ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
27 ივლისი, 2016


პროცესი (3)

იმ ორი წლის მანძილზე მე ისევ მარტო, უმეგობროდ ვცდილობდი მეარსება, ისევ არავის ვუშვებდი ახლოს. უნდა ვაღიარო ჩემი ეს ჩაკეტილობა გარშემომყოფების ცნობისმოყვარებას უფრო აღრმავედა. ქუჩაში ჩავლილი უცნაურ მზერასაც ვგრძნობდი და გადაჩურჩულებაც მესმოდა. ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრებით ვცხოვრობდი. ერთი გამორჩეული დღეც არ მახსენდება იმ საშინელი დღის გარდა...
რომ შემძლებოდა იმ დღესაც ამოვშლიდი მეხსიერებიდან, მაგრამ ვერ შევძელი. ზედმიწევნით ცხადად მახსოვს ყველაფერი.
მაშინ 15 წლის ვიყავი...
15 წლისამ გავაცნობიერე, რომ სრულიად მარტო დავრჩით მე და საბა...
ახლა ბებიაც აღარ გვყავდა.
15 წლისამ უფრო ნათლად ვიგრძენი რამდენად უსუსური ვიყავი მთელ სამყაროში.
იმ დღეებიდან ბევრი ადამიანი მახსოვს. გულისგამაწვრილებელი გოდება და უსაშველოდ მძიმე სამძიმრები. დათაც მახსოვს... სულ იქ იყო, მაგრამ ერთხელაც არ გამიგია მისი ხმა. მხოლოდ, როცა დაკრძალვის დღეს წამომდგარს უცბად თავბრუ რომ დამეხვა, ვიგრძენი როგორ შემაშველა ხელი და როგორ გამიყვანა ოთახიდან უხმოდ, როგორ დამაწვინა მეორე ოთახში საწოლზე და ჩემ ირგვლივ შემოხვეულ ხალხში დაიკარგა. მას მერე ბათუმში აღარც შევხვედრივარ. თითქოს ისიც გავიგე, რომ საერთოდ გაემგზავრა ქვეყნიდან. მაშინ მასზე ფიქრის თავი არ მქონდა. არც ვფიქრობდი. საერთოდ აღარფერზე ვფიქრობდი...
მარტო დავრჩით...
სულ მარტო...
ბავშვთა სახლისგან იმან გვიხსნა, რომ საბა უკვე 18 წლის იყო და ჩემზე მეურვეობაც მოითხოვა. სიკვდილზე მეტად მაშინებდა ბავშვთა სახლი. ვიცოდი, რომ დათა იყო იქიდან და ყველა იქაური ბავშვი მასავით ცივსისხლიანი და ავაზაკი მეგონა.
ახლა უკვე დასანახად ვეღარ ვიტანდი ბათუმს. სულს მიხუთავდა იქაურობა. თითქმის დაჩოქილი ვევედრებოდი ძმას, რომ წავსულიყავით აქედან. თბილისში დაბრუნება მინდოდა. საბა დამთანხმდა. თბილისში სახლი გვქონდა, რომელიც ბებიას გაქირავებული ჰქონდა. მდგმურებსაც დაელაპარაკა საბა და ჩვენი წასვლაც გადაწყდა. ახლა ბათუმის სახლისთვის ვეძებდით მდგმურებს. რამდენიმე დღეში მოვაგვარეთ ყველაფერი და გავემგზავრეთ.
იმისთვის რომ საბასთვის ჩემი მეურვეობა დაეკანონებინათ მუშაობა უნდა დაეწყო. დასაწყისისთვის ბათუმის სახლის ქირით გაგვქონდა თავი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ხარჯი გაცილებით მეტი გვქონდა ვიდრე შემოსავალი.
მაგრამ ერთ დღესაც საბამ „მეგობრის“ რეკომენდაციით ერთ-ერთ სამორინეში დაიწყო მუშობა. არასდროს დავინტერესებულვარ საბას კეთილისმსურველის ვინაობით. ჩემთვის მთავარი იყო რომ მუშაობდა და მე მშვიდად შემეძლო სწავლის გაგრძელება.
ნელ-ნელა ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა ყველაფერი. სკოლა დავამთავრე და სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე. ყველაფერი უცვლელი იყო საბას გარდა.
საბა იცვლებოდა ნელ-ნელა...
ამას ცოტა გვიან მივხვდი, მაშინ როცა ალბათ გამოსწორება თითქმის შეუძლებელი იყო...
მაშინ როცა ნელ-ნელა სახლში მევალეებმა დაიწყეს სიარული. მაშინ როცა გავიგე რომ ბათუმის სახლი უკვე დიდი ხნის გაყიდული იყო.
საბასთან დალაპარაკება ვცადე.
- შენ არ ინერვიულო კატუს. - ღიმილით სცადა ჩემი დამშვიდება. - ხომ იცი რა ძმა გყავს?! ყველაფერს მოვაგვარებ. - თავზე მაკოცა და კარი გაიხურა.
მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა რომ ყველაფრის მოგვარებას შეძლებდა.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ  საბას გამოსწორება უკვე ძალიან რთული იქნებოდა.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ საბა თამაშობდა და უკვე იმაზე მეტი ჰქონდა წაგებული, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეეძლო გამოემუშავებინა.
ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა ერთხელ სახლში საშინელი ნაცემი დაბრუნდა და კინაღამ გადაირია სასწრაფოს გამოძახება რომ გადავწყვიტე.
- საბა... - ტირილი ამივარდა და ტელეფონი გავთიშე. - რა ხდება ამიხსენი გთხოვ.
- კატუს, ტირილს თუ არ შეწყვეტ, გეფიცები ჩემი ხელით მოვიკლავ თავს. - დივანთან დახრილს თავზე ხელი გადამისვა და შეეცადა გაეღიმა, თუმცა ტკივილმა სახე დაუმანჭა და ხველა აუტყდა.
- საბა... - წყენით შევხედე და სადეზინფექციო საშუალების და ბამბის მოსატანად ავდექი.
მიუხედავად ბევრი თხოვნისა, თითქმის ვევედრებოდი კიდეც, მაგრამ საბას სიტყვაც ვერ დავაცდენინე.
მაშინ უკვე 21 წლის ვიყავი. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და სამსახურს ვეძებდი. ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე ვაკანსია და გასაუბრების მერე დავიწყე კიდეც მუშაობა კონსულტანტად. საბა დიდად არ აღფრთოვანებულა ჩემი სამსახურით. ჯერ კიდევ ფიქრობდა რომ ბავშვი ვიყავი და ჩემზე ზრუნვა მისი მოვალეობა იყო.
- კატუს, ხომ იცი რომ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს? რა საჭირო იყო შენი მუშაობა? რამე შესაფერისი მაინც გეპოვა. ამხელა ეკონომისტის დიპლომი გიდევს სახლში.
- საბუ, ჩემზე არ იდარდო, არ გავცვდები - ხმაურით ვაკოცე ლოყაზე. - შენ, გეხვეწები, შენ ვალებს მიხედე, დანარჩენზე არ იდარდო.
სახე შეეცვალა. მივხვდი, რომ ემძიმებოდა ამაზე საუბარი.უნდოდა ჩემ თვალში ყოველთვის ავტორიტეტად დარჩენილიყო. ჩემზე მზრუნველობას იყო შეჩვეული. იყო კიდეც ავტორიტეტი. მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ყველაზე დიდი იმედი იყო. ჩემთვის ის არასდროს შეცვლილა. ისევ ის საბა იყო, ჯერ კიდევ დედას სიცოცხლეში, საბავშვო ბაღში რომ მაკითხავდა და ფეხსაცმლის თასმების შეკვრაში მეხმარებოდა.
იმის იმედიც არასდროს დამიკარგავს, რომ ყველაფრის გამოსწორებას შეძლებდა.
მანამ მჯეროდა კეთილი დასასრულის, სანამ ერთ დღეს შემთხვევით მასთან სამსახურში მისულმა სამორინის შესასვლელში დათა აბაშიძესთან ერთად არ დავინახე.
ჯერ კიდევ ქუჩის მეორე მხრიდან შევამჩნიე რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ. ერთ ადგილს მივეყინე. თვალწინ გამირბინა უსიამოვნო მოგონებებმა და მივხვდი, რომ საბას ყველა უბედურების სათავე ეს ადამიანი იყო. მეგონა დათა აბაშიძეს აღარასოდეს შევხვდებოდი, იმედი მქონდა მის სახელსაც კი აღარასოდეს გავიგებდი. მეგონა, რომ მასზე ყველა მოგონება ბათუმში დავტოვე. მაგრამ შევცდი, სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა და ვგრძნობდი როგორ მივლიდა სხეულში საშინელი სიცივე. ჯერ კიდევ საშინლად მეშინოდა მისი.
შეშინებული ვუყურებდი როგორ კამათობდნენ. დავინახე როგორ ჩაავლო ხელი დათამ ჩემ ძმას საყელოში და როგორ შეანჯღრია. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ვხედავდი როგორი გააფთრებით უყურებდა დათა. ვერც კი მივხვდი როგორ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და როგორ აღმოვჩნდი თითქმის შუა ქუჩაში. გონზე მანქანების გაბმულმა საყვირმა მომიყვანა. დავინახე როგორ შეასრულა მანევრი შავი ფერის მერსედესმა და ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში ძლივს მოახერხა დამუხრუჭება. მთელი ქუჩის ყურადღება მივიქციე. მოიხედეს საბამ და დათამაც. თვალი არ მომიშორებია მათთვის და გარკვევით დავინახე, როგორ შეეცვალა სახე დათას. საბა მაშინვე ჩემკენ გამოიქცა, ხელი მომხვია და ისევ ტროტუარზე დამარუნა.
- საბა... - გულამოვარდნილი ვეკითხებოდი და თვალს არ ვაშორებდი ქუჩის მეორე მხარეს ერთ ადგილზე მიყინულ დათას. - იმას რა უნდა? რაზე ლაპარაკობდით? მაგის ვალი გაქვს? საბა... - ტირილამდე ცოტა მაკლდა.
-კატო, დაწყნარდი, გთხოვ. - გულში მიკრავდა და ყველანაირად ცდილობდა დავემშვიდებინე. აკანკალებულ ხელებზე მკოცნიდა. - სახლში წავიდეთ კატუს. - მომავალ ტაქსის ხელი დაუქნია და უკანა სავარძელზე დამსვა, თვითონაც გვერდით მომიჯდა და ხელები მომხვია.
იმ დღიდან მოსვენება დავკარგე. ისევ ბათუმში დავბრუნდი მოგონებებით. დათა აბაშიძე ჩემთვის ის ადამიანი იყო, რომლის მხოლოდ სახელის ხსენებაზეც ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. რომელსაც საბას ყველა უბედურების სათავედ ვთვლიდი. სიკვდილზე მეტად მაშინებდა იმის გააზრება რომ საბას ან მისი ვალი შეიძლება ჰქონოდა, ან რაიმე სახის ურთიერთობა.
რატომ დაბრუნდა ჩვენ ცხოვრებაში? რატომ დაბრუნდა საერთოდ საქართველოში? ან თბილისში რა ჯანდაბას აკეთებდა?
საბას ამ თემაზე ვეღარ ველაპარაკებოდი, უფრო სწორად თვითონ არ მელაპარაკებოდა. ერთადერთი ის მითხრა - სულაც არაა საქმე ისე როგორც შენ გგონიაო.
- აბა როგორაა საბა? - უკვე ტირილამდე ვიყავი მისული. - გეხვეწები მომიყევი...
- რაც ნაკლები იცი უფრო უკეთესია. - თავზე მაკოცა, - ჩემ საქმეს კი მე თვითონ მოვუვლი.
- მაშინ წავალ და იმას დაველაპარაკები. მივალ და ვთხოვ ცოტა დაგვაცადოს...
- არ გაბედო! - მთელი ხმით დამიღრიალა.
შევკრთი. საბამ პირველად დამიყვირა.
- არასდროს, კატო გესმის, არასდროს არ თხოვო იმას არაფერი. - უკვე აღარ ყვიროდა, სევდიანი თვალებით მიყურებდა. - დამპირდი რომ არასდროს არ გააკეთებ ისეთ რამეს რაც შენ არ გენდომება. კატუს, არავის წინაშე არ ჩათვალო თავი ვალდებულად... ჩემ წინაშეც კი. შენ ყოველთვის შეგიძლია ცხოვრება  სუფთა ფურცლიდან დაიწყო. იმიტომ რომ არც არასდროს გაგისვრია შენი ცხოვრება. არავის წინაშე არ ხარ ვალდებული და ასე უნდა იყოს ყოველთვის.
- საბა მაშინებ.
-მპირდები? - გვერდით მომიჯდა. - გეხვეწები დამპირდი რაა...
- საბუ... - თვალები ამიცრემლიანდა.
- ეეჰ, კატუსი... როგორი იდეალური გოგო ხარ და რაღა ჩემნაირი ძმა გერგო?
მისმა სიტყვებმა გამაბრაზა და თავში გამეტებით წამოვარტყი ხელი.
- უჰ რა მწარე ხელი გაქვს. - კეფა დაიზილა და ლოყაზე მიკბინა. - არასდროს გათხოვდე, თორემ უკვე მეცოდებიან ჩემი დისშვილები.
- ჩემი შვილები შენსავით თავგასულები არ იქნებიან და შესაბამისად არც არასდროს დაისჯებიან.
- წარმომიდგენია როგორი დისციპლინით აღზრდი... - ხმამაღლა გადაიხარხარა საბამ. -  ალბათ მოწიწებით მოგმართავენ: დედაჩემო, უპრიანი იქნებოდა ცხვირი მოგეხოცა ჩემთვის. - ხმა დაიწვრილა საბამ და სიცილისგან კინაღამ დივანიდან გადავარდა.
აი, ასეთი დამამხსოვრდა საბა...
ჩემთვის ის ყოველთვის ასეთი იყო... მხიარული და უზომოდ მოსიყვარულე.
დილით მისი წასვლა არ გამიგია.
ამასაც დიდი ხანი ვერ ვპატიობდი თავს... იმიტომ რომ მისი მომღიმარი სახის ნახვის ბოლო შანსი გავუშვი ხელიდან.
არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. ჩვეულებრივი დღე იყო. დილით სამსახურში წავედი და მთელი დილა გადასარევ ხასიათზე ვიყავი... მანამ სანამ ჩემ ტელეფონზე ზარი არ გაისმა:
- ეკატერინე ხელაძე ბრძანდებით? - ცოტა დამძაბა ოფიციალურმა ხმამ.
- დიახ...
- საპატრულო პოლიციის ოფიცერი ვაჟა ჩოხელი გესაუბრებათ...
მეტი თითქმის არაფერი გამიგია. საავადმყოფოს უზარმაზარი დერეფანი მახსოვს და მხოლოდ საკუთარი ხმა ჩამესმოდა - ღმერთო, ოღონდ გადარჩეს...
„ქალბატონო ეკატერინე, ვერ შეგიშვებთ, არ შეიძლება.“ - რამდენიმე ხელი ერთად მაკავებდა. მხოლოდ ხელებს ვხედვდი, ადამიანები საერთოდ არ მახსოვს.
„ძალიან მძიმედაა, საკმაოდ მაღალი სართულიდან გადმოვარდა...“
„ქალა-ტვინის ტრავმა აქვს...“
„გონზე კიდევ დიდხანს ვერ მოვა...“
„ხომ არ იცით რა მიზეზით შეიძლება ყოფილიყო იმ კორპუსის სახურავზე?“
„ადრეც ხომ არ ყოფილა იქ?“
„ქალბატონო ეკატერინე, გთხოვთ გაიხსენოთ მტრები ხომ არ ჰყავდა თქვენ ძმას?“
„ალკოჰოლს თუ ეტანებოდა?“
„ალბათ საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკციას მივანიჭებთ... თქვენ თუ მეტი არაფერ გაქვთ დასამატებელი?“
„აფსუს... რა ბიჭია? საწყალი. მეეჭვება სრულფასოვნად ცხოვრება გააგრძელოს. ასეთი ტრავმები... რა ვიცი...“
„საცოდავი გოგო, სულ მარტოა... არც მშობლები ჰყავთ თურმე...“
იმ დღეებიდან მხოლოდ ცალკეული ფრაზები დამამახსოვრდა. მხოლოდ ისინი, რომლებზეც პასუხის გაცემა მინდოდა, მაგრამ თავი არ მქონდა.
საერთოდ არ გამოვსულვარ საავადმყოფოდან. სახლში დაბრუნების მეშინოდა. საბას გარეშე დაბრუნების მეშინოდა.
- შვილო... წადი დაისვენე - თანაგრძნობით მეუბნებოდა ხანშიშესული სანიტარი. - თუ რამე შიცვალა დაგირეკავ. ცოდო ხარ...
- არ მინდა ლილი დეიდა, ასე უფრო მშვიდად ვარ.
რამდენიმე დღის მერე, როცა პირველმა შოკმა გადაიარა და უფრო რაციონალურად დავიწყე ფიქრი, ბევრად დიდი პრობლემების წინაშე დავდექი. უმთავრესი პრობლემა ფინანსები იყო. საბას საკმაოდ ძვირიანი მკურნალობის კურსი ჭირდებოდა. სასოწარკვეთამდე მივდიოდი. პირველი რაც მომაფიქრდა სახლის გაყიდვა იყო. სასოწარკვეთა მაშინ უნდა გენახათ, როცა საჯარო რეესტრიიდან საკუთრების ამონაწერი გამოვითხოვე... თბილისის ბინაც უკვე რამდენიმე თვე იყო ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა, ბანკის საკუთრება იყო. გაოგნებულმა აღარ ვიცოდი რა მექნა. ფიქრისგან თავი მისკდებოდა. გადავწყვიტე ბანკიდან ამეღო სესხი, მაგრამ ჩემი ხელფასით იმდენად მიზერული თანხის გამოტანა შემეძლო, რომ არც კი ღირდა.
ნერვიულობისგან საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები