-იცი რა არის შენი პროლემა? ყოველთვის მართალი გგონია თავი – მიაძახა ნიკამ ცოლს, სანამ ეს უკანასკნელი პალტოს მოიცვამდა და კარებს გაიჯახუნებდა. ირმა ამოუთქმელი საყვედურებით დამძიმებული, შუბლშეჭმუხნული გამოვიდა სახლიდან. ბევრი ჰქონდა დასაყვედრებელ-გასახსენებელი, მაგრამ სამსახურში აგვიანდებოდა. “რა გამაძლებინებს საღამომდე”- გაიფიქრა და მიკროავტობუსი გააჩერა. მგზავრობის დროს გარესამყაროსგან მოწყვეტა და თავის ფიქრებში გარინდება სჩვეოდა. ახლაც, მექანიკურად ადევნებდა თვალს ფანჯრის მიღმა ჩაქროლილ კადრებს. გონებაში სათქმელს ალაგებდა, რითაც ქმარს დაბომბავდა, სახლში დაბრუნებული. ეს შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა. ამ ბოლოს საშინლად, საშინლად გახშირდა მათ შორის ჩხუბი და კინკლაობა. ერთი მხრიდან "ტყ" ბგერები, მეორე მხრიდან კი მწარე-მწარე სიტყვები. ამჯერად ეს ამბავი სხვანაირად დამთავრდება. აღარ შეუძლია ირმას ამდენის ატანა! ეგ უმადური, ეგა! მაინც, როგორ იქცნენ ერთ დროს ერთმანეთთან მაღალ მატერიებზე საუბრით გაუმაძღარი ცოლ-ქმარი ტიპიურ ქართულ წყვილად? როდის განქარდა სითბოთი და ალერსით გაჟღენთილი ის გარემო, ბევრი წელი რომ მეფობდა მათ სამყაროში? ეს მაშინ დაიწყო, კი მაშინ, იმ საზიზღარი დღიდან და წლებთან ერთად გაღრმავდა... თავი გვერდით მიატრიალა და შუშაში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა. უპეებთან, მსუბუქი მაკიაჟის ქვეშ შემოპარული, წყვილი ნაოჭი დალანდა. თვალებშიც აღარ უკრთის წყნარი ზღვისებრი სიკამკამე. არც ნიკაა პატარა ბიჭი. ირმას აღარც ახსოვს როდის გაჩნდა მის ლოყებზე წყვილი დამრეცი ღარი. სიმელოტე ხომ ძველი ამბავია. თუმცა გარეგნობა რა შუაშია?! – გაიფიქრა და უნებლიეთ ხელი აიქნია, თითქოს ბუზს იგერიებსო. იქნებ ჩავლილმა წლებმა სიყვარულიც თან გაიყოლეს? დავუშვათ ასეა, მაშინ რატომ ვერ შეელიენ ერთმანეთს იმ ამბის მერე? მაშინ განქორწინება არც უფიქრია ირმას, რადგან იმედი ჰქონდა ახალი ცეცხლით განაახლებდა სიყვარულს. ნიკასაც შეეძლო წასვლა. რატომ დარჩა?საყვარელი სამუშაო დათმო, იმ ქალთან ურთიერთობის გასაწყვეტად. ყოველთვის თვლიდა, რომ ნიკა სხვა მამაკაცებს არ ჰგავდა, ყოველ მათგანზე ერთი თავით მაღლა იდგა. ( ჰმ, რა გასაკვირია, უყვარდა და იმიტომ ფიქრობდა ასე – ირონიულად ჩაეღიმა), მაგრამ ახლა, ხუთიოდ წლის მერე იმ ამბავს რომ იხსენებდა ეჭვი გაკენწლავდა: იქნებ იცოდა, რომ “ის” სახლში არ მიიღებდა, რომ “იმას” იშვიათი შეხვედრებისთვის სჭირდებოდა. ჰო, ასე იქნებოდა. მასეთ ქალებს არ სურთ ოცდაოთხი საათი მამაკაცი იტანონ სახლში! ირმა კი მშვენიერი მოსამსახურე იყო. . როგორ ადვილად დაიჯერა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ მხოლოდ იმ დღეს აიყოლია ნიკა სასმელმა და ქალის გამოწვევას ვერ გაუძლო... თუმცა, ეს რომ ტყუილი ყოფილიყო შეამჩნევდა. ეს დადებითი მხარე მაინცა აქვს - ტყუილები არ ეხერხება. თანაც, გაცივებულ გულზე ადვილი ამოსაცნობი რაა?! თუმცა, მაშინ არ შეეძლო სიტუაციის სერიოზულობას ჩაღრმავებოდა. სხვანაირად ვერ მიოქცეოდა და... აპატია. ნიკა აპატიებდა? “თუ მივხვდებოდი, რომ ეს წამიერი შეცდომა იყო, გაპატიებდიო”. სისულელეა! ეს მხოლოდ სიტყვები იყო. სინამდვილეში, რაც უნდა კეთილგონიერად თვლიდეს თავს, ისიც ჩვეულებრივი, ქართველი მამაკაცია. როგორ უთხრა? ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ცდუნების დაძლევა მამაკაცის ღირსების შელახვას უდრისო. აი, სად “გაიყიდა”, აი, რა უფრო მაღალი ღირებულება აღმოჩნდა მისთვის. ერთხელ, ირმამ ყური მოკრა, ეზოში შერებილი მამაკაცები როგორ იკვეხნიდნენ საყვარლებთან ურთიერთობის ინტიმური წვრილმანებით. რა გულისამრევად ხითხითებდნენ! ნიკაც მათნაირია! რა კოშმარი იყო ის დღე ირმასთვის! მთელი დღე ურეკავდა. ნიკას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ისე ენატრებოდა, ლამის ეტირა. მთელი ათი დღე არ ენახა. საღამოს, როგორც იქნა ზარი გავიდა. “როგორა ხარ ნიიკ??”- ტელეფონში სითბოდ ჩაიღვარა ირმა. -ირინა, შენა ხარ?- ალკოჰოლმკიდებული, ვნებიანი ხმა გაისმა იქედან. ირინა! ირმას ენა ჩაუვარდა. - კიდევ მოხვალ ჩემთან?. რა ბრიყვი იყო მაშინ ირმა, ხბოსავით ბრიყვი... (ისევ შუშაში შეათვალიერა საუთარი ანარეკლი, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ იქედან ქალი უყურებდა, და არა ხბო.) განა აქ რაიმე იყო საეჭვო?! Uშეამჩნია, რომ სამსახურს ერთი გაჩერებით გასცილებოდა. ჩამოვიდა და ფეხით დაბრუნდა უკან. დიდი ამბავი, თუ ცოტას დაიგვიანებს. ამბობენ, ცოლი ყოველთვის ხვდება, როცა ქმარი ღალატობსო. რატომ თვითონ ვერ ხვდებოდა? იქნებ მართლაც ერთეული შემთხვევა იყო, ყბადაღეული პოლიგამიურობით განპირობებული? უცებ გააცნობიერა, რომ უფროს თაობაში დამკვიდრებულ მოსაზრებას: “კაცია და გაივლის”- ებღაუჭებოდა. “ესეც შენი ემანსიპირებული ირმა”- გაიფიქრა და ისევ ჩაეცინა. აბა, რა ექნა?! უყვარდა, ძალიან უყვარდა! იმაზე მეტად - ვიდრე საჭირო იყო. წამხდარ საქმეზე რაც საუკეთესო ვარიანტი იყო, ის მიიღო რეალობად. თუმცა ეს არ ყოფილა ადვილი. სანამ ამ ზღვარს გადავლახავდა, განადგურებული, ტრავმირებულ ქალს ხედავდა სარკეში ჩახედვისას. გადავლახა, მაგრამ უკან დარჩა ნიკა, როგორც უდიდესი ავტორიტეტი. ნიკა-ღმერთი ოლიმპოს მთიდან მოკვდავამდე დაეშვა. ეს მაშინაც არ მომხდარა, როცა მის ბილწსიტყვაობას შეეგუა. ეგ, ბოლოსდაბოლოს არაფერია, თუ არა მამაკაცურ ჰორმონებთან შერწყმული და გამოსათავისუფლებელი უარყოფითი ენერგია. “ნუ გწყინს, აბა რა ვქნა, სახლშიც ინტელიგენტს ხომ არ ვითამაშებო.” ჰო, ნიღბით, თუ უნიღბოდ ღმერთი იყო, იმ დღემდე. მას მერე შეეპარა ირმას უხეშობა, უპატივცემოლობა ქმრის მიმართ. იქნებ ჯობდა წასულიყო? ქნებ ჯობდა არ ეპატიებინა? აპატია კი? პატიებაა, ურთიერთობის ასეთ ჩიხში შეყვანა? უნდა წასულიყო! მაშინ ფიქრობდა, რომ თუკი მათი დიდი სიყვარული დასრულდა, სხვა, ახალი ურთიერთობაც იმედგაცრუებით დამთავრდეოდა. რა სულელი იყო! ლოგიკურად, მომდევნო იმედგაცრუება ისეთი მტკივნეული აღარ იქნებოდა. არც ახლაა გვიანი! ჯერ ისევ ახალგაზრდაა, გამოჩნდება ვინმე, ვისთვისაც ირმა ერთადერთი იქნება! დღესვე ჩაალაგებს თავის ნივთებს! ამას წყალი არ გაუვა! ორივესთვის ასე აჯობებს! გადაწყვიტა და უნებურად შიშით შეაჟრჟოლა. ირგვლივ მიმოიხედა. სუსხიანი ქარი თარეშობდა ქუჩაში. გამვლელები აჩქარეული ნაბიჯებით მიმოდიოდნენ. მხოლოდ ის მიდიოდა დინჯად, თავაწეული და სივრცის მიღმა მომზირალი. იგრძნო, როგორ გაურა გულში სიცივემ. სამსახურთან მისული იყო, მაგრამ შენობაში შესვლას არ ჩქაროდა. სასწრაფოდ ჩანთა გახსნა და მობილურს დახედა. ხუთი ზარი და ერთი წაუითხავი შეტყობინება - ნიკასგან. შვებით ამოისუნთქა და შეტყობინება გახსნა. “ყოველთვის, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მიყვარხარ.” ღიმილი გადაეფინა სახეზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ''არც ახლაა გვიანი! ჯერ ისევ ახალგაზრდაა'' და ნიკას მესიჯზე რეაქციამ ირმას ტიპიურ ქართველ ცოლობაზე მეც კი ამაღიმილა.
ძაან რეალური და ქართული ნაწერია.
მომეწონა და მადლობა ავტორს. ``არც ახლაა გვიანი! ჯერ ისევ ახალგაზრდაა`` და ნიკას მესიჯზე რეაქციამ ირმას ტიპიურ ქართველ ცოლობაზე მეც კი ამაღიმილა.
ძაან რეალური და ქართული ნაწერია.
მომეწონა და მადლობა ავტორს.
12. "ქმარიც" რომ დაწერო, რა კარგი იქნება.. "ქმარიც" რომ დაწერო, რა კარგი იქნება..
11. ნამდვილი და გულისამრევი ტექსტია (კარგი გაგებით). ეჰჰ.. ნამდვილი და გულისამრევი ტექსტია (კარგი გაგებით). ეჰჰ..
10. მომეწონა. საკმაოდ დამაჯერებელია. მომეწონა. საკმაოდ დამაჯერებელია.
9. მიხარია, რომ გაღიზიანდით. ე. ი დაიჯერეთ.
მადლობა ყველას მიხარია, რომ გაღიზიანდით. ე. ი დაიჯერეთ.
მადლობა ყველას
8. ძალიან მაღიზიანებენ ასეთი ქალები. კაცებიც. ამბებიც.
პროზა ქალური იყო. უარყოფით კონტექსტში. ნორმალურად იკითხებოდა ძალიან მაღიზიანებენ ასეთი ქალები. კაცებიც. ამბებიც.
პროზა ქალური იყო. უარყოფით კონტექსტში. ნორმალურად იკითხებოდა
7. "ამბობენ, ცოლი ყოველთვის ხვდება, როცა ქმარი ღალატობსო." - რა იშვიათი ანტი-ჭეშმარიტებაა. :) "ამბობენ, ცოლი ყოველთვის ხვდება, როცა ქმარი ღალატობსო." - რა იშვიათი ანტი-ჭეშმარიტებაა. :)
6. რა ცოტა ჰყოფნით ხოლმე.. აი, არ მესმის და მომკალით:))
ეს გუშინ წავიკითხე და მომეწონა
რა ცოტა ჰყოფნით ხოლმე.. აი, არ მესმის და მომკალით:))
ეს გუშინ წავიკითხე და მომეწონა
5. პროზაც პოეზიასავით მშვენივრად გამოგდით. 5! პროზაც პოეზიასავით მშვენივრად გამოგდით. 5!
3. თემა ბანალურია, თუმცა მარადიული. აქ მთავარია, რას შესძენს ახალს ამ თემას ავტორი, რომელიც აშკარად ორიგინალობის პრეტენზიას არ იჩემებს. ჩემი აზრით, საინტერესო ნოველა შედგა.5 თემა ბანალურია, თუმცა მარადიული. აქ მთავარია, რას შესძენს ახალს ამ თემას ავტორი, რომელიც აშკარად ორიგინალობის პრეტენზიას არ იჩემებს. ჩემი აზრით, საინტერესო ნოველა შედგა.5
2. კარგია რაც ბოლოს კარგად მთავრდება . მომეწონა. კარგია რაც ბოლოს კარგად მთავრდება . მომეწონა.
1. ვაი, რა ნამდვილობა იყო ეს? საოცარი თხრობაა, ყველაფერი დავიჯერე, ყველა სიტყვა და ფრაზა.
შეტყობინებით ვაგზავნი 5 ქულას. :)
ვაი, რა ნამდვილობა იყო ეს? საოცარი თხრობაა, ყველაფერი დავიჯერე, ყველა სიტყვა და ფრაზა.
შეტყობინებით ვაგზავნი 5 ქულას. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|