ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 აგვისტო, 2016


მამას (ღია წერილივით რაღაც)

უცებ გამეფიქრება და მიკვირს - მამა მალე 60 წლის ხდება. ამ ასაკში ხომ ბაბუები არიან. მამა ბაბუა? ჰო, თან ბაბუაცაა. და ვეუბნები საკუთარ თავს, თეა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ. მამა კი, შენი პატარა ბიჭის ბაბუაა. არაჩვეულებრივად უგებენ ერთმანეთს, ფაქტობრივად, ძმაკაცები არიან.
მამას არასდროს უთქვამს, რომ ყველაზე მთავარი იმედი ვერ გავუმართლე. არადა, ვიცი, რომ ასეა. თუმცა, ისიც არასდროს უთქვამს, ჩემი დიდი იმედი რომ ჰქონდა. ესეც უთქმელად ვიცოდი. არადა, ყოველთვის მინდოდა, მამა მამაზე მეტად მეგობარი ყოფილიყო. ჰო, კიდევ, ბავშვობაში ძალიან მინდოდა, უფროსი ძმა მყოლოდა. თუმცა, მყავდა 2-3 წლით უმცროსი და, რომელიც ჩემს ცნობიერებას ძალიან მცირე ასაკიდან ერთ მტკივნეულ კადრად შემორჩა და მახსოვს, როგორ დამტუქსა მამამ, როცა ბაბუაჩემთან საუბრით შეთამამებულმა, სუფრასთან, მისი სული ვახსენე.
ჩემი 3 ათეულიდან, 2 ათეულ წელიწადზე მეტია, რაც რაღაცებს ვწერ და არასდროს არაფერი დამიწერია მამაზე. უცნაურია, არა? - იქნებ, არც. მამებზე, როგორც წესი, იშვიათად წერენ. შესაბამისად, მაინცდამაინც არც გამონაკლისი გამოვდივარ.
მახსენდება, როგორ დავყავდი სასეირნოდ მშობლიურ ქალაქში „გედების ტბაზე“. როგორ წამიყვანა შორეულ 90-იანებში ჩემს პირველ მიტინგზე (ალბათ, იქ, 4 წლის ასაკში ჩაეყარა საფუძველი ჩემს საზოგადოებრივ აზროვნებას). როგორ სვამდა უშაქრო ჩაის, ოჯახისთვის რომ გამოეზოგა სიტკბო. როგორ გვიკითხავდა მე და ჩემს ძმას თავის გამოგონილ ზღაპრებს. როგორ გვეფერებოდა „ჩემი სიყვარულის შვილო“-თი ყოველთვის, როცა სამსახურიდან სახლში ნასვამი ბრუნდებოდა. თუმცა, საკმაოდ იშვიათად იყო ნასვამი.
რაც თავი მახსოვს, მამა სულ შრომობს და წიგნებს კითხულობს. წლების მანძილზე, საპატრიარქოს პერიოდული გამოცემის ყველა ნომერს ყიდულობდა. მერე ტაძარში სიარული დაიწყო. მეგობრებთან ერთად მწუხრის ლოცვაზე, ან წირვაზე მისულს, ხშირად მხვდებოდა იქ. ახლაც მეუბნება-ხოლმე ჩემი ტაძარში გაცნობილი მეგობარი, რომ მამაჩემი ნახა ეკლესიაში და მოკითხვა დააბარა. სიტყვაძუნწი კაცია მამაჩემი.
მისი საწოლის თავთან მოთავსებულ წიგნებს, ერთხელაც, ჩემი ლექსების კრებული დაემატა. დროდადრო, ის გაზეთებიც ემატება, სადაც ჩემი ლექსებია დაბეჭდილი. მამას არასდროს ავიწყდება ტელევიზორის გადართვა შესაბამის არხზე, ყოველი კვირადღის იმ დროს, როცა ჩემი საავტორო გადაცემა გადის.
ხშირად ვფიქრობ შურზე. არ მესმის, რას წარმოადგენს ეს განცდა, რისთვისაა მოგონილი, რა შედეგი მოაქვს, ან რა მიზნით სახლდება ადამიანების გულებში. სხვადასხვა, მატერიალურ, თუ არამატერიალურ საკითხებში, ვამოწმებ საკუთარ თავში მას და მიხარია, რომ ვერ ვპოულობ. რა შუაშია და, ახლა მამის ნებიერა გოგონებს ვიხსენებ, რომლებიც თავდაჯერებულობით გამოირჩევიან, ხშირად საკმარისზე მეტადაც კი. ერთი ძველი მეგობრის მაგალითზე ვიცი, რომ ნაკლებად აქვთ შიში ცხოვრებისეული დაბრკოლებების და გართულებების. ისინი გაცილებით მყარად მიიწევენ ოცნებებისკენ. უფრო იშვიათად ცდებიან არჩევანში. საყვარელ მამაკაცებსაც ნაკლებად უშვებენ მათგან. საკუთარ გადაწყვეტილებებშიც ბევრად მტკიცენი არიან.
მამა, ერთხელ რომ გეთქვა, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები