ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2016


ეტიუდი ელენეს

იყო პატარა გოგონა,
ერთი პატარა გოგონა,
სუყველა ბრძენი ეგონა, კითხვები ჰქონდა მას უხვი.

სადაც კი რამ გაიგონა,
როგორც  კი რამ გაიგონა,
იკითხა, მაგრამ არავინ იცოდა მისი პასუხი.

წლები რა მალე გავიდა!
სულმოუთქმელად გავიდა,
აყვავდა, ვით ნარგავი და გარჯაშიც გაიხვითქა.

ერთხელაც ზეცას ახედა,
ცამ უპასუხა მკვახედა,
იგრძნო ცხოვრების მახე და შეცბა, ღიმილით კი თქვა:

- ცაო, ფრიალი იმ აფრის,
საოცარის და საზაფრის,
მიწყდა, ნიავიც აღარ ქრის, დღეს ვთესავთ, პასუხს - ვმკით ხვალ.

ნუთუ ეს არის სიბერე?
სიბერევ, შენ დამიბერე?
- მჭირს პასუხების სიბევრე, მაგრამ სად-ღაა კითხვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები