ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2017


სისუსტე (1)

კიბეზე სწრაფად ჩამოვრბოდი და საკუთარ ფეხებს ვაკვირდებოდი. ბავშვობაში ერთ-ერთ შავ-თეთრ ფილმში მაქვს ნანახი ეს კადრი – გოგონა სწრაფად ჩამორბის კიბეზე და კადრი მის სწრაფ ნაბიჯებს აფიქსირებს. მას შემდეგ მინდოდა იგივე გამემეორებინა და სადაც კი კიბეს ვნახავდი ყოველთვის ასე ჩამოვრბოდი, თან ფეხებს ვაკვირდებოდი. არც ისე ბევრი კიბის ჩამორბენის საშუალება მქონდა ბავშვობაში. იქ, სადაც მე ვცხოვრობდი, კიბე არ იყო. უფრო სწორად იქ, სადაც იმ საშინელი ავარიის შემდეგ მომიწია ცხოვრებამ.
მანამდე დედასთან ერთად ვცხოვრობდი. ბევრი არაფერი მახსოვს იმ დროიდან, ყველაზე ნათელი მოგონება ის ფილმია, რაზეც წეღან მოგახსენებდით. ფილმს მე და დედამ ერთად ვუყურეთ. ჩვენი ბოლო ფილმი იყო. ეტყობა ამიტომ ვებღაუჭებოდი ასე მოგონებებს იქიდან.
ჰო, რას ვამბობდი? ჩამოვრბოდი კიბეზე და ტრადიციულად თავჩახრილი. სულ ორი სართულის ჩამორბენა მიწევდა, მაგრამ ესეც მაკმაყოფილებდა. ის იყო ბოლო საფეხურიც ჩამოვამთავრე, რომ ასევე ტრადიციულად ვიღაცას შევასკდი. რა გასაკვირია? როცა წინ არ იყურები და მთელი სისწრაფით მოქრიხარ, დიდია ალბათობა იმისა რომ ვიღაცას დაეჯახები. ამჯერად ლალი დეიდას შევეეჯახე.
– ღმერთო ანა, ერთხელაც თავპირს დაიმტვრევ. – ნატკენი მხარი დაიზილა ლალი დეიდამ. ტრადიციულად გაშალა ხელები და ასევე ტრადიციულად ჩამიკრა გულში. ტრადიციულად ამოვყავი თავი მის აფუებულ მკერდში და ტრადიციულად ვიგრძენი შინდამზადებული ნელსაცხებლის სუნი, რომელიც ჩემთვის ტრადიციულად ლალი დეიდასთან ასოცირდებოდა.
რატომ ტრადიციულად?
იმიტომ რომ ლალი დეიდას ბავშვობიდან ვიცნობ. (კიდევ ერთი მოგონება იმ დროიდან, საიდანაც თითქმის აღარაფერი მახსოვს.) დედას მეგობარი იყო. როგორც კი ბავშვთა სახლიდან გამომიშვეს, ლალი დეიდამ დამაწყებინა მუშაობა საჯარო ბიბლიოთეკაში. არ მოგესმათ, საჯარო ბიბლიოთეკაში ვმუშაობ. წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა. ჩემი შემხედვარე ვერ იტყვით, რომ შესაფერისი  სამსახური მაქვს. ჯერ ისევ სტუდენტი ვარ, მომავალი სოციოლოგი. არც ამიყვანდნენ ლალი დეიდა რომ არა. სიმართლე გითხრათ ვერც მამჩნევენ – ძირითადად საცავში ვარ. ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ, ლექციების მერე. ესეც ლალი დეიდას დამსახურებაა.  როგორც მერე გავიგე, პირადად შესულა დირექტორთან და ჩემს შესახებ მოუყოლია, იმსაც გული აჩუყებია და... ვერ ვიტან ვინმეს რომ ვებრალები.
ყველაზე საშნელი გრძნობაა სიბრალული. იმ ავარიის შემდეგაც ყველას ვეცოდებოდი. როგორ მწარედ მახსოვს ეს სიბრალული?! მათ ვებრალებოდი, მე კიდევ ვერ ვიტანდი ვერც ერთს. ერთადერთი დადებითი რაც იყო ბავშვთა სახლში, იქ არავინ გიცოდებდა. არც შენ უნდა შეგცოდებოდა საკუთარი თავი, არც არასდროს მეცოდებოდა. მკაცრად ვაკონტროლებდი ამას. მახსოვს როგორც კი საკუთარი თავის სიბრალულს ვიწყებდი მაშინვე ვსჯიდი. ერთხელ მთელი ღამე ვაიძულე თავი თოვლში ვმდგარიყავი. სიცივისგან ვკანკალებდი, კიდურები თითქმის მომეყნა, მაგრამ ცოცხალი თავით არ შევდიოდი შენობაში. ვიდექი ბედნიერი და ვიყინებოდი, სანამ დამლაგებელმა, ციალამ არ მიპოვა. საცოდავი ქალი კინაღამ შევშალე. არავის ელოდა ეზოში და გული გაუსკდა, თოვლში ჩარჭობილი რომ დამინახა. ერთი პირჯვარი გადაიწერა და ისე მომიახლოვდა. რომ მიხვდა მე ვიყავი დამავლო ხელი და შიგნით შემათრია, თან მთელი გზა მტუქსავდა. მე კიდევ ბედნიერი ვიყავი – არ ვეცოდებოდი. არც მე მეცოდებოდა საკუთარი თავი.
მერე გავიზარდე და ბავშვთა სახლიდან გამომიშვეს. იმ სახლში დავბრუნდი, სადაც მე და დედა ვცხოვრობდით. როგორც კი კარები გავაღე მეგონა ყველაფერი გამახსენდებოდა, მაგრამ ისევ არაფერი, საერთოდ არაფერი მახსოვდა. ლალი დეიდაც მოვიდა, სამზარეულოში იჯდა და ტიროდა. ვებრალებოდი, ერთადერთი იყო, ვისაც სიბრალულს ვპატიობდი. რატომ? მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ ვპატიობდი. იმავე წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე, უჭკუო არ ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ აქაც ლალი დეიდა ჩაერია. მერე სამსახურიც მიშოვა, ისე რომ სწავლაში ხელი არ შემშლოდა.
უკვე დამოუკიდებელი პიროვნება ვიყავი. მომწონდა.
– მეჩქარება ლალი დეიდა. – როგორც იქნა გავთავისუფლდი მის მკლავებისგან და სირბილი განვაგრძე.
ბიბლიოთეკიდან გამოვედი და მთელი სისწრაფით გავიქეცი უკვე გაჩერებაზე მისული ავტობუსისკენ. მივასწარი. რამდენიმე გაჩერების მერე ჩამოვედი და იქვე, ქუჩის კუთხეში რკინის კარი შევაღე.
– გამარჯობა, დოდო დეიდა. – მივესალმე ქალს, რომელიც გულმოდგინედ წმენდდა დერეფანს.
– გაგიმარჯოს შვილო, დღეს ადრე მოსულხარ.
– ხო, ადრე გავთავისუფლდი და... პალატაშია? – რატომღაც ხმას დავუწიე.
– კი, ახლა გამოიყვანეს საპროცედუროდან. გკითხულობდა.
მეშვიდე პალატისკენ წავედი და კარი ფრთხილად შევაღე.
– კამანჩების ტომის ბელადი, ჭორფლიანი ცხვირი როგორ გრძნობს თავს? – გავიჯგიმე კარებში, როგორც კი დავინახე რომ არ ეძინა.
– ცოტა დავიღალე, დღეს ბევრი ვინადირე და... – ხმაზე ეტყობოდა რომ სუსტად იყო, თუმცა მაინც გამიღიმა და საწოლიდან წამოიწია.
– რამდენი ბიზონი მოკალი? – საწოლზე ჩამოვუჯექი და გადაპარსულ თავზე ხელი გადავუსვი.
– ორი, – თითები გაფარჩხა და თვალთან მომიტანა.
– ჰმ... ცოტაა. – თვალები მოვჭუტე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. – გიზარმაცია.
– არააა. – ხელი გაასავსავა. – ამინდის ბრალია, წვიმდა. ბიზონები ვერ იტანენ წვიმას და არ გამოდიან ამ დროს. – ნიშნისმოგებით გადმომხედა.
– კარგი, კარგი. – ორივე ხელი ავწიე დანებების ნიშნად და შუბლზე ვაკოცე.
– მალე უნდა წახვიდე? – ნაღვლიანი თვალებით გამდმომხედა.
– კი, ოღონდ გპირდები, გვიან ღამე კიდევ მოვალ.
– ღამე რომ არავის უშვებენ?
– როდის იყო ეგ გვაბრკოლებდა? – გავიცინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
– მაშინ დაგელოდები.
ვხვდებოდი ახლა უჭირდა ლაპარაკი. ძალიან ღლიდა ეს მძიმე პროცედურები. ოთხი წლის იყო ბავშვთა სახლში რომ მოიყვანეს. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე. წვიმდა და ეზოში გასვლას აზრი არ ჰქონდა. დერეფანში რაფაზე ვიყავი შემომჯდარი ისე, რომ ფარდა მთელ სხეულს მიფარავდა, გარდა რაფაზე შემოწყობილი ფეხის ტერფებისა. მიყვარდა ასე ჯდომა და კითხვა, განსაკუთრებით თუ გარეთ წვიმდა.
– მაგარი კედებია. – მომესმა და გამიკვირდა. ხმა მეუცხოვა.
ფარდა გადავწიე და გაკვირვებულმა გამოვხედე პატარა ბიჭს, რომელსაც ორი ზომით დიდი ქურთუკი ეცვა და თვალს არ აშორებდა ჩემს კედებს.
– შენ ვინ ხარ? – ფეხები რაფიდან გადმოვწიე და ზურგით ფანჯრის მინას მივეყრდენი.
– მე ახალი ვარ. შენ ვინ ხარ?
გამეღიმა მის ბავშვურ პირდაპირობაზე.
– მე ძველი.
– დიდი ხანია აქ ხარ? – უფრო მომიახლოვდა და ახლა ქვევიდან ამომხედა.
– კი, დიდი ხანია.
– მეც მასე მომიწევს ალბათ. – გამათბობლის მილზე შედგა ფეხი და გაჭირვებით ამოძვრა რაფაზე. – ასე მითხრეს, სანამ სრულწლოვანი არ გახდები, მანამ დარჩებიო. – ძლივს წარმოთქვა სიტყვა „სრულწოვანი“. – რანაირ სიტყვებს იგონებენ ეს უფროსები. – ხელი ჩაიქნია, რომ დაინახა გამეღიმა. - შენ იცი, რას ნიშნავს სრულწლოვანი?
– კი, 18 წელს. – ძალიან მართობდა მასთან საუბარი.
– მერე ვერ იტყვიან სანამ 18 წლის არ გახდებიო? – თითები გაშალა და გადათვლა დაიწყო. თითები არ ეყო და შემომხედა. – ოთხი წლის ვარ, კიდევ რამდენია თვრამეტამდე?
– 14 წელი.
– ეეჰ, ანუ მთელი სიცოცხლე. – ხელი ჩაიქნია. – არა უშავს, სხვა საქმე მაინც არ მაქვს და დავრჩები აქ.
– გადამრევს ეს ბავშვი, სად გაქრა ასე უცებ? – დერეფნის ბოლოდან დირექტორის ხმა მოისმა.
– მე მგონი გეძებენ. – ბიჭს გადავხედე.
– კი, მე მეძებენ, – დამეთანხმა და რაფიდან ჩამოხტა.
– ეი, ჭორფლიანო ცხვირო, – ის იყო მოსახვევში უნდა გაუჩინარებულიყო, რომ მოვაბრუნე. – კიდევ შევხვდებით.
თავი დამიქნია და სირბილით გაიქცა დერეფნის ბოლოსკენ.
რა თქმა უნდა კიდევ შევხვდით. ყოველდღე ვხვდებოდით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ძალიან ნერვიულობდა ჩემ თვრამეტ წელს. იცოდა, რომ მაგ პერიოდისთვის გამომიშვებდნენ ბავშვთა სახლიდან.
იმ დღეს ცრემლებს ძლივს იკავებდა. ჩემი წამოსვლისას, კი საერთოდ ვერ ვიპოვეთ. მთელი ბავშვთა სახლი ეძებდა. მე ვიცოდი სადაც იქნებოდა და მაშინვე ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილისკენ გავემართე. ფარდის უკან სილუეტი დავლანდე.
– არ გამაცილებ? – ფარდა არ გადამიწევია, ისე ვკითხე.
– ვერ ვიტან გამომშვიდობებას. – ხმა უკანკალებდა.
– მერე ვინ გითხრა, რომ გემშვიდობები?
ხმას არ იღებდა.
– ყოველდღე ვივლი. როგორც კი დროს ვიპოვი, მაშინვე მოვალ. დღეში ორჯერაც ვივლი... – უკვე ვხვდებდი, რომ მეც მიჭირდა ხმის დამორჩილება.
– მპირდები?
– გპირდები! – ფარდა გადავწიე და მის გვერდით შემოვჯექი რაფაზე.
– კარგი. – მხარზე მომეკრო. – ვიცი, შენ არასდროს მპირდები ისეთ რამეს, რასაც ვერ აასრულებ.
არასდროს დამირღვევია პირობა. მას მერე არცერთი დღე არ ყოფილა, რომ არ მენახა. მაშინაც კი, როცა ვსწავლობდი. ლექციების მერე მასთან მივდიოდი. ზუსტად იცოდა როდის მიმთავრდებოდა ლექციები და ალაყაფის კარებთან მხვდებოდა.
მერე, იყო ის საშინელი დიაგნოზი... არ მინდა ამაზე საუბარი.
– შეეცადე დაიძინო. – თავზე ვაკოცე. – მოგვიანებით შემოვივლი და მანამდე გამოძინებული დამხვდი.
თავი დამიქნია და თვალები დახუჭა. დაკვირვებული ვიყავი, ჩემი წასვლისას ყოველთვის თვალებს ხუჭავდა, თითქოს არ უნდოდა დაენახა, როგორ გავიხურავდი კარს.
დერეფანს გავუყევი და სულ ბოლოში დამლაგებლების ოთახის კარი შევაღე. თითისწვერებზე ავიწიე და კარადის თავიდან გამჭვირვალე ყუთი ჩამოვიღე.
– შენ მაინც არ იშლი შენსას ხომ? – კარებში დოდო დეიდა იდგა.
არაფერი ვუპასუხე, ყველაზე მეტად ეს კითხვა მაღიზიანებდა. რატომ უნდა დამეშალა „ჩემი“? უკან გამოვბრუნდი და შენობიდან გავედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები