ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2016


მირა (დასასრული)

მერე...
მერე მაკა დაბრუნდა.
საკმაოდ დიდხანს იქვითინა ჩემს მხარზე და სავარაუდოდ „დაწვრილებით“ ამიხსნა, როგორ უჭირდა უჩემოდ და როგორ ვჭირდებოდი. მერე ჩემოდნით მომადგა სახლში და დარჩა. არაფერი მითქვამს. ალბათ მეც მჭირდებოდა რაღაც, რაც მაგრძნობინებდა რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. მაკა ის რეალობა იყო, რომელთანაც უკვე დიდი ხნის შეჩვეული ვიყავი. ახლა მის გარდა სხვას ვერავის მივიღებდი. არადა ჰაერივით მჭირდებოდა ვინმე.
მაკათი მირა ვერ ჩავანაცვლე...
მირას ჩანაცვლება უტოპია იყო...
უბრალოდ უიმისო სამყაროში არსებობას ვცდილობდი. არსებობა გამომდიოდა, ცხოვრება ჯერ არა.
ჩვეულებრივი რუტინა. არაფრისმთქმელი ყოველდღიურობა. საკუთარი არსებობის შეგრძნების არადამაჯერებელი მცდელობა. მეგობრების წრეში გულიანი ხარხარი, რომელიც შინაგანად არცერთ ნერვს არ ეხება.
გადავწყვიტე ზედაპირულად მეცხოვრა. მანამდე მაინც სანამ ამ ყველაფერს შევეჩვეოდი. სამსახურის მერე გართობა გონების დაკარგვამდე და დილით ძლივსგახსენებული წინა საღამო.
იმ დღესაც ქორწილში ვიყავით მე და მაკა. მისი მეგობრის მამიდაშვილის ქორწილში. საკმაოდ დიდი ხანი მარწმუნებდა ძალიან ახლობლები ვართო. მართალია ფიზიკურად სულ რაღაც ორჯერ მყავს ნანახი, სამაგიეროდ სოციალური ქსელით ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვსო. „მყარი“ არგუმენტი იყო, ვერაფრით შევეწინააღმდეგე და თეთრ პერანგსა და მუქ ლურჯ კოსტუმში გამოწყობილი მაკას მეგობრის მამიდაშვილის ქორწილში ვიჯექი, ძვირიან ვისკის ვწრუპავდი და ვცდილობდი გამეხსენებინა რომელი იყო სიძე. დარწმუნებული ვარ თეთრი კაბა რომ არა, პატარძალსაც კი ვერ ვიცნობდი. ალბათ ვერც მაკა. მითუმეტეს ამ მდგომარეობაში. იმ საღამოს არც მას დაუდგამს ჭიქა მაგიდაზე. ბოლოს რომ მივხვდი სიძეს ორმოცდამეათეჯერ ჰკითხა სახელი და შეეცადა სკამზე ამძვრალიყო, რომ ახლა იქიდან დაელოცა ახლადშეუღლებულები, წამოვდექი ყველას დავემშვიდობე და და მაკასთან ერთად გარეთ გამოვედი. საკმაო მანძილი უნდა გაგვევლო მანქანამდე. ისიც კი ვიფიქრე ტაქსით ხომ არ წავიდეთ-თქო, მაგრამ ვერ ვიტან მანქანის სხვაგან დატოვებას. მაკას ხელი მაგრად მოვხვიე წელზე, რომ კისერი არ მოეტეხა და ჯიუტად გავწიე ავტოსადგომისკენ. იტყვით ალბათ ნასვამიო... დიახ, ბატონო, ჩემი მორიგი მავნე ჩვევა, რომელსაც არ  ვიცი ოდესმე გადავეჩვევი თუ არა - ნასვამიც ვჯდები საჭესთან. ის იყო მივაღწიე მანქანამდე და კარიც უნდა გამომეღო, რომ...
ყველაფერი დატრიალდა. იმ წუთას დავიფიცებდი რომ დედამიწამ ბრუნვა ააჩქარა. სიმთვრალის ბრალი არ იყო. მირას ბრალი იყო... მირასი, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, გულზე წიგნები და რაღაც კონსპექტები აეხუტებინა და თვალს არ მაშორებდა. უფრო სწორად მე კი არა, ჩემ მხარზე პირსახოცივით გადაკიდებულ მაკას უყურებდა. აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა მაკა მანქანაში ჩავსვი (მგონი ჩაეძინა კიდეც) და ხელები ჯიბეში ჩავიყავი. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე, მირა არ ინძრეოდა - ვერც მე.
ბოლოს ისევ მე გადავდგი მისკენ ნაბიჯი და  მივუახლოვდი. თვითონ უკან დაიხია და საბოლოოდ ზურგით ხეს მიეყუდა. წინ დავუდექი და ხელი მისკენ წავიღე. ვერ გავბედე შევხებოდი და იმ ხელით მის ცოტა ზევით ხეს მივეყრდენი. ძალიან ახლოს ვიდექი, თუმცა არ ვეხებოდი. ისევ მიყურებდა, ისეთი მზერით, როგორიც მხოლოდ მირამ იცოდა.
-არ გინდა, - პირველად ამოიღო ხმა მირამ მთელი ამ ხნის მანძილზე და მივხვდი, რომ გაუცნობიერებლად მისი ბაგეებისკენ მივიწევდი. - სხვისი სუნი გაქვს.
გავშრი. უნებურად სუნთქვა შევიკარი, საკუთარ თავში სხვისი სუნი რომ არ მეგრძო. მოვშორდი და რამენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი. ის ხელი ისევ ჯიბეში ჩავიყავი და გავუღიმე. თვითონაც გამიღიმა და წავიდა.
ისევ ისე, მხრებაწურული მიდიოდა, როგორც მაშინ ცენტრალურ მაგისტრალზე. ისეთივე მტკიცე ნაბიჯით. ახლა იმედი მქონდა რომ ტიროდა. მინდოდა თუნდაც ერთი ცრემლი ჩამოეგდო ჩემი გულისთვის. მე რომ შემძლებოდა იმ დროს მოთქმით ავღრიალდებოდი.
ბოლომდე ვუყურე. თვალს როგორც კი მიეფარა მანქანისკენ მივბრუნდი და საჭეს მივუჯექი. მაკას წინა სავარძელზე ეძინა. არაფერი გაუგია. გვერდზე გადავარდნილი თავი გავუსწორე და ძრავი დავქოქე. სახლში ხელით ავიყვანე. ისევ ეძინა. ლოგინში ჩავაწვინე და თვითონ აივანზე დადგმულ სკამზე ჩამოვჯექი. ფეხები მოაჯირზე შემოვაწყე და საზურგეზე გადავწექი. სექტემბრის ჯერ ისევ თბილი საღამო იყო. ფიქრისთვის იდეალური გარემო. ფიქრები კი ბუზებივით მერეოდა თავში. მირა აქ იყო, თბილისში და წიგნებით და კონსპექტებით თუ ვიმსჯელებდით, სწავლობდა. მაინც მოახერხა და ჩამოვიდა. ნეტა როგორ დაითანხმა? იქნებ გამოიპარა და ახლა მთელი საქართველო ეძებს.
დილამდე ვფიქრობდი. ვერც მივხვდი როგორ დამათენდა. ძვლები მტკიოდა, მთელი სხეული დამბუჟებოდა ერთიდაიგივე პოზაში ჯდომისგან. წამოვდექი და სახლში შევედი. მაკას გაღვიძებოდა და სამზარეულოში იჯდა. თავზე ყინულის ნატეხები შემოედო და თვალებს ძლივს ახელდა.
-როდის წამოვედით? - ბოხი, ჩახრინწული ხმით მკითხა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.
-მაკა, რისი სუნი მაქვს? - მე თვითონ არ ვიცი რატომ ვკითხე.
-მჟავე კიტრის, ან მინერალური წყლის. - შუბლი მაგიდის ცივი ზედაპირისთვის არ მოუშორებია ისე ამოიკვნესა.
მეტი არაფერი მითქვამს. აბაზანაში შევედი - „სხვისი“ სუნი უნდა მომეშორებინა. იქიდან გამოსულს მაკა უკვე მისაღებში დამხვდა, ისევ ხალათით იჯდა და სავარძელში გადაწოლილს თვალები დაეხუჭა.
-მაკა, უნდა წახვიდე. - მტკიცე ხმით ვუთხარი, ის რასაც უკვე რამდენი ხანია ვფიქრობდი.
გაოგნებულმა ამომხედა.
მაგიდაზე მანქანის გასაღები დავუდე.
-რასაც თვლი რომ შენია, წაიღე.
ხმა არ ამოუღია. ალაბთ იცოდა ადრე თუ გვიან ასე რომ მოხდებოდა. უბრალოდ სახე გაუფითრდა. მეტი არაფერი მითქვამს. კარი გამოვიხურე და წამოვედი. ფეხით დავუყევი დაღმართს და წამოწეულ ტაქსის ხელი დავუქნიე.
საღამოს სახლში დაბრუნებულს მაკა აღარ დამხვდა. მხოლოდ თავისი ტანსაცმელები წაეღო. მანქანის გასაღებიც კი ხელუხლებლად იდო მაგიდაზე. ვაღიარებ თავი ცუდად ვიგრძენი. რაც არ უნდა ყოფილიყო მაკა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდი არ ყოფილა. თუმცა საკუთარი საქციელის სისწორეში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. მაკა არ მიყვარდა. უბრალოდ მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობი. არც მაკას ვუყვარდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რამდენიმე თვის წინ წასვლას ვერ შეძლებდა. უბრალოდ ისიც შეჩვეული იყო ჩვენ ყოველდღიურობას და ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობდა. ახლა ალბათ ის ჩემზე მეტად განიცდიდა, მე მას მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებდი.
კიდევ რამდენიმე დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად. იმისთვის რომ აზრები დამელაგებინა და მე თვითონ მივმხვდარიყავი რა მინდოდა.
მირა უნდა მენახა. ვიცოდი რომელ უნივესიტეტში უნდოდა სწავლის გაგრძელება და იმედი მქონდა გადაწყვეტილებას არც შეცვლიდა. დილიდან უნივერსიტეტთან ველოდებოდი. დიდხანს ველოდე, არ ჩანდა. ისიც კი ვიფიქრე იქნებ სულაც არ ჩაუბარებია აქ და ტყუილად ველოდები-თქო. ის იყო წასვლასაც ვაპირებდი, რომ გამოჩნდა. მანქანიდან გადმოვედი. მაშინვე დამინახა. ახალგაზრდების ჯგუფს დაემშვიდობა და ჩემკენ წამოვიდა. სუნთქვა შემეკრა... რას მიშვება ეს თითისტოლა გოგო?! ნერვიულობა რომ დამეფარა ხელები ჯიბეში ჩავიყავი და მანქანის კარებს მივეყუდე.
მომიახლოვდა. იღიმოდა, ზუსტად ისე, მე რომ ჭკუიდან გადავყავდი. ძალიან ახლოს მოვიდა და ფრთხილად მაკოცა ოდნავწამოზრდილ წვერზე. გამიმართლა იმ წუთას საყრდენს რომ ვგრძნობდი.
-არაფერი შეცვლილა. - გაიცინა და მანქანას გადახედა. - ისევ ერთად ხართ.
მეც გამეღიმა და მანქანის კარი გავუღე. ჩაჯდა და ღვედი შეიკრა. გამეცინა. ისევ ის მირა იყო. მართლა არაფერი შეცვლილიყო. საჭეს მივუჯექი და ძრავი დავქოქე.
-ცოლი გყავს? - პირველმა დუმილი მირამ დაარღვია. შეეცადა სახეზე ემოცია არ დატყობოდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე შუბლთან ნერვიულად მფეთქავი ძარღვი.
-არა. - ცოტა დავაყოვნე პასუხი. უნდა ვაღიარო მსიამოვნებდა ჩემი გულისთვის აცახცახებული ხელები, რომლის დამალვასაც მთელი მონდომებით ცდილობდა.
-აბა, ის ვინ იყო? - არ შემოუხედავს მაგრამ ვიგრძენი რომ დაამშვიდა პასუხმა.
-წარსული. - გვერდულად გავხედე.
-ახლობლები ყოფილხართ შენ და შენი წარსული. - ირონიულად აიბზუა ტუჩი.
-შენ? - სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. - შენ როგორ მოახერხე ჩამოსვლა? მაინც დაითანხმე შენები?
-ნწ.
-აბა?
-გავთხოვდი.
მკვეთრად დავამუხრუჭე მანქანა და მთელი ტანით შევბრუნდი მირასკენ. გაოგნებისგან, საოწარკვეთისგან, უსუსურობისგან მეტყველების უნარი წამერთვა. წამის მეასედში ათასმა ფიქრმა გამიელვა თავში. ახლა რომ ვაანალიზებ თითოეული მათგანი, მხოლოდ არაადეკავტურ ადამიანს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში. ალბათ ხუთი წუთი ვიყავი ჩუმად. გონს გაბმულმა საყვირის ხმებმა მომიყვანა. შუა ქუჩაში ვიყავი გაჩერებული და მოძრაობას ვკეტავდი. აკანკალებული ხელით დავქოქე მანქანა და იქვე ჩიხში შევაყენე.
მირა ისევ ისე მშვიდად იჯდა და წინ იყუებოდა.
-რატომ! - ძლივს გამოვცერი კბილებში.
-ასე ჯობდა.
-ვისთვის?
-პლანეტისთვის.
-იმას გაყევი? გამგებლის შვილს? - ღვარძლი გავურიე ხმაში.
არაფერი მიპასუხა.
-სიტყვა შეასრულა. - ირონიულად ჩავიღიმე. - თავპირიც დამალეწა და წელშიც გადამტეხა.
კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი. სუნთქვა მიჭირდა. ყველაფერი დამთავრდა. ვერ ვიჯერებდი.
-ბედნიერი ხარ? - არც კი მივბრუნებულვარ ისე ვკთხე მანქანიდან გადმოსულ მირას.
არ მიპასუხა. შევბრუნდი და გული მომეწურა - ტიროდა. ცოტა ხანს მიყურა, მერე მხრები აიჩეჩა, შებრუნდა და წავიდა. ვხედავდი როგორ მიდიოდა, ისევ მხრებაწურული, ისევ მტკიცე ნაბჯით. ახლა ვიცოდი რომ ტიროდა. ცენტრალური ქუჩა ისე გადაჭრა რომ თავი არ აუწევია. დავიძაბე, მაგრამ მშვიდობით შედგა ფეხი ქუჩის მეორე მხრეს ბორდიურზე და ხელი მომავალ ტაქსის აუწია. როგრც კი ჩაჯდა, მეც მანქანაში დავბრუნდი და ვერც კი მივხვდი ისე ავედევნე უკან.
ტაქსი იტალიურ ეზოსთან გაჩერდა. უკვე ვიცოდი სად ცხოვრობდა. ვერ გეტყვით აწი რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ამბავს - ის უკვე სხვისი ცოლი იყო, მაგრამ გაუცნობიერებლად ყოველ დილით მე ისევ მის სახლთან მივდიოდი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა, როგორ დაუყვებოდა დაღმართს. უნივერსიტეტამდე ვაცილებდი. მერე იქიდან სახლამდე. რა თქმა უნდა შორიდან. ახლოს მისვლას ან ვერ ვბედავდი, ან არ მინდოდა დაენახა, როგორ ვიშლებოდი ნელ-ნელა ჭკუიდან ამხელა კაცი.
დაახლოებით ერთი კვირა ვუთვალთვალებდი. არცერთხელ დამინახავს მის გვერდით სხვა. სულ მარტო იყო. ნელ-ნელა რაღაც იმედისმაგვარი მიღვივდებოდა გულში, მაგრამ ამაზე გაბედულად ფიქრს ვერ ვბედაბდი. მანამ, სანამ ერთხელაც არ მოვიკრიბე გამბედაობა და მის კარზე არ დავაკაკუნე.
კარი გამიღო. გაოცების ნატამალიც არ ეტყობოდა სახეზე. თითქოს იცოდა რომ მივიდოდი. არაფერი უთქვამს ისე გაიწია გვერდზე და სახლში შემატარა. ერთი პატარა ოთახი იყო თავისი სამზარეულოთი. თავლი მოვავლე იქაურობას.
-რას ეძებ? - საკმაოდ ნაწყენი ტონით დაიწყო. - ქმარს?
არაფერი ვუპასუხე. უკვე ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.
-კარადაში ვმალავ. - ისევ გაბრაზებული განაგრძობდა.
გამეღიმა... უკვე ამის მიზეზიც მქონდა. ახლა დარწმუნებით ვიცოდი, რომ მირამ მომატყუა, რომ არავის გაყოლია ცოლად და მე უბრალოდ უკანასკნელი იდიოტი ვიყავი, ეს აბსურდი რომ დავიჯერე.
-რაში დაგჭირდა? რატომ... - წამოვიწყე, მაგრამ გაგრძელების საშუალება არ მომცა.
-რატომ? იმიტომ რომ წამოხვედი, იმიტომ რომ იქ დამტოვე, იმიტომ რომ არ მაიძულე. მე... მე მქონდა ყოყმანის უფლება, იმიტომ რომ ბევრი რამ არ მესმოდა. იმიტომ რომ მეშინოდა... გამოგყვებოდი აქ და... რომ არ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც შენ გინდოდა? რომ არ გყვარებოდი? მარტო ფორმალული მხარე რომ ყოფილიყო ჩვენ ურთიერთობაში? მეშინოდა, რომ მხოლოდ სიბრალულის გამო მთხოვდი წამოსვლას. საცოდავი ობოლის ოცნება რომ აგესრულებინა და შანსი მიგეცა. - უკვე ხმა უკანკალებდა. - უნდა წამოგეყვანე, ჩემი იქ დატოვების უფლება არ გქონდა. უნდა დაგემტკიცებინა რომ შენც ისევე გიყვარდი როგორც მე. - ბოლო სიტყვები ჩურჩულით თქვა.
მეტი ვეღარ შევძელი და მისკენ გადავდგი ნაბიჯი, ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი. ის უკვე ჩემ მკლავებში ტიროდა. თავი ავაწევინე და მისი ტუჩებისკენ დავიხარე. ღმერთო როგორი გამოხედვა ჰქონდა. ისეთი მე რომ ჭკუას მაკარგვინებდა. ზურგზე ვიგრძენი მისი სიფრიფანა თითები და საბოლოოდ დავკარგე თავი.

****
ჩემს ცხოვრებაში მირა ერთადერთი ცვლილება იყო, რომელსაც პირველივე დღიდან შევეგუე, თან ისე რომ მასთან გადაჩვევა უტოპია იყო. თითქოს არც ყოფილა ცვლილება, თითქოს ისედაც სულ ჩემ გვერდით იყო და უბრალოდ ახლა შევამჩნიე. იმ დღიდან მე და მირას საერთო ცხოვრება გვქონდა.
მართალი გამოდგა სოფელი. მირა იქ დედამისივით უზარმაზარი მუცლით დაბრუნდა... მაგრამ ჩემთან ერთად. საკუთარ ოჯახთან ერთად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები