ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2016


კიდევ ერთი დღე 90-იანი წლებიდან......

  ........ 90-იანები იდგა ქვეყანაში....შემოდგომის ქარი ნაგვის როტაციით იყო დაკავებული .
ქალაქის ცენტრში  პატარა კაფე ხალხით იყო სავსე....
დაახლოებით 9  საათისთვის შუქები ჩაქრა....მუსიკალურმა ცენტრმა უცნაურად ამოიხვნეშა, თითქოს  მეცხრე ბლოკს აგინებსო.....ამ დროსათვის ხალხი უკვე შეთხელებულიყო, კაფეს პერსონალმა სანთლები აანთო , მაგიდებზე განალაგა  და 90-იანებისათვის დამახასიათებელი რომანტიკა გამეფდა...
  ბარისგან შორს,  უცხოელი, სავარაუდოდ გერმანელი იჯდა, სანთლის კონტრასტულ შუქზე მისი სახის ნაკვთები  ქანდაკებას გავდა    , დახრილიყო ყავის ჭიქასთან, ხორცსავსე ტუჩებს ამოძრავებდა და მოსაუბრეს, ალბათ თარჯიმანს, ულამაზო , მუწუკებიან გოგოს უღიმოდა.....
  კაფეს მენეჯერმა „დვიჟოკის“ დაქოქვა სცადა, მაგრამ საწვავი გათავებულიყო....გამაყრუებელი  მუსიკის შემდგომ უცებ ჩამოვარდნილი სიჩუმე ზარივით რეკდა ყურებში....მხოლოდ ხანდახან შორეული სროლის ხმები ისმოდა....რასაც კანტი-კუნტად მიმავალი მანქანების ხმა და გარეთ მოსიარულე მთვრალ ადამიანთა ფილოსოფიური, მაგრამ არაცენზურული საუბრები  უერთდებოდა.....
  ბარმენს მობეზრდა უსაქმოდ  ყურყუტი....ჭიქები კიდევ ერთხელ გააპრიალა....მერე ჩაახრჩო სიგარეტი ვაისროი , მარლბოროს ფირმის საათს ახედა, სადაც ერთი კვირის წინ ნასროლი ტყვია გაჩხერილიყო......ამოიოხრა,  გამოვიდა  და ბარის ფოიეში მდგარ  პიანინო  „პეტროფფ“--ს მიუჯდა

..........................................................

თითქოს მზე ამოვიდა!!!.... ბეთჰოვენის გარეკილი ფანტაზიით ჭერამდე აივსო კაფე...
უცხოელი ,რომელიც ისევ უღიმოდა ულამაზო ქალ-თარჯიმანს, უცებ გამოერკვა, თავი ასწია ....სანთლების შუქზე ბარმენის ფიგურა მისტიურ  ჩრდილებს    ხატავდა  კედელზე.....ის თავდავიწყებით უკრავდა და ალბათ ვერაფერს გრძნობდა......ის ახლა შორს იყო...ძალიან შორს........
უცხოელი ნელა წამოდგა, გაიღიმა, ხელი  გაიშვირა წინ და თარჯიმანს კითხა :
--ეს.....ეს თქვენი მუსიკოსია??.....რა დახვეწილად უკრავს ....მომწონს ..ღმერთო ჩემო!...
--უი არა....--რას ამბობთ ! ---გაიკვირვა თარჯიმანმა და წარბებზე გადაისვა ხელი, ეს ხომ ამ  კაფეს ბარმენია....აი კარგად ნახეთ...
---ააა...ჰო გასაგებია....დაიბნა  და დაჯდა  უცხოელი...


......................................


  მობეზრდა ბარმენს დაკვრა...ადგა, გავიდა და გააბოლა ისევ.....საათის ისრები 10-ს  უახლოვდებოდა..ბეთჰოვენის შემდეგ უარესი სიჩუმე ჩამოწვა....უხერხულიც კი..ახლა მზარეული გამოვიდა ღეჭვით...მიუჯდა ინსტრუმენტს...
იოჰან სებასტიან ბახი!  ქორალური პრელუდია!!!....
უცხოელი ისევ გამოერკვა , წამოენთო, ისევ ვედრებით გაიშვირა ხელი და ახლა უკვე  დარცხვენით  იკითხა:
--ესაა  მუსიკოსი?
--არა ბატონო, ეს ჩვენი მზარეულია....---უპასუხა  დაღლილი ხმით  ამჯერად  გარედან  შემოსულმა  მენეჯერმა, ხელები ჩვრით გაწმინდა და „დვიჟოკის“ სუნი შეაფრქვია...
----რა ქენით? ჩაასხით ბენზინი ? --- ხმამაღლა  იკითხა ტუალეტიდან ფანრით გამოსულმა ოფიციანტმა ......

....................................................


შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა!!!  მეცხრე ბლოკი აშკარად ატრაკებდა. დვიჟოკს კი რატომღაც  არ უნდოდა დაქოქვა.....
კაფეს მომხმარებლებს რომ არ მოეწყინათ, ახლა ოფიციანტი დაჯდა პიანინოსთან და მთვარის სონატა დააგუგუნა.....
---მაპატიეთ!!! --- წამოხტა უცხოელი, მას უკვე  ხმა უკანკალებდა! --ალბათ ესაა თქვენი მუსიკოსი????????
......................................................

......................

.......

....როცა ჭურჭლის მრეცხავი დაჯდა  და შოპენი, ლისტი , ჰაიდნი , შუბერტი  დასცხო, მას დამლაგებელიც შეუერთდა..ორივემ  კი ისე დაუკრეს ოთხ ხელში რომ უცხოელს , რომელმაც იკითხა, აჰააააა.....აი ეგენია უეჭველი თქვენი კაფეს მუსიკოსებიო, უარყოფითი  პასუხის შემდეგ , გული გაუხდა ცუდად და სკამიდან გადმოვარდა.
დიდხანს კიოდა თარჯიმანი......
11 საათი გახდა  და შუქებიც აინთო.....


  უცხოელი , რომელიც სკამებზე იწვა , უკვე კარგად გამხდარიყო, მოწყალედ გვიღიმოდა , რაღაცას  ამბობდა.....თარჯიმანს  არ უთარგმნია , არ ეცალა  , თუმცა ეს არც იყო საჭირო,....ის ალბათ  ამბობდა  ასეთი  ნიჭიერი ერი ხართ....რატომ ხართო ასეაო, რატოოო? რატოოო?...რატომ ცხოვრობთ ასეო????
რა ვიცი....ნეტავ რატომ?...გასაკვირია...----გავიფიქრე მეც , უაქციზო მაგნა გავაბოლე  ზანტად ,მერე ..........დარჩენილი ყავა მოვსვი, ერთიც გადავხედე ინტერიერს,  ავდექი  და წავედი  მეტროსკენ .

.....................................................

ქალაქს არ ეძინა..გარშემო სულ ნიჭიერი,  გენიალური , ადამიანები დაფუსფუსებდნენ....და ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ.
მე ახლა  ყველა  მათგანი უსაზღვროდ მიყვარდა ..................................................და მძულდა.


ს.ნ. 2016.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები