ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (3)

ნიკა თითქმის სულ გასული იყო. ამ დროს სრული თავისუფლება მქონდა და ძირითადად ნათიასთან ერთად ვიყავი. საქმეში ვეხმარებოდი. როცა ნიკა სახლში იყო, ვცდილობდი ფეხაკრეფით მევლო, ზედმეტად არ გავჩხეროდი თვალში. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ არ მამცირებდა და შეურაცხყოფას არ მაყენებდა.
იმ დილას ადრე გამეღვიძა. სახლში სიჩუმე მეფობდა. ფანჯრიდან გავიხედე, ნიკას მანქანა კარებთან არ იდგა. ყოველ დილით მძღოლს გამოჰყავდა და ჭიშკართან აყენებდა. თუ მანქანა აღარ იდგა, ესე იგი პატრონი უკვე წასული გახლდათ. სწრაფად ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე. ნათია წასასვლელად ემზადებოდა და თან ვიშვიშებდა: „რაღა მეშველება, პროდუქტების საყიდლად წასვლა დამაგვიანდა და ალბათ მომზადებას ვეღარ მოვასწრებ. არა და მაიცდამაინც დღეს დიმაც უნდა მოვიდეს სადილადო“. შევთავაზე –  დაიბარე რა არის გასაკეთებელი და გავაკეთებ-მეთქი. ჩემი მხსნელი ხარო, მითითებები მომცა, ლოყაზე მაკოცა და სასწრაფოდ გავარდა სახლიდან. მეჩვენება თუ დიმას ხსენებაზე თვალები უბრწყინდება? კარგი გოგოა ნათია, ბედნიერებას იმსახურებს.
ბოსტნეულის დაჭრით ვიყავი გართული, ნაბიჯების ხმა რომ მომესმა.
– მოხვედი ნათი? – მისაღებში გავძახე. – მე ჯერ მისულიც არ... – სიტყვა შუაზე გამიწყდა სამზარეულოში შემოსული ნიკა რომ დავინახე და შიშისაგან უზრმაზარი ალესილი დანა თითზე გადავისვი.
გაჭრილი ხელი უკან წავიღე და ონკანთან შიშით ავიწურე. რამდენიმე წამს უსიტყვოდ მიყურა. გაჭრილი თითიდან წამოსულმა სისხლმა ფეხებთან პატარა გუბე დააყენა. მომიახლოვდა, უკან დამალულ ხელზე ხელი მომკიდა და მოშვებულ ონკანს შეუშვირა. მისკენ ზურგით აღმოვჩნდი შებრუნებული. მიუხედავად იმისა რომ წყალი ყინულივით ცივი იყო, ხელი მაინც მიხურდა. მის სუნთქვას ყელთან ვგრძნობდი და ერთიანად ვკანკალებდი.
– ჩემი გეშინია? – პირველად მომმართა, მას მერე, რაც პირველივე დღეს კაბა შემომახია და საცვლების ამარა დამტოვა. როგორ განსხვავდებოდა მაშინდელი ინტონაცია ამისგან. მაშინ შიშისგან ვერ ამოვიღე ხმა, ახლა მღელვარებისგან.
სისხლდენა არ წყდებოდა, ეტყობა ღრმა ჭრილობა იყო. ხელი არ გაუშვია, ისე წამიყვანა და სკამზე დამსვა. რომელიღაც უჯრიდან ბინტი, ბამბა და სადეზინფექციო საშუალება ამოიღო. ჭრლობა დამიმუშავა. ამეწვა. ვერ შევძელი ემოციის შეკავება და ამოვიკვნესე. დაიხარა და ჭრილობას სული შეუბერა. უარესი იყო. ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი კარებში ნათია რომ შემოკაკუნდა.
– აბა, რა ქენი, დიასახ... – სიტყვა შუაზე გაუწყდა, ჩემს წინ ჩამჯდარი ნიკა, რომ დაინახა. – უი, ბატონო ნიკა, ასე ადრე არ გელოდით. – არასდროს იბნევა ეს გოგო.
თითის გადახვევას მორჩა და ფეხზე წამოდგა, მე შურდულივით გავვარდი გარეთ. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ეზოში გავედი, ისე რომ არაფერი მომიცვამს და შუაგულ თოვლში გავწექი. შემეძლო დამეფიცა, რომ დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. რამდენი წუთი ვიწექი თოვლში არ დამითვლია. ერთიანად გაყინული შემოვედი სახლში და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავემართე.
– გაცივდები და ფილტვების ანთება დაგემართება. – მივიხედე, თავისი ოთახის კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი იდგა. გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ ისეთი მკაცრი და საშიში ქონდა.


****

გაქცევაც ვცადე.
არ გამომივიდა. უზარმაზარი ბეტონის გალავანიდან მაშინ ჩამომხსნა დაცვამ, როცა ზედ გაჭირვებით ავფოფხდი და თავი უკვე სამშვიდობოს მეგონა. მაშინვე ბატონ ნიკოლოზს დაურეკეს. ახლაც მახსოვს ჭიშკართან საბურავების  დამუხრუჭების საშინელი ხმა. ფანჯრიდან დავინახე, როგორ გადმოვიდა მანქანიდან და რა სისწრაფით წამოვიდა სახლისკენ. უკან დიმა მოსდევდა.
„ვაიმე თინი დაიმალე, დროზე დაიმალე, თორემ შემოაკვდები.“ – საკუთარ თავს ვუკიჟინებდი გონებაში, მაგრამ ადგილიდან განძრევას ვერ ვბედავდი.
ფეხის ხმა უკვე კიბეებზე ისმოდა. ოთახის კარი შემოგლიჯა და გაავებული სახით წამოვიდა ჩემსკენ. ძარღვებში სისხლი გამეყინა. არ ვიცი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ კარგი დღე რომ არ დამადგებოდა ამას ვხვდებოდი.
– ნიკა, გონს მოდი! – დაუყვირა დიმამ და ჩვენს შორის ჩადგა.
ერთი წამით შედგა და თვალები ცოტა დაუწყნარდა. დიმა გვერდზე გასწია და მომიახლოვდა:
– მომისმინე! კიდევ ერთხელ გაბედავ გაქცევაზე ფიქრსაც კი და ჩემი ხელით დაგახლი ტყვიას. და არა მარტო შენ. დაიმახსოვრე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მამაშენის ნაგავი სხეული ჯერ კიდევ ამძიმებს დედამიწას, ის არის რომ შენ აქ ხარ.
მამაჩემის ხსენებაზე მთელი სხეული ამიკანკალდა.
– ვერ ხვდები, რომ ეგ „ნაგავი“, როგორც შენ უწოდებ, შენს დას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და ახლა შენი ქცევებით მის ხსოვნას შეურაცხყოფ?! – დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მომიტრიალდა ენა ამის სათქმელად, როგორ გავბედე, მაგრამ მაშინ მეგონა რომ ამით ოჯახს ვიცავდი. რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც მამაჩემი იყო და სიგიჟემდე მიყვარდა.
როგორც კი სიტყვა დავასრულე, მაშინვე ვინანე. გააფთრებული ეცა იქვე მდგარ სკამს და მთელი ძალით შემოალეწა კარებს. არ ვიცი, ალბათ, მეც წიწლასავით წამაწყვეტდა კისერს, დიმა რომ არ მივარდნილიყო და ოთახიდან ძალით რომ არ გაეყვანა. კიდევ დიდი ხანი მესმოდა მტვრევისა და ლეწვის ხმა.
კარებთან ჩავიკეცე და ყურებზე ხელი ავიფარე. ვერ ვიტირე. უკვე დიდი ხანი იყო, რაც ცრემლი გამშრობოდა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ მეორედაც ვცადე გაქცევა.
ერთ დღეს სულ შემთხვევით ნიკას და დიმას საუბარს მოვკარი ყური.
– ნიკა რას აპირებ? არა მგონია ასე ადვილად დათმოს, რაც არ უნდა იყოს მისი შვილია.
– ნაბიჭვარი, ღია ომი წამოიწყო. – კბილებში გამოსცრა ნიკამ. – მაინც არაფერი გამოუვა. არ ვაპირებ უკან დახევას.
– ასეა თუ ისე, პრესაში მაინც გაჟონა. მოდი შეეშვი რა. გაუშვი ეს გოგოც. გული მიკვდება რომ ვუყურებ როგორ იზაფრება შენს ერთ შეხედვაზეც კი, ცოდოა.
ძლივს მივხვდი, რომ ლაპარაკი ჩემზე იყო.
– არა მგონია, პრესაში ამ ამბის გახმაურება, მის ინტერესებში შედიოდეს. მაშინ, მოუწევს ჩემი საქციელის მიზეზებზე ლაპარაკი. დამიჯერე, მე მეტი მაქვს სათქმელი. გამორიცხულია, საკუთარ იდეალური მეოჯახის რეპუტაციას, ეჭქვეშ არ დააყენებს.
– რამდენიმე ცნობისმოყვარე ჟურნალისტი უკვე ქექვას იწყებს ამ საქმეში.  მერე მნიშვნელობა აღარ ექნება ვინ მეტად დაზარალდება.
– ცოლად მოვიყვან. – მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა.  – პრესაც დაწყნარდება, მე კიდე ყველანაირი უფლება მექნება მასზე.
თავზარი დამეცა.
17 წლიდან ვიცოდი, რომ არასდროს გავთხოვდებდი. სწორედ ამ ასაკში გავიგე, რომ შვილი არ მეყოლებოდა. ძალიან განვიცადე. დედა ბავშვობიდან მინერგავდა, რომ ქალის მთავარი დანიშნულება ოჯახი და შვილები იყო. განაჩენივით ჟღერდა მაშინ ეს სიტვები ჩემთვის. უამრავი სპეციალისტი შემომატარეს მშობლებმა, ექსპერიმენტალური მკურნალობაც კი ვცადეთ მაგრამ უშედეგოდ. ბევრი ვიგლოვე. საბოლოოდ მაინც შევეგუე, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ არ გავთხოვდებოდი. არ მინდოდა თავი უსარგებლოდ მეგრძნო.
ახლა კი ჩემი დაოჯახების პერსპექტივამ დამზაფრა. გათხოვებას, როგორც შავ ჭირს, ისე გავურბოდი, მითუმეტეს ვისთან უნდა შემექმნა ოჯახი? ურჩხულთან? სწორედ მაშინ მქონდა მეორედ გაქცევის მცდელობა, უფრო წარმატებულიც. არა, საბოლოოდ თავის დახსნა ვერ მოვახერხე, მაგრამ ეზოს გავცდი. შუა ქუჩაში დამიჭირა ორმა ახმახმა და სახლში დამაბრუნა, მომავალ ქმართან. სიკვდილი მერჩივნა ახლა მასთან შეხვედრას. ჯერ კიდევ მწარედ მახსოვდა, ჩემს ოთახში დალეწილი ავეჯი. ღრმად ამოვისუნთქე და შევედი.
კაბინეტის ღია კარებიდან დავინახე ფანჯარასთან იდგა ჩემკენ ზურგით და ეზოს გაჰყურებდა. გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. არ მობრუნებულა.
– შენ გგონია ცოლად მომიყვან და ამით დამიმორჩილებ? ყველაფრის უფლება გექნება? – წამოვიწყე გაავებულმა. (საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა.)  – თავს მოვიკლავ და შენთან ერთად საკურთხეველთან არასდროს მივალ. მირჩევნია ჩემი ხელით გავიხვრიტო შუბლი, თუნდაც ერთი წუთით მაინც ვატარო შენი ცოლის სტატუსი.
მშვიდად შემობრუნდა. მაგიდასთან მივიდა და უჯრიდან იარაღი ამოიღო. წეღანდელი შემართება სადღაც გამიქრა. აუღელვებლად დადო იარაღი მაგიდაზე და ფანჯარასთან პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა. ერთიანად კანკალმა ამიტანა. მივხვდი, რომ ისევ დავმარცხდი. ნერვებმა მიმტყუნა. ეს იყო თამაში გამძლეობაზე და მე წავაგე.
– გასაგებია. – დავიწყე ლუღლუღი – აი, თურმე რა... მე თვითმკვლელობამდე მიმიყვან და მამაჩემთან ანგარიში გასწორებული გექნება. ამის მიღწევას ცდილობ? ასე გინდა ბოლო მოუღო არა? არ გამოგივა. ჩემი მშობლების თვალში მე ყველაზე ბედნიერი პატარძალი ვიქნები. გული მერევა, მაგრამ შენდამი სიყვარულს ვითამაშებ. – უკვე გაავებული ვყვიროდი.
ნელა შემოტრიალდა და ჩემსკენ წამოვიდა. ძალიან ახლოს მოვიდა.
– საკურთხეველთან შევხვდებით. – თითქმის ტუჩებით ეხებოდა ჩემი ყურის ბიბილოს.
ერთ ადგილზე გაშეშებულმა სუნთქვაც კი შევწყვიტე. თვითონ კი ძალიან მშვიდად დატოვა ოთახი.


****
დილით უსიამოვნო შეგრძებით გამეღვიძა. ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. თვალები ნელა გავახილე და შევცბი. ჩემს საწოლთან ჩამუხლული ნიკა პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
– გაემზადე. – ტონი არც ისე კატეგორიული ჰქონდა.
საწოლის თავს ავეკარი და საბანი კისრამდე ავიწიე. გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ ოთახში აღარ იყო. საწოლზე წამოვჯექი და ახლაღა შევამჩნიე ტუმბოზე დადებული ყუთი, რომელიც ლამაზი იისფერი ლენტით იყო შკრული. ზევიდან კიდევ ერთი პატარა კოლოფი ედო. ყუთები საწოლზე გადმოვდე და გავხსენი. ულამაზესი საღამოს კაბა ამოვიღე. გაოცებისგან ენა ჩამივარდა, მაგრამ მთავარი სიურპრიზი პატარა კოლოფში მელოდა. ნიშნობის ბეჭედი, უზარმაზარი ბრილიანტით. ცოტა წავუსტვინე კიდეც. დაუჯერებელი იყო ურჩხული საჩუქრებს მჩუქნიდა. ძალიან შეიფერა საქმროობა, ხომ იცი?! მაგრამ ვისგან რა მინდოდა, მე თვითონ არ ვყვიროდი გუშინ მთელ ხმაზე: შეყვარებული ქალის როლი იდეალურად უნდა ვითამაშო-თქო?
შოკიდან გამოსული ჯერ არ ვიყავი, ოთახში ნათია რომ  შემოვიდა.
– თინი დღეს ერთად მიდიხართ, შენ და ბატონი ნიკა. დაგიბარა 6 სათისთვის მზად იყოსო.
– რომელ საღამოზე მივდივართ, ხომ არ გაგიჟდა? მაგ ხესთან ერთად ფეხის გამდგმელი არ ვარ არსად.
– დღეს თქვენი ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებს და შენი იქ ყოფნა აუცილებელია.
– შენ საიდან იცი?
– დი... ბატონმა დიმამ მითხრა. – შეასწორა სასწრაფოდ და გაწითლდა.
– მაშინ ბატონ დიმიტრის და ბატონ ნიკოლზს გადაეცი, რომ ეგ სპექტაკლი უჩემოდ დადგან. მე არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.
ნათიამ უსიტყვოდ დამტოვა.
5 საათისთვის ეზოში მანქანის ხმა გავიგე და ცოტა ხანში ნიკა უკვე ჩემ ოთახში იდგა. ჯერ ისევ საშინაო ფორმაში რომ დამინახა, წარბიც არ შეუხრია ისე მითხრა – ნუ მაიძულებ ძალით ჩაგაცვაო და ოთახი დატოვა.
სხვა გზა არ მქონდა. კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმაც სადად დავივარცხნე. სარკეში საკუთარ თავს მე თვითონ შევუსტვინე. აი ბეჭდის გაკეთება, კი ვერაფრით ვაიძულე თავს და თავისი ყუთიანად „კლაჩში“ ჩავიდე. კიბეზე ჩასვლისას არ გამომპარვია დიმას და ნიკას შეცვლილი სახეები.
მანქანაში ჩაჯდომისას ნიკას მზერა დავიჭირე, რომელიც ამაოდ ეძებდა ჩემს თითზე ბეჭედს.
– ბეჭედი სად არის? – მკითხა ბოლოს.
უსიტყვოდ ამოვიღე კლაჩიდან კოლოფი და გავუწოდე. გამომართვა, გახსნა და ბეჭედი ამოიღო. ერთხანს ასე ეჭირა ხელში, მერე გადმოიხარა, ჩემს ხელს დასწვდა და თხელ თითზე ნაზად წამომაცვა.
– გცივა? – მკითხა, ისე რომ ჩემი ხელი ისევ თავის ტორებში ჰქონდა მოქცეული.
ხელები მართლაც გაყინული მქონდა და უნდა ვაღიარო, მსიამოვნებდა მისგან წამოსული სიმხურვალე, მაგრამ მღელვარებას ვერ გავუძელი და ხელი ფრთხილად გავინთავისუფლე.
დიმამ მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი და დავიძარით. მანქანიდან გადმოვედით თუ არა ფოტოაპარატების და ვიდეო კამერების შუქმა თვალი მომჭრა. გაუთავებლად ისმოდა ჩხაკუნი. თითქმის ყველა კადრში დაკვირვების მთავარი ობიექტი ჩემს თითზე წამოსკუპული უზარმაზარი ბრილიანტი იყო.
კინაღამ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა წელზე მისი ხელი რომ ვიგრძენი. გამიხურდა გვერდები. თავისკენ შემატრიალა და ყურთან ისე ახლოს დაიხარა, ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე კოცნას აპირებს-მეთქი.
– ცოტა უფრო ბუნებრივად ითამაშე ბედნიერება. – საკუთარი სიტყვები გამახსენა.
ნაძალადევად გავიღიმე. როგორც იქნა შევაღწიეთ დარბაზში. უზარმაზარ, გაჩახჩახებულ ოთახში უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ყურადღების ცენტრში მოვექეცით. ჯანდაბა, ვერ ვიტან გადაჭარბებულ ყურადღებას.
– ფურორი მოახდინე, თინი, – გადმომილაპარაკა დიმამ. – ყველას აინტერესებს ვინ არის ლამაზმანი, რომელმაც ნიკოლოზ წერეთელი ოჯახურ უღელში შეაბა.
ვერსდროს ვიტანდი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. უამრავი გამოწკეპილი ადამიანი მთელი საღამო ერთ დარბაზში დაბოდიალობდა და სტანდარტულად უაზრო თემებზე ლაპარაკობდა. ლამის ჩამომეძინა, ნიკას და დიმას ვეძებდი. სახლში წასვლა მინდოდა. მთავარი ფურორი უკვე მოვახდინეთ, ხვალ ყველა ჩვენს ნიშნობაზე ილაპარაკებდა და აქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.
ძლივს ვიპოვე საპირფარეშოსთან. ორივე ერთად იყო. ნიკას ვიღაც ტიპი, საკმაოდ უხეშად ელაპარაკებოდა:
– ცოლად მოგყავს იმ ახვარის ქალიშვილი? ხომ არ გაგიჟდი? – ზიზღით ლაპარაკობდა უცნობი. – საერთოდ სახლში როგორ შემოუშვი მაგ დამპალის ნაშიერი? – თავს ვეღარ აკონტროლებდა.
– ლუკა, ზედმეტი მოგდის. – სიმკაცრე ეტყობოდა ხმაში ნიკას.
– მე მომდის ზედმეტი? მეე? სატანას შენ იწვენ ლოგინში და კიდე მე მომდის ზედმეტი?
გაოგნებული ვუყურებდი ამ სცენას და ერთიანად ვკანკალებდი. პირველი დიმამ შემამჩნია. დიმას უხერხულ მზერას, რომ გადააწყდა ნიკაც შემოტრიალდა და ადგილზე გაშეშდა.
– ფურთხის ღირსიც კი არა ხართ, შენც და მთელი შენი მოდგმა – ახლა მე მომიტრიალდა უცნობი. სიძულვილი რომ კლავდეს, ალბათ მე იქვე მოვკვდებოდი, იმდენი ღვარძლი იგრძნობოდა ამ სიტყვებში.
უსიტყვოდ შევტრიალდი და წავედი. ჰაერი აღარ მყოფნიდა. აივანზე გავედი და ორივე ხელით მოაჯირს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. ვიგრძენი როგორ გამოვიდა აივანზე. არ მიმიხედავს, სიმხურვალით ვგრძნობდი. მთელ ზურგზე ცეცხლი მეკიდა. ასე მემართებოდა, როგორც კი ჩემს სიახლოვეს გამოჩნდებოდა.  ერთიანად ვკანკალებდი. პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა.
– სახლში წავიდეთ, თინი. – პირველად მომმართა სახელით. ჟრუანტელმა დამიარა. ალბათ შევეცოდე. განადგურებული ვიყავი. სულიერად გამოფიტული.
სახლში მისულს არც გამომიცვლია, ჩაცმული მივეგდე ლოგინზე და არ მახსოვს როდის გავითიშე.

                                                                            (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები