ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (10)

****
გაზაფხულის გრილი საღამო იყო. როგორც ყოველთვის ნიკას დაბრუნებას ველოდი. მოვიდა. რაღაც ისე ვერ იყო. მის თვალებში ტკივილს ვხედავდი. ასეთი არასოდეს მენახა. ყოფილა განრისხებული, გაცოფებული, განადგურებული. მაგრამ ასეთი არასდროს. გული ცუდს მიგრძნობდა. მივუახლოვდი და ჩავეხუტე. მთელი ძალით შემომხვია მკლავები, თითქოს ეშინოდა არსად გავქცეულიყავი.
– თინი, უნდა ვილაპარაკოთ. – ჩურჩულით მითხრა და დივანისკენ წამიყვანა, ისე რომ ხელები არ გაუშვია.
ჩამოვჯექით. უკვე თვალცრემლიანი ვუყურებდი. ლაპარაკის დაწყება უჭირდა, თითქოს ვერ ბედავდა. წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა, ორივე ხელი თავზე ნერვულად გადაისვა და ისევ ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.
– თინი... – გაგრძელება ვეღარ შეძლო, ძალიან უჭირდა. – ნინო ორსულადაა.
მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ყველაფერი. არასოდეს უხსენებია, მაგრამ მივხვდი, ნინო იმ ქალს ერქვა, იმ დილით ჩემს ზარს რომ უპასუხა. ოთახში ყველაფერი დატრიალდა. მორჩა, ვეღარაფერი მიშველიდა. ყვირილი მინდოდა. მინდოდა ხმამაღლა მეტირა და საკუთარი უსუსრობა დამეწყევლა, მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ შინაგანად ვგრძნობდი. გარეგნულად გაქვავებული ვიჯექი, ხელები მუხლებზე მეწყო და ერთ წერტილს მივშტერებოდი. წამოვდექი და კიბისკენ წავედი.
– თინი, რამე მითხარი გთხოვ. თუ გინდა მეჩხუბე, მიყვირე, გამარტყი. ამისთვისაც მზად ვარ, მაგრამ ჩუმად ნუ ხარ. თინი, ხომ იცი სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ეს შეცდომა გამომესწორებინა.
– საკუთარ შვილს შეცდომას ნუ უწოდებ. – უკან არც მომიხედავს ისე ვუთხარი. –  წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა ბედნიერება გერგო წილად.
კიბეზე ავედი და ჩემი ოთახის კარი გადავკეტე. არაფრის თავი აღარ მქონდა. მესმოდა როგორ მომყვებოდა ფეხდაფეხ. როგორ მოაწვა დაკეტილ კარს. ჩემთვის სულ ერთი იყო. სკამზე ფეხმოკეცილი ჩამოვჯექი და სივრცეს გავუშტერე თვალი. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, დასრულდა ლამაზი ზღაპარი. აღარ არსებობდა ფრაზა: „ჩვენ შვილი არასდროს გვეყლება“. დარჩა მხოლოდ: „მე არასდროს მეყოლება შვილი, ის ვინც ცხოვრებას აზრს მისცემდა  და ჩემს არსებობას გაამართლებდა“.
მთელი ღამე ასე გაუნძრევლად ვიჯექი, თუმცა ძილი არ მომკარებია. გამთენიისას წამოვდექი და ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე. უნდა წავსულიყავი. მე უკვე ზედმეტი ვიყავი მის ცხოვრებაში. მართალია ამას ახლა ვერ აცნობიერებდა, მაგრამ გავიდოდა დრო და მიხვდებოდა. მას შვილი ეყოლებოდა, მათ გვერდით მუდამ იქნებოდა მისი შვილის დედა. რა ადგილი მეჭირა მე მის ცხოვრებაში? რა სტატუსი უნდა მეტარებინა? ცოლის? ნუ გამაცინეთ. ვის სჭირდებოდა მარტო სტატუსი? ახლა ნათლად ვგრძნობდი, რატომ გადავწყვიტე 17 წლის ბავშვმა, რომ არასოდეს გავთხოვდებოდი. აი, ეს რომ ამერიდებინა თავიდან. ასე უსარგებლოდ, რომ არ მეგრძნო თავი.
ყველაფერი ჩავალაგე. ბევრი არც არაფერი მქონია. საქორწინო ბეჭედი კომოდზე დავდე. უკანასკნელად მოვავლე ოთახს თვალი და კარი გავაღე. ჩემს კარებთან იჯდა. ზურგით კედელს მიყრდნობილი და ეტყობოდა მთელი ღამე არც თვითონ მოეხუჭა თვალი. მაშინვე წამოდგა. შეცბა ჩემს ფეხებთან მდგარი ჩემოდანი რომ შენიშნა. ეტყობა არ ელოდა, წასვლას თუ დავაპირებდი. მეც ამის იმედი მქონდა, მოულოდნელად დავაყენე ფაქტის წინაშე, თორემ გააზრების საშუალება რომ მიმეცა, ალბათ ოთახში ჩამკეტავდა და არსად გამიშვებდა.
– ეს რა არის? – კბილებში გამოსცრა.
– ჩემოდანი. – ვუთხარი მშვიდად, სახელურს დავწვდი და რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
– რას ჰქვია, ჩემოდანი? სად მიდიხარ? მე აღარაფერს მეკითხები?
– არის კიდევ რამე საკითხავი? – უემოციოდ ჩავხედე თვალებში.
– თინი! მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ. ამი დედას ****, ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ.
– საქმეც ეგ არის, ჯერ კიდევ.
–გოგოოო! – მთელ ხმაზე იღრიალა. – ფეხს ვერსად გაადგამ. არც კი გაიფიქრო. ჩემი ხელით დაგახლი ტყვიას და არსად გაგიშვებ. – თავს ვეღარ აკონტროლებდა.
მშვიდად გავუშვი ხელი ჩემოდანს. ოთახში შევბრუნდი და კომოდის უჯრაში, ერთ დროს საგულდაგულოდ დამალული იარაღი გამოვიღე. ნიკას მივუახლოვდი და და აუღელვებლად ჩავუდე ხელში. კანკალმა აიტანა. ხან მე მიყურებდა, ხან იარაღს. ხვდებოდა რასაც ნიშნავდა ეს. ხვდებოდა, რომ ნებისმიერ ფასად წავიდოდი, რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს. მე მივდიოდი სამუდამოდ. ეზოდან რომ გამოვედი, მაშინ ამივარდა კანკალი. მაშინ გავაცნობიერე რა მოხდა. ტაქსი გავაჩერე და წავედი. ჩემი მშობლების სახლში ვბრუნდებოდი.


****
ისე ნაცნობი იყო და თან ისე შორეული ეს ყველაფერი. თითქოს რამდენიმე წლის მერე საკუთარ სახლში დავბრუნდი. მოგონებები შემომაწვა. უდარდელი ბავშვობის, უზრუნველი ცხოვრების. ოთახიდან ოთახში დავბოდიალობდი და უსაშველოდ დიდი და ცარიელი მეჩვენებოდა ყველაფერი. მშობლების მერე სახლი დავკეტეთ და აღარავის უცხოვრია.
ახლა დავბრუნდი.
გვერდით აღარავინ მყავდა. ამ სახლის გარდა არაფერი გამაჩნდა. მარტო ცხოვრება უნდა მესწავლა. ფინანსურად ყველაფერი რიგზე მქონდა. მამაჩემს საკმაოდ სოლიდური დანაზოგი ჰქონდა, რომელიც, როგორც მის მემკვიდრეს, ანგარიშზე ჩამერიცხა. გარდა ამისა მისი ბიზნესიდან, რომელსაც მისი პარტნიორები უძღვებოდნენ, დივიდენდები მერიცხებოდა. მატერიალური მხარე ყველაზე ნაკლებ მადარდებდა.
სახლი გავანიავე. ბაღში ყვავილები მოვრწყე. ბილიკი სახლიდან ჭიშკრამდე ძველი ფოთლებისგან გავასუფთავე. თქვენ წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და არა მარტო ეს, მარტომ გავაკეთე. დრო თავზე საყრელად მქონდა და ამით გულის გადაყოლებას ვცდილობდი.
არ ამიყვანია დამხმარე. მებაღეც კი არ დავიქირავე. ყავავილებსაც ვუვლიდი და გაზონსაც თვითონ ვკრეჭდი. მინდოდა ყველაფერი ჩემი ხელით მეკეთებინა. მარტო მე მეარსება ამ უზარმაზარ სახლში და სხვას არავის. მეშინოდა ყველანაირი ურთიერთობის, მეგონა თითოეული ასეთი ნაცნობობა აუცილებლად გულისტკენით დასრულდებოდა. ყველაზე მეტად გულისტკენის მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრებაში მარტოობისთვის დავიბადე და უკვე აღარაფრის შეცვლა შემეძლო. ბედს დავმორჩილდი.
რა თქმა უნდა ნათია მოდიოდა. მიხაროდა, მაგრამ სასტიკად ავუკრძალე ჩემთან ნიკაზე ლაპარაკი. არ მინდოდა მცოდნოდა, როგორ იყო, რას განიცდიდა. მინდოდა საბოლოოდ ამომერეცხა გულიდან. ვერ შევძელი, ვერ ამოვირეცხე, სამაგიეროდ თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა მასზე. უზარმაზარი ძალისხმევა მჭირდებოდა, მაგრამ ზოგჯერ მაინც გამომდიოდა.
რამდენიმე დღის მერე საფოსტო ყუთი გადავამოწმე და წერილებსა და გაზეთებს შორის, ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან, ჩემს მოთხოვნაზე ჩავრიცხულიყავი მათ უნივერსიტეტში, გამოგზავნილი თანხმობის წერილი ვიპოვე. ჩემი ერთადერთი ხსნა. სასწრაფოდ უნდა გავმგზავრებულიყავი. ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი. იქნებ, იქ, უცხო ქვეყანაში თავისუფლად სუნთქვა შემძლებოდა. სასწრაფოდ საბუთების შეგროვება დავიწყე. არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოვაგვარე. თითქმის უკვე ყველაფერი მზად მქონდა. მხოლოდ ერთი საქმეღა მქონდა დასამთავრებელი და ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, დავიქირავე ადვოკატი და განქორწინების საქმე წამოვიწყე. არ მოგესმათ. საბოლოოდ გადავწყვიტე ჩვენი გზები გაყოფილიყო. სხვადასხვა მხარეს უნდა გაგვეგრძელებინა სიარული. სწორედ იმიტომ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მინდოდა მისთვის. სწრედ იმიტომ, რომ მასზე ვზრუნავდი. ჩემგან უნდა გამენთავისუფლებინა. უნდა მიმეცა საშუალება, ყველანაირი დანაშაულის გრძნობის და ჩემზე დამოკიდებულების გარეშე, დამტკბარიყო იმ ცხოვრებით, რასაც მამობა ერქვა. ბოლომდე უნდა შეეგრძნო ეს სასიამოვნო სიახლე. მე გვერდზე გავდექი. მივდიოდი მისი ცხოვრებიდან.
გამგზავრებიდან რამდენიმე დღით ადრე გავუგზავნე განქორწინების საბუთები.


****
ხუთი კვირა იყო არ მენახა. უფრო სწორად 37 დღე. ეს ყველაზე ხანგრძლივი განშორება იყო. სიგიჟემდე მენატრებოდა. არცერთხელ არ უცდია ვენახე. სადღაც გულის კუნჭულში, ისე რომ საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, განვიცდიდი ამას. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ აღარ ვჭირდებოდი. მტკიოდა, მაგრამ არ ვეპუებოდი.
იმ დღეს ჩემი გამგზავრების ბოლო შტრიხებს ვაგვარებდი. დილით საელჩოში ვიყავი დაბარებული. სახლიდან გამოვედი, მანქანასთან მისულმა, სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე და გამეღიმა, მაკიაჟის წასმისას თმებს ხელი რომ არ შეეშალათ, უბრალო ფანქრით ავიწიე და ეს ფანქარი ახლაც თმებში მქონდა გარჭობილი. ფანქარი მოვიძრე და ის იყო კარების გამოღებას ვაპირებდი, რომ ფეხებთან მანქანამ დამიმუხრუჭა. თქვენ წარმოიდგინეთ არ გამკვირვებია გაცეცხლებული ნიკა, რომ გადმოვიდა იქიდან. (სწორედ წინა დღით გავუგზავნე განქორწინების საბუთები და ველოდი კიდეც ასეთ რეაქციას.) განრისხებული იყო, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. უბოდიშოდ ჩამავლო ხელი მკლავში და ძალით ჩამსვა მანქანაში. გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ თვითონაც ჩაჯდა და მთელი სისწრაფით დაძრა ადგილიდან. ხმას ვერ ვიღებდი. ან რა უნდა მეთქვა? არც თვითონ ამბობდა არაფერს. მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს და დაძაბული გაჰყურებდა გზას. ვგრძნობდი, სიტყვაც რომ მეთქვა აფეთქდებოდა.
გავცდით თბილისს.  ვერ ვხვდებოდი, სად მივყავდი. მე მგონი არც თვითონ იცოდა, უბრალოდ მიდიოდა. გაუაზრებლად, უმისამართოდ. მთელი სიჩქარით მივქროდით. დიდი ხანი იყო მცხეთაც უკან მოვიტოვეთ. ხმას არცერთი ვიღებდით. ასე მდუმარედ ვიარეთ მთელი გზა. რიკოთის უღელტეხილი თითქმის გადავლილი გვქონდა, ხმის ამოღება რომ გავბედე.
– ნიკა. – დავიჩურჩულე გაუბედავად. მეტი ვერაფერი მოვახერხე და ვერ გავაკონტროლე თვალებიდან უკითხავად წამოსული ცრემლი.
მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გზის პირას გააჩერა. სახე ჩემსკენ მოატრილა, თვალებში ჩამხედა და უკანა სავარძელზე მიყრილ ქაღალდებს გადასწვდა, ისე რომ ჩემთვის თავლი არ მოუშორებია.
– ეს რა არის, შეგიძლია ამიხსნა? –  ქაღალდები ცხვირწინ ამიფრიალა.
– განქორწინების საბუთებია. – ამოვისლუკუნე და მიამიტი ბავშვივით ავხედე.
– გგონია კითხვა არ ვიცი? – თავს ვეღარ აკონტროლებდა. – გოგო, ნუ გადაგყავარ ჭკუიდან. რას ჰქვია განქორწინების საბუთებია. ვინ მოგცა უფლება? როგორ გაბედე, საერთოდ ამაზე ფიქრიც კი. შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი საკუთრება და ვერანაირი ქაღალდი ვერ შეცვლის ამას. – ბოლო ხმაზე ყვიროდა ერთ წამში ნაკუწებად აქცია, საკმაოდ სქელტანიანი საქაღალდე. – მორჩა! ამოიგდე მაგ თავიდან განქორწინებაც და ქვეყნიდან გამგზავრებაც. მე არ გაძლევ ამის უფლებას, გესმის? დრო მოგეცი, არ გაწუხებდი. მინდოდა ყველაფერი გადაგეხაშა, აგეწონ-დაგეწონა. შენთვის განქორწინებაზე ფიქრის უფლება არ მომიცია. – მეტი ვეღარ შეძლო და ბრაზისაგან ერთიანად აკანკალებული მანქანიდან გადავიდა.
ეს სიტყვები, ძალიან დესპოტურად ჟღედა, მაგრამ მან ასეთი სიყვარული იცოდა. მასთან ჯიბრით ვერაფერს გახდებოდი. სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. ვხვდებოდი რა ხდებოდა ახლა მის გულში. ადამიანს აღარ ჰგავდა. ძალიან მიჭირდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, გული მიკვდებოდა, მაგრამ ახლა რომ უკან დამეხია მაჯობებდა, არსად გამიშვებდა. ერთი შეხედვით თითქოს მეც ეს უნდა მდომებოდა. მინდოდა კიდეც გულით, მაგრამ გონება სხვას მეუბნებოდა.  მიკიჟინებდა, რომ უკანმოუხედავად უნდა გავქცეულიყავი, მოვშორებოდი, სხვა გზით უნდა წავსულიყავი. მასთან ერთად სიარული, სრული სიცარიელისკენ წამიყვანდა. არ შემეძლო ჩვენი გრძნობა სიცარიელისთვის დამემსგავსებინა, მაგრამ როგორ? – ეს აღარ ვიცოდი. მთელი ძალისხმევის მოკრება მჭირდებოდა იმისთვის, რომ მისი ამ მდგომარეობაში ყოფნისთვის გამეძლო.
მანქანიდან გადმოვედი. წინ დავუდექი.
– შენ არაფერი იცი... – დავიწყე გაუბედავად.
– რა არ ვიცი? – მზერა გამისწორა. – ის, რომ შვილი არ გეყოლება?
გავშრი. ყველაფერს ველოდი ამის გარდა. მან იცოდა. ყველაფერი თავდაყირა დადგა. საიდან უნდა სცოდნოდა? შეუძლებელი იყო.
– შენ... შენ... როგორ... საიდან იცი? – ვლუღლუღებდი გაოცებული.
– რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ შენ არ მითხარი.
– ბევრჯერ დავაპირე, გეფიცები, მაგრამ ვერ შევძელი.
– როგორ იფიქრე, რომ ამას ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა? – თვალები სევდით ჰქონდა სავსე. – ეს როგორ იფიქრე ჩემზე? განა მხოლოდ იმისთვის მიყვარხარ, რომ შვილი გამიჩინო? მესმის, ძნელია შენთვის, მაგრამ თინი, მე შენ მიყვარხარ. უანგაროდ, ყველაფრის გარეშე და შვილი გაგვიჩნდება თუ არა ჩემს სიყვარულს ვერაფერი შეცვლის. ათასია ისეთი ქალი, რომელსაც შვილის გაჩენა შეუძლია, მაგრამ ის ვინც სიგიჟემდე მიყვარს და ვისი ყოველი შემოხედვაც თავს მაკარგვინებს, მხოლოდ ერთია – კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. – დრო მოგეცი, არ გაწუხებდი, მინდოდა ყველაფერი გაგეაზრებინა და გადაგეხარშა. თინი, არც ერთი წუთით არ დამიშვია, რომ გაგიშვებდი, იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას საერთოდ მთხოვდი. შეძლებ? მიპასუხე, გთხოვ, შეძლებ ჩემგან შორს ცხოვრებას?
პასუხი არ მქონდა ხელები უღონოდ ჩამომეყარა.
– მესმის, თინი, ვხვდები ამას ბავშვის გულისთვის აკეთებ. საუკეთესო ადამიანი ხარ, – მომეხვია და ნაზად მაკოცა საფეთქელზე. – მაგრამ მე რას მიშვები?
– არ ვაკეთებ ამას ბავშვისთვის. არც ისეთი კეთილი ვარ, როგორც გგონია. – მისი მკლავებიდან გავითავისუფლე თავი. – ნიკა, მეშინია... მეშინია, რომ გავა დრო და ეს გრძნობა გაიცრიცება და აღარაფერი დარჩება. ხვდები მაინც, რომ შენს მეტი ქვეყანაზე აღარავინ გამაჩნია? შენ შვილი გეყოლება. ცხოვრების აზრი გახდება შენთვის. მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები შენ და დედამისი იქნებით. ჩემი ადგილი არ არის არსად. არ ვიქნები ოჯახის წევრი. ყოველთვის მომიწევს საკუთარი მდგომარეობა დავიმკვიდრო. მეშინია, რომ გავა დრო და ეს გრძნობა გაიცრიცება და აღარ იქნება ასეთი მძაფრი. ალბათ განშორება მერე უფრო ადვილი იქნება, მაგრამ რა დამრჩება ამის მერე? არაფერი. სრული სიცარიელე. ამას ვერ გადავიტან. ცხოვრების აზრი მჭირდება. მჭირდება ის რისი გულისთვისაც ვისუნთქებ. – საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. მთელი გული გადავუშალე. სული ამოვიღე და წინ დავუდე. – არ ვარ კეთილი. ეგოისტი ვარ და გთხოვ ცხოვრებაში ერთხელ,  მომეცი ამის უფლება. მომეცი ნება, ერთხელ მაინც, საკუთარი ინტერესები სხვაზე წინ დავაყენო. მომეცი უფლება, ვიყო ეგოისტი და გამიშვი. ვიცი ძალიან გეტკინება. ჩემი ტკივილი უკვე გაუსაძლისია, მაგრამ ცხოვრებაში პირველად გთხოვ, მომეცი უფლება, ისე მიყვარდე ცხოვრების ბოლომდე, როგორც ახლა მიყვარხარ.
ვიცი, ბევრი ვერ გამიგებთ. ძნელია ის, რასაც მაშინ ვრძნობდი, ვინმემ გაიგოს. რატომ მივდიოდი, თუ ასე მიყვარდა. რატომ არ ვიბრძოდი საკუთარი ბედნიერებისათვის. ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ნიკამ გამიგო. თვალებზე შევატყე, რომ გამიგო. მიხვდა, როგორ მიჭირდა მეც, მაგრამ ახლა მისგან წასვლა მჭირდებოდა.
ერთხანს ჩუმად იდგა მანქანის კარებს მიყრდნობილი, სიგარეტს ეწეოდა და თვალი უსასრულობისთვის გაეშტერებინა. ვიდექი და თვალს არ ვაშორებდი. ხელში, სახლიდან გამოყოლილ ფანქარს ვაწვალებდი და განაჩენივით ველოდებოდი მის გადაწყვეტილებას.
– პასპორტი თან გაქვს? – არც კი შემოუხედავს ისე მკითხა.
დავიბენი, ყველაზე ნაკლებად ახლა ამ კითხვას ველოდი. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
– წავედით. – სიგარეტის ნამწვი გადააგდო, მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა.
გვერდით მივუჯექი. არ მიკითხავს სად მივყავდი, ან რა აზრი ჰქონდა? გადაწყვეტილებას მაინც ვერ შევაცვლევინებდი. ისევ იგივე მიმართულებით წავიდა. გზა დასავლეთისკენ გავაგრძელეთ. უკვე მშვიდად ვიყავი. თვითონაც აღარ ეტყობოდა დაძაბულობა. ასეთი მძიმე  დღის შემდეგ, ერთიანად მოვეშვი და ვერც მივხვდი, როდის ჩამეძინა. რომ გამეღვიძა, უკვე მოსაღამოვებულიყო, თუმცა ჯერ კიდევ არ ბნელოდა. თავიდან ვერ მივხვდი, სად ვიყავი და მანქანაში მარტოს რატომ მეძინა. თვალი მოვავლე იქაურობას, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე. საკმაოდ დიდი რიგი იყო მანქანების. ვერ ვხვდებოდი, მე იქ რა მინდოდა, ან ნიკა სად იყო. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, მალე მოვიდა.
– გაიღვიძე? – ძალიან მშვიდად მკითხა. – პასპორტი გაამზადე.
– სად ვართ? – თვალების ცეცებას არ ვწყვეტდი.
– სარფში. – ისე მშვიდად მითხრა, გეგონება ყოველდღე აქ დავდიოდით და უბრალოდ ახლა დამვიწყებოდა.
– სარფში რა გვინდა? – უფრო გამიფართოვდა თვალები.
– თურქეთში გადავდივართ.
– მონად უნდა გამყიდო? – იმდენად კომიკური იყო ეს სიტუაცია, რომ მხოლოდ ეს სიტყვები თუ შეეფერებოდა.
გაეცინა.
– ყოველთვის მაოცებდა შენი სარკაზმი.
– დილით სახლიდან შენ წამომიყვანე, თურქეთის საზღვარზე ისე აღმოვჩნდი, ვერც კი გავიგე და კიდევ ჩემი სარკაზმი არ მოგწონს?
არაფერი მიპასუხა, თავით მანიშნა წავედითო. ერთი ამოვიოხრე. ამდენ ხანს ხელში შემორჩენილი ფანქარი ისევ თმაში გავირჭე და საბაჟო რეგისტრაციის გასავლელად გავყევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები