ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
21 აგვისტო, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (1)

გქონიათ მომენტი, როცა ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება? ყველაფერი იცვლება ერთ დღეში... ერთ საათში.... ერთ წუთში... ცხოვრებას წყვეტ და იწყებ არსებობას.
ვინ ვარ მე? ორი ადამიანი – თინი წილოსანი, 21 წლის, რომელმაც წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას უკვე საზღვარგარეთ აპირებს, ან თინათინ წილოსანი, რომელმაც სხვის მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის საკმარისზე მეტი პასუხი აგო.

****
მძიმედ მახსოვს ის დღე, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. უკვე დასაწოლად ვემზადებოდი, ქვემოდან ხმაური რომ შემომესმა. ჩემს იდეალურ ოჯახში, სადაც ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ თქმულა. არ ვაჭარბებ, 21 წლის მანძილზე ჩემი მშობლების შეკამათებაც არ მახსოვს. დედა – ნანა წილოსანი, სამაგალითო ცოლი და იდეალური დედა იყო. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ ისე გამზარდა, რომ ჩემთვის საყვედურიც კი არ უთქვამს. ძალიან პატარამაც კი ვიცოდი რა იყო კარგი და რა ცუდი. რისი გაკეთება იყო მიღებული და რა სირცხვილი. ყოველთვის ანგარიშს უწევდა ჩემს აზრს. მამა არ იღებდა მონაწილეობას ჩემს აღზრდაში, მაგრამ მის მიმართ ყოველთვის მქონდა უზომო პატივისცემა (რაც დედას დამსახურება იყო) და უზარმაზარი სიყვარული (ეს უკვე თვითონ მამას დამსახურება იყო). ბროლის სასახლეში ვცხოვრობდი. ყველაფერი მქონდა რასაც ვისურვებდი. მატერიალურიც და არა მხოლოდ. თუმცა არასდროს ვყოფილვარ გაზულუქებული მამიკოს გოგო, რომელიც საკუთარი ცხვირის  იქით ვერაფერს ამჩნევს. ჩემს მშობლებს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ყველა მათ  სიყვარულით სავსე და სტაბილური ოჯახს შენატროდა. თუმცა ზომიერება, ისევე როგორც ყველაფერში, მათ ურთიერთობაშიც იგრძნობოდა, მაგრამ იმაში რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები, დარწმუნებული ვიყავი. ვგრძნობდი მათი სიყვარულის ნაყოფი რომ ვიყავი. მამა – შალვა წილოსანი უბრალო ბიზნესმნი იყო, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ოჯახის ყველაფრით უზრუნველყოფა. ერთი შეხედვით იდეალური ოჯახის. იყო კიდეც. იმ დღემდე...
ხმაური ჩემს სახლში?!
ხალათის ამარა გამოვვარდი ოთახიდან და კიბეს ჩავუყევი. ქვედა სართულზე ჩასულს საშინელი სურათი დამხვდა. მამაჩემი მუხლებზე იდგა და ადამიანის ფერი არ ედო, თავზე ორმეტრიანი ახალგაზრდა კაცი წამოდგომოდა და მისთვის შუბლზე იარაღი მიედო. მის უკან, ცოტა მოშორებით კიდე ორი ახმახი იდგა, ისინიც იარაღებით. დედაჩემს ორივე ხელი პირზე აეფარებინა და სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ექნა. მასაც ისევე როგორც მე ვერაფერი გაეგო. რა უნდოდა ამ ხალხს. რატომ გვირღვევდნენ მყუდროებას.
იმ ურჩხულს, მამას თავზე რომ წამოდგომოდა, მუქ შავ თვალებში რომ ჩავხედე, სადაც უამრავი ზიზღი და ბოროტება იკითხებოდა, მივხვდი ხელიც არ აუკანკალდებოდა ისე ესროდა.
– მამა! – არც დავფიქრებულვარ, ისე გავექანე და მის გერდით ჩავიმუხლე.
ურჩხულმა, მანამდე ერთ წერტილზე მიყინული მზერა, ჩემზე გადმოიტანა და დავინახე რაღაც შეეცვალა გამოხედვაში. სასოწარკვეთის სხივი გაუკრთა. სულ რაღაც წამის მეასედით, მაგრამ იმდენად დაჟინებით ვაკვირდებოდი, რომ მაინც შევამჩნიე
– შე ახვარო, მისი ტოლი შვილი  გყავს. – ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა.
– რა გინდათ, შვილო, ვინ ხართ? – პირველად ამოიღო ხმა დედაჩემმა – განა ასეთი რა დააშავა?
ურჩხული მთელი ტანით შეტრიალდა დედაჩემისკენ.
– გინდათ იცოდეთ რა დააშავა? მზად ხართ გაიგოთ, როგორი არაკაცის მეუღლე ხართ? – ხმაში ირონია გაურია. – აი, ამის ასაკის გოგო მოკლა! – და იარაღიანი ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.
შევკრთი. თავს ვარწმუნებდი, რომ სიზმარში ვიყავი. იმდენად აბსურდი იყო, რომ რეალობაში ვერ მოხდებოდა. მამაჩემმა ვინმე მოკლა?! რა სისულელეა.
– ჯერ თავგზა აუბნია 20 წლის გოგოს. ათას რამეს დაჰპირდა. ჰა, ასე არ იყო? – მამაჩემს მიუბუნდა, რომელსაც თავი ჩაეხარა და ხმას არ იღებდა. – ცოლად მოყვანასაც ხომ არ დაპირებულხარ? მაგრამ როგორ დაპირდებოდი, უკვე გყავდა ცოლ-შვილი, შენი დედა *****, ასეთი რა გაუკეთე, ასეთი რა უთხარი, სიცოცხლით სავსე ბავშვმა თავი რომ მოიკლა?
მეხის გავარდნას ჰგავდა ეს სიტყვები. დედაჩემისკენ გავიხედე, რომელსაც უკვე ლურჯი ფერი ედო. ასეთი არასოდეს მენახა, ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ქალი ახლა კანკალს აეტანა.
– სიცოცხლის ღირსიც არ ხარ შე ნაბიჭვარო, შენთვის ჯოჯოხეთის ცეცხლიც ცოტაა შე ახვარო.
– არ გაბედო! – ყვირილით ავეტუზე წინ შემართულ იარაღს. მე თვითონაც არ ვიცი რამ მომცა ძალა, მაგრამ რასაც ვუყურებდი უსამართლობად მეჩვენებოდა. რატომ უნდა ეგო პასუხი მამას, თუ ვიღაც გოგომ თავი მოიკლა? ბოლომდე ვერ ვაანალიზებდი რაში სდებდნენ ბრალს.
თვალებში ჩამხედა. მერე მზერა მამაჩემზე გადიტანა.
– ბატონო შალვა, შესანიშნავი ქალიშვილი გეზრდებათ. ერთადერთი იმედი არა? – იმდენი ირონია და ღვარძლი იგრძნობოდა ამ სიტყვებში. – ძალიან კარგი, თქვენი ქალიშვილი გადაიხდის თითოეული შეცდომისთვის. მძიმე მემკვიდრეობა გერგო, გოგონი, – ახლა მე მომიბრუნდა. – მაგრამ არა უშავს, გეტყობა ძლიერი გოგო ხარ, გაუძლებ.
იარაღი დაუშვა, ხელი მომკიდა და კარისკენ წამიყვანა.
– ბავშვს ხელი გაუშვი და მე რაც გინდა ის მიქენი. – მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გავიგე მამაჩემის ჩახლეჩილი ხმა.
– არა, ბატომო შალვა, შენ რაც არ უნდა გიქნა, რაც არ უნდა გატკინო, მაინც ვერ მიხვდები ახლა მე რას ვგრძნობ. არა, მაგ დამპალ სულზე დაგაჭერ წიხლს. უნდა იგრძნო როგორია, როცა სიცოცხლის ერთადერთ აზრს გართმევენ.
ზურგსუკან კარი რომ მიიხურა, დედაჩემის განწირული ხმა გავიგე.
– შალვაა! გააკეთე რამე, სად წაიყვანეს ბავშვი?
შავი მაქანის უკანა ხედვის მინიდან ძლივს მოვკარი თვალი დედაჩემს, რომელიც მორბოდა მანამ, სანამ შეეძლო. ბოლოს ჩაიკეცა და თოვლში უღონოდ ჩაემხო.
იმ დღეს დავემშვიდობე უზრუნველ ცხოვრებას და ზუსტად იმ დღეს დამთავრდა ჩემი ბავშვობა. იმ ყველაფრის მერე რაც გადავიტანე, სიცოცხლის პირველი 21 წელი ნამდვილად ბავშვურ, უზრუნველ ცხოვრებას ჰგავდა. რომელიც მაშინ დამთავრდა, როცა ნიკოლოზ წერეთელი გავიცანი.

****
იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი. როდის აღმოვჩნდი მანქანის უკანა სავარძელზე, როდის დაჯდა ერთ-ერთი ახმახი საჭესთან, მეორე  ჩემს გვერდით, ურჩხული კი წინა სავარძელზე.
– ხვდებით მაინც რა გააკეთეთ? – ამაყად გადავხედე თანამგზვრებს. – საკუთარ განაჩენს მოაწერეთ ხელი.
ხმა არცერთს ამოუღია.
– ციხეში ამოლპებით მთელი ცხოვრება, მეცოდებით. – სასოწარკვეთილი ირონია იგრძნობოდა ჩემს ხმაში, ამითი უფრო თავს ვიმშვიდებდი, ვიდრე ვიმუქრებოდი.
– თუ ახლავე არ გააჩუმებ ენას, დავივიწყებ რომ შურისძიების იარღი ხარ და აქვე გაგასხმევინებ ტვინს! – არც მობრუნებულა, ისე დამიღრინა ურჩხულმა.
მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა. კარები გამიღეს და ფეხზე ცივი თოვლის შეხება, რომ ვიგრძენი მაშინ გავიაზრე, ფეხშიშველი და სააბაზანოს ხალათით ვიყავი წამოსული. თმაც კი არ შემშრობოდა ჯერ. „ყოჩაღ თინი, ფილტვების ანთება არ აგცდება“ – გავიფიქრე და გულიანად გამეცინა: „ნეტავ, დღეს ფილტვები და სხვა ორგანოები მთელი შეგრჩეს და ანთებას ვინღა ჩივის“. უბოდიშოდ გამატარეს მთელი გზა მანქანიდან სახლამდე თოვლში ფეხშიშველი. ეს დალოცვილიც რამხელა ეზო ჰქონია ამ სახლს?! ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი.
უზარმაზარი სახლის, უზარმაზარ ფოიეში შევედით მხოლოდ მე, ურჩხული და ახმახი, რომელიც გვერდით მეჯდა, საჭესთან მჯდომი არ შემოგვყოლია.  სრული სიჩუმე იყო გამეფებული, თითქოს არავინ ცხოვრობდაო. ავიარეთ უზარმაზარი კიბე. ერთ პატარა ოთახში შემიშვეს და კარი გარედან გადაკეტეს.
თინი, ტუსაღი ხარ. მთელი ბავშვობა პრინცესობაზე ოცნებობდი და აჰა, კოშკის ბოლო სართულზე გამოკეტილს ურჩხული გდარაჯობს. იუმორი გადაარჩენს სამყაროს. უფრო თვითირონია.
მეშინოდა თუ არა? გულის წასვლამდე მეშინოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, იმდენად აბსურდად მეჩვენებოდა მიზეზი, რის გამოც აქ წამომიყვანეს, რომ ქვეცნობიერად  ვფიქრობდი რაღაც შეცდომა იყო, მალე გაირკვეოდა ყველაფერი და სახლში თავისი ფეხით დამაბრუნებდნენ.
როდის მივხვდი რომ არც ისე კარგად იყო ყველაფერი, როგორც ვიმედოვნებდი?
ის ფოტო რომ ვნახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები