ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 ოქტომბერი, 2016


რევიუ ,,პაატა შამუგიას ,,არგადარჩენა"

უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი,
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი -
ვერავინ გადარჩება.

სახლებს ცეცხლი წაეკიდება,
გზები მოირყევა,
ჩვილები აკვნებიდან წამოდგებიან
და თავებს დემონსტრაციულად დაიხოცავენ,
რადგან
ვერავინ გადარჩება.

შორ გზაზე შემდგარს ფეხები დაულღვება,
და საკუთარ კიდურებში წელამდე ჩაფლულს
ვერავინ იხსნის,
ლოგინებში გველები აყვავდებიან,
კედლები ორკაპა ენებს გამოიბამენ
და იტყვიან ყველაფერს,
რის გამოთქმაც აქამდე უხერხული იყო.
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი,
ამაოდ ფხიზლობს დედა -
ვერავინ გადარჩება.

მკითხავები ხელისგულზე ვეღარ წაიკითხავენ,
მკითხველები ლექსებს ვეღარ წაიკითხავენ,
მლოცველები ლოცვებს ვეღარ წაიკითხავენ,
პოლიტიკოსები ხმას ვერ აიმაღლებენ,
ბგერების ნაცვლად სისხლიან გლანდებს ამოანთხევენ -
ვერავინ გადარჩება.

ჭადრები ბეტონის ფოთლებს დაისხამენ,
მგზავრები ჩრდილებს დაკარგავენ,
სიტყვები ქვებივით დამძიმდებიან,
ქვებით პირები ამოგვევსება
და ჩვენ ნაცვლად ჩვენი ჩრდილები იჩურჩულებენ -
ვერავინ
გადარჩება.

ძიძები ჩვილებს მიატოვებენ,
ავტომატებს გაიდებენ მხრებზე ჯვრებივით
და ყველა შემხვედრს ტყვიებით აკურთხებენ
მკვდრებს კი საკონტროლო კურთხევას დაახლიან -
ვერავინ,
ვერავინ,
ვერავინ გადარჩება
და ვინც გადარჩება,
ვერც ის გადარჩება,
ვერ გადაურჩება
მიზეზების და კავშირების
უმკაცრეს გადაკვეთას,
ბედნიერების და შემთხვევითობის
ავარიულ ჯახს -
ვერავინ გადარჩება.

სულ ტყუილად ეგონათ,
მიზეზებს მოიდებდნენ,
ალიბებს დადებდნენ
და გეგმებს დადებდნენ,
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი,
ამაოდ ფხიზლობს ქალაქი,
ამაოდ ფხიზლობს მშობელი,
ამაოა ეს ფაციფუცი -
ვერავინ,
ვერავინ გადარჩება.

ესეც ასე! პირველმა ძრწოლამ გადამიარა.
როგორც  ავი სიზმრის მნახავი  ახალგაღვიძებულზე  გამდინარე წყალს  უყვება  ნანახს, რომ გაატანოს და თან შეშვერილ თითებს ათამაშებს, ახლა მეც კიბორდზე ვათამაშებ თითებს.
    პაატა შამუგიას ,,არგადარჩენზე’’ ვფიქრობ. დღეს გამოქვეყნდა ,,ლიტერატურულ გაზეთში’’.
.ჯერ არ ვიცი, როგორ მიიღო ქართველმა მკითხველმა, მე კი დღემდე ამ ავტორმა, როგორც მკითხველი ისე გამანებივრა თავისი პოეტური თამაშებით, კლასიკის ირონიული  გადაკითხვებით, პაროდირებებით და ა.შ., ახლაც  ასაყოლად გავემზადე და ...
    ომობანას სათამაშოდ რომ დაგიძახონ და შუა თამაშში შენთვის  დამიზნებული ხის თოფი  უეცრად მართლა გავარდეს და დაგჭრას კიდეც,  ასე დამემართა.
      ახლა გულგაგრილებულზე წავიკითხავ ამ ლექსს, იქნებ გავარკვიო, რამ იმოქმედა ჩემზე ასე.
      ფორმით - თავისუფალი ლექსია. რიტმულ-ინტონაციური,  სინტაქსური, ლექსიკური და კიდევ,  რა ვიცი, ყველანაირი პარალელიზმებით იმდენად გაჯერებული, რომ ვერლიბრის გენეზისის  მკვლევარს მისი ბიბლიური წარმოშობის თეორიისთვის საუკეთესო პარადიგმად გამოადგებოდა.
        შინაარსობრივადაც, ბიბლიურ წყაროებთან, უფრო ძველ აღთქმასთან უახლოესი კავშირი, დიდ და მცირე წინასწარმტყველთა ხილვებთან ზიარება  ადვილი საცნობია.
      ქალაქის დაღუპვის, როგორც ღვთისმიერი სასჯელის  მოტივიც არაერთხელ მეორდება წმინდა წიგნში.  ადრე  იქნებ ამის საილუსტრაციო მაგალითებიც მომეყვანა, მაგრამ ახლა ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.
.        ლექსის ენობრივი პლანი ძირითადად, გათანამედროვებული ბიბლიისა და სლენგით მსუბუქად შეფერილი სალიტერატურო  ლექსიკის სინთეზს ეყრდნობა.
.        ნარატიული მონახაზის მოხელთება მიადვილებს ხოლმე პოეტურ ტექსტში ჩაღწევას. ახლაც ვცდი  რეპროდუცირებას.
      წარსული:
      არსებობდა რაღაც ქალაქი - ტექსტი, რომელშიც ყოფა და ყოფიერება ,,იკითხებოდა’’ მრავალმხრივ და მრავალნაირად. ჩვენ ამას აწმყოში ნეგაციის გზით ვგებულობთ:
,,მკითხავები ხელისგულზე ვეღარ წაიკითხავენ,
მკითხველები ლექსებს ვეღარ წაიკითხავენ,
მლოცველები ლოცვებს ვეღარ წაიკითხავენ.
.    აწმყოში რაღაც ისეთი ხდება ამ ქალაქში, რომ პოეტ- წინასწარმეტყველს მომავლის შემაძრწუნებელ ხილვას აღუძრავს. კონკრეტულად, რა -  ლექსში მინიშნებულიც არ არის.
    მინიშნებული არ ჩანს არც რაიმე ნუგეში, ნათლის სხივი, ყველაფერი  უნდა დაიღუპოს!
    უნდა დაიღუპოს, მაგრამ ვინ არის ის ძალა, რომლის ნებითაც უნდა აღსრულდეს ეს სასტიკი განაჩენი?
    რაკი ბიბლიის ველში ვიმყოფებით, უნდა გვევარაუდა, რომ ქალაქის დაღუპვა მისი ცოდვების გამო, უფლის განაჩენია. მაგრამ ლექსის პირველვე სტრიქონი აუქმებს ამ ვარაუდს.
,,უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი,
….
ვერავინ გადარჩება”.
სათაურად გამოყენებული სიტყვა ,,არგადარჩენა’-ქართულ ზეპირმეტყველებაში წყევლითი მიგებაცაა. თუ ქალაქის არგადარჩენით მაწყევარის ნება უნდა აღსრულდეს, ვინაა ეს მაწყევარი?
ტექსტი ამაზე პასუხს არ იძლევა.
მაშ, სად არის გასაღები?
იქნებ სხვა რამითაა განპირობებული ამ ქალაქის დაღუპვა?
ვერავინ
,,გადაურჩება
მიზეზების და კავშირების
უმკაცრეს გადაკვეთას,
ბედნიერების და შემთხვევითობის
ავარიულ ჯახს -‘’ნათქვამია ლექსში.
აქ გამონათქვამი ,,მიზეზების და კავშირების უმკაცრესი გადაკვეთა’’ წმინდა ლოგიკის თვალსაზრისით, მცდარია, მაგრამ პოეზიას ხომ თავისი ლოგიკა აქვს.
  არსებობს მიზეზთა და შედეგთა კავშირი,  ანუ სხვაფრივ, საგანთა და მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. პოეტი ახდენს ამ კონცეფციის დეკონსტრუირებას, რაღაც ნაწილს გვერდზე გადადებს და დარჩენილი  ნაწილების ახალი კომბინაციით საკუთარ კონსტრუქციას კრავს. პოეტური ქმნადობის ამ მეთოდს პაატა შამუგია ბევრგან იყენებს დაწყებული ,,ანტი-ტყაოსანიდან’. უფრო მარტივად რომ ვთქვა,  წარმოიდგინეთ სათამაშო კონსტუქტორი, რომელსაც მოჰყვება ინსტრუქცია. თქვენ კი ინსტრუქციის მიხედვით უკვე აწყობილ მოდელს შლით და მისი რაიმე ნაწილების გამოყენებით რაღაც ახალს, მანამდე გაუთვალისწინებელს ქმნით,
      მაგალითად, ,, ბედნიერებისა და შემთხვევითობის ავარიულ ჯახს.
(პაროდია ,,აუცილებლობისა და შემთხვევითობის’’კანონისა თუ  კონცეფიისა).
        ეს იქნებ თავისთავად საინტერესოცაა და საკვლევიც , მაგრამ ამ შემთხვევაში, ტექსტის გასაღებად ვერც ეს გამომადგება.

***
    ,,ჩრდილის’ კონცეპტი ლექსში ორჯერაა წარმოდგენილი,. დასაწყისში ნათქვამია, რომ მგზავრები ჩრდილებს დაკარგავენ, ცოტა ქვემოთ კი როცა სიტყვები ქვებად იქცევიან და მეტყველების უნარს წაართმევენ ქალაქის მკვიდრთ, მათ ნაცვლად მათი ჩრდილები იჩურჩულებენ.
    ჩრდილის დაკარგვის ცნობილი ლიტერატურული მოტივის მაგალითების მოხმობით თავს არ შეგაწყენთ, არ მგონია, რაიმეს მომტანი იყოს.  მთელი ეს ლექსი  ბიბლიური კონოტაციების ველია, ამიტომ ,,ჩრდილის’ კონცეპტიც უფრო ამ ველშია საძიებელი. კერძოდ, თუ გავიხსენებთ თეოსოფიიდან, რომ მაცხოვარი მარადიული ნათელია, რომელიც  მიწიერებას ეფინება,  ამ ნათელსა და მიწას შორის არის ადამიანი. მისი ჩრდილი, რომელიც მიწას ეცემა, მარადილ ნათელსა და მიწას შორის დგომის შედეგია.
    აქ მაცხოვრის ხსენება მიბიძგებს, ლექსის ის ადგილი სადაც ნათქვამია, ჩვილები თავებს დემონტრაცილად დაიხოცავენო, დავაკავშირო ჰეროდე მეფის მიერ ჩვილების დახოცვის ამბავთან. შურისმაძიებელი ძიძები, რომელთაც მხრებზე ავტომატები ჯვრებივით გაუდიათ (მინიშნება გოლგოთაზე) მოკლავენ ყველას, რადგან, ალბათ,  ყველას დამნაშავედ მიიჩნევენ იმაში, რაც გარდაუვლად მოხდება.
    არ- გადარჩენა - ეს არის გადარჩენა, რომელიც არ შედგა.
გადამრჩენი - მხსნელი, რომელიც კაცობრიობას მოევლინა,  ქრისტიანული  სარწმუნოების მიხედვით, არის მაცხოვარი.
    თუ ფიქრთა ამ მდინარებას მივყვებით, მივალთ შთაბეჭდილებამდე, რომ ქალაქის დაღუპვის მიზეზი არის არშემდგარი შობა. ქრისტე,  ,,არ დაიბადა  ამ ქალაქისთვის’, გადამრჩენის მოვლინება არ მოხდა. ამ ქალაქს  ახალი აღთქმა არ შეხებია…
.    ,,ამაოდ ფხიზლობს დედა’ - აქ ღვთისმშობელი უნდა იგულისხმებოდეს. მისი სიფხიზლე ვერ უშველს ქალაქს, რადგან მისი ძე მასში არ შეუშვიათ.
      საბოლოოდ გამოდის, რომ რაც ამ გარდაუვლად დასაღუპი ქალაქიდან რჩება, მოჩურჩულე ჩრდილებია’.
      აღარ იქნება ქალაქი და ვინ იცის, ვინ გაიგონებს, რა სათქმელი შეატოვა მათ ლექსის ავტორმა!
    ,,არგადარჩენა’ შეხმიანებაა დიდი ბიბლიური წინაპრის სიტყვებთან:
,, თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
(ფსალმუნნი, გალობა აღსავალთა. 126 (127:1)
და მე  მჯერა,  პაატა შამუგიას ეს შემზარავი პოეტური ხილვა-წინასწარმეტყველება  ერის მთვლემარე ნერვს მწარედ შეარხევს  და გამოაფხიზლებს.
ერის გადარჩენა კი მის მიწყივ სიფხიზლეშია.

ნინო დარბაისელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები