ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 აგვისტო, 2016


შარშანამდროინდელი

სასკოლო დღიური ხომ მქონდა და ისიც, მეგობრობის დღიურს რომ ეძახიან, მაგრამ, აი, დღიურების წერა არასდროს მიცდია. უფრო ზუსტად, ხშირად მიფიქრია ამაზე, თუმცა სულ მეშინოდა, რომ კონკრეტული დროით დათარიღებულ ნაწერში აღწერილი ბედნიერების განცდის მონატრება მომგვრიდა ტკივილს მომავალში, ან თვითონ ტკივილის ამოკითხვა განმიახლებდა წარსულს და ამიტომაც, არასდროს გამიკეთებია დღიურის ჩანაწერი, რასაც ვერ ვიტყვი ლექსებზე. პოეზიისგან თავის შეკავება ყოველთვის საშინლად მიჭირდა. მიუხედავად ამისა, ასეთი პერიოდიც მქონია და ახლაც მაქვს...
დედულეთში ვარ, სოფელში, რომელიც ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებს ინახავს, მტკივნეულთან ერთად... სავსე მთვარე აქვე, აივანზეა ჩამოწოლილი. საკუთარივე ლექსიდან მახსენდება - "ცა ისე ახლოა, რომ ირმის ნახტომში, რძისფერქვეშ შეყუჟულ ვარსკვლავებს შეწვდები"... არც კალამი მაქვს, არც ფურცელი. ასეთ დროს, მობილური ტელეფონი საუკეთესო საშუალებაა.
ისევ აგვისტოა. 7 წლის წინ ვიყავი აქ. ომის წინა დღეს ჩამოვედი და შუაში გადაკეტილი ქვეყნის გამო, გათვალისწინებულზე დიდი ხნით მომიწია დარჩენა. იმ უსაშინლეს განცდებზე ფიქრიც არ მინდა, თუმცა, ბუნებრივია, არ გამომდის და ლოცვასავით ვიმეორებ - "სული შემიბერე, ღმერთო, გულზე"...
აქაურობა, პირველ რიგში, ბავშვობასთან ასოცირდება და ეს საოცარი შეგრძნება, რომ ახლა გვერდით ჩემივე ბავშვი სუნთქავს, ისაა, რისი გადმოცემის ნებისმიერი მცდელობა ბანალურობის განცდას დამიტოვებს...
შემოდგომისპირია. მელოდიასავით მესმის - ,,ჩემი იმერეთის შემოდგომა, ჩემი შემოდგომის იმერეთი". 10 წელი ვიცხოვრე ჩემს მშობლიურ კუთხეში. ორი ათეული გავიდა იმის შემდეგ და ახლა, რაღაც მომენტებში ისე მგონია, არც არასდროს წავსულვარ აქედან და მხოლოდ ის ტყემლის ხე დაპატარავდა, რომლის სხეულზე მყუდროდ მოკალათებული გავყურებდი მეზობელი სოფლის ეკლესიას, მაღალმთიან მდელოზე, ჰორიზონტის ხაზზე დღესაც ზუსტად ისევე რომ დგას (მაგრამ, თითქოს, იქამდე ახლა უფრო შორია)...
მარიამობა თენდება. ზუსტად 6 წლის წინ, ამ დღეს ის "მიყვარხარ" ვთქვი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. არ ვიცი, იმ მომენტში ვფიქრობდი თუ არა ამაზე, მაგრამ ახლა, როცა ყველაზე მძაფრად ვგრძნობ ცხოვრების პირისპირ დგომას, მახსენდება თინეიჯერულ ასაკში დაწერილი ლექსიდან - "მე სულიერი სიმარტოვე გამაჩანაგებს და არ დარჩება ჩემგან, ალბათ, აღარაფერი" და უნებურად მეღიმება, რადგან ვფიქრობ, რომ სინამდვილეში არც არასდროს დავუტოვებივარ მარტოობას მარტო, მაგრამ ამ სევდაში, "ადამიანად ყოფნის სევდასა" და მუდმივ ძიებაშიც არის რაღაც ტკბილი და ეს სიტკბო სიყვარულის უნარია.
ბოლო დროს, ყველაზე მეტად აკვიატებული მაქვს ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის ლექსიდან - "ადამიანები, მათთან შეხებები, შეგრძნებები ქრობით დაავადდნენ"... და ახლა ვხვდები, რომ ეს "ქრობა" იმედგაცრუების ეგოისტური შიშიდან მომდინარეობს ჩემში. რაც უფრო ნაკლებად გიყვარს ადამიანები, ან რაც ნაკლები ადამიანი გიყვარს, იმედგაცრუებაც ხომ უფრო ნაკლებია და მათი დაკარგვის შიშიც, ანუ, შესაბამისად - ტკივილი. თუმცა, რა სისულელეა სიყვარულს შეეწინააღმდეგო. ეს ხომ იგივეა, შენ, ასეთი უსუსური ებრძოდე უზენაესს. ამას ხომ მხოლოდ ნგრევა მოსდევს შინაგანი. ისიც ხომ საკმარისზე მეტია, სხვები რომ განგრევენ, ანუ თავს იკლავენ შენს გულში...
ნეტავ, ტყემლის ხემ თუ გამიხსენა. ალბათ, თმით მაინც მიცნობდა. თვითონ კი, ფოთლები თითქმის აღარ აქვს, ხმობის პირასაა მისული. არ მახსოვს, მარიამობის ღამეს თუ ვყოფილვარ ოდესმე სოფელში, თუმცა აშკარად არის რაღაც ბევრად მისტიკური ამ ღამით ჩემთვის, ვიდრე ოდესმე. ძილი არ მეკარება. ვხუჭავ თვალებს და საკუთარ თავს ვხედავ, ორ ათეულზე მეტი წლის წინანდელს - იგივე გარემოა, ოღონდ არა შემოდგომის - გაზაფხულისპირი. ეზოში თოვლი დევს და მის საფარქვეშ თავჩაღუნულ ენძელებთან ვარ ჩამუხლული. ფაქიზად ვაცლი ფოთლებიდან თოვლს და მეორე დილით ისევ მათთან მივდივარ, იმ იმედით, რომ უკვე წელში გამართული დამხვდებიან. მერე, აქვე ახლოს, ტყის პირას ყოჩივარდების მიწის ზედაპირზე გამოჩენილ ბოლქვებს ვეფერები პაწია, შეციებული ხელებით. ისე, ყველაზე მეტად მაინც დედაჩემის სეხნია იები მიყვარს და ჩემი ძვირფასი ცისთვალა კესანე, რომელიც მაშინ მხოლოდ ზღაპარში მყავდა ნანახი...
30-ე მარიამობას ვხვდები. ზუსტად 2 კვირაში, 30 წლის ვხდები. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მიდგას ცხოვრებაში და მე ისევ ის ბავშვი ვარ, ზღაპრების წიგნში ნანახ ყვავილზე რომ ოცნებობს და მთელი გულით უყვარს ყველაფერი, რაშიც სიკეთის თუნდაც უმნიშვნელო ნამცეცი ურევია... ჰოდა, მითუმეტეს ადამიანები - შეცდომების, იმედგაცრუებების, თუ უიმედობის განცდის მოტანის მიუხედავად. მადლიერება ხომ ერთ-ერთი უკეთილშობილესი რამაა, რაც ადამიანებს შეგვიძლია... მადლობა უფალს, რომ არასდროს გაუხარია სიძულვილს ერთი უბრალო ხიდან მომზირალ იმ პატარა გოგოში, უზარმაზარ სამყაროში დღესაც მხოლოდ სიყვარულის დანახვას რომ ცდილობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები