ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2016


პროცესი (1)

„მისი ბავშვობიდან მეშინოდა...
ყოველთვის უსიამოვნო გრძნობას იწვევდა. ვერასდროს ვხსნიდი რა იყო ეს, თუმცა მისი დანახვისას ერთი სურვილი მიჩნდებოდა - რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი მისგან. ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი... ან რა საერთო უნდა მქონოდა მასთან? არც არაფერი. აბსოლუტურად განსხვავებული გარემო გვქონდა, განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული ცხოვრების წესი და რადიკალურად განსხვავებული აზროვნება. რომ არა ჩემი ძმა ალბათ მისი სახელის და გვარის გარდა, არაფერი მეცოდინებოდა მასზე. დიდად ვერც იმას ვხვდებოდი რა საერთო უნდა ჰქონოდა საბას მასთან. წარბგაუხსნელი, რაღაცნაირი უსიამოვნო ტიპი იყო. კარგიც არაფერი მსმენოდა მასზე. ბავშვთა სახლიდან ახალი დაბრუნებული იყო. მარტო ცხოვრობდა, არც მომკითხავი ყავდა ვინმე და არც ჭკუის დამრიგებელი. ამიტომ ძირითადად დროს გარეთ ატარებდა და თანატოლების ტერორით ირთობდა თავს. არსად მუშაოდა, მაგრამ ფული ყოველთვის ჰქონდა. აღნაგობით საკმაოდ ძლიერი იყო, მაღალი მხრებგანიერი, ზამთარ-ზაფხულ გარუჯული. არასდროს იცინოდა, ყოველ შემთხვევაში მე არასდროს მინახავს. მთელმა უბანმა იცოდა ვინ იყო დათა აბაშიძე.
ჩვენი ნაცნობობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად მე და ჩემი ძმა. დედას სიკვდილის მერე ბებიამ რომ წამოგვიყვანა ბათუმში, საბა 16 წლის იყო, მე ცამეტის. მეძნელებოდა შეგუება ახალ გარემოსთან. ზაფხულობით კი ხშირად ვსტუმროდით ხოლმე აქაურობას, მაგრამ შემოდგომის და მითუმეტეს ზამთრის ბათუმი მეუცხოებოდა. ვერც აქაურ ბავშვებს ვეგუებოდი. ვერ ვიტყვი რომ თვითონ ისინი მექცეოდნენ ცუდად. პირიქით, ცდილოდნენ სიტყვები მოეზომათ, რამე ისეთი არ ეთქვათ, რაც გულს მატკენდა. ერთი სიტყვით მე მათთვის ობოლი ვიყავი, რომელიც უნდა შეცოდებოდათ. სწორედ ეს მთრგუნავდა და თავს შორს ვიჭერდი მათგან. სკოლიდან ხშირად ვიპარებოდი და სანაპიროზე, ერთ ამოჩემებულ ადგილას მივდიოდი, ჩანთაზე ვჯდებოდი და ზღვას გავყურებდი დაუსრულებლად. ტალღებს ვითვლიდი და სურვილებს ვიფიქრებდი...
„მეცხრე ტალღა თუ დიდი იქნება თბილისში დავბრუნდები...“
„თუ გავძლებ ოცდამეშვიდე ტალღამდე და თვალს არ დავახამხამებ... გამეღვიძება და... ეს ყველაფერი სიზმარი იქნება... ცუდი სიზმარი, რომელიც გაღვიძებისთანავე სრულდება.“
ოცდამეექვსეზე თვითონ ვახამხამებდი თვალს, რომ მთელი ამ თამაშის ხიბლი არ დამეკარგა. იმასაც ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ზედმეტად რელური იყო და ადრე თუ გვიან მომიწევდა ამასთან შეგუება. უბრალოდ დრო მჭირდებოდა... დრო კი თვზესაყრელად მქონდა.
საბას ჩემსავით არ გაჭირვებია.
არა, დედას სიკვდილი მანაც ძალიან განიცადა, მაგრამ აქაურობასთან შეგუება ბევრად გაუადვილდა. თანატოლებსაც ადვილად გაუგო და უმეტეს დროს მათთან ატარებდა. არ მომწონდა როცა საბას დათას კომპანიაში ვხედავდი. რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც, მაგრამ გამიცინებდა და მეტყოდა:
- ნეტა, შენ რა გესმის, კატო, ამ ცხოვრების? - თავზე მაკოცებდა და ისევ მასთან მიდიოდა.
რამდენჯერმე დათას პირისპირაც შევხვდი. სანაპიროზე ვსეირნობდი თავჩახრილი და მოულოდნელად მთელი ტანით შევასკდი. ხელი შემაშველა რომ არ წავქცეულიყავი. შიშით უკან გავხტი და ხელები გავაშვებინე. წარბშეუხრელად მიყურებდა. რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი მეც, არც თვითონ ამოუღია ხმა. ბოლოს ისევ მე შევბრუნდი და ჩქარი ნაბიჯით გავეცალე. ვხვდებოდი რომ თვითონ ისევ არ განძრეულა ადგილიდან. კიდევ დიდხანს ვგრძნობდი მის მზერას ზურგზე.
სიტყვაუხვობით ზოგადად არ გამოირჩეოდა. მე კი საერთოდ არ მცემდა ხმას, მხოლოდ მიყურებდა. ეს კიდევ უფრო მთრგუნავდა. დიდი ხანი არც კი გამეგო მისი ხმა.
ერთხელ, მაშინ რამდენიმე კვირის ჩამოსულები ვიყავით ბათუმში თუმცა მასზე უკვე გამეგო და ვიცოდი ვინც იყო დათა აბაშიძე, სკოლის კარებთან შეშფოთებული სახით ნათია მომვარდა და საბა ჩხუბობსო - მომახალა. ნათია ჩამოსვლის დღიდან ეპრანჭებოდა ჩემ ძმას და მის სახეს რომ შევხედე, მივხვდი კარგი დღე მართლა არ ადგა საბას. მაშინვე თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სანაპიროსკენ. შეკრებილი ბიჭების წრე გავარღვიე და დავინახე თავპირდასისხლიანებული საბა, რომელიც მიწაზე ეგდო, ზედ თავისზე ორი თავით მაღალი ბიჭი შემოჯდომოდა და უმოწყალოდ ურტყამდა. ის ახმახი აშკარად საბაზე ძლიერიც იყო და უფროსიც. მაშინვე საბას მივვარდი და მართლა არ მახსოვს, როგორ ავათრიე მასზე გადამჯდარი ახმახი. საბამ თვალები გაახილა და მაშინვე დახუჭა. თვალები ცრემლებით ამევსო და იქვე შეკრებილებს შევძახე.
- სულ გადაირიეთ... ხალხი ხართ თქვენ? - თვალი მოვავლე მათ და უნებურად შევამჩნიე წრიდან ერთი ნაბიჯით გამოყოფილი დათა. მივხვდი ვისი მოწყობილიც იყო მთელი ეს გლადიატორების ბრძოლა. - ცხოველი ხარ. - მთელი ღვარძლი ამოვანთხიე. - სიამოვნებას ღებულობ სხვისი სისხლის ნთხევით? - წამოვდექი, მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და მე თვითონაც ვერ გავიაზრე როგორ მოვიქნიე ხელი და როგორ გავარტყი მარცხებნა ლოყაში.
თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.
-კატო... - ზურგსუკან საბას ხმა გავიგე. მივბრუნდი და დავინახე უკვე წამომჯდარი ფეხზე ადგომას ცდილოდა. მისკენ წავედი და წამოდგომაში მივეხმარე. მხარზე ჩამომეყრდნო და ნელი ნაბიჯით დავტოვეთ იქაურობა.
მიუხედავად ხალხის სიმრავლისა სანაპიროზე მაინც სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ვგრძნობდი რომ განძრევასაც ვერავინ ბედავდა. დათასთვის ჩემი სილის მერე აღარც შემიხედავს, მაგრამ ვგრძნობდი რომ თვითონ თვალს არ გვაცილებდა სანამ თვალს არ მივეფარეთ.
ზღვასთან ახლოს ჩამოვჯექით. მუჭით წყალი შეისხა საბამ სახეზე.
- როგორ გაბედე... - არ დაასრულა საბამ და თვალი ამარიდა.
- რა გავბედე? - რისხვით შევხედე.
- იცი ვინ არის?
- ერთი საცოდავი კაცუნა... აი ვინ არის ეგ შენი დათა.
- ეეჰ, კატო, ბევრი რამ არ გესმის შენ.
- შეიძლება, მაგრამ აი მასეთი კაცობის გაგება არც მინდა. - ცრემლი მომერია მე.
- სულელი ხარ. - გაღიმება სცადა და მხარზე ხელი მომხვია.
-მირჩევნია სულელი ვიყო, ვიდრე... - ვეღარ დავასრულე და გავჩუმდი, სატირლად მობრეცილი ტუჩები რომ დამემორჩილებინა.
საღამოს ბებიაჩემმა მთელი უბნის გასაგონად შეიცხადა საბას დანაყული სიფათი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები