ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2016


შენ

                                                                                                პატიმრობაში მყოფ, უსაშველოდ მონატრებულ ძმას


მალე გაივლის ნაცრისფერი დღეების რისხვა,
გადაივლიან ეს ღრუბლებიც მწვერვალებს იქით,
შენ ადგები და ლურჯ თვალებით უფალთან მიხვალ,
მოთმინებას და მზაკვარ დღეებს გამოცლი ჭიქით.
მანამდე...მანამ უჟანგბადო  ეკლები გჩხვლიტავს,
შებოჭილია შენს გარშემო ჰაერიც, ზეცაც,
არტახდადებულ სურვილებით სველ ნერვებს კვნიტავ
და ყოველ ღამე მოუთმენელ იმედებს კვეცავ.
ჩანს ჰორიზონტით შავი ლაქა, ჩანს ლაქა შავი,
გააფერადე, ხელთ აიღე ფუნჯი და ტილო,
რადგანაც ჩვენთან იმედი არ, იები ყვავის
და გაზაფხული იმედების მოყვანას ცდილობს.
არავინ ვიცით, ხვალინდელი ამინდის როზგი,
არავინ ვიცით, სამხრეთიდან რა ქარი დაჰბერს,
მაგრამ ის მაინც საჭიროა ვიცოდეთ, ორგზის,
რომ დაცემული ერთხელ მაინც აიკრეფს აფრებს.
ამიტომ, ვიდრე საკუთარ თავს დამხობილს ვნახავთ,
სხვებს შევაშველოთ ხელი თუ არ სიტყვები მაინც,
ამოვატანოთ ტკბილი თაფლი ჩვენივე ხახას,
დეკემბრის სუსხი გასალხვობად მივანდოთ მაისს.
შენ ხორცო ჩემო, ჩემო სისხლო, ჩემო ტკივილო,
დავიარები გარდაცვლილი, როცა აქ არ ხარ,
ჩამესმის მუდამ ჩემი გულის უხმო კივილი
და შენს ემბაზად, შენს საკმევლად ვინახავ მარხვას.
ჩამოწოლილა გალავანი სქელი ქვის მწკრივად,
შენს გულთან მოსვლას, ჩაკონებას მკაცრად ხელს უშლის,
გალავანს აქით გაზაფხულდა, თუმც მაინც ცივა,
იმედი სკდება  მოლოდინით , ვით საპნის ბუშტი...
და გული შენი, გაზაფხულის, აპრილის ნასკვი,
ყელს გამოღადრავს უიმედო წვიმას  და გმინვას
ჩაენაცვლება  ვარდის სუნი  უსუნო ასკილს,
გადავაგორებთ დეკემბერსაც, უღმრთოდ რომ ყინავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები