ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2016


მირა (2)

მართალი აღმოჩნდა მირა - შპს „პირველწყარომ“ თავისი საქმე ფრიადზე შეასრულა და მეორე დღეს სამსახურში მისულმა შევამჩნიე, რომ დამლაგებელი ლუბა დიდხანს წმენნდა ჩემი „კაბინეტის“ იატაკს და ლამის სულ აყარა ისედაც საჭვოდ მოჭრაჭუნე ხის იატაკი იატაკისჯოხის ზედმეტი ხახუნით. ვხვდებოდი საუბრის დასაწყებად მიზეზს ეძებდა. არ ვიმჩნევდი, ოლიმპიური სიმშვიდით ჩავკირკიტებდი ნახაზებს და „გამძლეობანას“ ვეთამაშებოდი. ბოლოს ისევ ლუბას უმტყუნა მოთმინებამ და გაბედა ჩემ მაგიდასთან მოახლოება. იატაკის ჯოხი მაგიდის კიდეს მიაყუდა, თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა და შეთქმული მზერა მომაპყრო. რამდენიმე წამი კიდევ ვითამაშე ქალბატონი ლუბას ნერვებზე და თავი არ ავწიე. ბოლოს რომ მივხვდი უკვე ადგილზე ცმუკვას იწყებდა, ზანტად დავიწყე მოძრაობა და ბოლოს როგორც იქნა თვალი გავუსწორე. შევეცადე სახეზე არანაირი ემოცია არ გამომხატოდა.
-შვილო, - არც ისე კარგი დასაწყისი იყო, ჭკუის დარიგებას გავდა. ცალი წარბი უნებურად გამექცა ზევით. - სხვის საქმეში ჩარევა არ მიყვარს, - ეთიკის ნორმები რომ არა ფილტვების დახეთქვამდე ვიხარხარებდი. - მაგრამ არც შენ ხარ სხვა და არც ის გოგო. - რატომღაც იმ გოგოზე ხმა დაიდაბლა და მეტად იდუმალი ინტონაცია მისცა. ისევ უემოციოდ ვუყურებდი. - არაა ცუდი გოგო... ობოლია, საცოდავი. - თავი სინანულით გადააქნია და ხელი ჩაიქნია. ვხვდებოდი რომ ზღვარზე ვიყავი. ცოტაც და... - საცოდავ ლენას და გოგიას მის მეტი არავინ ჰყავთ. ეეეჰ, რა გოგო იყო მირანგულა. დედამისი - დამიზუსტა, რომ არ შემშლოდა. - მთელ სოფელს თვალი ზედ რჩებოდა, მაგრამ თვითონ არავინ იკადრა.  - წყენანარევი ტონი შევამჩნიე. - სწავლაო აიტეხა და ქალაქში გადაბარგდა, მაგრამ... - კიდევ ერთხელ ჩაიქნია ხელი. - ვიღაცამ შეაცდინა იქ და კი დაბრუნდა იმხელა მუცლით. არადა რა გოგო იყო? აქაურები სულ ხელის გულზე ატარებდნენ. არ მოინდომა და მოკალი თუ გინდა... მოჭრა თავი მშობლებს... - ცოტა შეისვენა, სავარაუდოდო მეტი ეფექტისთვის უნდოდა მაქსიმალურად მძაფრად აღმექვა ისტორიის მთელი ტრაგიზმი. - საბოლოოდ კი გადაყვა მშობიარობას. - აქ კი მართლა დავიძაბე. იმ წუთას გული საშინლად მეტკინა. თითქოს მირას ტკივილი ვიგრძენი. - ბავშვის მამის ვინაობაც საფლავში წაიღო და დარჩა ეს გოგო ბებია-პაპის ამარა.
-სევდიანი ისტორიაა, - პირველად ამოვიღე ხმა. მე თვითონ გამიკვირდა საკუთარი ტემბრის სისუსტე. მაინც იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე. - მაგრამ მე რატომ მომიყევით?
-რატომ და... - ცოტა შეყოყმანდა, ფიქრობდა ღირდა თუ არა ყველაფრის თქმა. - მთელი სოფელი ლაპარაკობს უკვე... მანქანით დაყავსო და...
-მერე! - უკვე მოთმინებას ვკარგავდი.
-ცოდოა, შვილო, ობოლია... - მოჩვენებითი მოკრძალებით გამიღიმა.
-მირას შესაცოდი არაფერი სჭირს. - ვცდილობდი მაქსიმალურად მომეთოკა თავი და ზედმეტი არ მომსვლოდა. - ბევრად მეტი გააჩნია, ვიდრე რამდენიმე უსაქმურ მოლაყბეს ერთად აღებულს. და მეორეც, მე და თქვენ რომ ვსაუბრობდით ფანჯარიდან საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაგვინახა და რას ფიქრობთ ამაზე? რამე უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით? - გაავებული ვუყურებდი თვალებში.
უცბად შეეცვალა სახე, - უი, საქმე მაქვსო - წამოიძახა, იატაკის საწმენდს ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა.
ბრაზისგან ერთიანად ვკანკალებდი. ახლა უფრო მძაფრად გავაცნობიერე როგორ უჭირდა ამ გარემოში არსებობა ისეთ ადამიანს, როგორიც მირა იყო.
იმ დღეს არ მინახავს. იმიტომ არა რომ როგორც მავანი უსაქმურნი ამბობდნენ - უხერხული იყო. უბრალოდ თვითონ არ გამოჩენილა. სურვილი მქონდა, თუმცა არა დაუძლეველი.
მეორე დღეს თვითონ მომაკითხა, ისე უბრალოდ მოსაკითხად. მესიამოვნა... ზედმეტადაც. ამჯერად მანქანისკენ არ წავსულვარ. მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა და მსუბუბუქი ნაბიჯით გამომყვა გვერდით. მთელი გზა მის სახლამდე ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ყველაზე მეტყველი დუმილი იყო მთელი ჩემი 26 წლიანი ცხოვრების მანძილზე. მირა ისეთი ადამიანი იყო, რომელთან დუმილიც არ მეუხერხულებოდა.
მესამე დღეს კვლავ შემახსენეს, რომ მირას ცხოვრებაში ვიჭრებოდი და „საქვეყნოდ თავს ვჭრიდი“. საღამოს მანქანასთან სამი ასე 18-19 წლის კაი გვარიანი გარუჯული ჯეელი დამხვდა და - ერთი ძმაო აქეთ მოიწი, საქმე გვაქვსო. - მეგობრულად „მთხოვეს“. „მივიწიე“. ერთი, რომელიც სავარაუდოდ საქმის მოთავე იყო წინ დამიდგა და როგორც ალბათ თვითონ ეგონა, ჯიქურ ჩამხედა თვალებში. გამეღიმა. მე მგონი შეუაცხყოფად მიიღო.
-რა გინდა იმ გოგოსთან? - მკაცრი იყო.
-რომელ გოგოსთან? - ზედმეტად მშვიდი ვიყავი.
-ბევრ გოგოსთან დადიხარ? - სიტყვაზე „წამომიკიდა“.
-გააჩნია როდის. ახლა მაგალითად სამ „ვაჟკაცთან“ ერთად ვადგავარ და ტკბილად ვმუსაიფობ.
-ჰოდა, ეს სამი ვაჟკაცი იქნება თავპირს რომ გაგიერთიანებს, თუ იმ გოგოს არ შეეშვები. - მეტი დამაჯერებლობისთვის მუშტები შეკრა.
-მართალია, - ისევ აუღელვებლად განვაგრძე, - შეგიძლია თავპირიც დამალეწო და წელშიც გადამტეხო, მაგრამ ჩემი აზრით ამით საქმეს მაინც არ ეშველება.
-რატომ? - ჯერ ისევ უნდობლად მიყურებდა.
-ნაცემი უფრო შევეცოდები „იმ გოგოს“. - შევეცადე არ გამღიმებოდა.
-აბა, რას მთავაზობ? - შეეცადა მთელი თავისი ირონია ჩაექსოვა.
-პირდაპირ რომ მომკლა? - „გულწრფელად“ შევთავაზე.
არ ელოდა, მიუხედავად ირონიისა მაინც შეცბა.
-და „სროკზე“ წავიდე არა?
-ჰოო, „სროკი“ ცუდია, - ჩაფიქრებული მივეყრდენი მანქანის კარს. - რამდენი წელია განზრახ მკლელობაზე? - კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. - ვითომ დაგელოდება?
-შენა, ჭკუისკოლოფო, - აშკარად მოთმინებას კარგავდა.
არადა მე პრეტენზია ცინიკოსობაზე მქონდა.
-რას გეტყვი იცი? - ერთიანად წამოწითლდა, - მე ჩემი სათქმელი გითხარი და აწი შენ იცი. მეორედ ასეთი კეთილი აღარ ვიქნები.
ამფსონებს თვალით ანიშნა - წავედითო და ეზოს იქით გაუჩინარდნენ. უნდა გამოვტყდე მეტ აგრესიას ველოდი, აშკარად მირას რეაქციის ეშინოდათ, თორემ დიდი სიამოვნებით გამიფენდნენ წიხლქვეშ.
ამ ამბის შესახებ მირასთვის არაფერი მითქვამს. ისედაც ეცოდინებიდა. იცოდა კიდეც, ოღონდ არ იმჩნევდა. მანამ სანამ ერთხელაც სახლიდან გამოსულს მანქანის ოთხივე საბურავი დანით დაჭრილი არ დამხვდა. უნდა ვაღიარო სათანადოდ არ ვაფასებდი მათ გონებრივ შესაძლებლობებს. ეს ერთადერთი გზა იყო ჩემი წყობიდან გამოყვანის. არაფერი ისე არ გამაცოფებდა, როგორც ვანდალური თავდასხმა ჩემ მანქანაზე. გაცოფებული ვუვლიდი მანქანას გარშემო, როცა მირა მომიახლოვდა.
-აუჰ, რა უნდა ქნა ახლა? სამსახურში როგორ წახვალ. - ღიმილით გადმომხედა.
-სულც არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. - შევუღრინე.
მირამ შუბლი შეიჭმუხნა და ტუჩები გაბუსხა. ვაწყენინე.
-არის აქ სადმე ახლოს ვულკანიზაცია? - ტონი შევარბილე და მზერა გავუსწორე. მინდოდა გამეგო რმდენად ნაწყენი იყო.
-საბურავების მოხსნა შეგიძლია? - გაბრაზება აღარ ეტყობოდა, თუმცა აღარც ხუმრობის ხასიათზე იყო.
-მოვახრხებ რამეს. - გავუღიმე.
-კარგი, მოხსენი მაშინ და მე ახლავე მოვალ.
სხვა ვარიანტი მაინც არ მქონდა. საბარგულიდან იარაღები ამოვიღე და საბურავების მოხსნა დავიწყე. მერე გიორგის ან ვინმეს ვთხოვდი და მიმატანინებდნენ უახლოეს ვულკანიზაციამდე. ის იყო მეოთხე საბურავიც მოვხსენი რომ მირაც გამოჩნდა. თვალებს არ დავუჯერე, მოდიოდა და თოკზე გამობმულ სახედარს მოათრევდა. სახედარი თავის მხრინ ურემს მოაჩაქჩაქებდა.
-ეს რა არის? - ძლივს მოვაბრუნე ენა.
-ვირი. - იყო პასუხი.
-რად გინდა მერე ვირი? - ჯერ ისევ არ გადაევლო გაოცებას.
-სუფთა ჰაერზე გამოვასეირნე. - ხელები გულზე გადაიჯვარედინა და წარბები აწკიპა.
-ჰო, რაღაც ფერი არ მომწონს. - მეც ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
-მიდი, დააწყვე ეგ შენი საბურავები და წავიდეთ.
რა თქმა უნდა სხვა ვინმე რომ ყოფილიყო არ დავთანხმდებიდი. შეიძლებოდა უფრო მარტივად მომეგვარებინა ყველაფერი. სოფელში მანქანების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. შემეძლო ვინმესთვის მეთხოვნა, მაგრამ ეს ხომ მირა იყო? მასთან ვირით გასეირნება წარმოუდგენელი ექსტრიმი იყო.
საკმაოდ მშვიდად მიუყვებოდა დატვირთული ვირი გზას.
-შორია ვულკანიზაციამდე? - წინ მიმავალ მირას მივმართე. საუბრის აწყობა მინდოდა. მიყვარდა მასთან საუბარი.
-ყველაფერი შედარებითია, - არ მობრუნებულა ისე მითხრა. - ადამიანისთვის, რომელსაც დარიკოს სახლიდან „ცენტრამდე“ მანქანა სჭირდება, აუცილებლად თვითმფრინავი უნდა გამოგვეძახა.
გამეღიმა და უკან გავყევი. არც ისე შორს იყო. მალე მივედით, თითქოს გულიც კი დამწყდა. იმ დღეს განსაკუთრებული მეჩვენა მირა. ადრე თუ მისი განსხვავებულობა იპყრობდა ჩემს ყურადღებას, ახლა თვითონ მირა მიზიდავდა. დიახ, პატარა გოგო, რომელიც ვირშებმულ ურმის ბოლოზე ჩამომჯდარიყო და ფეხებს იქნევდა - მიზიდავდა.
-ვისია ეს ვირი? - წინ დავუდექი. ფეხების ქნევა არ შეუწყვეტია.
-ხოსე?
-ვინ? - გულიანად გამეცინა.
-ხოსე ჰქვია. კიდევ ერთხელ დასცინებ და საქმე ჩემთან გექნება. - თითი თვალებთან მომიტანა და როგორც შეეძლო მკაცრი სახით გადმომხედა.
ორივე ხელი ავწიე დანებების ნიშნად და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი.
-პაპაჩემისაა. - დაამატა რამდენიმეწამიანი დუმილის მერე.
-მერე, პაპას რა უთხარი, სად მიმყავსო.
არაფერი მიპასუხა. ღიმილით მიყურებდა. აშკარად გარკვევით წაიკითხა ამ შეკითხვის ქვეტექსტი. მიხვდა, რომ მაინტერესებდა მასთან ოჯახში თუ იცოდნენ ჩემ შესახებ.
-მირა, - ისევ მე წამოვიწყე. წინ დავუდექი და უნებურად მუხლზე ხელი დავადე, მოქანავე ფეხები რომ შემეჩერებინა. მაშნვე გაჩერდა და ამომხედა. - იმ ბიჭებს იცნობ?
-ვის? - ზუსტად მიხვდა რომელ ბიჭებზეც ვეკითხებოდი.
ცოტა დუმილის მერე თავი დამიქნია.
-ერთი გამგებლის შვილია.
-ოჰო, უნდა შემეშინდეს? - გამეცინა. - უყვარხარ? - ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
-იმას ვერ კითხე? - მზერა გამისწორა.
-შენ? - დავსვი მთავარი კითხვა.
-რა მე? - ვითომ ვერ მიხვდა.
გულზე ხელები გადავიჯვარედინე და გამომცდლად შევხედე. მშვენივრად ხვდებოდა რასაც ვეკითხებოდი. იცოდა რომ გაგიჟებამდე მინდოდა გამეგო რამე გრძნობა ჰქონდა თუ არა სხვის მიმართ. იცოდა რომ ჭკუიდან გადავყავდი მის თავისუფლებას. თავზარს მცემდა იმის გაცნობიერება რომ არჩევანშიც ასევე თავისუფალი იყო, მაშინ როცა მე... მე უბრალოდ ასარჩევიც აღარაფერი მქონდა. ჩემთვის ის უნიკალური იყო. ერთადერთი ეგზემპლარი რომელიც საგანგებოდ ჩემთვის შეიქმნა.
რამდენიმე წუთი მიყურა ჩუმად... ღიმილით. ბოლოს თავი გადააქნია:
-ნწ, კოცნაში ვერ ქაჩავს.
კინაღამ ხველა ამივარდა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდი მირასგან. დავიძაბე. თვითონაც მიხვდა. ეტყობა საჭიროზე მეტად ვუჭერდი ჯერ ისევ მის მუხლზე დადებულ ხელს. ხელი მოვაშორე. ფეხები ისევ გაჩერებული ჰქონდა და ისე მიყურებდა.
-რა დაუწუნე? - საკუთარი თავის არ მჯეროდა. პატარა ბიჭივით რაღაც ბავშვურ თამაშში ავყევი და მარტო თვითონ ავიხლართე ბადეში. მირა კი იდგა სახელოვანი მებადურივით და ქაჩავდა და ქაჩავდა ბადეს.
-დაწუნებით არაფერი, უბრალოდ არ მომეწონა.
-აბა რატომ აკოცე?
ისევ ეს ღიმილი. ღმერთო ჭკუიდან გადავყავარ...
-მზადაა, წავედით. - ვულკანიზაციისკენ მანიშნა და ურმიდან ჩამოხტა.
არ მიპასუხა კითხვაზე და ამან გუნება მომიშხამა. თითქმის მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ჯერ ისევ ცენტრალურ მაგისტრალზე მივდიოდით.
-მირა.
შემობრუნდა.
-ძალით გაკოცა? - ახლოს მივედი. - მის გამო გინდა აქედან წასვლა?
გაეცინა.
-ვგავარ ისეთ ადამიანს, ვიღაც თვითკმაყოფილი იდიოტის გამო გავრბოდე? მართლა სწავლის გაგრძელება მინდა.
იმდენად გულწრფელი მეჩვენა იმ წუთას, იმდენად სხვანაირი.
-მირა, უნდა დაელაპარაკო შენებს. აუხსენი რომ შენ შენ ხარ და არავის შეცდომის გამეორებას არ აპირებ. ის რომ დედაშენმა... - სიტყვა შუაზე გამიწყდა. დავინახე როგორ შეეცვალა სახე. ახლაღა გავაცნობიერე რომ ზედმეტი წამოვროშე.
-ვინ გითხრა? - კბილებში გამოცრა და თვალები ცრემლით აევსო.
-მირა... - შევეცადე მხრებზე მომეკიდა ხელი, მაგრამ უკან დაიწია და ამის ნება არ მომცა.
-იცი რას გეტყვი? აი ეგ შენი გულმოწყალე სიბრალული შენთვის დაიტოვე. - შეტრიალდა და წავიდა. - და კიდევ... დედაჩემს არანაირი შეცდომა არ დაუშვია. მოიქცა ისე როგორც საჭიროდ ჩათვალა. შეცდომა ის დღე იყო შენთან რომ მოვედი. - თითქმის სირბილით გაუყვა გზას. მივხვდი გაკიდებას აზრი არ ჰქონდა.
ღრმად ამოვისუნთქე და მეც გავაგრძელე გზა. ხოსე თითქოს მიხვდაო, მორჩილად მომყვებოდა ბაკაბუკით უკან.
ვუყურებდი როგორ მიდიოდა. მტკიცე ნაბიჯებით. გაბრაზებული იყო, მხრები აეწურა. იმედი მქონდა არ ტიროდა. გულში კიდევ ათასი სალანძღავი სიტყვა გავუგზავნე საკუთარ თავს. კიდევ რამდენიმე წუთი ვიარეთ ასე ათი მეტრის დაშორებით. ბოლოს მირა გაჩერდა. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ნაადრევად. შემობრუნდა და გზაზე მიმავალ სატვირთო მანქანას ხელი აუწია. მანქანამ პირდაპირ მის ფეხებთან დაამუხრუჭა. დავიძაბე. „ოღონდ არ ჩაჯდე“ - უნებურად გავიფიქრე. მირა დამელოდა სანამ მივუახლოვდებოდი. ამასობაში კაბინიდან მძღოლიც გადმოვიდა. შუახნის მამაკაცი იქნებოდა.
-სალამი. - მომესალმა და მანქანას შემოუარა. - აბა რომელია? - მირას მიუბრუნდა.
-აი ძია ვანო, ეს საბურავები. - ჩემი საბურავებისკენ გამოიშვირა ხელი, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ ოთხივე საბურავი უკვე მაქანის ძარაზე ეწყო.
-წავედით! - ახლა მე მომიბრუნდა მძღოლი და ისევ მანქანის კაბინაში ავიდა.
მირას მკაცრად გადავხედე.
-წადი! - თავი არ აუწევია ისე მითხრა.
-მირა...
-წა-დი! - დამიმარცვლა.
-მშვენივრად იცი რომ აქ მარტოს არ დაგტოვებ. - არც კი ვფიქრობდი წასვლას.
-ამდენი წელი მარტო დავდიოდი, სწორედ „აქ“ და ახლაც შევძლებ როგორმე შენს დაუხმარებლად. - თავი აწია და შემომხედა.
-მირა...
-კარგი... ხოსე სახლში მიიყვანე. - გაგულისებულმა მომაძახა და ვერც კი მივხვდი ისე სწრაფად აძვრა მანქანაში და წავიდა.
კიდევ დიდხანს ვიდექით ცენტრალურ მაგისტრალზე მე და ხოსე. მე თვალებს ვახამხამებდი, ხოსე ყურებს აპარტყუნებდა. ბოლოს ურემზე ჩამოვჯექი, როგორც მირა იჯდა ცოტა ხნის წინ და ბოლოს მთელი ტანით გადავწექი. ხოსე დაიძრა. დარწმუნებული არ ვიყავი რომ სწორი გზით წამიყვანდა, მაგრამ ახლა ჩემთვის სულერთი იყო. ვიწექი და ცას მივშტერებოდი. ხოსეში ვცდებოდი. იმაზე მეტად ჭკვიანი იყო ვიდრე მეგონა, პირდაპირ თავის ეზოს ჭიშკართან მიმიყვანა. მე ისევ სიგრძე-სიგანეზე ვიყავი გაშოტილი ურემზე და ზეცას შევყურებდი. ხოსე გაჩერდა, მაგრამ თავი მაინც არ ამიწევია. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. ბოლოს ვიგრძენი რომ ვიღაც მომიახლოვდა. მივხვდი ვინც იქნებოდა. ცოტა ხანი უსიტყვოდ მიყურა. მე არ შემიხედავს. ბოლოს თვითონაც ურემზე ამოძვრა და გვერდით მომიწვა. ისიც ცას უყურებდა.
-საიდან მიხვდი რომ არ მოგეწონა? - პირველმა მე დავარღვიე სიჩუმე.
-რა?
-კოცნა.
-სულელური კითხვაა. - ჩაიცინა.
მეც ვიცოდი რომ სულელური კითხვა იყო, რომ უკანასკნელი იდიოტივით ვიქცეოდი, რომ ამ თითისტოლა გოგომ ლამის გამომათაყვანა, რომ...
წამოვიწიე, მისკენ გადავიხარე და ტუჩებზე შევეხე. ჯერ ფრთხილად... მსუბუქად. მერე ხელებიც მოვხვიე და უფრო ახლოს მივიზიდე. ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული, მერე ერთიანდ მოეშვა და ბოლოს საკუთარ თმებში ვიგრძენი მისი სიფრიფანა თითები.
პირველი იყო. გეფიცებით ის რაც მაშინ მირასთან ვიგრძენი, პირველი იყო.
-კვირის ბოლოს მივდივარ. - მის ბაგეებს ოდნავ მოშორებულმა ამოვილაპარაკე. - ჩემთან ერთად წამოდი. ახლავე დაველაპარაკები შენებს.
წამოვიწიე, მაგრამ ადგომის საშუალება არ მომცა.
-არ გინდა. - თვითონ წამოდგა და ხელები წელზე შემოიხვია.
-რა არ მინდა? - იდაყვს დავეყრდენი და ისე შევხედე.
-არ წამოვალ. - არ მობრუნებულა ისე მითხრა.
სიცივემ დამიარა მთელ სხეულში. მივხვდი რომ მართლა არ წამოვიდოდა. იმაზე მეტად იმოქმედა უარმა, ვიდრე წარმომედგინა.
-ხომ გინდოდა... თუ გინდა... - წამოვიწყე, მაგრამ ხელი ამაფარა პირზე და გამაჩუმა.
-არ მინდა და მორჩა! - შევატყე, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
-რა იყო, კოცნა არ მოგეწონა? - შევეცადე გავხუმრებოდი.
-არა უშავდა. - ღიმილით გადმომხედა მხარსუკან.
მეტი არაფერი მითქვამს. იმედი მქონდა კვირის ბოლმდე გადავაფიქრებინებდი.
არ გადაიფიქრა.
არ წამოვიდა...
მე წამოვედი. მომიწია წამოვსულიყავი. ალბათ უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ არ დავრჩი.
ისევ მანქანაში, საჭესთან მჯდომმა გავაანალიზე ყველაფერი. ის რომ მომიწევდა დავბრუნებულიყავი რეალობაში. იქ სადაც სიცარიელე იყო. იქ სადაც არასდროს არაფერი იცვლებოდა. იქ სადაც ირონიისთვის უფრო მეტი დრო მქონდა, ვიდრე ცხოვრებისთვის. ამის გაცნობიერებაზე მთელი ორგანიზმი მტკიოდა. სხეულის თითოეული უჯრედით ვგრძნობდი როგორ ვცარიელდებოდი მეც.
რეალობა ბევრად ფერმკრთალი იყო... უინტერესო... თითოეული ახალი დღე -დამოუკიდებელი ფურცელი. არა რვეულის ნაწილი, რომელიც წინა გვერდის გაგრძელებაა, არამედ ერთი დამოუკიდებელი, უინტერესო ეპიზოდი. ისეთი, რომელზე დაწერაც არ ღირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები