ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2016


24.01.2016 - 21.07.2016

              * * *

სარკმლის  მინები  ორთქლით  იბურება.
დილით  გათოვდა… 
გადიჟივჟივეს  ბეღურებმა  აივნის  თავზე.

24.01.2016 

              * * *

მთას  დაეფინა  თეთრი  მანდილი,
ზამთრის  წადილი -
და  გაიყუჩა.

24.01.2016 

              * * *

ღამე  ამოყროლდა  ზენაქარი,
ღუმელს  მივეყუჩე,
კორიანტელი  ხორხოში  თოვლის,
ნამქრავდა  ქუჩებს...

29.01.2016 


              * * *
ღმერთო, 
ეს  რა  ხმებია...
შეხედეთ  ამ  ბეღურას!
ყელი  მოუღერია,
მღერის  ხასანბეგურას.

30.01.2016

              * * *

ნავსი  გატყდება,  უკვე  საცაა  გაიამინდებს.
გავიშილიფებ,
მეც  გავიხდი  დათბუნულ  წინდებს.

15.02.2016 


უკვე  აყვავდა  ...

ღირსია  ბრავოს,  ბისის  და  ტუშის,
თებერვლის  ჯერაც  სუსხიან  ქუჩის
ფრთაანგელოსი - ყვავილი  ნუშის.

26.02.2016 

                      * * *

სამყაროს  ვიღაც  ჭკვიანი  მართავს,
ზის  და  ჯარაზე  დროის  ძაფს  ართავს,
თებერვალს  როგორ  გადაამარტებს,
კაცი  არ  არის  ვინც  განმიმარტავს.

29.02.2016 

                      * * *

ღამე  ღმერთების  ციცინათელებს,
ცაზე  ვარსკვლავებს,  ექნებათ  ფართი,
ხვალიდან  უკვე  გაზაფხულია,
ხვალიდან  უკვე  იწყება  მარტი.

29.02.2016


გაზაფხულის  პირველი  დილა

არა,  რა  მოხდა  გასაკვირი  ახლა  ისეთი?!
მაგრამ  კალენდრის  გადავშალე  გვერდი  და - 
დათბა!

01.03.2016

                                  * * *

მარტის ნიავი.
ფარვანასავით შემოფრინდა ფანჯრის რაფაზე,
ფარდებს მისწვდა და აფრებივით ააფრიალა.

02.03.2016


          * * *

და  როცა  მიხვდა,
მარტო  იყო,
ატირდა  ღმერთი.
მხოლოდ  ის  ერთი,
გახვეული
ბურუსში  სევდა ...

სხვა  არც  რა  იყო ...

ღრუბელი  ღრუბელს
მარტის  ცაზე
ჩუმად  მისდევდა ...

07.03.2016


                                  * * *
ალიონიდან შავი შაშვის გალობა მათბობს.
ჯერ ვერ ერევა დილის სუსხებს
მარტის ცოტამზე.

11.03.2016


                                  * * *

ხან  ზამთარივით  იგიჟმაჟა,
ხან  მზით  იღიმა,
კესანეები  გააღვიძა, 
მერე  იწვიმა.
ამარტის*  ფერად  დაუბერა 
ალვებს  კვირტები ...
ამ  მარტის  მეტი  რა  მოგთარჯო?
ვერ  შეგპირდები.

15.03.2016


                  * * *

წყალობას  იჩენს  ყოველ  დილით
შაშვთა  ბატონი,
გალობას  იწყებს,
მე,  ის  და  მზე  თუ  ვართ  მარტონი.

16.03.2016


            * * *

ორომტრიალია  ცაზე,
ქარი  არყევს  ანჯამ-რაზებს,
ღრუბლის  თიკანს
ღრუბლის  მგელი
მისდევს  ზეცის  შარაგზაზე.
გაზაფხული  ნიავებით
მალე  ააყვავებს  ბაღებს,
ტყემლებზე  და  ქლიავებზე
შემოისევს  ფუტკარ-ბაზებს.
ორომტრიალია  ცაზე,
მილალავენ  ნახირს  გზაზე ...
ველოდები,  გაიდარებს,
ველოდები  კაი  დარებს ...

18.03.2016


                  * * *

დილის  მზემ  რიდით  გაარღვია 
ღრუბლებში  ღრიჭო.
ყელმოღერილი  შაშვი  ტოტზე   
კოხტაობს,  ბიჭობს. 

22.03.2016

                  * * *

რა  ლამაზია  ცისარტყელა  თუნდაც  პატარა.
ყვავილებსა  ვრწყავ
ხელოვნური  საწვიმებელით.

2016

                  * * *

ძველი  უბანი...
ერთიმეორეს  მიყოლებით
ანგრევენ  სახლებს,
მერე  მოდიან,
აშენებენ  თავიდან  ახლებს.
მოგონებები  ფერმკრთალდება,
ხელს  ვეღარ  ახლებ,
ფიქრის  ნიავი
უმოწყალოდ
მიდამოაბნევს.

25.03.2016


                  * * *

მარტმა  ბოლოსკენ
მისებურად  მაინც  იხუმრა,
ახლო - მახლო  მთებს  თოვლის  ქურქი  წამოახურა.

29.03.2016


                  * * *

მეძველმანესთან.
უკვე  დიდი  ხნის  მივიწყებულს
ვეძებ  სიახლეს.

01.04.2016

                  * * *

ხეების  ირგვლივ
მოაყვითლა  ასფალტი  წვიმამ,
უკვე  ჭადრებიც  აყვავებულან ...

12.04.2016


    ასეთი  ამბავი  შემემთხვა ... მოკლედ სამარშრუტო ტაქსმა გვერდით  ჩაუარა  იეზიდების  ტაძარს
(ვარკეთილში მშვენიერი შენობა ააგეს) და იცით  ალბათ, ბოლო  დროს ერთგვარ მოდად 
იქცა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მზერის  არეში რაიმე  საკულტო შენობა  მოხვდა,
ზოგიერთი  მგზავრი  აღნიშნული ობიექტისკენ  მიბრუნდება და პირჯვარს  იწერს ... 
    მოკლედ ერთერთი  მგზავრი ენერგიულად მიბრუნდა პირით  ზიკურატისკენ (მე ზიკურატს  ვეძახი 
რატომღაც ასე უფრო მომწონს) და იწყო  ინტენსიური პირჯვრისწერა ... ჯერ  გულში  გამეცინა, 
მაგრამ,  მერე სხვაგვარად  ვიფიქრე  და ასეთი  მცირე რამ  გამოვიდა... (იხილეთ  ქვემოთ)

                  * * *

ღმერთისთვის  ალბათ  სულერთია
ვინ  სად  ილოცებს,
მუხლს  თუ  მოიყრი  ზიკურატში -
არ  გაიოცებს.

13.04.2016


ჩემი  ქალაქი

ავტობუსების  გაჩერებაზე,
მწვანე  გაზონის  თავზე  ფარფატით
ჩუმად  დაეშვა ...
- დეე!  შეხედე,  თეთრი  პეპელა.
აპრილის  სიო  აქიაქებს  დაყრილ  ბილეთებს ...

14.04.2016


ჩანაწერებს  გადავხედე  და თურმე  2014  წელს, 
14  აპრილს  მოფრენილან  მერცხლები,
წელს  კი  ორი თუ  სამი დღე  გადააცილეს ...

                  * * *

ესეც  ბოლო  დღე,  ნასესხების,
ქარამზიანი,
ზეცის  მთიბელი  მოფრენილა,
ნამგალფრთიანი.

17.04.2016


                  * * *
დილიდან  ჭყივილი  მაღვიძებს  მერცხლების,
ზეცაში  მოსირმეს  ღრუბლები - ვერცხლები...
ხელს  იწვდი,  შორია,  მას  ვეღარ  ეხები
და  ისევ  ბეტონის  ცივ  კედლებს  ეხლები.

25.04.2016


იმერეთში ...

                  * * *
კაკლების  თავზე  ამოვიდა
ყორნალს  იქედან,
მერე  შედგა  და  გადმოგვხედა
ცოტა  იქედნად...
აპრილის  თბილი  ღამე  იყო -
მთვარეს  იხდენდა.

26.04.2016

                  * * *
სად  გაქცეულა  აკაცია,
ხედავ,  ცამდეა,
ხარაგოული - ჩემი  ური,  ჩემი  ქალდეა!

27.04.2016


ტინისხევის  მაისი ...

                  * * *
არ  მიატოვეს  მილეული  მთვარის  ამარა,
მაისის  ღამე 
ვარსკვლავებით  გადაიპენტა.

01.05.2016

                  * * *
სითბომ  წაშალა  ყველა  კვალი  ზამთრის  სიავის,
სულ  ოდნავ  არხევს,
აფარფალებს  ფოთლებს  ნიავი ...

02.05.2016


                  * * *
ხმით  ბუდიდან,
ნამგალების  წყვილის,
ცით  უღრუბლო,
ფერად  მართლა  ლილის,
მივულოცავ,
მაინც  ჩემსას,  თბილისს,
გათენებას,
გიორგობის  დილის.

06.05.2016


იმერეთო ...

გადაყარა
მზემ ღრუბლები საავდრო,
უკვე ხმები
ისმის მოლაღურების,
შეითვალა
ჭროღა ბალიც საადრო,
მაქვს იმედი
შენი მონახულების.
რაც ზამთარმა
ხალისები დააზრო,
გამიქარვებს
აკაციის სურნელი,
ტყემ მოირგო
მწვანე კაბა საამდრო,
მაქვს იმედი
შენი მონახულების.

08.05.2016

* * *
მართალი იყო,
რომ ჩიოდა ეკლესიასტე -
ეფემერაა
გაზაფხულზე ყვავილთ სურნელი...
ეფემერაა
ალიონზე სირთა გალობა...
მაგრამ ე ჰეი,
რომელიც ხარ, ჰქენი წყალობა,
იქაც მასმინე,
იმქვეყანად როცა წამოვალ.

09.05.2016


* * *
მორიდებულად ჩაახველა ცაზე ელიამ...
მაისის წვიმა აშრიალებს
მწვანე ლელიანს.

10.05.2016


* * *
გარეთ ბულბული არ ჩერდება,
სტვენს, გრძნობებს ძაბავს,
ერთიმეორეს ფანტასტიკურ
რულადებს აბამს ...
ალბათ უყვება გასული დღის
საოცარ ამბავს,
მაისის მთვარეს, ღრუბლებში რომ
თვალებსა ნაბავს.

15.05.2016


ნასახლარები ...

გაბალახებულა, მწვანეა ბილიკი,
ყვავის ნაყორალზე თეთრი აბილილი...
გვერდზე მიწოლილა, ძველი, კაფანდარა,
ჩლახვი ოწინარიც ყვავის საქანდარე.
ცხადი და სიზმარი ჯარად აირია,
ზურგს უკან თითქოს-და მომესმა ქილიკი...
შამბი მორევია და დროის მორევი,
გაბალახებულა, ოდესღაც ბილიკი.

2016


* * *
... და როცა მთვარემ
ვარსკვლავები შემოიქუჩა,
მაისის ღამემ ხავერდებით შემოსა ქუჩა.

21.05.2016


* * *
გაირიჟრაჟა,
დაფიონობს დილა ლამაზი.
ტყიდან ჩიტების ხმები მოდის -
თითქოს ნამაზი.

03.06.2016


ივნისი

მთებზე გადმოდგა,
გადმოფინა ჭრელი ხალები*,
თქორით გაბანა
ჭაუხები, კლდენი სალები.
მერე სათიბებს დაუარა,
ყველა მოქანდა**...
შორს თითქოს ზღვაი -
ლილაფერად ზეცა მოჩანდა.

08.06.2016


* * *
თითქოს ნისლის ანაცერი -
მთაზე ფარა,
მზემ სხივებით, ალმაცერით, გადაფარა.

25.06.2016


* * *
პაპანაქებამ ცოტა იკლო
მზემიწურულზე.
გომბეშოების კარაოკე - ხმები ჭალიდან ...

27.06.2016


* * *
თითქოს საცაა იალებს და
ატკრციალდება -
ფერს აწონებენ ყაყაჩოებს ბროწეულები.

28.06.2016


* * *
თვალის გუგაში ჩამეღვარა და მყის დაღამდა ...
სულ ერთხელ ვცადე,
წამიერად შევხედე მხოლოდ.

29.06.2016


მთიულეთში

მზე  დილისპირულის
ძალას  ვერ  ატანდა,
ნათიბში  ზვინები  ბოლავდნენ 
ცვრისოფლით, 
მთებს  შუბლზე  ნისლებად
მოეხილაბანდად,
ტყიდან  ხმა  გუგულის
პატარა  ობლის.

03.07.2016

საღიმილო (მე)

ხან  უყვარს  ლექსი, 
ხან  ვერდი,
ხან  მწვანე  მოლის  ხავერდი ...

04.07.2016


          * * *
ჰა, განეწყობი საძილედ და უკვე გათენდა.
ზაფხულის ღამე,
მოკლე როგორც წუთისოფელი.

17.07.2016



ვერშემდგარი ჰელიკოპტერი ანუ
ყანჩაფეხა ვენტილატორი... ბრუნოს ალუზია და ა.შ.


ბ-რრრ-უნავს  დილიდან, 
და ნერვებს ღუნავს ...
ვეღარ ერევა თაკარებას
და მაინც ბრუნავს...

20.07.2016



* * *
ალბათ მობეზრდა მარტოობა,
მარადი  მალვა,
ასფალტზე  ბზარში  ამოსულა
პატარა  ბალბა.
თეთრი  ესტუმრა  პეპელა  და
დიდხანს  ეფერა...
ცხოვრება  მათი,  ოდენ  წამი
და  ეფემერა.

21.07.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს