ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (13)

****
ბოლო გაზაზე გავაცილეთ მარიამ ბებია.
ტკივილით სავსე იყო მთელი ეს პროცესია. საკუთარ შვილთან, სიძესთან, შვილიშვილთან და საყვარელ ქმართან ერთად სასაფლაოზე დაიმკვიდრა სამუდამო განსასვენებელი.
მეორე დღეს ნიკა თითქმის არ მინახავს. თითქოს თვითონაც ვარიდებდი თავს. ვიცოდი, პირისპირ თუ შევხვდებოდი ისევ ისეთი ცივი იქნებოდა. მე კიდევ, მინდოდა ის თბილი სიტყვები დამმახსოვრებოდა.
ბინდდებოდა. მივდიოდი უმისამართოდ, გაუაზრებლად, უბრალოდ გზას მივუყვებოდი. გვიან მივხვდი სასაფლაოსკენ, რომ მივდიოდი.  შორიდან დავინახე, ისიც იქ იყო. (იმ ბოლო დროს მისი სახელის წარმოთქმა ძალიან მიჭირდა.) უკან გამობრუნება მინდოდა – მინდოდა, მაგრამ არ გამოვბრუნდი. ჯიუტად მივიწევდი წინ. მისი სხეულის მოძრაობით მივხდი, რომ მანაც იგრძნო. ვერ ვხვდები, როგორ გავბედე მასთან ასე ახლოს მისვლა. წინ დავუდექი. ამომხედა. ტკივილით ჰქონდა სავსე თვალები.
– ნიკა... ძალიან ვწუხვარ. – ამდენი ხნის შემდეგ პირველად წარმოვთქვი მისი სახელი.
თავი ჩაღუნა. მოაჯირზე ჩამოყრდნობილ მის ხელს გაუბედავად დავწვდი. შეცბა, არ ელოდა, მაგრამ აღარაფერი მაინტერესებდა. ამდენი ხნის მერე პირველად მივეცი გრძნობებს გასაქანი. პირველად ვაკეთებდი იმას რაც მართლა მინდოდა. თითები გავაშლევინე და ხელის გულზე ვაკოცე. ვგრძნობდი, როგორ ემატებოდა პულსაცია როგორ უთამაშებდა საფეთქელზე ძარღვი. თქვენ წარმოიდგინეთ მის აკანკალებულ ხელსაც კი ვგრძნობდი. მაგრამ შეძლო, თავი ხელში აიყვანა და ხელი გამაშვებინა. ჯერ კიდევ გრძნობდა ტკივილს, ჩემგან მიყენებულ ტკივილს. დავინახე, როგორ მომუშტა ხელი. გული ჩამწყდა. ვერ მპატიობდა. ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებდი ის ძველი ნიკა დამებრუნებინა.
– რაზე წუხხარ? ჯერ კიდევ შეგიძლია წუხილი? როდის იყო მკვდარი რამეს გრძნობდა? თუნდაც წუხილს. თინი, შენ ჩემთვის მკვდარი ხარ. აღარ არსებობ. ჩემს გონებაში არსებობის უფლება აღარ გაქვს. მაშინ მოკვდი, ლონდონში რომ ჩამოვედი. მაშინ მოკვდი, განქორწინების საბუთები რომ გამომიგზავნე. მაშინ მოკვდი, მაროსთან რომ არ ჩამოხვედი. მაშინ მოკვდი, როცა ასე ძალიან მჭირდებოდი. მეც მომკალი, გესმის? აღარც მე აღარ ვარ ცოცხალი.
სასტიკი იყო. აუტანელი იყო ამ სიტყვების მოსმენა. მაგრამ ვიმსახურებდი. შებრუნდა და წავიდა. ჩამოვჯექი. თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი. ცრემლიც აღარ მქონდა. ძლივს ავითრიე დამძიმებული სხეული და წავედი. ძლივს მივლასლასდი ეზომდე და გავშეშდი – ნიკას ვიღაც გოგოსთვის მოეხვია წელზე ხელი და კიბეზე ასვლაში ეხმარებოდა, მასაც საგრძნობლად წამოზრდოდა მუცელი.
ახლაც იტყვით, რომ მე მის ცხოვრებაში ზედმეტი არ ვიყავი?
ერთი კვირის მერე გავფრინდი. ისევ ლონდონი, ისევ აუტანელი მარტოობა, ისევ არანაირი ემოციები. გაუსაძლისი იყო, მაგრამ ვიმსახურებდი. დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ დავკარგე. ჩემი ბრალი იყო. ვხვდებოდი უკვე გვიანი იყო. მაშინ ჩემთვის დარჩენა რომ ეთხოვა, დავრჩებოდი, მაგრამ არ უთხოვია. ამაოდ ველოდი წერილებს. ამაოდ ველოდი ზარებს. იქ თბილისში მივხვდი როგორ მაკლდა, როგორ მჭირდებოდა. თან უნდა ვაღიარო, ეჭვიანობა მკლავდა. სულაც არ ვიყავი ისეთი კეთილი გოგო, როგორიც ვეგონე. ეჭვიანობისგან გონება მებინდებოდა. ყოველ ღამე მახსენდებოდა სხვის წელზე შემოხვეული მისი ხელი. ხელი, რომელიც მე მეკუთვნოდა.


****

– თინი, უნდა ჩამოხვიდე. – კინაღამ ფეხები მომეკვეთა ნათიას ხმა, რომ გავიგე ტელეფონში.
– რა მოხდა? – ყველაზე უარესი წარმოვიდგინე. – ნიკა...
– ნიკას არაფერი სჭირს, დამშვიდდი.
– ნათი გეხვეწები მითხარი, ხომ ნამდვილად კარგადაა ყველაფერი.
– კი, თინი, უბრალოდ ერთი ადამიანის თხოვნით გირეკავ. – სანამ რამეს ვკითხავდი, სასწრაფოდ დაამატა. – ის ერთი ადამინი ნიკა არ არის.
წარმოდგენა არ მქონდა ვისი თხოვნით შეიძლება დაერეკა ჩემთვის ნათიას, ან რა საქმე ჰქონდა იმ ვიღაცას ჩემთან? არადა კარგად ვიცოდი, ნათია ტყუილუბრალოდ არ მთხოვდა ამხელა გზის გავლას. მითუმეტეს იცოდა, როგორი ტკივილიანი იქნებოდა ჩემთვის თბილისში დაბრუნება. რამდენიმე დღეში მოვაგვარე საქმეები და გავემგზავრე.
ტრაპიდან, როგორც კი ჩამოვედი, ხარბად შევისუნთქე თბილისის ჰაერი. ნოემბრის სუსხი იგრძნობოდა. რა თქმა უნდა დიმა დამხვდა.
– ჯერ ჩვენთან წავიდეთ და მერე გაგიყვან სახლში.
– დიმ, ასე მგონია, რაღაცას მიმალავთ.
– კი, გიმალავთ. სახლში უცხოპლანეტელები გვყავს და ისე რომ გვეთქვა არ დაგვიჯერებდი, ახლა ფაქტის წინაშე უნდა დაგაყენოთ. – დიმას იუმორს დრო ვერაფერს აკლებდა.
სახლამდე ხმა აღარ ამომიღია, ისედაც მივხვდი, რომ წესიერ პასუხს ვერ მივიღებდი. ნათია კიდე უფრო გაბუშტულიყო, ძლივსღა მოძრაობდა.
სამზარეულოში ვიჯექით.
– ჩაის დალევ, თუ ყავას? – ქურასთან მისული მომიტრიალდა ნათია.
– ჩაის.
– ოჰო, იგრძნობა ინგლისის გავლენა. – გადმომკრა დიმამ.
ძველი დრო გამახსენდა. როგორ ვისხედით „ჩვენი“ სახლის სამზარეულოში და ვსაუზმობდით. ოღონდ ოთხნი. მეოთხე მაკლდა ძალიან. თვალზე ცრემლი მომადგა. ჯერ კიდევ ძალიან მტკიოდა. ნათიამ შემამჩნია და შეეცადა სხვა რამეზე გადაეტანა ჩემი ყურადღება.
კარზე ზარი გაისმა. ნიკა გასაღებად წავიდა, ნათია მე მომიტრიალდა:
– თინი, არ ვიცი ამას როგორ მიიღებ, მაგრამ ხომ იცი, შენთვის მარტო სიკეთე გვინდა. ძალიან გთხოვ ბოლომდე მოუსმინე და მერე უპასუხე.
დაბნეული ვუყურებდი. მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ ჩემგან. კარებში სტუმარი გამოჩნდა. გაოცებისგან კინაღამ ჭიქა გამივარდა ხელიდან.
კარებში ნინო იდგა... სწორედ ის ნინო.  არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ნათიამ თავზე მაკოცა და გავიდა. მარტო დაგვტოვეს.
– ალბათ, მე ყველაზე ნაკლებად მელოდი, არა?! – დაიწყო გაუბედავად
„შენ საერთოდ არ გელოდი“ – გავიფიქრე გულში, თქმით არაფერი მითქვამს.
მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და ჩანთიდან ამოღებული ქაღალდები მომაწოდა. გაოცებულმა გადავხედე. სამედიცინო დიაგნოზი იყო. ბოლომდე ვერ მივხვდი, რაღაც ანევრიზმაზე იყო საუბარი. მუცლის აორტის ანევრიზმაზე. ვიღაცას, რომელიც პაციენტად იყო მოხსენიებული, საკმაოდ დიდი ზომის ანევრიზმა ჰქონდა, რომელიც ოპერაციას აღარ ექვემდებარებოდა. ნებისმიერი გარეგანი ჩარევა, მის გახეთქვას გამოიწვევდა და ფატალური შედეგი მოყვებოდა. ვერ მივხვდი მე რატომ მაჩვენებდა ამას. წამით ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ექიმი ვგონივარ-მეთქი. მაგრამ ის, რაც მერე გავიფიქრე... კინაღამ ადგილზევე გავქვავდი.
– ეს დიაგნოზი ვისია? – ვიკითხე ჩახლეჩილი ხმით. – ნიკას... – მეტი ვეღარ შევძელი.
თავი გამიქნია. ადგა, ფანჯარასთან მივიდა და სევდიანი თვალებით შემომხედა.
– ჩემია. – თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. დედას გეფიცებით, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მენუგეშებინა, მეთანაგრძნო, როგორ მოვქცეულიყავი. ვერაფერი ვუთხარი, ჩუმად ვიყავი. თვითონ იდგა ფანჯარასთან და სივრცეს გაჰყურებდა.
– ძალიან ვწუხვარ. – ჩავილაპარაკე, როგორც კი გონს მოვედი. – არც კი ვიცი, რა გითხრა. დარწმუნებული ვარ რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება. ნიკამ იცის?
თავი გამიქნია უარის ნიშნად.
– კი, მაგრამ ბავშვი? შენთვის ამ მდგომარეობაში ორსულობა როგორ შეიძლება? – როგორც იქნა ჩავწვდი ამ საქმის მთავარ პრობლემას.
– სწორედ ამიტომ მინდოდა შენთან შეხვედრა.
ისევ სკამზე ჩამოჯდა და დაიწყო.
– მე და ნიკა, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. სამი წელია. იდეალური ადამიანია, ნაკლის გარეშე. ყოველთვის მიყვარდა, პირველივე დანახვიდან. თვითონაც ჰქონდა ჩემს მიმართ ინტერესი. ვფიქრობ, უბრალოდ ჩემთან თავს მშვიდად გრძნობდა. მე ამაზეც თანახმა ვიყავი. არასდროს არაფერს დამპირებია და არც მე მომითხოვია მისგან რამე. ძალდაუტანებელი ურთიერთობა გვქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთხელაც წავიდოდა და თითქოს მზად ვიყავი კიდეც ამისთვის. მარიკოს ამბის მერე, საერთოდ არავისთან  კონტაქობდა, დიმას გარდა. ჩემთანაც აღარ მოდიოდა. მერე ტელევიზიით თქვენი ნიშნობის ამბავი გავიგე. რომ იცოდე, როგორ შემშურდა შენი. ზოგადად ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ, მოვლენებს საღი თვალით ვუყურებ და ამასაც შევეგუე. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, ან რა მქონდა საისტერიკო? არასდროს მოვუტყუებივარ. ჩემი გრძნობები, კი ჩემი პრობლემა იყო. იმ დღეს, რომ მოვიდა თვალებს არ დავუჯერე. სახლში უხმოდ შემოვიდა განადგურებული იყო. ასეთი არასოდეს მენახა. მოხდა ის რაც მოხდა. დილით შენს ზარს ისე ვუპასუხე, არც კი დავფიქრებულვარ. დამიჯერე, სპეციალურად არ გამიკეთებია. თვითონ, რომ მიხვდა ვინც რეკავდა,  ყველაფრის უნარი წაერთვა. შენ რომ გათიშე, კიდევ დიდხანს ეჭირა ტელეფონი ყურთან და მძიმედ სუნთქავდა. აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდი მისთვის. როცა მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყრნოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ერთად არასდროს ვიქნებოდით. ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. როგორც ქალს ძლიან მინდოდა უსაზვრო სიხარული დამენახა მის თვალებში, მაგრამ სინანულის გარდა ვერაფერი დავინახე. მივხვდი, იმ წუთას შენზე ფიქრობდა. ვერაფერს ვიზამდი, ის მე არ  მეკუთვნოდა. – ცოტა ხანი გაჩერდა, ძალა მოიკრიბა და განაგრძო. – ჩემი ავადმყოფობის შესახებ ძალიან გვიან გავიგე, ნაყოფი უკვე დიდი იყო. ვერც აბორტს და ვერც მშობიარობას ვერ გადავიტან, ორივე სასიკვდილოა ჩემთვის.
ვიჯექი გაოგნებული, გახევებული და ვერც კი ვგრძნობდი რომ ვტიროდი. ბოლომდე შემძრა ამ ყველაფერმა. წარმოიდგინეთ, არჩევანის უფლება არ ჰქონდა. ან იყო კი რამე ასარჩევი?
– გადავწყვიტე გამეჩინა. – განაგრძო რამდენიმე წუთიანი დუმილის შენმდეგ. – ნიკა ნამდვილად იმსახურებდა ამას. ახლა გადავალ მთავარზე, ამ ყველაფერს შენ რატომ გიყვები. მინდა ეს ბავშვი შენ იშვილო. დედის გრაფაში შენი სახელი უნდა მიეთითოს. ადვოკატს ველაპარაკე და მითხრა, რომ შესაძლებელია. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ნიკას ცოლი ხარ. ეს ყველაფერს გააადვილებს.
წარმოგიდგენიათ მე რას ვგრძნობდი მაშინ? ვერაფრით ვიაზრებდი რას მეუბნებოდა. ტვინი ვერ აღიქვამდა. უნდა მეშვილა ნიკას შვილი.
– ნიკა თანახმაა? – ერთადერთი ამის კითხვა მოვახერე.
– არც მიკითხავს. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ამას არ ვაკეთებ არც ნიკას და არც შენი გულისთვის. მე მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ მისთვის ყველაზე კარგი დედა შენ იქნები. შენ ყველაზე მეტად დააფასებ მის არსებობას და მიიღებ ისე, როგორც ღვთის საჩუქარს.
ჩანთიდან საქაღალდე ამოიღო და გამომიწოდა.
– აქ ჩემი ანდერძია, რასაც დაეფუძნება შენთვის ბავშვის მოშვილების პროცესი. გადახედე და თუ თანახმა იქნები, ხელი მოაწერე.
– ნიკა არ დათანხმდება ამას. – გაუბედავად ჩავიჩურჩულე. – ბავშვს ახლოსაც არ გამაკარებს. – სასოწარკვეთილი ვბუტბუტებდი. უკვე მეშინოდა, რომ მართლა არ მიმაკარებდა ახლოს ჩემს შვილს. ის უკვე ჩემი შვილი იყო.
– მოუწევს პატივი სცეს ჩემს უკანასკნელ სურვილს.
კარი გაიხურა და გავიდა.
დავრჩი მაგიდასთან. თავი ხელებში ჩავრგე და დავყურებდი საქაღალდეს, სადაც ჩემი მომავალი ცხოვრების აზრი იყო. მეშინოდა დამეჯერებინა. მინდოდა, მაგრამ მეშინოდა.
ნათია შემოვიდა. ისევ ისე ვიჯექი, გაოგნებული და გაქვავებული.
– ნათი... – ესღა მოვახერხე და ავტირდი. გულამოსკვნით ვტიროდი.
– დაწყნარდი, ჩემო გოგო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები