ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
13 აგვისტო, 2016


პროცესი (დასასრული)

- ქალბატონო ეკატერინე, სად ცხოვრობდით ქმრის სახლიდან წამოსვლის მერე?
- ჩემ სახლში... სადაც დავიბადე...
- კი მაგრამ, როგორც მახსოვს საკუთარ ჩვენებაში თქვით, რომ სახლი ბანკმა გაყიდა.
- ასეც იყო... ოღონდ აუქციონზე ჩემმა ქმარმა გამოისყიდა. ახლა ბათუმის სახლიც და თბილისის სახლიც ისევ ჩემი საკუთრებაა.
- როგორც ადრე თქვით, უკან არ გამოგყოლიათ წასვლისას, ანუ მანამდე იცოდით სახლი რომ თქვენი საკუთრება იყო.
- არა... იმ დღეს ბექამ მომძებნა. საბას საფლავზე ვიყავი და იქ მიპოვა. თვითონ წამიყვანა სახლში და საბუთებიც მან მომიგვარა.
- ანუ თქვენ აღიარებთ რომ ბრალდებული მისგან წამოსვლის მერეც ზრუნავდა თქვენზე?
- დათა ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე.
- მის მეგობრებთან მერეც გქონდათ ურთიერთობა?
- მხოლოდ ბექასთან.
- თქვენი მეუღლე თუ ნახეთ მას მერე.
- არა... პირველად სასამართლო პროცესზე.
- რატომ მაშინვე არ აღძარით საქმე, როცა თქვენ ძმას პირველად დაესხნენ თავს.
- საქმე აღძრული იყო, მაგრამ უბედური შემთხვევის კვალიფიცირება მისცეს და დახურეს.
- როგორც ჩვენებაში აღნიშნეთ ბოლომდე არ იყავით დარწმუნებული რომ უბედური შემთხვევა იყო. ციტირებას ვახდენ: „იმ საცოდავის დანახვისას საბა გამახსენდა. ის დღე, როცა სახლში უმოწყალოდ ნაცემი მოვიდა. ის დღე გამახსენდა როცა ვიღაც ნაძირლებმა დაუფიქრებლად გადმოაგდეს იმსიმაღლიდან. რითი განსხვავდებოდა დათა იმ ავაზაკებისგან? არაფრით. მისი მსხვერპლიც აუცილებლად ვიღაცის ძმა იქნებოდა, ვიღაცის შვილი და ვიღაცის მეულე.“ რატომ მიეცით ამ საქმის მიფუჩეჩების უფლება? იქნებ ჯერ კიდევ მაშინ ეჭვობდით რომ თქვენი ძმის უბედურებაში დათა აბაშიძის ხელი ერია?
კატო გაჩუმდა. თვალები უმწეოდ მოავლო სასამართლო დარბაზს და ბოლოს მზერა დათაზე შეაჩერა. ის ისევ არ უყურებდა... ისევ თავდახრილი იჯდა.
- არ ვიცი... - ამოიკვნესა კატომ და წყალი მოსვა.
- რა სასჯელს ითხოვთ მისთვის?
კატო ამ კითხვამ შეაკრთო. სასჯელი... სასჯელზე არასდროს უფიქრია.
- არ ვიცი... - უფრო თავისთვის ამოიჩურჩულა.
- იცით რამდენი შეიძლება მიუსაჯონ?
კატო საბოლოოდ დაფრთხა და ცრემლები ვერ შეიკავა. სახეზე ხელები აიფარა და ხმამაღლა აქვითინდა.
სასამართლო პროცესი შეწყდა...
ბრალდებულმა მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაშ პირველად შეიცვალა მდგომარეობა და პირველად აწია თავი. იქით გაიხედა სადაც უკვე გულწასულ კატოს ხალხი შემოხვეოდა.
ვერავინ გაიგონა როგორ ამოიგმინა...
ვერავინ დაინახა როგორ გამეტებით დაჰკრა მუშტი მის წინ აღმართულ მოაჯირს...
დარბაზში შექმნილი არეულობის გამო ბრალდებული დარბაზიდან ბადრაგმა გაიყვანა.

****
შემდეგ სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმეები უნდა დაეკითხათ. არ დაუკითხავთ თვითონ ბრალდებული. დათა ისევ დუმილის უფლებას იყენებდა. დაიკითხნენ მისი მეგობრები. ბოლოს გამოიძახეს დაცვის მთავარი მოწმე  ბექა დიასამიძე. კატოც ესწრებოდა პროცესს. თავიდანვე ისე დაჯდა რომ დათასთვის პირისპირ ეყურებინა. მისი თითოეული რეაქციის დანახვა უნდოდა.
- ბექა დიასამიძე.
- რამდენი ხანია რაც ბრალდებულს იცნობთ?
- დათას ბავშვობიდან ვიცნობ. ჯერ კიდევ იქიდან, სანამ ბავშვთა სახლში მოხვდებოდა.
- მის მშობლებსაც იცნობდით?
- კი.
- მოუყევით სასამრთლოს როგორ მოხვდა დათა ბავშვთა სახლში.
ბექამ დათასკენ გაიხედა. დათას ისევ არ აუწევია თავი, მხოლოდ ოდნავშესამჩნევად დაუქნია ბექას.
- მაშინ დათა ოჯახთან ერთად ხულოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. - დაიწყო ბექამ. - ბათუმში მხოლოდ დროდადრო ჩამოდიოდა. შვიდი წლის იყო მის სახლში ყაჩაღები რომ შეიჭრნენ და მშობლები თვალწინ დაუხოცეს.
მთელ დარბაზს ყრუ შეძახილებმა გადაუარა. კატომ თვალები დახუჭა. არ იცოდა... მისი ქმრის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეპიზოდზე წარმოდგენაც არ ჰქონდა... არ ეპატიებოდა... არაფრით არ ეპატიებოდა. არასდროს უკითხავს მშობლებზე. ეგონა დათა დაბადეიდან ბავშვთა სახლში იზრდებოდა.
- სიწყნარე დარბაზში! - მოსამართლემ დარბაზს გადახედა. - განაგრძეთ. - ბექას მიუბრუნდა.
- ბავშვთა სახლიდან დაბრუნების მერე იქ აღარ დაბრუნებულა. ბათუმში გადმოსახლდა.
- რას საქმიანობდა? როგორც დაზარალებულმა განაცხადა - არ მუშაობდა მაგრამ ფული ყოველთვის ჰქონდაო.
- ცოტამ თუ იცის რომ დათას მამას რუსეთში საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. მისმა პარტნიორებმა მამის ბიზნესი დათას არ დაუკარგეს და როგორც კი ბავშვთა სახლიდან გამოვიდა მაშინვე დაუკავშირდნენ. დათას ფული ყოველთვის ჰქონდა მაგრამ არასდროს არავინ დაუტერორებია. ამაზე ლაპარაკიც არ უყვარდა. მასზე არც არავინ არაფერი იცოდა, იმიტომაც თხზავდნენ ლეგენდებს. კატოსაც ლეგენდების სჯეროდა. მასაც ისევე რომ სცნობოდა დათა, როგორც მე ვიცნობდი, ყველაფერი ბევრად იოლი იქნებოდა.
- რა შეიცვლებოდა?
- უბრალოდ ეცოდინებოდა რაზე იყო წამსვლელი დათა სიყვარულისთვის.
- რაზე იყო წამსვლელი? სიყვარულისთვის მოკვლა შეეძლო?
- თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო პროკურორო, სიყვარული საჭიროებს სიკვდილს?
კატომ აკანკალებულ ხელებზე დაიხედა.
- თქვენი და საბა ხელაძის ურთიერთობაზე მოგვიყევით. - კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა პროკუროს.
- საბა? - ჩაეღიმა ბექას და პროკურორიდან მზერა ადვოკატზე გადაიტანა. - საბა ახალი ჩამოსული იყო ბათუმში. მაგარი ტიპი იყო. ისეთი თავიდანვე ყურადღებას რომ იქცევდა. მაშინვე გაერია ჩვენ სამეგობროში. მაგარი თამაშები იცოდა.
- რა იცოდა? - გაიოცა მოსამართლემ.
- აი მაგალითად „გზატკეცილზე მკვდარი გდია“ გითამაშიათ როდისმე? - პროკურორს გაუღიმა ბექამ?
მთელ დარბაზს სიცილმა გადაუარა. გაეღიმა დათასაც... კატოსაც... პროკურორსაც...
- წესები ამიხსენით, ისეთი სახელი ჰქვია სადღაც ბუნდოვნად მეცნობა. - პროკურორი სკამზე მოხერხებულად მოეწყო და ნიკაპი ხელს ჩამოაყრდნო.
- არ დაიჯერებთ, მაგრამ დაახლოებით ორი საათი გვიხსნიდა წესებს, მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ. აი ეგეთი ტიპი იყო საბა, ყოველგვარი წესების გარეშე რომ გიყვარდებოდა.
- მაგრამ, როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, ერთხელ კი „გაულამაზეთ იერი“.
- მართალია. - ბექა ისევ იღიმოდა. - მე საბაზე დიდი ვიყავი და იმაში გასაკვირი არაფერია რომ ცოტათი ძლიერიც. ჩემთვის უფრო სამარცხვინო იქნებოდა წაგება, ვიდრე მისთვის. მე კატო პირველად იმ დღეს ვნახე.
- მანამდე არ იცნობდით?
- ვიცოდი რომ საბას და ჰყავდა. ფიზიკურად მაშინ ვნახე პირველად.
- რატომ იჩხუბეთ მაშინ?
- არ ვიცი... ამას მიზეზი არ ჰქონია. ასე ვთქვათ ძალები მოვსინჯეთ. ორივე ალბათ საკუთარი თავის დამკვიდრებას ვცდილობდით. თუმცა ამ ინციდენტს მე და საბას მეგობრობაში ხელი არ შეუშლია.
- ანუ საბა თქვენი მეგობარი იყო?
- მაშინ უმეტესი ბათუმელი თანატოლი ჩემი მეგობარი იყო.
- დათა?
- დათას მეგობრობის გარდა უზომო პატივსაც სცემდნენ.
- რატომ? ყველა ნაცემი ჰყავდა?
დარბაზს სიცილმა გადაუარა. უნებურად გაეღიმა კატოსაც.
- თქვენ წარმოიდგინეთ დათაზე ვერავინ იტყოდა ერთხელ მაინც ხელი დამაკარაო.
- აბა?
- ძნელი ასახსნელია. თვითონ დათა იყო ისეთი რომ ყველას პატივისცემას იმსახურებდა. სამართლიანი ადამიანი იყო. არასდროს თავისზე სუსტს არ დაჩაგრავდა.
- თქვენ ახსენეთ, რომ დათას არასდროს უჩხბია, მაგრამ დაზარალებულმა თავის ჩვენებაში ახსენა რომ ერთხელ თქვენი დახრჩობა სცადა.
- ხო, ეგ მეც მახსოვს. - ისევ იღიმოდა ბექა. - მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ ეგ ეპიზოდი თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალი იყო. რომ არა უზარმაზარი სილურჯე ჩემ თვალებზე აუცილებლად დავინახავდი როგორ უყურებდა დათა კატოს და მსგავს სისულელეს აღარ ჩავიდენდი. მაგ დღეს დავრწმუნდი რომ დათას სიგიჟემდე უყვარდა კატო.
- საბამ თუ იცოდა უბნის სიამაყეს რომ მისი და უყვარდა? - საუბარში მოსამართლე ჩაერთო, რომელიც ბექას დაკითხვას, როგორც კაი თურქულ სერიალს ისე უსმენდა.
მარტო მოსამართლე არა, მთელი დარბაზში რაღაც მსუბუქი მუხტი იგრძნობოდა. ასე განსაჯეთ - კატოც კი იღიმებოდა დროდადრო.
- იცოდა, მაგრამ რამდენადაც ვატყობდი დიდად აღფრთოვანებული არ იყო ამ ამბით.
- რატომ? თუ ასეთი იდეალური იყო დათა, წესით პირიქით უნდა გახარებოდა.
- კატო გაურბოდა დათას და ეშინოდა კიდეც მისი. საბას და სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და ამიტომ არ მოსწონდა დათას გრძნობები. საბა მიუხედავად ყველაფრისა დის ინტერესებს ყოველთვის ყველაზე წინ აყენებდა. ბებიის სიკვდილის მერე თბილისში დაბრუნებაც მაგიტომ გადაწყვიტა. ეშნოდა კატოს გული არ ტკენოდა. მათი წასვლის მერე დათაც ერთ კვირაში მოსკოვში გაემგზავრა. მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა. არასდროს ულაპარაკია მას ჩემთან კატოზე, მაგრამ თქმა არც იყო საჭირო - აღმერთებდა.
კატომ ცრემლი მოიწმინდა.
- საბას ვალების შესახებ პირველმა დათამ გაიგო და მაშინვე ჩამოვიდა. რაღაც ოდენობა დაუფარა კიდეც, მაგრამ მერე თვითონ საბამ უთხრა უარი. ამაყი იყო - აღარ უნდოდა დათასგან დახმარების მიღება. თან ეშინოდა, რომ დათა სანაცვლოდ კატოს მოითხოვდა.
- თვითონ გითხრათ?
- არა, ვხვდებოდი. დათას კატოზე ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა... ჯერ კიდევ ბათუმიდან.
- დათა?
- დათასაც არასდროს მოუთხოვია კატო სანაცვლოდ. დათასთვის კატო ბევრად მეტი იყო ვიდრე რამის სანაცვლო. მოსკოვიდან დაბრუნებულს კატოს ნახვაც კი არ უცდია.
- რატომ?
- ჯერ ერთი მისი აფორიაქება არ უნდოდა და მეორეც... - ცოტა შეყოვნდა ბექა. - დათასთვისაც ძალიან ამაღელვებელი იყო კატოს თუნდაც შორიდან დანახვა.
- ამ ყველაფერს ბრალდებული თვითონ გიყვებოდათ?
- არა, ხომ გითხარით დათა კატოს არასდროს ახსენებდა. მე თვითონ ვხვდებოდი ყველაფერს, ან რა მიხვედრა უნდოდა? დათა ისეთებს აკეთებდა კატოს გულისთვის, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერაფრით დაიჯერებდა. მოსკოვიდან ჩამოსულმა პირველად კატო შორიდან სწორედ იმ დღეს ნახა, რომელზეც კატომაც მოგიყვათ. საბას სამსახურის წინ რომ კამათობდნენ.
- უფრო დაწვრილებით მოგვიყევით მაგ დღეზე.
- დათამ საბას მევალეებზე გაიგო და კინაღამ გადაირია. იცოდა როგორ შარშიც იყო საბა და არა მარტო საბა. ეგეთი ხალხი არაფერზე უკან დამხევები არ იყვნენ. კატოსაც ემუქრებოდა საფრთხე და საკმაოდ რეალურიც. მაშინ ზუსტად მაგაზე ეჩხუბებოდა დათა. მე იმ დღეს მანქანაში ვიჯექი. ეგ ამბავი მარტო დათას და საბას საქმე იყო, ამიტომ არც უნდა ჩავრეულიყავი. მანქანის დამუხრუჭების ხმაზე მეც მივიხედე და შუა ქუჩაზე კატო რომ დავინახე, მაშინვე დათას გავხედე. ადამიანს აღარ ჰგავდა, ამდენი წლის მერე პირველად ნახა მაშინ კატო. საბამ ტაქსიში რომ ჩასვა კატო და წაიყვანა, დათა კიდევ დიდხანს იდგა ერთ ადგილზე. მოკლედ რად უნდოდა იმას მოყოლა და მტკიცება რომ უბრალოდ ჭკუას კარგავდა ამ გოგოზე?!
- ანუ, საბაზე თავდასხმაში დათა დამნაშავე არ იყო?
- არა, რას ამბობთ. დათა კატოს ერთ ცრემლსაც არავის აპატიებდა, მითუმეტეს მისი ნერვიულობის მიზეზი არასდროს გახდებოდა.
- ცოტა უცნაურია თქვენი განცხადებები, - საუბარში პროკურორი ჩაერთო, - როცა კატომ თვითონ შეიტანა სარჩელი მეუღლის წინააღმდეგ. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მასაც უყვარს მეუღლე და ტყუილად არ დასდებდა ბრალს.
- ბრალი ჯერ დამტკიცებული არ არის. - ერთიანად წამოენთო ბექა.
- ანუ თქვენ გჯერათ რომ ბრალდებული უდანაშაულოა?
- მე ვიცი რომ დათა უდანაშაულოა.
- მოითმინეთ, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. - საუბარში ისევ მოსამართლე ჩაერთო. - თქვენ მოგეცემათ კითხვების დასმის საშუალება. - პროკურორს მიუბრუნდა მოსამართლე. - განაგრძეთ.
- საბას საავადმყოფოში მოხვედრის მერე დათა კატოს აჩრდილად იქცა. ერთი წუთით არ ტოვებდა მარტოს, ოღონდ ისე რომ კატოს არაფერი შეემჩნია. თვითონ თუ ვერ ახერხებდა ჩვენ ვმორიგეობდით საავადმყოფოსთან. მერე ერთხელაც კატომ შეამჩნია დათა და იქიდან დაიწყო ყველაფერი. - საბას ჩაეღიმა - მაგ დღეს ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნეს-გარიგებას აღვნიშნავდით და დათამ რომ გვითხრა - საავადმყოფოში წავალ და საბას დავხედავო - მაშინვე მივხვდი რომელ „საბასაც“ გულისხმობდა. ისიც კი გავიფიქრე მსუბუქი ალკოჰოლი გააბედინებს და კატოს პირისპირ ნახავს-თქო და ალბათ არც შევმცდარვარ. როგორც უკვე იცით დათა არასდროს ლაპარაკობდა კატოზე და საკუთარ გრძნობებზე, ამიტომ დანამდვილებით არ ვიცი სპეციალურად მოხვდა თვალში თუ არა კატოს, მაგრამ რომ ნახა ფაქტია. ისე, კატომ რომ ახსენა თავის ჩვენებაში - დათამ პირდაპირ არ მიპასუხა შეკითხვაზე და მხოლოდ მსუბუქი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დამელაპარაკა საკუთარ გრძნობებზეო, მაშინვე ის ღამე გამახსენდა... დათა აბაშიძეს ვერავინ აჯობებდა მოხერხებულობაში თუ თვითოონ არ მოადუნებდა სპეციალურად ყურადღებას. ახლა უბრალოდ ვიცი რომ მაშინ თვითონ დათას უნდოდა რომ კატოს შეემჩნია. მეორე დღეს კატომ ფულის სათხოვნელად რომ მიაკითხა სამსახურში, მე მის კაბინეტში ვიყავი... ისეთი დათა მე არც მანამდე და არც მერე აღარ მინახავს. საოცრად დაბნეული დავტოვე ოთახში.  მაშინ მართლა არ ჰქონდა დათას იმდენი ფული ანგარიშზე. მთელი კაპიტალი იმ მომგებიან საქმეში დააბანდა, რომელსაც წინა ღამით აღვნიშნავდით. მაგრამ მაშინ კატოს ცრემლები რომ დაინახა, ჭკუა გადაეკეტა. მე თვითონ ვიყავი მასთან ერთად, კაბინეტიდან გამოსულმა პარტნიორებს რომ დაურეკა და გარიგება ჩაშალა. მაშინ საკმაოდ დიდი ფინანსური დანაკარგი ნახა, მაგრამ დათას ფული ყოველთვის ფეხებზე ეკიდა. არც გამკვირვებია მაშინ დათას საქციელი. დარწმუნებულიც ვიყავი ასე რომ იზამდა.
- ბატონო ბექა, ახლა თქვენი მონაყოლიდან ისე ჩანს, რომ ბრალდებული ნამდვილი ანგელოზი ყოფილა.
- არა ბატონო პროკურორო, ანგელოზი არასდროს ყოფილა დათა. ალბათ ბევრი ეშლებოდა კიდეც, მაგრამ იმაში გარწმუნებთ რომ კატოსთან არასდროს არაფერი შეშლია. კატოს საკუთარ თავზე წინ აყენებდა ყოველთვის. დათას სიყვარული რომ ბოლომდე გააცნობიერეოთ, თქვენ ისინი ერთად უნდა გენახათ. დამერწმუნეთ დათა და კატო ერთად სულ სხვა სამყაროს ქმნიდნენ.
- მაპატიეთ, - ისევ მოსამართლე ჩაერთო საუბარში, - არ შემიძლია არ გკითხოთ, შეგიძლიათ ქალურ ცნობისმოყვარეობაში ჩამითვალოთ და არც მიპასუხოთ, მაგრამ მართლა მაინტერესებს. ის ქალი ვინ იყო კატოს მაშინ ღვინო რომ გადაასხა თავზე?
მთელ დარბაზს სიცილმა გადაურბინა, გაეცინა ბექასაც და თქვენ წარმოიდგინეთ ოდნავშესამჩნევი ღიმილი აუთამაშდა სახეზე დათასაც.
- არავინ. ის ქალი მართლა არავინ იყო დათასთვის. თქვენ წარმოიდგინეთ სახელიც კი არ ვიცი მისი.
-კარგი, ისევ ბრალდებულს მივუბრუნდეთ. - მოსამართლე ისევ იღიმოდა.
თავიდანვე ვამბობდი - ძალიან უცნაური სასამრთლო პროცესი იყო-მეთქი.
- მერე დათამ და კატომ იქორწინეს და მათზე ბედნიერი წყვილი არ მეგულებოდა მთელი დედამიწის ზურგზე. ერთადერთი, რაც მათ არამქვეყნიურ ბედნიერებას მიწიერად ხდიდა, საბა იყო. მაგრამ მისი გამოჯანმრთელების იმედი ყოველთვის ჰქონდა ორივეს.
- თქვენ გინდათ დაგვარწმუნოთ იმაში რომ მიუხედავად ამხელა სიყვარულისა, მისი ძმა სასიკვდილოდ მაინც გაიმეტა?
- რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ რომ დათა არასდროს დაუშვებდა ისეთ რამეს რაც კატოს ასე ატკენდა გულს. დათას თავის დღეში არავინ მოუკლავს.
- არც ის სცენა იყო რეალური რაც ქალბატონმა კატომ თავის ჩვენებაში აღწერა? მოეჩვენა, რომ თქვენ და ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ და უკანონოდ აღუკვეთეთ თავისუფლება ახალგაზრდა მამაკაცს?
- ეგ სიმართლეა. მართლაც მე თვითონ მივიყვანე დათასთან ხელფეხშეკრული და დასისხლიანებული.
- იცით რომ თქვენი საქციელი უკანონოა და თქვენ წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?
- ვიცი და მზად ვარ კიდეც. მე ახლაც ვთვლი რომ ჩვენი მაშინდელი საქციელი სწორი იყო და ახლაც რომ მქონდეს საშუალება იგივეს გავიმეორებდი.
- მოდით მაშინ ასე ვთქვათ, რა მიზნით გყავდათ ის ადამიანი დატყვევებული?
- იმიტომ რომ არაკაცი იყო.
- თქვენ ვინ მოგცათ თვითსამართალის აღსრულების უფლება?
- არავინ ბატონო მოსამართლე. უბრალოდ მაშინაც და ახლაც ვთვლი რომ ის არაკაცი მეტსაც იმსახურებდა.
- რატომ?
მთელი ამ ხნის მანძილზე საკმაოდ დაძაბული იჯდა დათა. ბოლოს დასმულ კითხვაზე კი თავი აწია და მეგობარს გადახედა.
- ბექა! - ჩუმად, თუმცა მტკიცედ გამოცრა კბილებში.
ბექა გაჩუმდა. თვალებანთებული იჯდა და ეტყობოდა რომ სათქმელი მართლაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ თავს იკავებდა.
პროკურორი მიხვდა რომ დათა ამაზე სიტყვასაც აღარ დაძრავდა და შეეცადა სხვა კუთხით მიდგომოდა.
- კარგით, მოგვიყევით მაშინ რა იცით იმ ღამნის შესახებ. რა მოხდა საავადმყოფოში?
- ერთში შემიძლია დაგარწმუნოთ რომ დათას არავინ მოუკლავს... დანარჩენს უბრალოდ არ შევსწრებივარ. - აშკარად სიტყვებს ზომავდა ბექა.
- აბა რა ჯანდაბა მოხდა იმ დღეს? უბედური შემთხვევა იყო? მაშინ რატომ აღიარა მეუღლესთან დანაშაული?
- იმ სიტუაციაში დათა მზად იყო კენედის მკვლელობაც დაებრალებინა.
- რატომ?
- რთულია აგიხსნათ.
- შეეცადეთ.
- როგორ არ გესმით?! - ნელ-ნელა მოთმინებას კარგავდა ბექა - იმის მერე რაც მოგიყევით, როგორ შეეძლო დათას მისი ცოლისძმა მოეკლა?
- აბა რატომ აღიარა მეუღლესთან? რატომ დაეთანხმა მის ვერსიას?
- იმიტომ რომ კატოს სიმართლე არ გაეგო.
- რა სიმართლე?
- ის ადამიანი იმ საღამოს...
- ბექააა! - არადამიანური ხმით დაიღრიალა დათამ. - არ გაბედო!
ბექა წამით გაჩუმდა. მთელ დარბაზს მოავლო თვალი და მზერა კატოზე შეაჩერა, რომელიც ფეხზე წამომდგარიყო და განუწყვეტლივ ბუტბუტებდა - რა მოხდა ბექა იმ საღამოს?
- დათა, მაპატიე მაგრამ... ასე სჯობს, კატოსთვისაც ასე სჯობს.
- არ გინდა, ბექა... - ახლა დათაც კატოს უყურებდა და გული ეკუმშებოდა მის აკანკალებულ ხელებს რომ უყურებდა.
- შეგახსენებთ, რომ ფიცი გაქვთ დადებული. მოუყევით სასამართლოს რა იცით ამ საქმის შესახებ. - მოსამართლემ ხმა გაიმკაცრა.
- იმ დღის მერეც რაც კატო დათასთან გადავიდა საცხოვრებლად საავადმყოფოსთვის დაცვა მაინც არ მოგვიშორებია, იმიტომ რომ არსებობდა რეალური საფრთხე იმისა რომ საბას მოკვლა ისევ ეცადათ. თავდამსხმელებს არ აწყობდათ საბას გადარჩენა, იმიტომ რომ საბა მათ კარგად იცნობდა და ეშინოდა რომ თუ გონზე მოვიდოდა მათ წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა. მთელი უბედაურება ის იყო რომ საბას გარდა მართლა არავინ იცოდა მათი ვინაობა, თორემ ჩვენთვისაც გაადვილდებოდა ყველაფერი. ამიტომ საბას ისევ რიგრიგობით ვიცავდით.
კატოს სუნთქვა შეეკრა.
- ზუსტად იმ საღამოს გაგვიმართლა და დავიჭირეთ თავდამსხმელი. მაშინ დათას სახლში დასისხლიანებული და ხელფეხშეკრული საბაზე თავდასხმაში დამნაშავე პირი ჩემი მანქანით მივიყვანე.
- იცით, რომ თქვენი ეს თვითნებური მოქმედება დანაშაულია? რატომ მაშინვე არ შეატყობინეთ სამართალდამცავებს?
- ვიცი და მზად ვარ ყველანაირი სასჯელისათვის, მაგრამ დათას უნდოდა ჯერ კატოს დალაპარაკებოდა და მერე გაეხმაურებინა ეს საქმე. იმ საღამოს კი უბრალოდ ვეღარ მოითმინა და კატოს ასეთი გამამწარებელს ხელით შეეხო. სწორედ ეს დაინახა კატომ ფანჯრიდან. იმ საღამოსვე აპირებდა კატოსთან დალაპარაკებას მაგრამ კატოს ჩაეძინა და დათამაც დილისთვის გადადო. დილით კი...
დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა მხოლოდ კატოს ამოკვნესებამ დაარღვია სიჩუმე. მოწყვეტით დაეშვა სკამზე და სახე ხელებში ჩარგო. თავში აზრები ბუზებივით ერეოდნენ და ნელ-ნელა თავთავის ადგილას ლაგდებოდნენ. მაგრამ ამ ყველაფრი გააზრება ბევრად მტკივნეული იყო. ესე იგი იმ ღამით კატომ საბას მკვლელი გაუშვა...
- დათამ როგორც კი იმ არაკაცის გაქცევის ამბავი გაიგო, მაშინვე მიხვდა რაც შეიძლება მოყოლოდა ამ ამბავს და როგორც კი კატო ოთახში ჩაკეტა მაშინვე საავადმყოფოში წავიდა. იქ კი ის საშინელი ამბავი უთხრეს. დათამ მართლა თავი გაწირა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ კატოს არაფერი გაეგო. იცოდა რომ საბუთების გაყალბებისთვის შეიძლება მკვლელის თანამზრახველად ჩაეთვალათ და გაესამართლებინათ, მაგრამ მაშინ მისთვის მთავარი იყო კატოს მკვლელის ვინაობა არ გაეგო. მაგრამ კატომ მაინც გაიგო საბას სიკვდილის მიზეზი და დათამ უბრალოდ მასთან ის ვერსია დაადასტურა, რაც მაშინ კატომ მოიგონა. ეგონა რომ ეს უკეთესი იყო კატოსთვის, ვიდრე სცოდნოდა რომ მან საკუთარი ძმის მკვლელი შეიწყალა და თავადვე გაუშვა მის მოსაკლავად.
სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ხმას ვერავინ იღებდა. დათა ფეხზე იდგა და თვალს არ აშორებდა კატოს, რომელსაც სახე ხელებში ჩაემალა და ღრმად სუნთქავდა.
- იცით? სამარისებულ სიჩუმეში ისევ ბექა განაგრძობდა. - ყოველთვის მეგონა რომ დათა კატოსთვის უმნიშვნელო ტყუილის თქმასაც ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ... არ ვიცი, ასე მეგონა... შეეძლო რამე დაემალა, სრულად არ მოეყოლა ყველაფერი, მაგრამ ტყუილი ვერ წარმომედგინა. მაშინ ძალიან გამიკვირდა როგორ მოატყუა-თქო. მერე იმით ავხსენი რომ ალბათ იმდენად უყვარს რომ მისი სიმშვიდსთვის მოიქცა ასე-თქო. მაგრამნ მერე კატოს ჩვენებამ გამინათა გონება. დათას არ დაუდასტურებია რომ მან მოკლა საბა, დათამ მხოლოდ მას შემდეგ დაუქნია კატოს თავი, რაც კატომ იკითხა - მე რომ ოთახში ჩამკეტე პირდაპირ საავადმყოფოში წახვედიო? - აი ეს დაუდასტურა მაშინ დათამ კატოს... კატომ უბრალოდ დაიჯერა ის რაც... - ცოტა ხნით შეჩერდა ბექა, - არ ვამტყუნებ კატოს... არასდროს დამიდანაშაულებია. უბრალოდ მოვლენები მიეწყო ერთმანეთს ასე... უბრალოდ მაშინ კატოს საღად განსჯის უნარი დაკარგული ჰქონდა... კატომაც ბევრი გადაიტანა, კატოს ეპატიება...
- მეტი კითხვა არ მაქვს - ადვოკატმა ბექას დაკითხვა დაასრულა.
უხერხული სიჩუმე იყო... ისეთი როცა სათქმელი საკმარისზე მეტი გაქვს, მაგრამ სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებ.
ყველაზე უცნაური სასამართლო პროცესი იყო. ისეთი, რომელზეც საბოლოო სიტყვაზე უარი თქვა პროკურორმა... ისეთი როცა დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ისეთი როცა... პროკურორმა ბრალდებულს ბრალდება პირდაპირ სასამართლო პროცესზე მოუხსნა. ისეთი, როცა ყველასთვის სასურველი შედეგის გამოცხადებას ტაში არ მოჰყოლია... იმიტომ კი არა რომ... უბრალოდ აზრზე მოსვლას ცდილობდა ყველა.
ნელ-ნელა გაიაზრა ყველამ ყველაფერი. ყველა კატოსკენ შებრუნდა. გარს ჟურნალისტები შემოეხვიენ.
- ქალბატონო კატო, რას იტყვით მომხდარზე?
- როგორ ფიქრობთ სამართლიანია განაჩენი?
- თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ?
- აქედან სად წახვალთ?
- ჯერ კიდევ ოფიციალუ ქორწინებაში იმყოფებით დათა აბაშიძესთან?
კატო არ ინძრეოდა... ვერ ინძრეოდა. სამაგიეროდ დათა დაიძრა ადგილიდან. გაარღვია ხალხის ბრბო და ჯერ ისევ სახეზე ხელებაფარებულ კატოს მიუახლოვდა. მისკენ დაიხარა და მსუბუქად აიტაცა ხელში. ყურადღება არ მიუქცევია არავისთვის ისე გაიკვალა გზა და ხელში აყვანილი გაიყვანა კატო სასამართლო დარბაზიდან. ეზოში გამოსული იქვე ავტოსადგომზე გაჩერებული ბექას მანქანისკენ დაიძრა და კატოსთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა. ვერცერთმა ჟურნალისტმა უკან გამოყოლა ვერ გაბედა. ამდენი ხნის მერე პირველად დათა აბაშიძე კატო ხელაძესთან პირისპირ იჯდაა, თან ასე ახლოს.
ფრთხილად შეეხო ჯერ ისევ სახეზე აფარებულ ხელებს დათა და შეეცადა ჩამოეწია.
- დათა... - კატოს ტირილი წასკდა. - ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია.
- არაფერი არაა შენი ბრალი, კატო... შენ რომ გცოდნოდა.
- ესე იგი მე მოვკალი.
- კატო!.. - მთელი ძალით ჩაიკრა გულში დათამ ცოლი. - სახლში წავიდეთ კატო. ამასაც გადავიტანთ... მოვერევით...
- ესეც მაპატიე? - ცრემლიანი თვალებით ახედა კატომ ქმარს. - ამდენი რამის პატიება როგორ შეგიძლია?
- მიყვარხარ... - ცრემლიანი თვალები დაუკოცნა დათამ.
-მეც გაპატიე დათა მაშინ... შენ თავს ვფიცავარ... - ხმა ჩაუწყდა კატოს. - გულს მხოლოდ ის მიკლავდა რომ საკუთარი ძმის სიკვდილის პატიება შევძელი... საკუთარი თავი მძულდა ამისთვის, მაგრამ შენ არასდროს... მაშინაც მიყვარდი დათა როცა უნდა შემძულებოდი.
- სახლში წავიდეთ კატო.
- წამიყვანე აქედან.

****
ეს ამბავი როგორ დასრულდა?
ისე როგორც საბამ იწინასწარმეტყველა.
პატარა ხუთიოდე წლის ბიჭუნამ სამზარეულოში შეირბინა და დედას კალთაზე დაქაჩა.
- რა იყო საბა, მოგშივდა?
- დეე, კითხვა ვიცი უკვე... აი აქ წერია: დედაჩემო, უპრიანი იქნებდა ჩემთვის ცხვირი მოგეხოცა. - ლექსივით ჩამოარაკრაკა და მაისურზე წაწერილ სტრიქონებს თითი გააყოლა. თან ალმაცერად გახედა სამზარეულოს კარში მდგარ მამას.
მამამ თვალი ჩაუკრა უკვე დედის მკლავებში ჩაკარგულ შვილს. თვითონაც მიუახლოვდა და თავისი ძლიერი მკლავები შემოხვია ორივეს.
- მადლობა დათა ამ ყველაფრისთვის.
- ხვალიდან უკვე გაყიდვაშიც ჩაეშვება. - საფეთქელზე აკოცა ცოლს.
- რა მეშველებოდა უშენოდ?..
აი, ასეთი დასასრულითვის ღირს ყველა მანამდე გადატანილი ემოცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები