ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2017


სისუსტე (2)

****
მტკიცე ნაბიჯებით მივუყვებოდი ქუჩას. ფართო ქუჩის ყველაზე დიდი გზაჯვარედინთან შევჩერდი, ხელში ყუთი მოვიმარჯვე და დაველოდე, როდის აინთებოდა შუქნიშანზე წითელი. აინთო და პირველივე გაჩერებულ მანქანასთან მივედი.
– დავეხმაროთ პატარას....
სწორად მიხვდით. მოწყალებას ვითხოვდი. თუმცა, არა... მოწყალება ისაა, როცა საკუთარი თავისთვის ითხოვ, მე კიდევ ვეხმარებოდი – ვცდილობდი დავხმარებოდი. ჭორფლიანი ცხვირისთვის  სამკურნალოდ ფული უნდა შემეგროვებინა. სახელმწიფო დაზღვევა მის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს არ ანაზღაურებდა. საღამოობით ჩემი ყუთიანად ბანკში მივდიოდი და ფული ანგარიშზე შემქონდა.
– მოხვედი, ანიჩკა? – მეტყოდა ბანკში ოპერატორი და მოთმინებით ითვლიდა ჩემს მიერ მაგიდაზე დაყრილ ხურდებს.
ბევრს ვერაფერს ვაგროვებდი, ხალხში მაინც უნდობლობას ვიწვევდი. ვეღარავის გააკვირვებ გულისამაჩუყებელი ისტორიებით. იმედს მაინც არ ვკარგავდი. მჯეროდა, რომ შევძლებდი.
შუქნიშანზე ისევ წითელი აინთო და მანქანების უზარმაზარი ნაკადი გაჩერდა. ბორდიურიდან ფეხი ჩავდგი და მანქანების რიგს ჩავუყევი. რამდენიმე ნაბიჯის მერე წავბორძიკდი, ძლივს შევიკავე თავი, ცოტაც და ძირს გავიშხლართებოდი. კედზე თასმა შემხსნოდა. ჩავჯექი, ყუთი გვერდზე მოვიდგი და თასმის შეკვრას შევუდექი. ვერც კი მივხვდი, როდის აინთო მწვანე და როგორ დაიძრა მანქანების რიგი. გონს მაშინ მოვეგე, როცა ასფალტზე გავხოხდი და საბურავების მკვეთრი დამუხრჭების ხმა გავიგე. სასწრაფოდ წამოვხტი და ტანსაცმელი დავიფერთხე. მანქანას შევავლე თვალი, უფრო სწორად მანქანიდან გადმოსულს, რომელიც ანთებული კუპრივით შავი თვალებით და განრისხებული სახით მოდიოდა ჩემსკენ.
– დავეხმაროთ პატარას... – ყუთს ხელი დავავლე და ყველაზე გრანდიოზული სისულელე ვთქვი, რაც კი შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მეთქვა.
დავინახე, როგორ გადაუარა ფერებმა სახეზე. მიუხედავად ამისა არ შემიწყვიტავს, უფრო ახლოს მივედი. ახლა მის ცხვირწინ ვიდექი და ყუთს ვაჩეჩებდი ხელებში.
– სამკურნალოდ გვჭირდება, თუ შეიძლება...
– არ მაქვს ფული! – იმხელა ხმაზე იღრიალა, რომ მეგონა წამით მოძრაობაც კი შეჩერდა ქუჩაში.
შევკრთი. თვითონ მიბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. წამის მეასედში გამოვერკვიე, მანქანასთან მივედი და შუშაზე მივუკაკუნე. ჩემდა გასაკვირად ჩამოსწია. ალბათ ჩემმა თავხედობამ გააოცა. ხელი ჯიბეში ჩავიყავი და რა ხურდებიც მომყვა მანქანაში შევუყარე:
– თუ არ გაქვს, იქით დაგეხმარები. „ჩვენნაირებმა“ ერთმანეთს ხელი უნდა გავუმართოთ. – კბილებში გამოვცერი და შემოვბრუნდი.
ის იყო ერთი ნაბიჯი გადავდგი, რომ მანქანიდან გადმოვიდა და ხელი ძლიერად ჩამავლო მკლავში. ძლიერად დამქაჩა მანქანის კარებზე მიმაყუდა. უნდა ვაღიარო ცოტა შემეშინდა. არაამყვეყნიური გამომეტყველებით მიყურებდა. ცოტაც და ალბათ შუაზე გამგლეჯდა. არც გაუჭირდებოდა, საკმაოდ ძლიერი აღნაგობა ჰქონდა. ზედმეტად დაკუნთული არა, მაგრამ სოლიდურ პიჯაკშიც კი ეტყობოდა ნავარჯიშევი სხეული. მისი განიერი მხრები მთლიანად ფარავდა ჩემს გაჩხინკულ სხეულს.
ჩვენს უკან მდგარი მანქანიდან ორი ახმახი გადმოვიდა, ახლაღა შევანჩნიე, რომ ის მანქანაც არ დაძრულა ადგილიდან, სამან ჩვენ ორნი ასე „ტკბილად“ ვმუსაიფობდით.
– ბატონო ბექა... – ჩვენკენ დაიძრნენ.
ჩემმა პარტნიორმა ხელის აწევით შეაჩერა და ისინიც ერთ ადგილს მიეყინნენ. ალბათ დაცვაა, გავიფიქრე და ჩამეღიმა.
– ნუ გეშინიათ ბიჭებო, ძალიან მაგრად არ ვცემ. – იმ ორისგან მზერა „ბატონ ბექაზე“ გადმოვიტანე და უტიფრად ჩავხედე თვალებში.
დავინახე როგორ შეეცვალა სახე და კმაყოფილს ჩამეღიმა. ყოველთვის მეცოდებოდნენ ასეთი ტიპები – თავი ყველაფრის ბატონ-პატრონი რომ ჰგონიათ და დაცვის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამენ.
ხელი წამოიღო ჩემი მკლავისკენ, არ ვიცი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ხელი ავიქნიე და არ მივეცი საშუალება შემხებოდა. მოულოდნელად მზერა შეეცვალა. ცოტათი მომშორდა და მაინც დამიჭირა ხელი.
– სისხლიანი გაქვს. – ხმაც თითქოს შეურბილდა.
ხელზე დავიხედე. მაჯიდან იდაყვამდე, თითქმის მთელ სიგრძეზე მართლაც მქონდა ჭრილობა. ეტყობა ასფალტზე ხოხიალისას დავიშავე. მინდოდა მეთქვა – როგორმე გავუძლებ და გადავრჩები-თქო, რომ ხელი დამავლო, მანქანას შემოუარა, ისე რომ მეც თან გამყოლა. წინა კარები გამოაღო და უბოდიშოდ ჩამსვა შიგნით. სანამ გონს მოვიდოდი, თვითონაც ჩაჯდა და მანქანა დაძრა. გაოგნებული ხან მას ვუყურებდი, ხან გზას.
– მომიტაცე? – დაახლოებით ორწუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოვიღე ხმა.
პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. ისევ გზას უყურებდა. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. ყველაზე უარესიც კი წარმოვიდგინე. ვხვდებოდი, რომ კარს ვერ გავაღებდი, ბლოკირებული ექნებოდა. ერთადერთი რაც მიტრიალებდა თავში, ხელის მუხრუჭი იყო. როგორმე უნდა გამეჩერებინა მანქანა. ის იყო, გავიწიე კიდეც მისკენ, რომ ორივე ხელი გამიკავა. მანქანა თვითონვე გააჩერა და შეეცადა შევეჩერებინე. უმწეოდ ავფართხალდი. ცალი ხელითაც ისე ძლიერად ვყავდი გაკავებული, რომ ვერ ვინძრეოდი.
– გეყოფა, ნუ ფართხალებ... არაფერს დაგიშავებ. – ბურდღუნებდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
– აბა, აქ რისთვის წამომიყვანე, კანფეტი უნდა მომცე? – მთელი ძალით ვცდილობდი ხელიდან გავსხლტომოდი.
– მორჩი! – ტონს აუწია. -– საავადმყოფოში მიგიყვან, ჭრილობას დაგიმუშავებენ და ჯანდაბამდე გზა გქონია მერე.
ერთიანად მოვეშვი და გაოცებული ვუყურებდი. ვამოწმებდი დამცინოდა თუ მართლა ასეთი გონებადახშული ადამიანი იყო, რომ იფიქრა ნაკაწრის გულისთვის საავადმყოფოში გავყვებოდი. ასეთი „ჭრილობებისგან“ დარჩენილი შრამებით მქონდა დაფარული მთელი სხეული. ჩემდა გასაოცრად ირონიის ნატამალიც ვერ ამოვიკითხე მის გამომეტყველებაში.
– ბატონო ბექა, სად ხედავ ჭრილობას? – ახლა მე დავდექი ხუმრობის ხასიათზე.
– ხელზე. – დამიღრინა.
– ისე, ხომ არ ჯობია საზღვარგარეთ გადამაფრინო? რა იცი, აქაური ექიმები უშველიან ამხელა ჭრილობას? სახუმარო საქმე კი არაა, მაჯიდან იადყვამდეა გადაჭიმული.
– ბევრს ლაპარაკობ. – კბილებში გამოცრა და ისევ დაქოქა მანქანა.
ახლა უკვე საკმაოდ მართობდა ეს სიტუაცია.
– მოიცა, მართლა რა სისულელეა ამისთვის საავადმყოფოში წასვლა? ხომ დაიხოცნენ ექიმები სიცილით?! თან ორი ამხელა ჭირისუფალი მოგვყვება. – უკან გავიხედე და ადევნებულ მანქანაზე ვანიშნე თვალით.
ერთხან ჩუმად იჯდა, მერე მკვეთრად მოაბრუნა მანქანა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა.
– სად მიდიხარ? – გზას თვალი გავაყოლე და შევეცადე გამერჩია საით მივდიოდით.
– აეროპორტში. – ნაკვთიც არ შერხევია ისე მითხრა.
დიდი ხანი ვაფახულებდი წამწამებს.
– ვიხუმრე წეღან. – გაოგნებისგან ხმაც კი ჩამიწყდა.
ხმა არ ამოუღია, საერთოდ არც კი შემოუხედავს. თითქოს არც ვარსებობდი. მივხვდი, რომ ვერაფერს შევასმენდი და მოთმინებით დაველოდე მოვლენების განვითარებას. უცნაურია, მაგრამ არ მეშინოდა. ზოგადად არ ვიყავი მშიშარა, მაგრამ ამ სიტუაციაში ნებისმიერს შეეშინდებოდა, მე კი მშვიდად ვიჯექი და გზას გავყურებდი. ისევე როგორც ის. თავი მივაბრუნე და ახლა მისი ნაკვთების შესწავლა დავიწყე. შავი, თმა შავი თვალები, სოლიდური იერი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრი შესახედაობა ჰქონდა, მის გამხედვაში იყო რაღაც რაც ნდობას იწვევდა. მანქანაში ვეჯექი, მივყვებოდი, ვინ იცის ჯანდაბაში და მაინც არ ვღელავდი. თითქოს ვიცოდი რომ საფრთხე არ მემუქრეოდა. თავი ოდნავ მიაბრუნა და სინათლე საფეთქელზე დაეცა. შევკრთი. საფეთქელიდან, თითქმის ნიკაპამდე ჩამომავალი შრამი შევამჩნიე. მაშინვე არ გეცემოდათ თვალში, მაგრამ გვერდიდან მაინც საზარლად გამოიყურებოდა. მიხვდა რასაც ვუყურებდი და თავი მოაბრუნა. მომეჩვენა რომ გააღიზიანა ჩემმა დაჟინებულმა მზერამ და თვალი ავარიდე.
მანქანა უზარმაზარ ალაყაფის კარებთან გააჩერა. რკინის კარი მაშინვე გაიღო და ჩვენც და ჩვენი გამცილებლებიც ეზოში შევედით. ყოველთვის გულრწფელად მჯეროდა, რომ უზარმაზარ ეზოებზე და კოლოსალური რაოდენობის დარბაზიან სახლებზე მოთხრობილი გადაჭარბებული იყო, მაგრამ ნანახმა მართლა გამაოცა. ბევრი არც არაფერი მქონდა ცხოვრებაში ნანახი, მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ბიბლიოთეკაც კი არ იყო ამხელა. დიდი ხანი არ დამცალდა გაოცება. ჩემმა თანამგზავრმა ხელი დამავლო და სავარაუდოდ შესასვლელისკენ წამიყვანა. იმ „ტრიუმფალურ თაღს“ თუ შესასვლელი ერქვა?! მაშინ ცოტა გადაჭარბებულად აღვიქვი ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ მართლა გამაოცა იმან რომ ვიღაც ასეთ, რბილად რომ ვთქვათ უღიმღამო, ადამიანს შეეძლო ასე ეცხოვრა. არასოდეს მესმოდა, რად უნდოდა ადამიანს ასერთ ოთახიანი სასახლე, თუ იქიდან მხოლოდ სამში იყო ნამყოფი?!
სამარისებული სიჩუმე სუფევდა სახლში. ამან ცოტა დამძაბა და გამოვერკვიე შორსწასული ფიქრებიდან.
– შენი სახლია? – უფრო საუბრის დასაწყებად ვკითხე.
ოდნავშესამჩნევად დამიქნია თავი. აშკარად არ იყო მიჩვეული არაფორმალურ საუბრებს.
– კარგი, ახლა რა უნდა ვქნათ? – სავარძელში ჩავეშვი. თავი მაგარ გოგოდ მომქონდა, მაგრამ ნელ-ნელა მეც ვიძაბებოდი.
ოთახიდან გავიდა. დაახლოებით ხუთი წუთი ვიყავი მარტო. ნელ-ნელა ვბრაზდებოდი. უკვე წასვლასაც ვაპირებდი, რომ ოთახში შუახნის ქალბატონი შემოვიდა. ხელში პირველადი დახმარების საშუალებები ეჭირა. მთხოვა ჩამოვმჯდარიყავი და ჩემი „იარის“ დამუშავებას შეუდგა. როგორც იქნა ჩავწვდი ჩემი აქ მოყვანის მიზეზს. ეტყობა მიხვდა რომ ნაკაწრის გულისთვის საავადმყოფოში წასვლა არ ღირდა და გადაწყვიტა სახლში გაეწია პირველადი დახმარება. ამაზე კიდევ უფრო გულიანად გამეცინა გონებაში. წარმომიდგენია რა დაემართებოდა, მართლა სერიოზული ტრავმა რომ მიმეღო, სავარაუდოდ მართლა საზღვარგარეთ წამიყვანდა, თან დარწმუნებული ვარ კერძო თვითმფრინავით. უნებურად გამეღიმა. თავი ავწიე და კარებში გახიდული დავინახე. შუბლშეკრული მიყურებდა. წამიერად დავსერიოზულდი. ქალი მორჩა თავის საქმიანობას და გავიდა.
– რამდენ წლის ხარ? – არც განძრეულა ისე მომმართა.
ხმის ტემბრს დავაკვირდი. მკაცრ გამოთქმაშიც კი ვიგრძენი სასიამოვნო, რბილი, მამაკაცური ბარხატი. არ ვუპასუხე. ნელ-ნელა ვბრაზდებოდი. ზედმეტად უხეში მეჩვენებოდა. ეტყობა მიხვდა. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. მომიახლოვდა და დაჯდომა შემომთავაზა. ცოტათი დავიკმაყოფილე პატივმოყვარეობა და ისეთი სახით დავჯექი, თითქოს ამით დიდ სამსახურს ვუწევდი.
– არ გიპასუხია. – კიდევ უფრო შერბილებული მომეჩვენა ტონი.
– ოცის.
– სრულწლოვანი ხარ. – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა რომ ავფეთქებულიყავი.
ვერ ვიტანდი ისე რომ მექცეოდნენ, როგორც პატარას. მართლაია ოცი წლის ასაკში ზოგადად ადამიანი შეიძლება სულაც არ გამოიყურება ისე როგორც მე, მაგრამ მაინც მაცოფებდა ასეთი მიდგომა. ვინ დაადგინა, რომ ადამიანს ოცი წლის ასაკში არ შუძლია ხეზე აძვრეს? თუნდაც ეს ხე შუა ქალაქში იდგას. ან თავსხმა წვიმაში უქოლგოდ სიარული. ქოლგა მაინც არ გიფარავს მთელ სხეულს და ასფალტიდან ასხლეტილი წვიმის წვეთებიც შენ გხვდება, ნახევარი სხეული მაინც სველი გაქვს. რა განსხვავებაა ნახევარი სხეული გექნება სველი თუ მთელი? არაფერი. მე თუ მკითხავთ, ამ დროს ჯობია ბოლომდე სველი კედებიც კი გაიხადო და ისე განაგრძო სვლა. რატომღაც მეგონა რომ მე კი არ ვიყავი განსხვავებული, უბრალოდ დანარჩენი სამყარო განსხვავდებოდა ჩემგან. ყველაზე მეტად კი იმას ვერ ვიტანდი, რომ მეუბნენოდნენ უფრო პატარა მეგონეო.
– შენ რამდენი წლის ხარ? – ფეხზე წამოვდექი და ცხვირწინ ავეტუზე.
– 27-ის. – გაოგნებულმა ამომხედა ქვევიდან.
– ოჰ, ჯერ ახალგაზრდა ყოფილხარ. – ნიშნისმოგებით დავუმარცვლე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი ჩასწვდა თუ არა ჩემს ირონიას. სახის გამომეტყველება არ შეცვლია.
– შეგიძლია, ამ საღამოს ერთ ადგილზე წამომყვე? – ისე გააგრძელა ვითომც აქ არაფერიო.
– აქ რომ მომიყვანე, ხომ სულ მე შემნითანხმე?! – ენამახვილობას არ ვწყვეტდი.
– გადაგიხდი.
ის იყო აფეთქებას ვაპირებდი და ალბათ ეს უკვე ბოლო წვეთი იქნებოდა, მაგრამ გამახსენდა რა ვითარებაში შევხვდით ერთმანეთს და შევეცადე ემოციები მომეთოკა.
– სად უნდა წამოგყვე. – ვცდილობდი მაქსიმალურად მშვიდი ტონით წარმომეთქვა ეს სიტყვები.
– ერთ-ერთ საღამოზე. მხოლოდ რამდენიმე საათით და... – ცოტა ხნით გაჩუმდა. – ორი ათასს გადაგიხდი.
რამდენიმე წუთის მერე მეტყველების უნარი რომ დამიბრუნდა, ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
– მთელი საღამო დაგითმო ორი ათასად? არ გამოვა. – წამოვდექი და ოთახის თვალიერება დავიწყე.
მოთმინებით მადევნებდა თვალს.
– 150 ათასად შეიძლება დაგთანხმდე. – ზუსტად ამდენი იყო საჭირო ჭორფლიანი ცხვირის ოპერაციისთვის.
– 150 ათასად ცოლადაც მოგიყვან. – თითქოს დაძაბულობა ნელ-ნელა ეხსნებოდა.
– ცოლად თუ გამოგყვები ქონების ნახევარზე მექნება პრეტენზია. – თვალი ჩავუკარი და ისევ ჩემ ადგილს დავუბრუნდი.
დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ჩუმად. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს, მე კი თვალს არ ვაშორებდი. ამოუხსნელი ობიექტი იყო ჩემთვის. ვისაც აქამდე ვიცნობდი იმ ადამიანებისგან რადიკალურად განსხვავებული. ვერაფრით მიხვდებოდი მის მომდევნო ნაბიჯს. ყოველთვის მქონდა ადამიანებზე გარკვეული წარმოდგენა. ვთვლიდი რომ სამყაროში ყველაზე პრიმიტიულად მოაზროვნე არსება ადამიანი იყო. მასზე მაქსიმუმ ნახევარსაათიანი დაკვირვების შემთხვევაში შეგეძლო გმოგეცნო მისი მომდევნო ნაბიჯი. აი, ჩემი მასპინძელს შემთხვევაში კი ვერაფერსაც ვერ ვხვდებოდი.
– წამოდი. – ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია და არ დამლოდებია ისე გავიდა ოთახიდან.
სხვა რა დამრჩენოდა, უკან გავყევი. იმის ილუზია ნამდვილად არ მქონია, რომ ყველაფერს ამიხსნიდა და გამარკვევდა სად მივდიოდით, ამიტომ მორჩილად ჩავუჯექი მანქანაში და ღვედი შევიკარი.
– საკუთარ თავთან მაინც თუ გაქვს ხოლმე დიალოგი? – დიდი ხანი ვერ გავძელი ჩუმად.
ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი.
– სხვებთან კონტაქტში რთულად შედიხარ და საკუთარ თავთან მაინც თუ გაქვს დიალოგი ხოლმე? – დავუკონკრეტე.
შეიძლება ვცდები, მაგრამ იმ წუთას მომეჩვენა რომ ღიმილი გაუკრთა სახეზე. ისევ არაფერი მიპასუხა. პრინციპში რიტორიკული კითხვა იყო.
– სად მივდივართ? – პასუხის იმედი დიდად არ მქონდა, მაგრამ სიჩუმე მომბეზრდა და მაინც ვკითხე.
– მაღაზიაში. – ჩემდა გასაოცრად მიპასუხა.
– რისთვის მივდივართ მაღაზიაში? – სასწრაფოდ ჩავეკითხე, სანამ ლაპარაკის ხასიათზე იყო მოსული.
– კაბის საყიდლად.
– კაბებს იცვამ? – თვალები გამიფართოვდა.
– შენთვის უნდა ვიყიდოთ. – ცოტა ტონს აუწია.
– ჩემთვის რატომ უნდა ვიყიდოთ კაბა? – ისევ ავაფახულე წამწამები.
– აბა, ჯინსებით და კედებით ხომ არ წამოხვალ წვეულებაზე?
– მე რა, წვეულებაზე მოვდივარ? როდის დაგთანხმდი?
– 150 ათასს გიხდი. – იმდენად მშვიდად წარმოსთქვა ეს სიტყვები, გეგონება სამარშუტო ტაქსში მიხდიდა მგზავრობის საფასურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები