ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
25 აგვისტო, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (2)

****
მეორე დილით ოთახში გოგნა შემოვიდა, ლანგარზე დაწყობილი საუზმით. „გემრიელად მიირთვითო“ – დამიბარა და ოთახიდან ისე გავიდა კარი არ გადაუკეტავს. იმედი მომეცა – იქნებ მიხვდნენ შექმნილი სიტუაციის აბსურდულობას და სახლში დაბრუნებას მიპირებენ?
ამ ფიქრებით ცოტა გამხნევებულმა სახლის დათვალიერება გადავწყვიტე. კინაღამ დავიკარგე მრავალრიცხვოვან ოთახებს შორის, თუმცა ინტერესი მაინც მკლავდა. ამ სახლის თითოეული ოთახი მანტერესებდა. იქნებ ქვეცნობიერად იმ გოგონას რაიმე კვალს ვეძებდი, რომელმაც თავი მოიკლა. მივაგენი კიდეც, ერთ-ერთ ოთახში, რომელიც სავარაუდოდ მისი უნდა ყოფილიყო. კედლები აჭრელებული იყო ახალგაზრდა გოგონას პორტრეტებით, ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო, რაღცით ჰგავდა ურჩხულს, მაგრამ ბევრად კეთილი გამოხედვა ჰქონდა. ვერაფრით დამეჯერებინა ასეთი თვალების პატრონს, როგორ შეეძლო თავი მოეკლა. ოთახს თვალი მოვავლე. ყველაზე დიდი ადგილი საწერ მაგიდას ეჭირა, რომელზეც უწესრიგოდ იყო მიყრილი ხელნაწერები – უფრო ჩანაწერები, თარიღებით და უბრალო ფანქრით შესრულებული პატარ-პატარა სურათებით გაფორმებული. დღიურს აწარმოებდა ალბათ. ისე საინტერესოა თვითმკვლელის ჩანაწერების წაკითხვა. ნეტავ, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი? ვერ გავბედე ხელში ამეღო და წამეკითხა. გამახსენდა, როგორ გავბრაზდი, ბავშვობაში ჩემი დღიური, საკუთარმა 17 წლის ბიძაშვილმა, გამოთქმით რომ წაიკითხა მთელი სანათესაოს წინაშე. მაშინ ერთი ქერა ბიჭი მომწონდა სკოლაში და მისთვის მიძღვნილი ლექსებიც მთელი გრძნობით წაუკითხა აუდიტორიას. მას მერე ვერიდებოდი სხვის პირად ჩანაწერებში უკითხავად ცხვირის ჩაყოფას. საკუთარ ტყავზე მქონდა გამოცდილი, როგორი მწარე იყო. სამაგიეროდ გავბედე და იქვე სკამზე გადაკიდებულ კაბას დავწვდი. ჩემი აღნაგობის ყოფილა. მოვიზომე, დღემდე ვერ ვხვდები, რამ გამაბედინა მისი კაბის ჩაცმა, თუმცა რამდენიმე წუთის მერე, სკამზე მისი კაბის ნაცვლად, ჩემი სააბაზანოს ხალათი იყო გადაკიდებული. ოთახის თვალიერება განვაგრძე. ერთ ადგილზე გავქვავდი, როცა საწერ მაგიდაზე ქაღალდების შორის მიკარგულ ფოტოზე, ნაცნობ გამოხედვას წავაწყდი. ხელის კანკალით  ავიღე. „მარიკო და შალვა. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად. – 2013 წლის გაზაფხული“ – ეწერა სურათს. ხელიდან გამივარდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. აი, მაშინ მივხვდი რომ ხუხულასავით დამენგრა, 21 წლის მანძილზე ნაშენები ცხოვრება.
ზურგსუკან გახშირეული სუნთქვა ვიგრძენი. შემოვტრიალდი და ღია კარებში ურჩხული დავინახე. მხოლოდ სურათის ნახვით გამოწვეული შოკით შემიძლია ავხსნა, რომ მაშინ თავქუდმოგლეჯილი არ გამოვიქეცი იქედან. თვალებში ისეთი გააფთრება და ზიზღი ეტყობოდა, რომ შესძლებოდა ერთი შემოხედვითაც გამაფრთხობინებდა სულს. ხელი მომკიდა, მომკიდა კი არა ჩამავლო და ოთახიდან გამათრია. ფურცელივით მიმაფრიალებდა. კიბის თავზე შეჩერდა, თითქოს ახლა გაიაზრაო, მობრუნდა და დაჟინებით დამაშტერდა. ჯერ ვერ მივხვდი რას უყურებდა, ბოლოს ხელები წამოიღო და საყელოში ჩამავლო, სულ ცოტა ძალისხმევა დასჭირდა და კაბის ნაფლეთები უკვე ხელში ეჭირა.
–არ გაბედო მეორედ შენი დამპალი ხელებით მის ნივთებს შეეხო. – კბილებში გამოცრა და საცვლების ამარა დარჩენილი, ხელის კვრით ოთახში შემაგდო.
ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენი. შიში, სირცხვილი, დამცირება, სასოწარკვეთა. ყველა ის გრძნობა, რაც 21 წლის მანძილზე ერთხლაც არ მიგრძვნია. აი მაშინ მივხვდი რომ ცხოვრება შევწყვიტე და გავაგრძელე უბრალოდ არსებობა.
ფანჯარასთან მივლასლასდი და საბოლოოდ მომეღო ბოლო, როცა ეზოში, კაბას რომელიც ცოტა ხნის წინ ზედ მეცვა, ცეცხლი ეკიდა და იფერფლებოდა.

****
მშობლები, რომ გარდაეცვალათ, მარიამი 9 წლის იყო, ნიკუშა 19-ის. მაშინ ეგონა,  სამყაროს აღსასრული დადგაო. არ იცოდა რა უნდა ექნა, როგორ მოქცეულიყო. მშობლები ტკიოდა – ათჯერ მეტად მარიკოს ცრემლები ტკიოდა. არ იცოდა როგორ აეხსნა პატარა დისთვის, რატომ აღარ ეყოლებოდა დედა და მამა გვერდით. 9 წლის ბავშვს დეპრესია დაეწყო. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თითქმის 2 წელი, ამ მდგომარეობიდან რომ გამოეყვანა. მას მერე, ისე ექცეოდა და უფრთხილდებოდა, როგორც ფაიფურის თოჯინას. მისი ნებიერა იყო. ყველა სურვილს უსტყვოდ უსრულებდა, მაგრამ არც მარიკო აწუხებდა ზედმეტი კაპრიზებით. მარიკო ბებიასთან წაიყვანა, სოფელში. თვითონ კი ქალაქში დაბრუნდა მამის დაწყებული საქმე უნდა გაეგრძელებინა. არავის მისცემდა უფლებას ეთქვა, გიორგი წერეთლის დანატოვარი ქარს გაატანესო. მანამდე მოსიყვარულე, ყურადღებიანი ბიჭი, რიგით საქმოსნად იქცა, ერთადერთი მარიკო იყო ის, ვინც მასში სათუთ და მზრუნველ გრძნობებს აღძრავდა და არ აძლევდა საშუალებას საერთოდ დაეკარგა ადამიანობა. მარტო მარიკოსთან იყო ლაღი, მხიარული, ბედნიერი და სუსტიც კი. მისი პატარა დაიკო, მისი სისუსტე იყო. სკოლა სოფელში დაამთავრა გოგონამ. ნიკამ თბილისში წამოიყვანა უნივერსიტეტში, რომ ჩაებარებინა. ისიც შესთავაზა საზღვარგარეთ გაგიშვებ სასწავლებლადო, მაგრამ, მარიკომ სასტიკი უარი განაცხადა – ისედაც ძლივს გხედავ ხოლმე და სხვა ქვეყანაში როგორ გავძლო შენი და ბებიკოს უნახავადო. უზარმაზარი სითბოს მარაგი ჰქონდა ამ  ერთი ციდა გოგოს. 
ბევრი ეხვეწნენ მარიამ ბებოსაც – შენც თბილისში წამოდი, რა დაგრჩენია მაგ მიყრუებულშიო, მაგრამ მოხუცს არაფრის გაგონება არ სურდა.
– მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ სამოსახლოში გავლიე და ცხონებული შოთას სულთან არ ვიქნები მართალი. დავრჩები, დედა, მე აქ და იმითი გავიხარებ, რომ ყოველ ზაფხულს ჩემი კუდრაჭა გოგო ისევ ჩამომაკითხავს და სიხარულით აავსებს მთელ სახლს.
– „ცხონებული შოთას“ სულს მე მოველაპარაკები შენ ოღონდ წამოდიო, – ღიმილით ეუბნებოდა ნიკუშა, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
თვითონაც იცოდა, რომ ფეხის გამომდგმელი არ იყო იქიდან, მაგრამ მაინც ცდილობდა. სოფლის სახლის დატოვება მაშინაც არ უყვარდა, როცა ქალიშვილი და სიძე ცოცხალი ჰყავდა და ახლა მითუმეტეს, ეძნელებოდა მოხუცს იმ სახლში შესვლა, სადაც შვილი აღარ დახვდებოდა. ქვეცნობიერად არწმუნებდა თავს, რომ ცოცხალი იყო და უბრალოდ მასთან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ასე უფრო ადვილი იყო.
ნიკუშა საქმეებით იმდენად იყო დაკავებული, რომ გამოეპარა მარიამში ცვლილებები. ძალიან გვიან შეატყო დეპრესიის ნიშნები. გამოეპარა საჭირო მომენტი. უკვე ძალიან გვიან იყო. თავს ვერ პატიობდა ამას. მისი შურისძიების გეგმა, ალბათ საკუთარი თავის დასჯაც იყო.
თვითონ ჩამოხსნა თოკიდან. მისი უსულო სხეული ხელზე ჰყავდა გადასვენებული და მასთან ერთად თვითონაც მოკვდა. მარიკოსთან ერთად დამარხა საკუთარი სული. კიდევ ერთხელ მოუწია საფლავზე დამხობილს ქვითინი მარო ბებიას. კიდევ ერთხელ დაინახა საკუთარი უსუსურობა ნიკოლოზ წერეთელმა. კიდევ ერთხელ მიაყარა მიწა საკუთარ სისხლსა და ხორცს. რამდენს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?!
ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე. მანამდე ბევრი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში.


****
იმ დღეს საერთოდ არ გამოვსულვარ ოთახიდან. კარი ღია იყო, მაგრამ არ შემეძლო. მთელი დღე ლოგინზე დამხობილს ტირილის ძალა რომ აღარ შემრჩა, უბრალლოდ ვიწექი და ბოლო დღეებში მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი.
ვერაფრით გადამეხარშა გონებაში, ის ფაქტი რომ მამაჩემს შეეძლო რომანი გაება და ისიც ვისთან?! ჩემ ტოლ გოგონასთან. ისე აებნია თავგზა, რომ თვითმკვლელობამდე მიეყვანა ადამიანი. ვფიქრობდი და ვერაფრით ვიხსენებდი, ჩემს მშობლებს შორის გაციებულ ურთიერთობას. 2013 წლის გაზაფხულზეც ჩვეულებრივად მოსიყვარულე მამა და მეუღლე იყო. ნუთუ ადამიანს ასე შეუძლია თამაში? ტვინი ადუღებას იწყებდა უკვე, კარზე ფრთხილი კაკუნი რომ გავიგე. მე ისევ საცვლების ამარა ვიყავი ლოგინზე დამხობილი. კაბა ტანზე შემომახიეს, ხალათი კი იმ ოთახში დამრჩა, რომელში შესვლასაც, ალბათ ვეღარასოდეს გავბედავდი. წამოვხტი და ტანზე საწოლის გადასაფარებელი შემოვიხვიე. კარი გაიღო და ზღურბლზე ისევ ის გოგონა გამოჩნდა, დილით საუზმე რომ შემომიტანა (რომელიც ისევ ხელუხლებელი იდო საწოლის გვერდით). ცალ ხელში ახალი ლანგარი ეჭირა, მეორეში ჩანთა. შემოვიდა, გამიღიმა და ჩანთა კარის უკან დადო.
– საუზმისთვის ხელი არ გიხლიათ. – მითხრა მშვიდად და ლანგარი ტუმბოზე ჩამოდო. – თქვენებმა ტანსაცმელი გამოგიგზავნეს. – და ჩანთაზე მანიშნა.
„თქვენებმა“ – ეს სიტყვა ისე მოხვდა ყურს, რომ გამაჟრჟოლა. ესე იგი ტანსაცმელი გამომიგზავნეს. ანუ შეეგუენ იმას, რომ მე ამ ჯოჯხეთში უნდა მეცხოვრა. ყურები დამიგუბდა და გუგუნი დაიწყო. ერთადერთი იმედიც, რომ ვინმე მიშველიდა გაქრა.
– მე ნათია მქვია, თუ რამე დაგჭირდათ სამზარეულოში ვიქნები. – გამიღიმა, ძირს დადგმული დილანდელი ლანგარი აიღო და კარისკენ გაემართა. – ჯობია რამე ჭამოთ, თორემ ისედაც სუსტად ხართ. ძალა გჭირდებათ.
მომშიებოდა. ნათიას თბილმა სიტყვებმა თავისი გააკეთა და მადიანად შევექეცი ვახშამს.
ტანზე მოფარებულმა ადიელამ რომ შემაწუხა, ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე. მესიკვდილებოდა ამობარგება, თითქოს ამით უკანასკნელ იმედს ვიკლავდი, რომ სახლში დაბრუნებას შევძლებდი. ყველაფერი ჩაეწყოთ რაც მჭირდებოდა. ყოჩაღ დედაჩემო, არაფერი დაგვიწყებია. თითქმის ამოლაგებული მქონდა ჩანთა რაღაც ცივი და მძიმე რომ მომყვა ხელში. მთელი ტანით ვკანკალებდი და ლოგინზე ნაჭერში გახვეულ იარაღს თვალს არ ვაშორებდი. რა იყო ეს? რისთვის ჩამიდეს იარღი? რისი თქმა უნდოდათ ამით? მომეკლა და თავი დამეხსნა? შეუძლებელი იყო. იარაღი ისევ ნაჭერში გადავახვიე და ხელისკანკალით ტანსაცმლის უჯრის სიღრმეში შევინახე.
ლოგინში შევწექი და ემოციებისგან გადაღლილს ჩამეძინა.


****
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. სტრესის ბრალი იყო. თბილმა აბაზანამ მიშველა. კარებთან მივედი და სმენად ვიქეცი. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ოთახიდან ფრთხილად გამოვედი კიბეებით დაბლა დავეშვი. უამრავ ოთახში სამზარეულო ძლივს ვიპოვე პირველ სართულზე. ღიღინი ისმოდა, ნათია ღიღინებდა. ერთადერთი ნათელი წერტილი  ამ  გოროზ სახლში.
– გაიღვიძეთ უკვე? – შემომანათა დიდი თვალები – ჯერ რომ არ გამიმზადებია საუზმე?
– ერთად მოვამზადოთ – გავუღიმე, – და კიდევ, ძალიან გთხოვ თქვენობით ნუ მომმართავ. ამ სახლში სტუმრის სტატუსიც კი არ მაქვს, ხანდახან თავი ფეხისსაწმენდი ტილო მგონია.
– ბატონი ნიკა სულაც არ არის ცუდი ადამიანი, – უხერხულად შეიშმუშნა. – უბრალდ ძალიან ბევრის გადატანა მოუხდა.
– ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. გუშინ მივხვდი რომ მნიშვნელობა უკვე ბევრ რამეს აღარ აქვს. – თვალები ცრემლით ამევსო.
– ყველაფერი მოგვარდება. – თვითონაც აუცრემლიანდა თვალები და მომეხვია.
თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ავზლუქუნებულიყავი.
საუზმის მომზადებაში მივეხმარე, ერთად ვისაუზმეთ და ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. არც კი მჯეროდა. იმედის სხივი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ნათიას ჩემი ცხოვრების შესახებ ვუყვებოდი, ნაბიჯების ხმა რომ გავიგე და შეშინებული უკან მივბრუნდი. სამზარეულოს კარებში ნიკა იდგა. კინაღამ იქვე ჩავიკეცე. გულის წასვლამდე მეშინოდა მისი.
– ნათი, მგელივით მშია, მაჭამე რამე რა. – გავიგე ნიკას ზურგს უკან და სამზარეულოში ერთ-ერთი იმ ახმახთაგანი გამოჩნდა, ჩემს გვერდით რომ იჯდა მანქანაში.
ჩემს დანახვაზე ცოტა შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და მომესალმა.
– დილა მშვდობის, თინი! – შევკრთი, არც კი მეგონა ჩემი სახელი თუ იცოდა. დაბნეულობისგან ისიც ვერ მოვიფიქრე პასუხი გამეცა, ისევ ისე აწურული ვიდექი სამზარეულოს კარადასთან.
– ახლავე, ბატონო დიმა. – მდგომარეობიდან ნათიამ გამომიყვანა და გაზის ქურიკენ მიტრიალდა.
– ნათი, რამდენჯერ გითხარი ეგ ბატონო მოაშორე, თორე ხმას არ გაგცემ ცხოვრებაში-თქო? – წარბი ასწია. კარებში გახიდული ნიკა გვერდზე მისწია და ოთახში შემოალაჯა.
გასასვლელი განთავისუფლდა და სასწრაფოდ დავტოვე სამზარეულო, უკვე ისედაც სული მეხუთებოდა. გასვლისას ნიკასთან ძალიან ახლოს მომიწია ჩავლა, თითქმის საფეთქელზე ვიგრძენი მისი სუნთქვა. ღრმად სუნთქავდა.
– გემრიელად მიირთვით – ძლივს გასაგონად ჩავიბუტბიუტე გასვლისას.
კიბეზე სწრაფად ავირბინე. ბოლო საფეხურზე სულის მოსათქმელად შევჩერდი და  ნიკას ნათქვამი ფრაზა გავიგონე:
– საუზმე აუტანე?
– ერთად ვისაუზმეთ – ყურს მისწვდა ნათიას წკრიალა ხმაც.
მეტი ვერაფერი გავიგე. ოთახში შევედი და საღამომდე არ გამოვსულვარ იქიდან

                                                                              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები