ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2016


ტყვე

წინათქმა
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს.
არ არსებობს ის მხარე სადაც მოქმედება ვითარდება. პერსონაჟები, ადგლმდებარეობა, რელიგიური მიმდინარეობა, ტრადიციები – მხოლოდ და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

პროლოგი
როგორც იქნა აქ ვარ...
რამდენი ხანი ვგეგმავდი ამ მოგზაურობას. ჯერ კიდევ რამდნიმე წლის წინ, როცა მხოლოდ ვოცნებობდი ცნობილი ბლოგერი გავმხდარიყავი, ვერც კი წარმოვიდგენდი რამდენად შეუცნობელია სამყარო. რამდენი ადგილია, რომელიც რუკაზეც კი არ არის დატანილი. პატარ-პატარა ცივილიზაციები, რომლებიც იმდენად გასხვავდება პროგრესული სამყაროსგან, მათთან ერთად თანაცხოვრებას ვერ ახერხებენ და საკუთარ ვიწრო ნაჭუჭში იკეტებიან. მათთვის პრიორიტეტული საკუთარი ტრადიციები და რელიგიური ღირებულებებია. იქ ჯერ კიდევ იყოფა საზოგადოება ფეოდალურ ფენებად. იქ ცხოვრების ერთადერთი კრედო – მორჩილებაა. მათივე შექმნილი ფსევდო-კანონების და ჩემთვის გაუგებარი სიწმინდის მორჩილება...
ბევრი ასეთი ადგილი მქონდა მონახულებული და ძირფესვიანად შესწავლილი. ბევრი ვიმოგზაურე. ბევრი აღმოვაჩინე და საკუთარი ცოდნა მკითხველებს გავუზიარე. დღეს ბევრმა იცის ვინ არის – ევა თრევერსი.
მაგრამ თითქმის არავინ მიცნობს მე...
ევა თრევერსი ჩემი ინტერნეტ-სივრცის ფსევდონიმია. ამ სახელით ვაქვეყნებ სიახლეებს საკუთარ ბლოგზე. მშობლებმაც ევა დამარქვეს, თრევერსი კი მე თვითონ შევირჩიე. რატომღაც ვიფიქრე რომ ზუსტად ერგებოდა ჩემ საქმიანობას. ჯერ კიდევ სტუდენტი, ოცნებებით სავსე გოგონა ვიყავი, ორიგინალობა მინდოდა. ვიფიქრე რომ ბლოგერს უბრალო გვარი, რომელიც შვილ-ზე ან ძე-ზე მთავრდებოდა არ მოუხდებოდა და გადავწყვიტე რამე არაქართული შემერჩია. მერე თითქოს შევისისხლხორცე და ახლა მე თვითონაც თავი თრევერსი მგონია.

თავი 1
როგორც იქნა აქ ვარ...
ვინ იცის უკვე მერამდენედ მაოცებს ეს ადგილი კავკასიის ჩრდილოეთით, რომლის სახელიც ალბათ არავინ იცის. აქ ზოგადად ვიზტორებსაც დიდად არ წყალობენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მათთან მხოლოდ ჭკუის სასწავლებლად და მათ შესაცვლელად ჩამოდიან.
ამას პირველივე დღიდან მივხვდი – მაშინ როცა, ქვეყანაში უბრალო სასტუმროც კი ვერ აღმოვაჩინე. არადა ვეძებე, თითქმის მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარე, მაგრამ ერთი პატარა, უბადრუკი დუქანიც კი ვერსად ვიპოვე, რომ ღამის გასათევი ადგილი მექირავებინა. ბოლოს სასოწარკვეთილმა და დაღლი-დაქანცულმა ქუჩაში გამვლელების გაჩერება დავიწყე. ამგვარი კომუნიკაციაც გამიჭირდა. ბევრი არც კი მელაპარაკებოდა, ვინც ცოტა კეთილგანწყობილი იყო, მათ არც რუსული ესმოდათ და არც ინგლისური. უკვე ყველაფრის იმედი დავკარგე, რომ ერთ გულისხმიერ ქალს გადავაწყდი. ჩემდასაბედნიეროდ რუსულიც ესმოდა. ამიხსნა რომ ამ ქალაქში, რომელიც მეგაპოლისი ნამდვილად არ იყო, სასტუმროს აშენების იდეა არავის მოსვლია თავში აზრად, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ აქ ტურისტები საერთოდ არ ჩამოდიოდნენ. პირად სტუმრებს კი სასტუმროში ცოცხალი თავით არავინ გაუშვებდა, ეს ოჯახის შეურაცხყოფად ითვლებოდა.
– ახლა რა ვქნა? – უკვე თითქმის სასოწარკევთამდე მისულმა ამოვიკვნესე.
– ჩემი სტუმარი იქნები. – ხელი დამავლო ქალმა, რომელსაც როგორც მერე გავიგე ამალი ერქვა.
მორჩილად გავყევი. ქართული გენი კი მეუბნენოდა რომ ცოტა თავი უნდა გამომედო და თავპატიჟი დამედო, ასე ერთ თქმაზე არ უნდა დავთანხმებოდი, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო და მორჩილად გავყევი უკან. ქალაქის არქიტექტურამ ჩამოსვლისთანავე გამაოცა – ქვით ნაშენმა და საოცარი ოსტატობით მოპირკეთებულმა ნაგებობემა. თითეულ სახლს რაღაც გუმბათოვანი ფორმა ჰქონდა და დიზაინი საოცრად ერწყმოდა მეზობელი სახლის დიზაინს. თითქოს ყველა სახლი ერთ არქიტექტორს ერთ დღეს დაეპროექტებინოს და იმავე დღეს აეშენებინოს. პატარა მაგრამ მყუდრო სახლში შემიყვანა. ქუჩიდან შემავალი კარი პირდაპირ საცხოვრებელ ოთახში შედიოდა, რომელსაც ალბათ მისაღების ფუნქციას ასრულებდა. კედლებზე ყველგან საოცარი ორნამენტების ხალიჩები იყო გაკრული. რამდენიმე ხალიჩა ოთახის კარის ფუნქციასაც ასრულებდა.
ჩაი შემომთავაზა. უარი არ მითქვამს. ან როგორ მეთქვა? მთელი დღის ხეტიალის მერე, ახლა აქ, ბალიშებისგან გაკეთებულ დაბალ საბრძანებელზე ფეხმორთხმით ვიჯექი და თავი სამოთხეში მეგონა. სიარულისგან გადაღლილს ყველა კუნთი მიფეთქავდა.
– რა გქვია? – საუბარი მასპინძელმა დაიწყო და მორიგი ტკბილეული გადმომიღო.
– ევა.
– აქ ვისთან ჩამოხვედი?
– თქვენთან. – მადლიერი და სათნო ღიმილით გავუღიმე.
დაბნეულ სახეზე შევატყე ვერ გამიგო.
– თქვენთან, ყველასთან. აქაურ მცხოვრებებთან და მათ ტრადიციეთან გასაცნობად ჩამოვედი. – დავუკონკრეტე.
წარბები მრავალმნიშვნელოვნად აწკიპა.
– აქ დიდად არ უყვართ ასეთი სტუმრები. საერთოდ უცხოელებს, სხვა რჯულის ხალხს არ წყალობენ.
– კი, მაგრამ მე მინდა თქვენზე მსოფლიოს მოვუყვე.
– არც ეგ უყვართ აქაურებს.
– რატომ? – გავიოცე და ჩაის ფინჯანი ლამბაქზე დავდგი.
– ძირითადად აქ ხალხი ჭკუის სასწავლებლად, ჩვენს გადასაკეთებლად ჩამოდის.
– კარგი, – უნებურად გამეღიმა. – რა არის ჩემში ისეთი, რაც შეიძლება აქაურებს არ მოეწონოთ. – ოდნავ წამოვიწიე და წელში გავსწორდი. – იმას გპირდებით, რომ არც ჭკუის სწავლებას დაგიწყებთ და არც თქვენ გადაკეთებას ვეცდები.
– სხეული არ გაქვთ დაფარული. – თვალები ოდნავ დახარა, თითქოს ეუხერხულა ჩემთვის შემოხედვა.
ტანზე დავიხედე. გახეხილი და ალაგ-ალაგ დახეული ჯინსი მეცვა, საიდანაც ამალის თვალით, ალბათ პიკანტურად მიჩანდა სხეულის ფრაგმენტები. წვრილბრეტელებიანი მაისურიც საერთოდ ვერ მიფარავდა მხრებს და მკერდის მაცდურ ხაზამდე ჩასული უცხო თვალს ალბათ გამომწვევიც მოეჩვენებოდა.
– ცხელა... – თავისმართლებასავით გამომივიდა და მაისური ოდნავ ზემოთ ავიქაჩე.
– არც მიკვირს. – ამალი იღიმოდა. – მზემ რომ არ შეგაწუხოს, მზეს უნდა დაემალო. მთელ სხეულს თუ დაანახებ – დაგწვავს. აქაური ქალები ოდითგანვე ასე იცავენ თავს მზისგან. – თავშალზე მანიშნა, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად ჰქონდა მოხვეული და სახლში შემოსვლისას მოიხსნა.
გამეღიმა მეც. ვხვდებოდი საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო.
მინახავს ქვეყნები, მხარეები, სადაც იქაურ მაცხოვრებლებს, უმეტესად კი ქალებს ტრადიციების და სარწმუნოების გავლენის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. მათი შემხედვარე დარწმუნებული ვიყავი, არჩევანის უფლება რომ ჰქონოდათ, აუცილებლად სხვანაირ ცხოვრებას აირჩევდნენ. ამალის რომ ვუყურებდი, აბსოლუტურად საპირისპირო შთაბეჭდილება მრჩებოდა. თავშალის ტარების ტრადიცია იმდენად დამაჯერებლად ამიხსნა, რომ მეც კი დამარწმუნა მის აუცილებლობაში. უნებურად წარმოვიდგინე, მართლა ასე მხრებმოშიშვლებულს რომ მევლო რამდენიმე დღე, ჩემი თეთრი კანი ჯერ როგორ შეწითლდებოდა და ბოლოს საშინლად აიქერცლებოდა. ჩემდაუნებურად დავეთანხმე რომ მეტისმეტად დაუფარავი მქონდა სხეული.
მომეწონა ამალისთან საუბარი. საკუთარ ქვეყანაზე და ტრადიციებზე მომიყვა. რელიგიაც კი განსხვავებული ჰქონდათ. მანამდე არცერთ სხვა მხარეში არ შევხვედრივარ ამ სარწმუნოებას. რაღაცით კერპთაყვანისმცემლობას მივამსგავსე. ქალაქში რამდენიმე წარმომავლობა (გვარი) ცხოვრობდა. ეს წარმომავლობები საზოგადოებრივ ფენებად იყოფოდნენ. იყვენე პატივსაცემი გვარები და ისინი ვინც მათ ემსახურებოდნენ. ქალაქში ასევე სხვადასხვა სალოცავები არსებობდა. ყველა წარმომავლობას თავისი სალოცავი და წმინდა ადგილი ჰქონდა. სალოცავები მათი ღირსება იყო.
ძალიან დამაინტერესა ამ სალოცავებმა, რომელიც მოსახლეობისგან მოშორებით, ქალაქის ირგვლივ განელაგებინათ. ჩემი მოგზაურობის პირველი მარშრუტიც დავგეგმე გონებაში – უნდა შემომევლო ყველა სალოცავი.
მეორე დილით ჩემი გულითადი მასპინძლის შემოთავაზებულ უგემრიელეს ჩაის შევექეცი და გეზი ქალაქის განაპირას სალოცავებსკენ ავიღე. ამალისთვის არ დამიკონკრეტებია საით მივდიოდი. მხოლოდ ის ვუთხარი ქალაქს დავათვალიერებ და რამდენიმე ფოტოს გადავიღებ-თქო. შევატყე ჩემი წამოწყებით აღფრთოვანებული არ იყო, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
თავზე ამალის ნაჩუქარი ულამაზესი თავშალი მოვიხვიე და თავგადასავლების საძიებლად წავედი. წინ საკმაოდ დიდი გზა მედო მთელი ქალაქი უნდა გადამეჭრა. სიცხე ყველაფერს ართულებდა. უნდა ვაღიარო ძალიან დავიღალე, თუმცა არ არსებობდა ძალა, რომელიც საკუთარ განზრახვაზე უარს მათქმევინებდა. ძლივს მივაგენი კულტურას, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემთვის აქამდე უკვე კარგად ნაცნობი ცივილიზაციებისგან.
მცხელოდა, მაგრამ ჯიუტად მივიწევდი წინ. ქალაქში ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობდა. მხოლოდ რამდენიმე ძვირადღირებულ ავტომობილს მოვკარი თვალი, ისიც იმდენად ჩამუქებული შუშებით, რომ სალონში მძღოლის დანახვაც კი ჭირდა. რამდენიმე სახედარიანი მამაკაციც შემხვდა, რომლებიც მგზავრებს ტვირთის გადატანას სთავაზობდნენ. ერთი-ორი სურათი მათაც გადავუღე, ისე რომ ყუადღება არ მიმიქცევია, მათი არცისე კეთილგანწყობილი მზერისთვის და ჩემი გზა განვაგრძე.
ერთ-ერთ მთაზე ასვლისას, სადაც ყველაზე დიდი და მასშტაბური სალოცავი იყო აღმართული, ყველანაირი დაღლა და შემაწუხებელი სიცხეც კი დამავიწყდა. შევცქეროდი უზარმაზრ ნაგებობას და მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კედლები ზეცამდე ადიოდა. ასეთი არქიტექტურა მანამდე არსად მენახა. წარმომედგინა რამხელა შრომა დასჭირდებოდა მათ აგებას.
სალოცავის შუაში უზარმაზარი ქანდაკება იყო წამომართული. ადამიანის ფორმა ჰქონდა. თავდახრილი იდგა. იდაყვში მოხრილი და მომუშტული ხელები წინ თავის სიმაღლეზე გაეჩერებინა. გამახსენდა ზუსტად ასეთივე პოზაში მდგომმა ამალიმ ლოცვის ბუტბუტი რომ დაიწყო, როცა დიქტოფონთან მოლაპარაკე დამინახა. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და სურათების გადაღება დავიწყე. იმდენად ვიყავი მოხიბლული სანახაობით, რომ ვერც შევამჩნიე, რამდენად მივუახლოვდი ქანდაკებას. ცოტა მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა ალბათ შევამჩნევდი ზღვარს, რომელიც არ უნდა გადამელახა. ყვავილებისგან გაკეთეული გაზონი რომელიც ქანდაკებას დაახლოებით სამი მეტრის რადიუსით შემოსაზღვროდა, უთუოდ ნიშანი იყო იმისა, რომ იმაზე ახლოს მისვლა ქანდაკებასთან არაფრით შეიძლებოდა. ცოტა უფრო დაკვირვებული რომ ვყოფილიყავი მივხვდებოდი, რომ ამ მთაზე, რომელიც ალბათ უდაბნოს უფრო მოგაგონებდათ, ყვავილი კი არა უბრალო სარეველა ბალახიც კი არსად ყვაოდა. ქანდაკების გარშემო კი ნამდვილი ოაზისი იყო. ასეთი მრავალფეროვანი ფლორა მანამდე არსად მენახა. სათითაო ყვავილს ვუღებდი ფოტოს. იმედი მქონდა მერე ინტერნეტში მათ დასახელებებსაც ვიპოვიდი.
ისე გავერთე ამ ყველაფრით რომ ვერც კი შევნიშნე როგორ მომიახლოვდა ხუთიოდე მამაკაცი. რომ მოვიხედე ხუთივეს ავტომატი შემოედო მხარზე და მიმიზნებდა. შემეშინდა... რა თქმა უნდა შემეშინდა.
ფრთხილად ჩამოვუშვი მომარჯვებული ფოტოაპარატი.
– მშვიდად... – წამოვიწყე რუსულად.
არცერთი ნაკვთი არ შერხევიათ.
– მე აქ ტურისტი ვარ. – ისევ განვაგრძობდი, ამჯერად ხელების მოვიშველიე, რომ უფრო დამაჯერებლად ამეხსნა. – მხოლოდ რამდენიმე სურათი გადავიღე და წავალ.
ისევ არ ინძრეოდნენ. დაბლა დავიხედე და მაშინღა გავაცნობიერე, რომ ეგრეთწოდებულ გაზონზე ვიდექი. თვითონ გაზონს მიღმა იდგნენე. მივხვდი რომ ჩემმა ასეთმა უბოდიშო პარპაშმა გააბრაზა ეს ხალხი. ხელით ვანიშნე მივხვდი-მეთქი და ნელ-ნელა დავიწყე გაზონიდან გადმოსვლა. იარაღის ლულებიც თან გამომყვა. ბოლო ნაბიჯიც გადმოვდგი და ახლა მეც ხრიოკ მიწაზე ვიდექი. ხუთივემ დასწია იარაღი და მეც შვებით ამოვისუნთქე.
– იცით?..ბოდიში მინდა მოგიხადოთ. არც მიფიქრია... არ მეგონა თუ... – ისევ განვაგრძობდი და ფოტოაპარატი კისერზე ჩამოვიკიდე.
მაგრამ სიტყვა შუაზე გამიწყდა, როცა ერთ-ერთი ჩემკენ დაიძრა და საკმაოდ უხეშად ჩამავლო ხელი მკლავში. იმდენად მეტკინა რომ წამოვიყვირე. მერე წელიდან თოკი მოიხსნა და მკლავებზე წამიჭირა. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი ხელებშეკრული. თოკის მეორე ბოლო წელზე შეიბა და იქვე მდგარი ცხენებისკენ დაიძრა. დანარჩენი ოთხიც უკან მიჰყვა და თოკი რომ დაიჭიმა უნებურად მეც გავყევი.
ხუთივე ცხენზე ამხედრებული რომ დავინახე გულისწასვლამდე შემეშინდა. რომელიღაც აღმოსავლური ფილმი გამახსენდა, სადაც დამნაშავე ცხენზე გამობმული მანამ ათრიეს, სანამ სული არ განუტევა იმ უბედურმა.
– რას შვებით? – ამოვიკნავლე და კინაღამ ავტირდი.
უკან არც კი მოუხედავთ ისე დაძრეს ცხენები. თვალები დავხუჭე და აღსასრულს დაველოდე. თოკი დაიქაჩა და მეც სვლა დავიწყე. ველოდებოდი, როდის აჩქარდებოდა სვლა და როდის...
რამდენიმე წუთი გავიდა, თუმცა ცხენი არავის გაუჭენებია. მოზომილი დინჯი ნაბიჯით მიუყვებოდნენ ცხენები ვიწრო ბილიკს. დაახლოებით ორი წუთი ველოდებოდი თვალდახუჭული აღსასრულს, მაგრამ ცხენების პროცესია ისევ მშვიდი სვლით მიიწევდა წინ. შიშმა ცოტა გადამიარა და თვალები გავახილე.
მთელი მთა გადამატარეს და ბოლოს ქალაქში ჩამოვედით. ქალაქშიც დიდხანს ვიარეთ. ფეხები დამიბუჟდა და კუნთები ტკივილისგან მიფეთქავდა. გადავიქანცე, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. რომც გამებედა, მაინც არავინ მომისმენდა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიარეთ. ბოლოს ქალაქის განაპირას ერთ მაღალ გალავანთან შევჩერდით. დაღლილობისგან ფეხები მომეკვეთა და მიწაზე ჩავჯექი. სამი მათგანი ჩამოქვეითდა და გალავნის კარებთან მივიდა. დაახლოებით ხუთი წუთი ელაპარაკნენ ალაყაფთან მდგარ მცველებს და ბოლოს გვერდით გადგნენ. ის კაცი რომელსაც ჩემი თოკი წელზე ჰქონდა შემოხვეული ნელა ჩამოვიდა ცხენიდან და თოკი დაქაჩა. უნებურად წამოვდექი და გალავნის კარებთან მივლასლასდი. ხელებიდან თოკი მომსხნენ და ახლა მკლავში ჩამავლეს ძლიერი ტორები. კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი უხეშად ჩამომხსნეს და ხელისკვრით მანიშნეს რომ წინ წავსულიყავი. ორმა მცველმა შემიყვანა გალავანს შიგნით და ეზოს გავლით ბნელ, უფანჯრო ოთახში შევედით. იქიდან ვიწრო დერეფანს გავუყევით და საბოლოოდ ერთ ვიწრო დილეგში შემაგდეს.
საკანს თვალი მოვავლე. საკმაოდ მაღალი კედლები ჰქონდა. ქვით იყო ნაშენი. ძალიან მაღლა, დაახლოებოთ სამ მეტრზე, პატარა, ვიწრო სარკმელიდან მზის სუსტი სხივები ძლივს აღწევდა. კედელთან ჩავჯექი და მუხლებზე ხელები შემოვიხვიე. ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა ბოლოდე რა მოხდა. იმას ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ჩავიდინე. რაღაცით გავანაწყენე ეს ხალხი. იმასაც ვხვდებოდი რომ აქ თავისმართლება უაზრობა იქნებოდა. უბრალოდ მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი, ვინმეს ვინც ჩემ ენას გაიგებდა. ჯერ კიდევ მჯეროდა რომ მათ უბრალოდ ვერ გამიგეს. რომ მოესმინათ აუცილებლად გამიშვებდნენ. ავუხსნიდი რომ მათი შეურაცხყოფა აზრადაც არ მომსვლია... ათას ბოდიშს მოვუხდიდი... პატიებას ვთხოვდი თითოეულ მათგანს... ოღონდ მოესმინათ... ოღონდ თავისმართლების საშუალება მოეცათ.
ვერც კი მივხვდი როდის წამომივიდა თვალებიდან ცრემლი. მუჭით მოვიწმინდე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. საკუთარი თავი შემეცოდა. რაღაც გაუგებრობის გულისთვის რომ ასე დამემართა. ამალი გამახსენდა. ნეტა რას იტყვის? რას იფიქრებს სახლში რომ არ დავბრუნდები? მომძებნის?
თავში ათასი ფიქრი მერეოდა...
ვერც მივხვდი როდის ჩამეძინა.
რკინის კარების ჭრიალმა გამაღვიძა. ფეხზე წამოვხტი და კედელს ავეკარი. დილეგში ერთ-ერთი მცველი შემოვიდა და გამიყვანა. ისევ ის ვიწრო დერეფანი გავიარეთ და გარეთ გამოსულს დღის სინათლემ თვალები მომჭრა. ხელები ავიფარე და მიწაზე ჩავჯექი. მცველმა უხეშად ჩამავლო მხრებში ხელი და წამომაყენა. ისევ ქალაქში გავიარეთ ფეხით. ამჯერად ხელები არ შეუკრავთ. დიდხანსაც არ გვივლია. დაახლოებით სამას მეტრში ისევ მაღალ გალავანთან შევჩერდით. ალაყაფი გაგვიღეს და ჩვენც შიგნით შევედით. საკმაოდ მოზრდილი ეზო გადავჭერით და ის იყო რამდენიმე საფეხური უნდა აგვევლო რომ ხალხში ამალი დავინახე. თითქოს ცა გაიხსნა და მზე ამოვიდა. ისეთი სტრესი მქონდა რომ ხმის ამოღებაც ვერ შევძელი. უბრალოდ ერთ ადგილს მიველურსმნე და ადგილიდან ვეღარ დავიძარი. ამალი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ და წყალი მომაწოდა. ჩემდაგასაკვირად მცველმა ამის უფლება მისცა.
– ამალი... – ესღა ამოვთქვი და სატირლად მომებრიცა ტუჩები.
– ჩშშ, წყალი დალიე. – სახე მომბანა.
– არ მინდოდა... ვერაფრით გავაგებინე... არ მინდოდა რამე ისეთი... – სათქმელს ვერ ვუყრიდი თავს.
– დამშვიდდი. – დედობრივ მზრუნველობას ვგრძნობდი მისგან. – იქ მისვლის უფლება არ გქონდა. თავიდანვე რომ გეთქვა სადაც მიდიოდი აგიხსნიდი.
– მე არ ვიცოდი, ამალი...
– ვიცი, ვიცი. ახლა შენი სასამართლო იქნება. მე რამდენიმე საჭირო ადამიანს ველაპარაკე... იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. – ბოლო სიტყვები არადამაჯერებლად წარმოთქვა და გული შემეკუმშა.
მეტის გაგრძელების საშუალება მცველმა არ მოგვცა. ხელი დამავლო და შენობაში შემიყვანა.
დიდ დარბაზში შევედი. მოპირდაპირე კედელთან ათიოდე მამაკაცი იყო გამწკრივებული. ბალიშების საბრძანებელზე ისხდნენ ფეხმორთხმით. მარჯვნივ სრულიად შავად შემოსილი სამი ხანშიშესული მამაკაცი ჩამჯდარიყო. მარცხნივ კი ხუთიოდე ახალგაზრდა, ჯერ ისევ უწვერულვაშო ყმაწვილი იჯდა.
მე იქვე კარებთან ჩამომსვევს და ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაიწყეს საუბარი. გაოგნებული ხან ერთს ვუყურებდი, ხან მეორეს. ვცდილობდი ხმის ტემბრით და ინტონაციით მაინც გამეგო საქმე კარგად იყო თუ ცუდად.
ამაოდ... მაინც ვერაფერს ვხვდებოდი.
ეს ყველაფერი დაახოლებით ერთ საათს გაგრძელდა. მათი საუბარიც მშვიდ ზუზუნად ჩამესმოდა. თითქოს ბედს დავმორჩილდი. თითქოს ჯერ არ გამოტანილ განაჩენსაც შევეგუე.
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა საუბარი თითქოს ცოტა დაიძაბა. დავიძაბე მეც. აღელვება მოპირდაპირე კედელთან მჯდომი მამაკაცის, რომელიც როგორც ვივარაუდე სტატუსით დანარჩენებზე მაღლა მდგომი უნდა ყოფილიყო, სიტყვებმა გამოიწვია. კიდევ ერთხანს იმსჯელეს. უმეტესობას აღშფოთება ეტყობოდა სახეზე. მშვიდად მხოლოდ თავად მღელვარების გამომწვევი იყო.
რამდენადაც იმ წუთას ჩემთვის შესაძლებელი იყო შევათვალიერე. მაღალი 30 წლამდე ბრგე ვაჟკაცი იყო. შავი თვალებითა და შავივე წვრით, რომელიც მის იერს სიმკაცრეს მატებდა. სრულიად შავებში იყო ჩაცმული. წელში გამართული იჯდა. ისედაც განიერი მხარ-ბეჭი კიდევ უფრო გაეშალა. მიუხედავდ გამოწვეული ხმაურისა, თვითონ ერთი ნაკვთიც არ უმოძრავებდა. დიდრონი შავი თვალები სივრცისთვის გაეშტერებინა – არავის უყურებდა. ალბათ დიდად არც მოკამათეების აზრი აინტერესებდა.
მოკამათეებიც ნელ-ნელა ჩაცხრნენ. პირველი მხარბეჭიანი წამოდგა. უნებურად მეც ავდექი. ვერ გეტყვით ასე რატომ მოვიქეცი. არავინ წამომდგარა. მხოლოდ მე და ის ვიდექით ფეხზე. როგორც ჩანს ჩემ წამოდგომას არავინ ელოდა. ისიც კი გაჩერდა რამდენიმე წამით. მე მცველი მომვარდა, მახრში ხელი ჩამავლო და ის იყო ისევ უნდა დავესვი, რომ მახრბეჭიანმა ხელი მაღლა აღმართა და მცველს რაღაც უთხრა. საკმაოდ მშვიდი, აუღელვებელი ტონი ჰქონდა, თუმცა მის სიტყვებში მეტისმეტი სიმტკიცე იგრძნობოდა.
მცველმა ხელი გამიშვა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა. მხარბეჭიანი ჩემთან მოვიდა და თავაზიანი ჟესტით კარებზე მიმანიშნა. ჯერ ისევ გაუაზრებლად ვმოქმედებდი. ასევე გაუაზრებლად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და კარში გავედი. თვითონაც უკან გამომყვა. გარეთ გამოსულმა იქვე მდგარი შავი მანქანისკენ წამიყვანა და უკანა კარი გამიღო. ასევე გაუცნობიერებლად ჩავჯექი მანქანაში და როგორც კი კარი მოიხურა მაშინ შემეშინდა.
გაგიკვიდებათ და მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად შემეშინდა სერიოზულად. შეიძლება ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აქამდე უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდი შექმნილი სიტუაციის მთელ სერიოზულობას. ახლა კი როცა საფრთხემ თითქოს გაიარა, მთელ სხეულში ვიგრძენი ცივი ტალღები. შიში ბრაზმა შეცვალა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ჩემთან ასე მოქცევის საშუალება რომ მივეცი. ბოლოს და ბოლოს რომელ ეპოქაში ვცხოვრობდით, რომ ასე უბრალოდ გავესამართლებინე არაფრის გამო. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. პირველ რიგში საკუთარ უმოქმედობას ვაპროტესტებდი.
– უკაცრავად! – მძღოლის გვერდით მჯდომ მხარბეჭიანს მივმართე.
არც კი მოუხედავს.
– ალბათ რუსული არ ესმის. – ჩემთვის ჩავიბუტვუტე და ახლა ინგლისურად ვცადე. – ლაპარაკობთ ინგლისურად? – თან ხმას მოვუმატე, იქნებ წინა ნათქვამი ვერ გაიგო-მეთქი.
არც ამჯერად შეუხრია წარბი. მხოლოდ მძღოლმა გამომხედა სარკეში და მაშინვე ამარიდა მზერა.
– ღმერთო ეს რა ქვეყანაში მოვხვდი? არცერთი საერთაშორისო ენა არ ესმით. არადა ამ მხარის წარჩინებული „ბატონი“ უნდა იყოს. აქ რა, ბატონიშვილებს სწავლითაც არ აწუხებენ? ნეტავ, ჩაიში რამდენი კოვზი შაქარი ჩაიყაროს მაგასაც მოსამსახურე უთვლის?
– არა, – მოულოდნელად მომიტრიალდა მხარბეჭიანი და გამართული ფრანგულით მითხრა, – ათამდე თვლას გვასწავლიან და მაგას მე თვითონ ვითვლი.
მოულოდნელობისგან შევცბი, მაგრამ მალევე მოვედი გონს.
– გმადლობთ ყურადღება რომ მომაქციეთ. მე ევა მქვია.
– ვიცი. – ისევ პირდაპირ იყურებოდა.
– თქვენ?..
– სიდი.
– სასიამოვნოა ბატონო სიდი. სად მივდივართ?
– სახლში.
– ვის სახლში?
აღარ მიპასუხა. რამდენჯერმე ვცადე საუბარში კვლავ ამეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა და ბოლოს მეც გავჩუმდი. უკვე მშვიდად ველოდი მოვლენების განვითარებას. ის რომ სახლში მივდიოდით და არა რომელიმე ციხეში ან დილეგში, უკვე მამშვიდებდა.
ავტომობილი უზარმაზარი ქვის გალავანთან გაჩერდა. რკინის ალაყაფის კართან ორი ახმახი იდგა. წამით შემეშინდა – ვიფიქრე რომ ისევ ციხეში დავბრუნდით, მაგრამ ეზოში შევედით თუ არა დავმშვიდდი. საცხოვრებელ სახლს ჰგავდა. უფრო სწორად სასახლეს. რამდენიმესართულიანი ნაგებობა იყო. საკმაოდ შთამბეჭდავი არქიტექტურით. სურათის გადაღება მომინდა და უნებურად ჩემი ფოტოაპარატი გამახსენდა.
ეზოში დიდხანს არ გავჩერებულვართ. როგორც კი შევედით წინ ახალგაზრდა ერთიანად შეფუთული ქალი შემოგვეგეგება. მარტო სახე და ხელის მტევნები უჩანდა, სხვა ყველაფერი ატლასის სამოსით ჰქონდა დაფარული. ჩემმა მასპინძელმა რაღაც უთხრა. ქალი ცოტა შეყომანდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. მერე უნდობლად შეხედა მხარბეჭიანს და ნაბიჯის გადადგმა ვერ გაებედა. ჩემმა გამყოლმა ისევ გაუმეორა ნათქვამი, ამჯერად ცოტა მკაცრად. ქალმა თავი დამიკრა და მანიშნა გამომყევიო.
გაუბედავად გავყევი უკან. ქვის კიბეები ავიარეთ და თუ სწორად დავთვალე მესამე სართულზე შევჩერდით. რამოდენიმე კარიდან ერთ-ერთი გააღო და ოთახში შემატარა. შევედი. თვითონ არ შემომყოლია. თავი დამიკრა და კარი გაიხურა.
შუა ოთახში ვიდექი გაოგნებული და რა უნდა მექნა ვერ ვხვდებოდი. საკუთარი თავის მიკვირდა. ვერაფრით ვხვდებოდი რატომ ვემორჩილებოდი ეს ორი დღე ვიღაცის ბრძანებებს. ან ამ ხალხს რატომ ვუხრიდი თავს. რატომ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ მაშინ როცა არაფერი დამეშავებინა. ან ამ კაცს რა უნდოდა ჩემგან. თუ იმ ხალხისგან დამიხსნა და თავის სახლში უბრალოდ ღამის გასათევად მომიყვანა – რატომ არ მელაპარაკებოდა. ამალისგან ვიცოდი, რომ აქ სტუმრებს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. თუ ამ მხარბეჭიანის სტუმარი ვიყავი, ცოტა მეტ თავაზიანობას ველოდი. მოკლედ ფიქრები თავში ბუზებივით მერეოდა და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ბოლოს გადავწყვიტე უბრალოდ გავსულიყავი და ყველაფერი პირდაპირ მეკითხა. ბოლოს და ბოლოს ვიმსახურებდი კითხვებზე ნორმალურ პასუხებს.
კართან მტკიცე ნაბიჯით მივედი და სახელური ჩამოვწიე. გავაღე კიდეც და ზღურბლზე მდგარი ამალი დავინახე. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა მისი დანახვა. ორივე ხელი შემოვხვიე და ვერც კი მივხვდი ისე ავტირდი. ამალიმაც ჩამიკრა გულში და ოთახის სიღრმისკენ წამიყვანა. საწოლზე ჩამოვჯექით. მოთმინებით მელოდა როდის მოვრჩებოდი ტირილს. დროდადრო თავზე ხელს მისვამდა და მამშვიდებდა. ნელ-ნელა დავმშვიდდი და სლუკუნს მოვრჩი.
– ამალი... რა უნდათ ჩემგან? ვერაფერი გამიგია. ვინ არის ეს კაცი?
– ეს კაცი ბატონი სიდია.
– ჰო, სახელი ვიცი უკვე. – ლოყაზე შერჩენილი ცრემლი მოვიწმინდე და საწოლზე გავსწორდი.
– იმ დღეს რომ გეთქვა სად მიდიოდი არაფრით გაგიშვებდი.
– რა ვიცი... არც მიფიქრია... ბოლოს და ბოლოს რა ადგილია ასეთი? ან რა მომაკვდინებელი ცოდვა ჩავიდინე? ორი დღეა თავი ტერორისტი მგონია.
– აქაურებისთვის და ბატონის სიდის წარმომავლობისთვის მართლა მომაკვდინებელი ცოდვაა. გაგიმართლა ცოცხალი რომ ხარ.
– რას ამბობ ამალი? როდის იყო ფოტოების გადაღებისთვის ხალხს კლავდნენ? ეს რა ქვეყანაა...
– მხოლოდ ფოტოებში არაა საქმე. შენ მათი წმინდა ადგილი შეურაცხყავი.
– რას ჰქვია შეურაცვხყავი? რა გავაკეთე ასეთი?
– ის სალოცავი სადაც შენ იყავი იმ დღეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა. ქანდაკების გარშემო შემოსაზღვრული ადგილი არ დაგინახავს?
– კი როგორ არა, მაგრამ რას ვიფიქრებდი...
– იმ ადგილზე ფეხის დადგმის უფლება არავისა აქვს. ეს აქაურებმა კარგად იციან. შენ შენი საქციელით კი სიწმინდე შებილწე. ეს კი აქაური კანონით სიკვდილით ისჯება. – ბოლო სიტყვები თავდახრილმა წარმოთქვა?
– რას ჰქვია სიკვდილით... – წინადადება ვეღარ დავასრულე. ვიგრძენი როგორ მომაწვა ყელში ბურთი.
– შენი დაჭერის ამბავი რომ გავიგე თავზარი დამეცა. ევა, ჩემი სტუმარი იყავი და შენზე პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა. არავის მივცემდი უფლებას ჩემი სტუმარი სიკვდილით დაესაჯათ. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ შენი შველა არც ისე ადვილი იქნებოდა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე ბატონ სიდისთან მივედი და მუხლებში ჩავუვარდი. ვიცოდი შენი სასამართლოს მთავარი მსაჯული იქნებოდა. ბატონი სიდი ჩემგან დავალებულია და უარი ვერ მითხრა. დამამშვიდა – შევეცდები რამე მოვახერხოო. ბატონი სიდის სიტყვის მჯეროდა, მაგრამ უზენაესი კანონების წინაშე ისიც კი უძლურია. ბოლომდე მაინც ვერ დავმშვიდდი. მთელი ღამე ვლოცულობდი შენთვის. იმ სალოცავს, სადაც შენ დაგიჭირეს ძღვენიც კი მივართვი რომ შენი დანაშაული გამომესყიდა. იქაც ბევრი ვილოცე და საბოლოოდ შეისმინეს ჩემი ვედრება და სიკვდილს გადაურჩი.
– და აი ასე უბრალოდ გამომიშვეს? მხოლოდ იმიტომ რომ სალოცავს ძღვენი მიართვი? აქამდე ეთხოვათ და ყველაფერს შევწირავდი რაც გამაჩნდა. ნერვები რაღას დამაწყვიტეს? მთელი ღამე რაღაც ნესტიან სროში გავატარე.
– შენ არაფერი გესმის. მარტო ძღვენის სანაცვლოდ არავინ გამოგიშვებდა.
– აბა?
– ბატონ სიდის უნდა უმადლოდე. მან გიხსნა.
– ასეთი რა გააკეთა? შემიწყალა?
– ევა... – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია ამალიმ. თავისი „კუმირის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ მოსწონდა. – ეს სახუმარო თემა არაა. იმ სალოცავთან ფეხის დადგმის უფლება არავისა აქვს გარდა... – ცოტა შეყოყმანდა.
– გარდა?.. – შევეცადე გამემხნევებინა.
– გარდა წარმომავლობის წინამძღოლისა და მისი ცოლისა. – თქვა და ინტერესით შემომხედა. ჩემი რეაქცია აინტერესებდა.
– მერე... – მაინც ვერაფერს მივხვდი.
– ბატონი სიდი ამ წარმომავლობის წინამძღოლია და შენ...
– რა მე?..
– შენ თუ ცოლად მოგიყვანს სალოცავის წაბილწვად აღარ ჩაითვლება.
– რა... – ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი გონზე.
– სასამართლოზე ვალდებულება აიღო რომ ცოლად მოგიყვანდა და ამით ცოდვაც მოგეტევება. – უფრო დამიკონკრეტა.
– ვინ მომიყვანს ცოლად? – უკვე სულელურ კითხვებს ვსვამდი. ვერაფრით ვუშვებდი გონებამდე იმ აზრს რომ თავის გადასარჩენად ვიღაც ველური ურჯულოს ცოლი უნდა გავმხდარიყავი.
– ვინ და ბატონი სიდი.
დაახლოებით ორი წუთი ვიყავი ჩუმად და ამალის პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. ჯერ კიდევ მჯეროდა რომ აი ახლა ხმამაღლა გადაიხარხარებდა და მეტყოდა რომ ტურისტებისთვის დაგებულ სულელურ მახეში გავები და ეს ყველაფერი უბრალო ხუმრობა იყო. ველოდებოდი რომ...
– თქვენ სულ გაგიჟდით ხომ? – უეცრად ვიფეთქე. – რა სალოცავი... რა შეურაცხყოფა... რა ქორწილი? საერთოდ რა უფლებით მოითხოვთ ჩემგან რამეს? რომელი საუკუნეა? რა სიბნელეში ცხოვრობთ ხალხო, ცოტა თვალები გაახილეთ! თქვენ ყველას ჯანდაბამდე გზა გქონიათ ბატონიან მონებიანა, მე კი არ მოგცემთ ჩემი ცხოვრების დანგრევის უფლებას. რა უფლება გაქვთ? საერთოდ ვინ ხართ? მეყო რაც გელოლიავეთ. არცერთი წუთით აღარ დავრჩები აქ. მივდივარ აქედან, მაგრამ იცოდეთ რომ ამ საზღვრების იქით სამყაროა და დროა ყურები გამოიფხიკოთ, თორემ დაიღუპებით. ცივილიზაცია იცით საერთოდ რას ნიშნავს? – უკვე ფეხზე წამომხტარი გავყვიროდი.
ამალი ჩუმად მისმენდა.
– მორჩა! მეყო რაც გამასულელეთ. აქ ერთ წუთსაც აღარ დავრჩები. იმ ორ აყლაყუდას უთხარი ჩემი ფოტოაპარატი დამიბრუნონ და ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს განუვითარებელ სამყოფელში.
გაავებული ვეცი კარებს და მთელი ძალით გამოვგლიჯე. კიბეს სირბილით ჩავუყევი და ალაყაფის კარს ვეცი. გამოვაღე, მაგრამ წინ მცველები გადამიდგნენ.
– გამატარეთ! – შევეცადე ჩემ წინ ასვეტილი ორი გოლიათი როგორმე გვერდზე გამეწია, მაგრამ ამაოდ. – გამიშვით! ვის ვეუბნები? ამალი... – იმ წუთას კარებთან მოსულ ამალის მივუბრუნდი. – ამათ უთხარი გამატარონ თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
– არ გაგიშვებენ. – ნაღვლიანად მითხრა ამალიმ. – არაფრის დიდებით არ გაგიშვებენ. ნაბრძანები აქვთ.
– კი მაგრამ... – ხელები უღონოდ ჩამომიცვივდა. – რა უფლება აქვთ...
ამალიმ არაფერი მიპასუხა. მხოლოდ ხელი მომხვია მხრებზე და ნელი ნაბიჯით ისევ სახლისკენ წამიყვანა. მოვეშვი, თითქოს დავნებდი. ჩემი თავის მიკვირდა მაგრამ მორჩილად ავყევი კიბეებზე და ისევ ოთახში შევედით.
– ევა, შენ არ გესმის. არ გესმის ამ საქმის მთელი სიმძიმე. შენ რეალურად სიკვდილს გადაურჩი. დამერწმუნე ისე გამოგიტანდნენ და აღასრულებდნენ სასიკვდილო განაჩენს რომ ხელიც კი არ აუკანკალდებოდათ. ეს აქ კანონზომიერებაა. ყველა შეცოდებაზე პასუხი უნდა აგო.
– კი მაგრამ... მე ხომ ასეთი არაფერი დამიშავებია.
– შენ აქაურების ღირსებას შეეხე. ღირსება კი ძალიან ძვირად ფასობს.
– ანუ, ახლა მე ბატონი სიდის უსაზღვროდ მადლიერი უნდა ვიყო და ბედის საჩუქრად უნდა ვთვლიდე რომ პატივი დამდო და ცოლად მივყავარ? – საწოლზე ჩამოვჯექი და იდაყვებით მუხლისთავებს დავეყრდენი.
– ბატონი სიდი ძალიან კარგი ადამიანია...
მეტი აღარაფერი მითქვამს. ამ ყველაფრის გადახარშვა ისედაც მიჭირდა. შექმნილი სიტუაციის მთელ აბსურდულობას ჭკუიდან გადავყავდი. თუმცა ახლა სხვა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავი. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა ყოფილიყო, უნდა გავთხოვილიყავი.
ამალი კიდევ რამდენიმე ხანს დარჩა ჩემთან, თუმცა მეტი აღარაფერი უთქვამს. საღამოს კი ჩემი ტანსაცმელი გამომიგზავნა.
ოთახში მარტო დარჩენილი ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი. ყველაფერი ავწონ-დავწონე. იმაში უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ აქედან თავს ასე ადვილად ვერ დავაღწევდი.
რა არჩევანი მქონდა?
დავთანხმებოდი ამ აბსურდულ ქორწინებას. მეცხოვრა აქ მცირე ხანი, მერე გავშორებოდი, გავმგზავრებულიყავი აქედან და ამ დაწყევლილი ადგილის არსებობაც კი დამევიწყებინა. ან სასტიკი უარი მეთქვა „უზენაესი“ ბატონის ცოლობაზე და... აქ მივხვდი რომ უბრალოდ არჩევანი არ მქონდა. ისევ პირველი და ერთადერთი ვარიანტი უნდა ამერჩია. ამ სიტუაციაში ყველაზე გონიერი არჩევანი მორჩილება იყო. მორჩილება რომელიც ასე მიუღებელი იყო ჩემთვის ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ. ახლა უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდა. მათივე წესებით უნდა მეთამაშა რომ მცირეოდენი ნდობა მაინც მომეპოვებინა და ამ სულისშემხუთველ სამყაროში მათთან ერთად თანაცხოვრება შემძლებოდა. იმედი მქონდა რომ ეს არც ისე დიდ ხანს გაგრძელდებოდა და მალე შევძლებდი აქედან თავის დაღწევას.
შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო. ფიქრისგან თავი მისკდებოდა. კარებთან მივედი და ოთახიდან გამოვედი სუფთა ჰაერი რომ ჩამეყლაპა. უკვე სული მეხუთებოდა. ოთახს წინ საკმაოდ დიდი აივანი ჰქონდა. მოაჯირს მივუახლოვდი და ეზოს გადავხედე. მშვიდი ძილით ეძინა მთელ სახლს და ქალაქსაც. სახლს მაღალი გალავანი ჰქონდა შემორტყმული. ისეთი რომ უკითხავად ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა. გალავანი საკმაოდ სქელი იყო. ისე რომ მასზე ვიწრო ბილიკიც კი იყო განთავსებული. ალაგ-ალაგ გალავანი ფართოვდებოდა და პატარა ოთხკუთხა სივრცეს ქმნიდა სადაც სამი-ოთხი კაცი თავისუფლად დაეტეოდა. შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ეს სასახლე ერთ დროს საბრძოლო მიზნით იყო აგებული. გალავნის თავზე სილუეტი შევამჩნიე. ჩემკენ ზურგით იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა.
ვერ გეტყვით ჩემი მზერა იგრძნო თუ შემთხვევითობა იყო, მაგრამ სილუეტი შემობრუნდა. ბატონი სიდი გახლდათ. როგორც ჩანს იმ ღამით ჩემ მომავალ მეუღლესაც არ ეკარებოდა ძილი.
ნელი ნაბიჯით დაიძრა და ჩემკენ წამოვიდა. არ გავნძრეულვარ, მოთმინებით ველოდი როდის მომიახლოვდებოდა.
– რატომ არ გძინავთ ბატონო სიდი? – მეც არ ვიცი რატომ ვკითხე. ზედმეტი ირონია იგრძნობოდა ჩემ ხმაში.
– სიდი დამიძახე. – საოცრად მშვიდი იყო.
– რატომ? – ვხვდებოდი ნელ-ნელა როგორ მივლიდა სიბრაზე. – აქ მეუღლეს ბატონობით არ მიმართავენ? ცოლის მფარველად და ბატონ-პატრონად არ ითვლება? წესით ახლა თქვენს ნაკვალევს არ უნდა ვკოცნიდე და ღმერთს ათას მადლობას არ უნდა ვწირავდე რომ პატივი დამდეთ თქვენი ცოლობის ღირსი გამხადეთ? – ნელ-ნელა ხმას ვუწევდი.
არაფერი მიპასუხა. იდგა აივანზე და ქალაქს გაჰყურებდა.
– თქვენ რა ადამიანები ხართ? თქვენთვის ქორწინება მოვალეობაა, მორჩილებაა, ვალდებულებაა. ჩემთვის კი... ჩემთვის ქორწინება სიყვარულია. რა უფლება გაქვთ მაიძულოთ.
– მე არაფერს გაიძულებ. – არ შემობრუნებულა ისე მითხრა.
– როგორ არა. არჩევანის უფლებას მაძლევთ სადაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვარიანტია. თქვენ არჩევანში ასარჩევი არაფერია.
– ევა ვწუხვარ. – პირველად მომმართა სახელით და ჩემკენ შემობრუნდა. – უბრალოდ სხვა გამოსავალი მეც არ მაქვს. ეს ერთადერთი გზაა...
– გამიშვი... – უნებურად წამომცდა ფრაზა რაც ამ სახლში მოხვედრის წუთიდან მიტრიალებდა თავში. ამიტომ ვიყავი ჯერ კიდევ ასე მშვიდად. იმედი მქონდა... იმედი მქონდა რომ გამიშვებდა. იმედი მქონდა რომ გამიგებდა, მიხვდებოდა სიტუაციის მთელ აბსურდულობას და თავისი ნებით გამიშვებდა... მომეხმარებოდა რომ შეუმჩნევლად წავსულიყავი აქედან. ვერ გეტყვით რატომ მქონდა ამის იმედი, საერთოდ რატომ მქონდა მისი იმედი... მაგრამ მეგონა.
მიყურებდა... ერთხანს ჩუმად. მერე უმწეოდ აიჩეჩა მხრები და დამნაშავესავით გამიღიმა.
– ეს არც ისე ადვილია... მე ვალდებულება ავიღე... მოვალე ვარ... თუ არადა...
– თუ არადა მომკლავენ?
ისევ არაფერი მიპასუხა. ამჯერად აღარც კი მიყურებდა. შებრუნდა და ისევ ქალაქს გადაავლო თვალი.
– რომ გავიქცე? რომ მოვახერხო და ხვალ აქ აღარ ვიყო?
– ვერ გაიქცევი. მაინც გიპოვნიან. საკუთარ ქვეყანაშიც... საკუთარ ქალაქშიც... საკუთარ სახლშიც კი გიპოვნიან და...
– რატომ მეხმარები? – შევაწყვეტინე. ზედმეტად რთული იყო იმის გაცნობიერება რომ საკუთარ სახლშიც კი არ შემეძლო მშვიდად ყოფნა. ჯერ კიდევ მჯეროდა რომ თუ ამ ქალაქიდან და ქვეყნიდან გავაღწევდი აღარაფერი დამემუქრებოდა. ახლა ამაზე ფიქრი არ მინდოდა... ამას ბოლო იმედად ვიტოვებდი.
კვლავ არაფერი მიპასუხა.
– ამალის რომ არ ეთხოვა, მაინც აიღებდი ამ ვალდებულებას? მაინც შეიწუხებდი თავს?
ისევ ეს აუტანელი დუმილი.
– სიდი... – ვერც კი მივხვდი როდის მოვაშორე მის სახელს ბატონი.
– დაიძინე გვიანია უკვე. – ისევ შებრუნდა. – ხვალ ქორწილია, დასვენება არ გაწყენდა.
უნებურად სუნთქვა შემეკრა. ასე მალე არ ველოდი ქორწილს. ჯერ ამ აზრთან შეგუებულიც არ ვიყავი. არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. ამისთვის მზად ჯერ ნამდვილად არ ვიყავი. ერთადერთი რაც მოვახერხე, შევბრუნდი და ოთახში შევედი.

თავი 2
დღეს ჩემი ქორწილია – გაღვიძებისთანავე პირველივე ეს მომივიდა თავში აზრად.
დღეს ჩემი ქორწილია – ვინ იცის მერამდენედ ვიმეორებდი გონებაში.
ცოლად მივყვები ადამიანს, რომლის მხოლოდ სახელი ვიცი.
22 წლის ასაკში უკვე ცხოვრებას ვამთავრებ.
რამდენჯერმე გაქცევაზეც ვიფიქრე. მერე მივხვდი რომ შეუძლებელი იქნებოდა.
საწოლზე წამოვჯექი და დაკუჭულ ტანსაცმელზე დავიხედე. ღამე ჩაცმულს მეძინა. დაძინებას საერთოდ არც ვაპირებდი. ემოციებისგან შინაგანად ვდუღდი. მაგრამ ეტყობა გვიან მაინც წამართვა ძილმა თავი.
დილით ჩემს ოთახში დაახლოებით ჩემი ტოლი გოგონა შემოვიდა.
– მე მიდა მქვია. – კეთილგანწყობილი ღიმილით გამომიწოდა ხელი.
– ევა. – საკუთარი ხელი შევაგებე.
– ვიცი, დღეს ჩემი ძმის ცოლი ხდები.
გამიკვირდა. იმდენად უშუალო და გულღია მომეჩვენა, რომ ვერაფრით ვიფიქრებდი თუ ბატონის და იქნებოდა. შინამოსამსახურე მეგონა.
კარგად შევათვალიერე. საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო. თეთრი პირისახით და კუპრივით შავი დიდრონი თვალებით. სწორი და ლამაზი ცხვირით. რაღაცით ჰგავდა ძმას. შავი ტანსაცმლის მიღმაც ეტყობოდა საკმაოდ ნაზი და ქალური სხეული. თავზე თხელი შავი ნაჭერი წაეკრა, ისე რომ თმებს მხოლოდ სანახევროდ უფარავდა. მიუხედავად თბილი და კეთილგანწყობილი გამომეტყველებისა, თვალებში მაინც მწუხარება შევამჩნიე. თითქოს დიდრონი შავი თვალები მუდმივად აწყლიანებული ჰქონდა.
– შენს დასახმარბლად გამომიშვეს. – ისევ შემომცინა და ხელზე გადაკიდებული ნაჭრების გროვა საწოლზე დადო.
– ვინ გამოგიშვა? – მეც არ ვიცი რატომ ვკითხე.
– ძმამ. – მომეჩვენა რომ ეშმაკურად გამომხედა მხარსუკნიდან. – ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი. არავის ეგონა სიდი როდისმე ცოლს თუ კიდევ მოიყვანდა.
– კიდევ? – გამიკვირდა.
– ჰო... – ნაჩქარევად მიპასუხა და სახე შეეცვალა. – დედა და მამა მოულოდნელობისგან გაოგნდნენ. – მივხვდი საუბარი სხვა თემაზე განგებ გადაიტანა და არც მე ჩავძიებივარ. – როგორც კი ცოტა დალაგდება ყველაფერი მჯერა ჩვენ ოჯახსაც კარგად შეეგუები. ყველაზე მეტად მე გამიხარდა. – გულწრფელი ღიმილით მიღიმოდა. – აი ეს ჩაიცვი. – ჩემკენ შემოტრილადა. ხელში ზემოთხსენებული ნაჭრების გროვა ეჭირა, როგორც აღმოჩნდა კაბა ყოფილა.
– ეს რა არის? – ჩაცმას ვერ ვბედავდი და კითხვებით დროის გაწელას ვცდილობდი. მეჩვენებოდა ეს კაბა რომ ჩამეცვა ვეღარასოდეს გავიხდიდი. მეგონა სუნთქვას ვერ შევძლებდი... მეგონა დამახრჩობდა.
მიმიხვდა და კაბა ნელა დააბრუნა საწოლზე.
– ცოტა მოგვიანებით შემოვალ. მოძღვრის მოსვლამდე დრო კდევ გვაქვს. შენც ცოტათი შეეგუები – ასე მეგონა ჩემ ყველა ემოციას გრძნობდა.
უკვე მარტო ვიყავი ოთახში და ვცდილობდი მეტნაკლებად რაციონალურად განმესაჯა შექმნილი ვითარება. იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ნაბიჯის გადადგმა უპირობოდ მომიწევდა. სხვა გამოსავალი არ მქონდა. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდებოდა რომ შევგუებოდი. თუნდაც რამოდენიმე დღე...
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ოთახში გაუნძრევლად და თვალი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინა.
– ევა... – ისევ მიდამ დააკაკუნა კარზე გაუბედავდ. – მალე ცერემონია დაიწყება.
თავი დავუქნიე და წამოვდექი. მაინც მომიწია ჩამეცვა ის კაბა. მიდა მომეხმარა და კაბის ტარების წესიც ამიხსნა. ასევე მოკლედ მომიყვა საქორწინო რიტუალზე. გამაოცა იმ ფაქტმა რომ მათი ტრადიციებით ქალი და მამაკაცი ცალ-ცალკე ოთახში ეზიარებიან ქორწინების საიდუმლოს. მოძღვარი ჯერ ჩემ მომავალ ქმართან შევიდა ცალკე ოთახში, სადაც დასწრების უფლება მხოლოდ მამამისს ჰქონდა. ამის შემდეგ კი ჩემ ოთახში საქმროს დედასთან და რამდენიმე ოჯახის ახლობელ ქალთან ერთად წამიკითხა რამდენიმე სწავლება. ბეჭედიც კი საქმროს დედამ წამომაცვა თითზე. პატარძლის მშობლებს ქორწილზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ. იმ ყველაფრის მერე რაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში აქ გადავიტანე აღარაფერი მიკვირდა. შეგუებული მორჩილად ვასრულებდი თითოეულ მოქმედებას და მათი კანონებით მე უკვე ბატონი სიდის ცოლი ვიყავი. ახლა მე ბევრი უფლება მქონდა. ახლა მე აქ ყველაზე პატივსაცემი ქალბატონი ვიყავი. ახლა მე უკვე მისი ცოლი მერქვა. ახლა ჩემ სიტყვას ოქროს ფასი ჰქონდა... სიტყავს რომელსაც ყველაფერი ჰქონდა გარდა თავისუფლებისა...
როგორც კი ცერემონიას მოვრჩით მოძღვარმა აივანზე გამიყვანა და მოსული სტუმრების გასაგონად საკმაოდ დიდი ტექსტი წარმოთქვა. რა თქმა უნდა აქედან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. მიდამ ამიხსნა რომ მოძღვარი ახლადშექმნილი ოჯახის სადიდებელ სიტყვას წარმოთქვამდა. როგორც კი სიტყვას მორჩა, ხალხმა ერთიანად იხუვლა და სრული ქაოსი შეიქმნა – სხვა უფრო შესაფერისი სიტყვა ვერ ვიპოვე ამ ყველაფრის გადმოსაცემად. მე, მიდა და ჩემი დედამთილი აივანზე დავრჩით და ზევიდან ვუყურებდი მთელ ამ ღრეობას. როგორც აღმოჩნდა პატარძალს საკუთარ ქორწილში მოლხენის უფლებაც არ ჰქონდა. მოკრძალებულად უნდა მდგარიყო სადღაც კუთხეში და ფეხების დაწყვეტამდე ეყურებინა სხვისი მოლხენისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც სიძე გამოჩენილა სტუმრებთან. ის და მისი ამხანაგები ცალკე ოთახში აღნიშნავდნენ ქორწინებას, იმედი მქონდა ეშხიანი მუცლითმოცეკვავის გარეშე
ძალიან დავიღალე. ფეხები საშინლად მეტკინა. რამდენჯერმე ვცადე აივნის მოაჯირზე ჩამოვმჯდარიყავი, მაგრამ დედამთილმა ისეთი სახით შემომხედა რომ ყველაფრის ხალისი დამაკარგინა. პირველივე შეხედვით მივხვდი რომ ამ ქორწინებით აღფრთოვანებული არც ის იყო. ალბათ ბევრად ერჩია ვინმე იქაური კარგად აღზრდილი გოგო შემოეყვანათ ოჯახში, ვიდრე ჩემისთანა „ღვთის სასჯელი“. ღმერთს მადლობას ვწირავდი რომ მე მათი ენა არ მესმოდა ის კი არცერთ სხვა ენაზე არ ლაპარაკობდა. თორემ ალბათ დიდხანს ვერ გავუძლებდი მის ბუტბუტს, რომელიც ხოტბას ნამდვილად არ მასხამდა. რამდენჯერმე მიდას შეწუხებულ სახეს რომ გადავაწყდი, ეჭვი უფრო გამიმყარდა. უბრალოდ ახლა ამაზე ფიქრის არც სურვილი მქონდა და არც ნებისყოფა.
როგორც იქნა ის დღეც დასრულდა. ქალბატონმა ჰანამ (ჩემ დედამთილს ერქვა ასე) ოთახში შემიყვანა, საწოლზე ჩამომსვა და რაღაცის მოყოლა დაიწყო. კარებში მდგარ მიდას გავხედე. ხელით მანიშნა არაფერიაო და მეც მოჩვენებითი ინტერესით ბოლომდე ვუსმინე. როგორც იქნა დაასრულა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
– ეს რა იყო? – მიდას შევხედე, რომელიც ღიმილს ძლივს იკავებდა.
– ქორწინების ღამეს დედამთილი ვალდებულია რძალს ქმართან თანაცხოვრების შესახებ მოუყვეს. – მხიარულად დაიწყო მიდამ. – გინდა გადაგითარგმნო?
– არ მინდა! – თითქმის წამოვიყვირე.
– უკვე გათხოვილი ხარ... – საწოლზე გვერდით ჩამომიჯდა.
– არ ვარ გათხოვილი... – საკუთარი ხმის სიმშვიდემ მეც კი გამაკვირვა.
მიდამ გაოცებით შემომხედა.
– ეს საქორწინო რიტუალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე თქვენი რელიგიის მიმდევარი არ ვარ. ჩემთვის თქვენი მოძღვარის სწავლება არაფერია თუ არა გაუგებარი წინადადებების თანწყობა. მე გათხოვილი არ ვარ... ტყვე ვარ და იმედი მაქვს თავს მალე დავაღწევ ტყვეობას. – ამაყად გადავხედე.
– ეგ აღარ გაიმეორო! – შეშინებულმა პირზე ხელი ამაფარა. – ეს რომ ვინმემ გაგიგოს, ცოცხლად დაგწვავენ.
– წინამძღოლის ცოლსაც გაუბედავენ? – მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე ჯერ ისევ შეშფოთებულ მიდას.
– აკი შენ თვითონ თქვი რომ გათხოვილი არ ხარ? – ნიშნისმოგებით მომიბრუნდა.
აღარაფერი მითქვამს. ისედაც ნათელი იყო – თუ სიცოცხლე მინდოდა უნდა მეღიარებინა რომ მე სიდის ცოლი ვიყავი. აქ საკუთარი ქედმაღლობა და პრინციპები სადღაც ჯანდაბაში უნდა მომესროლა და ისე მეცხოვრა როგორც აქაურებს უნდოდათ. სხვისი შექმნილი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა.
დაღამდა...
ოთახში მარტო ვიყავი. გარედან ისევ შემოდიოდა სტუმრების მხიარულების ხმები. უკვე ცუდად მხდიდა მთელი ეს ღრეობა. დაძინებსაც ვერ ვახერხებდი. რაღაც მაფორიაქებდა. ამ სახლში ჩემი სტატუსი მაფორიაქდება. საკუთარი ქმრის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. შეუცნობლად მეშინოდა ამ ღამის. მე ხომ არ ვიცოდი რა ადამიანი იყო სიდი? რომ მოენდომებინა?.. მაშინვე უკუვაგდე ფიქრები და შევეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.
ნეტავ, ამალი თუ არის სტუმრებს შორის? რატომ არ მოვიდა და არ მნახა?
წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. გაუბედავად გადავიხედე, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი გავარჩიე. ისევ საწოლზე ჩამოვჯექი.
ალბათ შუაღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, ოთახის კარები ჩემმა ქმარმა რომ შემოაღო. ერთიანად დავიძაბე, მთელი სხეული დამეჭიმა. თუმცა სახეზე უდარდელი, ცოტა ირონიული ღიმილი გადავიფინე და წამოვდექი. რამდენიმე წამი კარებში გაჩერდა, შემათვალიერა. მივხვდი ჩემი ეროვნულ სამოსში ხილვა ეხამუშა.
– სტუმრები ისევ აქ არიან... – უხერხულობის გასაფანტად წამოვიწყე.
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ოდნავშესამჩნევად დამიქნია თავი, კარი ზურგსუკან მიხურა და ნელ-ნელა წამოვიდა ჩემკენ. სუნთქვა შემეკრა. მისი სიახლოვე მაფრთხობდა – ის უკვე თავის ცოლად, საკუთრებად მთვლიდა. სიტყვების ძებნა დავიწყე რომ ეს ავისმომასწავებელი სიჩუმე გამეფანტა, რომელიც ცოტაც და პანიკაში ჩამაგდებდა. ნელ-ნელა უკან-უკან ვიხევდი და დამფრთხალი თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. უფრო მიახლოვდებოდა, ცოტაც და ალბათ გული წამივიდოდა.
– ხელს შენ გაიჭრი თუ მე? – პანიკაში ჩავარდნილმა ყველაზე დიდი სისულელე წამოვროშე რაც კი იმ წუთას შეიძლებოდა მეთქვა.
– რატომ უნდა გავიჭრათ ხელი? – გაოცებულმა შემომხედა ისე რომ ჩემკენ სვლა არ შეუნელებია. მომიახლოვდა. მე უკვე კედელთან მდგარი კარადის კარზე ვიყავი ზურგით აკრული და მხრებაწურული შეშინებული ვაცეცებდი თვალებს. ჩემკენ გადმოიხარა. სახე ძალიან ახლოს მომიტანა, მარჯვენა ხელი წამოიღო და... ჩემს ზურგსუკან კარადის კარი გამოაღო. იქიდან პირსახოცი გამოიღო და რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა.
შებით ამოვისუნთქე. ამან ცოტა გამათამამა და საწოლისკენ მივტრიალდი.
– დავიჯერო შენი წარმომავლობა ჩემი სიწმინდის და შენი ღირსების დამამტკიცებელი საბუთის გარეშე მშვიდად დაიძინებს ამაღამ? – ხელი ქათქათა ზეწარისკენ გავიშვირე და ნიშნისმოგებით ჩავხედე თვალებში. – მაინც ჩემი სისხლი ჯობია ალბათ არა? – ისევ უტიფრად განვაგრძობდი. – ექსპერტიზა არ მოითხოვონ მერე.
შემობრუნდა. კოპები შეეკრა. ვატყობდი ძალიან გავაბრაზე. ჩემკენ სწრაფად დაიძრა. ორ ნაბიჯში უკვე მომიახლოვდა. ხელი წელზე მომხვია და მთელი ძალით დამაგდო საწოლზე. გავფითრდი. მოულოდნელობისგან ხმაც ვერ ამოვიღე. ხელები თავსზემოთ გამიკავა და თვითონ მთელი ტანით ზემოდან მომექცა. სახე ძალიან ახლოს მომიტანა და კბილებში გამოცრა.
– ღირსება ისეთი რამეა, რომლის ვინმესთან დამტკიცებაც არ უნდა გჭირდებოდეს. ის ან გაქვს, ან არა. მხოლოდ უღირსი ადამიანი ცდილობს ვინმეს რამე დაუმტკიცოს. ღირსეულს კი მხოლოდ საკუთარ თავთან აქვს ჩასაბარებელი ანგარიში. – განრისხებული უკვე თითქმის ჩემ ბაგეებთან ცრიდა კბილებში.
გაავებული მიყურებდა. ვხვდებოდი როგორ დაუფიქრებლად მოვიქეცი. უკვე ვნანობდი საკუთარ წინდაუხედაობას. სუნთქვაშეკრული, დამფრთხალი ვუყურებდი.
ხელი გაუშვა ჩემ ხელებს. საწოლიდან წამოდგა და ისე რომ უკან არც კი მოუხედავს, ოთახიდან გავიდა. კარის მოხურვის ხმასთან ერთად ამოვისუნთქე.  ძლივს ავითრიე სხეული და წამოვჯექი. ერთხანს გაუნძრევლად ვიჯექი. მერე ვერც კი მივხვდი როგორ მომებრიცა ტუჩები სატირლლად და როგორ წამომივიდა თვალებიდან ნიაღვარი. ჩუმად ვსლუკუნბდი, ხმამაღლა ტირილს ვერ ვბედავდი. არ მინდოდა ვინმეს ჩემი უსუსრობა ეგრძნო. ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. საკუთარ თავს თვითონ ვამხნევებდი. ხელს ვიფარებდი პირზე, გულიდან ამოხეთქილი ქვითინი რომ შემეჩერებინა. ერთი სასიკეთო რამეს მაინც მივხვდი ამ ღამეს – როგორც ამალიმ თქვა სიდი კარგი ადამიანი იყო. მიუხედავად ჩემი ტუტუცური საქციელისა, მაინც ღირსეულად მოიქცა. მართალი აღმოჩნდა – ღირსებას დამკიცება არ ჭირდება, ის ან გაქვს ან არა. მას კი ჰქონდა.

****
მეორე დღეს არ გამოჩენილა. დილით ოთახში პირველი მიდა შემოვიდა. მე ისევ გაუხდელად მეძინა.
– თქვენ ქვეყანაში ღამით ტანსაცმლის გამოცვლა არ იციან? – გულწრფელად გაუკვირდა.
– მხოლოდ ქორწინების ღამეს ძინავთ ჩამცმულებს. – გამეცინა და სააბაზანოსკენ წავედი. გზად ძირს დაგდებულ პირსახოცს დავწვდი. გამახსენდა წუხელ სიდიმ რომ გამოიღო კარადიდან, მაგრამ მერე გაბრაზებულმა აღარ წაიღო.
სააბაზანოდან გამოსულს მიდა ოთახში აღარ დამხვდა. გამოვიცვალე და ოთახიდან გავედი. აივნის მოაჯირს მივუახლოვდი და ეზოს გადავხედე. მეორე სართულზე სუფრა გაეშალათ. მიდა ჩაის ასხამდა. ამალის ჩაი გამასხენდა და ვიგრძენი როგორ მომშიებოდა. კიბეებს ჩავუყევი და ახლადგამომცხვარ ოჯახის წევრებს მივესალმე.
დედამთილმა შემათვალიერა და უკმაყოფილოდ დაიწყო ბუზუნი. მივხვდი ჩემი დახეული ჯინსები და მაისური არ მოეწონა. მამამთილიც წარბაწეული მიყურებდა და ტროსტს, რომრლსაც სავარაუდოდ ჩვეულების გამო ხმარობდა, ბეჭდებასხმულ თითებს გამეტებით უჭედა. უნდა ვაღიარო სპეციალურად ჩავიცვი ასე. რატომღაც მათი გაღიზიანება მინდოდა, თითქოს ამით პროტესტს გამოვთქვამდი შექმნილი სიტუაციის გამო.
– არც ისე კარგი იდეაა. – მიმიხვდა მიდა, მაგრამ მზერა მაინც თბილი ჰქონდა. თითქოს შემრცხვა კიდეც საკუთარი საქციელის. – მოდი ვისაუზმოთ.
მაგიდასთან გაუბედავად მივედი. წეღანდელი რიხი დამკარგვოდა.
– შენი ძმა სადაა? – ჩუმად გადავულაპარაკე მიდას, თუმცა ხმამაღლა რომც მეთქვა მაინც მიდას გარდა ვერავინ გაიგებდა რუსულს.
– წავიდა. – მითხრა და თეფშზე ნამცხვარი გადმომიღო, რომელსაც საოცარი არომატი ჰქონდა.
– სად? – წუხანდელის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. იმედი მქონდა რომ დღეს დილით ვნახავდი და ბოდიშს მოვუხდიდი.
– არ ვიცი. დილაუთენია ცხენს მოახტა და წავიდა. – ინტერესით მიყურებდა, თითქოს ჩემი ცნობისმოყვარეობის მიზეზის დაზუსტება უნდოდა.
მთელი დღე არ გამოჩენილა. ჩემი ოთახის აივანზე ვიჯექი და ქალაქს გადავყურებდი. სახლისკენ მომავალ გზას თვალს არ ვაშორებდი. მეც არ ვიცი რატომ ველოდებოდი. დღე უსასრულოდ გაიწელა. რამდენჯერმე მიდამ ამომაკითხა და საუბრით შეეცადა გავერთე. ვერ ავაწყეთ. რაღაც მაღელვებდა და მაფორიაქებდა შინაგანად. მეც არ ვიცი რა. დაბლა სართულიდან რამდენჯერმე დედამთილ-მამამთილის კამათი გავიგონე, ერთი-ორჯერ მიდაც ჩაერია. ინტუიციით ვხვდებოდი რომ კამათის მიზეზი მე ვიყავი. საღამოს ქალბატონი ჰანა მტკიცე ნაბიჯით ამოვიდა აივანზე და მუხლებზე თავშალი დამიდო. მივხვდი – ჩემგან თავშალის ტარებას მოითხოვდნენ.
ჯერ მუხლებზე დავიხედე, მერე დედამთილს შევხედე. მისი მოტანილი ძღვენი ავიღე და უკანვე გავუწოდე. არ ვაპირებდი მათი მოთხოვნების შესრულებას. სახე შეეცვალა, გაბრაზდა და ამჯერად ბუზღუნს არ დასჯერდა, საკმაოდ მაღალ ტონალობაში მომმართა – სავარაუდოდ მლანძღავდა. მიდას გავხედე, რომელც იმ წუთას ამოვიდა აივანზე.
– არ დავიხურავ! – მტკიცედ ვუთხარი იმ იმედით, რომ დედამისს უთარგმნიდა.
– ევა, ჩვენი ტრადიციაა... – გაუბედავად წამოიწყო. – ამაში ცუდი რა არის? ქალს თავშალი უხდება კიდეც.
– სახლში რა აუცილებელია თავშალით ვიარო? გარეთ თუ გავალ დავიხურავ. – ცოტა უკან დავიხიე.
– ოთახში რომ იყო არაა აუცილებელი. აივანზე კი ხალხი გიყურებს.
– არც შენ ატარებ თავშალს.  მის თავზე შემოჭერილ შავ ნაჭერს შევავლე თვალი.
ტუჩები აუთრთოლდა და თვალები აუწყლიანდა. არაფერი უთქვამს. შებრუნდა და კიბეები სწრაფი ნაბიჯებით ჩაიარა. რაღაცის თმქა დავაპირე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ვერ მივხვდი რა ვაწყენინე. მთელი ამ დროის მანძილზე ჰანას ხელში თავშალი ეჭირა და ჩვენ საუბარს თვალყურს ადევნებდა. რა თქმა უნდა ვერ მიხვდა მიდას რა ვუთხარი. გაავებული მიყურებდა. ბოლოს ისიც შებრუნდა და კიბეს ჩაუყვა. უკვე ვნანობდი საკუთარ სიჯიუტეს. აივნის მოაჯირთან მივედი. მინდოდა მომებრუნებინა და მეთქვა რომ დავიხურავდი იმ ოხერ თავშალს. მეორე სართულზე მდგარ სიდის მოვკარი თვალი. შთაბეჭდილება დამრჩა რომ დიდი ხანი იდგა იქ და ჩვენი კამათის თითოეული სიტყვა გაიგო. ნელა დაიძრა კიბისკენ. ჩამომავალ დედას ხელიდან თავშალი გამოართვა და აივანზე ამოვიდა. ასევე ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და თავშალი ფრთხილად მომახურა თავზე. ერთ ადგილზე გავშეშდი. განძრევას კი არა რიტმულად სუნთქვასაც ვეღარ ვახერხებდი. ჯერ თმებზე ვიგრძენი მისი ძლიერი ხელები, მერე მხრებზე გამისწორა თავშალი. თითები მკლავზე ჩამოასრიალა და ხელის მტევანს დასწვდა. ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად მაკოცა თითებზე.
– ძალიან გიხდება. – მშვიდად ამოილაპარაკა და ოთახში შევიდა.
კარი რომ მიიხურა მერეღა ამოვისუნთქე. რაღაც საოცრება დამემართა. გული გამალებით მიცემდა. ყველა კუნთი დამჭიმვოდა და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. ერთადერთი რაც მოვახერხე ისევ აივანზე მდგარ სარწეველა სავარძელში ჩავჯექი. ოთახში შესვლა ვერ გავბედე. სანამ ის იქ იყო, არ შემძლო. არც იმ ღამეს დარჩენილა ჩემს ოთახში. დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა და კიბეს დაბლა დაუყვა.
ვერც იმ ღამეს შევძელი თვალის მოხუჭვა.

****
მეორე დილას მიდა არ გამოჩენილა. არც მე ჩავსულვარ სასაუზმოდ. საუზმე იმ ქალმა ამომიტანა ოთახში, რომელიც ჩემი ამ სახლში სტუმრობის პირველ დღეს შემოგვეგება კარებში. როგორც მერე გავიგე ნილი ერქვა. საუზმე მაგიდაზე დადო და თვითონ მაშინვე გავიდა. დილიდან ცუდ გუნებაზე ვიყავი, მიდასთან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი და ეზოში ჩავედი. სახლს შემოვუარე და ეზოს სიღრმისკენ წავედი. ვერც კი წარმომედგინა სახლს უკან ამხელა ეზო თუ ჰქონდა. ნელი ნაბიჯით გავუყევი ბილიკს და მოშორებით სიდი დავინახე. თავლასთან იდგა და ულამაზეს წაბლიდფერ ქურანს ბალანს უვარცხნიდა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.
– დილა მშვიდობის, – ორ ნაბიჯში გავჩერდი.
შემობრუნდა.
– დილა მშვიდობის. – სახეზე ემოცია არ დატყობია, ისევ ისეთი მშვიდი იყო როგორც ყოველთვის. – უკვე ისაუზმე?
თავი დავუქნიე.
– შენ არასდროს საუზმობ? – შევეცადე ამ კითხვაში ფარული აზრი „შენ სად საუზმობ?“ არ შემმჩნეოდა.
არაფერი მიპასუხა. მხოლოდ ოდნავ ჩაეღიმა.
– მიდაც არ ჩანს დილიდან.
არც ამჯერად მიპასუხა. ისევ თავის ცხენს მიუბრუნდა.
– გუშინ იქ... აივანზე, ჩვენი საუბარი მოისმინე?.. – მინდოდა მისგან მაინც გამეგო მიდას რა ვაწყენინე. – მე მგონი არც ისე კარგად გამომივიდა. მაგრამ გეფიცები არ მინდოდა. ვერც კი მივხვდი რა დავაშავე...
– მიდა ქვრივია. – არ მობრუნებულა ისე მითხრა.
– ღმერთო, ძალიან ვწუხვარ. 
გამაოცა ამ ამბავმა. მიდა ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო იმისთვის რომ უკვე დაქვრივებულიყო. ისიც არ მეგონა საერთოდ გათხოვილი თუ იყო.
– ქვრივებს თავშალის ტარების უფლება არ აქვთ.
ახლაღა მივხვდი ჩემმა სიტყვებმა ასე რატომ ატკინა გული მიდას. მას რომც მოენდომებინა თავშალის ტარების უფლება არ ჰქონდა. ის მხოლოდ 21 წლის იყო და უკვე თავისი მეორე ნახევარის დაკარგვის სიმწარე გამოეცადა. მაინტერესებდა მისი სიყვარულის ისტორია. ან უყვარდა კი საკუთარი მეუღლე? აქ ქორწინება სულ სხვანაირად ესმოდათ. იქნებ ისიც ისე გაათხოვეს როგორც მათ უნდოდათ? იქნებ მასაც მოუყვანეს ვიღაც ბატონი და უთხრეს შენი ქმარიაო? იქნებ იმიტომ გლოვობს ქმარს რომ წესია ასეთი?
ვიცოდი სიდისთვის ამის კითხვა უტაქტობა იქნებოდა. ამიტომ არაფერი მიკითხავს და სახლისკენ წამოვედი. მთელი დღე აივანზე ვიჯექი და მიდას ველოდებოდი. ამჯერად თავშალი მქონდა მოხურული. ვხვდებოდი რომ თუ აქ მშვიდად ცხოვრებას ვაპირებდი, აქაურ წესებს გონიერების ფარგლებში მაინც უნდა დავმორჩილებოდი. თან გულის სიღრმეში თითქოს ამ ჟესტით სიდის მიმართ პატივისცემას გამოვხატავდი. დიახ, პატივს ვცემდი საკუთარ ქმარს. ვერ გეტყვით როდის, რა წამს მოახერხა, მაგრამ ფაქტია მე მას ვენდობოდი. პირველივე ფრაზიდან პირველივე შემოხედვიდან მივხვდი რომ ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომლს გულისთვისაც ასე თუ ისე ვეგუებოდი საკუთარ აბსურდულ მდგომარეობას. მისი იმედი მქონდა. მეგონა რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი შველა, საკმაოდ კაშკაშა ნათელ წერტილად მესახებოდა.
ბინდდებოდა მიდა რომ გამოჩნდა. მაშინვე ფეხზე წამოვდექი და დაბლა დავეშვი. კიბეებზე შევხვდი. მიხვდა რომ ველოდებოდი.
– მიდა... მე... არ ვიცოდი... –  წამოვიწყე უხერხულად.
– ვიცი, არაფერია... – სევდიანად ამომხედა.
– ვილაპარაკოთ? – რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი რომ ჩემი ოთახისკენ ამავალი კიბეები გამენთავისუფლებინა,
უმწეოდ შემომხედა. მივხვდი არ იყო ახლა ჩემთან საუბრის ხასიათზე, მაგრამ არ უნდოდა გული მტკენოდა და წამომყვა.
– თუ არ გინდა ნურაფერს მომიყვები. – ოთახში შესვლისთანავე წამოვიწყე. – მე უბრალოდ მინდა აგიხსნა რომ შეიძლება უნებურად ვამბობ ან ვაკეთებ ისეთ რამეს რაც... რა ვიცი, შეიძლება რაღაც-რაღაცეები არც ისე კარგად გამომდის, მაგრამ შენ უზომო პატივს გცემ. საოცარი ადამიანი ხარ. ნათელი წერტილი, რომელიც ამ სახლში მოსვლის წუთიდან არსებობას მიადვილებს. შენით აღფრთოვანებული ვარ. ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ. მე არ ვიცი რას ნიშნავს იყო აქ ქვრივი, მაგრამ ვიცი როგორი რთულია დაკარგო ადამიანი, რომელსაც საკუთარ ნაწილად თვლიდე. – ცოტა ხნით შევისვენე. მოგონებები ყელში ბურთად გამეჭედა. – როცა გავაცნობიერე რომ მამა აღარ იყო... ეს არ გამიცნობიერება მისი გარდაცვალების დღეს, ბევრად გვიან მივხვდი რომ მამა ჩემ გევრდით აღარ იყო... მაშინ როცა უბრალოდ მინდოდა მეხარებინა რომ გამოცდა რომლისაც ძალიან მეშინოდა უმაღლეს ქულაზე ჩავაბარე. მეთქვა რომ როგორც იქნა მართვის მოწმობის აღება გადავწყვიტე. მეთქვა რომ... უბრალოდ მეთქვა როგორი დაღლილი ვიყავი საღამოობით, როგორ მენატრებოდა მასთან ერთად ჩაის დალევა და როგორ მაკლდა ყოველ წუთს.
გავჩუმდი. მიდა ცრემლმორეული მიყურებდა. მივხვდი მისი სათქმელი ვთქვი. როგორი წარმოდგენაც არ უნდა მქონოდა აქაურ ქორწინებაზე მიდას თავისი ქმარი უყვარდა.
– პირველად რომ ვნახე 16 წლის ვიყავი. – სახეზე ღიმილი გადაეფინა და ისე დაიწყო. – სიდისთან ერთად მოვიდა ჩვენთან. ფანჯრიდან დავინახე. ახლაც კი მახსოვს ის შეგრძნებები – საკუთარი სხეულის თითოეული უჯრედი ვიგრძენი. ძალიან მომეწონა... შემიყვარდა. – სავარძელზე გადაწვა და თვალები დახუჭა. – ვიცოდი რომ ჩემ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი არ შეიძლებოდა. ჯერ იმიტომ რომ ქალს ამაზე საუბრის უფლება საერთოდ არა აქვს და მეორეც იმიტომ რომ ის სიდის სტუმარი იყო. სტუმარი ოჯახში აბსოლუტურად სუფთა გულით უნდა შემოდიოდეს. ამ შემთხვევაში არც ჰადის ჰქონდა ამაზე საუბრის უფლება. ამაზე ვერც ვიოცნებებდი. მერე გავიგე ვინც იყო – ჩვენი წარმომავლობის ადამიანის შვილი, ასე ვთქვათ ჩემი ძმა მისი ბატონი იყო. ასეთ ქორწინებებს აქ დიდად არ წყალობენ. ანუ მე ჩემზე დაბალი ფენის წარმომადგენელზე ვიყავი ყურებამდე შეყვარებული. მეშინოდა ამაზე ფიქრისაც კი... სანამ ერთ საღამოს... მაშინ სროლაში შეჯიბრება იმართებოდა. ეს ყოველწლიური ტრადიციაა. ქალაქის მთელი ახალგაზრდობა იღებს მონაწილეობას. საუკეთესო მსროლელს კი უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერი რამ ჯილდოდ. იმ წელს მან მოიგო და ჩემი თავი მოითხოვა. – ისევ იღიმოდა. – ეს წარმოუდგენელი თავხედობა იყო. მაშინ 18 წლის ვიყავი. მთელი ორი წელი თითქმის ყოველდღე ისე ვხვდებოდით, რომ ერთი საალერსო სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ვერც კი წარმოვიდგენდი რამეს თუ გრძნობდა ჩემ მიმართ. მერე მითხრა შენი ყოველი შემოხედვა ძალას მართმევდა ხელებში და თავს პატარა ბავშვივით დაუცველად ვგრძნობდიო. იცი, ვკითხე კიდეც, მთელი ქალაქის წინაშე რომ მოითხოვე ჩემზე ქორწინება მე რომ სხვა მყვარებოდა-მეთქი? იცი რა მიპასუხა? მაშინ რა თქმა უნდა ქორწინებაზე უარს ვიტყოდი და ცხოვრების ბოლომდე შენს ყმად დავრჩებოდიო. თუ მეცოდინებოდა რომ ბედნიერი იქნებოდი, ჩემი ხელით მიგიყვანდი მასთანო. ეს აქაურობისთვის წარმოუდგენელი საქციელია. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ასე მოიქცეოდა. აქ შენი სიყვარულის სხვისთვის გადალოცვა წარმოუდგენელია. აქ ვაჟკაცი მაშინ ხარ როცა საკუთარი მიზნის მიღწევა ნებისმიერ ფასად შეგიძლია. მე მაშინ მივხვდი რომ ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ისაა, როცა შეგიძლია საკუთარ სურვილებზე უარი თქვა და სხვისი სურვილებით იცხოვრო. – წამოიმართა და წელში გასწორდა. – მოკლედ მან მაშინ გაბედა და ჩემი თავი მოითხოვა. ჩემი ძმის თვალები არ დამავიწყდება არასდროს. პირველად მე შემომხედა. დაბნეული და შეშფოთებული იყო, იცოდა ჰადი ის ადამიანი არ იყო ვინც ასეთ სიტყვებს უბრალოდ წამოისროდა. მე უარესად დაბნეული ვიყავი. საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან ყოველთვის მარტო ვრჩებოდი და ჩემთვის თუნდაც ჰადისგან გრძნობების აღიარება ძალიან მოულოდნელი იყო, თან ასე ყველას თავლწინ. ერთადერთი რაც მოვახერხე თავი დავხარე და თვალები დავხუჭე. მაშინ უბრალოდ ჩემ ძალებს აღემატებოდა ამ ყველაფრის ყურება. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა რომ სიდი არ დათანხმდებოდა. სიდი ჩემთან მოვიდა, ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. დაახლოებით ორი წუთი მიყურა თვალებში მერე ჩემი ხელი აიღო და ჰადის ჩაუდო ხელში. მაშინ პირველად შევეხე. ახლაც მახსოვს როგორ ჩაიკარგა მის თბილ და ძლიერ ხელებში ჩემი აკანკალებული თითები. მას მერე აღარც გაგვიშვია ერთმანეთისთვის. სულ რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ ერთად. – გაჩუმდა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. მეც ჩუმდ ვიჯექი და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე. – დაუფიქრებლად გავცვლიდი მთელ ცხოვრებას იმ რამდენიმე თვეში. – შემობრუნდა და ღიმილის მიუხედავად მასაც ცრემლი უბრწყინავდა თვალებზე. – ჰადი ერთადერთი იყო ჩემ ცხოვრებაში... სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, ოდესმე შევძლებ თუ არა თავშალის ტარებას, უბრალოდ მტკივნეული იმის გაცნობიერებაა, რომ მის ნაჩუქარ უამრავ თავშალს მხოლოდ შორიდან შემიძლია ვუყურო. ჩემთვის ცხოვრება მხოლოდ ის რამდენიმე თვეა. – ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა და გაჩუმდა. – იცი, – ყრუ, შეცვლილი ხმით წამოიწყო. – ჩვენში არსებობს ასეთი ტრადიცია, თუ ქვრივ ქალს შვილი არ ჰყავს და... ჩვენი სარწმუნოება ასეთ შემთხვევაში თვითმკვლელობას ამართლებს. – შევკრთი, ბოლომდე არ მინდოდა ჩავღრმავებოდი რას ამბობდა მიდა. შემეშინდა. – ვფიქრობდი კიდეც ამაზე... მაგრამ მერე სიდი შემეცოდა. მხოლოდ სიდი შემეცოდა. ჩემი მშობლებისთვის საამაყოც კი იქნებოდა ჩემი ასეთი საქციელი. ეს ქალს გმირის სტატუსს ანიჭებს. ვხვდები ახლა შენთვის რამდენად რთული გასაგებია ეს ყველაფერი, როგორ შეუძლია მშობელს შვილის მიმართ ასეთი იყოს, მაგრამ... მაგალითად როგორი მძიმე ცოდვაა მკვლელობა... მაგრამ როცა მამაკაცი ომში მიდის რაც მეტ მტერს მოკლავს უფრო დაფასებულია. ასეა ესეც... აქ ეს ქცევის ნორმაა, დაბადებიდან ასე გვზრდიან. ამაში ჩვენთვის უჩვეულო არაფერია.
– სიდიც ხომ აქ იზრდებოდა? – ძლივს ამოვიღე ხმა. – ამ კანონზომიერებით მისთვისაც მისაღები უნდა იყოს... – ხმა ჩამიწყდა.
– სიდი ჩემ წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს.
– რატომ? მისი რა ბრალი იყო?
– ის ტყვია ჰადი რომ იმსხვერპლა, სიდისთვის იყო განკუთვნილი. – შემომხედა. გაუსაძლისი ტკივილი იკითხებოდა მის თვალებში. – ჰადი სიდის გადაეფარა. იცი რა იყო ყველაზე რთული? ვერ ვგლოვობდი ისე როგორც მინდოდა. არ მინდოდა ჩემი ძმისთვის ჩემი გაუსაძლისი ტკივილი დამენახებინა. ის ჩემზე მეტად განიცდიდა.
მე უკვე დაუფარავად ვტიროდი. ეს ყველაზე მძიმე ისტორია იყო რაც აქამდე მომესმინა. ჩემ წინ იდგა ქალი, რომელსაც ყველა მიზეზი ჰქონდა იმისა რომ ძმის მიმართ გულის სიღრმეში მაინც ჰქონოდა წყენა ან თუნდაც ბრაზი, მაგრამ ამის მიუხედავად საკუთარ ცხოვრებას მის კეთილდღეობაზე აგებდა.
მიდა მოსვლის დღიდან მომწონდა და მიყვარდა, მაგრამ ახლა მე მას უზომო პატივს ვცემდი. ის იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი ვისაც კი აქამდე შევხვედროდი. თითქმის გათენებამდე ვსაუბრობდით. მისთვისაც სასიკეთო იყო ეს ყველაფერი. ემოციებისგან და ნეგატიური აზრებისგან იცლებოდა, მე კი ეს ყველაფერი ძალას მმატებდა. საკუთარი პრობლემები რომელიღაც თავლუწვდენელ კუნჭულში მიიჩქმალა. როცა ადამიანს ამდენის გადატანა შეეძლო ჩემი მდგომარეობა რა მოსატანი იყო.
მზე კარგად ამოსული იყო, როცა ჩამეძინა. მთლი დღე მეძინა. საღამოს ავდექი და აივანზე გავედი. ეზოში მიდა დავინახე და მეც დაბლა დავეშვი. წუხანდელი მწუხარება თითქოს სადღაც გამქრალიყო, ისევ ის მიდა იყო აქ მოსვლის დღეს რომ გავიცანი, – გულღია და თბილი. მხოლოდ დიდრონი შავი თვალები ისევ უწინდებურად აწყლიანებული ჰქონდა.
– საღამო მშვიდობის. – გამიღიმა და ეზოში სკამზე ჩამოჯდა.
– რა რიცხვია დღეს? რამდენი დღე მეძინა? – გავუცინე მეც და გვერდით ჩამოვუჯექი.
– გუშინ ამალისთან რომ ვიყავი შენ გიკითხა. თუ გინდა წავიდეთ სტუმრად.
– ამალისთან იყავი? – გაკვირვებით შევხედე.
– კი, – თავი დამიქნია. – ამალი ჩემი დედამთილია. ჰადი მისი შვილი იყო. როცა ვინმესთან საუბარი მჭირდება, მასთან მივდივარ ხოლმე. არც შენ გაწყენდა მისი დარიგებები.
გაოგნებული ვუყურებდი. ახლაღა მივხვდი რას გულისხმობდა ამალი როცა მითხრა ბატონი სიდი ჩემთან ვალშიაო. მისმა შვილმა მას სიცოცხლე აჩუქა. გული ჩამწყდა – მივხვდი რომ ჩემი ქორწინება თავიდან ბოლომდე ამალის დამსახურება იყო. მე ბატონი სიდის ის მოვალეობა ვიყავი, რომელიც ამალიმ აჰკიდა ზურგზე. ვინ იცის რამდენად არასასურველი, შემაბრკლებელი მოვალეობა. აქედან გაქცევის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა.
მიდამ ოთახიდან თავშალი ჩამომიტანა და ამალისთან წავედით. ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და ტრადიციულად უგემრიელესი ჩაით გაგვიმასპინძლდა. ისე ვგრძნობდი თავს  – მრავალი წლის მერე მშობლიურ სახლში რომ დაბრუნდები და საოცარი სიმყუდროვეს გრძნობ. ამ ცოტა ხანში ამალი ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა ჩემთვის. საკუთარ დედასთანაც კი ვერ ვგრძნობდი თავს ასე როგორც მასთან. დედაჩემი დიდად არასდროს ზრუნავდა ჩემზე, მამასთან ვიზრდებოდი. დედა ძირითადად მოგზაურობდა და ჩემთან იშვიათად იყო. თავიდან ბლოგერობაც ამიტომ გადავწყვიტე. მინდოდა მეც ბევრი მემოგზაურა და ასე უფრო დავახლოებოდი დედას. მერე მივხვდი რომ საქმე მოგზაურობაში არ იყო. მას უბრალოდ სიამოვნებას თავისუფლებს შეგრძნება ანიჭებდა. მე და მამა ალბათ რაღაცით ამ თავისუფლების დაბრკოლებად ვიქეცით. მამა ჩემზე ბევრად ადრე მიხვდა ამას და გაუშვა. გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი. მეც ვისწავლე უიმისოდ ცხოვრება. ახლა კი ვუყურებდი ამალის და ვფიქრობდი, დედაჩემს ამის მეათედი მზრუნველობა მაინც რომ ჰქონოდა ალბათ ახლა აქ არ ვიქნებოდი.
საკმაოდ გვიან წამოვედით ამალისგან. გზაში ისე სხვათაშორის ვკითხე მიდას.
– სად არის შენი ძმა? სახლში თითქმის ვერასდროს ვხედავ და...
– სიდი ძალიან ბევრს მუშაობს. სახლში იშვიათად მოდის ხოლმე.
– წარმოუდგენელია. – მოჩვენებითი დრამატულობით შევიცხადე. – ბატონიშვილები მუშაობენ?
მიდას მხოლოდ გაეცინა, არაფერი უთქვამს.
სახლში იმდენად დაღლილი მივედი რომ მაშინვე ჩამეძინა – ტრადიციულად ტანსაცმლიანად. უკვე ღრმა ძილში ვიყავი რომ კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა. მაშინვე წამოვხტი, მაგრამ კარის გაღებას ვერ ვბედავდი. კაკუნი განმეორდა. კართან მივედი და გაუბედავად გადავატრიალე გასაღები. ზღურბლზე სიდი იდგა. მძიმედ სუნთქავდა და ხელით კარების ჩარჩოს ეყდნობოდა. მიპატიჟებას არ დალოდებია ისე შემოვიდა ოთახში და სინათლეზე დავინახე რომ შავ მაისური მხართან ერთიანად სველი ჰქონდა. შუბლი დაცვაროდა და ხელებზე წითელი ლაქები შერჩენოდა. ხელები პირზე ავიფარე და წამოვიყვირე – დაჭრილი იყო.
– ღმერთო, რა მოხდა? – უნებურად ქართულად ვკითხე. იმან თავის ენაზე მიპასუხა რაღაც და როგორც შეძლო გამიღიმა.
ცოტა გონზე მოსვლა რომ შევძელი, ხელი მოვკიდე და საწოლზე ჩამოვსვი. თვითონ კი სუფთა ნაჭრების ძებნა დავიწყე რომ ჭრილობა მომეწმინდა.
– აფთიაქი პირველ სართულზეა. – მითხრა და მაისურის გახდას შეეცადა.
მაშინვე გავიქეცი და მთელი ლაზარეთის სამყოფი სახვევები და სადეზინფექციო საშუალება მოვიტანე. თითონ მაისურის გახდა მოეხერხებინა და ახლა ჭრილობის შეთვალიერება შემეძლო. მარცხენა მხარზე აშკარად ეტყობოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა. მართალია მხოლოდ კანი იყო დაზიანებული, მაგრამ სისხლი კი სდიოდა.
– შეძლებ? – მკითხა როგორც კი ერთ ადგილზე გაშეშებული დამინახა.
თავი დავუქნიე და გვერდით ჩამოვუჯექი. ჯერ ისევ მიკანკალებდა თითები. ღრმად ჩავისუნთქე და ჭრილობის გასუფთავება დავიწყე. ჯერ ფრთხილად შევეხე. მერე უფრო გაბედულად. საკმაოდ ახლოს ვიჯექი მასთან მისი სხეულის სიახლოვე თავბრუს მახვევდა. ძლიერი აღნაგობა ჰქონდა. მიუხედავად მდგომარეობისა წელში გამართული იჯდა და არც კი ირხეოდა. ალბათ ჩემი თითოეული შეხებისას ეწვოდა კიდეც ჭრილობა, მაგრამ არ იმჩნევდა. მხოლოდ დაცვარულ შუბლზე ეტყობოდა ტკივილი.
– რა მოხდა? – როგორც იქნა თვალი მოვწყვიტე მის შიშველ ტორსს.
– ცხენიდან ჩამოვვარდი. – ღიმილით მითხრა.
– არც კი გკითხავ სად მიაჭენებდი მაგ შენს ბედაურს.
არაფერი მიპასუხა. საკმაოდ დაძაბული ცხოვრება უნდა ჰქონოდა. მიდას თქმით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უცდიათ მისთვის სროლა. მაშინ როცა ამ ამბავს მიდას ქმარი ემსხვერპლა. აი ახლაც... და ვინ იცის კიდევ რამდენჯერ...
– ნეტავ რამდენი სიცოცხლე გაქვს? – უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე ვიდრე მისთვის.
გაიგო. მთელი სხეული დაეძაბა. მივხვდი მასაც ის შემთხვევა გაახსენდა. იმაზე მეტად განიცდიდა ვიდრე მიდა წარმოიდგენდა. ორ წამში შეიცვალა. ხელები მომუშტა. საფეთქელზე ძარღვი აუთამაშდა და თვალები ჩაუმუქდა.
ჭრილობის მოწმენდა აღარ მაცალა, თვითონვე გადაიხვია და მაისურს დაწვდა.
– დასვრილია. – მაისური გამოვართვი, – ახალს მოგიტან... თუ მეტყვი სად გაქვს ტანსაცმელი. – ქვევიდან ავხედე. მაინტერესებდა მთელი ეს პეროიოდი სად ათევდა ღამეს. ჩემთან არ მოდიოდა. იმ იშვიათ შემთხვევებში კი როცა უნებურად გადავწყდებოდით ერთმანეთს შესაშურად კარგად გამოიყურებოდა და სულაც არ ეტყობოდა რომ მთელი ღამის ნამუშევარი იყო (როგორ მიდა მარწმუნებდა).
არაფერი უთქვამს, წამოდგა და კარადასთან მივიდა. ჩემდა გასაკვირად სწორედ ჩემ ოთახში ეწყო მისი ტანსაცმელები. მთელი ამ ხნს მანძილზე თავში აზრად არ მომსვლია კარადაში შეხედვა. ჩემი ნივთებიც ჯერ ისევ ჩანთაში მეწყო ისევ ისე ხელუხლებელი როგორც პირველ დღეს. ეს ერთადერთი იყო რაც საკუთარ თავს ვერაფრით ვაიძულე. სიდიმაც დაინახა კარადასა და კედელს შორის შეჩურთული ჩანთა. ნაღვლიანად შემომხედა – მიხვდა რატომაც არ მეწყო ჩემი ნივთები კარადაში.
– ევა... – ჩუმი, თბილი ხმით წამოიწყო. – დიდხანს მოგიწევს აქ დარჩენა.
არაფერი მითქვამს, მხოლოდ ხელისგულები გამიოფლიანდა საგრძნობლად.
– ვიცი... – ჩუმად ამოვიჩურჩულე უნებურად ათრთოლებული ტუჩები რომ დამემორჩილებინა და თავი დავხარე.
ღრმად ამოისუნთქა და ჩემკენ წამოვიდა. თავი არ ამიწევია, ისევ იატაკს ჩავშტერებოდი და გულმოდგინედ ვცდილობდი წამწამზე მოქანავე ცრემლი შემეკავებინა. წინ დამიდგა, გადმოიხარა და ფრთხილად მაკოცა ლოყაზე. ისევ არ გავნძრეულვარ. მაისური, რომელიც აქამდე ისევ ხელში ეჭირა, გადაიცვა და კარისკენ წავიდა.
– აქ რატომ მოხვედი? – თითქმის ოთახიდან გასულს მივაძახე.
გაჩერდა. არც კი მობრუნებულა.
– დაჭრილი მხრით ჩემთან რატომ მოხვედი? – დავუკონკრეტე. – ალბათ მიდა ან დედაშენი უფრო...
– შენ ალბათ ყველაზე ნაკლებად შეგაშინებდა. – არ დამამთავრებინა.
– რა...
– ჩემი დაჭრილი მხარი... შენ ალბათ ბევრად საღი გონებით შეხვდებოდი ამ ამბავს. – არც კი მობრუნებულა ისე მითხრა და კარი გაიხურა.
გული საშინლად მეტკინა. ჩემთან ისე მოვიდა, როგორც ნებისმიერ უცხოსთან მივიდოდა. დის და დედის ნერვებს გაუფრთხილდა. ჩემი ნერვების სიძლიერეში დარწმინებული იყო. ფიქრობდა რომ სულაც არ მადარდებდა რა დაემართებოდა. ფიქრობდა რომ... უცხოდ მთვლიდა.
გული ჩამწყდა... მე მისთვის სხვა ვიყავი. მე არც მისი კანონებით ვიყავი მისი მეუღლე. არც ის მთვლიდა ოჯახად. მე მხოლოდ მოვალეობა ვიყავი. იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა ამ ყველაფრის გაცნობიერება ვიდრე წარმომედგინა.

თავი 3
დილით მიდამ გამაღვიძა.
– ევა, – საწოლზე ჩამომიჯდა და ფრთხილად შემეხო მხარზე.
– რა მოხდა? – მაშინვე გავახილე თვალები.
– დღეს შეჯიბრია. დიდი ამბავი იქნება. – მხიარულად შემომცინა სახეში. – ადექი, შენთვის პირველი იქნება. სავარაუდოდ შენ მოგეძღვნება. ქორწინების მერე პირველად გადიხარ ხალხში
– რა შეჯიბრი? – საწოლზე წამოვჯექი.
– აქ ეს ყველაზე დიდი მოვლენაა. ყველაზე დიდი დღესასწაული. მთელი ქალაქი იქნება. გახსოვს გუშინ გითხარი კიდეც...
– არ ვიცი მიდა... არც კი ვიცი... – დიდი ენთუზიაზმით არ შევხვედრივარ ამ ამბავს – ღირს კი? – ჯერ კიდევ მწარედ მახსოვდა ჩემი და სიდის საუბარი. მე მისთვის მეუღლე კი არა მოვალეობა ვიყავი. ნეტავ, საერთოდ უნდა რომ წავიდე? იქნებ...
– ჩემთვისაც პირველი იქნება. – მიდას სიტყვებმა ფიქებდან გამომარკვია. – ჰადის მერე არც მე ვყოფილვარ. – ნაღვლიანი ღიმილით მიყურებდა. – პირველად მომინდა მას მერე. წამოდი რა შენც?
– შევეცდები... ცოტა მაცადე და... – თვადახრილმა ვუთხარი.
თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.
არ მინდოდა წასვლა. სიდისთან ასე შეხვედრა არ მინდოდა. ის გარემო მაფრთხობდა. ნეტავ თვითონ თუ აპირებს წასვლას? შეიძლება დაჭრილი მხრით არც კი გავიდეს ხალხში? ან იქნებ ჩემი ნახვა სულაც არ უნდოდა იმდენ ხალხში. იქნებ მე მის გარემოში, მის ახლობლებში ზედმეტი ვიყავი?
რამდენიმე საათი ვიჯექი ოთახში და გარეთ გასვლას ვერ ვბედავდი. არ მინდოდა მიდა კვლავ მოსულიყო და წასვლა ეთხოვა. იმედი მქონდა რომ დავავიწყდებოდი ყველას.
უკვე წასულები მეგონენ რომ კარებზე ვიღაცამ დამიკაკუნა. სანამ გავაღებდი კიდევ მქონდა იმედი რომ ნილი ან რომელიმე მსახური იქნებოდა. მაგრამ კარი გავაღე და ზღურბლზე მდგარი სიდი შემრჩა ხელში. სუნთქვა შემეკრა – საოცრად სიმპათიურად გამოიყურებოდა. სულ შავებში იყო ჩაცმული. სავარაუდოდ საცხენოსნო კოსტუმი ეცვა, რომელიც მის ძლიერ სხეულს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. უხეში შარვალი ჩექმებში ჩაეტანებინა და ჩექმის თასმები ბოლომდე შეეკრა. წელზე შემორტყმულ ქამარში იარაღი და ვაზნები ეწყო. როგორც იცოდა წელში გამართული და მხრებგაშლილი იდგა.
– მზად ხარ? – ტრადიციული მშვიდი ხმით მითხრა.
– მე... არ მოვდივარ. – გონზე მოვედი და ორი სიტყვა ძლივს გადავაბი ერთმანეთს.
– რატომ?
ხმა არ მომიღია, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. თავისი ძლიერი ხელები წამოიღო და ჩემსას შეეხო. ვერც კი ვხვდებოდი თურმე როგორ ვიმტვრევდი თითებს.
– რომ გთხოვო? – ისევ მშვიდად განაგრძობდა.
ღმერთო მომეცი ძალა... ოღონდ ახლა გონება არ დავკარგო.
– ევა... გთხოვ. ახლა როგორც არასდროს ისე მჭირდება შენი მხარდაჭერა. – განაგრძობდა ისე რომ ჩემი ხელებს ისევ თავისი ძლიერი თითებით ეხებოდა. – შენ ჩემი ცოლი ხარ. ახლა იქ უნდა იყო... ჩემს გვერდით.
ყველა გულისტკენა დამავიწყდა. ყველა პროტესტი გაქრა. თითოეული „იქნებ“ სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგა. გონებაში მხოლოდ უბრალო ფრაზა – შენ ჩემი ცოლი ხარ – მიტრიალებდა. მე იქ უნდა ვყოფილიყავი, მის გვერდით. აი რა იყო ის რაც ჰაერივით მჭირდებოდა.
გავუღიმე და თავი დავუქნიე. დაიხარა, თითებზე ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი და გონებაში ნელ-ნელა მწიფდებოდა აზრი, რომ მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა. ნეტავ რას გრძნობდა თვითონ ის, როცა ჩემი ხელები ეჭირა? როცა ისე მშვიდად და აუღელვებლად მესაუბრებოდა? ნეტავ, თუ ხვდებოდა როგორ ვთრთოდი მის თითოეულ შეხებაზე. ნეტავ თვითონ თუ გრძნობდა რამეს ჩემს მიმართ გარდა მოვალეობისა.
გონს მალე მოვედი, ყველანაირი ფიქრი უკუვაგდე და ტანაცმელების ამოლაგება დავიწყე. სულ ცოტაც და უკვე მზად ვიყავი. თვითონ აივანზე მელოდებოდა.
ტრიალ მინდორზე მოეწყოთ მოედანი შეჯიბრისთვის. მის გარშემო უკვე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ალბათ მთელი ქალაქი იყო გამოფენილი. საასპარეზო მოედანზე მხოლოდ ცხენოსნები დადიოდნენ, ქვეითებს მოხერხებული ადგილები უკვე დაეჭირათ და თვალყურის სადევნებლად მოედნის გარშემო ნახევარწრედ განლაგებულიყვნენ. საკმაოდ მოშორებით, თითქმის მოედნის ბოლოს სამიზნეები აღემართად.
ჩვენმა მისვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველას უნდოდა ბატონს მისალმებოდა. სიდიმ მე, მიდა და ჰანა საკუთარ ადგილებამდე მიგვაცილა და თვითონ ცხენოსნებს შეუერთდა. ბატონი მეხდი – ჩემი მამათილი უკვე იქ დაგვხვდა.
– სიდი მონაწილეობას აპირებს? – ჩუმად გადავულაპარაკე მიდას და ცხენოსნებისკენ მიმავალ ქმარს თვალი გავაყოლე.
– რა თქმა უნდა. ყოველ წელს მონაწილეობს, მის გარეშე არც კი მახსოვს ტურნირი. – იმდენად ლაღად მითხრა რომ მივხვდი წუხანდელი ამბავი არ იცოდა. ოჯახისთვის საკუთარი ჭრილობის შესახებ არ მოუყოლია.
თავადაც ისე მხნედ გამოიყურებოდა, რომ რამდენჯერმე ეჭვიც კი შემეპარა წუხანდელი ფაქტის რეალობაში. მოედანზე ცხენს დააჯირითებდა და ორივე ხელს შესანიშნავად ხმარობდა.
ასპარეზობა დაიწყო. საკმაოდ რთული შეჯიბრი იყო. ცხენოსანს ჯირითის დროს უნდა ესროლა სამიზნისთვის. თუმცა მე მგონი არავის გაჭირვებია. „აქ ალბათ ხალხი იარაღით იბადება“ – უნებურად გავიფიქრე და იმასაც მივხვდი, რომ აქაურებთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირდა. პირველი ტურიდან მხოლოდ ათი საუკეთესო მსროლელი შეირჩა. ჩემი ქმარი საკმაოდ კარგი შედეგით დამაჯეებლად გადავიდა მეორე ტურში. მცირე შესვენება გამოცხადდა. სიდი ჩამოქვეითდა ჩვენკენ წამოვიდა. მიდამ ტაში შემოკრა და ძმას კისერზე ჩამოეკიდა. ჰანა უკმაყოფილოდ აბუზღუნდა. სავარაუდოდ ქვრივ ქალს მსგავსი აღტაცება არ „შვენოდა“. სიდის დედამისის ბუზღუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია და დას თბილად აკოცა თავზე.
– ჰადის მერე ჩემი ძმა ამ ტურნირის მოგების უფლებას არავის აძლევს. – სევდანარევი მხირულებით გადმომილაპარაკა მიდამ ისე რომ სიდისაც გაეგო. – მწარე გამოცდილების მერე ეშინია.
სიდიმ ისევ თავისკენ მიიზიდა და და კდევ ერთხელ აკოცა ნაზად. ჩამეღიმა. მომწონდა და-ძმის ურთიერთობა, თითქოს ამ სამყაროსგან გამიჯნული ურთიერთობა ჰქონდათ. პარადოქსი იყო – იმ გარემოში, ისეთი აღზრდის პირობებში, მაინც სხვანაირები იყვნენ.
მიდამ ხალხში ამალი შენიშნა და მისკენ წავიდა. მე სიდისთან დავრჩი.
– არც ისე კარგი იდეაა. – ჩუმად მხარზე ვანიშნე.
– არაფერია, ასეთი ნაკაწრებისგან დატოვებული შრამებით ბავშვობაში მუხლები მქონდა დაფარული.
მხოლოდ გამეღიმა მის თავდაჯერებულობაზე.
– არ ვიცი, ეს „ნაკაწრები“ შეიძლება აქ ნორმაა, მაგრამ ცივილურ სამყაროში ამას ცეცხლნასროლ ჭრილობას ეძახიან და წესით ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება. – მხრები ავიჩეჩე. – არ მესმის, გუშინ ვიღაცამ გესროლა და შენ ასე მშვიდად ხარ...
– არავის უსვრია... – ირონიულად ჩაიღიმა.
– აბა...
– წუხელ გვიანობამდე ვვარჯიშობდი სროლაში, დღევანდელი დღისთვის ვემზადებოდი და ჩემი ცხენი ისეთი მარდი აღმოჩნდა, რომ საკუთარ ნასროლ ტყვიას უცბად წინ დავხვდი. – გაიცინა და მოხერხებულად გადაევლო ცხენს.
რამდენიმე წამი გაოგნებული ვაფახულებდი წამწამებს. ბოლოს როგორც იქნა მივხვდი რომ უბრალოდ იხუმრა და გამეცინა – უფრო ალბათ საკუთარ გულუბრყვილობაზე.
მეორე ტური საკმაოდ დაძაბული გამოდგა. როგორც ჩანს ადგილობრივი ახალგაზრდობა სერიოზულ სამხედრო მომზადებას გადიოდა. ალბათ აქაურობის პრიორიტეტი თავდაცვა იყო, თითოეული მათგანი იდეალურად ისროდა მიზანში, თუმცა სიამაყით უნდა ვაღიარო რომ ჩემმა ქმარმა პირველობა არავის დაუთმო და საბოლოოდ გამარჯვებულიც თავად დარჩა. მიდა ოვაციებით შეხვდა ამ ამბავს, რამაც რა თქმა უნდა ჰანას წყრომა გამოიწვია. სიდიმ პირველი საპატიო წრე ნელი სვლით დაარტყა მოედანს, შემდეგ სიჩქარეს უმატა და ბოლოს უკვე ქარივით მიაქროლებდა ქურანს. სიჩქარის შეუნელებლად წამოვიდა ჩვენკენ, რომ მოგვიახლოვდა ცხენიდან გადმოიხარა და სწორედ დაჭრილი ხელი ფრთხილად მომავლო წელზე და მეც თან გამიტაცა. მოულოდნელობისგან წამოვიკივლე და ორივე ხელით ჩავაფრინდი მის მხრებს. ცხენზე წინ შემომისვა და მოედნიდან გავიდა.
კიდევ დიდხანს მიაეჭნებდა ცხენს, ისევ მის მხრებში ვიყავი ჩამალული და თავის აწევას ვერ ვბედავდი. სისწრაფე მაშინებდა... ან მისი სიახლოვე არ მეთმობოდა. წელზე ვგრძნობდი მის ძლიერ ხელს, მისი გულისცემა მესმოდა. მისი სხეულის სიძლიერე სულს მიხუთავდა. ცოტაც ალბათ და მთელი ძალით შემოვხვევდი ხელებს. ღმერთო, როგორ მინდოდა ამ თითოეული შეგრძნების რეალობა დამეჯერებინა. როგორ მინდოდა მეგრძნო, რომ ისიც იგივეს განიცდიდა... რომ არც მას ვეთმობოდი... რომ ისიც ასე უსასრულოდ იჯდებოდა ჩემ გვერდით... რომ მისთვსი მხოლოდ მოვალეობა არ ვიყავი... რომ მასაც ისე ვაღელვებდი, როგორც მე...
მინდოდა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სიმშვიდეს ვგრძნობდი... სხვას ვერაფერს. ჩემი აჩქარებული პულსაციის სანაცვლოდ მის მშვიდ და რიტმულ სუნთქვას ვიღებდი. რატომღაც მომეჩვენა რომ ჩემი შეჯიბრებიდან ასე წმოყვანაც სხვის დასანახად იყო საჭირო, სხვას უმტკიცებდა საკუთარ სიძლიერეს. უმტკიცებდა, რომ ჭრილობა ვერ დააბრკოლებდა, დაჭრილი ხელითაც კი შეეძლო ნებისმიერი მოქმედება.
უკვე დიდი ხანი იყო აღარ მივქროდით, ერთ ადგილზე ვიდექით. ნელ-ნელა ავწიე თავი და მის სახეს დავაკვირდი. ისევ ისე მშვიდად იყო, ოღონდ სახეზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი გადაჰფენოდა. როგორ მინდოდა რომ ჩემთან სიახლოვის ღიმილი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა რომ აღარ ვმოძრაობდით და ჩემი ცხენიდან გადმოვარდნის საშიშროებაც აღარ იყო, მაინც მთელი ძალით ვყავდი გულში ჩაკრული.
გარემოსაც მოვავლე თვალი, რომელიღაც მთის წვერზე ვიდექით.
– აი ეს გადაიღე... – დაიხარა და სახე ახლოს მომიტანა, – აი, ამაზე მოუყევი მსოფლიოს... ამაზე დაწერე.
ჯერ მას ავხედე, მერე წელში გავსწორდი და იქაურობას გადავხედე. მართლაც წარმოუდგენელი სილამაზე იყო – სულისშემკვრელი.
დიდხანს ვიდექით ასე და ორივე სივრცეს გადავყურებდით. მისი ხელები ისევ წელზე მქონდა შემოხვეული. ისევ მის გულმკერდს ვეყრდნობოდი და. ისევ თავს ოდნავ ზემოთ ვგრძნობდი მის რიტმულ, აუღელვებელ სუნთქვას.
– სიდი... – მისკენ მოვბრუნდი და დავინახე რომ მისი მაისური, იქ სადაც ჭრილობა ჰქონდა, სისხლს დაესველებინა. – სისხლი მოგდის. – შეშფოთებულმა ვუთხარი.
– არაფერია, – არც კი დაუხედავს ისე მითხრა.
– რას ჰქვია არაფერია? ჭრილობა გაგეხსნა ალბათ. – მისკენ მთელი ტანით შევბრუნდი და უნებურად მარცხენა ფეხი ცხენის მეორე მხარეს გადავიტანე. სწორედ ეს არ უნდა მექნა, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მის წინ მჯდომი, ცოტაც და ალბათ წელზე შემოვხვევდი ფეხებს. გავწითლდი. მიხვდა და გაეღიმა.
იხტიბარი არ გამიტეხავს. მაქსიმალურად შევეცადე ფეხები მოხერხებულად დამეწყო და არც უხერხული სიტუაცია შემექმნა. მაისურის ბოლოებში მოვკიდე ხელი და თავსზემოთ გადავაძრე.
– ეს უკვე მეტისმეტია. – წარბები ზევით აზიდა და გაიცინა.
– ჭრილობა უნდა ვნახო. – უარესად დავიბენი.
აღარაფერი მიპასუხა. როგორც იცოდა მხრებში გაშლილი იჯდა და ღიმილით უყურებდა დაბნეული როგორ დავასრიალებდი მის შიშველ ტორსზე აკანკალებულ თითებს.
ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე გონება მომეკრიბა. სახვევი მოვხსენი. ჭრილობიდან სისხლი სდიოდა.
– დავბრუნდეთ რა. – მუდარით ავხედე. – იარა უნდა მოგისუფთავო, ინფექცია არ შეგეჭრას.
– ასე წავიდე თუ მომცემ მაისურს რომ გადავიცვა? – ისევ ღიმილით მიყურებდა.
მაშინვე გავუწოდე და შევეცადე როგორმე ამ უხერხული ჯდომის მანერისგანაც გავთავისუფლებულიყავი. მინდოდა ფეხები ისევ ერთ მხარე მომექცია, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ერთხანს მიყურა როგორ ვცოდვილობდი და ბოლოს თვითონ ჩამოქვეითდა და საშუალება მომცა მოხერხებულად დავმჯდარიყავი. მაისური გადაიცვა და სახლისკენ გავუყევით გზას.
მიდა და დანარჩენები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. სახლში მხოლოდ ნილი დაგვხდა. სხვა მსახურებიც ასპარეზობას ესწრებოდნენ. აქ მოსვლის პირველივე დღიდან შევამჩნიე რომ ნილი უცნაური ადამიანი იყო. ყველანაირ კონტაქტს გაურბოდა, ძირითადად სამზარეულოში ტრიალებდა, იშვიათად თუ გამოვიდოდა, დიდხანს მაინც არ ჩერდებოდა. მე არასდროს მესალმებოდა. მეჩვენებოდა რომ მერიდებოდა კიდეც. თუ ოთახში საუზმის ამოტანა მოუწევდა, სწრაფად ათავისუფლებდა ლანგარს და მაშინვე ტოვებდა ოთახს. მისი ჩაცმულობაც მაოცებდა. ერთიანად დაფარული ჰქონდა მთელი სხეული, მხოლოდ ხელის მტევნები და სახე უჩანდა. ლამაზი გოგონა იყო, 40 წლისას გავდა, მაგრამ სინმადვილეში ალბათ 30-ისაც არ იყო. ახლაც მომეჩვენა რომ ჩემ დანახვაზე რაღაც ჩაიბუტბუტა და საკუჭნაოში შებრუნდა. სიდი ჩემ ოთახში ავიყვანე, სადაც ჯერ ისევ მქონდა წუხანდლიდან შემორჩენილი სახვევები. საწოლზე ჩამოვსვი და მის წინ ჩავიმუხლე. ჭრილობა სამედიცინო სპირტით დავუმუშავე და სანამ გადავუხვევდი წამოდგა.
– აბაზანაში შევალ. – მითხრა და კარადიდან სუფთა მაისური და პირსახოცი გამოიღო.
შხაპის მერე ჭრილობის გადახვევა დავიწყე. საოცარი სუნი ჰქონდა. თვბრუ მეხვეოდა და ალბათ სახვევსაც უნიათოდ ვადებდი.
– სიდი, – უფრო გონების მოსაკრებად ვკითხე. – ღამეს სად ათევ ხოლმე?
– აქ. – საკმაოდ მშვიდად მიპასუხა.
– სად აქ?
– აქ, ამ ოთახში. – დამიკონკრეტა.
გაოცებული ვუყურებდი.
– კი მაგრამ... როგორ? აქ ხომ... – ჯერ ისევ მეგონა რომ მეხუმრებოდა. – კარს ყოველთვის ვკეტავ.
– ნუ გავიწყდება რომ ჩემი სახლია და ყველა კარისა გასაღები მაქვს.
– ეგ უფლებას არ გაძლევს...
– რის უფლებას არ მაძლევს? ღამე საკუთარ ოთახში გავათიო... საკუთარ ცოლთან?
ფეხზე წამოდგა და სახვევი შეისწორა.
– კი მაგრამ როგორ... – ისევ დაბნეული ვბუტბუტებდი.
– ნუ ღელავ, – მომიახლოვდა და ყურთან დაიხარა. – შიშველი ჯერ არ მინახიხარ.
გავწითლდი. ღმერთო, როგორ შემრცხვა. რა იყო აქ სასირცხვილო, ჩვეულებრივად მეხუმრა, მაგრამ სახეზე ალმური მაინც მომედო.
– ჩაცმული ძილი ცუდი ტრადიციაა. – უკვე კართან მისულმა მომაძახა.
ღმერთო მართლა შემოდიოდა ყოველ ღამე და ჩემ ოთახში ეძინა. ნეტავ საწოლში?..
ამაზე ფიქრი აღარ მინდოდა და სააბაზანოს მივაშურე. იქიდან გამოსულს სიდი არც ოთახში დამხვდა და არც აივანზე. გული დამწყდა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ერთად დავლევდით ჩაის. მომშიებოდა და სამზარეულოს მივაშურე. მიდა და დანარჩენები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყვნენ. სამზარეულოში მხოლოდ ნილი დამხვდა. ხელით ვანიშნე ჩაის გავიმზადებ-თქო და ქურაზე შემოდგმული ჩაიდნისკენ წავედი. მკლავში ხელი მომკიდა და გამაჩერა. ვერ მივხვდი რა უნდოდა და შევეცადე ხელებით და სიტყვების მცირედი მარაგით, რომელიც მიდასგან ვიცოდი, ამეხსნა რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩაის მომზადება მინდოდა. ჯიუტად არ მიშვებდა ხელს, ისე რომ სიტყვასაც არ მეუბნებოდა. შუა სამზარეულოში გაჩერებული თვალებს უმწეოდ ვაცეცებდი და ვცდილობდი ნილისთვის რამე მაინც გამეგებინებინა – ამაოდ.
ამ დროს ზურგსუკან სიდის ხმა გავიგე. კარებში იდგა და ნილს მიმართავდა. მომეჩვენა რომ ტონი მკაცრი ჰქონდა. ნილმა ხელი მაშინვე გამიშვა და თავდახრილი გვერდზე გადგა.
– ჩაის მომზადება მინდოდა. – სიდისკენ შევბრუნდი. – ვერ გაიგო ალბათ რას ვაპირებდი. – ნილი შემეცოდა, ვიფიქრე რომ სიდიმ დატუქსა, ალბათ ჩემთან თავხედობისთვის.
– ამბობს რომ ეს მისი მოვალეობაა. – ნილის სიტყვები მითარგმნა სიდიმ.
– კი მაგრამ... ჩაის გამზადებას რა მოვალეობა უნდა.
– წამოდი, აივანზე დავსხდეთ, ჩაის კი ნილი მოგვიტანს. ხელი მომკიდა და სამზარეულოდან გამიყვანა.
– კი მაგრამ...
– წამოდი, წამოდი. – მხარზე ხელი მომხვია და კიბისკენ წამიყვანა. როგორც სჩვეოდა მშვიდი ღიმილით. – ქალბატონები სამზარეულოში თადარიგის მისაცემად შედიან და არა საჭმლის მოსამზადებლად.
– კიდევ კარგი მხოლოდ ჩაის დასხმა მინდოდა, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა დაგემართებოდათ საცივის მომზადება რომ მომენდომებინა. – ირონიულად ავიბზუე ტუჩი.
– რის მომზადება?
– საცივის, – გამეღიმა. – ქართული კერძია. ერთხელ მოვამზადებ და... ოღონდ წინასწარ ვილოცებ რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვა მერე მომეტევოს.
სიდიმ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. არ მოსწონდა მათ ტადიციებს ირონიით რომ ვიხსენიებდი.
აივანზე დასხედით და ნილმა ჩაი ამოგვიტანა. ჯერ სიდის მიაწოდა ფინჯანი. მერე ჩემთვისაც დაასხა და ხელში აიღო რომ ჩემთვის მოეწოდებინა, მისკენ გადმოვიხარე და ხელები შევაგებე გამოსართმევად რომ... სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვიცი ეს როგორ მოხდა – მე დავუხვედრე ხელი უხერხულად, თუ ნილმა ვერ მომაწოდა ფინჯანი, მაგრამ ფაქტი ერთია, ჭიქა გადაყირავდა და ქაფქაფა ჩაი ხელებზე გადამესხა. წამოვიყვირე, საშინლად ამეწვა. სიდი წამოხტა, მაგიდაზე მდგარ გრაფინს ხელი დაავლო და ცივი წყალი გადამასხა ხელებზე. მერე ნილისკენ შებრუნდა თვალებანთებული და მკლავში ხელი ჩაავლო. განრისხებული უყურებდა და საკმაოდ ხმამაღლა უყვიროდა. მიუხედავად იმისა რომ ხელები აუტანლად მეწვოდა და ახლა ყველაზე ნაკლებად ნილის შეცოდების თავი მქონდა, მაინც პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და სიდისკენ შევბრუნდი.
– დაანებე თავი, რა მაგის ბრალია? მე თვითონ გამოვართვი უხერხულად.
ნილს ხელი გაუშვა და ჩემკენ შემობრუნდა. ორივე მაჯაში მომკიდა ხელები და გაწითლებულ კანს დახედა. ფრთხილად შემახო თითები. აუტანლად ამეწვა და წამოვიკვნესე. ამასობაში ნილმა რაღაც შუშის ფლაკონები მოტანა და დამწვრობაზე წასმა უნდოდა, მაგრამ სიდიმ ერთიანად მოხვია ხელი და აივნიდან გადაუძახა. ნილი თავჩახრილი იდგა, მე აღშფოთებული ვუყურებდი მის საქციელს და ტკივილისგან იმის თავიც არ მქონდა რომ მესაყვედურა. მერე წამომაყენა და სამზარეულოში ჩამიყვანა. სათავსოს კარები გამოაღო, უბრალო საჭმლის ზეთი გამოიღო და დამწვარ ადგილებზე დამასხა. საშინლად ამეწვა და წამოვიკივლე.
– ვის გაუგია დამწვრობაზე ზეთის დასხმა? – ესღა ამოვილაპარაკე და ტკივილისგან სახე დამემანჭა.
არ გაუვლია ორ წუთს, რომ ნატკენმა დაამება დაიწყო. სულ რამდენიმე წუთში საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ტკივილს. ისევ ჩემი ოთახისკენ ამიყვანა და აივანზე დამსვა.
– კიდევ გტკივა? – თანაგრძნობით შემომხედა.
– აღარ.
– სულ ცოტაც მოითმინე და საერთოდ ვეღარც იგრძნობ. – ჩემი მაჯები ისევ თავის ხელებში მოიქცია.
– უსამართლოდ ეჩხუბე. – მზერა გავუსწორე.
არაფერი მიპასუხა.
– არ გქონდა უფლება. მერე რა რომ შენ სახლში მუშაობს? რა უფლებით უყვირე და მეტიც, ხელითაც შეეხე?
ისევ დუმდა.
– წესით ბოდიში უნდა მოუხადო. – ამ სიტყვებზე მკაცრად ამომხედა. – თუმცა იმასაც ვხვდები რომ შენ ბოდიშის მოხდას მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ გაიძულებს, ამიტომ მე მოვუხდი ბოდიშს შენ კიდევ უთარგმნი. – წამოსადგომად წამოვიწიე, მაგრამ ისევ უკან დამაბრუნა.
– შეეშვი!
– გარწმუნებ, ბოდიშის მოხდით ადამიანი არ კვდება, პირიქით ცხონდება...
– შეეშვი! – მკაცრად გამაწყვეტინა.
ტუჩი ავიბზუე, წამოვდექი და დემონსტრაციულად შევედი ოთახში. ალბათ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიმენიჭებინა ამ ფაქტისთვის, მაგრამ მისი სიჯიუტე მაცოფებდა და კიდევ მისი დამოკიდებულება ქალის მიმართ. მერე რა რომ ნილი მსახური იყო? პირველ რიგში ის ქალი იყო და მასთან უხეშობის უფლება თვით ყოვლისშემძლე ბატონ სიდისაც არ ჰქონდა. სიდი აქაური სამყაროსგან განსხვავებულ ადამიანად წარმომედგინა და არ მინდოდა ეს შთაბეჭდილება რამეს გაექრწყლებინა. წეღანდელი საქციელით კი აქაურ აზროვნებადახშულ მამრებს ემსგავსებოდა.
საღამოს მიდა დაბრუნდა. ოთახიდან არ გამოვსულვარ, ისიც არ ვიცოდი სიდი ისევ სახლში იყო თუ წავიდა. გაბრაზებული ვიყავი და ახლა მისი დანახვა არ მინდოდა.
– ტურნირზე აღარ დაბრუნებულხართ. – ეშმაკური ღიმილით შემომხედა და ზურგსუკან კარი მიხურა.
არაფერი მითქვამს, ახლა ამაზე ხუმრობის ხასიათზე არ ვიყავი.
– რა მოგივიდა? – ჩემი დამწვარი ხელები შეამჩნია და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა საწოლისკენ.
– ისეთი არაფერია...
– რა არაფერია, ორივე ხელი დამწვარი გაქვს.
– ჩაი გადამესხა.
– ღმერთო, როგორ? მალამო წაისვი?
– ნილს უნდოდა რაღაც წაესვა, მაგრამ სიდიმ არ დაანება. უბრალო საჭმლის ზეთი გადამისვა...
– ნილს?.. – ოდნავდაბნეულმა ამომხედა.
– ჰო, რა იყო... ნილის ხსენენბაზე ყველა იზაფრებით? – გამომცდელად შევხედე.
– არა, არაფერი... წავალ მალამოს მოგიტან რომ ნაწიბურები არ დაგრჩეს. – ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
ცოტა ხანში იგივენაირი ფლაკონებით დაბრუნდა, როგორიც ნილმა მოიტანა მაშინ. ჩემ წინ ჩაიმუხლა და ნაზად მისვამდა ხელებზე.
– სიდი სად არის? – თან ჭრილობას სულს უბერავდა და ისე მკითხა.
– წარმოდგენაც არ მაქვს! – გაგულისებულმა ვუპასუხე.
– იჩხუბეთ? – მალამოს ქილას თავი დაახურა.
– მე არა, შენი მრისხანე ძმა ეჩხუბა ნილს.
– რატომ? – შეშფოთება დაეტყო სახეზე.
– რა ვიცი... ხელებზე ნილის მოწოდებული ფინჯანი გადამექცა და სიდი ამან გააბრაზა. არადა მართლა მე გამოვართვი უხერხულად.
მიდას აღარაფერი უთქვამს. კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ და დასაძინებლად წავიდა.
ძილი არ მეკარებოდა. სიდიც არ იყო სახლში – ჩვენი კამათის მერე წასულა. ხელები აღარ მეწვოდა, მაგრამ სრულფასოვნად მაინც ვერ ვხმარობდი. აივანზე გავედი და სუფთა ჰაერზე ჩამოვჯექი. ქალაქს ვუყურებდი – საოცრად ლამაზი იყო ღამით. საკმაოდ დიდხანს ვიჯექი, იქნებ სიდის დაბრუნებასაც ველოდი. იმ ღამით არ მოსულა. არ მეძინა – რომ მოსულიყო გავიგებდი.
დილით გამოუძინებელი და ცუდ ხასიათზე ვიყავი. ავდექი და სამზარეულოს მივაშურე. ნილი იქ არ დამხვდა. ვიღაც უცხო გოგონა ტრიალებდა და საუზმეს ამზადებდა.
– ნილი... – გოგონას მივმართე.
რაღაც მითხრა ღიმილით თავის ენაზე, რა თქმა უნდა აქედან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. მაშინვე მიდას ოთახისკენ წავედი.
– ნილი სად არის? – გაბრაზებული დავადექი საწოლში.
– ევა... – დაბნეულმა ამომხედა.
– ნილი სად არის! – მტკიცედ გავუმეორე.
– რა ვიცი, ევა... გუშინ მშობლებთან წასვლის ნებართვა ითხოვა. – საწოლზე წამოჯდა. – რა გჭირს? ეს ორი დღეა ნილზე ბევრს ფიქრობ.
– რა ვიცი, – ცოტა გულზე მომეშვა. – ვიფიქრე რომ სიდიმ...
– რა იფიქრე, რომ სიდიმ აკუწა და ძაღლებს გადაუგდო საჭმელად?  – საწოლიდან წამოდგა და ირონიულად გადმომხედა.
საკუთარი საქციელის შემრცხვა და მხრები უმწეოდ ავიჩეჩე.
– ევა, ჩემი ძმა იმაზე ბევრად კარგი ადამიანია, ვიდრე შენ ან მე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უზენაესს რომ ის მყავს გვერდით, მის გარეშე დიდიხანია ცოცხალი აღარ ვიქნებოდი... და არა მარტო იმიტომ, რაც უკვე იცი... სიდი თავისი არსებობითაც კი უფრო მშვიდსა და მშვენიერს ხდის სამყაროს.
ნილი იმავე დილას დავივიწყე. ხელებმაც უკვე მორჩენა დაიწყო. ტკივილები აღარ მქონდა, ახლა მხოლოდ მცირე სიწითლეღა ეტყობოდა კანს. ისევ ძველებურად ვცხოვრობდი. ოღონდ მე და სიდი თითქოს გავურბოდით ერთმანეთს. მე ისევ ნაწყენი ვიყავი მასზე. ვერაფრით ვეგუებოდი მის ასეთ გარდასახვას ნილთან მიმართებაში, თუმცა ალბათ ამას ბევრად ადვილად „გადავიტანდი“ თვითონ მასაც რომ არ მოერიდებინა ჩემთვის თავი. მეჩვენებოდა რომ ისიც ნაწყენი იყო, თუმცა რა წყინდა ვერ ვხვდებოდი. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შევხვდით ერთმანეთს, ისიც შემთხვევით. მიდასაც კი აღარ ვეკითხებოდი მის ამბავს, თუმცა ნელ-ნელა უფრო რთული ხდებოდა ამ ინდიფერენტულობის შენარჩუნება. ნელ-ნელა საკუთარ თავსაც ვუტყდებოდი, რომ სიდი ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. მის მიმართ მადლიერების გარდა სხვა გრძნობაც მქონდა, ბევრად უფრო ძლიერი და ღრმა. ცოტათი მაშინებდა საკუთარი გრძნობები, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო, რომ ეს აქ მეჩვენებოდა სიდი იდეალურ ადამიანად. აქ ამ სამყაროში, სადაც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანიც  კი სანთლით იყო საძებარი, თორემ იქ, ჩემ სამყაროში სიდიზე გაცილებით უკეთესებიც იქნებოდნენ, თავს ვარწმუნებდი რომ აქედან რომ წავსულიყავი გადამივლიდა... მანამდე კი... მანამდე ვცხოვრობდი ისევ ისე... მორჩილად.
იმ საღამოს ამალისგან მარტო ვბრუნდებოდი. მიდა არ წამომყოლია, თავს შეუძლოდ გრძნობდა. ჰანას დიდად არ მოსწონდა მარტო რომ გავდიოდი ქუჩაში, მაგრამ ვერ მიკრძალავდა, მის ბუზღუნს კი დიდი ხანია ყურადღებას აღარ ვაქცვდი. არც სიდი იქნებოდა აღფღთოვანებული ჩემი საქციელით, მაგრამ თითქოს ჯიბრზე ვიქცეოდი ასე, ალბათ მისი ყურადღების მიქცევა მინდოდა.
უკვე სახლს ვუახლოვდებოდი, რომ უკნიდან ვიღაცამ მკლავზე ხელი მომკიდა. შემეშინდა და შევტრიალდი. ჩემ ზურგსუკან ნილი იდგა. შეშნებული მეჩვენა. ცოტა უჩვეულოდაც ეცვა, თითქოს ნაჩქარევად მოეცვა ტანზე და ისე წამოსულიყო. შევამჩნიე უსახელო კაბა ეცვა, მხრებზე კი უზარმაზარი შავი წამოსასხამი მოეხურა, თითქოს მთელი სხეულის დაფარვას ცდილობდა. ასე ჩაცმული არასდროს მენახა.
– ნილ... – გაოცებული შევტრიალდი.
ხელში ქაღალდი შემომაჩეჩა და ნაჩქარევად გამშორდა. ხელზე დავიხედე, წერილი იყო. ის იყო ქუჩის კუთხეში უნდა გაუჩინარებულიყო რომ ადგილს მოვწყდი და წამოვეწიე.
– ნილ, მოიცადე... ეს რა არის? – ხელი მოსასხამის ბოლოში მოვკიდე, მინდოდა შემეჩერებინა.
სვლა არ შეუნელებია, ჩემგან გაცლა უნდოდა. მოსასხამზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე და უნებურად მოვაძრე. ხელები პირზე ავიფარე და შევკივლე. მკლავებზე საშინელი ნაწიბურები ეტყობოდა. მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა. დამფრთხალი მიყურებდა. წასვლასაც ვეღარ ახერხებდა. ერთ ადგილზე იყო გაშეშებული.
– ღმერთო ნილ... – ვერც კი მივხვდი როგორ დავიწყე ქართულად საუბარი. – ეს რა არის?
ბოლოს ისევ ნილი მოეგო გონს, მოსასხამი ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა. სახლში დავბრუნდი. კიბეები სიბილით ავიარე და მიდას ოთახის კარი შევგლიჯე.
– გადამითარგმნე! – თითქმის ვუბრძანე და ხელში ნილის მოცემულლი წერილი შევაჩეჩე.
გაოგნებულმა მიდამ კითხვა დაიწყო და სახე შეეცვალა.
– რა წერია მანდ!!! – ხმის სიძლიერეს ვეღარ ვაკონტროლებდი.
– ევა... ნილი ნახე? – შეწუხებულმა ამომხედა.
– ჯანდაბა! მეტყვი თუ არა რა წერია მანდ?
– იცი... აქ... – მოზრდილი ნერწყვი გაჭირვებით ჩაყლაპა და სისულელეების მოყოლას მოყვა. – ბოდიშს გიხდის, ძალიან წუხს რომ მისი მიზეზით ხელები დაგეწვა.
– შენი ძმა სადაა? – უხეშად გავაწყვეტინე.
– წეღან თავლაში იყო...
წერილი ხელიდან გამოვგლიჯე და ოთახიდან გავვარდი. კიბეები ჩავირბინე და სახლს შემოვუარე. თავლაში დამხვდა – როგორც ჩვეოდა მშვიდად იდგა და საკუთარ ბედაურს ბალანს უვარცხნიდა. ჩემ მიახლოებაზე შემობრუნდა. სიტყვაც არ მითქვამს ისე გავუწოდე წერილი. აუღელვებლად გამომართვა და დახედა.
სახე შეეცვალა. შიში და მრისხანება ერთად იკითხებოდა მის თვალებში.
– ეს ვინ მოგცა? – პირველად გავიგე მისი ჩახლეჩილი ხმა.
– რა მნიშვნელობა აქვს? რა წერია მანდ?
არ მიპასუხა. ისევ გაუნძრევლად იდგა და წერილს დაჰყურებდა.
– სიდი, მიპასუხე გთხოვ... – ტუჩები სატირლად მომებრიცა, – რა სჭირს სხეულზე ნილს? ეს შენ... – ვეღარ შევძელი დასრულება. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა რომ მას ასეთი სისასტიკის ჩადენა შეეძლო.
თვალებში შიში ჩაუდგა.
– არა.. რა თქმა უნდა, არა... – გაოგნებული მიყურებდა. – ეს როგორ იფიქრე?
სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი. არ შემეძლო... ამაზე ფიქრიც კი არ შემეძლო. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და ხელები მომხვია. უფრო ვუმატე ტირილს.
– არ მინდა... ამაზე ფიქრი არ მინდა. – ხმამაღლა ვსლუკუნებდი.
– დამშვიდდი, გთხოვ. – თვითონ მალევე შეძლო თავის ხელში აყვანა და ისევ ისეთი მშვიდი ხმით ცდილობდა მეც დავემშვიდებინე. – თუ პირობას მომცემ რომ მშვიდად მომისმენ, მოგიყვები.
მთელი ძალა მოვიკრიბე და შევეცადე თავი ხელში ამეყვანა. ეზოში გამომიყვანა და სკამზე ჩამომსვა. თვითონაც გვერდით მომიჯდა. ჩემი ხელი ხელში აიღო და თითები გადაუსვა. ჯერ ისევ ეტყობოდათ ოდნავშეწითლებული კანი. საუბრის დაწყება უჭირდა. ვხვდებოდი რომ რაღც ისეთი უნდა ეთქვა, რომ ცდილობდა ჩემთან სიტყვები შეერჩია.
– ნილი ჩემი ცოლია. – გაუბედავად წამოიწყო და მზერა გამისწორა.

თავი 4
„ნილი ჩემი ცოლია!“ – ვინ იცის მერემდენედ გავიმეორე გონებაში.
აბა მე ვინ ვარ? ჰარამხანის რიგითი წევრი?
ფიქტიური ცოლი – აი ვინ ხარ! ირონიულად გავუღიმე საკუთარ თავს გონებაში. ან რისი იმედი გქონდა? ოცნების კოშკები ააგე... ქვიშის იყო ეგ შენი კოშკები და უბრალო ნიავმაც კი მიწასთან გაგისწორა.
– ყოფილი ცოლია... – ეტყობა ჩემ შეშლილ სახეს გადააწყდა და სასწრაფოდ დაამატა.
რამხელა შეღავათია? ყოფილი ცოლი, რომელიც მასთან მოსამსახურედ მუშაობს და შურისძიების გამო ხელები დამიმდუღრა.
– ევა მითხარი რამე. – თითქმის მუდარით მიმაბრუნა თავისკენ.
– მომილოცავს...
– არც კი მკითხავ...
– გკითხავ... გკითხავთ ბატონო სიდი... – გაგულისებულმა წამოვიწყე. – რატომ არის თქვენი ცოლი ასეთ დღეში... სულ თავდახრილი... შენი ოჯახის წევრების მსახური... მსახური ხმის უფლების გარეშე. ყველაზე ძლევამოსილი ბატონის ყოვლისშემძლე ცოლი რატომ არის ასეთი უუფლებო... უსუსური... რატომ არის ქალი, რომელმაც ქმრის ახალი სათამაშო უსიტყვოდ უნდა აიტანოს და მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ ხელები დაუმდუღროს? – უკვე მთელ ხმაზე ვყვიროდი. – გეკითხები!!!
– არც ისე მარტივია ეს ყველაფერი.
– რა თქმა უნდა, აქ მე მარტივი არაფერი მინახავს. აქ სუნთქვაც კი უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს... მიჭირს, გესმის? სუნთქვა მიჭირს. აქ არსებობაც მიჭირს. აქ ჰაერი ლიმიტიებულია... მეშინია, მეშინია რომ ერთ დღესაც ამომეწურება... – წამოვდექი და წასვლა დავაპირე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი კიდეც, მაგრამ ვერ შევძელი, ისევ ტირილი ამივარდა. წამოდგა და აცახცახებულ მხრებზე მომეხვია.
– არ წახვიდე... ასე არ წახვიდე. როგორ მინდა ყველაფერი სხვანაირად იყოს, მაგრამ...
ნელ-ნელა დავმშვიდდი. საღად განსჯის უნარი დამიბრუნდა და ისევ სკამზე ჩამოვჯექი. აღარაფერი მიკითხავს. ალბთ მეტი სიმართლის მეშინოდა. არც თვითონ იღებდა ხმას. ჩემი ხელი ისევ ხელში ეჭირა და ნაზად მისვამდა თითებს.
– კამყოფილი ხარ? – უკვე სრულიად დამშვიდებულმა ვკითხე.
– რით?
– ცხოვრებით... საკუთარი ცხოვრებით.
არაფერი მიპასუხა.
– ამ ცხოვრების გარდა სხვა ცხოვრება გინახავს? შენი სამყაროს გარდა...
– კი, მოსკოვში ვსწავლობდი. – მცირე დუმილის მერე დაამატა. – ეს ჩემი სამყაროა ევა. კარგია თუ ცუდია ჩემი ფესვებია. ეს ის ადგილია სადაც გავიზარდე და ალბათ მოვკვდები. სამშობლოს მიღმაც ვიცი რა ცხოვრებაა... იმ ცხოვრებითაც მიცხოვრია, მაგრამ არც ისაა იდეალური. შენ უბრალოდ ამ სიახლეებთან შეგუება გიჭირს, თორემ...
– ვერასდროს გავიგებ და მითუმეტეს შევეგუები, ტრადიციების ან აბსურდული მიზეზების გამო სხვისი ცხოვრების მართვას. აი მე მაგალითად, რა დანაშაული მიმიძღვის თქვენს წინაშე რომ უცებ გამომიტანეთ განაჩენი?
– განაჩენი... – მწარედ ჩაეღიმა.
– დიახ, განაჩენი სიდი... ჩემთვის ეს ცხოვრება განაჩენია. აქ უუფლებო ვარ... აქ ვიქცევი ისე როგორც აქაურებს სურთ... რატომ? მიპასუხე, რატომ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას რომ ჩემი ცხოვრება მართოთ?
პასუხი არ ჰქონდა. ასეც ვიცოდი. მეც არ მქონდა პასუხი იმაზე, რატომ ვაძლევდი ჩემთან ასე მოქცევის უფლებას. დიახ, ამდენის უფლება მე თვითონ მივეცი, იმის მეათედიც არ გამიკეთებია რაც უნდა მექნა. სათანადოდ არ მიბრძოლია, თორემ ალბათ თავსაც დავაღწევდი.
– როგორ მინდა ყვალაფერი სხვანაირად იყოს. – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
– მაშინ შეცვალე... – წამოვდექი და მის წინ დავდექი, ისე რომ ჩემი ხელი ისევ ხელში ეჭირა. – წავიდეთ აქდან სიდი... მე და შენ. – ვიცოდი რომ სულ ტყუილად ვეუბნებოდი. არ წამოვიდოდა. მისთვის იქ „უცხო სამყარო“ იყო. ჩვენ განსხვავებულ სამყაროებს ვეკუთვნოდით.
წამოდგა, თავისი ძლიერი მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა. არაფერი უთქვამს. არც იყო საჭირო.
– სახლში წავიდეთ, აგრილდა. – თავზე მაკოცა და სახლისკენ წამიყვანა.

****
მეორე დილით ოთახიდან არ გავსულვარ. არც არავის შევუწუხებივარ. მხოლოდ ახალმა მოახლემ რამდენჯერმე საჭმლით სავსე ლანგარი შემომიტანა. ხელი არ მიხლია. ახლა ყველაზე ნაკლებად ჭამა მინდოდა. ჯერ ისევ ნილზე ვფიქრობდი. ვერაფრით ვეგუებოდი იმ ფაქტს, რომ სიდის ყოფილი ცოლი ახლა ამ დღეში იყო. ამალისგან ვიცოდი რომ ბატონის ცოლებს ბევრად მეტი პრივილეგია ჰქონდათ ვიდრე დანარჩენ ქალებს. ნილს კი... ნილი ალბათ ამ ქალაქში ყველაზე უუფლებო ქალი იყო.
უკვე საღამოვდებოდა, ჩემს ოთახში მიდა რომ შემოვიდა.
– არ გძინავს? – ზღურბლიდანვე იკითხა.
საწოლზე ვიყავი გადაწოლილი და ჭერზე ერთ წერტილს მივშტერებოდი.
– არ მძინავს.
მოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა. თავზე ხელი გადამისვა. უსაზღვრო თანაგრძნობა იკითხებოდა მის თვალებში.
– რატომ გაშორდა ნილს? – მდგომარეობა არ შემიცვლია ისე ვკითხე.
თვითონაც საწოლზე ამოვიდა და დაიწყო.
– სიდი ძალიან ახალგაზრდა იყო ცოლი რომ შეირთო. ჯერ კიდევ სანამ სასწავლებლად წავიდოდა მანამ დანიშნეს ნილზე. სულ რამდენჯერმე ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი. საცოლე დედამ შეურჩია. ნილი წარჩინებული ოჯახიდანაა. ეს ქორწინება საკმაოდ მომგებიანი უნდა ყოფილიყო, ორი წარმომავლობა უნდა გაეერთიანებინა. არ ვიცი სიდი რამეს გრძნობდა თუ არა ნილის მიმართ. ამაზე ძმასთან ვერ ვისაუბრებდი, თუმცა მშობლებს არ შეწინააღმდეგებია და როგორც კი მოსკოვიდან დაბრუნდა შეუღლდნენ. ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. ნილი ისედაც ჩუმი, უთქმელი გოგონა იყო, არც სიდი გამოირჩეოდა სიტყვაუხვობით. სიმართლე ითქვას არც მშობლები ეკითხებოდნენ დიდად არაფერს. მათთვის მთავარი იყო რომ მათ ოჯახი ჰქონდთ, სხვა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მაგრამ გადიოდა დრო და შვილი არ უჩნდებოდათ. ეს კი აქაური ქორწინებისთვის დასასრულია. წყვილს სამი წლის განმავლობაში თუ შვილი არ გაუჩნდა, ქორწინება უქმდება.
– კი მაგრამ... იქნებ... – სათქმელი ვეღარ დავასრულე.
– ვიცი, როგორი გაოგნებული ხარ, მაგრამ ეს აქაური ტრადიციაა. ქალი იმისთვის იბადება რომ ოჯახი შექმნას და შვილები გააჩინოს. თუ შვილს ვერ აჩენს, მისი მისიაც დასრულებულია...
– ანუ... – თვალები გამიფართოვდა და წამოვჯექი.
– ანუ უშვილო ქალი სრულფასოვნად არ ითვლება და ხშირ შემთხვევაში... – აქ ცოტა შეყოყმანდა მიდა. ორჭოფობდა დაესრულებინა თუ არა წინადადება.
– რა ხშირ შემთხვევაში?.. კლავენ?
ოდნავშესამჩნევად დამიქნია თავი.
– მაგრამ თუ ქმარს უყვარს? ამისთვის როგორ იმეტებს?
– თუ ქმარს არ უნდა მისი დასჯა მშობლების ოჯახში აბრუნებს და განაჩენი მათ გამოაქვთ. – თავი დახარა ისე მითხრა.
– რა თქმა უნდა განაჩენი მხოლოდ ოჯახის მამაკაცებს გამოაქვთ და ხშირად სასიკვდილო არა... – ნელ-ნელა ხმას ვუწევდი.
წამოვხტი და ოთახში წინ და უკან სიარულს მოვყევი.
– ღმერთო არ მჯერა... როგორ შეგიძლიათ ასეთ სისასტიკეში ცხოვრება? – ხელებს ვიმტვრევდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. – ნილი? ნილი როგორ...
– ნილი სიდიმ მშობლებთან დააბრუნა... თვითონვე მიიყვანა და მამამისსაც ელაპარაკა. სთხოვა არ დაესაჯათ. მაშინ ნილის მამა შეპირდა, მაგრამ ძმებმა არ დაუშვეს. სირცხვილად მიაჩნდათ უშვილო და და განაჩენიც მათ გამოუტანეს.
გაოგნებული ვუსმენდი, თავი ზღაპარში მეგონა.
– ჩემმა ძმამ რომ გაიგო, მაშინვე მათთან მივიდა და ნილი წამოიყვანა. მაგ დროს ძმები სახლში არ იყვნენ. სულ ძალით წაართვა მამამისს მისი თავი და მთის სახლში წაიყვანა. დაცვა დააყენა რომ ძმებს არ მოეკლათ.
– მერე, – ცრემლი მოვიწმინდე.
– მთის სახლი გადაწვეს, ძლივს გადარჩა ნილი, მთელი სხეული დაეწვა.
– ღმერთო... საცოდავი... – უკვე ჩემთვის ვბუტბუტებდი.
– ცოტა რომ მომჯობინდა სიდიმ სახლში მოიყვანა. რა თქმა უნდა ცოლის სტატუსი უკვე აღარ ჰქონდა. უშვილო ქალებს არ აქვთ უფლება ეს სტატუსი ატარონ. ამიტომ როგორც მსახური ისე დარჩა ჩვენთან.
– კი მაგრამ, თვითონ ნილი როგორ ეგუებოდა ამას? ერთ დროს ხომ ამ სახლის დიასახლისი იყო?
– ნილს პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. მორჩილად შეეგუა ბედს.
მაგიდასთან მივედი და წყალი მოვსვი. ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე მეტისმეტი იყო.
– ამ ამბების მერე სიდისა და ნილის ძმებს შორის ფარული მტრობაა. ვერაფრით პატიობენ რომ მათი სურვილის წინააღმდეგ წასვლა გაბედა. ნილსაც ემუქრებოდნენ...
– ახლა სადაა ნილი? – წამოვიყვირე. – მართლა მშობლებთან დააბრუნეთ?
– არა, არა. მისი ქვეყნიდან გაყვანა უნდა სიდის. რუსეთში აპირებს მის გაგზავნას თავის მეგობრებთან. იქ ისინი დაეხმარებიან.
– არც კი ვიცი რა ვთქვა.
– მესმის, რთული გასაგებია...
– რთული გასაგები კი არა, საერთოდ გაუგებარია. ნუთუ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ? ნუთუ ამდენი ხანი არ გამოჩნდა ერთი ჭკვიანი ადამიანი, რომ ამ ყველაფრისგან ერთხელ და სამუდამოდ გაგათავისუფლოთ?
მიდა ხმას არ იღებდა.
– იქნებ სულაც არ არის უშვილობა ქალის ბრალი? იქნებ კაცის მიზეზით არ უჩნდებათ შვილი? ამას ვინმე ითვალისწინებს? გამოკვლევას იტარებენ?
თავი გამიქნია უარის ნიშნად.
– რა თქმა უნდა! როგორ შეიძლება კაცი იყოს დამნაშავე? პირველ რიგში ქალი უნდა დაისაჯოს, ვინ იცის სრულიად უდანაშაულოდ. – ვეღარც ვბრაზდებოდი, ემოციაც კი აღარ შემრჩა. – თუ კაცმა მეორედ მოიყვანა ცოლი და მასთანაც არ გაუჩნდა შვილი, ხომ ნიშნავს რომ უშვილობა მისი ბრალი იყო? მერე რას შვებით? აცოცხლებთ მიცვალებულს? – ირონიულად გადავხედე.
– ასეთ შემთხვევაში, თუ პირველი ცოლი უშვილობის გამოა მოკლული, განაჩენი მამაკაცისთვისაც გამოაქვთ.
– ვის? – შეშფოთებულმა ვიკითხე.
– პირველი ცოლის ოჯახის წევრებს.
თავზარი დამეცა. ღმერთს ათასი მადლობა შევწირე, რომ ნილი ცოცხალი იყო. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა რომ სიდის... არადა ამის ყველანაირი შესაძლელობა არსებობდა. მე და სიდი ფიქტიური ცოლ-ქმარი ვიყავით და დიდი ალბათობით შვილი არ გაგვიჩნდებოდა. ეს კი სრული საფუძველი იქნებოდა იმისი რომ სიდი მოეკალათ. მაშინღა გავაცნობიერე რამდენად გარისკა ჩემი ცოლად მოყვანით.
– კი მაგრამ... – ჩუმად ამოვიბუტბუტე.
– სიდი ასეთ რისკებს არასდროს უშინდებოდა, – ფიქრს მიმიხვდა მიდა. – ამიტომ ნუ გეწყინება მშობლების შენდამი დამოკიდებულება. ისინი თავისი შვილისთვის საფრთხედ გთვლიან.
აქ ჩამოსვლის მერე პირველად გავუგე ჰანას. მე საკუთარ შვილს ამის ნებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი. კბილებით დავიცავდი და მსგავსი სისულელის ჩადენის საშუალებას არ მივცემდი.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი. წესით მიდასაც დედამისივით უნდა შევძულებოდი – ჩემი ამ სახლში შემოსვლით მის უსაყვარლეს ძმას საფრთხე შევუქმენი. სულისშეძვრამდე მაკვირვებდა მისი დიდსულოვნება.
სათქმელი აღარაფერი მქონდა...
მთელი დღე არ გამოვსულვარ ოთახიდან, მოახლისთვისაც კი არ გამიღია კარი. ვიცოდი საუზმე ამოჰქონდა, მაგრამ არც ჭამა მინდოდა. ისევ საწოლზე ვიყავი გადაწოლილი და ჭერს ვუყურებდი.
რამდენჯერმე მიდამაც დამიკაკუნა. არც მისთვის გამიღია. არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. ვხვდებოდი რომ ჩემი საქციელით ვაშინებდი კიდეც მას, მაგრამ მართლა არაფრის თავი არ მქონდა. ვიწექი და ვფიქრობდი.
საღამოს ეტყობა სახლში ძალიან შეშფოთდნენ. მიდა თითქმის მემუდარებოდა კარი გამიღეო. არც კი გავნძრეულვარ. ჰანამც კი მომაკითხა. ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა, მაგრამ ხმა საკმაოდ თბილი ჰქონდა. ვხვდებოდი როგორ უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი და გულს ვუხეთქავდი ყველას, მაგრამ განძრევის თავი არ მქონდა.
უკვე ძალიან შეშფოთდნენ. კიბეზე ნაბიჯების ხმა განუწყვეტლად მესმოდა. მიდა ჰანას რაღაცას უხსნიდა, ჰანა განკარგულებებს გასცემდა. ბოლოს ყველაფერი მიწყნარდა. შვებით ამოვისუნთქე. ეს ორომტრიალი და ხმაური მძაბავდა. არადა სიჩუმეში მინდოდა ყოფნა. მინდოდა არაფერზე მეფიქრა.
რამდენიმე წუთი იყო სიჩუმე გამეფებული, მერე კარში გასაღების გადატრიალების ხმა გავიგე და ოთახში სიდი შემოვიდა.
– ევა... – ჩვეული სიმშვიდით შენიღბული შეშფოთება ვიგრძენი მის ხმაში.
საწოლს მოუახლოვდა და მეორე მხრიდან ჩამომიჯდა.
– ცოლად რატომ მომიყვანე? – არც კი შემიხედავს ისე ვკითხე.
თბილად გამიღიმა.
– წავიდეთ, ვივახშმოთ. –ხელი ფრთხილად გადამისვა თითებზე.
– როგორ დაუშვი ნილს ასე მოქცეოდნენ? – ჯიუტად განვაგრძობდი. – ის ხომ შენი ცოლი იყო... სიდი, შენი ცხოვრების თანამგზავრი. როგორ გაიმეტე ამისთვის?
– არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
– შეგეძლო... არ უნდა დაგებრუნებინა სახლში. მთელ სამყაროს უნდა დაპირისპირებოდი და არ უნდა გაგემეტებინა. მათთვის არ უნდა ჩაგეგდო ხელში. – უკვე წამომჯდარი ნელ-ნელა ხმას ვუწევდი. – ხვდები რომ მისთვის ცხოვრება დამთავრდა? შენგან განსხვავებით ვეღარ ექნება სხვა ოჯახი, იმიტომ რომ შენ და შენნაირებმა უკვე ვადაგასულის იარლიყი მიაწებეთ.
ხმას არ იღებდა.
– გიყვარდა? მიპასუხე, ოდესმე გიყვარდა? – მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე. – არაა, რომ გყვარებოდა ამისთვის ვერ გაიმეტებდი. რატომ შეირთე გოგო, რომელიც არ გიყვარდა? აი აქ არის ყველა უბედურების სათავე. ერთი შეხედვით უწყინარ ტრადიციას მოყვა მთელი ეს უბედურება... შეიგნეთ ხალხო, რომ ოჯახი სიყვარულით იქმნება და არა მოვალეობით.
სიდი წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ნერვიულად. მისი ჩვეული სიმშვიდე სადღაც გამქრალიყო.
– ან მე რატომ მომიყვანე ცოლად? ხომ იცოდი რომ ფიქტიურად ვიქნებოდით ერთად? ხომ იცოდი რომ არც ჩვენ გვეყოლებოდა შვილი. რას იზამ მერე? სამი წლის მერე მეც... – გავჩუმდი, ძალა აღარ მყოფნიდა. – სამი წლის მერე მეც განაჩენს გამომიტან?
დუმდა.
– მიპასუხე!!! ასეთივე მშვიდი იქნები? აუღელვებლად უყურებ როგორ მომკლავენ, როგორც რაღაც ვადაგასულს? როგორც უსარგებლოს? – უკვე მთელ ხმაზე გავყვიროდი. – მიპასუხე!!!
– ჯანდაბა ევა... – ხმა აიმაღლა. – სამი წლის მერეც თუ... – ასეთი გაბრაზებული არასოდეს მენახა. – სამი წლის მერე მშობლებთან დაგაბრუნებ! შეგიძლია დროის ათვლა დაიწყო. – კედელს მუშტი მიარტყა და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან.
გავშრი...
აი თურმე რა ჰქონია თავიდანვე ჩაფიქრებული... სულ სამი წელი ამიტანდა და მერე მშობლებთან დამაბრუნებდა. ბუნებრივია დედაჩემი სასიკვდილო განაჩენს არ გამომიტანდა და ბედნიერი დავბრუნდებოდი საქართველოში. მე მისგან გავთავისუფლდებოდი, ის კი ჩემგან.
ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. გული მეტკინა, ოღონდ მეც ვერ ვხვდებოდი რატომ. არადა ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ აქედან გაღწევის რეალური შანსი მქონდა. ჩემ ქვეყანაში უვნებელი დავბრუნდებოდი და წესით აქაურობის არსებობასაც დავივიწყებდი. სიდისაც არაფერი დაემუქრებოდა, რადგან ნილი ცოცხალი იყო და თავისუფლად შეეძლებოდა მესამე ცოლის მოყვანა, რომელიც ალბათ მასავით შავთვალება შვილებს გაუჩენდა.
გული შემეკუმშა...
იმ ღამეს არ მივახშმია. აღარც არავინ ამოსულა.

****
იმ საღამოს მერე სამი დღე სიდი არ მენახა. ოთახიდანაც იშვიათად გამოვდიოდი. მხოლოდ მიდა ამოდიოდა ხოლმე, ისიც ცოტა ხნით. ხვდებოდა რომ ახლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა. რაღაცაში მაინც უნდა გავრკვეულიყავი. ვცდილობდი როგორმე საკუთარი გრძნობები დამელაგებინა და მივმხვდარიყავი რა მინდოდა. არც ისე ადვილი იყო...
ის დანამდვილებით ვიცოდი რომ სიდის მიმართ გრძნობა მქონდა, მხოლოდ იმაში ვერ გავრკვეულიყავი რამდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა. გავუძლებდი თუ არა ამ ყველაფერს... ამ გრძნობის ხათრით შევეგუებოდი თუ არა აქაურ ტრადიციებს.
და ყველაზე მთავარი რაც მაწუხებდა – გრძნობდა თუ არა სიდი რამეს ჩემს მიმართ. თუნდაც მცირეოდენი სიყვარული თუ ჰქონდა გარდა თანაგრძნობისა და მოვალეობისა.
მთელი ეს ხანი არც სიდი მოსულა ჩემ სანახავად. მიდასაც არაფერს ვეკითხებოდი.
რამდენჯერმე ამალიმაც მინახულა. ვერც მან შეძლო ჩემი გუნების გამოკეთება.
მესამე დღეს კი ის საშინელი ამბავი მოხდა.
შუადღე იყო, ამალი რომ გვესტუმრა. აივანზე ვიჯექი და დავინახე მიდას ესაუბრებიდა. ეზოში არ შემოსულან, ალაყაფის კართან იდგნენ. სიტყვებს ვერ ვარჩევდი მაგრამ ინტონაციით ვხვდებოდი რომ რაღც ცუდზე საუბრობდნენ. მიდამ შეჰკივლა კიდეც. მაშნვე წამოვხტი და კიბეები ჩვირბინე. მიდა ტიროდა.
– რა მოხდა? – შეშფოთებული ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს.
– ნილი... – ქვითინი წასკდა მიდას.
– რა დაემართა ნილს? – მეც ამიკანკალდა ხმა.
– ძმებმა მიაგნეს და... – ვეღარ დაასრულა.
– მოკლეს? – ხმაჩამწყდარმა ჩავიჩურჩულე.
ამალი ჩემკენ წამოვიდა და მხარზე ხელი მომხვია. ალბათ შეშლილი სახე მქონდა.
– საზღვრის გადაკვეთისას ესროლეს
– როგორ... ის ხომ... – ჩემთვის ვბუტბუტებდი. – სიდიმ იცის? – ამალის შევხედე.
– კი, ჩემთან იყო ეს ამბავი რომ შეატყობინეს... მაშინვე წავიდა...
– სად წავიდა? – გავაწყვეტინე. – იქ წავიდა?.. რატომ წავიდა... მასაც ესვრიან... – ის ღამე გამახსენდა დაჭრილი მხრით რომ მომადგა ოთახში და კანკალმა ამიტანა. – მარტო წავიდა? – ამალის ორივე ხელს ჩავფრენოდი და გვარიანად ვაჯანჯღარებდი.
– არ ვიცი ევა, არ ვიცი...
– ამალი... – ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე. – რამე რომ მოუვიდეს... მასაც რომ... – ვეღარ დავასრულე, ტირილი ამივარდა.
– არაფერი მოუვა, – უფრო ჩემ დასამშვიდებლად თქვა ამალიმ. – ბატონ სიდის თავის დაცვა შეუძლია.
ყურები დამიგუბდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი. მიდა მშობლებთან გაიქცა. მე ამალიმ მომკიდა ხელი და ჩემ ოთახში ამიყვანა.
მეშინოდა... მეშინოდა რომ რამე დაემართებოდა, მისი დაკარგვის მეშინოდა. რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე გული უფრო მეტად მეკუმშებოდა.
– ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია. მე რომ არა, ნილი ახლაც აქ იქნებოდა, ამ სახლში და ვერავინ გაბედავდა... – უკვე ხმამაღლა ვტიროდი.
ჩემთან ამალი იყო. სახლში ჩოჩქოლი შექმნილიყო. სიდის იქ მარტო წასვლის ამბავი ყველას გაეგო. ბატონი მეხდი რამდენიმე ადამიანთან ერთად მაშინვე წავიდა. მე ისევ დაბლა ჩავედი რომ რამე მაინც გამეგო. მიდა პირველი სართულის აივანზე იჯდა და ხელებს იმტვრევდა. როგორც კი მე და ამალი დაგვინახა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
– სიდის უკვე ვეღარ გადავიტან. რამე რომ მოუვიდეს...
– დამშვიდდი შვილო, სიდის არაფერი მოუვა. – გვერდით მიუჯდა ამალი და გულში ჩაიკრა.
მე წყლის მოსატანად წავედი. პირველ სართულზე ჰანას ოთახის კარი ღია იყო. დავინახე ფეხშიშველი იდგა, თავი ჩაეხარა და იდაყვებში მოხრილი ხელები თავის სიმაღლეზე გაეჩერებინა. უკვე ვიცოდი რომ ამ მდგომარეობაში ლოცულობდნენ, მაგრამ მე მისმა გოდებამ შემძრა... სიტყვები არ მესმოდა მაგრამ მისი თითოეული ინტონაცია გულზე მხვდებოდა. მთელი გრძნობით შეჰღღადებდა უზენაესს.
მეტი ვეღარ შევძელი. მიდას წყალი მივუტანე და ისევ ოთახში შევბრუნდი. მუხლებზე დავემხე და ლოცვა დავიწყე. მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც იქ ვიყავი პირველად გამახსენდა ღმერთი. მე ჩემ ღმერთს ვთხოვდი შველას. მაშინ ისე მწამდა როგორც არასდროს. თითოეულ სიტყვაში ისეთი გულწრფელი ვიყავი. მზად ვიყავი საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დამებრუნებინა სიდი სახლში.
ყველაზე მძიმე ღამე იყო ჩემ ცხოვრებაში. ასეთი უსუსური და დაუცველი იმ ღამესაც არ ვყოფილვარ, ხელ-ფეხშეკრული რომ მიმიყვანმეს სატუსაღოში. ასე უიმედოდ თავი მაშინაც არ მიგრძვნია, როცა ხუთმა კაცმა ერთად მომიშვირა ლულა.
ყველაზე გრძელი ღამე იყო... უსაშველოდ იწელებოდა წუთები. თითოეული დახარჯული წამი სულს მიმძიმებდა.
– სად ხარ სიდი ამდენხანს. – ვინ იცის მერამდენედ ვიმეორებდი.
გათენებას ბევრი არაფერი აკლდა რომ ეზოდან ჩოჩქოლი შემომესმა. მაშინვე გარეთ გავვარდი და აივნიდან ეზოში გადავიხედე. ის იყო... ბატონ მეხდისთან ერთად დაბრუნდა. ჰანა და მიდაც უკვე ეზოში იყვნენ. ჰანა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა მოთქმას მოჰყვა. ვერ მივხვდი შვილის სახლში დაბრუნებისთვის სადიდებელ სიტყვას წარმოთქვამდა, თუ ნილის დაღუპვას გოდებდა. ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა იმ წუთში. მიდა გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა ძმას. სიდიმაც ხელები შემოხვია და ფრთხილად ჩაიკრა გულში, თან თავზე ხელს უსვამდა და ჩუმად უყვავებდა. გადაღლილი სახე ჰქონდა. ღრმად სუნთქავდა. ტანსაცმელიც დაკუჭული და დასვრილი ეცვა. ემჩენოდა რომ არცისე მშვიდი დღე ჰქონდა. დედამისის ათასობოთ კითხვიდან არცერთს უპასუხა. ტრადიციული მშვიდი სახით იდგა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ნილი არასდროს ყვარებია. რომ ყვარებოდა ახლა ასეთი მშვიდი ვერ იქნებოდა. როცა საყვარელ ადამიანს საფრთხე ემუქრება, მაშინაც კი მზად ხარ მთელ სამყაროს დაუპირისპირდე, შიშველი ხელებით მოკლა ყველა ვინც გაბედავს და თითს დააკარებს მას, მან კიდე... ხანდახან ეჭვი მეპარებოდა საერთოდ სიყვარული თუ შეეძლო. ან ზედმეტად ძლიერი ადამიანი იყო და საკუთარი თავის კონტროლი შესანიშნავად შეეძლო. ნეტავ რას იზამდა მე რომ დამმუქრებოდა საფრთხე? იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ დამიცავდა, მაგრამ მაინტერესებდა კონტროლს თუ დაკარგავდა საკუთარ თავზე.
სახლისკენ ყველა ერთად დაიძრა. სიდიმ ზევით ამოიხედა.
დამინახა...
ფრთხილად გაინთავისუფლა თავი დისა და დედისგან და მშვიდი აუღელვებელი ნაბიჯით წამოვიდა კიბისკენ. მთელი სხეულით ვკანკალებდი. ამდენ ემოციას ვეღარ ვუძლებდი. მაშინვე მოვწყდი ადგილიდან და ოთახში შევვარდი. საწოლზე ჩამოვჯექი და სახეზე ხელები ავიფარე, რომ როგორმე დამემალა ემოცია, რომელსაც უკვე შიგნით ვეღარ ვაკავებდი.
ოთახში შემოვიდა და დინჯი, მოზომილი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. ჩაიმუხლა და თითები ფრთხილად შემახო ხელებზე. შეეცადა ჩემი სახისთვის მოეშორებინა. ხელები ჩამოვიღე სახიდან და მთელი ძალით მოვეხვიე კისერზე. შეცბა... არ ელოდა. რამდენიმე წამით წონასწორობაც კი დაკარგა, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მაინტერესებდა. ჩემთვის მთავარი იყო რომ ახლა ჩემ წინ იდგა უვნებელი... შემეძლო შევხებოდი და მეგრძნო.
ვეხვეოდი, მთელი ტანით ვეკვროდი. ვკოცნიდი მხარზე... კისერში, ყველგან სადაც კი შევძელი. წელზე ვიგრძენი მისი ძლიერი ხელები და მის მკლავებში ჩავიკარგე. თავი ოდნავ უკან გადავწიე და თვალებში ჩავხედე. დანისლული მიყურებდა. ტკივილამდე მიყვარდა მისი სახის ყოველი ნაკვთი. დიახ, მე ის მიყვარდა... სიჟემდე მიყვარდა. თავი ისევ მის ყელში ჩავრგე და ისევ ტირილი ამივარდა. თავი ამაწევინა და თვალები მომწმინდა. გადმოიხარა და ძალიან ფრთხილად შემეხო ბაგეზე. თავი დავკარგე... ყველაფერი დამავიწყდა ამქვეყნად – თითოეული ცრემლი, თითოეული ტკივილი, თვით ნილიც კი აღარ მახსოვდა. თავს მაკარვინებდა მისი ყოველი შეხება. ყველაფერს მავიწყებდა. ყველანაირი პროტესტი დაჩრდილა მისმა შეხებამ.
– ევა... – ჩურჩულებდა და მთელი ძალით მიკრავდა გულში.
მეც უკვე მის წინ იატაკზე მუხელბით ვიდექი და ვცდილობდი მთელი სხეულით შემეგრძნო მისი სიახლოვე. მისი სუნი, რომელსაც ყოველთვის ჭკუიდან გადავყავდი. აი ასეთიც კი, მოუწესრიგებელი, მთელი დღის ნაჯირითალი ტანსაცმელდაკუჭული და ოფლიანიც სიგიჟემდე მიყვარდა. ახლა ყველაზე ბუნებრივი და უბრალო იყო. ახლა მის სხეულს მისი სუნი ჰქონდა და არა სუნამოსი ან გაპარსვისშემდგომი გელის.
პირველად ვიგრძენი მისი არეული სუნთქვა, პირველად გავიგე მისი აჩქარებული გულისცემა. პირველად დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. პირველად ვიგრძენი რომ ვაღელვებდი – იმაზე მეტად ვიდრე ამაზე ვიოცნებებდი.
დავმშვიდდი... მისმა აღელევბამ მე დამამშვიდა. თითქოს საკუთარი ნავსაყუდელი ვიპოვე. მთელი სხეულით მოვეშვი. ვგრძნობდი როგორ მიკრავდა თვითონ გულში, როგორ ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს. ფრთხილად ამიყვანა ხელში და საწოლზე გადამაწვინა. თვითონ საწოლთან ჩაჯდა და მზერას არ მაშორებდა. ჩემი ხელი ხელში აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ზღვარზე ვიყავით... ზღვარზე, რომელიც საშინლად გვაშინებდა, მაგრამ რომლის გადალახვა ახლა ორივეს სიგიჟემდე გვინდოდა...
ბევრი რამ შეიცვლებოდა... უკეთესობისკენ, მაგრამ... ალბათ ტკივილით. მაშინ რომ ხამამაღლა გვეღიარებინა ის რასაც ორივე ვგრძნობდით... მაშინ ერთმანეთიც უნდა გვეღიარებინა. მე იქაურობას უნდა შევგუებოდი. იმას უნდა დავთანხმებოდი რაც აბსურდად მეჩვენებოდა, მათი კარნახით უნდა მეცხოვრა. მას კი... მას ალბათ მე უნდა ავეტანე, მთელი ჩემი „სხვანაირი“ ცხოვრების წესით და მისი ცხოვრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებით.
ზღვარი რომ გადაგველახა, ერთმანეთი უნდა შეგვეცვალა – აი რა გვაშინებდა ყველაზე მეტად.
მე ალბათ გამბედაობა არ მეყო – მას კი... ის ალბათ ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. ადამიანი, რომელსაც გრძნობების კონტროლი შეეძლო.
ძალიან ნაზად მაკოცა თითებზე და ოთახიდან მოზომილი, მშვიდი ნაბიჯებით გავიდა.

****
იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს. გათენებამდეც ცოტა იყო დარჩენილი. ვიწექი და ვფიქრობდი.
რამდენი რამ შეიცვლებოდა ამის მერე?! თითქმის ყველაფერი... ახლა მე სიდისთვის საფრთხე ვიყავი – შეიძლება სასიკვდილო განაჩენიც.
ძვირად უჯდებოდა ბატონ სიდის ჩემი გადარჩენა.
არავის ნახვა მინდოდა – მიდასიც კი. არ შემეძლო თვალებში შემეხედა.
რამე უნდა მომეფიქრებინა. სიდისთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. დარწმუნებული ვიყავი არაამქვეყნიური სიმშვიდით შეხვდებოდა თითოეულ ჩემ შიშს. მიდას უმწეოდ აჩეჩილ მხრებს ვერ გადავიტანდი. ამალი? არც კი ვიცი რით შეიძლება დამმხმარებოდა ამალი.
უკვე კარგა ხნის გათენებული იყო, ოთახში ჰანა რომ შემოვიდა. კარი ზურგსუკან მიხურა და ჩემკენ წამოვიდა. სახლში უჩვეულო სიჩუმე იყო. სავარაუდოდ მარტო ვიყავით მე და ჰანა. ფეხზე წამოვდექი. ჩემკენ სვლა არ შეუნელებია, მოვიდა და ხელში წერილი ჩამიდო. დავხედე რუსულად იყო ნაწერი, სავარაუდოდ ვიღაცას ათარგმნინა. იდგა და მიყურებდა, ელოდებოდა როდის წავიკითხავდი. გავშალე და კითხვა დავიწყე.
უნდა ვაღიარო რამე მსგავსს ველოდი. წერილში წასვლას მთხოვდა. მისი შვილის განთავისუფლებას მთხოვდა. მახსენებდა რომ სიდის წინაშე ვალში ვიყავი და ახლა უბრალოდ უფლება არ მქონდა მისი სიკეთით მესარგებლა. სიკეთე – სწორედ ეს სიტყვა ეწერა წერილში. მე მისი სიკეთით ბოროტად ვსარგებლობდი. კიდევ ბევრი ეწერა წერილში, უბრალოდ ახლა გახსენებად არ ღირს. მაგრამ უნდა ვაღიარო რომ თითოეულ სიტყვას ვეთანხმებოდი. ბოლოს და ბოლოს ის დედა იყო. რა უფლება მქონდა ჩემდამი მისი ლოიალური დამოკიდებულება მომეთხოვა? წერილის კითხვას მოვრჩი და ჰანას შევხედე. არ ვიცი რა იფიქრა. ალბათ ცივი მზერა მქონდა. მომიახლოვდა, მაჯებზე ხელები მომკიდა და ჩემ წინ ჩაჯდა. თავიდან ვერ მივხვდი რას აკეთებდა, გაოგნებული ვუყურებდი. ჰანა ჩემ წინ მუხლებზე იდგა და... ჩემ წინ მუხლებზე დედა იდგა და შვილის გადარჩენას მევედრებოდა. მაშინვე მხრებში მოვკიდე ხელი და წამოვაყენე. ტიროდა... ჰანა ტიროდა. ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე.
– ყველაფერს გავაკეთებ სიდის კეთილდღეობისთვის. – ქართულად ვუთხარი. ენას ახლა მნიშვნელობა არ ჰქონდა, მას არც რუსული ესმოდა, მე კი მეგონა ჩემი სიტყვები მშობლიურ ენაზე უფრო დამაჯერებლად ჟღერდა. უფრო საკუთარი თავისთვის, მე მინდოდა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.
ჰანა ოთახიდან გავიდა. მე დავრჩი საკუთარ ფიქრებთან მარტო. ჩემი წასვლის აუცილებლობას მკაფიოდ ვგრძნობდი. ახლა ისღა დამრჩენოდა ყველაფერი კარგად ამეწონ-დამეწონა.
მეორე დღეს ჩემთვის არავის ეცალა. ნილს კრძალავდნენ. ოთახიდან არ გავსულვარ. არც არავის ვუკითხივარ. სახლში ისედაც დაძაბულობა იყო.
გაქცევის გეგმას ვსახავდი. დიახ, გაქცევა გადავწყვიტე. როგორმე თბილისამდე უნდა ჩამეღწია და მერე... მერე რამეს მოვიფიქრებდი. ბოლოს და ბოლოს უკვე სახლში ვიქნებოდი, რისი უნდა ჩემშინებოდა? იქ სამართალს ვიპოვიდი, მართლა ჩალით ხომ არ იყო ეს ქვეყანა დახურული? ეს აქ იქმნებოდა იმის ილუზია რომ თითოეული ტრადიციის გადახვევა სიკვდილით ისჯებოდა. მივხვდი რომ საქმე მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში იყო. უბრალოდ დამაჯრეს რომ თუ არ დავემორჩილებოდი მომკლავდნენ. მართალია ნილს აუსრულეს და დასაჯეს, იმიტომ რომ ნილს მათი სიტყვების სჯეროდა. მე სულელი კი აქამდე მათ ხუშტურებზე შიშის გამო დავდიოდი.
გადავწყვიტე – უნდა წავსულიყავი.
მარტო რა თქმა უნდა ვერ მოვახერხებდი, ვინმე უნდა დამხმარებოდა. ჰანა ალბათ სიამოვნებით დამეხმარბოდა, მაგრამ მასთან კომუნიკაცია მიჭირდა. მიდა თავიდანვე გამოვრიცხე. მასაც საკუთაი ძმის მსგავსად აქაურების სიტყვების რეალურობის სჯეროდა. არ დამეხმარებოდა და ალბათ სიდისთან გაიქცეოდა და წასვლის ნებას არ მომცემდა. ერთადერთი ვინც რეალურად გამახსენდა ამალი იყო.
რამდენიმე დღე მოვიცადე. არაფერს ვიმჩნევდი. ისევ ძველებურად ვცხოვრობდი.
იმ ღამეს სიდი სახლში არ იყო. შუადღეს სადღაც წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულიყო. დაველოდე დანარჩენები როდის დაიძინებდნენ. ჩანთას ხელი მოვკიდე და ალაყაფის კართან მივედი და დაცვას დავუძახე.
– ამალისთან წამიყვანეთ, ამაღამ იქ ვრჩები.
დაცვის შეუმჩნევლად ამ სახლიდან ვერაფრით გავიდოდი ამიტომ გადავწყვიტე თავი ისე დამეჭირა ვითომ დასამალი არაფერი მქონდა. გაპარვის მცდელობისას რომ დავეჭირე მაშინვე ბატონ სიდის დაურეკავდნენ, ისიც მოვარდებოდა და გაქცევის გეგმა ჩამეშლებოდა. ახლა კი რომც დაერეკათ ეტყოდნენ რომ ამალისთან დამტოვეს და ბატონი სიდიც ყოველთვის მშვიდად იყო ამალისთან თუ ვიყავი სტუმრად.
კარი ნამძინარევმა გამიღო და თვალები გაუფართოვდა რომ დამინახა, მითუმეტეს ჩანთით არ მელოდა.
– რა მოხდა? – შეშფოთებულმა მკითხა როგორც კი ოთახში შევედით.
– მივდივარ. – ზედმეტად მტკიცედ გამომივიდა ნათქვამი. მეუღლის გავლენა იყო ალბათ, ნელ-ნელა მას ვემსგავსებოდი.
– სად მიდიხარ... – ენა დაება, ნელ-ნელა ხვდებოდა „რომელ“ წასვლას ვგულისხმობდი, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა.
არაფერი მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნიე.
– სიდიმ იცის? – ხელები ნერვიულად მოისრისა.
არც ამჯერად ვუპასუხე – პასუხი ისედაც იცოდა.
– უნდა დამეხმარო. – საკუთარი მხნეობა მეამაყებოდა.
– თუ ხვდები რას მთხოვ? საერთოდ უფიქრდები რას აკეთებ?
– იმას რაც აქამდე ათასჯერ უნდა მექნა... ამალი, აქ ჩემი ადგილი არ არის. შენთან დახმარების სათხოვნელად მოვედი, თუ შეგიძლია დამეხმარე, თუ არადა ნოტაციებს აზრი აღარა აქვს. უკვე გადავწყვიტე! – სერიოზულად ვბრაზდებოდი უკვე. დავიღალე იმით რომ ყველამ ჩემზე კარგად იცოდა რა იყო ჩემთვის უკეთესი.
რამდენჯერმე ნერვიულად გაიარ-გამოიარა ოთახში და ბოლოს ჩემ წინ შეჩერდა.
– სახლიდან როგორ გამოიპარე?
– ვუთხარი ამალისთან ვრჩები-თქო.
– ღმერთო ევა, რა უნდა მოგიხერხო?!. ჩამოჯექი ჩაი მაინც დავლიოთ... ვილაპარაკოთ...
– არ მინდა ამალი ჩაი... უნდა წავიდე... – კარისკენ წავედი, ვხვდებოდი ამალის საკუთარი თავის და ბატონის სიდის წინაშე ვალდებულებები მოსვენებას არ აძლევდა.
– მოიცადე, ასე როგორ წახვალ? – თითქმის სასოწარკვეთამდე მივიდა, – დამელოდე, ვინმეს მაინც გამოგაყოლებ... ასე შუაღამისას მარტომ ვინმემ რომ დაგინახოს, ისევ ხიფათს გადაეყრები.
მითხრა და სასწრაფოდ გავიდა სახლიდან. ჩამოვჯექი, სხვა რა გზა მქონდა. ველოდებოდი ამალის დაბრუნებას. საკმაოდ დიდი ხანი იყო წასული. წამდაუწუმ ფანჯარაში ვიყურებოდი, უკვე ვღელავდი კიდეც. დიდხანს ველოდე – ალბათ საათზე მეტი. სიხარულით წამოვხტი კარებთან მისი ფეხის ხმა რომ გავიგე. ჩანთას ხელი დავავლე და წასასვლელად მოვემზადე.
ოთახში შემოვიდა, თვალს ვერ მისწორებდა. კარებში გაჩერდა და უხერხულად იშმუშნებოდა. მიზეზსაც მალე მივხვდი. მივხვდი კი არა, დავინახე – კარებში შემოსული სიდი!
დიახ, ამალი, რომელსაც ასე ვენდობოდი, იმის მაგივრად რომ დამმხმარებოდა, სიდისთან გაიქცა.
– ეს რა არის ამალი? – მკაცრად გადავხედე.
არაფერი უთქვამს თავდახრილი იდგა.
სიდი ჩემკენ წამოვიდა ჩანთას ხელი მოკიდა. არ დავანებე, ხელიდან გამოვგლიჯე და ორი ნაბიჯი უკან გადავდგი.
– არ გაბედო ხელის შეშლა! – კბილებში გამოვცერი. – უკვე გადავწყვიტე! მივდივარ.
– ვერც კი ხვდები როგორ ცდები... – მის სიმშვიდეს უკვე მდგომარეობიდან გამოვყავდი.
– ეს თქვენ ცდებით ბატონო სიდი, ეს თქვენ გაქვთ ჩაკეტილი აზროვნება და ვერც კი ხვდებით რამდენად მარტივია ყველაფერი. მე წავალ – თქვენ დარჩებით. მე თავისუფლებას ვიპოვი, თქვენ კი ისევ მშვიდად და აუღელვებლად განაგრძობთ ამ ჭაობში ცურვას. – ჩანთას ხელი დავავლე და მტკიცე ნაბიჯით გავემართე კარისკენ.
როგორც კი ახლოს ჩავუარე წელზე ხელი მომხვია და ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მომცა.
– ხელი გამიშვი, – მის მკლავებში უმწეოდ ავფართხალდი. – თავი ვინ გგონია?
– ევა... – ცდილობდა როგორმე გავეკავებინე, – ნუ მაიძულებ რამე გატკინო.
– მე გაიძულებ? მე შენ რამეს გაიძულებ? შენ გყავარ გაკავებული ორივე ხელით, ნაბიჯის გადადგმის საშუალებასაც არ მაძლევდა მე გაიძულებ რამეს?
– აქედან წავიდეთ და სახლში ვილაპარაკოთ. – უხერხულად აწურულ ამალის გადახედა და შეეცადა ოთახიდან გავეყვანე.
– ხელი გამიშვი! სახლში არ წამოვალ...
გავიბრძოლე კიდეც, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ჩემი სახლიდან გაყვანა და მანქანაში ჩასმა არ გასჭირვებია. კარებიც ჩამიკეტა, როგორიც პატარა ბავშვს და საჭეს მშვიდად მიუჯდა. უკვე ჭკუიდან გადავყავდი მის სიმშვიდეს. ასე მეგონა მისთვის ყველაფერი სულერთი იყო... მეგონა მისთვის მეც სულერთი ვიყავი.
– არ გაქვს უფლება, გესმის? არანაირი უფლება არ გაქვს... – ბრაზი მახრჩობდა. – არ მინდა შენთან, წასვლა მინდა... რა უფლება გაქვს რომ არ მიშვებ?
ხმას არ იღებდა, არც კი მიყურებდა.
მივხვდი რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და გავჩუმდი.
სახლისკენ არ წასულა, საკმაოდ დიდხანს ვიარეთ. ბოლოს მანქანა სახლთან გააჩერა, რომელიც აქამდე არასდროს მენახა. როგორც კი მანქანიდან გადასვლის საშუალება მომეცა, მაშინვე გაქცევა ვცადე... მაგრამ მხოლოდ ვცადე. არ ვიცი წინასწარ ხვდებოდა რომ გავიქცეოდი, თუ უბრალოდ შესაშური რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია, რამდენიმე ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული რომ წინ ამესვეტა და გაქცევის საშუალება არ მომცა. ორივე ხელი მომხვია, ხელში ამიყვანა და ისე შემიყვანა სახლში. ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა ბრაზდებოდა და თითქოს ვზეიმობდი კიდეც გულში. სახლის მეორე სართულზე ამიყვანა და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა. კარი რომ მიხურა მხოლოდ მერე დამსვა ძირს.
– როდემდე გეყოლები ასე? – გულზე ხელები გადავიჯვარედინე და გამმომწვევი გამომეტყველებით დავუდექი წინ. – ადრე თუ გვიან მაინც დავაღწევ თავს შენ ტყვეობას.
– ძალიან გთხოვ... – სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ვხვდებოდი თანდათან როგორ კარგავდა მოთმინებას. – ცოტა მოითმინე და როგორც შეგპირდი დაგაბრუნებ მშობლებთან.
– როდის? სამი წლის მერე? – ხმას ავუწიე.
არაფერი მიპასუხა.
– ნუ მაცინებ სიდი. ჩაგეშალა იდეალური გეგმა. სამი წლის მერე უშვილობის გამო თუ მშობლებთან დამაბრუნებ, ნილის ძმებისგან განაჩენსაც უნდა ელოდო. – ნიშნისმოგებით ვუყურებდი რას მეტყოდა ამის საწინააღმდეგოდ. – მიპასუხე, რას აპირებ სამი წლის მერე? უკვე დასახე გეგმა „ბ“? უკვე განჭვრიტე ყველაფერი? სიტუაციის გამოსწორბაში ვინმე მესამე ცოლი ხომ არ დაგეხმარება? არაა, ალბათ რამე კიდევ უფრო გრანდიოზული გექნება ჩაფიქრებული... – არ ვჩერდებოდი და ხმას უფრო და უფრო ვუწევდი.
ხმას არ იღებდა. ჩუმად იდგა და არც კი მიყურებდა. ნელ-ნელა ჩემ ხმასაც ეკარგებოდა რიხი.
– ღმერთო... – უკვე ჩემთვის ვბუტბუტებდი. – არანაირი გეგმა „ბ“ არ არსებობს არა? უბრალოდ დამაბრუნებ და მორჩა? სიდი... – ახლოს მივედი რომ როგორმე თვალებში ჩამეხედა. – მე გამიშვებ და შენ... – ხელები სახეზე მოვკიდე და შემოვატრიალე. – მაგის უფლებას მე არ მოგცემ, გესმის? აი მაგ სისულელის გაკეთების უფლებას არ მოგცემ.
ხელი გავუშვი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
– მაინც წავალ. დღეს თუ ვერ მოვახერხე – სხვა დროს... იქამდე დიდი დროა. მაგის გაკეთების უფლებას არ მოგცემ. – ცოტაღა მაკლდა ტირილს.
– ევა... – სიტყვებს ვერ პოულობდა.
ღელავდა. ხვდებოდა რომ მართლა არ გავჩერდებოდი აქ. ხვდებოდა რომ მუდმივი კონტროლი შეუძლებელი იყო. ხვდებოდა რომ ერთხელაც შეიძლება მომეხერხებინა გაქცევა.
ავაღელვე... სუსტი წერტილი ვუპოვე და შევეცადე მაქსიმალურად ჩავჭიდებოდი ამას. მის არაამქვეყნიურ სიმშვიდეს ყოველთვის ჭკუიდან გადავყავდი. ახლა კი შევძელი და მისი ნერვული სისტემა ჩვეული კომფორტის ზონიდან გამომყავდა.
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მე არა სხვა იქნება. პირველი ცოლი სათამაშოსავით მოისროლე როგორც კი მოგბეზრდა, მისი სიკვდილიც კი, რომელიც სხვათაშორის შენ სინდისზეა, არ გიდარდია. მეც წავალ... დარწმუნებული იყავი ადრე თუ გვიან წავალ და გამოჩნდება ვინმე მესამე. ღმერთმა ქნას ისიც შენსავით აგყვეს მაგ თამაშებში და...
– ევა... – ხმა უმკაცრდებოდა ნელ-ნელა.
– რა იყო? ტყუილი ვთქვი რამე? სადმე შევცდი? ვინმე ხომ არ გამომრჩა?
– შეცდი ევა, შეცდი... – პირველად გავიგე მისი ყვირილი. – ნილთან მართლა დამნაშავე ვარ... თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალია ყველაფერი და ამაზე პასუხსაც ვაგებ, მაგრამ როცა სხვის გრძნობებზე ლაპარაკობ...
– რომელ გრძნობაზე სიდი? – დასრულების საშუალება არ მივეცი, – სად გაქვს გრძნობა, ერთი უგრძნობი ადამიანი ხარ რომელსაც ყველაფერის კონტროლი შეუძლია საკუთარი ნერვული სისტემი ჩათვლით. შენ...
გაგრძელება ვეღარ შევძელი. ჩემკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა, ხელები მომხვია და მთელი გრძნობით დამაცხრა ტუჩებზე. გაოგნებისგან ვერაფერი მოვახერხე. ცოტა გონს რომ მოვედი  ხელები მკერდზე მივაბჯინე და შევეცადე თავი გამენთავისუფლებინა, ვერ შევძელი... ერთი სანტიმეტრითაც ვერ მოვშორდი მის სხეულს. ძლიერი მკლავებით ისე ვყავდი მიხუტებული, რომ სუნთქვისთვისაც აღარ რჩებოდა ადგილი ჩვენ შორის.
ნელ-ნელა მოვეშვი. მისი ალერსი მეც ჭკუას მაკარგვინებდა. პირველად ვგრძნობდი მისგან ასეთ რამეს. მთელი სხეული უხურდა, ღრმად სუნთქავდა, სახის თითოეულ ნაკვთს მიკოცნიდა და თავის ძლიერ ხელებს ჩემ ზურგზე დაასრიალებდა.
მეც დავკარგე კონტროლი საკუთარ თავზე, ახლა ჩემი ხელებიც მის მხრებს, ყელს, სახეს ეალერსებოდა, ახლა მეც მისი სხეულისკენ მივილტვოდი, ახლა მეც სიგიჟემდე მსიამოვნებდა მისი თითოეული შეხება.
ხელი მაისურის ქვეშ შემიყო და კინაღამ გონება დავკარგე. შიშველ ზურგზე ვგრძნობდი მის შეხებას. ტუჩებით ყელისკენ გადაინაცვლა... მერე მკერდისკენ და ცოტა ხანში ჩემი მაისური უკვე იატაკზე ეგდო. ვნებისგან ათრთოლებული ხელებით მეც გავხადე მაისური და ახლა მის შიშველ ტორსს ვეკვროდი... ღმერთო, იმ წუთას საკუთარი სახელიც კი აღარ მახსოვდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა – მეც თან გამიყოლა და ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე. სულ ერთი წუთით ჩამხედა თვალებში... მერე გადმოიხარა და გავარვარებული ტუჩებით შემეხო სხეულზე. კვნესა ვეღარ შევიკავე. მუცლის კუნთები დამეჭიმა. ორივე ხელი მოვხვიე და მთელი სხეულით ავეკარი.
იმ ღამით თავი აღარ მახსოვდა. იმ ღამით ყველაზე ბედნიერი ვიყავი. იმ ღამით სიდი საკუთარ ქმრად ვაღიარე. ახლა მზად ვიყავი მის ყველა ბრძანებასაც კი დავორჩილებოდი. მე სიდი მიყვარდა. მას კი მე... არ უთქვამს, მაგრამ იქ სიტყვები ნამდვილად ზედმეტი იყო. საკუთარი ქმრის მკერდზე მისვენებული გათენებას ველოდი... მერე დაღამებას... მე უკვე უსასრულობას ველოდი. დროის ათვლა საერთოდ დავივიწყე. იმ ღამით ჩემთვის დრო გაჩერდა.
მის ისევ რიტმულ, მშვიდ სუნთქვას ვგრძნობდი და ახლა ეს მეც მამშვიდებდა. ჩემ მხარზე მოსრიალე მის თითებს ჯერ ისევ ჭკუიდან გადავყავდი.
არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში... იოლი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ მაშინ ამაზე ფიქრის სურვილიც კი არ მქონდა. მაშინ ჩემ სამყაროში ვცხოვრობდი... მხოლოდ მე და სიდი.


თავი 5
– ბევრად ადრე გნახე... – წამოიწყო მოულოდნელად.
ქვევიდან ავხედე. მხარზე ხელი ძლიერად მომხვია და სხეულზე ამიკრო.
– სასამართლომდე გნახე. იმ დღეს სალოცავისკენ რომ მიდიოდი... მანქანით ჩაგიარე.
სუნთქვაც კი შევიკარი. ასეთი გულახდილი სიდი არასდროს მენახა.
– შენ ჩემთვის მხოლოდ მოვალეობა არ ყოფილხარ. – ყველა ჩემ კითხვას სცემდა პასუხს. – შენი დატყვევების ამბავი ამალისგან გავიგე, მაგრამ სანამ გნახავდი ვიცოდი ვინც იყავი. მაშინ სასამართლოზე შენი გულითვის არ გამომითქვამს შენი ცოლად მოყვანის სურვილი. ეს ჩემი გულისთვის გავაკეთე.
– სხვა რომ ყოფილიყო...
– სხვას ცოლად არ მოვიყვანდი – გამაწყვეტინა. – ყველანაირად ვეცდებოდი გადამერჩინა, მაგრამ ცოლად არ მოვიყვანდი. სხვისი გულისთვის უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. ევა, გამიგე, ჩემთვისაც ძნელია... ძნელი კი არა აუტანელია ვიყო ვიღაცის უბედურების მიზეზი. ჯერ ნილიც ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის. შენ სხვა იყავი. შენ მიმართ ეგოისტური გრძნობა მქონდა. მე მინდოდა რომ გეცოცხლა... თან ჩემ გვერდით...
– ანუ... – წამოვჯექი და მკერდზე ზეწარი შემოვიხვიე. – არსებობდა სხვა გზაც?
– არ ვიცი ევა... მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. შენ პირველი იყავი ვინც იმ ადგილას ფეხი დადგა. სხვას არავის გაუბედავს. ეს პროცესიც პირველი იქნებოდა. ალბათ შეიძლებოდა რამე სხვა გამოსავალის პოვნაც, მაგრამ სარისკო იყო. წესდებაში წერია რომ შენი საქციელი სიკვდილით ისჯება, მაგრამ ალბათ რაღაც-რაღაც გარემოებების გათვალისწინება შეიძლებოდა. უბრალოდ...
– უბრალოდ შენ თვითონ გადაწყვიტე რომ კიდევ ერთი ცოლი არ აწყენდა შენ ჰარამხანას არა?
გაგულისებული გადმოვედი საწოლიდან და შარვალს დავწვდი.
– ევა... – მუდარით გადმომხედა.
ყურადღება არ მიმიქცევია, მაისური გადავიცვი და აივანზე გავედი. ბნელოდა. ქალაქიდან საკმაოდ მოშორებულები ვიყავით. აივნის მოაჯირს ჩამოვეყრდენი და სიდის ნათქვამის გადახარშვას ვცდილობდი. შეეძლო ეს ქორწინება აეცილებინა თავიდან, მაგრამ...
სიდიც გამოვიდა. არც კი შემიხედავს. ჩვეული დინჯი ნაბიჯით მომიახლოვდა და გვერდით დამიდგა. წელსზევით შიშველი იყო, მხოლოდ შარვალი ამოეცვა.
– ნანობ? – ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მკითხა. – ამ ყველაფერს... თუნდაც ჩვენ ქორწინებას ნანობ?
– შენ არ გესმის სიდი. ისე თამაშობ ადამიანების ბედით გეგონება უსულო თოჯინები იყვნენ. რა იცოდი, – მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე. – რა გარანტია გქონდა რომ მე რამე გრძნობა გამიჩნდებოდა შენ მიმართ, ან იქნებ შენ თვითონ გაგციებოდა ეგ ეიფორია. იქნებ სულაც არ ვყოფილიყავი ისეთი როგორიც წარმოგედგინე. ერთი ნახვით რას უნდა მიმხვდარიყავი... მერე რას იზამდი? სასიკვდილოდ გამიმეტებდი? მაინც შენი დახსნილი ვიქნებოდი სიკვდილისგან და ამის უფლება გექნებოდა? – ნელ-ნელა ხმას ვუწევდი და ნელ-ნელა ეცვლებოდა მას სახე.
– შენ უბრალოდ სახლში დაგაბრუნებდი... –  სივრცეს გახედა. – არც ისეთი მტარვალი ვარ როგორიც გგონივარ.
– და საკუთარ ბედს დადებდი სასწორზე? – შეშინებულმა შევხედე და ხმას დავუწიე.
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ხელები მომხვია და ახლოს მიმიზიდა.
– ნეტავ ერთი შენს გონებაში ჩამახედა. – უფრო ჩემთვის ჩავიბუტბუტე.
დიდხანს ვიდექით ასე და მზის ამოსვლას ვუყურებდით. უსიტყვოდ. ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა. ალბათ ყველაზე ბედნიერი, მაგრამ ეს ადგილი მაშინებდა... გულისწასვლამდე.
– სიდი... მოდი წავიდეთ აქედან. მე და შენ.
– ეს ჩემი ქვეყანაა ევა... აქ ჩემი ოჯახია. მიდას ან მშობლებს რა ვუყო? ასე ადვილი არაა წამოსვლა.
გავჩუმდი. თავში უამრავი ფიქრი მერეოდა. ბოლოს მაინც ვთქვი ის რაც მოსვენებას არ მაძელვდა.
– არჩევანის წინაშე რომ დადგე... მე რომ მივდიოდე... შანსი რომ არ იყოს ჩემი დარჩენის... შენ წამოხვიდოდი? – თვალებში ვერ ვუყურებდი ისე ვკითხე.
თვითონაც ვხვდებოდი, რომ აშკარა ცუდ სიტუაციში ვაყენებდი, ისეთ რამეს ვეკითხებოდი რაზეც პასუხი არ ჰქონდა...
– ევა... გთხოვ... – შიში ჩაუდგა თვალებში, პირველად ვხედავდი ასეთს. მისი რეალური შიში დავინახე. – გთხოვ ამას ნუ აკეთებ.
მეტი არაფერი მითქვამს, არ მინდოდა ის ღამე გამეფუჭებინა. ისედაც საკმარისზე მეტი დრო დავხარჯეთ ამ უსიამოვნო საუბარზე. იმ ღამით მინდოდა მხოლოდ მე და სიდის გვეარსება, ყველანაირი ვალდებულებების და სხვა ადამიანების გარეშე.

****
მეორე საღამოს დავბრუნდით სახლში. მიდამ დამინახა თუ არა ჩემკენ გამოექანა.
– სად იყავი? მოვკვდი ნერვიულობით. ამალიმ მითხრა... – ცოტა ხმას დაუწია და ძმას გადახედა.
– საზღვრიდან მოვაბრუნე – ჩაიღიმა სიდიმ და როგორც ჩვეოდა მშვიდი ნაბიჯებით შევიდა სახლში.
– ევა, – საყვედურით გადმომხედა. – შენ იცი რა საფრთხეში იგდებდი თავს? გამაგებინე რა გჭირს?
– ჰაერი არ მყოფნის მიდა, ვიხრჩობი. თქვენ აქ დაიბადეთ, თქვენ აქაურობას შეჩვეული ხართ, იცით როგორ უნდა გამოიზოგოთ ჟანგბადი რომ არ გაიგუდოთ... მე კი ვიხრჩობი. – ვუთხარი და სახლში შევედი.
ოთახში ამომყვა.
– შენ იცოდი რომ შეეძლო ყველაფერი სხვანაირად მოეგვარებინა? – კარებთან მდგარ მიდას მივუბრუნდი. – იცოდი რომ ჩემი განაჩენი შეიძლება სულაც არ ყოფილიყო სასიკვდილო?
– ევა, დამერწმუნე, აქ სხვანაირი სასჯელი არ იციან. რის სანაცვლოდ შეიძლება გაენთავისუფლებინე? არაფრის. ეს სიდი გრძნობს თავს დამნაშავედ და ჰგონია, რომ ყველა შანსი არ გამოიყენა რომ შენი თავისუფლება არ შეეზღუდა.
კამათის თავი აღარ მქონდა.
ამ ამბის მერე ასე თუ ისე შევეგუე ჩემ მდგომარეობას, ერთადერთი რაც ამ სამყაროში არსებობას „მაიძულებდა“ სიდი იყო. მისი სიმშვიდე, მისი სიყვარული, ჩემი მისდამი გრძნობა. რაღაცის იმედი მქონდა. რისი მეც არ ვიცი.
ბედნიერი ვიყავი? – უფრო შეყვარებული.
იმ სამყაროში არსებობა მიჭირდა. იქ მე მე არ ვიყავი. ყოველთვის თავისუფლების მოყვარულს ახლა ერთადერთი რაც მევალებოდა სიდის სიყვარული იყო და მეტი არაფერი. რაღაცით დედაჩემსაც გავუგე. მივხვდი რომ ალბათ თავს ისიც ასე შეზღუდულად გრძნობდა, თითქოს ფრთებდაჭრილი ადამიანი ვიყავი.
ცოტა ხნით მთის სახლში გადასვლა გადავწყვიტეთ. ის ადგილი ჩემთვის უკვე განსაკუთრებული გახდა. იქ თითქოს თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდი. სულ ერთი კვირით წავედით, მაგრამ ის ერთი კვირა ჩემთვის დაუვიწყარი იყო. სიდიც სხვანაირი იყო. ზუსტად ისეთი მე რომ ჭკუას მაკარგინებდა. მოსიყვარულე, ვნებიანი მზრუნველი, თუმცა ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული.
– სიდი, – ნაზად ვუხახუნებდი ცხვირისწვერს ყელზე და ვცდილობდი მის მკერდზე უფრო მოხერხებულად ჩამომედო თავი. – რა იქნება მერე?
– მეყვარები. – თავზე მაკოცა.
სიგიჟემდე მიყვარდა მასთან ერთად აივანზე ჯდომა და ჩაის სმა. მთებს გადავხედე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. დღეს ვბრუნდებოდით უკან... რეალობაში. არ მეთმობოდა აქაურობა, თითქოს აქ ჩემი წილი თავისუფლება ვიპოვე.
– აქაურობა მომენატრება. – კალთაში გადავუჯექი და ხელები კისერზ შემოვხვიე. – არ წავიდეთ რაა, აქ დავრჩეთ.
– მე შენ მენატრები. – ჩემ ყელში ჩარგო თავი და ისე ამოიჩურჩულა. – ყოველთვის, მაშინაც კი როცა ასე ახლოს ხარ. – გავშეშდი, ასეთი გულწრფელი და ემოციური პირველად იყო. – მეშინია... შენი ნახვის მერე პანიკურად მეშინია რომ ერთხელაც ეს ყველაფერი დასრულდება. ხანდახან ილუზია მგონიხარ... რეალობისთვის ზედმეტად კარგი ხარ. ასე მგონია შენთან ყოფნის დრო განსაზღვრული მაქვს. ვცდილობდი არ შეგჩვეოდი. შეგეჩვიე და შიში ვისწავლე. მეშინია ცოლი გიწოდო... შენ ბევრად მეტი ხარ. მეშინია შენი და აქაურობის. შენ გაცილებით მეტი ხარ. ევა... შენ ზუსტად ის პირველი ქალი ხარ, შენი რელიგიიდან. ის პირველი მაცდური, რომლისთვისაც მზად ვარ ყველანაირი სასჯელი ვზღო...
ევა!
გეძახი და მოდი,
მინდა შეგეხო და გიგრძნო.
ადამს შენ წაართვი ნეკნი
გულის წართმევასაც ვითხოვ.
მიდი, გაახილე თვალი
თმები გაიშალე მკერდზე,
არ ხარ სულ პირველი ქალი,
კარგი ნუ ბრაზდები ჩემზე.
პირველსაწყისია ცოდვა,
ვნების გამოჩენას გირჩევ,
ადამს აუხილე თვალი
გულის მიცემასაც გირჩევ.
მერე კი იქნება სევდა...
თავი ჩამალული მხრებში
წამში დაკარგული ნდობა,
საკაცობრიო წყევლით. (ავტ. თათა დემეტრაშვილი)
ყველაზე სასურველი წყევლა ხარ ჩემი ევა. ჩემი ნებაყოფლობითი წყევლა. ვიცი რომ ნელ-ნელა გფიტავ, გაქრობ, მაგრამ ვერ გელევი. მენატრები... შენი სუნთქვა მენატრება... ჩემ შეხებაზე გახშირებული სუნთქვა. შენი სუსტი, მოქნილი თითები მენატრება, რომლებმაც იციან როგორ უნდა შეეხონ ჩემ სხეულს, ისე რომ თითოეული უჯრედი ააფეთქონ. შენი ხმა მენატრება... ამ ბოლოს მიმქრალი, თითქოს ჩამწყდარი, მაგრამ ყველაზე სასურველი ხმა. შენი სხეული მენატრება... ჩემ მკლავში მთრთოლვარე სხეული. მენატრები ევა... ყოველთვის... ახლაც... როცა შენი გახშირებული სუნთქვა მესმის, როცა თითებს ჩემს მკერდზე დაასრიალებ, როცა შენი ძლივსგასაგონი კვნესა მესმის, როცა აი აქ ხარ, ჩემ მუხლებზე მოკალათებული და ჩუმად ტირი... მენატრები ევა...
მართლა ვტიროდი. ასეთი სიდი არასდროს მენახა. თავიდან ბოლომდე შემოვიდა ჩემში, მთელი ორგანიზმში გაიარა. მართლა ყველა უჯრედი ამიფეთქა.
კიდევ დიდხანს ვიყავი გაუნძრევლად, უხმოდ მომდიოდა ცრემლები, მაგრამ ვერ ვიყავი ბოლომდე ბედნიერი. მეც ის მაწუხებდა რაც სიდის. კიდევ დიდხანს ვიჯექით ასე. მის მკლავებში მოქცეული, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვბრუნდებოდით რეალობაში იქ სადაც ბევრად რთული იყო ამ ყველაფრის თქმა ან თუნდაც გააზრება.
ღამდებოდა მთის სახლიდან რომ გამოვედით. მანქანს შემოვუარე და მძღოლის გვერდით დავიკავე ადგილი. სიდიმ კარი ჩაკეტა და მანქანის კარი გამოაღო. ის იყო უნდა ჩამჯდარიყო, რომ იარაღის ხმამ გაჭრა ჰაერი. უკან მივიხედე შეშინებულმა მაგრამ მანქანის უკანა ხედვის მინიდან სიბნელეში ვერაფერი გავარკვიე. შეშინებული სიდისკენ მოვბრუნდი და კინაღამ გული გადამიტრიალდა. უკვე მუხლებზე იდგა, ორი ჭრილობა ჰქონდა, მუცელზე და ხელში.
შევკივლე, საკუთარმა ხმამ მეც კი შემაძრწუნა.
არ მახსოვს როგორ გადმოვედი მანქანიდან და როგორ მივვარდი სიდის. უკვე გონება ჰქონდა დაკარგული. მანქანის უკანა კარი გამოვგლიჯე და მის სხეულს შემოვხვიე ხელები. ახლაც ვერ ვხვდები როგორ მოვახერხე იმხელა უგონო სხეულის მანქანში შეთრევა. გაჭირვებით მოვათავსე უკანა სავარძელზე და კარები მივხურე. საჭეს მივუჯექი და ქვითინი ამივარდა. რამდენიმე წამი დაქოქვაც ვერ მოვახერხე, ხელები სულ სისხლიანი მქონდა. სისხლით იყო მოსვრილი მთელი მანქანაც. ისიც კი არ ვიცოდი საავადმყოფო სად იყო. საკუთარ თავს ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ ახლა პანიკის და ისტერიკების დრო არ მქონდა. მეც არ ვიცი როგორ მოვახერხე საერთოდ მანქანის მართვა. გზაც არ მახსოვდა წსიერად, მაგრამ მაინც მივდიოდი. როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე. მანქანა კარებთან გავაჩერე, გადმოვხტი და ორივე ხელი ალაყაფის კარს დავუშინე. იქვე ჩავიკეცე. დაცვა მაშინვე გამოვიდა და სისხლიანი რომ დამინახეს მაშინვე ზედ გადამეფარნენ, იფიქრეს მე მესროდნენ.
– მანქანაში სიდია. – ესღა ამოვთქვი და თვალებზე ხელი ავიფარე.
სახლიდან პირველი მიდა გამოვარდა და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა კინაღამ გული წაუვიდა.
– ესროლეს მიდა. – ისტერიულად ვკიოდი.
დაცვას უკვე გადმოეყვანა მანქანიდან სიდი და სახლში შეიყვანეს. მიდამ გონზე მოსვლა რომ შეძლო ხელები მომხვია, წამომაყენა და სახლში შემიყვანა. მაშინვე ჩემ ოთახში შემიყვანა და შხაპის ქვეშ დამაყენა. ერთიანად ვკანკალებდი. ჩუმად ცრემლებს ყლაპავდა და ისე ცდილობდა ჩემი ხელებიდან სისხლი მოეშორებინა. შხაპმა ცოტა აზრზე მომიყვანა. მიდამ მარტო დამტოვა და სისხლიანი ტანსაცმელი გავიხადე. მეშინოდა გამოსვლა და სიდის ამბავის კითხვა. არ მინდოდა ისეთი რამ მომესმინა რაც საბოლოოდ გამანდგურებდა.
მაინც გამოვედი და სასოწარკვეთილი მზერით შევხედე მიდას.
– ორი ტყვია აქვს მოხვდერილი. – ხმა უკანკალებდა.
ვხვდებოდი რომ მხოლოდ ჩემი გულისთვის აკონტროლებდა თავს.
– კარგად იქნება... სხვა შანსი არაა. – ამით საკუთარი თავის დარწმუნებასაც ცდილობდა.
მძიმედ იყო სიდი დაჭრილი. მუცელში მოხვდერილი ტყვია საშიში იყო. რამდენიმე დღე უგონოდ იყო. ის დღეები მისი ოთახიდან არ გამოვსულვარ. მის საწოლზე ვიწექი და ველაპარაკებოდი. ველაპარაკებოდი ყველაფერზე, რაც მანამდე არ მითქვამს მისთვის ყველაფერი ვუთხარი. როგორც თვითონ იტყოდა – მოქნილი თითებთ ვეხებოდი მის სხეულს და მინდოდა თითოეული უჯრედი ამეფეთქებინა, რომ ეგრძნო და ებრძოლა. რომ დაბრუნებულიყო. უნდა დაბრუნებულიყო!
სამი დღე იყო უგონოდ. სამი ჯოჯოხეთური დღე გამოვიარე...
გონს რომ მოვიდა გამოკეთებაც დაიწყო, ნელა, მაგრამ მთავარი იყო რომ ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მეც საღად განსჯის უნარი დამიბრუნდა.
– ვინ იყო... – პირველი ეს კითხვა დავუსვი.
არაფერი მიპასუხა. სუსტად გაიღიმა და ხელზე მომეფერა.
– იცი რა გადავიტანე? – გაბუტული ბავშვივით ვსაყვედურობდი. – კინაღამ ჩემ თვალწინ მოგკლეს.
– მოდი ჩემთან. – ოდნავჩახლეჩილი სუსტი ხმით მითხრა და წელზე ხელი მომხვია.
თავი ფრთხილად დავდე მის მკერზე და ტირილი ამივარდა. ნაზად დაასრიალებდა თითებს ჩემ მხარზე და მშვიდად, რიტმულად სუნთქავდა.
– სიდი... წავიდეთ აქედან... გთხოვ... – უკვე ჩუმად ვსლუკუნებდი. – აქ ჯოჯოხეთია.
– აქ თუ ჯოჯოხეთია, მე თვითონ ვარ ჯოჯოხეთის მოციქული. მე და ჩემნაირები ვქმნით აქ სამყაროს.
მეტი არგუმენტი არ მქონდა. მას საკუთარი, თუნდაც ჯოჯოხეთი უნდოდა.
ფეხზე წამოდგომა რომ შეძლო, უფრო მეტად შემეშინდა. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ შეიძლება გარეთ გასულიყო და ვიღაცას ბოლომდე მიეყვანა ის რაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ალაყაფის კარებთან გადავუდექი წინ და გარეთ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ტრადიციულად მშვიდად მიყურებდა.
– ევა, უნდა წავიდე.
– არ გესმის სიდი... – ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. – იქ... იქ...
ვხვდებოდი რომ მთლიანი ფსიქიკა მენგრეოდა. უმნიშვნელო რამეზეც კი საშინელი რეაქცია მქონდა.
იმ დღეს დარჩა. შეუძლებელიც იყო... ისტერიკამდე ვიყავი მისული. მთელი დღე ჩემთან ერთად გაატარა და ცდილობდა მაქსიმალური კომფორტი მეგრძნო.
– გინდა რამდენიმე დღით მთის სახლში წავიდეთ? – ვხვდებოდი რომ თვითონაც აშინებდა ჩემი მდგომარეობა.
– არა... – ორივე ხელით ჩავაფრინდი და შეშინებულმა შევხედე.
ჩემი მაშინდელი მდგომარეობა მეც კი მაშინებდა. ცოტა მოგვიანებით მივხვდი ამ ყველაფრის მიზეზს. ფეხმძიმედ ვიყავი.
ვერაფრით წარმოვიდგენდო ოდესმე ამას თუ ვაღიარებდი, მაგრამ ორსულობამ ისე შემაშინა როგორც არასდროს. თითქოს შიგნიდან მართლა უცხო სხეულს ვგრძნობდი. როგორც არასდროს ისე მომინდა აქედან გაქცევა. უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ვითარებაში, მთავარია რომ წავიდოდი.
საკუთარი შვილისთვის აქაურობა არ მემეტებოდა. წარმოდგენაც არ მინდოდა იმის რომ გოგო დაიბადებოდა და ამ სამყაროში არსებობა მოუწევდა. იმ ტრადიციებით უნდა გაზრდილიყო, უფრო მეტიც – მე უნდა გამეზარდა ამ ტრადიციებით. მერე ვინ იცის დაუშვებდა უმნიშვნელო შეცდომას და... გაფიქრებაც არ მინდოდა. ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე პანიკური შიშები დამეწყო. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ უშვილო იქნებოდა და თითქმის ნათლადაც წარმოვიდგენდი როგორ სჯიდა ქმარი სიკვდილით. ან შეიძლებოდა სიგიჟემდე ყვარებოდა ვინმე, გათხოვილიყო და მიდასავით სულ პატარა ასაკში დაქვრივებულიყო. არცერთი ცხოვრებისთვის არ მემეტებოდა ჩემი ჯერ არდაბადებული შვილი. მაშინ პირველად გავუგე ქალებს, რომლებსაც ქალიშვილის დაბადება უდიდეს ტრაგედიად მიაჩნიათ. იმ სიტუაციაში მეც მზად ვიყავი მუხლების გადაყვლეფამდე მელოცა ოღონდ ბიჭი ყოფილიყო ჩემი შვილი. გავუგე იმ დედებს... მათ საკუთარი ქალიშვილი ეცოდებოდათ იმ რეალობისთვის, რომელშიც თვითონ უწევდათ ცხოვრება.
იქნებ ბიჭი იყოს...
დაახლოებით ათასჯერ მაინც გამიელვა თავში ამ აზრმა და ათასჯერვე შემძულდა საკუთარი თავი. ალბათ არც ბიჭს ექნებოდა დალხენილი ცხოვრება. ამ სამყაროში თუ მოვახერხებდი და „სწორ“ ადამიანად აღვზრდიდი, ათჯერ მეტი ბრძოლა მოუწევდა რომ საკუთარი თავი არ დაეკარგა. ან სიცოცხლეს მოუსპობდნენ ნაადრევად, როგორც ჰადის, ან სიდივით...
შეიძლება მეტისმეტად მუქ ფერებში ვხედავდი ყველაფერს, მაგრამ მე ვიყავი ჯერ არშემდგარი დედა, რომლისთვისაც იმის გაცნობიერებაც კი რთული იყო რომ მასზე სულ ახალი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. ჯერ არდაბადებული, უსუსრი, თავიდან ბოლომდე ჩემზე მონდობილი. მე უნდა შემექმნა მისთვის სამყარო და რას ვპირდებოდი? ჯოჯოხეთს, სადაც სუნთქვა მეც კი მიჭირდა?
სიდისთვის არ მითქვამს ჩემი ფეხმძიმობის ამბავი. მეშინოდა რომ ვეტყოდი და ყველაფერი გადაწყდებოდა...
ახლა ჯერ კიდევ მქონდა არჩვანის უფლება...
ჩემში ცვლილებას ყველა ატყობდა. გავხდი, თითქმის ვერაფერს ვჭამდი. მეშინოდა ყველაფრის, საკუთარი ჩრდილისაც კი. ერთხელ ამალისგან მომავალი სულ შემთხვევი გადავაწყდი პროცესიას, როცა 14 წლის ბავშვი ზარ-ზეიმით მიჰყავდა ვიღაც ჩასუქებულ ულვაშიან არსებას სახლში ცოლად. ბავშვის სახე არ დამავიწყდება არასდროს – სასოწარკვეთილი თვალებით ითხოვდა შველას. როგორც მერე გავიგე, იმ არაკაცმა ძალა იხმარა ბავშვზე და მშობლები იძულებულები იყვნენ ნამუსის მოსაწმენდად გაეთხოვებინათ. საერთოდ არავინ კითხულობდა პატარა ბავშვს რამხელა ტრავმა შეიძლებოდა ჰქონოდა. სამაგიეროდ ნამუსი ხომ ჰქონდა სუფთა?!
მინდოდა მივვარდნილიყავი და ეს ბავშვი ხელიდან გამომეგლიჯა იმ არაკაცისთვის, მაგრამ მივხვდი როგორი უძლური და უსუსური ვიყავი მთელი ამ უსამართლობის წინაშე. მაშინ იმ ბავშვში მე საკუთარი შვილი დავინახე.
სახლამდე ძლივს მივედი. მიდა მიხვდა რომ საშინლად იმოქმედა ნანახმა ჩემზე. მაშინვე სიდი მოვძებნე – ეზოში იყო.
– სიდი, წავიდეთ აქედან... – სასოწარკვეთამდე მისული საკუთარ თავს ძლივს ვაკონტროლებდი. – თუ გიყვარვარ, თუ გინდა ჩვენ ურთიერთობას მომავალი ჰქონდეს, უბრალოდ წამომყევი. წავიდეთ და საერთოდ დავივიწყოთ აქაურობა.
არ მიპასუხა. პასუხი ისედაც ვიცოდი.
– ევა... – მხოლოდ ეს მითხრა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა.
– არ მოხვიდე! არ შემეხო. – ცრემლებთან ერთად ჩავყლაპე ეს სიტყვები.
მივბრუნდი და სახლისკენ წავედი. ყველა სართული დავიარე და ბოლოს ჰანას სამზარეულოდან მომავალს მივაგენი. კიბეებზე ჩამოვდიოდი, მაგრამ რომ დავინახე უკან ავბრუნდი და მის ოთახში დაველოდე. ჩემ ნახვას საკუთარ ოთახში ნამდვილად არ ელოდა, კარებშივე გაჩერდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მის წინ მუხლებზე დავდექი. ხელები მაჯებში მოვკიდე. იმ წუთას ალბათ შეშლილი ადამიანის სახე მქონდა.
– ჰანა... – წამოვიწყე ქართულად. – შენც დედა ხარ და გამიგებ... მიეცი საშუალება აქედან წავიდეს. გთხოვ, აქედან უნდა წაგვიყვანოს. მერე გვიან იქნება, ძალიან გვიან.
გაოგნებული მიყურებდა. დაახლოებით ხვდებოდა ალბათ რას ვთხოვდი, მაგრამ ბოლომდე რთული დასაჯერებელი იყო მე მის წინ მუხლებზე ვიდექი და შეშლილი თვალებით ვემუდარებოდი. უკვე ვტიროდი... ვტიროდი კი არა მოვთქვამდი და მის ხელებს ჩავფრენოდი. გაოგნებისგან ვერაფერს აკეთებდა. იდგა მხოლოდ და თვალებგაფართოებული მიყურებდა.
მერე მისი მშვიდი ნაბიჯების ხმა გავიგე. დავინახე როგორ გასწია გვერდით დედამისი და ჩემკენ დაიხარა. ორივე ხელი მომხვია და მსუბუქად ამიტაცა ხელში. მკერდზე ამიხუტა და ჩემი ოთახისკენ წამიყვანა. თავი მის მკერდზე მქონდა მიყრდნობილი და მის აუღელვებელ მშვიდ მსუნთქვას ვუსმენდი. დავრწმუნდი რომ მცირედი შანსიც კი არა არსებობდა იმის რომ სიდი აქედან წამომყვებოდა. ვეცოდებოდი ასეთ მდგომარეობაში, ყველაფერს იზამდა ჩემი დეპრესიიდან გამოსაყვანად, მხოლოდ აქედან არ წამომყვებოდა.
ვუყავრდი... ალბათ სიგიჟემდეც, მაგრამ ის მართლა აქაურობის შვილი იყო. რომ წამომყოლოდა ჩემ სამყაროში, მასაც იგივე დაემართებოდა რაც მე მჭირდა აქ.
სხვა გზა არ იყო...
გადავწყვიტე...
უნდა წავსულიყავი...
მე და ჩემი შვილი...
სიდის გარეშე არსებობა უნდა მეცადა.
იმავე ღამეს გავიპარე ოთახიდან და ჰანასთან მივედი. ჟესტებით და ოროდე სიტყვით რაც მიდასგან ვიცოდი, მივახვედრე რომ სანდო თარჯიმანი მჭირდებოდა რომ მასთან მესაუბრა. თავი დამიქნია და მივხვდი გამიგო.
მეორე დღეს მიდა მოვიდა ჩემ ოთახში და შეშფოთებაშეპარული ხმით მითხრა:
– დედა გთხოვს რომ დღეს მთავარ მოედანზე გაყვე. – გაჩუმდა და დამაკვირდა რა რეაქცია მექნებოდა ამ სიტყვებზე. მშვიდად ვიყავი. – აქაური ტრადიციაა დედამთილის და რძლის ერთად გასვლა ხალხში. თუ წინააღმდეგი არ იქნები...
– რა თქმა უნდა მიდა. გავემზადები და ჩამოვალ. – მივხვდი რა სარჩულიც ედო ჩვენ ერთად გასვლას სახლიდან.
სწორად მივხვდი – ჰანამ „სანდო“ ადამიანთან წამიყვანა. რა თქმა უნდა ჯერ მთავარ მოედანზე გავედით, მერე ერთ ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია და დიდხანს ვიარეთ მიხვეულ-მოხვეული გზით. ბოლოს ქუჩის განაპირას ერთ პატარა სახლში შევედით. ოთახში ასე 50 წლის ქალი იჯდა და პატარა ბავშვს აჭმევდა. ჰანამ უზარმაზარი კალათა მაგიდაზე შემოდგა. ქალმა ჰანას თავი მდაბლად დაუკრა და როგორც მივხვდი მადლობებით აავსო. ჰანაც გამოეპასუხა და კაბის კალთაზე კოცნის უფლება არ მისცა. ბოლოს ქალი მე მომიბრუნდა და რუსულად მკითხა:
– გისმენ შვილო, რა გინდა რომ ვუთარგმნო?
– აქედან გაქცევაში უნდა დამეხმაროს. – ჩემდაგასაკვირად საკმაოდ მტკიცედ წარმოვთქვი.
ქალს სახე შეეცვალა. ორჭოფობდა ეთარგმნა თუ არა.
– გადაუთარგმნე! – თითქმის ვუბრძანე.
უთარგმნა. ჰანას სახე შეეცვალა, თქმით არაფერი უთქვამს.
– უშვილო ვარ... დიდი ხანია ვიცი და ამიტომ მეშინოდა სიდის ცოლობა. – ნერვიც არ მითამაშებდა ისე ვტყუოდი. – ახლა თუ არ წავედი მერე გვიან იქნება.
ჰანას ფერი აღარ ედო სახეზე.
– მე აქედან წავალ, თქვენ კი იტყვით რომ თავი მოვიკალი. – გზადაგზა ვიგონებდი საშინელ სცენარს. – სიდიმაც უნდა დაიჯეროს, – აქ უკვე ხმა ამიკანკალდა. – სხვა შემთხვევაში წასვლის ნებას არ მომცემს.
იქ არაფერი უთქვამს ჰანას. ისევ მდუმარედ წამოვედით, მაგრამ დარწმუნებულ ვიყავი რომ დამეხმარებოდა.
სახლში დაბრუნებულმა როგორც კი სიდი დავინახე, პირველი თოვლივით ხელში შემომადნა მთელი გამბედაობა. აუტანლად მეტკინა იმის გააზრება რომ ცოტაც და შეიძლება ვეღარასდროს მენახა. ტირილი მომინდა. გავექანე და გულში ჩავეკარი. მშვიდად იდგა და მხრებზე მეფერებოდა. უკვე ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდა მისი სიმშვიდე, მისი აუღელვებელი პულსაცია. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – თავს ვერასდროს ვაპატიებდი სიდის მიტოვებას. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ამ გარემოში შვილს ვერ გავაჩენდი.
რამდენიმე დღის მერე ჰანამ წერილი მომცა, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი როგორ უნდა წავსულიყავი აქედან. მთავარი იყო მე გამეღწია აქედან და დანარჩენზე ჰანა იზრუნებდა. ის დაარმუნებდა სიდის რომ მდინარეში დავიხრჩე თავი. აუტანელი სისასტიკე იყო, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი მაშინ. ყველა დეტალი ჰქონდა ჰანას გათვლილი, თითოეული წვრილმანი გაეთვალისწინებინა. ისიც კი რომ სიდი შეიძლებოდა ჩემ საძებრად წამოსულიყო. მარწმუნებდა რომ ამას არაფრით დაუშვებდა და ყველას დააჯერებდა ჩემ სიკვდილს.
ხელისკანკალით დავწვი წერილი ცეცხლში.
ყველაფერი დაგეგმილი იყო, ამაღამ უნდა წავსულიყავი აქედან.
ოთახში შევედი და სიდის მივუახლოვდი. არ ეძინა.
– სიდი, – გვერდით მივუწექი და თავი მკერდზე ჩამოვადე. – გახსოვს ერთხელ გკითხე... – ჩავახველე ხმა რომ დამემორჩილებინა. – არჩევანის წინაშე რომ იდეგე-თქო... ჩემი აქ დარჩენის მცირედი შანსიც რომ არ იყოს-მეთქი... – ვიგრძენი როგორ დაუმძიმდა სუნთქვა. – არაფერი შეცვლილა? – ძლივს გადავაგორე ყელში გაჩხერილი ცრემლი.
პასუხი არ ჰქონდა. ასეც ვიცოდი... უბრალოდ უკანასკნელად ვცადე.
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, ჩუმად რომ ავდექი საწოლიდან. სიდისთვის არ შემიხედავს, არ მინდოდა ყველაფერი ჩამეშალა. ვხვდებოდი რომ ზღვარზე ვიყავი, სულ ცოტა მაკლდა და...
მოვერიე თავს...
არ შემიხედავს ისე დავტოვე ოთახი და გავედი სახლიდან. დაცვაზე ჰანამ იზრუნა. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ კარეთან არავინ იდგა. მხოლოდ ის ქალი დამხვდა იმ დღეს მე და ჰანა რომ ვესტუმრეთ. ხელი მომკიდა და თავისი სახლისკენ წამიყვანა. იქ შუახნის მამაკცი უკვე გველოდებოდა. სწორედ მან მიმაცილა საზღვრამდე და საბოლოოდ დავემშვიდობე იმ ქვეყანას... სიდის... და ალბათ საკუთარ თავსაც.
ტკივილი...
აუტანელი ტკივილი მტანჯავს მთელი ცხოვრება...
შევცვლიდი რამეს თუ არა?..
ისევ იქ და იმ დროში რომ ვიყო?
ალბათ არაფერს... ტკივილს შევეჩვიე... აუტანელი ტკივილის მართვა შევძელი... ზუსტად სიდივით... ახლა ვხვდები – მან სიმშვიდე ზუსტად ასე მოიპოვა. ზედმეტმა ტკივილმა აიძულა საკუთარი ნერვული სისტემა მოეთოკა.

ეპილოგი
ცრემლმორეულმა მოუსმინა ბოლო კასეტას და დიქტოფონი გამორთო. მაგიდაზე მდგარ ქაღალდის ცხვირსახოცების შეკვრას დასწვდა და სახე მოიწმინდა. სამარისებულ სიჩუმეს ახლა მისი სლუკუნი არღვევდა. ერთხანს ასე იყო, ცდილობდა დამშვიდებულიყო. ბოლოს წამოიწია და ტელეფონს დაწვდა.
– გამარჯობა დიმა, – შეეცადა ნამტირალევი ხმა დაემორჩილებინა. – ევას ქალიშვილი გაწუხებთ.
– დიახ გისმენთ, მიიღეთ ჩემი ამანათი?
– ახლა მოვრჩი მოსმენას... თქვენ... – ხმა ვეღარ დაიმორჩილა. – თქვენ იცით რა არის ამ კასეტებზე?
– დიახ, ქალბატონ ევას უნდოდა რომ თავიდან ბოლომდე მცოდნოდა ყველაფერი... ყველა ჩანაწერი მოსმენილი მაქვს.
– ღმერთო... – ისევ ტირილი აუვარდა. – არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა... უნდა ვადანაშაულებდე თუ არა...
– ქალბატონი ევა ძლიერი ქალი იყო... მართალია ბოლო რამდენიმე თვე ვიცნობდი მხოლოდ, მაგრამ ავადმყოფობის პერიოდშიც კი საოცრად ძლიერი იყო. თქვენი უფლებაა, მაგრამ მგონია რომ არ ღირს მისი დადანაშაულება.
– დიმა, იქ წასვლა მინდა... უნდა ვნახო... თუ ცოცხალია...
– იქ აპირებთ წასვლას? დარწმუნებული ხართ?
– ვალდებული ვარ. უნდა დავბრუნდე. თან ამ კასეტებში არის ერთი, რომელსაც სიდი აწერია. სავარაუდოდ მისთვის იყო განკუთვნილი. იმსახურებს რომ დედასგან ბოლო შეტყობინებები მაინც მიიღოს. ღმერთმა ქნას ცოცხალი იყოს.
– მარტოს ვერ გაგიშვებთ. ორი დღე მომეცით საქმეების მოსაგვარებლად და ერთად გავემგზავროთ.
– არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა.
– ეს ჩემი მოვალეობაა როგორც ქალბატონი ევას ადვოკატის და მისი ანდერძის აღმსრულებლის. – მერე ღიმილით დაამატა. – შეგიძლიათ მადლობა ფინჯანი ყავით გადამიხადოთ. ოღონდ მე გპატიჟებთ, თქვენ უბრალოდ დამეწვევით.
გაეღიმა, ცრემლიან სახეზე ნათელმა სხივმა გადაურბინა.
– მივიღებ თუ ჩაი იქნება და ისიც ჩემ სამშობლოში დამზადებული.
– შევთანხმდით.

****
– ვღელავ. – ღვედი შეიკრა და მანქანის სავარძელზე გასწორდა.
– თქვენ კი არა მეც ვღელავ. – ღიმილით გადახედა დიმამ და ძრავი დაქოქა.
საღამოვდებოდა ქალაქში რომ შევიდნენ.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ნამყოფი ვარ აქ. – ყურადღებით ათვალიერებდა ყველაფერს.
– თქვენ კი არა მეც ასე მგონია. შესანიშნავად აღწერა ყველაფერი ქალბატონმა ევამ. აი ის სალოცავებიც.
– იქიდან დაიწყო ყველაფერი. – თითით მინაზე წრე შემოხაზა. – წესით ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო ოც წელში, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ყველაფერი ზუსტად ისეთივეა, როგორც დედამ აღწერა. იმედი მაქვს არ დავაგვიანეთ და ამ კასეტის ადრესატი ისევ ცოცხალია. – თავს ვერაფრით აიძულებდა მამა ეწოდებინა.
– ეს არის. – მანქანა ალაყაფის კარებთან გააჩერეს.
ჯერ დიმა გადმოვიდა, მცველებს მიუახლოვდა ბატონი სიდი იკითხა. 
– ეს სახლია. – კმაყოფილი ღიმილით წამოვიდა მანქანისკენ და კარი გაუღო.
გაუბედავად გადმოვიდა და გაოფლიანებული ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა.
– ახლავე დაუძახებენ სახლის პატრონებს. – გაუცნობიერებლად მოხვია ხელი მხრებზე. მისი გამხნევება უნდოდა. ხედავდა როგორ უცახცახებდა მთელი სხეული.
კარებში ორმოციოდე წლის ქალი გამოჩნდა. შავებში ჩაცმული. თეთრი კანითა და შავი წყლიანი თვალებით. იცნო – მიდა იყო.
სტუმრებს შეხედა თუ არა პირზე ხელები აიფარა.
– ღმერთო... შეუძლებელია.
საოცრად ჰგავდა დედას.
– საღამო მშვიდობის. – ისევ დიმამ წამოიწყო. – ბატონ სიდის ვეძებთ თუ შეიძლება...
ქალი ყურადღებას არ აქცევდა მხოლოდ გოგონას უყურებდა.
– ევა... როგორ გავხარ ერთ ჩემ ძველ ნაცნობს.
– ევას ქალიშვილი გახლავართ. – როგორც იქნა შეძლო ხმის ამოღება და ხელი გაუწოდა.
– რომელი ქალიშვილი... შეუძლებელია... ევა აქ...
– მოდით სადმე მშვიდად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. – ისევ დიმამ შეძლო საღი აზრის შენარჩუნება.
– რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა. – ქალი გონს მოეგო და სახლში შეიპატიჟა სტუმრები.
ჩაით გაუმასპინძლდა მიდა სტუმრებს.
– არც კი ვიცი რა გითხრათ ამ ყველაფრის მერე. – თვალცრემლიანმა მოისმინა მიდამ ყველაფერი. – მართლა უჭირდა აქ. როგორც ერთხელ თვითონ თქვა, ალბათ ჟანგბადი ამოეწურა. ვერ ვამტყუნებ, არ შემიძლია გამტყუნება, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გადავიტანეთ. იმ დღის მერე სიდიც მოკვდა.
სტუმრებს სუნთქვა შეეკრათ.
– არა, ფიზიკურ სიკვდილს არ ვგულისხმობ. ის ძველი სიდი აღარ არსებობდა. მხოლოდ მისი სხეული ცხოვრობდა ჩვენთან ეს წლები.
– ახლა სად არის? შიძლება ვნახო? – იმედი მოეცა.
– იმ დღის შემდეგ მთის სახლში გადასახლდა და ფაქტიურად არც გამოდის იქიდან. მე თუ ავაკითხვ ხოლმე ხნადახან, ეგ არის და ეგ.
– მიგვასწავლით გზას?
– რა თქმა უნდა. თვითონაც გამოგყვებით. ასე თუ ისე სანამ გნახავს ცოტა უნდა შევამზადო.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს და მთის სახლში წასასვლელად მოემზადნენ. მანქანასთან მისულები სანამ ჩასხდებოდნენ, მიდამ ხელები გაშალა, გულში ჩაიკრა ძმიშვილი და აქვითინდა. ცრემლი მოერია მასაც. საოცარ სითბოს გრძნობდა მიდასადმი. ჯერ კიდევ დედის მონათხრობიდან სცემდა დიდ ატივს, ახლა კი აქ იყო მასთან და ორივე ხელით იკრავდა გულში. მონატრებული დედის სითბო გაახსენა.
უკვე კარგად დაბიდნდებული იყო მთის სახლთან რომ მივიდნენ. მიდამ ეზოში დატოვა ისინი და თვითონ სახლში შევიდა. ცოტა ხანში უკან ნამტირალევი გამობრუნდა და ხელით ანიშნა გამომყევიო.
სიდი აივანზე იდგა. ორივე ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა და ემჩნეოდა თავის ხელში აყვანა დიდი ძალისხმევად უჯდებოდა. როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო, ნელა შემობრუნდა და ამოიგმინა. მის წინ ევა იდგა... ზუსტად ისეთი, როგორიც ახსოვდა. ნელი აუღელვებელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ. წელში გამართული და მხრებგაშლილი წამოვიდა. ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა.
– მადლობა ევა... – თავისთვის ბუტბუტებდა. – მიუხედავად ყველაფრისა...
საოცარი სიმშვიდე იგრძნო მის მკლავებში – სწორედ ის სიმშვიდე, რაზეც ევა ყვებოდა. საოცარი სითბო იგრძნო – ზუსტად ისეთი როგორსაც ევა აღწერდა. მისი სიყვარულიც იგრძნო – ამდენი წელი რომელიღაც ღრმა კუნჭულში მიმალული, ნაგროვები და ახლა ერთბაშად ამოხეთქილი. ის დაკარგული წონასწორობაც იგრძნო – ოდნავშესამჩნევი, მაგრამ მაინც ვერდამალული.
მერე ერთი ნაბიჯით მოშორდა ქალიშვილს, თუმცა ხელები მაინც არ გაუშვია მისი ხელებისთვის.
– რა გქვია... – უსაზღვრო მზრუნველობა და სითბო იგრძნობოდა მის ხმაში.
– ისიდა. – ცრემლი მოიწმინდა და აკაკნკალებული ხმა ძლივს დაიმორჩილა.
სიდიმ თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში.
– ევა... ცოცხალია?
– ერთი თვის წინ დავკრძალეთ. – ტირილი ვეღარ შეიკავა. – იცით... ყოველთვის უყვარდით. არასდროს ლაპარაკობდა თქვენზე, მაგრამ ვიცი, სიგიჟემდე უყვარდით.
სიდიმ აივანზე მდგარი დივანისკენ წაიყვანა და ჩამოსვა. ისიდას ხელები ისევ თავისაში ჰქონდა მოქცეული.
– მეც ახლახანს გავიგე. არასდროს საუბრობდა თქვენზე. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გადმომცეს მისი აუდიოჩანაწერები, იქ ყველაფერი გულახდილად მიამბო. მთელი თქვენი სიყვარულის ამბავი ვიცი.
სიდიმ ხელები დაუკოცნა ქალიშვილს.
– იმ ჩანაწერებში იყო ერთი კასეტა რომელსაც თქვენი სახელი ეწერა. რა თქმა უნდა არ მომისმენია. ის მე მგონი მხოლოდ თქვენთვის იყო განკუთვნილი. – ჩანთიდან კასეტა და დიქტოფონ ამოიღო და გაუწოდა. – წამოგიღეთ, ალბათ გენდომებათ მოსმენა.
სიდიმ ორივე გამოართვა. ისიდამ შეამჩნია როგორ უკანკალებდა ხელები.
– აი ამ დიქტოფონში შეგიძლიათ მოუსმინოთ. – კასეტა დიქტოფონში ჩადო და ფეხზე წამოდგა.
– უკვე მიდიხარ? – მაშინვე ფეხზე წამოდგა სიდიც.
– არა, რამდენიმე დღე დავრჩებით. როგორც ვიცი აქ სასტუმრო არ გაქვთ, – თბილად იღიმებოდა. – ქალბატონმა მიდამ შემოგვთავაზა მასთან დარჩენა და ვისარგებლებთ მისი სტუმართმოყვარეობით.
– ესე იგი კიდევ შევხვდებით. – მშვიდი ღიმილით გაუწოდა ხელი.
– აუცილებლად. – გაუცინა და კარისკენ დაიძრა. – იცით, – კარებთან მისული შემობრუნდა. – შეიძლება რაღაც გკითხოთ?
– რა თქმა უნდა.
– ახლა როცა ყველაფერი ასე მოხდა... მაშინ რომ გცოდნოდათ... – ცოტა შეყოყმანდა. – რომ გცოდნოდათ ყველაფერი ასე მოხდებოდა, შეძლებდით დედასთან ერთად აქედან წასვლას?
დუმდა.
– ნანობთ რომ მაშინ არ წამოყევით?
სიდის არც წლების წინ ჰქონდა და ვერც ახლა, ამდენი წლის შემდეგ, აძლევდა პასუხს საკუთარ ქალიშვილს მისთვის უკვე მარადიულ კითხვაზე.
– კარგით, გასაგებია...  ყველაფერი მოხდა ისე როგორც უნდ მომხდარიყო. – თბილად გაუღიმა. – არცერთი არ იყავით ამაში დამნაშავე. არცერთს არ გქონდათ არჩევანის უფლება.
ისიდა ოთახიდან გავიდა. სიდი ისევ აივანზე დაბრუნდა, სავარძელში მოკალათლდა და კასეტა დიქტოფონში მოათავსა. ძალიან დიდხან ეჭირა ხელში და ვერ ბედავდა ჩართვის ღილაკისთვის დაეჭირა. ბოლოს მაინც შეძლო...

„სიდი... ღმერთო როგორ მენატრებოდა შენი სახელის წარმოთმა. – ტირილნარევი ხმა გაისმა აივანზე. ასე სანატრელი... ასე ახლობელი... სწორედ მის მუხლებზე იჯდა და მის მკერდში ჩაკარგული ესაუბრებოდა. – დღეს ქალიშვილი შეგვეძინა. რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ. მე ახლა შენი რაღაც ნაწილი მყავს გვერდით. ნეტა განახა როგორი უსუსურია, პატარა, ლამაზი არსება. მეუბნებიან შენ გგავსო, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ თავიდან ბოლომდე შენი ასლია? ჩვენი ქალიშვილი... ჩვენი ისიდა...“

„უშენობა მკლავს... უძილო ღამეები კიდევ უფრო გრძელია და ათასჯერ მეტი დრო მაქვს შენზე ფიქრისთვის. ნეტავ თუ მაპატიე? არ მინდა რომ მაპატიო... მინდა გძულდე. ასე ჩემთვისაც იოლი იქნება. მეც შევეცდები შეგიძულო. აღარ მინდა მიყვარდე. სიმშვიდე მინდა. აი ისეთი სიმშვიდე შენ რომ დაგყვებოდა ყოველთვის. როგორ ახერხებდი ამას? შენი სიმშვიდე მენატრება. შენს მკერდზე რომ ვგრძნობდი, მშვიდ აუღელვებელ სუნთქვას.“

„ისიდა ერთი წლისაა... რამდენი დრო მოგპარეთ შენ და შენ ქალიშვილს?! არ მქონდა ამის უფლება. მე შენ შვილი წაგართვი. მე შენ მასთან ყოფნის დრო წაგართვი. ღმერთო რა საშინელი ადამიანი ვარ. სარკეშიც ვეღარ ვუყურებ საკუთარ თავს. არ მაპატიო სიდი, გთხოვ ამას ნუ მაპატიებ. მეც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. ტკივილამდე მენატრები.“

„მითხარი რომ კარგად ხარ... მითხარი რომ ისევ აგრძელებ არსებობას ამ სამყაროში. გუშინ საშინლად სევდიანი ვიყავი. მთელი დღე ტირილი მინდოდა. არ მინდა ვიფიქრო რომ... ხშირად ვფიქრობ, რა მოხდა ჩემი წამოსვლის მერე? შენ რა დაგემართა. იდარდე? აღელდი? შეეგუე? გეტკინა სიდი? უჩემობა გეტკინა? სიდი... ცოცხალი ხარ? ჩემს მერე სიცოცხლე შეძელი?.. მე ვერა. შენ უნდა იცოცხლო. სიდი ვერ ვიარსებებ სამყაროში სადაც შენ არ იქნები. სადაც ათასობით კილომეტრის იქითაც კი ვერ ვიგრძნობ შენ მშვიდ, აუღელვებელ სუნთქვას.“

„მენატრები სიდი... უსაშველოდ მენატრები – ტკივილამდე. დღეს ისიდა სკოლაში მიდის. უკვე შენზე მეკითხება... ვერაფერს ვეუბნები. ვერც ტყუილს. თითისტოლა ბავშვის წინაშე მდუმარედ ვდგავარ ამხელა ქალი და არ ვიცი რა ვუთხრა. შენ ჩემ ადგილას აუცილებლად იპოვიდი სიტყვებს. შენ შეძლებდი სიმშვიდის შენარჩუნებას და ყველაზე გასაგები ენით აუხსნიდი ყველაფერს. შენ იმ ყველაფერს მისცემდი მას რაც მე ვერ შევძელი. ჩემი ბრალია... მე წაგართვით ერთმანეთი...“

„აღარაფერს მოგიყვები – ეს ბოლოა. მორჩა! გივიწყებ. დღეიდან მშვიდად დავიძინებ. გპირდები აღარ ვიფიქრებ შენზე. წარსულში დაგტოვებ და აღარასოდეს მოგიკითხავ. აღარც ვიტირებ უშენობით გამოწვეული მარტოობისას. აღარც დაუძლეველ სურვილს ვიგრძნობ ყველაფრის მიტოვებისა და შენთან გამოქცევისას. აღარც თავს დავიდანაშაულებ შენ გამო. აი ასე... სრულიად ამოგშილ ჩემი ცხოვრებიდან. მშვიდობით სიდი...“

„ღმერთო რა ცოტა ხანი მეყო გამბედაობა უშენობაზე მეფიქრა... თქმა ადვილია – დავიწყება შეუძლებელი. უკვე რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მე ისევ პირველი დღესავით მტკივა. ნეტავ მანდ რომ დავრჩენილიყავი უფრო ძლიერად მეტკინებოდა? შეუძლებელია... ამაზე მეტი შეუძლებელია. უკვე ვნანობ... ხედავ? უკვე უშენობას ვნანობ.“

„შენ ცოლი გყავს. აი ისეთი რომელიც შენ სამყაროში თევზივით თავისუფლად დაცურავს. შენ შენი ჩვეული კომფორტის ზონაში ხარ. მშვიდად, აუღელვებლად უვარცხნი ბალანს უკვე ბებერ ქურანს. გარშემო შვილები დარბიან... ალბათ სამი... არა ოთხი. სამი ბიჭი და ერთი გოგო. რჩები შენ საქმეს და ოთხივე სახლისკენ მიგყავს, რომ დედასთან შეარიგო, რომელმაც ოთხივე დასაჯა მურაბის ქილის გატეხისთვის... ნეტა ბედნიერი ხარ? სიდი უჩემოდ ბედნიერი ხარ?“

„აი ისიც – აღსასრული! პირველი შენ გამახსენდი. ჯერ კიდევ იქ ექიმის კაბინეტში. მივხვდი რომ სულ ცოტაც და ბოლო მოეღებოდა ყველაფერს. ამდენი ტკივილი გაქრებოდა. ფიზიკური ტკივილის არ მეშინია. მე ხომ ამდენი ხანი უშენობას ვუძლებდი? ამასაც გავუძლებ.“

„ხშირად ვფიქრობ ეს ჩანაწერები რომ მოგესმინა რას მეტყოდი... ღირსი ხარ ევა! თითოეულ ტკივილს იმსახურებ. დაჯდებოდი აივანზე, აი იქ – მთის სახლში და რეკვიემივით მოუსმენდი ჩემ ხმას, რომელიც სიმშვიდეს მოგგვრიდა, მხოლოდ იმიტომ რომ სასოწარკვეთილ ტკივილს იგრძნობდი მასში... ჩემ უსაზღვრო სინანულს იგრძნობდი და შენ ბედნიერი იქნებოდი... რევანშით დატკბებოდი. მაგრამ მე არ დავიჯერებდი ამას. შეუძლებელია... ამის მაგივრად ახლა შენ ზიხარ მთის სახლის აივანზე სავარძელში, თვალებდახუჭული. წინ დიქტოფონი გიდგას და ლოცულობ რომ ლენტა არ გათავდეს. არ გაჩუმდეს ის ერთადერთი ხმა რომელიც ამდენი წლის მერე ისევ იმ ჩვეულ სიმშვიდეს გიბრუნებს. იქნებ ტირი კიდეც? აი ამას კი სიამოვნებით ვნახავდი. ეგოისტურად მინდა შენი ატირებული თვალების დანახვა... თვალების, რომელიც უჩემობას გლოვობს...“

„მორჩა! ეს მართლა ბოლოა... ლენტაც მთავრდება სულ რამოდენიმე წუთიღა დამრჩა... ღმერთო, მხოლოდ ერთ კასეტაში ჩავატიე ყველაფერი... შეუძლებელია. ყველაფერი რომ ჩამეტია ახლა მსუბუქად და თავისუფლად ვიგრძნობდი თავს... მაგრამ მძიმეა... აი ისევ ასტონიან გირად მ'კიდიხარ სხეულზე და თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევ... მაგრამ უკვე თავდება... ლენტაც და სიცოცხლეც... ახლაც მენატრები... რა უცნაურია, როცა სიცოცხლეს უნდა ვნატრობდე, მე შენ გნატრობ... მართალი ყოფილა – სიკვდილამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე უშენობა მტანჯავს.
ევა!
გეძახი და მოდი,
მინდა შეგეხო და გიგრძნო.
ადამს შენ წაართვი ნეკნი
გულის წართმევასაც ვითხოვ.
მიდი, გაახილე თვალი
თმები გაიშალე მკერდზე,
არ ხარ სულ პირველი ქალი,
კარგი ნუ ბრაზდები ჩემზე.
პირველსაწყისია ცოდვა,
ვნების გამოჩენას გირჩევ,
ადამს აუხილე თვალი
გულის მიცემასაც გირჩევ.
მერე კი იქნება სევდა...
თავი ჩამალული მხრებში
წამში დაკარგული ნდობა,
საკაცობრიო წყევლით. (ავტ. თათა დემეტრაშვილი)
ბოლომდე შენ წყევლად დავრჩი სიდი... მშვიდობით, ახლა უკვე სამუდამოდ.“

აივანზე იჯდა, თვალებდახუჭული და ცრემლი სდიოდა... ევას უკანასკნე სურვილს უსრულებდა... მისი გულისთვის ცხოვრებაში პირველად ტიროდა. მის დაკარგვას ტიროდა... დღეს მან ევა დაკრძალა. ზუსტად დღეს...
წამოიმართა. მაგიდას გადაწვდა და თავიდან ჩართო ჩანაწერი...
აივანზე იჯდა... სუფთა ჰაერს ღრმად უშვებდა ფილტვებში. ევა მის მუხლებზე მოკალათებულიყო და ამ ყველაფერს უყვებოდა. მოქნილ თითებს დაასრილებდა მის ფართო გულმკერდზე და თითოეულ უჯრედს უფეთქებდა. სიჩუმეს ევას ბოლო რეკვიემის ხმა არღვევდა მხოლოდ...

დასასრული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები