| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 14 ივლისი, 2016 |
ყავა გამომლევია. რა უცნაური სიტყვაა "გამომლევია". კარგად მახსოვს , გუშინწინღამ ბოლო კოვზი რომ ჩავყარე, გუშინ, რომ აღარ მქონდა, ჩაი დავლიე, თანაც სამჯერ. სახლში მარტო ვცხოვრობ, არც ვინმე გახარჯავს, არც ვინმე მიყიდის და ეს "გამომლევია" რა ჯანდაბა სიტყვაა... სახლში ყავა არ მაქვს ! - ასე უფრო სწორია. ხელფასამდე ოთხი მძიმე დღე დარჩა, მე კი საფულეში მხოლოდ გაუკეცავი ხუთლარიანი მიდევს და შუშის სუვენირივით ვინახავ. მეშინია, "სულ უფულოდ " არ დავრჩე.(აფთიაქთან გული არ წამივიდეს და ვალოკორდინი განვადებით არ გამოვიტანო) ეს "სულ უფულოც" რა სასაცილო სიტყვაა ხელფასის დღესაც სულ უფულო არ ვარ? ოცდაერთში აღებული ოცდაორში აღარაა. მერე მთელი თვე ნისიაზე ვაზივარ ელზას მაღაზიას.
უყავოდ ვერ გავჩერდები. არადა ელზამ ამას წინათ ისეთი საშინელება გამომატანა.,არ მაქვს სურვილი, მეტად გავუსაღო ჩაშმორებული ყავა. (ჩემმა ყოფილმა დედამთილმა სანამ ქინძი და უცხო სუნელი არ დაფქვა, ერევნიდან ჩამოტანილ მწვანე ყავის საფქვავში, მანამდე უტრიალა გარშემო.) ისევ ზაურას მაღაზიისკენ უნდა გადავიდე.არადა მის კარზე გადის ნისიის ზღვარი. საფულეში ჩავიხედე, "გაუკეცავი" ისევ იქ იდო. ეზოდან გავფრატუნდი. მოსახვევში თემო დამეჯახა... - საყიდლებზე მივდივარ - "მხოლოდ ყავა" ვერ ვახსენე - მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე. - დეი, ხუთი ლარი მასესხე. - მჰმჰ - ტვინში რაღაცეები აითხლიზნა. - ჰო , მასესხე და დაგიბრუნებ აუცილებლად - ლურჯი და უძირო თვალები მომაბჯინა ყელში. იმის თქმას, რომ მეტი არ მქონდა, მიცემა ვამჯობინე. გაიქცა და იქვე მჯდომ მათხოვარს ჩაუგდო. ქალმა ხელები აატოტინა, ალბათ დალოცა. თემომ შორიდან ხელი დამიქნია და გაქრა. უკან ხომ არ გავბრუნდებოდი,ზაურას მაღაზიაში მაინც გადავედი. დავათვალიერე და წამოვედი. - სახლში ჩაის პაკეტები მაქვს - ბებიაჩემმა რომ გამხმარი პიტნა გამომიგზავნა, ისიც კარადაშია. ხელფასამდე ოთხი დღეა დარჩენილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|