ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
26 ნოემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (8)

****
მეორე დილით უკვე წასული დამხვდა, რაღაც ჩამწყდა, მაგრამ დროის ათვლა დავიწყე. მალე გაივლიდა 30 დღე.
მარიამ ბებიამ შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. საკმარისი იყო დამლაპარაკებოდა და ყველანაირი დარდი მავიწყდებოდა. ჩემი წამალი იყო. სოფლის ცხოვრებას ნელ-ნელა ალღო ავუღე, ყველაფერში ვეხმარებოდი. რამდენჯერმე ძროხაც კი მოწველე, როგორც მითხრა საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა. ვისწავლე თონეში პურის ჩაცხობაც. ვინ წარმოიდგენდა, თინი წილოსანი, სოფლის ცხოვრებას, ასე კარგად თუ მოერგებოდა?!
ვგიჟდებოდი საღამოობით ჩვენს გულახდილ საუბრებზე. მიყვებოდა თავის ახალგაზრდობაზე. როგორ გათხოვდა და როგორ შეაყვარა თავი „ცხონებულმა შოთამ“. შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვიყავი. ერთი რაღაც მაკლდა მხოლოდ – ერთი ვიღაც.
წარმოიდგინეთ ერთ დღესაც ჩემი სიხარული, ჭიშკართან გაჩერებული მანქანიდან ნათია და დიმა, რომ გადმოვინენ.
– გოგო, სულ გაგიჟდი შენ? – ფეხი არ ჰქონდა ეზოში შემოდგმული ყვირილი, რომ დაიწყო დიმამ – ასეთი ამბავი როგორ არ გაგვაგებინე? ასეთ რთულ მომენტში შენს გვერდით არ უნდა ვყოფილიყავით? დამაცადოს, ჩამოვიდეს ის უჟმური, იმან მაინც როგორ დაგვიმალა?!
მე უკვე თვალცრემლიან ნათიას ვეხუტებოდი და სიხარულისგან და მღელვარებისგან მეც ცრემლები მომდიოდა თვალებიდან.
– შენ სულ რავა უნდა ღრიალებდე? დამეფსო ყურები. – ჩვენსკენ მოდიოდა მარო ბებია და თან მეტისმეტი სიყვარულით დიმას კიცხავდა.
დიმამ მოხუცებული ხელში აიტაცა და დააბზრიალა.
– დამსვი შე შეჩვენებულო. – გაჰყვიროდა და ცდილობდა როგორმე ფეხებქვეშ მიწა ეგრძნო. – ამას არაფერი აღარ ეშველება, დადგენილი ამბავია მაგი. – როგორც კი მიწაზე დასვა, მაშინვე ნათიასკენ გაემართა. – დედა, სად იშოვე აგი ანგელოზივით ბოვში, ან შენ ვინ გამოგატანა, შე კუდიანო? – უკვე ნათიას კოცნიდა მოხუცებული.
ერთი კვირა დარჩნენ. ყველაზე მხიარული ერთი კვირა გავატარე ჩემი ცხოვრების მანძილზე. სულ სხვანაირი სიხალისე შემოიტანეს სახლში.  მარომ ნათიაც ჩართო სოფლის საქმეებში. ძროხის წველა ჯერ არ გამოსდიოდა, მაგრამ სადილების კეთებაში ბადალი არ ჰყავდა.
– მარო, ნუ გააგიჟე ეს ქალაქელი გოგოები და ნუ გაწყვიტე წელში. – ენას არ აჩერებდა დიმა. – რას იტყვის ის ბატონიშვილი, რომ ჩამოვა და „სვეწკი“ ცოლის მაგივრად სოფლელი „გომბიო“ დახვდება?
– შენ მგონი, ჩემი ბროწეულის წკპლის გემო დაგავიწყდა. – მოჭუტული თვალებით გადახედავდა ხოლმე მარო.
– „ვინავატი“ ვარ – ხელებს სწევდა დიმა.
და მერე ისევ გრძელდებოდა, ასე დაუსრულებლად.
მე და ნათიამ ბევრი ვილაპარაკეთ. ჩემს მშობლებზეც.
– ძალიან მეწყინა, თინი, ასე როგორ შეიძლებოდა? მერე რა რომ თაფლობის თვე გვქონდა. მე და დიმას მთელი ცხოვრება გვაქვს ერთმანეთისთვის და შენ კიდევ მაშინ გჭირდებოდით. ჩემი გოგო, როგორ გაუძელი ამ ყველაფერს მარტომ? – მომეხვია. მომნატრებოდა მისი ჩახუტებები.


****
წავიდნენ. მე არ გავყევი. არ მინდოდა ნიკას გარეშე იმ სახლში. ის „ჩვენი“ სახლი იყო და აუცილებლად ერთად დავბრუნდებოდით.
ის დღეც მოახლოვდა, ხვალ თბილისის დროით 18:35-ზე მისი რეისი თბილისის აეროპრტში დაეშვებოდა. აეროპორტში დავრეკე და ზუსტი დრო ვიცოდი. დილით ადრე წასვლა გადავწყვიტე. ბევრი ვეხვეწე მაროს: „შენც წამოდი, უშენოდ რა მეშველება“-თქო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ურყევ არგუმენტად „ცხონებული შოთას“ სული და მის წინაშე ვალდებულებები მოჰყავდა. 7 საათზე უკვე სოფლის ავტობუსში ვიჯექი და საკუთარი გულის ცემას ვგრძნობდი. ცოტაც და...  30 დღე.... 30 ღამე....
დიდი დრო იყო. იქნებ რამე შეიცვალა? იქნებ გადაიფიქრა? იქნებ დავავიწყდი? მაგრამ მე მაინც მივდიოდი, ცოტაც და ვნახავდი. ჭიშკართან ვიდექი. პულსაცია გამიორმაგდა. რამდენი მოგონება მქონდა?! კარგიც და ცუდიც. ახლა მარტო კარგი მახსენდებოდა. მაშინ, იმ საღამოს ნიკამ ის ცუდიც საუკეთესო კუთხით დამანახა. თავისი თვალით დამანახა. ნიკას ოთახში შევედი, ვიგრძენი მისი სუნი და გამაჟრიალა. მენატრებოდა სიგიჟემდე.
– ვიცოდი რომ დახვდებოდი, გენაცვალე შენ. ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ მთელ დედამიწაზე. ჩემს მერე, რა თქმა უნდა. – დიმა ყვიროდა დაბლა. – სად ხარ ერთი გემრიელად უნდა ჩაგეხუტო. – უკვე კიბეზე ამორბოდა.
ცოლ-ქმარი იმის გადასამოწმებლად მოვიდა, დავუბრუნდებოდი თუ არა ნიკას.
– მე დარწმუნებული ვიყავი. – გამიღიმა ნათიამ და გადამკოცნა. – იქ სოფელში მივხვდი.
– აჰა, მირეკავს შენი რომეო. – ტელეფონს დახედა დიმამ. – ისიც ნერვიულობს ალბათ.
– დიმა, ნათიას თავს გაფიცებ არ უთხრა, აქ რომ ვარ. – აკრძალული სვლა გამოვიყენე და ცოლი დავაფიცე.
– გაგიჟდი გოგო? თავისი ხელით გამითხრის საფლავს. რა პონტია, რატომ მოვატყუო?
– გთხოვ. თან უკვე დაგაფიცე. – გავუღიმე და გულზე ხელები დავიკრიფე.
ამოიოხრა და უპასუხა.
– ძმას სალამი... რა ვიცი, მოგეხსენება ცოლიანი კაცის ამბავი, შემჭამა ცოცხლად. ხან შპალერის ფერი არ მოსწონს, ხან ფანჯრის სიმაღლე, შემიკლა ხელში. – ცდილობდა მთავარი კითხვა აეცილებინა თავიდან და ათას სისულელეს მიედებოდა. – თინი?... – შემომხედა. ხელები გავასავსავე. – ჯერ არ მოსულა, მაგრამ სად წავა. მოფრინდება შენი ჯულიეტა... რომელზე იქნები აქ?.. დაგხვდები. – გათიშა.
– მოსაკლავი ხარ! – მომიბრუნდა გაბრაზებული. – მე მგონი გული შეუწუხდა ისე მალე გამითიშა ყურმილი. ცოცხლად მარხავ მაგ ადამიანს უკვე რამდნი ხანია, აღარ გეყო?
მივედი, მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
– ვიცი, დიმუსი, მაგრამ ის ემოცია უნდა ვნახო. მასთან ერთად უნდა გადავიტანო ეს სიხარული.
– მაინც ჩემი გოგო ხარ შენ. – თვითონაც მომეხვია.
დიმა წავიდა აეროპორტში. ნათია ჩემთან დარჩა. ვახშმის მომზადებაში მეხმარებოდა. ეს დღე დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო. იყო კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ჩვენ ვიმედოვნებდით.


****
ცხოვრება ხანდახან ისეთი სასტიკია და სწორედ მაშინ გიწყობს გამოცდას, როცა გგონია, რომ ყველაფერი ცუდი უკვე უკან მოიტოვე და ახლა მხოლოდ ბედნიერებისკენ უნდა იარო. მაშინ როცა წესით უკვე შენი წილი ბედნიერება იპოვე,  დგება სამყაროს აღსასრული.
მე სამყარს აღსასრული მთელი სიმძაფრით შევიგრძენი.
ჩართული ტელევიზორის წინ, გაშეშებული ვიდექი და სადღაც შორიდან ჩამესმოდა დამწუხრებული დიქტორის ხმა: „ფრანკფურტი-თბილისის რეისმა კატასტორფა აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. პირველადი მონაცემებით პილოტის შეცდომამ....“ აღარაფერი მესმოდა. ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. მიკვირდა ფეხზე, დგომა როგორ შემეძლო, ზეცა როგორ არ მემხობოდა თავზე, როგორ ვსუნთქავდი ასე თავისუფლად, როგორ შემეძლო გამეგრძელებინა სიცოცხლე, ან თუნდაც არსებობა?
თავი გვერდზე მივაბრუნე და არაფრის მთქმელი მზერა მივაპყარი პირზე ხელებაფარებულ ნათიას. უსაზღვრო ტკივივილი დავინახე მის თვალებში.
– იქნებ სხვა რეისია? –  ჩემკენ წამოვიდა.
– აეროპორტში მივდივარ. – არც კი შემიხედავს ისე ვუთხარი და კარისაკენ წავედი.
– თინი, არ გინდა... სხვა რეისი იქნება. ახლავე დავურეკავ დიმას. – უკან მომყვებოდა და თან ტელეფონზე დიმას ნომერს კრეფდა. ვერ დაუკავშირდა.
აეროპორტში მძღოლმა წაგვიყვანა. შევედით მოსაცდელში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა და სრული პანიკა იყო. ამდენ ხალხში შევძელი და დიმა ვიპოვე. საშინელი სახე ჰქონდა.
– დიმა... – მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა ნათიამ.
– წავალ გავიგებ, იქნებ არ მჯდარა ამ თვითმფრინავში.
წავიდა. დრო გაიწელა. ნელ-ნელა შოკიდან გამოვდიოდი და აუტანელი ტკივილი მეწყებოდა გულის არეში. ვეღარ ვუძლებდი.
დიმა დაბრუნდა.
დარდისგან დაპატარავებული ადამიანი გინახავთ? მე მაშინ ვნახე. კითხვა აღარ იყო საჭირო. ყველაზე უარესი კოშმარი ხდებოდა.
– დიმა... – მუდარის თვალებით მიაშტერდა ქმარს ნათია.
– რეგისტრაცია ამ რეისზე გაიარა. – ისედაც ჩახლეჩილი ხმა საერთოდ ჩაუწყდა.
ვეღარაფერს ვგრძნობდი. იატაკზე ჩავჯექი. ყურები დამიგუბდა. არაფერი მესოდა. მხოლოდ, სადღაც შორიდან მესმოდა ქალის განწირული, არადამიანური ყვირილი. მერე მითხრეს, რომ ეს მე ვკიოდი ასე.
თითქმის არაფერი მახსოვს – როგორ წამიყვანეს სახლში. აღარაფერს ქონდა მნიშვნელობა. მე აღარ ვარსებობდი.


****
საწოლზე ვიჯექი და განუწყვეტლივ ვკრეფდი ნიკას ნომერს, ისე რომ არც ვუყურებდი ეკრანს. საპასუხოდ მხოლოდ სტანდარტული – „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. არ ვწყვეტდი. ნათიამ სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ექნა. უჭირდა ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვა.
– არ მჯერა. სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მედება თვალწინ და სანამ გვამს არ ამოიცნობენ, არ დავიჯერებ! – ოთახში ბოლთას სცემდა დიმა. – გამორიცხულია პროსტა, გამორიცხული. – მის თვალებზე ცრემლს პირველად ვხედავდი. მერე სადღაც წავიდა... ისევ მოვიდა... ისევ წავიდა...
მე ვეღარაფერს ვგრძნობდი. ჩემი ცხოვრება აქ სრულდებოდა. დამამშვიდებელი გამიკეთეს, სხვანაირად ვერ მაიძულეს დამეძინა. მეორე დღე სულ გათიშული ვიყავი.  ცოტა ხნით თუ გავიღვიძებდი, ისიც სულ ვტიროდი. საცოდავი ნათია, ძალიან დავტანჯე. გვერდიდან არ მშორდებოდა და ცდილობდა რამეთი მაინც ვენუგეშებინე.
„რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?!“ – გონებაში მარტო ეს ფრაზა მიტრიალებდა.
საღამოხანს გამეღვიძა. ნათიას ისევ ჩემს საწოლთან, სავარძელში ეძინა. ძალიან დიდი ხანი ვიწექი თვალგაშტერებული. არ ავდექი, არ მქონდა სურვილი რამე გამეკეთებინა. მთელი ღამე მეღვიძა და ასე გაუნძრევლად ვიწექი. რამდენჯერმე ნათიამაც გაიღვიძა და დამხედა. თვალდახუჭული, არ ვინძრეოდი. ფიქრობდა, რომ ისევ მეძინა და თვითონაც იძინებდა. მეცოდებოდა სავარძელში ძილისთვის, მაგრამ თავი არ მქონდა რამე მეთქვა.
ღამის ოთხი საათი იყო. საწოლიდან წამოვდექი. თავბრუ დამეხვა, თუმცა შევძელი თავის შემაგრება. ფეხშიშველმა დავტოვე ოთახი და დერეფანს ნიკას ოთახისკენ გავუყევი. ისევ მისი სუნი იდგა. სკამზე გადაკიდებული მისი პერანგი ავიღე და ჩავიცვი. ნათლად ვიგრძენი შიშველ სხეულზე მისი შეხება. გული მომეწურა, მეტი აღარ შემეძლო. აუტანელი იყო ეს ყველაფერი. ოთახიდან გამოვედი და კიბეს დაბლა დავუყევი. გარეთ გამოსულმა ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და გამახსენდა პირველად რომ მოვადექით ამ ეზოს, მაშინ ფეხშიშველმა გამოვიარე თოვლით დაფარული მთელი ბილიკი. თურმე, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. მახსოვს, ზუსტად ამ ადგილას, როგორ წვავდა ნიკა ჩემთვის შემოხეულ კაბას. თურმე, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. მახსოვს, როგორ გავწექი თოვლში, როგორ გადავხტი ყინულებიან აუზში.
აუზთან ახლოს მივედი და ფეხები ჩავყავი. ცივი იყო. მაშინდელივით არა, მაგრამ მაინც ცივი. ძალიან დიდი ხანი ვიყავი ასე. ფეხები გამეყინა. ნელ-ნელა ზევით წამოვიდა სიცივე. უკვე მთელი ტანით ვკანკალებდი, თუმცა ჩემთვის სულ ერთი იყო. ძალიან დიდი ხანი ვიჯექი ასე, რამდენიმე საათი. სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. თითქოს სისხლიც აღარ მოძრაობდა სისხლიძარღვებში. ვერ ვანძრევდი, ვერც ხელს და ვეღარც ფეხებს. გაუაზრებლად  ჩავედი აუზში და ჩავყვინთე. მციოდა, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. ყურები დამიგუბდა, სუნთქვას მეტს ვეღარ ვიკავებდი. ჩავისუნთქე. ვიგრძენი, როგორ აივსო ფილტვები წყლით. ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას და ტკივილიც ქრებოდა.
მკვეთრი მოძრაობის შემდეგ უწონადობის შეგრძნება. ნაცნობ, მონატრებულ სურნელს ვგრძნობდი. ალბათ ესაა სამოთხე. მერე არაფერი იყო. სადღაც შორიდან ჩამესმოდა ხმები: „სხეული გადაციებული აქვს“. „ყველაფერმა ჩაიარა“. „გონზე მალე მოვა“. „დიდი სტრესის ბრალია.“
მინდოდა მეთქვა, რომ გონზეც ვიყავი მოსული და მესმოდა კიდეც, მაგრამ ვერ ვხედავდი და ხმასაც ვერ ვიღებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები