველე, - რა გქვია?
-მირანგულა, - ტუჩი აიბზუა და ისე მითხრა, - შენ მირა დამიძახე. - დიდსულოვნად დამრთო ნება.
-მირა, რამდენი წლის ხარ?
მე მგონი კითხვით ცოტა ვაწყენინე, აშკარად დავინახე როგორ მიიწევდნენ მისი წარბები ერთმანეთისკენ და საბოლოოდ მათ შორის გაჩენილი ზოლიც შევამჩნიე.
-არავინ გიჩივლებს. - ნამდვილად ვაწყენინე.
-ეგ უკვე კარგია. - გავუღიმე, ვცდილობდი კეთილგანწყობა დამებრუნებინა. - რატომ გინდა გათხოვება?
-არ მინდა. - ჯერ ისევ ნაწყენმა გადმომხედა. აშკარად ბრაზობდა, მისი რომ არ მესმოდა.
-აბა გაიძულებენ? - ახლა მე შევჭმუხნე წარბები.
ცოტათი ჩაფიქრდა.
-შეიძლება ასეც ითქვას. - მცირე დუმილის შემდეგ დაამატა, - წელს სკოლას ვამთავრებ და სწავლის გაგრძელება მინდა.
-მერე, მაგისთვის გათხოვება აუცილებელია? - კიდევ უფრო დამებნა თავგზა.
-ჩემთვის კი...
-ფინანსური მდგომარეობის გამო? - მეც კი გამაბრაზა საკუთარმა კითხვამ.
მირაც გაბრაზდა. ტუჩები გაბუსხა, უსიტყვოდ წამოდგა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ. კარებთან დავეწიე. მაჯაში ხელი მოვკიდე და შევაჩერე. საოცრად წვრილი მაჯა ჰქონდა, თითებში ჩამეკარგა.
-არ გაბრაზდე რა... - შემოვატრიალე და ისევ სკამისკენ წამოვიყვანე. - ჩემთვისაც პირველია ასეთი წინადადება და ცოტა ავღელდი. - ჩემდაგასაკვირად ხუმრობას მიმიხვდა და გაეღიმა. არადა მაკა სულ იმას მიმეორებდა რაღაც მარსიანული იუმორი გაქვს და დედამიწაზე ვერავინ გაიგებსო. ჯანდაბა, რატომ ეკვეხება წარსულის მოგონებებში ყოველთვის მაკა? - მოდი გასაგებად ამიხსენი ყველაფერი და შევეცდები რითაც შემეძლება დაგეხმარო. - მირა სკმზე დავსვი, მე კი მის წინ მაგიდაზე ჩამოვჯექი და შევეცადე სანდომიანი სახე მიმეღო.
-ბებო და პაპა არაფრით გამიშვებენ თბილისში სასწავლებლად. ერთადერთი გამოსავალი იქ გათხოვებაა. - გულწრფელი თვალებით ამომხედა, თითქოს უზარმაზარი ტკივილი გამიზიარა.
გონებაში გამეღიმა მის ბავშვურობაზე. გარეგნულად არაფერი შევიმჩნიე, შემეშინდა ისევ არ წყენოდა.
-მშობლები? - სახე შეეცვალა და მაშინვე ვინანე უნებურად წამოცდენილი კითხვა.
-არ მყავს. - მოკლედ მომიჭრა.
-არამგონია ბებო და პაპამ ასეთი კატეგორიული უარი გითხრან, - შევეცადე საუბრის თემა შემეცვალა, - თუ აუხსნი, დაგთანხმდებიან.
ცოტა ხნით გაჩუმდა. მერე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-გინდა მე დაველაპარაკები? - ისევ ვცადე შემეჩერებინა.
-არ ღირს. - არ მობრუნებულა ისე მითხრა და კარისკენ დაიძრა.
-მოიცადე, - მეც წამოვდექი. - სახლში ერთად წავიდეთ, მეც მოვრჩი უკვე მუშაობას. - ვერც კი მივხვდი რატომ შევთავაზე. თითქოს მისი გაშვება დამენანა. ბოლო პერიოდში იშვიათად ვხვდებოდი ადამიანს, რომელთანაც ასე გულღიად შემეძლო საუბარი.
დამელოდა და ეზოში ერთად გამოვედით. ჭიშკართან გაჩერებული ჩემი მანქანისკენ წავედი. მირა ღიმილით გამომყვა.
-რა გაცინებს? - ვკითხე და კარები გამოვაღე.
-„სამსახურში“ მანქანით დადიხარ? - მანქანის ზევიდან გადმომხედა და თვითონაც გამოაღო კარი.
რა თქმა უნდა მივუხვდი ირონიას. ნამდვილად არ იყო მანქანით სიარულის საჭიროება, უბრალოდ იმდენად მიჩვეული ვიყავი საჭესთან ჯდომას, რომ ფეხით სიარულზე უარს ვამბობდი.
არაფერი ვუპასუხე ჩავჯექი და ძრავი დავქოქე. თვითონ გვერდით მომიჯდა და ღვედი შეიკრა. თან ღიმილით გაუსწორა თვალი ჩემს უკმაყოფილო მზერას.
-არ დაგაჯარიმონ. - უკვე დაუფარავად ჩაიცინა და შეამოწმა კარგად იყო თუ არა ღვედი შეკრული.
მეც გამეღიმა და მანქანა დავძარი.
პირდაპირ სახლში მივიყვანე. მაინტერესებდა სად ცხოვრობდა. სანამ მანქანიდან გადავიდოდა ორმა ქალა ჩაგვიარა და საკმაოდ საეჭვო მზერა გამოგვაყოლა. უკვე მანქანიდან გადასული მირა ღია კარებში დაიხარა და გამიცინა:
-ახლა უკვე მართლა მოგიწევს ჩემი ცოლად მოყვანა, სოფლის „პირველწყაროს“ გამგემ და მისმა მოადგილემ დაგვინახეს როგორ მომაცილე სახლში მანქანით და ეს აქაურ ენაზე დაოჯახებას ნიშნავს. - გულიანად ჩაიკისკისა, თვალი ჩამიკრა და ეზოში გაუჩინარდა.
კიდევ დიდხანს ვიჯექი მანქანაში და დღევანდელი საღამოს გაანალიზებას ვცდილობდი. რა იყო ეს? ყველაზე ამოუცნობი რამ ჩემს ცხოვრებაში. ისეთ ადამინს შევხვდი, როგორსაც ალბათ ვეღარასოდეს შევხვდებოდი. მეგონა ერთადერთი იყო სამყაროში. მაოცებდა მისი შინაგანი თავისუფლება და მეცოდებოდა ამ ადგილისთვის.
როცა მივხვდი რომ ზედმეტ სენტიმენტებში გადავდიოდი, მანქანის ძრავი დავქოქე და სახლისკენ გავუდექი გზას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები