ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2016


***

ამომაწოდე შენი ჭალის ნაპირებიდან
ბროლის ნამცეცი,ბინულის ნაშთი.
გავინაწილებ.
დიდ ხანს უსმინე ფრინველების ნისკარტებიდან ამოსულ ხმაურს
-კენწეროებზე შეფენილ ამბავს.
ანწლის მარცვლები - ყვავის თვალზე მეტი თვალები,
გვითვალთვალებენ,
ჭკნობამდე კართან.
თმობენ სივრცეებს ეზოებში მთვარეულები;
ჩიტის ბუდეებს აგროვებენ, გვიქსოვენ ჰამაკს.
კატის ძვლებია, მტვერშეფერილ სარკოფაგებთან,
ბურანის მიღმა;
შიშის მცველები სიფრიფანა გუშაგებს ჰგვანან.
იფრინე ახლა...
დაუბრუნდი ტკივილს და ხალხთან ამოიჩემე მიახლოება.
ჰო... არა ისე საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში,
როცა სატვირთო შეერია ცოცხალს და მართალს;
როცა სირია სიკვდილისკენ საქმიანობით
მიიწევს სწრაფად;
როცა ტყვიები მშიერისთვის გემრიელია...
არის ასეთი ნაპრალები სამყაროს ტანზე.
იფრინე ახლა...
საფიქრალი დაგიხრის ბეჭებს.
ფარატინაა ყველა ლოცვა, უშინაარსო შეგუება უძლურებასთან.
გააღე ტანი...
გაატანე სურვილს მიმიკა,
უჯრედებს შორის ხვეულებში გადამალული
ბრაზის კონტური.
ჰაერის ტალღებს მიამაგრე ინფორმაცია
შენი განწყობის,
შენი გრუხუნის.
ვინც კი ტკივილებს წაუყრუებს
ფილტვებით იგრძნოს.
ჰაერში ცურვაც შესაძლოა ფრენასთან ერთად.
რა საჭიროა, თუ დინებას დავემორჩილე
ხელები,როგორც ჩემი ტანის ორი ნიჩაბი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები