ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2016


ლიანდაგები

მანდეთ მომავალი ლიანდაგებია,
მერე დაბებია,
მერე - ბაგებია,
მერე  - ფერმებია,
მერე -  ურმებია,
მერე  - სახლი ერთი, ბლოკით ნაგებია.
ეზოში  - ხეები - მჭახე ხურმებია,
ერთიც  - ხე ბებერი, ზედ ბია აბია,
კიდევ -  გულაბია,
ტოტზე ბეღურები რომ ინაბებიან.
ეზოც საბოლოოდ დაგილაგებია,
ბებია!

მოაჯირიანი, ხის კიბეებია,
სახლზე - მოჭრიალე,  ორფრთა კარებია,
ალბათ, გასაღები არც მიჰკარებია.
ჭრელი ფარდაგები - ფეხქვეშ ნაგებია,
რკინის საწოლები და ქვეშაგებია,
მოისმის ხსოვნიდან ბავშვობის ჰანგები.
კამოდის უჯრაში  - თეთრი პერანგები,
კუთხეში - პერანგის ამხანაგებია.
აქ - დიდხანს ნადები საკაბეებია,
გამოჭრილები და დასალამბებია,
კერვა დაგიწყია, დაგინებებია,
ზოგიც - კაბებია,
შეკრულ წერილებში - შენი ვნებებია,
ადრე  უცნაური - დღეს გასაგებია,
ბებია!

ეს დოქი რამდენჯერ შემომგებებია,
ამ თეფშით რამდენი ნუგბარი მრგებია,
დაპრიალებული შენი ქვაბებია...
შენი ქვასანაყი,
შენი ქვა, ბებია!

ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია:
,,-შეუფარებია,
შეუყვარებია,
შეუპარებია,
შეუტანებია’
მერე ვეღარაფერს შეურიგებია..’’
დასაზაფრებია.
შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია.
ჩნდებიან,
ქრებიან და ინამქრებიან..
ცად რა ამბებია,
ბებია?
ბებია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები