ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2017


რაღაცნაირი ,,შურიკა"

    აზრი, რომელსაც ახლა ვწერ, მე არ მეკუთვნის. მთქმელის ვინაობასაც ვერ გეტყვით. თვითონ არ ექნება სურვილი, ზედმეტი ყურადღების ცენტრში მოექცეს.
    თუ შემთხვევით შემოიხედავს და ამ სტატუსს ნახავს, მინდა იცოდეს, რომ ასაკით ჩემზე პატარამ საუკეთესო, დღემდე და მუდამ დასამახსოვრებელი გაკვეთილი მომცა.
      ჩავთვალოთ, რომ ეს მოხდა ასე, ათი წლის წინ, ვიწრო საახლობლოში, დავუშვათ, სამზარეულოს მიდამოებში, როცა სუფრიდან ქალები გაიკრიფებიან და ,,ჩასხდებიან".
    ჯერ ზოგადი ჭორები განიხილება, ყველასათვის ასე თუ ისე ცნობილი, მერე წრე თანდათან ვიწროვდება, მერე ვიღაც მობოდიშებით დაეთხოვება დანარჩენებს, ჩემი წასვლის დროაო და გაიხურავს თუ არა :
    - ,,საწყალი, რა დღეშია გოგო! "..
  და წავიდააა.....
      მოკლედ, ამ ,,გოგოს' ქალიშვილზე ვიღაც ახალგაზრდა, გარკვეულად წარმატებული კაცია შეყვარებული. არც აქეთა მხარეა გულცივი, მაგრამ
,,იმ ბიჭის ოჯახი არ გამოიჩინება : სადღაც, ვაზისუბნის ბოლოში, მამა - ლოთი თუ ნარკომანი, ან ორივე ერთად, ყოველ ღამე მეზობლების დასანახად ზურგზე მოკიდებული მოაქვს ხან  საიდან, ხან - საიდან. დედა - ერთი გზასაცდენილი, თურქეთში დარბოდა სავაჭროდ, ხალხმა ჯერ რომ გზა არ იცოდა, მაგრამ ახლა სახლში ზის, პაპიროსის ფულსაც ბიჭი აძლევს,
      ნუ, ეს გამოუვიდათ რაღაცნაირი,  უდედობაში ბებიამისის გაზრდილია, შესახედავად - არა უშავს,  მაგრამ რაღაცნაირი, ,,შურიკა ბიჭია", არც ეწევა, არც სვამს, რომ დაჯდება, შარვლის ჯიბიდან ხურდა-ფული უცვივა.,შაბათ- კვირაობით მტკვრის სანაპიროზე ველოსიპედით დაკატაობს,  ნუ , ამწუთას რაღაც თანამდებობა კი აქვს, მაგრამ არც ძმაკაცები ჰყავს, რამე რომ გაუჭირდეს, მხარში დამდგომი, ჩვენთან კიდევ ,ხომ იცით, ერთის დრო წავა, მეორის დრო მოვა, მეორისა - წავა, მესამისა  - მოვა. ამას წინათ ვიღაცამ გვითხრა,,ვირის ხორცივით უვარგისია, არც შენ გახეირებს, არც თავსო..."

      აქ ცოტა ჰაერი აიღეს და გადაეკიდნენ ჩემს ახლობელს, გინდა თუ არა, შენ რას იტყვი, შენ რას იტყვიო.
აი მისი პასუხი:
- მშობლებს და ოჯახს, ნათესავებს ჩვენ არ ვირჩევთ, როცა ვიბადებით.
    ადამიანი იმით ფასდება, როგორ უმკლავდება ცხოვრების გამოწვევებს და მით უფრო დასაფასებელია, თუ ასეთი გარემოდან გამოსული - საღი, განათლებული, მიზანსწრაფული  კაცი დამდგარა. და კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ იმ გარემოს ამპარტავნად ზურგი კი არ აქცია, სიყვარულით უვლის.
    მე რომ შვილი მყავდეს გასათხოვარი, მოხარული ვიქნებოდი, ასეთი რჩეული რომ ჰყოლოდა.
    აქ დაგვემშვიდობა, კარი გაიხურა...
და ცხადია, შემდეგი თემა თვითონ იყო

P.S. გავიდა წლები. ის გოგო იმ ბიჭს არ გაჰყოლია. გარიგებით, ქართული თვალსაზრისით, არცთუ წარუმატებლად გათხოვილა, მერე გაშორებულან და ახლიდან გათხოვილა ბავშვიანად, ახლა სადღაც, უცხოეთშია, კარგადო.

იმ ახალგაზრდას რაც შეეხება, მიხარია, რომ აქ, ამერიკაში საკმაო წარმატებას მიაღწია თავის საქმეში. ჩემი მეგობარი არ არის არც ,,ფეისზე" ,არც  - ისე, მაგრამ, როგორც ვიცი, ორი შვილი ჰყავს და ოჯახშიც ყველაფერი რიგზე აქვს.
მშობლებიდან - მამა ადრევე გარდაცვლია, დედა - აქ ჰყოლია.
მოგონებამ გამიყოლია და ეს, რამსიგრძე სტატუსი გამომსვლია. ვინაა ამის წამკითხავი!
    ხომ არ წავშალო?
    იყოს, რაც არის - არის..
    ამ ერთხელაც ჩემთვის მოცდით!

     
   
    .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები