ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
25 აგვისტო, 2016


მანათობელი ხელისგულები

  მზეონას ძალიან უყვარდა ქვიშის ქალაქების აშენება. ბადალი არ ყავდა ამ საქმეში. როცა მის მიერ გამოძერწილ ქვიშის ქალაქს დახედავდით, იფიქრებდით, საცაა ამ ქალაქის ქუჩებში პატარა კაცუნები დაიწყებენ სეირნობასო.

  ერთ მშვენიერ დღეს ასეც მოხდა. მზეონამ ის-ის იყო დაასრულა ქუჩის გაყვანა, რომ სასეირნოდ გამოსული პაწია კაცუნა შენიშნა. მალე მეორეც დაინახა, მესამეც... მოკლედ, მთელი გუნდი...
  ერთმანეთს ზრდილობიანად მიესალმნენ და მზეონამ გულისფანცქალით ჰკითხა მოსეირნე კაცუნებს:
  - როგორ მოგწონთ ქვიშის ქალაქი?
  - ძალიან მოგვწონს, - გამოეპასუხნენ კაცუნები, - აქ ყველაფერია, რაც ქალაქს სჭირდება, ოღონდ ერთი რამ გვაკლია.
მზეონა გაფაციცდა.
  - მაინც, რა გაკლიათ?
  - მზე გვაკლია! - უთხრეს კაცუნებმა.
  - განა მზე თქვენთვისაც არ ანათებს? - გაიკვირვა გოგონამ.
  - ჰო, მაგრამ კარგი იქნებოდა, ჩვენი მზეც გვქონოდა.
- ახლავე გამოვძერწავ! - დაფაცურდა მზეონა და ქვიშა ორივე ხელით მოხვეტა, მაგრამ კაცუნებმა შეაჩერეს.
  - უბრალო ქვიშისგან მზეს ვერ გამოძერწავ, ამისთვის ოქროს ქვიშაა საჭირო.
მზეონა შეცბუნდა:
  - სად ვიპოვო ოქროს ქვიშა?
  - თუ კარგად მოძებნი, აუცილებლად იპოვი. ჩვენ ვერ დაგეხმარებით, ქვიშის ქალაქს ვერ მივატოვებთ.
  მზეონას სხვა რაღა დარჩენოდა. ოქროს ქვიშის საძებრად გასწია. ო, რამდენი იარა, მთელი პლაჟი ფეხით შემოიარა. რაღა არ ნახა, რას არ გადაეყარა, ოქროს ქვიშა კი არა და არ ჩანდა. ისე გაუჭირდა, უფროსებსაც კი სთხოვა დახმარება, მაგრამ როგორც წესია, უფროსებმა სიტყვა ბანზე აუგდეს. ერთმა ისიც კი ჰკითხა, მზემ ხომ არ დაგკრაო. მზეონას მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია მათი საქციელი, არც მოელოდა რაიმე სასიკეთოს.
თითქოს შეუძლებელიც კი ჩანდა ოქროს ქვიშის პოვნა, მაგრამ მზეონამ გულით მოინდომა და ბოლოს იპოვა კიდეც, მიაგნო ნამდვილ ოქროს ქვიშის ბორცვს, რომელიც მზეზე ისე ბრწყინავდა, სულ თვალისმომჭრელ ნაპერწკლებს აბნევდა. საქმესაც მაშინვე შეუდგა... მოხვეტა ოქროს ქვიშა და ბურთივით მოაგუნდავა. მზეც ხომ ბურთივით მრგვალია... მშვენიერი რამ გამოვიდა, ჰგავდა კიდეც მზეს, მაგრამ როგორც კი ხელი შეუშვა, მაშინვე დაიშალა ოქროს ქვიშის მზე, ისევ ქვიშის ბორცვად იქცა.
მზეონამ კვლავ სცადა, უფრო ღონივრად მოაგუნდავა ოქროს ქვიშა. სამწუხაროდ, ისიც დაიშალა. რამდენჯერმე განმეორდა ასე, ყოველთვის უშედეგოდ. გულგატეხილმა გოგონამ კვლავ ქვიშის ქალაქს მიაშურა:

  - ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოდის, ვერ გამოვძერწე ოქროს მზე! - შესჩივლა ქვიშის ქალაქის ბინადარ კაცუნებს და ფართოდ გაშლილი ხელები გაუწოდა იმის ნიშნად, თავი არ დამიზოგავსო.
  - ჰოდა მზეც გამოგიძერწავს! - უთხრეს კაცუნებმა. - თანაც ორი ერთად!
მზეონამ ეჭვით შეხედა მათ, ხომ არ დამცინიანო.
არა, ქვიშის ქალაქის კაცუნები არ დასცინოდნენ. - საკუთარ ხელებზე დაიხედე, - უთხრეს გოგონას, როცა მისი გაოცება შეამჩნიეს.
დაიხედა მზეონამ და რას ხედავს: ორივე ხელი მზისფრად აქვს შეფერილი! აკი დიდხანს ზელდა და აგუნდავებდა ოქროს ქვიშას. ისიც ხელებზე აჰკვროდა...
ჰოდა, როცა ხელები ფართოდ გაშალა, ხელისგულებმა ისე იწყეს ბრწყინვა, თითქოს ორი პატარა მზეაო.
  ძალზე ნასიამოვნები დარჩა მზეონა, ერთ წამში გაუქრა გულგატეხილობა. ორივე ხელი მაღლა აღმართა, რაც შეიძლებოდა ფართოდ გაშალა ოქროსფრად შეფერილი ხელისგულები, თან იმას ფიქრობდა გულში, ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიე, რომ ფართოდ გაშლილი ხელისგულები სხივთამფრქვეველ მნათობს წააგავსო.
ქვიშის ქალაქის ბინადარმა კაცუნებმაც სიხარულით შემოსცინეს გოგონას, - ახლა ჩვენს ქალაქს აღარაფერი აკლია, - ერთხმად თქვეს.
  მერე ხელები ჩამოუშვა მზეონამ, ასე თქვა, მზე ღრუბლებს მოეფარაო. ძალზე საინტერესო თამაში გამოვიდა, კაცუნებმაც დიდი სიამოვნებით აუბეს მხარი. იქნებ  ოდესმე თქვენც მიგებაძათ მზეონასთვის, ჩემო პაწია მკითხველებო! თქვენც გეცადათ ოქროს ქვიშისგან მზის გამოძერწვა... მიზანს თუ ვერ მიაღწევთ, მანათობელი ხელისგულები ხომ შეგრჩებათ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები