ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პროზა
23 ივლისი, 2016


AMIGO (რეალურ სიუჟეტზე)

ლონდონი. ნისლი.
ვერ იტანს ღრუბლებს.
ოციოდე წუთის წინ ჩავიდა იქ და უკვე უზომოდ მოენატრა საქართველოს ზეცა.
გვერდზე მარინა ჰყავს, საყვარელი ცოლი. მაღალი, ხმელი, ცისფერთვალება. მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზადაა, მზადაა შეეგუოს ლონდონის მოღუშულ ცასაც.
ბიძას მიაკითხავს, მუშაობას დაიწყებს. იმდენს იშოვის, რომ შეძლოს არჩინოს საყვარელი ცოლი. შემდეგ, რა თქმა უნდა, დაუბრუნდება საქართველოს, ურომლისოდაც ვერ გაძლებს. მათ ახალგაზრდა ოჯახს წელში გამაგრება სჭირდება. შემდეგ, ყველაფერი თავის რიტმში ჩადგება...
* * *
ერთი წელიც არ გასულა, რაც ლონდონში არიან. ვერ შეეგუა ლონდონის ცას, ნიადაგ ღრუბლიანს. იშვიათად რომ მზე გამოანათებს, უხარია. თუმცა მცირე ხნით, მაგრამ მაინც გრძნობს სიახლოვეს სამშობლოსთან.
მაინც ვერაფრით ეგუება ამ ყოველივეს, ერთ წელსაც კიდევ თუ გაძლებს, ისიც მარინას ხათრით. მარინას არ სურს დაბრუნება, თავს მშვენივრად გრძნობს. მეგობრებიც შეიძინა, მათთან ერთად დასეირნობს წვიმიან ქუჩებში, ერთობა კიდეც, თავს იწონებს.
თავად კი დაიღალა, დაღალა სამსახურმა, ამინდმა, ლონდონის ცამ. თითქოს სუნთქვაც უჭირს, ჰაერი მოენატრა სამშობლოსი.
***
ახლა აქ არის, საქართველოში. მაინც ვერ სუნთქავს ლაღად. ნისლს ხედავს აქაც, მაგრამ ეს ნისლი ახლა მის თვალებშია. ჩაკეტილია თავის ოთახში განმარტოებით და უკვე მერამდენედ კითხულობს წერილს, უფრო სწორად, წერილის თარგმანს. თვით წერილიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაიგო, მაგრამ მთავარის გაგება შეძლო. "AMIGO" - ეს სიტყვა იყო მისი სიხარული ლონდონის ციხის საკანში ჯდომისას, ამ სიტყვამ იგი სიცოცხლიოსკენ შემოაბრუნა. პირველად, ცოცხალ-მკვდარს ჩაესმა, ყოფისგან დაცინულს, განადგურებულს. ვერაფერს მიხვდა, ვერ გაეგო სად იყო, ან იქ საიდან მოხვდა. შემდეგ ყველაფერი აღიდგინა. სასამართლოს დარბაზიც გაახსენდა, საყვარელი ცოლიც მოწმის სკამზე. განაჩენის გამოცხადებისას, დარბაზში იჯდა მარინა ჟღალთმიანი ინგლისელის გვერდზე. ადრეც ენახა ეს კაცი, მარინას ახალი მეგობრის საქმროდ გაიცნო. ნუთუ, ყველაფერი ტყუილი იყო... ვეღარაფერს გრძნობდა, ტკივილის გარდა, გულში.
მაინც გაახილა თვალი, ბიძამისის მზერას შეეფეთა. გაკვირვებული და გაბრაზებული, შეჭმუხნული წარბებიდან გამოსცქეროდა მოხუცი. დინჯი და თან შერცხვენილი იყო მისი მზერა, "თაღლითი" ძმისწულის საქციელით შერცხვენილი.
ახლა შინ იჯდა და უკვე მერამდენედ კითხულობდა წერილს ნისლიანი თვალებით.
"AMIGO" - ეს სიტყვა უცვლელად იკითხებოდა. თარჯიმანს სთხოვა, ნუ შეეხებითო. თვითონ რამდენჯერმე გააგზავნა წერილი ლონდონის ციხეში, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი მხოლოდ ამ დილით მიიღო და უკვე მერამდენედ კითხულობდა:

""AMIGO", როგორ არის შენი გული, ხომ არ დარდობს ?
შენი წერილები წავიკითხე, მადლობელი ვარ. თუმცა ვერ გხედავ, მაგრამ მჯერა, ფეხზე დადექი. სევდა არ უნდა მოგერიოს, ხომ გესმის ჩემი ?! სიმხნევე გმართებს.
შემაგვიანდა წერილების წაკითხვა. საავადმყოფოში გადამიყვანეს, შეუძლოდ ვიყავი... უკეთ ხარო და დამაბრუნეს. ისევ იქ ვარ, სადაც ერთმანეთი გავიცანით, სადაც ველოდით ერთად თავისუფლებას. ისევ იქ ვარ და ძველებურად გავყურებ ლონდონის ცას ვიწრო სარკმლიდან. უკეთ ხარო... მე კი, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ დიდხანს ვეღარ ათრევს დატყვევებული სული ჩემს დამძიმებულ სხეულს. მაგრამ, მანამდე, სამშობლოში უნდა დავბრუნდე. თუნდაც ერთხელ ვიხილო ბასკეთის ზეცა.
ბევრს არ გავაგრძელებ, მე დავბრუნდები ესპანეთში და ჩვენ ერთი ზეცის ქვეშ ვიცხოვრებთ.
გახსოვდეს, ჩვენს მეგობრობას წლები წინ ვერ აღუდგება. ჩვენ ხომ საერთო ჰაერით ვსუნთქავთ.
და კიდევ - თვალები მედგრად გაუსწორე ცხოვრებას და გადალახე დაბრკოლებები.
იმედი დაგეხმარება.
მშვიდობით, არა, ნახვამდის AMIGO! იმ დრომდე, სანამ ღმერთი კვლავ ინებებს ჩვენს შეხვედრას."

ღვარივით წასკდა თვალებს დიდი ხნის ნაგუბარი ცრემლი და ნისლი გაფანტა. წამით, წარსულმა გაიელვა თვალწინ. გაახსენდა ლონდონის ცა, ოდესღაც საყვარელი ცოლი, ჟღალი ინგლისელი, ბიძის მზერა, უდანაშაულო სასჯელის ოთხი წელი... ერთგული მეგობრის ტკბილი ''AMIGO!''
სდიოდა ცრემლები. ცრემლებით მადლობდა უფალს, ამ დიადი მეგობრობის ღირსი რომ გახადა.
გარეთ კი, ზეცა იყო ღრუბლიანი.
წვიმას აპირებდა.

2007 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები