ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2016


ხელოსანი (ნაწილი II. თებე)

     

            ცხადი სიზმარში ჩაყვა ინენის.
            საშინელება ესიზმრა. 
თითქოს დღე  იყო, მაგრამ ისეთი წკვარამი იდგა, როგორც მხოლოდ ეგვიპტეში იცის.  უეცრად უხილავმა ხელმა  ზუსტად ინენის თავზე გაგლიჯა სიბნელე  და ყოვლისმხედველი თვალი გამოჩნდა. ზარდამცემად ტრიალებდა თვალის კაკალი და  დედამიწას გოროზად ათვალიერებდა,  უსხივოდ ანათებდა და  ვიღაცას გამალებული ეძებდა.
შეშინებული ინენი სახლში შევარდა, თუმცა იცოდა, რომ ვერაფერი დაიფარავდა ყოვლისმხედველი თვალისგან, ვერავინ დაიცავდა მისი რისხვისგან და ვერავინ იხსნიდა მისი სასჯელისგან.  ბნელი  ციდან გრგვინვა მოისმა, თვალი ვიღაცას ეძახდა. ინენი ტემუს ზურგსუკან ამოეფარა, წელზე ხელები მოხვია და მთელი ძალით მიეხუტა. 

        " - მე მეძახის..." -  ტემუმ კარი გააღო და გარეთ გასვლა დააპირა, მაგრამ ინენი მაგრად ჩაეჭიდა. 
        "- მოქანდაკე და მხატვარი!" - გრგვინავდა ყოვლისმხედველი თვალი.  ამოვარდნილმა ქარიშხალმა  ბნელ ზეცას შავ ღრუბლებად დაუწყო ფხრეწა. ზესკნელი შავი ძონძებით მოიფინა. ქარიშხალი თავგამეტებით დათარეშობდა და ნაფლეთებს მთელი ძალით  უტყლაშუნებდა სიბნელეს. 
              ტემუმ ნაბიჯი გადადგა. 
        -  არ წახვიდე, არა... ნუ წახვალ ტემუ! - ატირდა ინენი და  მთელი ძალით დაეკიდა მხარზე, მაგრამ ქმარი ვერ შეაჩერა.  ინენი ფეხდაფეხ მიჰყვა, უნდოდა  ჩაჭიდებოდა, მაგრამ ძალა არ ეყო ტემუმდე მიეღწია და გამწარებული სახლის კარს დაებღაუჭა. 
            ტემუ ქარიშხალში გაქრა.
            ინენის  თავზარდაცემულს გაეღვიძა. 

            ტემუს მის წინ იჯდა, სამგზავრო სამოსშიც გამოწყობილიყო.  სახელოსნოდან სახატავი დაზგა მოეტანა,  დაეშალა და წმენდდა. ქმრის დანახვაზე ქალმა შვებით ამოსუნთქა და თვალები მოისრისა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ მხოლოდ სიზმარი ნახა.  ტემუმ მზრუნველად დახედა ცოლს, ჭრაქი მოშორებით გადადგა, გაწმენდილი  დაზგა ჯვალოში შეახვია. თახჩიდან ფული გამოიღო, გადათვალა და ქისას უბეში მიუჩინა ადგილი, კერიაზე შემდგარ თასში ცხელი წყალი გაანელა და ცოლისკენ მობრუნდა.

      - ადექი, დროა. ცხელი წყალი მზადაა, მალე მენავე მოვა და მდინარის ნაპირზე უნდა დავხვდეთ. მე საამონთან გადავალ და სარასაც გავაღვიძებ.  - უჩურჩულა ცოლს, მშვენიერ თმაზე მოეფერა და მხარზე შეეხო.

        ინენი წამოიწია, ეგონა ქმარი აკოცებდა როგორც ჩვეოდა, მაგრამ ტემუ სწრაფად შებრუნდა. 
ეს პირველი გამოღვიძება იყო, რომელმაც უკოცნელად ჩაიარა.  ქალს მივიწყებულმა რეჩხმა მაშინვე თავი შეახსენა. უნდოდა ქმრისთვის ეთქვა როგორი ცუდი სიზმარი ნახა, შეხვეწნოდა, აღარ წასულიყვნენ დედაქალაქში, მაგრამ ამდენი ხნის მზადებას ფუჭად  ვერ გადაატრებდა და ენა არ მოუბრუნდა რაიმე ეთქვა ქმრისთვის. 

        ტემუ ქოხიდან გავიდა.
ინენი სწრაფად მოწესრიგდა, სამგზავრო სამოსში გამოეწყო, ნელსაცხებელი იპკურა, ქუთუთოები შავად შეიღება,  თავსაბურავი მოიხვია  და სახლის კარი უჩუმრად გამოიხურა.  კაცებმა  ბარგი მხარზე მოირგეს და ნილოსისკენ მიმავალ ბილიკზე დაეშვნენ. ქალებიც ჩქარი ნაბიჯით დაუყვნენ დაღმართს. ინენი  ცდილობდა  ქმარს არ ჩამორჩენოდა. ადრე ყველა ნაბიჯს ლამის ერთად და გვერდისგვერდ დგამდნენ,  მაგრამ ახლა, ტემუ თითქმის მირბოდა და  ცოლი ვერ ეწეოდა. 

    "ნეტავ კიდევ რა მოხდება დღეს?" -ჩუმად ეკითხებოდა  თავს ინენი და ძლივს იკავებდა ლამაზ თვალებზე მობჯენილ ცრემლებს.

        მენავე  მგზავრებს ნაპირთან ელოდა. 
კოხტა საჩრდილობელი ნავის მესამედს ფარავდა, დანარჩენი ღია იყო, მოხერხებული სკამებით და შუაში პატარა გრძელი და წვნიანი ხილით მორთული მოწნული მაგიდით. ახალგაზრდა და ღონიერმა მენავემ  ჯერ მამაკაცები  მიიპატიჟა ნავში, ბარგის დალაგება-დამაგრებაში მიეხმარა, შემდეგ კი ქალებს მიუბრუნდა. 

        ინენი მაშინვე ჩარდახის ქვეშ მოთავსდა.  ჭორაობის თავი არ ჰქონდა. გულში შეჩენილ ხინჯზე და სიზმარზე უნდოდა ეფიქრა. ისეთი ადგილი შეარჩია, რომ ქმარი მთელი გზა მხედველობის არეში ჰყოლოდა და კარგად დაკვირვებოდა.  მთელი გზა ისე გაიარეს, ტემუს ცოლისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. 

        დედაქალაქს როცა მიაღწიეს, უკვე მოსაღამოვებული იყო.
ნილოსის სიგრილის წყალობით,  მცხუნვარე მზის მიუხედავად გამთანგველი სიცხე არავის უგრძვნია. 
მთელი სანაპირო ნავებით იყო სავსე, ფეხის დასადგმელი ადგილი ძნელად მოიძებნებოდა. ხალხი უწყვეტად მიედინებოდა დედაქალაქისკენ. გამრიგეები სწრაფად და მოხერხებულად შრომობდნენ. ხალხს ნაწილებად ჰყოფდნენ ჭყლეტა რომ არ მომხდარიყო, ცხენებს ორთვალებს და ნავებს თავის ადგილს უჩვენებდნენ, ერთად დაწყობილ ბარგთან მეთვალყურეს ტოვებდნენ და მკაცრად ადევნებდნენ თვალს წესრიგს, ვინმე ხელმრუდს  ჩოჩქოლი და ჩხუბი  არ გამოეწვია. 
       
ხელდახელ მოწყობილი დროებითი ჩარდახები სიცხისაგან ხალხის დასაცავად  ზედ ნილოსის ჭალაში გაეშალათ, შიგ წყალი, ხილი და ჭილის ქვეშაგები იყო მომზადებული.  გამრიგემ მაშინვე ტემუ გამოარჩია და უთხრა:

      -  მზის ტაძრამდე ფეხით  ერთი საათის სავალია. ეს  გზა პირდაპირ იქ მიგიყვანთ. საჩუქრებს თქვენ წაიღებთ და ამაღამ, მთვარის ამოსვლამდე  დააწყობთ მზის ტაძარში.  სოფლის სახელი უთხარით და თქვენთვის გამოყოფილ ადგილს გიჩვენებენ.  როცა შეგატყობინებენ, ყველა თავის საჩუქართან დადგება,  მჭიდროდაც უნდა იდგეთ და სიხალვათეც უნდა იყოს.  ფარაონის ხაზინადარი  ჩამოივლის და ყველა საჩუქარს მოინახულებს. როგორც კი დარბაზიდან გავა, შეგიძლიათ საჩუქრები დატოვოთ, აღმოსავლეთის კარიბჭიდან გახვიდეთ და თქვენს გზას ეწიოთ. 

        ტემუმ საჩუქრების წაღება ითავა. 
მეზობელ ჩარდახებში ხმაური და ჟრიამული იდგა. ხალხის რაოდენობა თანდათან იმატებდა და გამრიგეების ხმამაღალი შეძახილები ზედიზედ ისმოდა.  ყველას ეტყობოდა სამოსზე რომელი მხრიდან იყვნენ მოსულები. ინენიმ პაპირუსი მოიმარჯვა და სამხრეთელების სამოსის ჩანახატების კეთება დაიწყო, ამასობაში ნუბიელების  ნავებიც ჩამოდგნენ და ახლა მათი სამოსის ულამაზესი დეტალები მოხვდა ინენის თვალში, რამდენიმე ჩანახატი გააკეთა და კმაყოფილმა შეინახა პაპირუსი. 
 
          ბუკის ხმაზე ყველა წამოიშალა და ტემუ  თავისიანებს მიუბრუნდა:

          -  მოდით ყველა ერთად წავიდეთ.  ქალაქის განაპირას ერთი  მაღალი ბორცვია, მის წვერზე ჩემი მასწავლებელი ცხოვრობს, კარგად უნდა ვახსოვდე.  მიგვიღებს, ლუდით და შემწვარი ბანანით გაგვიმასპინძლდება. სანამ საჩუქრებს დავაბინავებ და დავბრუნდები, იქ დამელოდებით, ქალებიც უსაფრთხოდ იქნებიან.  მთელი ქალაქი ხელისგულზე გექნებათ გაშლილი და ყველა სანახაობას იქედან უფრო კარგად დაინახავთ. - 
   
        "- ნუთუ დედაქალაქში ნამყოფია და მე არაფერი ვიცი? ერთხელაც არ უხსენებია, არაფერი უამბია...რატომ, რა იყო დასამალი?" -  გაოცდა ინენი, მაგრამ მეზობლების და განსაკუთრებით ჭორიკანა ტეფიას თანდასწრებით გაკვირვება არ შეიმჩნია და ქმარს ხალისიანად დაუჭირა მხარი.

          -  რა კარგია ტემუ, პირველად ვარ აქ.  თუ ზემოდან გადმოვხედავთ  ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდება.  ქუჩებში სიარული არ მოგვიწევს, ალბათ იქ უამრავი ხალხი ირევა და ძალიან ცხელა. ამ ხმაურში აქ მაინც ვერ დავისვენებთ.

ქალები ხალისიანად აჰყვნენ ინენის და ყველა სიხარულით წამოიშალა. მეთვალყურემ  მათი ბოხჩები თვლით მიიბარა და ჩარდახის წინ ჩამოჯდა.

            ხალხი  მზის ტაძრისკენ მიიჩქაროდა.  ტემუმ ინენის ხელი ჩასჭიდა, ხალხის ტალღას  აერიდა და მაღალი ბორცვისკენ აიღო გეზი.  როგორც კი წვერს მიაღწიეს,  განცვიფრებისგან  ყველა ერთბაშად შედგა. 

          უძველესი დედაქალაქის სილამაზემ და დიდებულებამ  ყველას თვალი მოსწყვიტა. 

ასკარიბჭიანი თებე მზესავით ელვარებდა და ბრწყინავდა ბნელ ღამეში. თითქოს ბნელი წიაღიდან ოქროს ლავას ამოეხეთქა და ყველა მიმართულებით მდინარედ დაღვრილიყო.  სამხრეთით  დიადი ამონ-რას განათებული ტაძარი იდგა,  თვალუწვდენელ  სიმაღლეზე ატყორცნილი  უთვალავი ათასფრად მოხატული სვეტით დამშვენებული. 

ტაძრის შესასვლელს, ორივე მხარეს  ვერძისთავიანი სფინქსების  გრძელი მწკრივი მიუყვებოდა.  ყველა მათგანის წინ სურნელოვანი ზეთი ენთო და წმინდა ცეცხლით იწვოდა.  ტაძარში შესვლის ყველა მსურველს,  სფინქსებს შორის ცეცხლოვანი  გზა ფეხშიშველს უნდა გაევლო და  განწმენდილი უნდა შესულიყო ვიწრო კარიბჭეში.  ტაძარი პირდაპირ ზეცას ერწყმოდა,  დაბნელების შემდეგ მისი სახურავი ვარსკვლავებით მოჭედილი ღამე იყო, განთიადიდან  კი მზით გაცისკროვნებული დღე. 

ძლივს მოწყვიტეს თვალი ამ სანახაობას და ბორცვის წვერზე მდგარ პატარა და კოხტა სახლს მიადგნენ. შენობა ისე მოხერხებულად იდგა, რომ  ბორცვის წვერს ბუნებრივ დაბოლოება გეგონებოდათ. კაკუნზე შავი ხის კარი ყურთამდე გაიღო  და ჭარმაგი მამაკაცი გამოვიდა:

          - სიცოცხლე, ჯანის სიმრთელე და ძლიერება შენ, ღვთაებათა მეუფის ამონ-რას სადიდებლად! ვევედრები რა-ჰატჰორს, სეთს და ნეფტის,  ჩვენი სანატრელი ქვეყნის ყველა ღმერთსა და ქალღმერთს,  გიწყალობონ ჯანის სიმრთელე, ხანგრძლივი სიცოცხლე და კეთილდღეობა, რათა  ყოველთვის გხედავდე და შემეძლოს ამ ხელებით მოგეხვიო!  - ხელები გაშალა ოჯახის პატრონმა და ტემუს პასუხსაც არ დალოდებია ისე ჩაიკრა გახარებულმა გულში. 

ტემუ მარჯვენა მხარზე ეამბორა მასწავლებელს.

          - მიხარია შენი ნახვა ტემუ, დაკაცებულხარ, შეცვლილხარ, მობრძანდით სტუმრებო ჩემს ჭერქვეშ,  ახალ  ლუდს, პურს, თევზსა და ხილს მოგართმევთ.   
          - ეს ჩემი მასწავლებელია, ბადრუ *,  ამონ-რას  ტაძრის მხატვარი და ოსტატი. - მოსულებმა თავი დაუკრეს მასპინძელს და ღმერთებს შესთხოვეს მისი ხანგრძლივი სიცოცხლე;
          - ბადრუ, ეს ინენია, ჩემი ცოლი, ესენი კი ჩემი მეზობლები საამონი და სარა, თავიანთ ცოლებთან ტეფიასთან და ეფირთან** ერთად.

მასპინძელმა ყველა შეიპატიჟა და კარი მხოლოდ მაშინ დახურა, როცა  სტუმრები დასხდნენ. 

            - დიდი დღეა ხვალ,  ფარაონის ქორწილია. უამრავი ხალხია ჩამოსული, ბევრიც ახლა მოდის. -  ბადრუმ  მსახურს ანიშნა სტუმრებისთვის წყალი მოეტანა და სუფრა გაეშალა.
            -  სიხუვე  შენს ოჯახს ბადრუ. მადლობლები ვართ, საგზალი გამოვიყოლეთ და უკვე ვივახშმეთ. სანამ ამ საჩუქრებს მზის ტაძარში მივიტან, მინდა ჩემი ცოლი და ჩემი სტუმრები შენს ჭერქვეშ დარჩნენ. ამაღამ ნილოსის პირას გავათენებთ ჩარდახში, ხვალ კი ქორწილის შემდეგ სახლში დავბრუნდებით.
            - მაშინ ბანზე მობრძანდით, შემწვარი ბანანი და ცივი ლუდი დააგემოვნეთ, იქედან მთელი ქალაქი მოჩანს, თვალის გასახარელი სანახაობაა.

        მასპინძელმა თავაზიანად მიიწვია ტუმრები ბანზე. 
ქალები ერთად დასხდნენ გაშლილ ბალიშებზე, მამაკაცებისთვის კი მოშორებით გაიშალა ხილის სუფრა შემწვარი ბანანით და თაფლში ამოვლებული შემწვარი ვაშლით, მწიფე შავთვალა ცვრიანი ფინიკით  და ცივი ლუდით. 
 
            თებეს სილამაზით  უცბად მოიხიბლა ინენი.
აქამდე მხოლოდ გაგონილი ჰქონდა მის შესახებ.  ტოდს*** არც კი  გასცილებია სანამ ტემუს ცოლი არ გახდა. რამდენჯერ დაუხატავს ოცნების თვალით დიადი დედაქალაქი, მაგრამ ვერც კი  წარმოიდგენდა თუ  ასეთი თვალწარმტაც სანახაობას იხილავდა.  ქალაქი სუნთქავდა, მოძრაობდა და ლაპარაკობდა.  ნიავს სურნელოვანი ზეთის არომატი მოჰქოდა.  ქალაქის ყველა კარიბჭე ღია იყო და ყველა მხრიდან ხალხი მოედინებოდა.  ყველა ქარვასლა ბოლომდე იყო მოღებული.  ზოგში კაცის სიმაღლის ღვინით სავსე ამფორები იდგა, ზოგში ლილაქვა ციმციმებდა ლურჯად,  ზოგან მარჯანი იღიმებოდა ვარდისფრად. ზოგან ლალები ბზინავდნენ წითელსხივიანი ნაპერწკლებით, ზოგან ფირუზის სიმშვიდე მოედინებოდა, ზოგან კი ლურჯი საფირონი ირკლავდა ცაში მოციმციმე ვარსკვლავებს.

სპილოს ეშვები დაზვინულიყვნენ მთებად,  იქეთ შავი ხე ბზინავდა, შიგადაშიგ  მური ბრწყინავდა ვარსკვლავიანი ღამესავით, ზოგან ოქროს ჭურჭელი და სამკაულები იტაცებდა თვალს, სხვაგან გაპრიალებული ვერცხლი ელავდა, მათ  ათასგვარი ფერის  ჰარში მოფრიალე ელვარე ქსოვილები ენცვალებოდნენ.  ბაზრებიდან  ახალმოწეული ხილის სურნელი  ტოლს არ უდებდა ჰაერში მორიალე ლოტოსის სურნელს. ყველგან ლუდის დიდი ამფორები იდგა და  ყველა მსურველს მასპინძლობდნენ.  საცხოვრებელ უბნებში შედარებით სიწყნარე იყო. ყველა სახლის ბანზე სურნელოვანი ზეთი ენთო.  ქალაქში ცეცხლის სინათლე  და  ხმაური უფრო და უფრო მატულობდა. ათასგვარი სანახაობა იპყრობდა თვალსა და ყურს. ვიღაც ცეცხლის ბურთებით თამაშობდა, ვიღაც ცოცხალ კობრებს აცეკვებდა სტვირის ხმაზე,  ვიღაცას  ათასგვარი ფერად-ფერად მოჭიკჭიკე ჩიტები გამოეფინა თვალის სასეიროდ,  ზოგან გოლიათები ეჭიდებოდნენ ერთმანეთს, ზოგან კი მესოპოტამიელი  მოცეკვავეები ბზრიალებდნენ  სამოსის ჭრელ კალთებს აფრიალებდნენ. 

          - აი იქ ფარაონის სასახლეა.  - ხელით უჩვენა მიმართულება სტუმრებს ბადრუმ. 

სასახლე ფართოდ იყო გაშლილი. გარშემო ვეებერთელა მოედნები ეკრა, რომლებიც სურნელოვანი ბაღებით ბოლოვდებოდა. სტუმრები აღტაცებული მიაჩერდნენ სვეტებიან სასახლეს, ვერც კი წარმოედგინათ რომ ფარაონი, თავად დიადი  მზის შვილი, მიწაზე, ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობდა.  სასახლე  მართლაც ისე იყო განათებული ცეცხლოვანი ზეთის ლამპრებით, რომ ქვას საოცარი ჰაეროვნება შეეძინა, თითქოს მიწაზე არ იდგა და ზეცაში იყო გამოკიდებული. მოედნებზე მუსიკოსები ისხდნენ და  არფების საამო ჰანგები ეღვრებოდა მოზეიმე ქალაქს.

          - იქ კი ამონ-რას ტაძარია. 
          - დიდებული ტაძარია, მთელი ქვეყნის გული და მშვენებაა. - თქვა სარამ.
          - მართალია, საუკუნეებს გადასწვდება მისი დიდება. როგორც აქამდე მოიტანეს საუკუნეებმა მისი ღვთაებრივი ძალა. - თქვა ბადრუმ.
          -  მაგრამ როგორღაც თითქოს ირიბად დგას, უცნაურად.  -თქვა საამონმა. 

          - დაკვირვებული თვალი გქონია საამონ, ეგ პირველად ტემუმ შენიშნა, გაცილებით ადრე, როცა ამ სახლის მშნებებლობაში მეხმარებოდა.  მას შემდეგ რაც აქ სამუშაოდ დავრჩი, სამოსახლო მიწა  შემომთავაზეს და მეც ეს ბორცვი ამოვარჩიე.  როცა ეს ბანი დავამთავრეთ, მთელ თავისუფალ დროს აქ ვატარებდით. მაშინ ტემუმ მითხრა,  რომ ეს ტაძარი მზის ამოსვლაზე ორიენტრებული სულაც არ იყო. ეს ადრე მეც შევინშნე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ მიმიცია. ტემუს ნათქვამმა მივიწყებული ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა და კარგა ხანს ვიკვლევდი ტაძრის  ასეთი მდებარეობის მიზეზს.  ფრესკებს ვხატავდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი, მაგრამ საიდუმლოს  ვერაფრით მივაკვლიე. დაუჯერებლად მეჩვენებოდა რომ მზის ტაძარს, მზის ამოსვლასთან კავშირი არ ჰქონდა. მისი მთავარი ხომ კარიბჭე დასავლეთითაა მიქცეული.  თანაც უდიდესი წარსული აქვს და ჩვენი წინაპრების მიერ ათასი წელი შენდებოდა. 

ერთხელ,  ლომისთავიანი ღვთაების, სეხმეთის ნახატები მივართვი უმაღლეს ქურუმს, მან ისე მოიწონა ჩემი ნამუშევრები,  ფეხზე ადგომის ნებაც კი მომცა. კარგა ხანს მესაუბრა, ნახატზე ყველა დეტალის შინაარსს არკვევდა. დარწმუნდა რომ ყველა ღვთაებრივი  სიმბოლო სწორად  იყო გამოყვანილი და ზუსტად საჭირო ადგილას დახატული. კმაყოფილი დარჩა და მკითხა, რაიმე სურვილი ხომ არ გაქვსო.  ვუთხარი, ცონდაა ჩემი სურვილი, მინდა ვიცოდე, ეს ტაძარი სწორედ ამ ადგილას და ირიბად რატომ იყო აგებული. მიპასუხა,  ტაძრის ადგილი თვით დიადმა ამონ-რამ შეარჩია და მისივე ნებით მოგეცემა ეგ ცოდნა, როცა ამისთვის მზად იქნებიო.     

        გარინდული  მამაკაცები  ყურადღებით უსმენდნენ ბრძენ ოსტატს. მასპინძელმა სტუმრებს გადახედა, შემდეგ ტაძრის კარიბჭეს თვალი გაუსწორა და გააგრძელა:

        -  ტოდში*** ცხოვრებისას, იქაური ტაძრის ფრესკებისთვის ესკიზებს ვამზადებდი, ცოტა ხატვის გაკვეთილებსაც  ვატარებდი. ტემუ პატარაობიდანვე მახსოვს, დიდ ნიჭს და შრომისმოყვარეობას  ამჟღავნებდა. ხატვას და თიხაზე მუშაობას  ვასწავლიდი.  ცამეტი წლის იყო, როცა ტოდი მივატოვე და  დედაქალაქში გადმოვსახლდი. ამ ტაძრის ქურუმებმა სხვა მხატვრებთან ერთად მომიწვიეს დიადი ამონ-რას ტაძრის ფრესკების გასაახლებლად.  ხუთი წელი  ვიმუშავე აქ, მაგრამ ამ კითხვის დასმას ვერ ვბედავდი. სანამ ტემუმ არ გამიღვიძა ცნობისმოყვარეობა. მას შემდეგ  ყოველდღე ამ ბანიდან ვაკვირდებოდი ტაძარს და  მხოლოდ შარშან  მივხვდი ყველაფერს.

საიდუმლო  იმაშია, რომ ტაძრის მთავარი ღერძი სწორედ მზეზის ამოსვლა-ჩასვლაზეა ორიენტირებული, ოღონდ ორი  კონკრეტული დღისთვის.  პირველი, - ყველაზე გრძელი დღეა და  ღერძი მზის ჩასვლის ადგილს უჩვენებს. ამ დღეს,  მზე, ჩასვლისას აბსოლუტურ ვერტიკალზე მოძრაობს. მომდევნო დღეს კი ახალი წელი დგება და დიადი ნილოსი ნაპირებიდან გადმოდის. 

აი მეორე დღე კი ყველაზე მოკლე დღეა. სწორედ ამ დღეს ხდება  ყველაზე მთავარი მოვლენა, რის გამოც ეს ტაძარი აშენდა.  რაკი ძირითადი შენობა გრანდიოზულია  და  დასავლეთიდან  სფინქების თვალწარმტაცი გალერეით იწყება, მისი სიდიადე ყველაფერს ჩრდილავს.  ამიტომაა რომ ერთი მცირე შენობა, რომელიც ზურგის მხრიდან ეკვრის მთავარ შენობას, - ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება. ეს რა-ჰორატჰის ტაძარია, რომელიც აღმოსავლეთს შესცქერის.  ჩვენი ქურუმები, თავის დაკვირვებებს ოდითგანვე  პირუკუ აწარმოებდნენ, რათა მათი კვლევები  ყველასთვის დაფარული ყოფილიყო. ეს მეთოდი, დღემდე ითვლება კვლევის შედეგის შემოწმების კარგ საშუალებად.

არც აქაურობა აღმოჩნდა გამონაკლისი, მთელი ტაძარი დასავლეთითაა შებრუნებული, მაგრამ ქურუმთა ინტერესი სწორედ აღმოსავლეთია.  რა-ჰორატჰის ტაძრის მთავარი ღერძი, რომელიც მისი საკურთხევლიდან იწყება და აღმოსავლეთის კარიბჭეზე გადის,  წლის ყველაზე მოკლე დღეს,  მზის ამოსვლის ადგილს უჩვენებს. საკურთხევლთან შავი ბაზალტისგან გამოკვეთილი ხელებგაშლილი ადამიანის ფიგურა დგას.  როგორც კი მზის ნათელი მის მკერდს მისწვდება, მთავარი ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭული სხივებით ისე ნათდება,  ერთი ბნელი ადგილიც კი აღარ რჩება.  ეს ნამდვილად  სასწაულებრივი სანახაობაა. 

წინა ღამით, უზენაეს  ქურუმთან სამხრეთის ყველა ქურუმი იკრიბება და სამი დღე-ღამე შეუსვენებლად, უსმელ-უჭმელი, მიწაზე გართხმული ლოცულობენ და მზის გამოსამშვიდობებელ რიტუალს ასრულებენ. როგორც კი მზე ჩაესვენება, მაშინვე ახალი რიტუალი იწყება. ქურუმები ევედრებიან ამონ-რას გაცოცხლდეს,  აღსდგეს და ხელახლა დაადგეს ციურ გზას.  მესამე დღეს,  ღვთაება ცოცხლდება და აღმოსავლეთიდან ამოდის. თვით დიადი მდინარე ნილოსი, სწორედ ამ ტაძართან იცვლის დინებას და  აღმოსავლეთისკენ მიემართება. დიახ, სწორედაც აღმოსავლეთია ორიენტირი და არა დასავლეთი.  მთავარი,  მზის გარდაცვალების  და აღდგომის კოსმოგონიური ადგილია, ამონ-რას სიკვდილის და ხელახალი სიცოცხლის დასაწყისის ადგილი. სწორედ რა-ჰორატჰის პატარა ტაძარია ყველაზე თვით დიდ ტაძარზე მთავარი და მნიშვნელოვანი.
           
      ყველა დაძაბული და დაფიქრებული გასცქეროდა განათებულ ტაძარს. 
      უხერხული სიჩუმე ისევ საამონმა დაარღვია:   

        - ეს ამბავი ქურუმების გარდა კიდევ ვინ იცის? 
        - თვით დიდმა ფარაონმა, ის ხომ მზის შვილია.
        - ეს ამბავი საიდუმლოა?

        - ქურუმს არ უთქვამს ჩემთვის რომ საიდუმლოა, მან მითხრა თავად დიადი ამონ-რა მიჩვენებდა მას, როცა მზად ვიქნებოდი. არც იმ შეკითხვისთვის დავუსჯივარ, თუმცა პირიქით მეგონა. ახლა იმიტომ გითხარით, რომ მინდოდა ტემუს სცოდნოდა პასუხი. ტაძრის უცნაურ განლაგებას თავისი ახსნა აქვს და  ჩვენი წინაპრები არაფერში შემცდარან.
ეს ორი ტაძარი ისე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, დაუკვირვებელი თვალი სხვაობას ვერ ამჩნევს. ვერც თქვენ შენიშნავდით მე რომ არ მეთქვა. 

საამონ,  სარა, თქვენ ხომ მზის შვილები ხართ, უნდა ილოცოთ რა-ჰორატჰის  ტაძარში თქვენი მფარველი ღვთაებისთვის და წყალობა გამოსთხოვოთ. ვერძი უნდა შესწიროთ ამონ-რას, რადგან მზე მხოლოდ ვერძს  იწირავს. სწორედ ამიტომ დარაჯობენ ვერძისთავიანი სფინქსები ტაძრის შესასვლელ კარიბჭეს. ჩვენში ახალშობილს  მხოლოდ მეშვიდე დღეს არქმევენ სახელს, ექვსი დღე-ღამე ქურუმი რიტუალს ატარებს სახელის შესარჩევად. რაკი ასეთი სახელები გქვიათ, ჩანს დიად  ღვთაებას  დიდი მისიისთვის გამოურჩევიხართ.  თუმცა არც მე და არც თქვენ, არ ვიცით რა შეიძლება იყოს ეს და როდის დაიწყება  მისი აღსრულება.  -  მასპინძელმა საუბარი ისე დაასრულა, რომ ტაძრის მოელვარე კონტურებისთვის თვალი არ მოუშორებია.   

          ქალები მამაკაცების საუბარს ყურს არ უგდებდნენ.
ტეფია და ეფირი აღტაცებული უყურებდნენ როგორ დადიოდა ჯამბაზი ორ სვეტს შორის გაჭიმულ თოკზე. არც ინენის ესმოდა რას ლაპარაკობდნენ მოშორებით მსხდარი მამაკაცები, მაგრამ ცდილობდა ქმარი მხედველობის არეში ჰყოლოდა. ჯერ სარას შეშინებული მზერა დაიჭირა, მერე საამონის დაფიქრებული გამოხედვა და მზერა ტემუზე გადაიტანა. ტემუს შიში არ ეტყობოდა, ოღონდ ძალიან დაკვირვებით ათვალიერებდა  ტაძრის კონტურებს და კარიბჭეს,  ქალაქის განლაგებას,  მოედნებს და უჩვეულოდ მაღალ ბანიან შენობებს.   

    - წასვლის დროა. ჩემს დაბრუნებამდე აქ დარჩით, სანახაობით გაერთეთ, მეც მალე დავბრუნდები.  - თქვა ტემუმ.
    - გაგაცილებ. - ღიმილით უპასუხა მასპინძელმა და ბანიდან ჩასასვლელ კიბეზე ჩაუძღვა ტემუს. 
      მიეხმარა საჩუქრებიანი კალათა  მხარზე მოერგო და ბოლოს დაგრაგნილი პაპირუსი მიაწოდა.
 
      - ეს შენი ნამუშევარია ტემუ? - ჰკითხა ბადრუმ.
      - დიახ ოსტატო, ჩემია.
      - ძალიან დიდია, ასეთ დიდ პაპირუსზე  არასდროს მიმუშავია,  ვერ გავბედე.
      - გამიჭირდა ოსტატო, მთელი წელიწადი ნაწილ-ნაწილ ვხატავდი ესკიზებს, ბოლოს ყველა ერთად შევაერთე. დიდი პაპირუსის დამზადებას მთელი თვე დასჭირდა. ხატვას კი მთელი წელიწადი.  ეს ჩემი საქორწინო საჩუქარია.
      - ფარაონის ხაზინადარმა პირველმა უნდა ნახოს? - იკითხა ბადრუმ.
         
        ტემუმ არ უპასუხა. დუმილი გაგრძელდა. ბადრუ დააფიქრა ტემუს სიჩუმემ.
        მასპინძელი ახალგაზრდა კაცს მოლოდინით შეაჩერდა. 
        ტემუმ დუმილს ვეღარ გაუძლო, ვერც მასწავლებლის პირდაპირ მზერას აარიდა თვალი და ჩუმად თქვა: 

        -  ფარაონის ქორწილი ტაძარში იმართება, იქნებ ტაძრის უზენაესმა ქურუმმა ნახოს ჩემი ნამუშევარი. 
        -  კარგი, მაშინ  მეც იქ ვნახავ, ტაძარში... მარგამ,  ხომ არ ჯობდა რაიმე ჩვეულებრივი საჩუქარი შეგერჩია? ერთი წყვილი ვერცხლის ბარძიმი მაქვს ვერძისთავიანი გამოსახულებით, მარჯნის გრეხილი რქები და ფირუზის თვალები ამშვენებთ მათ,  ბრწყინვალე საჩუქრია, იქნებ  წაგეღო...ვერავინ დაიწუნებს. ასეთი დიდი ნახატი კი ყველას თვალში მოხვდება...და თუ უზენაეს ქურუმს არ მოეწონება მონად გაქცევს. 

        - მონად... რატომ?
        - იმიტომ რომ ფარაონს და უზენაეს ქურუმს ახლა ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ.  მათ შორის ფარაონის დედა შუამავლობს. რომ არა დიდი დედოფალი, ეს ამბავი აქამდეც გამჟღავნდებოდა.  თუ ნახატი უზენაეს ქურუმს მოეწონება, - ფარაონი დაიწუნებს, თუ ფარაონი მოიწონებს, - ქურუმი დაიწუნებს. ასე რომ ერთადერთი გადარჩენა თავად  ნახატშია, ან ორივეს გემოვნება უნდა დააკმაყოფილოს, ან ისეთი საოცრება უნდა იყოს  - ორივე გააოგნოს. აი ეს კი, ყველაზე უარესი შეიძლება აღმოჩნდეს...
ჰოდა რას ფიქრობ ტემუ, როგორია შენი ნახატი? იქნებ ჯობია ჩემთან დატოვო და ვერცხლის წყვილი ბარძიმი წაგეღო? 
       
        - ესე იგი  ხვალ, შეიძლება... დაე ასე იყოს, ოღონდ თუ მონად მაქცევენ,  მინდა შენ მიყიდო!   
        - ტემუ, საქმე რთულადაა, შენი ცოლიც მონა გახდება. თავისუფალი ქალი მონის ცოლი ვერ იქნება!  მონა ქალი კი ქმარს აღარ ეკუთვნის, ის პატრონის ნივთია. ოჯახი, შვილები და  საყვარელი საქმე დიდი ბედნიერებაა ტემუ, ბედნიერება კი თავისუფალი ადამიანის ხვედრია.  მონის ბედნიერება ვის გაუგია?!.. გინდა  შენი შვილები მონებად დაიბადონ?! ... გავიგე მამაშენი არ გწყალობს თურმე.  -  საუბარს მხარი უქცია ბადრუმ.

        - მამაჩემის შეწუხება არ დაგჭირდება ოსტატო, აქ ორმოცდაათი ოქროა, ორი მონის და ჩემი სახლის გამოსასყიდად საკმარისზე მეტიცაა. ის ფულია მამამ წილის სანაცვლოდ რომ მომცა. თუ  მე და ინენის მონის საყელურს შეგვაბამენ, მასზე შენი სახელი ეწერება და მშვიდად გავარძელებთ ცხოვრებას, სანამ შენთვის სასურველ გამოსასყიდს არ გადაგიხდი. -  უბიდან ქისა ამოიღო ტემუმ და პატარა სამფეხზე დადო.

        - ფული მეც მაქვს. მინდა ვიცოდე შენსა და მამაშენს შორის რა მოხდა. 

        - რაც თავი მახსოვს, მამა წელიწადში ორჯერ სამი თვით შორს მიდიოდა  სავაჭროდ.  სწორედ მაშინ მატარებდა შენთან დედა ხატვის გაკვეთილებზე  და ფულსაც მამაჩემის ჩუმად გიხდიდა. როცა შენი სახლი დავასრულეთ და სახლში დავბრუნდი, დედაქალაქის ესკიზები დავხატე მაგრამ ხატვისას ზედ ჩამეძინა დამალვა ვერ მოვასწარი. მამამ ჩემი ნახატი ნახა და ყველაფერი გამჟღავნდა. დედა სასტიკად დასაჯა, მოითხოვა  ხატვისთვის თავი დამენებებინა და მისი სავაჭრო საქმე გამეგრძელებინა. უნდოდა ჩემს დაზე დავექორწინებინე და  შვილები მასთან გამეჩინა, მონაგარი ოჯახშივე რომ დარჩენილიყო. მაგრამ ჩემი უმროსი და მხოლოდ რვა წლისაა და სანამ ცამეტი წლის გახდებოდა უნდა მომეცადა. ამასობაში კი ვაჭრობაში ჩამრთავდა და თავს ვეღარ დავიხსნიდი.  არც ხატვისთვის მინდოდა თავის დანებება  და არც ჩემს დაზე ქორწინება. დედა დამეხმარა მისგან თავისუფლების და ბედნიერების მოპოვებაში. ინენი შემრთო, მამას ჩემთვის წილი მოაცემინა რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო. ედფუს სამხრეთით, ტოდიდან საკმაოდ მოშორებით ერთ პატარა სოფელში ავიშენე სამთვალიანი პატარა სახლი  და ორი პატარა ფლიგელით.  ერთი ჩემი ცოლის სახელოსნოა,  სურნელოვან წყლებს და ნელსაცხებლებს ამზადებს. მეორე კი ჩემია. სოფელში სიწყნარე და მყუდროებაა, ხელს არავინ მიშლის და მშვიდად ვმუშაობ.

        -  ხელოვნების სიყვარულმა აჯობა მამის სიყვარულს?! 
        -  მამას ღირსეულად და პატივით ვეპყრობი ოსტატო, მაგრამ ჩემი საქმე მხატვრობა და ქანდაკია, ვაჭარი ვერასდროს გავხდები. ინენი კი შესანიშნავი ქალია, კარგი მეოჯახე, ერთმანეთს ვუვლით... ერთმანეთს ვენდობით, აქამდე ყველაფერი კარგად იყო... მაგრამ ხვალ...
        - ესე იგი, შენ იცი  რა შეიძლება მოხდეს ხვალ, სტუმრად იმიტომ მეწვიე... თუ შენ და შენს ცოლს მონობა გელით,  გინდა რომ  მე  გიყიდოთ და ეს ფული ამიტომ მომიტანე...  ასეა ხომ?
        - ასეა. 
      - საკუთარ თავს და ცოლს მონობისთვის წირავ?!  რამე რომ  მოხდეს და ვერ გიყიდოთ?  ან ნება არ მომცენ რომ ორივე გიყიდოთ?
      - მაგრამ ხვალ...
      - ხვალ ფარაონის ქორწილია ყველა საზეიმო განწყობაზე იქნება... და იქნებ  მონობა არც გემუქრება, ასე ფიქრობ? 
      - ჰო, ასე ვფიქრობ, ხვალ ხომ დიდი, ძალიან დიდი დღეა. 
      - ჰო ხვალ... ხვალ,  ბევრი რამ მოხდება, ძალიან ბევრი...  ამაღამ დიად პტაჰს***** შევევედრები დაგიფაროს შენ, შენ ცოლი და მეც.  - ჩაილაპარაკა ბადრუმ და შავი ხის დიდი კარი ტემუს ყურთამდე გაუღო. ტემუ კარის ზღურბლზე შეჩერდა, თითქოს მობრუნება უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და მის ფეხთით აელვარებული დედაქალაქის ოქროს შარავანდედისკენ მსუბუქი ნაბიჯით დაეშვა.

                                                                                (იხილე როგორ გაგრძელდა)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _
* ბადრუ - შუაღამით დაბადებული; 
** ეფირ -  ისიდას სახელი ძველ ეგვიპტეში;
*** ტოდ - პატარა ქალაქი თებეს სამხრეთით ძველ ეგვიპტეში;
**** ედფუ - ქალაქი თებეს სამხრეთით ძველ ეგვიპტეში.
***** პტაჰი - ხელოვნების მფარველი ღმერთი ძველ ეგვიპტეში.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _
იხილეთ ილუსტრაციები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები