ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2016


პროცესი (2)

მეორე დღეს სკოლიდან გამოვედი თუ არა მთელი სისწრაფით მომავალმა მანქანამ პირდაპირ ფეხებთან დამიმუხრუჭა, ვერც კი მივხვდი როგორ ჩამავლეს ხელი და როგორ დამსვეს თვალისდახამხამებაში მანქანის უკანა სავარძელზე. ძლივს მოვასწარი მომხდარის გააზრება, რომ უკვე დიდი სისწრაფით მივქროდით სანაპიროს გასწვრივ. შეშინებაც ვერ მოვასწარი. ჩვენი უბნის ბიჭები ვიცანი. საჭესთან ის ახმახი იჯდა, რომელიც წინა დღეს ასე უმოწყალოდ გაუსწორდა საბას. იმასაც მივხვდი სად მივყავდი. ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ხმაც არ ამომიღია, ისიც კი არ მიკითხავს რა უნდოდათ ჩემგან.
მანქანა გაჩერდა და ხელი მომკიდეს ისე გადმომიყვანეს, თუმცა ალბათ რომ გაეშვათ ხელი მაინც არსად წამსვლელი არ ვიყავი. ვხვდებოდი რამდენად უღირსი საქციელი იქნებოდა გოგოსთან გასწორება და ამით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მინდოდა თავიანთ „კოდექსშივე“ კიდევ უფრო დამემცირებინა ყვილისშემძლე დათა აბაშიძე.
სანაპიროზე იდგა და ზღავს გაჰყურებდა. ჩვენი მიახლოება რომ იგრძნო მოტრიალდა და მზერა ჩემზე შეაჩერა. უტიფრად გავუსწორე თვალი და სახიდან ირონიული ღიმილი არ მომიშორებია. ასე საკუთარ უპირატესობას ვუმტკიცებდი. დიახ, მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც გუშინ ალიყური აჭამა და მთელი მისი საძმოს წინაშე წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა.
- აქ რა ხდება? - ჩემთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიმართა თავის დამქაშებს. მაშინ პირველად გავიგე დათას ხმა.
- გუშინდელის მერე ჭკუის სწავლება არ აწყენდა... - ახმახის ხმას აშკარად რიხი დაჰკარგვოდა. თვითონაც მიხვდა რომ აღფრთოანებული არ იყო დათა ასეთი სიურპრიზით.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დათამ ახმახისკენ და მოულოდნელად ყელში წვდა. მთელი ძალით მოუჭირა. ახმახი ერთიანად გაწითლდა და ახრიალდა. კინაღამ გული გადამიტრიალდა.  ისეთი მრისხანებით უყურებდა, ეჭვიც არ შემპარვია რომ მოკლავდა.
- რას აკეთებ... - მხოლოდ ამის დაყვირებაღა მოვახერხე და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
მსხვერპლს ხელი გაუშვა და ისევ ჩემკენ შემობრუნდა. კბილი კბილზე ძალით დაეჭირა და ვხვდებოდი რომ თავს ძლივს იკავებდა. აი ზუსტად ასეთ მომენტებში მეშინოდა მისი. 18 წლის ბიჭი, რაღაც არაამქვეყნიურად სასტიკი მზერით იყურებოდა. მაშინაც შემეშინდა და ადგილიდან განძრევას ვერ ვბედავდი. თვითონ მომიახლოვდა, თითქოს ხელის მოკიდება უნდოდაო, მაგრამ მერე გადაიფიქრა.
- წამოდი. - მითხრა და თვალით მანიშნა გავყოლოდი.
ფეხათრევით გავყევი უკან. იმ მანქანის საჭეს მიუჯდა, რომლითაც მე მომიყვანეს. მძღოლის გვერდით კარი გამიღო და მეც გაუცნობიერებლად მივუჯექი გვერდით. თვალი ახმახისკენ გავაპარე. ოთხზე დამდგარი ახველებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
- ღვედი შეიკარი. - არც კი შემოუხედავს ისე მითხრა.
- ჯარიმის გეშინია? - შევეცადე საკუთარი ირონია დამებრუნებინა.
- სახიფათოდ ვატარებ. - ისე მითხრა რომ უნებურად შევასრულე მისი ბრძანება.
როგორც კი დაძრა მანქანა მაშინვე მივხვდი რას გულისხმობდა. მანქანა ერთიანად მოწყვიტა ადგილს და არანორმალური სიჩქარით გაფრინდა წინ. საბურავებმა კენჭები აქეთ-იქით გაყარა და საშინელი ბუღი დააყენა. არანორმალურად შემეშინდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემმჩნეოდა. ისევ მაგარი გოგოს თამაშს განვაგრძობდი. მთელ სანაპიროს შემოუარა და ბოლოს სახლთან გამიჩერა. ღვედი შევიხსენი და გადასვლა დავაპირე.
- ეკატერინე! - უნებურად შემაკრთო ჩემი სახელის ამ ფორმამ. ასე არავინ მეძახდა.
შევჩერდი და მოვხედე. რამდენიმე წამი ჩუმად მიყურა.
- ღამე მშვიდობის. - მითხრა ბოლოს და მზერა ამარიდა.
არაფერი მითქვამს, ჩუმად ჩამოვედი მანქანიდან და სახლში შევედი.
მას მერე ასე ახლოს აღარ მინახავს. თითქმის ორი წელი ისე ვცხოვრობდი ბათუმში რომ ერთმანეთისთვის გამარჯობაც არ გვითქვამს. საბა ისევ მისი დამქაშების სიაში ირიცხებოდა. უმეტეს დროს მათთან ატარებდა. არ მესმოდა საკუთარი ძმის, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა და ამ თემაზე არასდროს ველაპარაკებოდი. ახლადშეძენილი მეგობრებიც ხშირად მოჰყავდა სახლში, მაგრამ „ის“ არასდროს გვსტუმრებია. სამაგიეროდ გარეთ სულ მის „ხროვაში“ ერია. შინაგანი პროტესტი მქონდა ამ ყველაფრის მიმართ, თუმცა ცამეტი წლის გოგოს სამი წლით უფროს ძმაზე რა გავლენა შეიძლება მქონოდა? ბებიის ჩარევა არ მინდოდა. ისედაც ბოლო დროს ბევრი გადაიტანა ქალმა და ჯანმრთელობაც საკმაოდ შერყეული ჰქონდა. ვეღარ ავუშლიდი ნერვებს საბას წინდაუხედავი საქციელის გამო. მითუმეტეს დარწმუნებული ვიყავი, რომ ბებოც ვერაფერს გააწყობდა. ახლა რომ ვუფიქრდები ასაკი ჰქონდა მაშინ საბას ასეთი. მას მერე ბევრჯერ მიფიქრია იმ პერიოდზე. ვაანალიზებდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი - შემეძლო თუ არა რამის შეცვლა. განსაკუთრებით მაშინ ვფიქრობდი ამაზე, როცა სასოწრკვეთამდე მისული ჩემი ყველა უბედურების სათავედ მხოლოდ ერთ ადამიანს მივიჩნევდი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ალბათ შემეძლო ყველაფრის შეცვლა, თუმცა იმაში აღარ ვარ დარწმუნებული სასიკეთო იქნებოდა თუ არა ეს ცვლილებები... ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ალბათ უნდა მომხდარიყო და მეც ახლა, ამდენი წლის მერე ყველაფერს ისე გიყვებით, როგორც თავიდანვე იყო დაწერილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები