ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა ბიბიჩაძე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2016


სტუმრად კეთილი ეშმაკი :)

მოგესალმებით ბატონებო, ჯოჯოხეთიდან,
შემოვდგი ფეხი, მოველ ქალაქად,
მოგესალმებით ბატონებო ჯოჯოხეთიდან:
-ხვავი, ბარაქა!
-რა მასკარადი გაგიმართავთ?! სახტად გიყურებთ,
ვით გენერალი თავის ყაზარმას,
საკვირველია, ასე მჭიდროდ რად დაგიხურათ
თვალი ნაცარმა?
ან ამ მასკარადს რად ჭირდება ამდენი გახდა,
(გადმოგეცემათ სიშიშვლის გერბი)
-ხომ არ ჯობია საქართველოვ, რანთა და კახთა
მადიდოთ...... კერპი.
სასურველია კერპი იყოს ხის, ან ბრინჯაოს,
დიდი ყურებით, რქებით, ეჟვნებით,
ნუ იტყვით ჩემზე, რა ეშმაკი შემოგვიჩნდაო,
ნუღარ ევნებით.
ნურც იმას იტყვით, რომ ქალაქად ეშმაკს რა უნდა,
სახებოროტს და ფეხებდეზიანს,
ეს დედამიწა ჩემს ქვესკნელურ "ანდერგრაუნდზე"
უკეთესია.
და გეახელით მოკითხვებით ბებიათქვენის,
ბაბუათქვენის, ა.შ. და ა.შ.
თქვენ კი სიზმრები, გარდაცვლილთა ხსოვნით ნატკენი
ჩაყარეთ წყალში.
მეჭურჭლეებო, მაქეიფეთ, მოდით, დავზავდეთ,
შემოგვისუფრდეს იქნება ღმერთიც,
ამაწევინეთ სადღეგრძელო, სანამ დაზვავდა
ბოლო აღმართი,
ბოლო მწვერვალი, ბოლო სახლი, ბოლო ხედი და
მთელი ამ ქვეყნის მიეთ-მოეთი,
ისტორიაში ერთად-ერთხელ, ჯოჯოხეთიდან
თქვენთან მოვედი.

ლაშა ბიბიჩაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები