ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
30 ოქტომბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (5)

გონზე რომ მოვედი, პირველი რაც გავარჩიე მამაჩემის სახე იყო. არ მოგესმათ, თვით, შალვა წილოსანი მედგა თავზე და მზრუნველი გამომეტყველებით მიყურებდა. ლოგინზე წამოვჯექი, ჩავეხუტე და ავსლუკუნდი. ყველაფერს ერთად ვტიროდი: მონატრებას, სიხარულს, უბედურებას, დამცირებას, თავმოყვარეობის შელახვას, გათხოვებას, განშორებას. ყველა გრძნობას მივეცი გასაქანი. ცოტა რომ დავწყნარდი და შოკიდან გამოვედი, კითხვები დავაყარე:
– კი, ამგრამ აქ როგორ აღმოვჩნდი? ვინ მომიყვანა? შენ ვინ გითხრა აქ რომ ვიყავი?
მოგვიანებით გავაანალიზე, რომ თვითონ იყო მოტაცების ინიციატორი.
– ეს რა გააკეთე? მოდი, სანამ გვიან არ არის და ვინმე გაიგებს უკან დავბრუნდები, თორემ დამიჯერე ნიკა წერეთელი ცოლის მოტაცებას არავის აპატიებს. არცერთს დაგვინდობს – ჯერ შენ მოგკლავს და მერე მეც გამიხვრიტავს შუბლს.
– შენ თითსაც ვერავინ დაგაკარებს. მე რაც უნდა ის მიქნას. შენ, ჩემო ანგელოზო, შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ. აწი მე დაგიცავ, აქამდეც უნდა მექნა. მაპატიე შვილო, დავაგვიანე.
– როგორ მოახერხე მარტომ იქ შემოღწევა? – გული ამიჩუყდა.
– მარტო არ ვყოფილვარ, გიგა მეხმარებოდა, ნოდარის ბიჭი.
გიგა, მამას უახლოესი მეგობრის შვილია. დიდი ხანია ვუყვარვარ. თუმცა ჩემთვის პირდაპირ არასდროს უთქვამს. იცოდა რომ გათხოვებას არ ვაპირებდი, ჩემი უშვილობის ამბავიც იცოდა და მისი დუმილის გადამწყვეტი ფაქტრი ალბათ ესეც იყო. არც მისი ოჯახის გეგმებში შედიოდა „ბერწი“ რძალი. არა, სხვანაირად არ გამიგოთ, ძალიან კარგი ხალხი იყო, მაგრამ რა ექნათ, ერთადერთი შვილი არ ემეტებოდათ ჩემთვის. არც ვამტყუნებ.
– შალვა ბიძია ჯობია წავიდეთ. დარწმუნებული ვარ უკვე ყველგან გვეძებენ – ოთახში გიგა შემოვიდა. – გამარჯობა, თინი. – თვალი ვერ გამისწორა ისე მომესალმა.
– მა, გთხოვ არ გვინდა, რა. მე არაფერი მიჭირს. კარგად ვარ. თან მიყვარს... – იმდენად არაბუნებრივად წარმოვთქვი ეს სიტყვა, ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებდა.
გიგამ ოთახი დატოვა.
– ჩემო ანგელოზო, დამთავრდა ყველაფერი.
– იმ გოგოს მართლა იცნობდი? – გაუბედავად წამოვიწყე. იმ თემას შევეხე, რაც აქმდე შიგნიდან მჭამდა.
– არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, გთხოვ.... – ხმა აუკანკალდა. პირველად ვხედავდი მამაჩემს ასეთს. – ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა და მოურჩენელი ტკივილია, რომელსაც ვერასოდეს გამოვისყიდი. – თავზე მაკოცა და გავიდა. არ უნდოდა თვალზე მომდგარი ცრემლი შემემჩნია.
პირველად მოვავლე თვალი იქაურობას. რაღაც მიტოვებული შენობა უნდა ყოფილიყო. მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მაფიოზები ერთმანეთს შეხვერდრას რომ უნიშნავდნენ სწორედ ისეთი. ვაი ,შენს პატრონს თინი, ერთი მოგაგნოს ქმარმა, მერე ნახე მძაფრსიუჟეტიანიც, თრილერიც და ექშენიც, თან 3D-ში.
არ შევმცდარვარ. უნდა ვაღიარო, ქვეცნობიერად ვიცოდი რომ აუცილებლად მოვიდოდა და წამიყვანდა. მინდოდა თუ არა, რომ ვეპოვე? არ ვიცი, ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მშობლები ასე უსაფრთხოდ იქნებოდნენ. ყოველ შემთხვევაში თავს ვარწმუნებდი, რომ მიზეზი ეს იყო.
გარედან შემოსულ ხმაურში ნიკას ღრიალი რომ გავარჩიე, ადგილიდან მოვწყდი და გარეთ გავვარდი. ნიკა და მისი დაცვის ორი წევრი შენობაში შემოღწევას ცდილობდნენ.
– მამა – ვიყვირე და წამით ყველა გაშეშდა.
– თინი გაიქეცი, შვილო.
ადგილიდან არ ვიძროდი. დავინახე როგორ წაიღო გიგამ იარაღისკენ ხელი. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა შეამჩნია ჩემი მზერა, გიგას ხელები გადაუგრიხა და ძირს დააგდო. ზევიდან მუხლით დააწვა და საფეთქელზე იარაღი მიაბჯინა.
– გთხოვთ, არ გინდათ – მეც ძლივს გავიგონე საკუთარი ხმა.
ნიკა ჩემკენ დაიძრა. წინ მამაჩემი გადაუდგა. კანკალმა ამიტანა, ჩემმა ქმარმა იარაღი რომ დაუმიზნა  – ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ესროდა. 
„გთხოვთ არ გინდათ, შეწყვიტეთ“ – ვიმეორებდი გულში და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.
– გაიყვანე. – ჩემზე ანიშნა დაცვას.
ხელი რომ მომკიდეს და გასასვლელისკენ წამიყვანეს, მაშინ გავაცნობიერე რომ ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ცოტაც და მამა სიცოცხლეს გამოემშვიდებოდა. შემდეგ რაც მოხდა, შემიძლია დავიფიცო, რომ გაუცნობიერებლად გავაკეთე, ინსტინქტურად. არ მახსოვს როგორ ამოვაცალე დაცვას ქამრიდან იარაღი და როგორ ვისროლე ნიკას მიმართულებით. შეტორტმანდა და ჩაიკეცა. სისხლი დავინახე. ღმერთო მიშველეე... ნიკას ვესროლე. მე მგონი მოვკალი. იარაღს ხელი გავუშვი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვახერხებდი ფეხზე დგომას, რომ ნიკას დაცვის წევრს ვეჭირე ხელით. როგორც კი გამიშვა ჩავჯექი. ორივე დაცვა ნიკას მივარდა. განთავისუფლებული გიგა ცდილობდა, როგორმე გონს მოვეყვანე და გარეთ გავეყვანე. გაშეშებული მამაჩემი ადგილიდან ვერ იძვროდა. მხოლოდ მას ესმოდა რად დამიჯდა ეს საქციელი. მარტო მან გამიგო.
– ადექი, თინი წავიდეთ – სადღაც შორიდან მესმოდა გიგას ხმა.
მამაჩემი მომიახლოვდა.
– წადით, გთხოვთ და აღარ მომძებნოთ. – ჩავიჩურჩულე და მამას მზერა გავუსწორე. თვალებში ჩამაშტერდა. წამოდგა, გიგას ხელი მოჰკიდა და ანიშნა წავედითო.
– რას აკეთებ, შალვა ბიძია, იმ არაკაცთან როგორ ტოვებ?
– არჩევანი უკვე გააკეთა. – გავიგონე მამაჩემის ჩახლეჩილი ხმა.
– რა არჩევანი გააკეთა, კინაღამ მოკლა შენი გულისთვის.
– გამოუსწორებელი შეცდომა არ ჩაადენინა. შეცდომა, რაც მის თავს შეაძულებდა. – მობრუნდა და თვალებში ჩამხედა. თითქოს ჩემი სული წაიკითხაო. – წავედით! არჩევანი უკვე გააკეთა. – ხელი მოკიდა და ძალით გაიყვანა გარეთ.
ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, მას მერე აღარ მინახავს.
მხარში მოხვდა ჩემს მიერ ნასროლი ტყვია ნიკას. მარცხენა მხარეს. გულს ცოტათი აცდა.
ყველაფერი აირია.
ნიკა წამოდგა. სერიოზული ჭრილობა არ იყო, მაგრამ მაინც ჭრილობა იყო. ჩემი ნასროლი.
– ადექი, წავიდეთ. – ჩემკენ დაიხარა და რამდენიმე წითელი წვეთი ჩემს საქორწილო კაბას დაეცა. წელზე ხელი მომხვია და წამოდგომაში დამეხმარა. ფეხზე ძლივს ვიდექი. მარჯვენა ხელით ვყავდი მიხუტებული და ასე მიმიყვანა მანქანამდე. ჩავჯექით. თავი მის მკერდს მივადე და თვალები დავხუჭე.
ძალიან ბევრი ემოცია იყო ერთი საღამოსთვის, ვეღარ ვუძლებდი.
– საავადმყოფოში – გასცა ბრძანება დაცვის ერთ-ერთმა წევრმა.
– არ მინდა საავადმყოფო.
– ბატონო. ნიკა...
– სახლში მივდივართ! – კატეგორიული იყო ნიკას ტონი.
მანქანა სახლთან გაჩერდა. ცოტა აზრზე მოვედი, ჩემი ფეხით გადავედი მაქანიდან.
– ძილი ნებისა – კიბის ბოლო საფეხურზე გაჩერდა, თავზე მაკოცა და თავისი ოთახის კარი მიიხურა.
კიბეს დაბლა ჩავუყევი, სამზარეულოში შევედი და პირველადი დახმარების საშუალებებით ხელში ნიკას ოთახში დაუკაკუნებლად შევედი. წელს ზევით შიშველი იჯდა საწოლზე და ცდილობდა ჭრილობა თავისივე პერანგით მოეწმინდა. მის წინ ჩავიმუხლე. ფრთხილად შევახე ხელი ჭრილობაზე. ეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნია. სპირტით დავუმუშავე. სულს ვუბერავდი ჭრილობა, რომ არ აწვოდა. დავინახე როგორ დააყარა ხორკლებმა.
– სად მიმიზნებდი? – ამ კითხვას არ ველოდი.
– ფეხში. – ამოვიკნავლე და გავჩუმდი.
– სნაიპერი მყავხარ. – დავინახე, როგორ ჩაეღიმა.
„მყავხარ“ – ექოსავით ჩამესმა.
მოვრჩი, ბინტით გადავუხვიე. დასვრილი ბამბები შევაგროვე, ერთ პარკში ჩავყარე და კარებისკენ გავემართე.
– ძილი ნებისა – მოვბრუნდი, ლოყაზე ნაზად ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი.


****
დილით ძლივს ავითრიე დამძიმებული სხეული. შხაპმა ცოტა მიშველა. ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. კაბინეტის კარი ღია იყო. დიმა სავარძელში იჯდა და თავზე ყინულის ნატეხები შემოედო. გუშინდელი დღე სახეზე ეხატა.
– ღადაობ, ტო?  ხედავ, სადამდე მიიყვანეთ ეგ გოგო? სრულ ჭკუაზე როგორ არის, თქვენ ხელში მიკვირს. – დამინახა – ვაა, ლეონ ქილერი მოსულა – ხელები გაშალა – აუ, დედას გაფიცებ მასწავლე, სროლისას მიზანს ორ მეტრში როგორ უნდა ააცილო. – სიცილისგან გადაბჟირდა.
– შენ ის მითხარი როდის თხოვდები? – არც მე ჩამოვრჩი – მაინტერესებს, ქორწილში დაჭერილი თაიგულის მითი, რამდენ ხანში სრულდება.
დავინახე, როგორ ჩაეცინა ნიკას.
– ოჰ ენაც როგორი მახვილი გვქონია. – ერთი თავი არ მისკდებოდეს გაჩვენებდი „შუტკების“ მასტერ კლასს, მაგრამ რა ვქნა, დაჭრილი არწივი ჩამიგდე ხელში და მიდი, ჰე, მჯიჯგნე.
კარგ ხასიათზე დავდექი, დილას დიმათი, რომ დაიწყებ, გამორიცხულია ცუდ ხასიათზე დადგე. ერთად ვისაუზმეთ ყველამ, როგორც ყოვეელთვის ნათიას უგემრიელესი საუზმე მოემზადებინა.
– დროზე უნდა მოგიტაცო, ნათი, ვინმემ არ დამასწროს. – გადაიწია და ყელში ხმაურით აკოცა აფორაჯებულ ნათიას. – წერეთელი, გახსოვს რომ გეუბნებოდი, თაფლობის თვეშიც ვერ მომიშორებ თავიდან, ქორწილის მეორე დილას, ჩემთან ერთად მოგიწევს ყავის დალევა-მეთქი? – ნიკას გადახედა. – აჰა, სიტყვის კაცი ვარ.


****
ცხოვრება, თავის კალაპოტში ჩადგა. მე და ნიკა უკვე კეთილი მეზობლებივით ვცხოვრობდით ერთ სახლში. ერთმანეთის მოკითხვა რომ არ ავიწყდებათ შეხვედრისას.
მე შევიცვალე, აღარ მეშინოდა. დილა ისევ ჭიშკართან მანქანის შემოწმებით იწყებოდა. ოღონდ უკვე შიშს კი არა მღელვარებას ვგრძნობდი. დღე მისი დაბრუნების მოლოდინით მთავრდებოდა და როგორც კი კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმას გავიგებდი, მშვიდი ძილით სრულდებოდა. მიუხედავად ამხელა ცვლილებებისა, თავს მაინც არ ვუტყდებოდი. თუმცა, არც ისე კარგად იყო საქმე, როგორც ჩანდა. – ჯერ კიდევ იყო გარემოებები, რომელიც წარსულში გვაბრუნებდნენ. სწორედ ამიტომ ვერ ვუტყდებოდი თავს. გულის ტკენის მეშინოდა. მეტს ვეღარ გადავიტანდი.
საზოგადოებაში იშვიათად ვჩნდებოდით, გამონაკლისის გარდა. ეს იშვიათი გამონაკლისი ბიზნესმენთა ასოციაციის  ყოველწლიური შეკრება იყო, სადაც ნიკა საპატიო წევრად იყო მიწვეული და მასთან ერთად მეც. როგორც უკვე გითხარით, არ მხიბლავდა მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ სახეზე სასიამოვნო ღიმილი ავიკარი და მანქანიდან მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალის გამომეტყველებით გადმოვედი. იცით რას მივხვდი, ყოველი ასეთი საღამოს მერე სახის კუნთები მტკივა. იმდენად ჩვევაში გადაგდის ღიმილიანი სახე, რომ სახლში დაბრუნებული, მაკიაჟის მოშორებისას ხედავ, რომ ღიმილი ისევ სახეზე გაქვს აწებებული და სახის კუნთების მოდუნების შემდეგ, ხვდები რა გაწუხებდა მთელი დღე – ყალბი ღიმილი.
საღამო ჩვეული რეგლამენტით მიმდინარეობდა, კონფერენციის შემდეგ ბანკეტი და სტანდარტულად უაზრო თემების განხილვა. რომ მივხვდი, სადაცაა მაგიდასთან ჩამომეძინება-თქო, ნიკას გადავულაპარაკე, მალე მოვალ-მეთქი და საპირფარეშოსკენ გავემართე. გავიარე გრძელი დერეფანი და ის იყო კარის სახელური უნდა ჩამომეწია, რომ ვიღაცამ ხელი მკლავში წამავლო და თავისკენ შემაბრუნა.
– გიგა? აქ რა გინდა? – გამიკვირდა, უფრო არ მესიამოვნა.
– თინი, შენთან მოვედი, შენს წასაყვანად... – ლუღლუღებდა ჩუმად, ეტყობოდა, ცოტა ნასვამი იყო.
– გაგიჟდი? ახლავე წადი აქედან, სანამ ვინმემ დაგვინახა.
– შენც წამოდი, უშენოდ აქედან ფეხსაც არ გავადგამ. მიყვარხარ, ხომ იცი? მაშინ მამაშენმა არ მომცა უფლება, მაგრამ ახლა ვერაფერი შემიშლის ხელს. დამნაშავე ვარ, თინი შენთან, დამნაშავე. არ უნდა მომესმინა არავისთვის და როცა შანსი მქონდა მაშინ უნდა გამეხადე ჩემი. ჩემთვის არაფერს არა აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის იდეალური ხარ. არ მაინტერესებს არც ოჯახის აზრი და არც საზოგადობის, ჩემი ცხოვრების აზრი შენ ხარ. გესმის, შენ. – ლუღლუღებდა და ცდილობდა ჩამხუტებოდა.
ზურგს უკან სიმხურვალე ვიგრძენი და მივხვდი იქ იდგა. საკმარისზე მეტი გაიგო. განრისხებული იყო. მეხის გავარდნას ველოდი. გავარდა კიდეც. საყელოში ჩაავლო ხელი გიგას და ისეთი თვალებით ჩააშტერდა, ცოტაც და სულს გააფრთხობინებდა.
– კიდევ ერთხელ მიეკარები ჩემს ცოლს და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. – ჩახლეჩილი ხმით გამოსცრა კბილებში და მივხვდი, რად უჯდებოდა თავის შეკავება. მუშტი ისეთი ძალით მოიქნია, რომ გიგა კედელს მიენარცხა და იქვე ჩაიკეცა. შევკივლე და გიგას მივვარდი. ტუჩი გახეთქოდა და წარბიდანაც სისხლი სდიოდა.
– ცხოველი ხარ! – გაუაზრებლად მივაძახე და დავინახე, როგორ შეეცვალა სახე. თვალები ჩაუმუქდა.
ხელი მაჯაში წამავლო და ძალით მაიძულა გავყოლოდი. მანქანაში ჩამსვა და მძღოლს უბრძანა სახლში წავეყვანე.
– არ გაბედო მისთვის თითის დაკარება, თორემ გეფიცები, ჩემი ხელით მოგკლავ. გარწმუნებ, აღარ აგაცილებ. ხელიც არ ამიკანკალდება, ისე გაგიხვრიტავ შუბლს. – მე თვითონაც არ ვიცი, რატომ ვემუქრებოდი, იმის მეასედის ასრულებაც არ შემეძლო რასაც ვბაქიბუქობდი. მეშინოდა მართლა არაფერი დაეშავებინა გიგასთვის და ამდენი ხნის ნაკოწიწები ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით არ გაენადგურებინა. მანქანის ღია კარებთან იდგა და მძიმედ სუნთქავდა, როგორც კი მოვრჩი ისტერიკას, კარი მომიჯახუნა და მძღოლს ანიშნა – წადიო.
სახლში ადგილს ვერ ვპოულობდი. გაავებული ვცემდი ბოლთას. ვურეკავდი, არ მპასუხობდა. ჭკუიდან გადავდიოდი. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი ტანჯვა. უკვე ჩემს ოთახში ვიყავი გამოცვლილი და ფანჯარასთან ველოდებოდი. ღამის სამი საათი იყო მისი მანქანა, რომ მოადგა ჭიშკარს. სუნთქვა შემეკრა. ოთახიდან გამოვედი და კიბის თავზე დაველოდე. ნაბიჯები ერეოდა, მთვრალი იყო.
– სად არის გიგა? – წინ ავეტუზე, როგორც კი კიბის საფეხურები ამოათავა.
– მარტო ეგ გაინტერესებს არა? – ცხვირი ცხვირზე მომადო და სუნთქვა გაუხშირდა.
– რა უქენი, შე ცხოველო? – აზრი აღარ მომეკითხებოდა.
– გოგოოო – იღრიალა ბოლო ხმაზე. – სახლში მოვედი მთვრალი, გაცოფებული და შენ ძველი საყვარლის ბედი უფრო გაინტერესებს ვიდრე ჩემი?
– იცოდე, არ გპაატიებ, რამე რომ დაემართოს, არ გაპატიებ. – უკვე ისტერიკა მქონდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოკლა. დღემდე ვერ გამიგია რატომ განვიცდიდი ასე გიგას ბედს. არანაირი გრძნობა არ მქონდა მის მიმართ, უახლოეს მეგობრადაც არ აღვიქვამდი. უბრალოდ, კარგი ნაცნობები ვიყავით და არაფერი მეტი.
ამ გადასახედიდან რომ ვაანალიზებ, ჩემი ისტერიკა ნაგროვები სტრესის ბრალი იყო. ნერვული შეტევა მქონდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რაზე ამოვანთხევდი, მთავარი იყო რომ ვიცლებოდი. მე ვიცლებოდი ემოციებისგან და ვერც ვაცნობიერებდი ისე ვანადგურებდი მას. სახე წაშლილი ჰქონდა, ვერც მაშინ ვიაზრებდი და ვერც ახლა ვხვდები ბოლომდე, რა ხდებოდა მის გულში. გაქვავებული იყო. წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ნიკა იყო, რას ნიშნავდა ჩემი საქციელი? ცოლი თავზე ამხობდა ყველაფერს, ვიღაცა კაცის გამო. ბოლო წვეთი იყო, როცა გახევებულს მუშტები დავუშინე გულმკერდში. ორივე ხელი მკლავებში წამავლო და მთელი ძალით მომიჭირა. ტკივილისგან დავიკვნესე და ცოტა აზრზე მოვედი. აღარ ვყვიროდი, სამაგიეროდ ტკივილისგან ვკვნესოდი.
– გამიშვი, მეტკინა – უკვე ვემუდარებოდი.
არაფერი ესმოდა და ხელის კვრით ოთახში შემაგდო. შიშისაგან კედელს ავეკარი.  ვხვდებოდი, რომ მასში მხეცი, უკონტროლო ადამიანი გავაღვიძე. ნელა მომიახლოვდა და ხელები ისე მიაყრდნო კედელს, რომ მათ შორის მოვექეცი. სახე ძალიან ახლოს მომიტანა და არაადამიანური ხმით მითხრა:
– მასთან იწექი? – ვერ გავაცნობიერე რას მეკითხებოდა. ვერ წარმოვიდგინე, ამას მთელი სერიოზულობით თუ მკითხავდა. მე ხომ მაშინ, იქ, მიტოვებულ შენობაში, მასთან დავრჩი. არ გავყევი არც მამაჩემს და მითუმეტეს არც გიგას. როგორ ვერ ხვდებოდა?  უნდა ეგრძნო რატომ დავრჩი მაშინ.
– ამის დედას შე***** - მთელი ძალით დასცხო კედელს ხელი. – გიყვარს?
შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი. მის ცხელ სუნთქვას ყელთან ვგრძნობდი. ორი წამიც და მთელი ძალით დამეძგერა ტუჩებზე. გაშმაგებით მკოცნიდა. მიკოცნიდა სახეს, ყელს, მკერდს. ერთი ხელის მოსმით გამხადა სააბაზონოს ხალთი და მხოლოდ საცვლების ამარა წარვსდექი მის წინაშე. შემომხედა დანისლული თვალებით და ამოიგმინა. ხელები მომხვია, მთელი სხეულით ამიკრო ზედ და ისევ ჩემს ყელში ჩარგო თავი.
– თინი, რას მიშვები, ჭკუიდან გადაგყავარ. – უკვე საწოლზე გადაწოლილს მეჩურჩულებოდა ისე, რომ ერთი წამითაც არ მოუშორებია ტუჩები ჩემი სხეულისთვის.
რას ვგრძნობდი მე? პანიკას! გახევებული, შეურაცხყოფილი, განადგურებული ვიყავი.  ზედა საცვალიც ხალათის გზას რომ გაუყენა და ხელი ქვედა საცვლისკენ წაიღო, ყველა ემოციამ ერთად ამოხეთქა და ხმამაღლა ავქვითინდი. პირველად ვუწოდებ ჩემს ტირილს „ქვითინს“. მართლა ცხოვრებაში პირველად ავქვითინდი. სასოწარკვეთისგან, უიმედობისგან, დამცირებისგან, ცოტაც და ჩემზე ფეხებს შეიწმენდნენ, როგორც იატაკის ტილოზე.
გონს მოეგო. გაშეშდა, გააცნობიერა რას აკეთებდა. თითქმის დედიშობილა  ვეგდე  ლოგინზე და გულამოსკვნილი ვტიროდი. გახევებული უყურებდა ჩემს დალურჯეულ სხეულს.
– ღმერთო, რა ჩავიდინე... – საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
როგორც კი თავისუფლება ვიგძენი, წამოვხტი და კედელსა და საწოლს შორის მივიკუნტე. შემომხედა და გული მოეწურა. მიხვდა რომ ძალიან მატკინა, ფიზიკურად კი არა, სულიერად. ეს უარესი იყო. წამოდგა და ჩემს წინ ჩაიჩოქა. უფრო მეტად ავეკარი კედელს. ჩემსკენ გამოწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა და ნერვიულად მომუშტა. წამოდგა და ორივე ხელი თმებზე გადაისვა. ადგილს ვერ პოულობდა. ჩემთან ერთად სტკიოდა. სხეული კი არა, სული.
– უფლებაც არ მაქვს პატიება გთხოვო, იმიტომ რომ ამას ჩემს თავს მე თვითონ ვერასოდეს ვაპატიებ. – ხმა ჩახლეჩოდა. – უბრალოდ გთხოვ, დაივიწყე. გონებიდან ამოირეცხე. ვერ გიყურებ ასეთს. თინი, გემუდარები რამე მითხარი. – ნერვიულად ტკეპნიდა ერთ ადგილს. – თუ გინდა გამლანძღე, სახეში შემაფურთხე, ოღონდ ჩუმად ნუ ხარ. – საპასუხოდ ხოლოდ ვსლუკუნებდი.
ჩემთან ერთად კი არა, ჩემზე მეტად სტკიოდა. ვხვდებოდი, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი. საბოლოოდ ოთახიდან გავიდა. ძრავის დაქოქვის ხმა გავიგე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ამ მდგომარეობაში, კარების სახელურის ჩამოწევის ხმამ, რომ შემაკრთო. შიში დაცულობის გრძნობამ შეცვალა, გაღებულ კარებში ნათია რომ დავინახე.
– თინი, სიხარულო, ეს რა დღეში ხარ? ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, – ფრთხილად ამაყენა და საწოლში ჩამაწვინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები