ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (12)

****
25 ივლისი
„თინი... წახვედი. ყველაზე ცუდ სიზმარშიც, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მართლა დამტოვებდი. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ვერ შეძლებდი, ასე არ გამწირავდი. არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა. ასე რთულია გაიგო? კინაღამ გული გამიჩერდა, აეროპორტში, რომ დავინახე, როგორ გაიარე რეგისტრაცია. დიახ, აეროპორტამდე გამოგყევი. ვიდექი ამხელა კაცი და არაფერი გავაკეთე, ვერაფერი გავაკეთე. არ უნდა გამეშვი. ძალით უნდა დამეტოვებინე.“

26 ივლისი
„უკვე მეორე დღეა. აუტანელი 2 დღე...“

27 ივლისი
„გთხოვ, ტელეფონს უპასუხე, შენი ხმის გაგონება მჭირდება. თუნდაც სულ ნუ ამოიღებ ხმას. შენი სუნთქვა გამაგონე და მეყოფა.“

28 ივლისი
„დღეს პირველად გავუგე მარიკოს. მივხვდი რამ აიძულა ასე მოქცეულიყო. თვითმკვლელობას  ნამდვილად არ ვაპრებ. ამაზე ბევრად ძლიერი ვარ. უბრალოდ, აქამდე ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ჩვენზე არ ეფიქრა. ახლა მე თვითონ ვგრძნობ იმას, რასაც მაშინ განიცდიდა... აუტანელია.“

29 ივლისი
„თინი გთხოვ, იმის იმედი მაინც მომეცი, რომ ოდესმე გნახავ. ვეღარ ვუძლებ ამდენს. რამე მითხარი, თუნდაც ყველაზე სტანდარტული „როგორ ხარ“. შენი სიჩუმე მაგიჟებს. როგორ ახერხებ, მითხარი. როგორ ახერხებ გაუძლო. არ მინდა ვიფიქრო, რომ არ გყვარებივარ. ვერც კი დავუშვებ ამას. ყოველდღე გიყურებდი თვალებში და ვგრძნობდი. შეუძლებელია ეს ყველაფერი უკვალოდ გაქრალიყო. ბევრი ტკივილი მოგაყენე, ვიცი, და ალბათ უარესსაც ვიმსახურებ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ წყენა სიყვარულზე ძლიერი იყოს. თინი მჭირდები...“

31 ივლისი
„გუშინ არაფერი მოგწერე. ასე მგონია არც კითხულობ.“

1 აგვისტო.
„დღეს შენს სახლთან ვიყავი. რაღაც უნდა მეგრძნო შენეული, თორემ უკვე ჭკუიდან გადავიდოდი. გამახსენდა, როგორ წამოგიყვანე იქიდან. აბაზანიდან ახალი გამოსული იყავი და რაღაც საოცარი სუნი დაგყვებოდა. გრილი და სასიამოვნო. მაშინ მეგონა უბრალოდ პარფიუმი იყო, მაგრამ მერე მივხვდი, ეს შენი სუნი იყო. ამ არომატის წყალობით ყოველთვის ვგრძნობდი, როდის მიახლოვდებოდი. ყოველთვის თავბრუს მახვევდა. ჭკუიდან გადავყავდი. მაშინაც, მანქანაში რომ ჩაგსვით ეს სურნელი მაბრუებდა, თოვლში ფეხშიშველი, რომ გაგატარე... ისე მორჩილად მოგვყვებოდი. პატარა, უმწეო ბავშვს გავდი, რომელმაც იცის, რომ კუთხეში უნდა დააყენონ და თავისი ნებით მიჰყვება. ხანდახან ვფიქრობ, რომ არ გიმსახურებდი. მაგრამ, ხომ იცი, როგორი ეგოისტი ვარ? მაინც არ მინდა შენი დათმობა. არა და მორჩა!“

2 აგვისტო
„თინი, დღეს ბავშვის გულისცემა მოვისმინე. შეიძლება ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ, ამას რომ გიყვები, მაგრამ კარგად გიცნობ და ზუსტად ვიცი, ახლა თვალებზე ცრემლმომდგარი იღიმები. როგორ მიყვარს შენი, ეს ღიმილიანი გამოხედვა. ზუსტად ასეთი გამომეტყველება გქონდა, დიმას დაბადების დღეზე, ნათიამ ახალი ამბავი, რომ ამცნო ყველას – გიხაროდა. თვალებზე გეტყობოდა, რომ უახლოესი ადამიანების სიხარულს იზიარებდი, მაგრამ რამხელა ტკივილი გქონდა გულში. როგორ მინდოდა მაშინ მენუგეშებინე. მხრებიდან მომეხსნა შენთვის ამხელა ტვირთი, მაგრამ შენ არ მოინდომე მცოდნოდა. ვერ წარმოიდგენ, როგორ ველოდი იმ საღამოს, რომ სიმართლეს მეტყოდი, მაგრამ გაჩუმდი. გული მწყდებოდა, რომ არ მენდობოდი. რატომ უნდა ცოდნოდა ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი სხვას და რატომ უნდა გამოეყენებინა ეს შენს დასამცირებლად? რატომ უნდა მოეხალა პირში, იმ იმედით, რომ მიგატოვებდი? მაშინ თავი შენი წყალობით გავაკონტროლე.“

3 აგვისტო
„ნათიას შენი სახლის გასაღები ვთხოვე და შიგნით შევედი. წუხელ შენს ლოგინში ვიწექი. მენატრები, თინი, უსაშველოდ მენატრები. გთხოვ მასწავლე, როგორ ვიცხოვრო უშენოდ. შენ ხომ შეძელი?!“

4 აგვისტო
„დღეს იმ ბარში ვიყავი, შენს ბარში. თინი, ყველაფერი მიყვარს, სადაც კი ოდესმე ყოფილხარ და რასაც კი შეხებიხარ. შენს ნაკვალევს დავყვები. რას მიშვები ამხელა კაცს ხვდები? იმ ბარმენს ველაპარაკე. შენ წარმოიდგინე ახსოვდი. რა თქმა – უნდა შენი დავიწყება ძნელია. დიდხანს ველაპარაკე, ძალიან დიდხანს. შენზე ველაპარაკე. თითქოს შენ გელაპარაკებოდი. კმაყოფილი წამოვედი, რა მიხაროდა არ ვიცი. შენ მიხაროდი. ახლაც მიხარიხარ.“

5 აგვისტო
„დღეს ნათია იყო მოსული. სამზარეულოში ვიჯექით და იცი რა გამახსენდა? თითი რომ გაიჭერი. როგორი მონდომებით მალავდი ზურგს უკან, რომ არ დამენახა. თინი მაშინ უკვე თავდავიწყებით მიყვარდი.“

8 აგვისტო
„თინი დღეს ზუსტად  7 თვე შესრულდა, რაც გიცნობ. იუბილეს გილოცავ. მე აღვნიშნე. დავჯექი მანქანაში და სარფში წავედი. მთელი ის გზა გავიხსენე, რაც მაშინ ერთად გავიარეთ. იმ კაფეში დავჯექი, სადაც მაშინ ვისხედით. ზუსტად იმ მაგიდასთან. თინი, შენი სადღეგრძელო დავლიე და ჩემი თავი გისურვე. იმავე სასტუმროში მივედი. ჩვენი ოთახი მინდოდა, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანი ვემუდარე ჰოლანდიელ ცოლ-ქმარს, რომ ჩემთვის დაეთმოთ ის ოთახი. ჯერ უარზე იყვნენ, მაგრამ რომ არ მოვეშვი, იფიქრეს – ისედაც უჭირს ამ საცოდავსო და გადაბარგდნენ. უბედნიერესი ვიყავი. თითქოს შენ დაგიბრუნე. თინი, მთელ სიცოცხლეს გავცვლიდი შენთან გატარებულ ერთ საათში. არც კი დავფიქრდებოდი. ტკივილამდე მიყვარხარ.“

10 აგვისტო
„აუტანელია უკვე შენი ამდენი სიჩუმე.“

11 აგვისტო
„ტელეფონის ნომერი გამოცვალე? აღარც ჩემგან ირეკება და ვეღარც ნათია გიკავშირდება. არ მინდა ვიფიქრო, რომ...“

23 აგვისტო
„თინი, ლონდონში ვარ, იმ მისამართზე, რაც ნათიამ მომცა, უკვე აღარ ცხოვრობ. შემეხმიანე, უნდა ვილაპარაკოთ. არ მოგცემ ასე უსიტყვოდ გაუჩინარების უფლებას. ჯერ კიდევ შენი ქმარი ვარ და თუ დამჭირდა ყველა სახლის კარზე დავაკაკუნებ მთელ ლონდოდნში... მთელ ინგლისშიც. იცი გამკეთებელი ვარ. პოლიციასაც ჩავრთავ და ინტერპოლითაც დავიწყებ შენს ძებნას. ხუთი დღე დავრჩები!!!“

26 აგვისტო
„თინი, ჭკუიდან მშლი!“

28 აგვისტო
„თინი... მორჩა, ეს უკვე დასასრულია. თბილისში დაბრუნებულს, განქორწინების საბუთები დამხვდა. რის მიღწევას ცდილობ, ვერ ვხვდები. როდიდან გახდი ასეთი სასტიკი? რა გინდა ჩემგან? რატომ არ მინდობ? მორჩა, თინი, აქ მთავრდება ყველაფერი. თანახმა ვარ! გავწყვიტოთ ეს ბოლო ძაფიც. იქნებ დროთა განმავლობაში აღარ იყოს ასე მტკივნეული. ახლა უბრალოდ აუტანელია. მართლა ვერ ვხვდები, სად გაქრა ის გოგო, ჩემი თინი. მაგრამ ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. გამანადგურე. მეტს აღარ მოგწერ. აღარ ვეცდები მოგძებნო. განთავისუფლებ. მშვიდობით.“


****
მეტი ვეღარ შევძელი. წარმოგიდგენიათ მე რას ვგრძნობდი, როცა ამას ვკითხულობდი? იქვე იატაკზე ჩავჯექი, პირქვე დავემხე და ავტირდი. ხმამაღლა, მთელი რაიონის გასაგონად. გამეტებით ვუშენდი მუშტებს იატაკს და ვყვიროდი.
– ჯანდაბაშიც წასულხარ, ნიკოლოზ წერეთელი. რატომ გიყვარვარ ასე? არ გაქვს უფლება. შენ არ უნდა გტკიოდეს. შენ შვილი გეყოლება. შენ ბედნიერი უნდა იყო. ვინ მოგცა ამის უფლება? ჩემს ტკივილს ავიტან, შენსას ვერ ვუძლებ.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ამ მდგომარეობაში. ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. ღმერთო ნუთუ შეცდომას ვუშვებ? სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. გავედი, მთელი დღე ვიარე ფეხით. ძალიან მტკიოდა ფეხისგულები, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო სულიერთან.
საღამოს შემოვედი სახლში. აღარ მინდოდა გამეგრძელებინა კითხვა. მეშინოდა, მაზოხიზმი იყო, მაგრამ მაინც გავაგრძელე. კარგი არაფერი მელოდა, შემდეგმა წერილებმა საერთოდ გამანადგურა.


13 სექტემბერი
„დამიჯერე, სიკვდილი მერჩივნა ახლა შენთვის მოწერას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მაროს გულისთვის ვაკეთებ ამას. ჩემთვის შენ დიდი ხანია აღარ არსებობ. მოკლედ, ცუდად არის მარო, ოთხი დღის წინ რეანიმაციაშიაში გადაიყვანეს. დროდადრო შენს სახელს იძახის. თუ შენთვის ძნელი არ არის ჩამოდი, ინახულე. პირობას გაძლევ საერთოდ ვერ მნახავ. როცა შენ იქ იქნები, სართოდ არ მოვალ. თუ ჯერ კიდევ გაქვს გული, მოხუცისთვის გააკეთე ეს.“

კანკალმა ამიტანა. ორი კვირის წინანდელი იყო ეს წერილი. წამოვხტი და ოთახში წინ და უკან სიარულს მოვყევი. რა მექნა აღარ ვიცოდი. მეშინოდა გამეგო... ოღონდ მარო არა.
ძლივს ვაიძულე თავი, ტელეფონი ამეღო ხელში და ნათიასთან დამერეკა. რამდენიმე გაბმული ზარის შემდებ ყურმილში ნათიას ნამტირალევი და დატანჯული ხმა გავიგე. გული შემეკუმშა. წარმოუდგენლად ტკივილიანი იყო ეს ბოლო წელი ჩემთვის. კიდევ რამდენი უნდა გადამეტანა? ასეთი რა ცოდვა მქონდა, რომ ვერაფრით გამოვისყიდე. იცით რა გამახსენდა? ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერიაო, ერთხელ ექიმმა, რომ მითხრა – მშობლები შვილებმა უნდა დამარხონო. მიმიფურთხებია ასეთი კანონზომიერებისთვის. ერთი ბეწოთი არ ამსუბუქებდა ტკივილს ის, რომ მაროს სიკვდილი, ბუნების კანონზომიერება იყო. რამხელა სითბო დაკარგა დედამიწამ?! როგორ შეეძლო სამყაროს მის გარეშე არსებობა გაეგრძელებინა? როგორ არ მუქდებოდა ყველაფერი? საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, ადრე რომ არ წავიკითხე ეს წერილები. ცოცხალისთვის უნდა ჩამესწრო. მისი სითბოს მარაგი უნდა დამეტოვებინა სამახსოვროდ. ნიკაზე შეგნებულად არ ვფიქრობდი. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, ახლა რას გრძნობდა. როგორ მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი და მენუგშებინა, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. უკვე აღარ.
უნდა დავბრუნდე! ექოსავით იმეორებდა ჩემი გონება ამ ორ სიტყვას. მეშინოდა. სიკვდილივით მეშინოდა. რისი? იმის რასაც იქედან გამოვექეცი – ნიკას გუგრილობის. მის ერთ გამოხედვაშიც  რომ მეგრძნო ზიზღი, ალბათ ვერ გადავიტანდი. არადა ამის ღირსი ვიყავი. სიძულვივლის ღირსი ვიყავი. იმიტომ რომ ასე ვატკინე. იმიტომ რომ არ ვიბრძოლე. იმიტომ რომ მშიშარა ვიყავი და ყველაზე დიდ ზიზღს მაროს გულისთვის ვიმსახურებდი. მითხარით, როგორ მეპატიებინა საკუთარი თავისთვის, ბოლო წუთებში მის გვერდით, რომ არ ვიყავი? ზიზღის ღირსიც კი არ ვიყავი.


****
პირველ ოქტომბერს ჩამოვფრინდი, დასაფლავების წინა დღეს. აეროპორტში დიმა დამხვდა. სპეციალურად ჩამოვიდა სოფლიდან ჩემს დასახვედრად. გადამკოცნა და ჩამეხუტა. ვიგრძენი, როგორ მოგვნატრებოდა ერთმანეთი. ვიგრძენი როგორი ნაწყენი იყო ჩემზე. სახეზე ეტყობოდა.
აეროპრტიდან პირდაპირ სოფლისკენ ავიღეთ გეზი. გული მეკუმშებოდა, არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ გულკეთილი მოხუცი აღარ შემომეგებებოდა.
ძალიან დიდხანს ვიარეთ ჩუმად.
– იცის? – გაუბედავად წამოვიწყე.
შემომხედა და თავი დამიქნია.
– თინი, დედას გეფიცები არ მესმის, სულ ვფიქრობ და ვერაფრით გაგიგე.
– ხანდახან მე თითონ არ მესმის ჩემი თავის. – ყელში მომდგარი ბურთი ძლივს გადავაგორე.
– როგორ შეძელი ასე მოქცეოდი? ის თინი, რომელსაც მე ვიცნობდი, ნიკათი ცხოვრობდა. მისით სუნთქავდა. მისით არსებობდა. სად გაქრა ის გოგო? – ასეთ დიმას პირელად ვხედავდი. ვიცოდი ესეც ჩემი ბრალი იყო.
– იცი, რა დღეში იყო? ცოცხალი თუ გადარჩებოდა არ მეგონა. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ უყვარდი. საერთოდ ამხელა სიყვარული თუ არსებობდა. თინი გაღმერთებდა. – გულში ეკალივით მესობოდა ამ სიტყვების წარსული დრო, მაგრამ ვიმსახურებდი. – ყველგან შენს კვალს ეძებდა. თინი ბოლო დროს საერთოდ შენს სახლში ცხოვრობდა. – ემოციებს ვეღარ იკავებდა. ხელი ჩაიქნია და გზას გაუშტერა თვალი. ვერაფერს ვპასუხობდი, გამართლება არ მქონდა, საკუთარ თავთანაც კი არ ვიყავი მართალი.
– ლონდონშიც კი ჩამოგაკითხა. მაშინ, ხომ მაინც შეგეძლო ადამიანურად მოქცეოდი და უბრალოდ გენახა? განადგურებული ჩამოვიდა იქიდან, ადამიანს აღარ ჰგავდა. ფოსტით განქორწინების საბუთები, რომ მიიღო, მასთან ერთად ვიყავი. დამიჯერე, პირველად მაშინ ვნახე, ცოცხლად როგორ კვდება ადამიანი. გაფითრებული უყურებდა ქაღალდებს, ვერაფრით იჯერებდა. მერე უსიტყვოდ შეტრიალდა და წავიდა. ვერ გავაჩერე. არ მინდოდა საჭესთნ ამ მდგომარეობაში დამჯდარიყო, მაგრამ არც კი მომისმინა. მე მგონი, მაშინ საერთოდ არაფერი ესმოდა, იმდენად უმეტყველო თვალები ჰქონდა. მთელი დღე წასული იყო. დღემდე არ ვიცი სად იყო. როგორც კი მოვიდა ოთახში შეიკეტა და დილამდე არ გამოსულა. მეგონა თავს მოიკლავდა. ნათიას თავს ვფიცავარ, მთელი ღამე ვდარაჯობდი. სამი დღე საერთოდ არ ამოუღია ხმა. შენ არ იცი რა გადავიტანეთ. აი, ასეთ ნიკას ვერ გაპატიებ. იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ ვერ გპატიობ და რა ვქნა.
ხმას ვერ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა. მქონდა კი რამე სათქმელი? თითოეულ სიტყვას ვიმსახურებდი. მთელი გზა, აეროპრტიდან სახლამდე, ცრემლები ვერ შევიჩერე. ვგრძობდი, როგორ ვეცოდებოდი დიმას. ვეცოდებოდი, მაგრამ ვერ მპატიობდა.
უკვე ბინდდებოდა სოფელში, რომ შევედით. მთელი ტანით ვკანკალებდი. არ მინდოდა მისვლა, ფეხები უკან მრჩებოდა. როგორ უნდა გამეძლო იმ სახლში სადაც ჩემი ტკბილი ბებიკო აღარ იყო?!
მანქანის კარი დიმამ გამიღო. ჩემით ვერაფრით გავბედე. გადმოვედი და თვბრუ დამეხვა. შევბარბაცდი და დიმა, რომ არა წავიქცეოდი. გულზე მიმიხუტა. უკვე ხმამაღლა ვტიორდი.
– დამშვიდდი თინი, გეყოფა... – ამაოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას. – ჩემ თავს გაფიცებ, დამშვიდდი. მთელი ძალით მიკრავდა გულში.
ძალიან ცუდად გავხდი და გადაწყვიტა მანქანაში დავეტოვებინე, თვითონ ნათიას მოსაყვანად შევიდა. ვიჯექი მანქანაში და სუნთქვა მიჭირდა. ნათიასთან ერთად დაბრუნდა. ახლა უფრო მეტად ამიჩუყდა გული, მისი გაბერილი მუცელი, რომ დავინახე. აქედან, რომ წავედი, ოდნავ ემჩნეოდა. ახლა კიდე...
ძალინ ემოციური იყო ნათიაც. ხან მიბრაზდებოდა, ხან მეფერებოდა, ხან აქეთ მამშვიდებდა. როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და შევედი. უკვე კარგად დაბნელებულიყო. მივუყვებოდი ბილიკს სახლისკენ და გული ბაგაბუგს უფრო და უფრო უმატებდა. კარებთან ერთხელ კიდევ შვჩერდი. ღრმად ამოვისუნთქე და გადავაბიჯე ზღურბლს.


****
იქ იყო...
მარტო იჯდა. იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და თავი ხელებში ჩაერგო. გავშეშდი, ერთ ადგილს მივეყინე. ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ შევძელი. ასე ახლოს იყო, ორი ნაბიჯიც და შევძლებდი ხელით შევხებოდი, მაგრამ უფლება არ მქონდა.
თითქოს იგრძნო იქ რომ ვიყავი. თავი მძიმედ წამოწია და შემომხედა. თვალებში ჩავხედე. ის სხივი აღარ ჰქონდა მე რომ ჭკუას მაკარგვინებდა, ჩამქრალიყო. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექით ასე. უსასრულოდ მომეჩვენა მაშინ. პირველი თვითონ დაიძრა. ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს. კარებში ვიყავი გახიდული და განძრევას ვერ ვახერხებდი. გვერდზე გამიარა. ძალიან ახლოს, ისე ახლოს, რომ ყელთან მისი სუნთქვა ვიგრძენი. სწორედ ისე, როგორც მაშინ, მის სახლში, პირველად რომ შევეჩეხე სამზარეულოში.
მარტო დავრჩი ოთახში. აუტანელი იყო ეს მარტოობა. დამტოვა. ისე დამტოვა, რომ სიტყვაც არ უთქვამს. გაუსაძლისად მტკიოდა, მარამ ვიმსახურებდი. იატაკზე ჩავჯექი და ავტირდი. ყველაფერს ერთად ვტიროდი. მარო ბებიას დაკარგვას, ნიკას არაფრისმთქმელ მზერას, ჩემს დაკარგულ მეს. ცრემლი გამიშრა. კიდევ დიდხანს ვიჯექი ასე იატაკზე. ნათია შემოვიდა. გაბერილი მუცელი უშლიდა ხელს, მაგრამ მაინც მოახერხა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. ზურგით კედელს მიეყუდა და ჩემი თავი გულზე მიიდო.
– რამდენი გადაიტანე, თინი. შენც გაქვს ალბათ შენი სიმართლე. ჩვენ არ გვესმის, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. მე ხომ მაინც ვიცი, როგორ გიყვარს?! ვინ იცის შენ როგორ გტკივა?! სწორედ ამიტომ უნდა იბრძოლო. შენც გაქვს ბედნიერების უფლება. დაიმახსოვრე, ამ ქვეყანაზე ყველა ადამინს აქვს თავისი წილი ბედნიერება. შენც იპოვე შენი. მანამ არ შეწყვიტო ძებნა, სანამ არ იპოვი.
ცოტა დავმშვიდდი. ყოველთვის მამშვიდებდა ნათია. თურმე როგორ მაკლდა. ცოტა გონს მოვედი. იატაკიდან ავდექი და ჭირისუფლის სკამზე ჩამოვჯექი. ნათიამ მარტო დამტოვა. მიხვდა, გამომშვიდობება მინდოდა.
– ბე, როგორი ძნელია, რომ იცოდე, იმის გაცნობიერება, რომ აღარ ხარ. უფრო ძნელია, ის რომ მე შენს გვერდით არ ვიყავი, როცა ასე გჭირდებოდი. ოდესმე მაპატიე, ვიცი მაპატიებ. შენზე დიდსულოვანი, თუ დადიოდა ქვეყანაზე ვინმე, არ ვიცი. როგორ მინდა ჩაგეხუტო, რომ იცოდე. მაგრამ არ შემიძლია. არ მინდა ყინულივით ცივი დაგიმახსოვრო. შენ ჩემთვის ყოველთვის თბილი მარო ბებია იქნები. – ცრემლები მახრჩობდა. ძლივს ვახერხებდი ხმის ამღებას, მაგრამ მაინც ველაპარაკებოდი. რაც აქამდე არ მითქვამს ყველაფერი ვუთხარი. როგორ დამაკლდებოდა, როგორი აუტანელი იყო მის გარეშე ეს სახლი და როგორ მიყვარდა.
თითქოს დავიცალე. მაგრამ ტკივილი, მაინც გაუსაძლისი იყო. ვერაფერი შეავსებდა იმ სიცარიელეს, რომელიც ჩემს გულში დატოვა, ეს მხოლოდ მისი ადგილი იყო. სუფთა ჰაერზე გამოვედი. კიბეებს დაბლა ჩავუყევი. სახლთან რამდენიმე ადამიანი იდგა, ალბათ მეზობლები. ორგანიზებას უკეთებდნენ ხვალინდენ დღეს. გაუსაძლისი იყო მათი მოსმენა. ეზოს სიღრმეში დაკიდებული ჰამაკისკენ წავედი და ჩავჯექი, ფეხები ავიკეცე მოხერხებულად მოვკალათდი. როგორ მიყვარდა აქ ჯდომა მაროსთან ერთად. ათას რამეზე ვლაპარაკობდით. თურმე რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. თვალები დავხუჭე.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე. მე მგონი დიდი ხანი. ვიგრძენი ვიღაც მიახლოვდებოდა. ის იყო, ნაცნობი სიმხურვალე ვიგრძენი. ღმერთო როგორ მაკლდა ეს სითბო. თვალები არ გამიხელია, არ მინდოდა წასულიყო. ახლოს მოვიდა. ძალიან ახლოს. ჰამაკთან ჩაიმუხლა. სიგიჟემდე მენატრებოდა მისი შეხება.
„ოღონდ ახლა არ იტირო, გეხვეწებ არ იტირო.“ – საკუთარ თავს ვამხნევებდი.
ჰამაკიდან გადმოგდებულ ხელზე ვიგრძენი მისი თითები. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რად დამიჯდა ამ დროს ემოციების შეკავება. მისი სიმხურვალე მთელ სხეულში მეღვრებოდა. გონება ლამის დავკარგე მისი ტუჩები, რომ ვიგრძენი თითებზე. მკოცნიდა ნაზად და ზუსტად ისე, მე რომ ჭკუას მაკარგვინებდა.
– რა უსაშველოდ მიყვარხარ, რომ იცოდე... – გავიგონე ჩურჩულით ნათქვამი.
მეტი ვეღარ შეძლო, წამოდგა და წავიდა. კიდევ კარგი, თორემ უკვე ვეღარ ვიკავებდი თვალებიდან წამოსულ ცრემლს და ავტირდი... უხმოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები