ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2016


ხელოსანი (ნაწილი III. ფარაონის ქორწილი)

                                                                                         
                                                                   
                                                            "ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის."

                                                                                                                                              ლორდი ჯონ დალბერგ ექტონი


           
      ალიონზე აჟღერებულმა ბუკმა  საზეიმოდ გამოწყობილი ხალხი გარეთ გამოშალა.

გამრიგეები ქალაქის  კარიბჭეებთან შეგროვილი  ხალხის ნაკადს ანაწილებდნენ.  ასკაციან კოლონებს კრავდნენ და დროგამოშვებით უშვებდნენ ტაძრისკენ.  ღამეული ორომტრიალი ქალაქს საერთოდ არ ეტყობოდა. სუფთად მორეცხილი ქუჩები ნილოსის სიგრილით სუნთქავდნენ და  გაშლილი მკერდით ეგებებოდნენ ალიონს.  ხალხი  შეუფერხებლად და  მოწესრიგებულად მოძრაობდა.  ყველა შენობის  ბანზე, მშვილდ-ისრით შეიარაღებული მცველები იდგნენ და მკაცრად ადევნებდნენ თვალს ქალაქს. 

      გზების ორივე მხარეს  და ტაძრის გარშემო ამფითეატრივით გაშლილ  ტერასებზე,  მეთვალყურენი  ხალხს  სოციალური კუთვნილებით ანაწილებდნენ.  მაინც არ ეყოთ ადგილი სანახაობის მოსურნე ადამიანებს. უამრავი მათგანი ხელდახელ შეკოწიწებულ ხარაჩოებზე იდგა ან ქვებით შეკრულ სახელდახელო კვარცხლებკზე, დანარჩენებს ქალაქის გალავანი დაეკავებინათ. ვინც ადგილი ვერ მოიხელთა, სხვებს ეხვეწებოდნენ დანახულის მოყოლას. ტაძრის კარიბჭიდან ამონ-რას მთავარი სამსხვერპლოს დარბაზამდე, ქვით მოგებული დიდი მოედანი დიდებულებით,  ელჩებით  და  საპატიო სტუმრებით იყო სავსე.  მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მეფენი, მხედართმთავარნი და ვეზირნი კი ყველაზე საპატიო ადგილას,  ტაძრის მთავარ დარბაზში  უცდიდნენ ღვთაებრივი წყვილის მობრძანებას.

      ქორწილისთვის ყველაფერი მზად იყო.
საზეიმოდ შემოსილი უზენაესი  ქურუმი  ამალასთან ერთად სამსხვერპლოს დარბაზის შესასვლელთან  ელოდა  მექორწინეებს. ქურუმის  უკან  ფარაონის დედა,  დედოფალი თიია და სადედოფლოს მამობილი, ვეზირი ეიე  იდგნენ. მოშორებით კი საიდუმლო სამსახურის უფროსი რაიარი, რომელთანაც  წარამარა მიდი-მოდიოდა საიდუმლო მეთვალყურეთა რაზმის მეთაური.

    დაძაბული იყო დიდი დედოფალი. მძიმე ფიქრში გაათენა ღამე.  აქამდე ქორწინებაში რელიგია არასოდეს გარეულა.  ქალიშვილი მამას მიჰყავდა სასიძოს სახლში. საქმროს, ხელში საცოლეს ხელს გადასცემდა, წყვილი ერთმანეთს სამაჯურებს და  ერთგულების სიტყვებს უცვლიდა, თავს ცოლ-ქმრად აცხადებდა  და სტუმრებს ნადიმზე იწვევდა.
ასე იყო ოდითგან და ფარაონსაც ასე უნდოდა. 

    ...მაგრამ  ვეზირმა ეიემ სასახლეში მოულოდნელი ამბავი მოიტანა.
უზენაეს ქურუმს,  მეზობელი  ქვეყნის მეფეები და  ელჩობა ფარაონის ქორწილში მანამდე ჰყავდა მოპატიჟებული, ვიდრე თვით ფარაონის მაცნეები მოედებოდნენ ქვეყანას.  მოწვევებიც  გაცილებით ადრე ჰქონდა გაგზავნილი, მესოპოტამიის მეფისთვის განკუთვნილი წერილიც  უჩვენა ვეზირმა. 

      თვალს და  ყურს  არ დაუჯერა ფარაონმა.
      უზენაესი ქურუმი საკუთარ ქორწილზეც კი, არაფერს დაეკითხა. 
      მიხვდა, საშინელება მზადდებოდა და  ბრაზმა ლამის შეშალა.
      დედა იხმო. 
     
        ელოდა დედოფალი თიია შვილის რისხვას, ოღონდ  არა ისეთს რაც მისმა თვალებმა ნახა. 
სატახტო დარბაზიდან ლეწვის და  მსხვრევის ხმა მთელ სასახლეში ისმოდა.  მშვენიერი ჩინური და ინდური ლარნაკები,  ფინიკიური სამშვენისები,  მშვენიერი თასები, იასპის და მარჯნის ფიალები,  მარმარილოს სიფრიფანა ამფორები სატახტო დარბაზს ოდითგანვე  რომ ამშვენებდნენ, ახლა  ნამსხვრევებად ფრინავდნენ და ქვის იატაკს წკრიალით ეფინებოდნენ. 

    -  მოღალატე! სულ თავს გავიდა! ჩემსავე ქორწილში უნდა ტახტიდან ჩამომაგდოს!  დამამხოს და თავი მომკვეთოს!!! გადატრიალებას ამზადებს და ხელისუფლების  უზურპაციას აპირებს!!!  ამიტომაც მოიფიქრა ტაძარში ქორწინება, უნდა თავი  მოუყაროს სხვა ქვეყნების მეფეებს და ელჩობას,  იქვე რომ მიიღოს ფიცი და აღიარება!  დიადო ღმერთებო!  რაში მჭირდება ეს ტახტი თუ საკუთარ  ქორწილში დამამხობენ?!.. ეს არის თქვენი შუამავლობა დედოფალო?!  მისი  მომხრე ხარ?!  რომელს გინდათ ეს ტახტი, მას თუ შენ?! იქნებ ორივეს ერთად?!

დედოფალს ორმაგი თავზარი დაეცა, ჯერ გაგონილმა ამბავმა შეძრა, მერე შვილის ზღვარგადასულმა რისხვამ.  ისეთ ცეცხლს აფრქვევდნენ ფარაონის თვალები, ქალს შიშისგან ენა ჩაუვარდა და შვილის წინ დაემხო,  ხელები თავსზემოთ  ვედრებით ისეთი ძალით გადააჭდო ერთმანეთს,  თითები მთლად გაუთეთრდა. 

დედის სასოწარკვეთამ მთლად გამოიყვანა წონასწორობიდან ახალგაზრდა კაცი. გულმა უგრძნო, ქალა არაფერი იცოდა და სახელმწიფო ღალატში ტყუილად დასდო ბრალი.  გაცეცხლებულს, ძვირფასი ქვებით მოჭედილ-მოჩუქურთმებული ფარაონის ათასწლოვანი ტახტი მოხვდა თვალში,  დარბაზში ისღა გადარჩენილიყო შეუმუსრავი... დაუზოგავად  წამოავლო ხელი, მთელი მკლავით ძლიერად მოიქნია  და კედელს მიანარცხა.  სპილოს ძვლის ტახტი  მთელი სიმძიმით დაეცა იატაკზე  და გრიალი მოიღო.  ლალები და საფირონები ჰაერში გაფრინდნენ და ქვის იატაკზე აწკრიალდნენ.

    - ჯერ მთელ ქვეყნიერებას უჩვენა, რომ ფარაონი  ქურუმის გარეშე ვერ დაქორწინდება  და ტა-კემეტში,  სწორედ ისაა პირველი და არა მე!  ჩემს პირად ცხოვრებაში  ისე აფათურებს ხელს, როგორც უნდა! თუ  გადატრიალება არ გამოუვა, ტაძარში ქორწინებას ხომ მაინც აქცევს საყოველთაო კანონად,  უკანასკნელ დანაზოგს დაახარჯინებს  ხალხს და ისევ თვითონ გაისქელებს  ჯიბეს! ბოლომდე უნდა დატკბეს ძალაუფლებით,  ფარაონობაც უნდა და უზენაესი ქურუმობაც!!!

    -  ჩუმად შვილო, ნუ აჩვენებ რისხვას შენს მტრებს.  - ატირდა დიდი დედოფალი. 

    -  რომელ მტრებს?!  მამასთან ერთად ექვსი წელი ვმართე ქვეყანა. ვერავინ იტყვის რომ  სახელმწიფოს მართვა არ შემიძლია, გაუნათლებელი,  ზარმაცი და მშიშარა ვარ,  ან ჩემი ხალხი არ მიყვარს! ვერავინ!!!  მაგრამ როგორც კი მამაჩემი  დიდმა ანპუმ * წაიყვანა,  მაშინვე ჩემი გაცამტვერება მოინდომა!..  მაშინ შენ შემაჩერე,  სიკვდილზე უარესი სირცხვილი დაემართა და ეყოფაო... დაგიჯერე...  და...  რა გამოვიდა?!..მე მხოლოდ ერთი მტერი მყავს!

      ის მწარე დღე, მართლაც  ღმერთების განსაკუთრებული რისხვით დაამახსოვრდა დედოფალ თიიას.

ახალგაზრდა ფარაონმა მამის დანაბარებიდან პირველი დავალება შეასრულა და ქვეყნის ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფა შეცვალა.  ამონ-რას ტაძარს დამოუკიდებელი ნომის სტატუსი გაუუქმა და  დედაქალაქს  მიუერთა. ამიერიდან უზენაესი ქურუმს გადასახადი  დედაქალაქის ხაზინაში უნდა შეეტანა. 

        პაპირუსზე მელანი ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი, რომ გავეშებული ქურუმი სასახლეში მოვარდა. კარიბჭესთან მიგებებულ მონებს  ცხენები ზედ მიაგდო, მტაცებელი ფრინველივით გადმოფრინდა გაქანებული ეტლიდან და სატახტო დარბაზისკენ გაქანდა.  მძვინვარედ მიაფრიალებდა სამოსის ოქროცურვილ კალთებს, ხელები კლანჭებივით გაეშალა,  მრისხანედ შეკრული შუბლის ქვეშ, რისხვით დანთებული  ჭროღა თვალები გველის გაშეშებული მზერით  აქვავებდა ყველა შემხვედრს. ავი და შავი ბრაზით შეპყრობილს,  სეთის ჩრდილივით მოსდევდა ცხენებით გათქერილი  და  ოქროს მძიმე ეტლით გასრესილი  მონების განწირული კივილი. 

ყურადღებაც არ მიუქცევია კართან მდგომი დაცვისთვის, ისე შეიჭრა  სატახტო დარბაზში.  არც ელჩები, ვეზირები და დიდებულები ჩააგდო რამედ, ჩხავანა ხმით გაჰკიოდა, წვინტლიან  ლაწირაკს და უმწიფარ ღლაპს ეძახდა  ფარაონს.  უხეშად მოიცილა  წინ გადამდგარი დაცვის უფროსი, პირველ ვეზირს ხელიდან  ბრძანება გამოსტაცა,  ნაკუწებად აქცია, ტახტისკენ გაექანა  და ის იყო  ნაგლეჯები სახეში უნდა მიეყარა ფარაონისთვის, რომ ქანდაკებასავით უძრავად მდგარმა  მთავარმა  ჯალათმა მოულოდნლად მოუჭრა გზა. მოქნეულ ხელზე  ხელი სტაცა და ისეთი ძალით მოუჭირა,  ძვლის ტკაცუნმა  დარბაზში ექოდ გაიჟღერა. მოულოდნელ  ხაფანგში გაბმულმა ქურუმმა გაიბრძოლა, მაგრამ  მაჯაზე ჩაფრენილი მარწუხმა ადგილზე გააქვავა, საზარელმა ტკივილმა სახე მოუღრიცა და კლანჭებად  დაგრეხილი თითები სიმწრით გაშალა.

პაპირუსის ნაკუწები ფარფატით გაიფანტნენ იატაკზე. 

გაცეცხლებულმა ქურუმმა, სხვა რომ ვეღარაფერი იღონა, მარცხენა ხელით  ტაძრის  უზენაესი ნიშანი, ამონ-რას ოქროს დიდი მედალიონი მკერდიდან მოიგლიჯა,  მთელი ძალით მოიქნია და  ფარაონს ესროლა... მთავარსარდალმა წამში  იშიშვლა მახვილი,  ჰაერში გაფრენილმა მედალიონმა  ცივად მოლაპლაპე  ხალიბურ ფოლადზე  გაიჟღიალა.  ქვის იატაკზე მძიმე ლითონის დაცემის ხმამ, ხალხით სავსე  დარბაზს ყური მოჭრა.
ყველა თაგვივით გაისუსა.
მთავარი ჯალათის  ოქროს ცულივით  მბრწყინავი მედალიონი თეთრ მარმარილოზე ავი წკრიალით გაგორდა. რამდენიმე წრე ბზრიალ-ტრიალით მოხაზა,  ბოლოჯერ გაიწკარუნა  და ტახტზე მჯდომარე ფარაონის ფერხთით  გულაღმა დავარდა.

      ყველა მედალიონს მიაჩერდა.

დარბაზში ჩქამიც არ ისმოდა.  ვერცერთი ვეზირი ვერ ბედავდა ადგილიდან დაძვრას. 

ფარაონი ტახტიდან ნელა წამოდგა, მედალიონს დასწვდა, დარბაზის დასანახად თავს ზემოთ ასწია და მშვიდად თქვა:
 
    - დიადმა ამონ-რამ თავად უჩვენმა  კუთვნილი ადგილი თავის  ქურუმს!!!

    უზენაესი ქურუმი გაშეშდა.
    მიხვდა, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.  ყველამ  დიადი ამონ-რას ნიშნად მიიღო მომხდარი..
    მწარე მარცხმა  ჯერ მკერდში გაუარა აუტანელ ტკივილად, მერე კისრისკენ აინაცვლა...
    რაღაც ძალა ისე სრესდა და ჭყლეტდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. 
    გვიან მიხვდა, რომ მთავარი ჯალათის ხელი აწვებოდა  მარჯვენა მხარზე.  ქურუმმა სიმწრით ამოიჩხავლა და ფარაონის   
    ფერხთით,  პირქვე მოწყვეტით დაეცა.   
 
    სატახტო დარბაზმა აღტაცებით იგრიალა და ძირს განერთხა.
   
    დედოფალი თიია  გულწასული გაიყვანეს დარბაზიდან მსახურებმა...

... მას შემდეგ  ორმა გრძელმა წელიწადმა ისე გაიარა, ფარაონი და ქურუმი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.
დედოფალი ყოველდღე მადლობას  წირავდა  ქალღმერთ სეხმეთს, ფარაონის მფარველ ღვთაებას,  იმ საშინელი დღის ბედნიერი დასასრულისთვის.

        მაგრამ ახლა, ქურუმს  ხელსაყრელი ჟამი დასდგომოდა.

    -  ჩემ ქორწილში  აპირებს შურისძიებას! იმ დღის მერე ჩემი დაუძინებელი მტერია!  თავგასულია და გაზულუქებული! ჰელიოპოლის ტაძრის ქურუმებს უძველესი  ღმერთების ხსენება  აუკრძალა და ეს უფლება კარნაკის ტაძარს გადაულოცა. მემფისიდან  ქურუმების გაყრა და ტაძრების განძის მისაკუთრება უნდა.  მხოლოდ თოტის და ისიდას ტაძრებს ვერ ახლო ავი ხელი!  ქვეყნის ხაზინაში არაფერი შემოაქვს!  სამჯერ მეტი ტაძრის მონა კვდება დღეში, ვიდრე მთელ ქვეყანაში  ერთად! არც ტაძარია ისეთი ბრწყინვალებით მოსილი როგორც მამაჩემის დროს!  ყველა დიდებულის  განძი რომ შევკრიბო და ჩემიც მივუმატო, მის განძეულთან შედარებით ქერის მარცვალის წონაც არ იქნება!  ფარაონები ომების შემდეგ უხსოვარი დროიდან წირავდნენ ტაძარს ნაალაფარ განძეულს! იცი რა ქნა იმ ფულით?!  ამონ-რას ოქროს მხედრობა შექმნა!  ჯარი, რომელიც თვალით არავის უნახავს!  ვის ემორჩილება  ამონ-რას მხედრიონი? რა თქმა უნდა მას!!!  კარგა ხანს ეძება საიდუმლო სამსახურის უფროსმა მისი ჯარისკაცები, მაგრამ ვერავინ იპოვა!  არცერთ მათგანს სახეზეც კი არავინ იცნობს! არავინ იცის ვინ არიან, რამდენი არიან, ან სად გადიან წვრთნას. შეიძლება ჩემი დალაქიც კი,  ოქროს მხედრიონის ჯარისკაცია და მე არ ვიცი!.. მათი შეკრება მხოლოდ მას შეუძლია!  რაღა დარჩა ფარაონის ტახტამდე? მანძილი ტაძარსა და ამ სასახლეს შორის?!  არა, მაგის პარპაშს ბოლო უნდა მოეღოს!  დღესვე !!! 

      - დამშვიდდი შვილო, ღმერთებმა გადმოგხედეს, ცოლად საყვარელ ქალს ირთავ. შენ ერთადერთი ფარაონი ხარ, რომლის ქორწინებაშიც პოლიტიკა არ გარეულა. ღმერთები დაგვეხმარებიან, არ მიგვატოვებენ! მეგონა შენი რისხვა ტაძარში ქორწინებით იყო გამოწვეული. რას  ვიფიქრებდი შენი დამხობა თუ ჰქონდა განზრახული!  რამე უნდა ვიღონოთ, თავი დავიცვათ, არც  ეს უბედურება შევიმჩნიოთ,  ღირსეულად  ვუმასპინძლოთ ხალხს და სტუმრებს. არეულობას მტრის შემოსევა და ომები მოჰყვება, დიადი ჰაპი** სისხლით შეიღებება,  მიწა ნაყოფს აღარ მოგვცემს, ხალხი ამოწყდება, გაღატაკდება, დაიტანჯება...  სიბრძნეს მოუხმე შვილო, როგორმე ფარულად უნდა მოვაგვაროთ ეს ამბავი!  - მუხლმოყრილი ევედრებოდა ფარაონს ატირებული დედოფალი. 

      ქვეყნის პირველი ვეზირი ეიე, მთავარსარდალი და საიდუმლო სამსახურის უფროსი იხმო ფარაონმა.
თიიას ზურგს უკან სატახტო დარბაზის კარი ხმაურით მიიხურა და ჩაირაზა.  მთელი დღე და ღამე, მუხლმოყრილი იდგა  დედოფალი  ლომისთავიანი სეხმეთის ხატების წინ და  ფარაონის გადაწყვეტილებას ელოდა. მხოლოდ  მზის ამოსვლისას აცნობა ვეზირმა სასოწარკვეთილ ქალს შვილის პასუხი. 

      ფარაონი ტაძარში ქორწინებას დათანხმდა.  თიიამ შვებით ამოისუნთქა და იქვე ქალღმერთის ფეხთით მიწვა.

        დადგა ბედნიერი დღეც.
ამინდი  ცუდს არაფერს იუწყებოდა. უღრუბლო ცა სიმშვიდის მაუწყებელ გვირგვინად ადგა მთელ ქვეყანას. ყველა  ფარაონის ბედნიერი ქორწილის ხილვას ელოდა.  მხოლოდ ხუთმა ადამიანმა იცოდა, რომ  სულ ერთ წამში შეიძლებოდა  ეს დღე დიდი უბედურების მაცნე გამხდარიყო.

დედოფალმა დაკვირვებული მზერა არაემარეს მოავლო. 

  -  ჩვენს გარშემო არიან, გადაცმულები დგანან თითოეული ჩვენგანისგან ორ ნაბიჯში... და  ნიშანს ელოდებიან...  თუ ტაძარს ალყაში მოაქცევს,  ფარაონიც, სტუმარი მეფეებიც, ელჩობაც და ჩვენც მის ტყვეობაში აღმოვჩნდებით.  ყველას აიძულებს აღიაროს მისი ზეობა. თავს ფარაონად გამოაცხადებს... ჩემს შვილს კი, ყველას თვალწინ, საკუთარი ქორწილში მოჰკვეთს თავს... ნურც ღირსებია!!!  ღმერთებო და ქალღმერთებო, დაიცავით ჩემი შვილი და ჩემი ქვეყანა... ოჰ, დიადო თოტ, სიბრძნით აღავსე დიდი ფარაონი, შენი ძლიერი ფრთით დაიფარე და მოწყალებით გადმოხედე! - ტაძრის კედელზე გამოკვეთილ იბისისთავიან ღმერთს ვედრებით შესცქეროდა დაფიქრებული დედოფალი. 
     
                                                                                      ...

  -  ღმერთებო და ქალღმერთებო, დაიცავით ჩემი ტემუ და ჩემი ოჯახი... ოჰ, დიადო ჰორ,  დაე ნუ ამიხდება ჩემი სიზმარი, გავედრებ  ჩემს ტემუს, შენი ძლიერი ფრთით დაიფარე და მოწყალებით გადმოხედე! - ჩუმად ლოცულობდა  ინენი და  ტაძრის კედელზე ჰორის გამოსახულებას შესცქეროდა.

    ცოლ-ქმრისთვის, სფინქსების  გალერეის უკანა ტერასაზე, ყველაზე ბოლო და მაღალ საფეხურზე მიეჩინათ  ადგილი.  ტაძრის წინა მოედანი  გაშლილი ხელისგულივით მოჩანდა. სარა და საამონი  ერთი საფეხურით დაბლა იდგნენ. ტეფია და ეფირი ყველა წვრილმანის დამახსოვრებას ცდილობდნენ სოფელში დარჩენილების გულის გასახარად. მხოლოდ ინენის უწუხდა გული უმიზეზო მიზეზით. ქმრისკენ გააპარა თვალი, მაგრამ ტემუს გუშინდელს აქეთ შეცვლილი მზერა  ისევ მოხვდა თვალში და გული მოეწურა. 

    ბუკის ხმამ ყველას ამცნო ფარაონის ამალის მოახლოვება.  ხალხის შეძახილმა ქალაქს გადაუარა.

  ასობით საბრძოლო ეტლი შემოიჭრა ქალაქის კარიბჭეებში და წარმოუდგენელი სისწრაფით გაიქროლა  ხალხის თვალწინ. მალე ფარაონიც გამოჩნდა. წყვილი ქურანი  მწყობრად მოქროდა ქვაფენილზე. სადავეებთან  თავად იდგა.  ცალი ხელით ეტლს მართავდა, მეორეთი ხალხს ესალმებოდა.  უკანაც  ასობით  ეტლი მოჰყვებოდა, მხლებლებით და პირადი ჯარით.  მზისფერი სამოსით და თავსაბურავით მოსილი, ოქროს საომარ ეტლზე ამხედრებული ფარაონი,  მართლაც ჰგავდა  მიწაზე ჩამოსულ მზეს. ოღონდ, უძრავ კერპს სულაც არ ჰგავდა წინა ფარაონებივით, მხოლოდ ზეცას ან შორეთს რომ გასცქეროდნენ მიხრწნილი მზერით.  ახალგაზრდა, ბრწყინვალე აღნაგობის ახალგაზრდა კაცი, ჯანღონითა და ხალისით სავსე, ხალხს  თვალებში უცქერდა, უღიმოდა და ესალმებოდა. 

ოკეანესავით აღელდა  და აზვირთდა საყოველთაო სიხარული. ხალხი შეუწყვეტლად აღავლენდა ფარაონის სადიდებელს. ბევრი ვერც ბედავდა  მიწაზე ჩამოსული მზისთვის მზერა გაესწორებინა და თვალებზე ხელს იფარებდა მისი სხივით რომ არ დაბრმავებულიყო. გახარებულმა ხალხმა, ფარაონში უძრავი და მიუწვდომელი კერპის ნაცვლად  მათნაირი ადამიანი დაინახა,  სადიდებელი შეძახილი ზედიზედ გრგვინვით მიაწყდა ზეცას და ყველამ ერთბაშად მოიყარა მუხლი. 

      ბუკმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა. ქალაქში სადედოფლო და მისი ამალა შემოდიოდა.   
       
      გზაზე მსუბუქი ეტლების რკალი  გამოჩნდა.  ლოტოსის ყვავილებით მორთული სადედოფლოს სამარულო ეტლი, სიმსუბუქით და მოქნილობით ყველასგან ისე გამოირჩეოდა, თითქოს ღრუბლისფერ ცხენებს, პირდაპირ ზეციდან ჩამოეყვანათ მიწაზე. 

      ბრწყინვალე ნათელი დასდევდა ეტლზე მდგარ სადედოფლოს.  თვით ქალღმერთ ისიდას ტახტიდან გადმოსულს მიაგავდა უნაზესი  ქალი.  სიფრიფანა, წერწეტა სხეულზე ლოტოსის ფურცლებად დაფენილი ჰაერივით მსუბუქი თეთრი კაბა ემოსა,  მაღალი, ნატიფი ყელ-კისერი მარჯნის სამკაულით დაემშვენებინა,  ხვეულ წაბლისფერ დალალებს, ლოტოსის ყვავილით დამშვენებული გვირგვინი შეეკრათ მშვენიერ თავზე. ნატიფი მკლავებიდან მარჯნის სამაჯურები იღიმებოდნენ,  მაჯებზე "ჰორის თვალებით" დამშვენებული  ოქროს სალტეები მზისა და მთვარის სადიდებელს იუწყებოდნენ. მოცინარ სახეს  ბედნიერების მოლოდინი უნათებდა. მარჯნისფერ ტუჩებზე  ლაღი ღიმილი ეფინა.  ღვთაებრივ სიწმინდეს და სათნოებას  აფრქვევდა ფარაონის საცოლე.

        ხალხს გულზე სიმსუბუქემ და სიმშვიდემ საამოდ გადაუარა. ათასჯერ მშვენიერი, თვალწარმტაცი, ჰაეროვანი და ნატიფი აღმოჩნდა  სადედოფლო, ვიდრე  ამბავი იუწყებოდა.  ლამაზთა შორის ულამაზესი ქალი მოდიოდა დიადი სახელმწიფოს უმშვენიერეს დედოფლად.  ფარაონის სადიდებელ შეძახილებს  მისი  სადიდებელი მიემატა და  მთელი გარემო შეაზანზარა.  ბედნიერი ხალხი, უსაზღვრო აღტაცებას გამოხატავდა და დიდი სიყვარულით აცილებდა ღვთაებრივ წყვილს ახალი ცხოვრების გზაზე. 

        ტაძრის წინა მოედანზე  ფარაონის  და სადედოფლოს ამალა  ორად გაიყო, საბრძოლო ეტლებმა ნახევარწრე შეკრეს და მწყობრად დაიწყეს მოძრაობა,  ჯარმა ჯერ ამომავალი მზის ფორმა მიიღო  და წამით გაირინდა. შემდეგ ტა-კემეტის რუქა მოხაზა, მერე  ანკხის ვეებერთელა ემბლემად იქცა.  გამოსახულებები ნელ-ნელა იცვლებოდნენ.  პირამიდების დიდი სამეული ისეთი ოსტატობით დაიხატა, თითქოს მხატვარმა გადმოიტანა ტილოზე.  შემდეგ დიდი სფინქსი გამოჩნდა პირამიდების მთელ პანორამასთან ერთად. ხალხმა ყოველ ახალ გამოსახულებას რიტმული შეძახილით ხვდებოდა. ჯარმა  ღმერთების და ქალღმერთების "ხატვა" დაიწყო.  ხალხი  ყოველ მათგანს შეძახილებით ადიდებდა და ფარაონის  ბედნიერებას შესთხოვდა.  ბოლოს, თვით ფარაონის გამოსახულება გამოჩნდა, პანორამული სანახაობა  მზის მთლიანდ დისკოდ შეიკრა და სხივებად დაიწყო დაშლა. სხივები მთელ არემარეს მოეფინენ,  ტაძრის მთელ პერიმეტრზე გაიშალნენ ოთხწყებად განლაგდნენ.

    რამდენიმე წუთში ამონ-რას ტაძარი ექვსიათასი მძიმე საბრძოლო ეტლის და თორმეტი ათასი შეიარაღებული ჯარისკაცის ალყაში მოექცა.  ფარაონის პირადი დაცვა  ოთხმწკრივად მოეწყო, შუაზე გაიყო  და განიერი დერეფანი შექმნა. ორი მწკრივი ფარაონისკენ შებრუნდა, ორი ხალხისკენ. ოქროს შუბოსანმა მცველებმა მზის სადიდებელი შეძახილი აღავლინეს თუ არა მზეც ამოიწვერა, პირველმა სხივებმა ტაძრის კარიბჭე გამოიარეს და ფარაონს მისწვდნენ.  ვერძისთავიან სფინქსებს შორის  მზის ბილიკი გაიფინა. მცველებმა ღვთაებრივი წყვილი  შუაში მოიქციეს და  წმინდა ცეცხლის  დერეფნისკენ გაუხსნეს გზა. მექორწინენი  ფეხშიშველი შედგნენ ბილიკზე და ტაძრისკენ დაიძრნენ.  ამოწვერილი მზე ტაძრის შესასვლელს აღმოსავლეთიდან მოადგა. ვიწრო, თაღოვანი კარიბჭე მთლიანად გაბრწყინდა და მზეში შესასვლელს დაემსგავსა. ამ  სასწაულმა ხალხი მთლად აღაფრთოვანა და მზის სადიდებელი  ზეცაში აიჭრა. 

      - მართლაც რა ნაზი და ლამაზია, რა მსუბუქად მიდის მზის სხივზე შემდგარი, ჰაერში გაფრინდება სული რომ შეუბერო! -  წამოიძახა ინენიმ.  ტემუს ინენის აღტაცებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.  ათასობით საბრძოლო ეტლმა და  შეიარაღებულმა ჯარმა  ეჭვი გაუჩინა.  ალყაშემორტყმული ტაძარი, ღმერთის სამყოფელის ნაცვლად  ვეებერთელა პირდაღებულ ხაფანგს დაემსგავსა.  ტემუ  ფარაონს მიაჩერდა. შეეცოდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ალბათ წყალსაც ვერ სვამდა მშვიდად,  მაგრამ მისი ყურადღება მოულოდნელად  სულ სხვა რამემ  მიიპყრო და ახლა თვალით ამოწმებდა შემჩნეულს.   

    - წარმოუდგენელია,  ეს მართლაც წარმოუდგენელია... არც ისე შორსაა, მანძილმა რომ მაცდუნოს!!! - გაიფიქრა ტემუმ. 

ფარაონმა  ისე მოიხედა, თითქოს ვიღაცამ დაუძახა. უამრავი თვალი უცქერდა, მაგრამ ეს მზერა  თითქოს პირდაპირ მის სულში იხედებოდა. იცოდა რომ მხოლოდ პირდაპირ უნდა ეცქირა, ასეც იყო გაფრთხილებული, მაგრამ მაინც მოიხედა... ათასობით სახე დატრიალდა მის თვალწინ, ვერ  გაარჩია ვინ იყო იმ მზერის პატრონი. ისედაც დაძაბულს, თვალი აუჭრელდა,  მაგრამ თავი შეიკავა, წამით შეცვლილი განწყობა არ შეიმჩნია, საცოლეს ხელი მოკიდა  და  ვიწრო კარიბჭეში შეაბიჯა.

          ღვთაებრივი წყვილი  მზეში შევიდა. 

ხალხის შეძახილმა  ისე იქუხა,  მიწა იძრა და ტაძრის კედლები ერთბაშად შეზანზარდა. 

    კარიბჭის მიღმა მყოფ ხალხს არანაკლებ თვალწარმტაცი სანახაობა ელოდა.

        ოქროსფრად გაბრწყინებული ფარაონი  პირდაპირ მზიდან გამოვიდა, გარშემო ნათელი ადგა,  გვერდით  კი ლოტოსის  ყვავილივით ნაზი, თავდახრილი  მშვენიერი ქალი მოჰყვებოდა. მზის ხალიჩა  ტაძრის მთავარ კიბემდე გაიშალა, წყვილი თავის მკერდზე გაატარა,  მოციმციმე სხივებში გახვია, ბედნიერება მიულოცა და კალთა ზეცისკენ აიკრიფა.

    მზემ,  თავისი დიდებული შვილი მიწაზე დატოვა, თვითონ ცაზე დაეკიდა და  ბრწყინვალე თვალებით დააცქერდა. 
 
      იმ წუთებში არცერთ სტუმარს არ შეპარვია ეჭვი, რომ დიდი ფარაონი, მართლაც მზის შვილი, მზის ნებით იყო დედამიწაზე მოვლენილი და ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, ნამდვილად ამონ-რას დიდ წყალობა იყო მისი ხილვა.
შეძახილმა ქუხილივით იფეთქა ტაძრის შიდა მოედანზე და გალავანს ტალღასავით გადაუარა.

      ვეზირმა ეიემ  და დედოფალმა თიიამ  ერთდროულად, შეთანხმებულივით ჩამოიარეს ხუთსაფეხურიანი კიბე და ფარაონის წინაშე მუხლი მოიყარეს.

        ფარაონმა დედა ფეხზე  წამოაყენა, ვეზირისკენ შებრუნდა და დაიხარა,  სასიმამროს მხარზე შეეხო და  ფეხზე ადგომა ანიშნა. დიდებულებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს. მსახურისკენ დახრილი ფარაონი მართლაც არასდროს ენახა ვინმეს. მოედანს გაკვირვების ჩურჩულმა გადაუარა.  ახალგაზრდა ხელმწიფის ღირსეულმა საქციელმა, დიდებულები  და ელჩობა  აღაფრთოვანა  და შეძახილმა  ტაძრის შიდა მოედანი ააგუგუნა. 

        ეიემ  ქალიშვილის ხელი ხელში გადასცა ფარაონს, წელზე ოქროს ხმალი შეაბა და უკან დაიხია.  სადედოფლომ  ფარაონის წინ მუხლზე დაიჩოქა, ჰორისთვალებიანი სამაჯურები მოიხსნა,  ფარაონს მაჯებზე გაუკეთა, ერთგულება და სიყვარული  შეჰფიცა და ხელები მაღლა აღაპყრო. ფარაონმა ქალს ისიდას გაშლილი ფრთებით  რკალად შეკრული ოქროს  წყვილი სალტე  ხელებზე  ჩამოაცვა, თავზე ეამბორა,  ფეხზე წამოაყენა, ერთგულება და სიყვარული შეჰფიცა და გვერდით დაიყენა. ახლა დედოფალი თიია ეახლა წყვილს და  ორივეს ღვთაებრივი სამეფო ნიშნებით მოხატული  ოქროს ფირფიტებისგან ნაქსოვი ნატიფი ყელსაბამები შეაბა ყელზე. 

  მეორე ვეზირმა ხალხს მქუხარე ხმით აუწყა:
 
  -  ტა-კემეტის* ფარ რაა,** ამენჰოტეპ მეოთხე  დაქორწინდა!!! მისი დედოფალია  ნეფერტიტი! 

        ხალხმა დედოფლის სახელი ჩურჩულით აიტაცა და  არემარეს მსუბუქ სუნთქვად მოაფინა.
   
ფარაონმა და ახალმა დედოფალმა უკვე როგორც ცოლ-ქმარმა, ისე აიარეს კიბე  და  უზენაეს ქურუმს მიუახლოვდნენ.

        ქურუმმა თავი ზემოთ ასწია,  წინ წამოდგომა  დააპირა. 
მაღალი მოუვიდა ნაბიჯი... ქოშის  აბზეკილი ცხვირი  უშნოდ წამოსდო სამოსის მძიმე  კალთას. ძლიერად წაიბორძიკა და  მიწისკენ დაქანდა.  ხელები უცნაურად აიქნია, თავის შესაკავებლად  წინ გადაიხარა, თითქოს არეული ნაბიჯიც გამართა,  მაგრამ რაღაცას ფეხი წამოსდო,  მუხლებზე დაეცა და  კიბეზეც  დაგორდებოდა, მის წინ  მდგარ ფარაონს რომ არ შეეკავებინა...

ბრაზმა გონება დაუბნელა უზენაეს ქურუმს... მაგრამ მაინც შეასწრო თვალი, როგორ დაბრუნდა ვერცხლის სავეზირო კვერთხი ეიეს ფეხებთან...ჯერ ფარაონს შეაცქერდა ქვემოდან თვალებში მარჩხად,  შემდეგ გველის თვალებით გახედა მშვიდად  მდგარ ეიეს,  "ბიჭური ხაფანგების" დიდოსტატს,  ბოლოს საიდუმლო სამსახურის უფროსის სახეზე შენიშნა ირონია და გულმა უგრძნო...  უკვე დამთავრებული იყო ის,  რაც ჯერ არ იყო დაწყებული.

      შიშისგან გააჟრჟოლა. მხოლოდ ახლა მიხვდა, სადამდე მიიყვანა ძალაუფლების სიყვარულმა და უსაზღვრო ამპარტავნებამ. სამეფო ამალის უცვლელ  მხლებელს, ფარაონის ჯალათს გახედა. კისერთან სიცივე იგრძნო.  ვერ გაარკვია, მისი ოქროს ცულის მოლაპლაპე ბასრი პირი შეეხო თუ ცივმა ოფლმა დაასხა... თვალში ჩაუქრა სინათლე თუ მზე გაქრა... უცნაურად შეირხა და ფარაონის ფეხთით ტაძრის ქვაფენილზე პირქვე დაემხო.

        ფარაონმა  ეშმაკური ღიმილი ტუჩის კუთხეში ჩამალა. დიდსულოვნად დაიხარა,  ქურუმს ხელი შეაშველა და ფეხზე წამოაყენა.  ხალხი გაირინდა. ასაკით  ბევრად უფროს ქურუმზე მეტ სიბრძნეს და მოთმინებას იჩენდა ახალგაზრდა ფარაონი. შეკრებილ დიდებულებს ჯერ მოწონების ჩურჩულმა გადაუარა, აქა-იქა შეძახლი გაისმა,  ხალხი აიყოლია  და  ტაძრის გულიდან მთელ არემარეზე გაიშალა სადიდებელი შეძახილი.

        შვებით ამოისუნთქა დედოფალმა თიიამ. 
        პირველად გაიღიმა შვილის ქორწილში. 
გაახსენდა როგორ თხოვა ქმარს ძმის დაწინაურება. ფეხმძიმე მეუღლეს და მთავარ ცოლს, უარი ვერ უთხრა ფარაონმა. ასე აღმოჩნდა სამეფო კარზე გონიერი  და სიტყვაძუნწი ეიე.  ჯერ მოისართა რაზმის წინამძღოლი გახდა, შემდეგ ცხენოსანი ჯარის უფროსი, მერე მთავარი მწერალი, შემდეგ პირველი ვეზირი.  აქამდე ერთგულად ემსახურა ფარაონს და ქვეყანას, ერთგულებითვე განაგრძობდა  დის და დიშვილის სამსახურს. თავად უშვილოს,  საკუთარი ვაჟივით უყვარდა ახალგაზრდა ფარაონი.  ერთი რამეც იცოდა მტკიცედ:  ჰაპივით*** მარადიული და ხელშეუხებელი იყო მისი ქვეყანა, შეულახავი იყო ფარაონის ტახტი, სახელი და ღირსება!.. სადაც მისი ძალა არ ჭრიდა, იქ გამჭრიახ გონებას იშველიებდა, ურყევად ჯეროდა რომ დიდი პრობლემის გადაწყვეტა სულ უბრალოდაც შეიძლებოდა.   
   
    -  დიდი ფარაონის საჩუქარი ახალგაზრდა  დედოფალს! -  ყველას გასაგონად დაიქუხა მეორე ვეზირმა. 

საჩუქარი  ისეთი სასწაული აღმოჩნდა,  ქურუმის მორიგი მარცხი ყველას მიავიწდა.
ფარაონი თავის სამასივე ხარჭას, თავისუფლების სიგელთან ერთად,  თითო ქისა ოქროს  ჩუქნიდა და ჰარამხანას  გაუქმებულად აცხადებდა. ამიერიდან ახლადშერთული დედოფალი,  მთავარი და ერთადერთი ცოლი  ხდებოდა,  სასახლის აღმოსავლეთი ნაწილი მას ეთმობოდა უძვირფასესი ბიბლიოთეკით,  სასტუმრო, მოსასვენებელი, სალხინო და საცეკვაო  დარბაზებით, საბავშვო ოთახებით და ორასი  მსახურით.   

      დედოფალმა ბავშვურ  სახეზე ალი აიკრა და  მადლობის ნიშნად ღვთაებრივი მეუღლის  წინ მუხლებზე დაეშვა.
უზენაესი ქურუმმა,  ახალგაზრდა დედოფალი ფეხზე წამოაყენა და  სამეფო  წყვილი სტუმრებთან ერთად  მთავარ სამსხვერპლოსთან მიიპატიჟა. 

    სამსხვერპლოზე ვეებერთელა რქადაგრეხილი ვერძის შეწირვის რიტუალი დაიწყო.

    ფარაონმა დრო იხელთა და ეიეს  მიუბრუნდა. 
    - რას მეტყვი ვეზირო?
    - ამონ-რას მხედრიონის  ოცეულების და ასეულების მეთაურები, სარდალთან ერთად  დილეგში არიან გამოკეტილი. ჰორეჰემბმა და რაიარმა იმარჯვეს და ყველა ერთად დაატყვევეს. ყველა მტკიცებულება მაქვს. ნიშნის მიცემა მოასწრო, მაგრამ შემსრულებელი აღარავინ იყო.
    - ოცეულების და ასეულების? რამდენი არიან?
    - მეთაურებიანად ორი ათასი, ოღონდ, იარაღის გარეშე.
    - ჯარი იარაღის გარეშე? უიარაღოდ მოვიდნენ? 

    - იარაღი არ ჭირდებათ მზისსწორო. მათი ხელები ხმალზე ბასრია, თითები მარწუხზე ძლიერი, იდაყვით თავისქალის და მკერდის ძვლის ჩამსხვრევა  შეუძლიათ, მკერდზე ხელის სწრაფი დარტყმით გულისცემას უჩერებენ მოწინააღმდეგეს და იარაღიც მათ ხელშია..თუმცა მათ ხელში ყველაფერი, ჯოხი, მიწა, ქვიშა და ქვაც იარაღია... ასეთი მებრძოლები აქამდე არავის არ უნახავს.  ერთი კაცი ხუთს  უდრის. ოღონდ, ერთი შეცდომა დაუშვა ქურუმმა, არცერთ მათგანს ერთმანეთი არასდროს უნახავს. მხოლოდ თავის მეთაურს იცნობენ და მას ემორჩილებიან. მეთაურები კი წუხელ დავატყვევეთ.

    - ასეთი გამორჩეულები როგორ მოიხელთეთ?
    - მზისსწორო, შეკრების ადგილი ქურუმის სახელით დავუთქვით ჩვენთვის მოსახერხებელ ადგილას.  წერილი ქურუმმა მართლაც დაწერა, სარდალს  დღეისთვის დავალება  და გეგმა მისცა. მეთაურების გაფრთხილება და ჯარის შეკრება უბრძანა.  ჩვენ იმ წერილში, მხოლოდ შეხვედრის ადგილი შევცვალეთ... კარგი ვახშამი, მშვენიერი ღვინო, ლამაზი ქალები, ცოტა ბანგი... 

    - როგორ გაიგეთ ეს ამბავი?
    - ერთმა ქალმა რაიარს უთხრა, რომ მის საყვარელს მარცხენა ყურს უკან ამონ-რას ბეჭდის ანაბეჭდი ჰქონდა. თავსაბურავი დღისით სრულად ფარავს ამ ადგილს.  აი ღამით, ლოგინში, თავსაბურავი ვიღას ჭირდება?...ჰოდა მაშინ შენიშნა ქალმაც... უზენაესი ქურუმის ნებართვის გარეშე ასეთი ტვიფარის გამოყენების უფლება არავის აქვს. ყველაფერი ცხადი გახდა. ქალმა საყვარელი დაგვანახა, დანარჩენი უკვე წვრილმანებია.  თუმცა კარგახანს ვეძებეთ შუამავალი  რომელიც ქურუმს მათთან აკავშირებდა. ვინ აღარ შევამოწმეთ. მათხოვრები,  ქურუმები, მსახურები, დალაქები, მხატვრები, ვაჭრები, ექიმები... ყველა... ბოლოს მშენებლები, მუშები, ხელოსნები, მკერავები და მებაღეებიც კი ... მაგრამ მეკავშირეს ვერ მივაკვლიეთ.  უნდა ვაღიარო, იშვიათი ნიჭი ჰქონია მათ მეთაურს... შიკრიკებად თურმე პატარა  ბავშვებს იყენებდა ობლების სახლიდან. ისინი ხომ ყველგან დარბიან და თამაშობენ, ათას ადგილას დაძვრებიან და ყურადღებას არ იქცევენ. ამიტომ  ამდენ ხანს ვერ მივაგენით. ბოლოს, რაიარმა შენიშნა რომ ერთი პატარა ბიჭუნა ხშირად ტრიალებდა ქალაქის ბაზრის პატარა სამსხვერპლოსთან...  და ქვის ქვეშ  პირველი წერილი დატოვა...პასუხიც მეორე დღესვე დახვდა.     

    - თვითონ მეომრები სად არიან?
    - აქ არიან.  ყველას ერთი და იგივე ნიშანი აქვს, ამონ-რას ბეჭედი მარცხენა ყურს უკან. საშუალო ფენისგან არ გამოირჩევიან, მათნაირად აცვიათ, მათსავით იქცევიან. რაკი დავალება არ მიუღიათ, ახლა ხალხთან ერთად მხიარულობენ.
      - მათი მეთაური ვინ არის? 
      - უასეტის*** ნომარქის*** მეჯინიბე.
      - მეჯინიბე?
      - დიახ, მეჯინიბე.
      - მეთაურები უბრალო ხალხისგან ამოარჩია?..
      - უბრალო, მაგრამ რჩეული ხალხისგან.
      - დაკითხეთ?
      - დაწვრილებით ჯერ არა... ჩვენც გვჭირდებოდა საპასუხო სამზადისი, ხომ უნდა დაგვესწრო.

      - კვერთხი რატომღა წამოსდე ფეხზე ქურუმს? - მხარი უცვალა საუბარს ფარაონმა.
      -  თავისი ადგილი შევახსენე ფარაონის წინაშე. 
      -  ტახტის მიტაცება უნდოდა  და  ჯოხზე მოიტეხა კისერი?! - გაიცინა ფარაონმა.
      -  პირველი ვეზირის კვერთხზე მზისსწორო, თანაც ჯოხი უჭირავს დიად თოტს,  ღმერთებს შორის ყველაზე ბრძენს.
      -  ეიე, ვინმე რამეს ხომ არ მიხვდა? - ისევ ძველ თემას დაუბრუნდა ფარაონი.
      -  არცერთ სტუმარს და მსტოვარს არაფერი გაუგია. არც სამხედრო აღლუმს დაუეჭვებია ვინმე.  როგორც ინებებთ ეს საქმე ისე გადაწყდება. სასამართლოს ალბათ ვერ გავმართავთ, თავს ხომ არ შევირცხვენთ, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ. მთავარია, ყველაფერი შესანიშნავად დასრულდა.  გულიანად მოილხინეთ,  ბოლოს და ბოლოს  დღეს დიდი ფარაონი ჩემს ქალიშვილზე დაქორწინდა.  შუადღის შემდეგ, ხაზინადარი ხალხის საჩუქრების დათვალიერებას შეუდგება და საუკეთესოებს სასახლეში მოგართმევენ. დანარჩენი აღიწერება და ხაზინადარი მიითვლის.  მეფეთა და დიდებულთა საჩუქრები უკვე აღწერილია და თქვენს სასახლეშია გადატანილი.

    - დღეს ხალხის ძალა ჩემი თვალით ვნახე და გულით ვიგრძენი. - გააგრძელა ფარაონმა.
    - დიდებული ტრიუმფი იყო მართლაც...შესანიშნავი... ბრწყინვალე!
    - მინდა ხალხის საჩუქრები თვითონ ვნახო.
    - მაგრამ ხაზინადარი...
    - არა ეიე, ჩემი თვალით უნდა ვნახო! ხალხმა დღეს დიდი სიყვარული მაჩვენა  და  ჩემგან იგივეს იმსახურებს.   
    - დაცვის და საიდუმლო სამსახურის უფროსებს გავაფრთხილებ. ალყა მანამდე დარჩება, სანამ სასახლეში არ დაბრუნდებით.
    - ძალიან კარგი.
    - ქურუმიც მოისურვებს წამოსვლას, ყველაფრის მიუხედავად... აქ ისაა მასპინძელი.
    - ნუ დაუშლი. დაე ეჭვი გაეფანტოს. მიხვდა რომ ღალატის შესახებ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ეგონოს  რომ ისევ შერჩა. ჩემი  ქორწილია,  გულმოწყალება მმართებს... დღეს, ჯოხზე ფეხის წამოკვრა ვაკმაროთ. ამ საქმეს მერე დავუბრუნდებით, როცა ზეიმი დასრულებულად გამოცხადდება და ყველა სტუმარი სახლში დაბრუნდება.
      - როგორც მიბრძანებთ ფარაონო... 
      - სტუმრებს დავუბრუნდეთ ეიე.
      - ყველა თქვენ გელოდებათ მზისსწორო.

        უზენაესმა ქურუმმა თვალი შეასწრო ვეზირის და ფარაონის ხმადაბალ საუბარს.  არ ეამა. არც ის ეამა, რომ ფარაონი რიტუალს კი არ  უცქერდა, დაფიქრებული  შორს, რა-ჰორატჰის ტაძრის კარიბჭისკენ იცქირებოდა.  მიხვდა რომ დროის გაჭიმვას აზრი არ ჰქონდა და როგორც კი სამსხვერპლოზე ცეცხლი აგიზგიზდა, შეწირვის რიტუალი სწრაფად დაასრულა და სამეფო წყვილი სტუმრებთან ერთად სანადიმო დარბაზში მიიპატიჟა. 

        ეიემ  გაშლილ სუფრას გადახედა.
  ჩიტის რძეც არ აკლდა იქაურობას,  განსაკუთრებული პეწით იყო  მორთული ტრადიციული და სრულიად უცხო კერძები.  ჩანდა სხვა ქვეყნებიდანაც მოეწვია მზარეულები ქურუმს,  ძალიან გარჯილიყო ამ დღისთვის თუ საკუთარი თავისთვის.
       
      ფარაონმა სტუმრებს გულღიად გაუღიმა, სუფრის თავში დედოფლის და დედას შორის დაბრძანდა ტახტზე,  ყველა სუფრასთან მიიწვია  და ლხინის დაწყება ბრძანა. 
       
                                                                      (გაგრძელდება)
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
*ანპუ- ანუბისი.
* ტა-კემეტ - ეგვიპტე;
** ფარ რაა - ფარაონი;
*** ჰაპი - ნილოსი; 
**** უასეტი-თებე;
**** ნომარქი- ნომის (ადმინისტრაციული ერთეულის) მმართველი ძველ ეგვიპტეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები