ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2017


სისუსტე (3)

მანქანა სავაჭრო ცენტრთან გააჩერა და გადმოვედით.
– ის მაინც მითხარი, სად მივდივართ, ან როგორი ტანსაცმელი უნდა შევარჩიო?
– მე პიჯაკით ვიქნები. – მოკლედ მიპასუხა და ღია კარებში წინ შემატარა.
– ამხელა კონკრეტიკაც არ მითხოვია. – ხელი ჩავიქნიე და ჩემით წავედი რამის შესარჩევად.
სიმართლე გითხრათ არც ჩემთვის იყო ადვილი საღამოს კაბის შერჩევა. იცით რამდენ წვეულებაზე ვიყავი ნამყოფი ჩემი ცხოვრების ოცი წლის მანძილზე? არცერთზე! თუ არ ჩავთვლით საახალწლო ღონისძიებას, რომელიც ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად აღვნიშნე და მაშინაც არ მიფიქრია ბევრი კაბაზე. ლალი დეიდას ქალიშვილმა გამომიგზავნა საბერძნეთიდან. დიდად არ მომწონდა, მაგრამ მაღაზიებში უაზროდ ბოდიალს ვარჩიე ჩამეცვა, თან შევატყე ლალი დეიდასაც ესიამოვნა. ცოტა კი შეშფოთდა – კედებს მაინცდამაინც არ უხდებაო, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა მაინც ვერ მაიძულა.
ახლკა კი ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
– ხომ არ დაგეხმაროთ. – თავაზიანად შემომცინა კონსულტანტმა გოგონამ და შვებით ამოვისუნთქე.

****
სახლშიც ვერ მოვასწარი მისვლა. მაღაზიიდან ისევ თავის სახლში წამიყვანა. დღემდე ვერ ვხვდები რატომ ვაძლევდი ამდენის უფლებას. მიუხედავად იმისა რომ თითქმის არ მეკონტაქტებოდა, მაინც ნდობას იწვევდა ჩემში. შეიძლება იმიტომ რომ ცოტათი საკუთარ თავს მაგონებდა. თუნდაც იმითი, რომ რთული ადამიანი იყო. ყოველთვის მიზიდავდა სირთულეები... ბექაც მიზიდავდა.
ასე იყო თუ ისე, რამდენიმე საათში უკვე მორთულ-მოკაზმული მანქანაში ვიჯექი და მოთმინებით ველოდი სად წამიყვანდა. პირველად მეცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიები, საკმაოდ მიჭირდა, თუმცა არ ვტყდებოდი. ვცდილობდი მაქსიმალურად თავდაჯერებულად მევლო. საკუთარი თავი მესხვაფერებოდა, ცოტათი მომწონდა კიდეც. პირველად წავეკეკლუცე საკუთარ თავს სარკეში.
მისგანაც იგივეს ველოდი...
სრული ინდიფერენტულობა...
არც კი შემოუხედავს. უფრო სწორად შემომხედა, მაგრამ საერთოდ ვერ აღმიქვა. ვერ აღმიქვა ისე, როგორც ამას მე ველოდი.
მანქანა ერთ-ერთ რესტორანთან გააჩერა და შიგნით შევედით. ჩვენს დანახვაზე უზარმაზარ დარბაზში გაშლილი ერთ-ერთი მაგიდიდან ახალგაზრდები წამოშალნენ და შეძახილებით შეეგებნენ ბექას. რატომღაც ფორმალურ ვახშამს, ან ბიზნესშეხვედრას ველოდი. გამიკვირდა და მეუცხოვა. ისიც კი არ მეგონა, საერთოდ თანატოლებთან თუ ჰქონდა ურთიერთობა.
როგორც ნელ-ნელა გავარკვიე კლასელები იყვნენ. სკოლის დამთავრებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა ჩემი აქ წამოყვანის მიზეზი. რაში უნდა დასჭირვებოდა პარტნიორი კლასელებთან შესახვედრად? მიზეზს ცოტა მოგვიანებით მივხვდი. მივხვდი და წარმოიდგინეთ სახელიც კი გავიგე – სოფო.
მაგიდის მეორე ბოლოში იჯდა და თვალებით ჭამდა ბექას. ბექა არ იმჩნევდა... თითქოს. მაგიდის ქვეშ შევამჩნიე ნერვიულად მომუშტული ხელი. სოფოს სულაც არ უყურებდა, უფრო მის გვერდით მჯდომს, თმაშეთხელებულ სოლიდური შესახედაობის მამაკაცს. პირველად ვხედავდი მის სახეზე ემოციას.
– ბექა, რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ? აღარც მეგონე საქართველოში. – ფიქრებიდან გვერდითმჯდომმა ჟღალთმიანმა გოგონამ გამომიყვანა. – მე ქეთი მქვია, – ახლა მე მომიბრუნდა და თვითონვე გამეცნო, რომ მიხვდა ბექა არც აპირებდა ჩემს წარდგენას. – დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს? – შამპანური მოსვა და ინტერესით შემომხედა.
ბექას უკვე თავლი მოეშორებინა მაგიდის ბოლოში მოჭუკჭუკე წყვილისთვის და ახლა მე მიყურებდა დაძაბული, ეტყობა ეშინოდა რამე ზედმეტი არ წამომცდენოდა. ჩემი თანამოსაუბრისკენ შევბრუნდი, მაგრამ მის მზერას მაინც ვგრძნობდი, გამჭოლ მზერას.
– არა, დიდი ხანი არ არის. – ხელი წავიღე და მაგიდს ქვეშ, ჯერ კიდევ ნერვიულად მომუშტულ ხელზე მოვკიდე.
ვიგრძენი როგორ დაიძაბა. ვერც მასსინ გავაცნობიერე და ვრც ახლა ვხვდები, ასე რატომ მოვიქეცი. საკუთარ თავთანაც კი ვერაფრით ვიმართლებდი თავს – უნებური რეაქცია იყო, შეიძლება ითქვას რეფლექსური.
– ვიცეკვოთ? 
მივიხედე და გაოცებისგან პირი დავაღე. წეღან ბექა თვალებით რომ ჭამდა ის წამოგვდგომოდა თავზე და თავხედური ღიმილით მეპატიჟებოდა საცეკვაოდ.
– არც კი გაგვაცნეს ერთმანეთი, – ისევ აგრძელებდა. – ლევანი მქვია, ერთ დროს მე და ბექა უახლოესი ძმაკაცები ვიყავით.
ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა ბექას.
– ბექა არ გვიწყენს, არა ბექუშ? – ახლა მას მიუბრუნდა.
კარგი არაფერი მოხდებოდა, ზედმეტად თავხედი იყო „ექს-ფრენდი“.
– სიამოვნებით, მაგრამ ჯერ ბექას შევპირდი. – წამოვდექი და სცენისკენ წავიყვანე.
შუა დარბაზში გავჩერდით. ცოტა დამშვიდებული მეჩვენა, თუმცა ჯერ კიდევ დაჭიმული ჰქონდა სხეული. ხელები ჩემს წელზე დავაწყობნე, თვითონ კისერზე მოვხვიე და მსუბუქად დავიწყეთ რწევა მუსიკის ჰანგზე. არც მე ვბრდღვნიდი ცეკვაში და ბექა ხომ საერთოდ. შეიძლება ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდით შორიდან, თუმცა მე მსიამოვნებდა. მთელ სხეულში ვგრძნობდი სასიამოვნო ტალღებს.
– პირველი სიყვარული? – თვალით მაგიდასთან მჯდომ სოფოზე ვანიშნე.
ორი წუთი მიყურებდა თვალებში ისე, რომ ხმა არ ამოუღია.
– რა გქვია? – კითხვამ შოკში ჩამაგდო. ახლაღა გავაცნობიერე, რომ სახელი არც კი უკითხავს.
– ანა. – რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე.
– ჰაერზე გავიდეთ, ანა. – პასუხს არ დალოდებია, ისე გამიყვანა ვერანდაზე.
დაახლოებით ხუთი წუთი ვიდექით ჩუმად.
– შეიძლება გკითხო? – მისკენ მივბრუნდი.
ძლივსშესამჩნევად დამიქნია თავი და მოაჯირს ჩამოეყრდნო.
– რა აუცილებელი იყო ეს ყველაფერი? – მსუბუქად ჩამოვჯექი მოაჯირზე.
არაფერი მიპასუხა. პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა.
– დამიჯერე, არავისთვის არაფერი გაქვს დასამტკიცებელი... პირიქით. – პიჯაკის კიდეებს ხელი მოვკიდე და მოხერხებულად გავეხვიე.
– კარგი გოგო ხარ, ანა. – მეგონა მომესმა. – იმდენად კარგი, რომ ალბათ აქ არ უნდა მომეყვანე.  – წავიდეთ?
უსიტყვოდ წამოვყევი. მე მგონი არც არავის შეუნიშნავს როგორ გამოვედით. მანქანაში ჩავჯექით.
– შეგიძლია ერთ ადგილას მიმიყვანო? – ღვედი შევიკარი.
– სად? – ძრავი დაქოქა.
მანქანა საავადმყოფოსთან გავაჩერებინე.
– ღამე მშვიდობის. – არ მეთმობოდა, მაგრამ შევეცადე გულგრილად მეთქვა. ცოტათი მაშინებდა კიდეც საკუთარი განცდები. პირველად ვგრძნობდი მსგავს რამეს და ვხვდებოდი, რომ ეს მასუსტებდა. წარმოგიდგენიათ ჩემთვის რას ნიშნავდა სისუსტე? მთელი ცხოვრება რასაც გავურბოდი. ისღა მაკლდა ახლა საკუთარი თავი შემცოდებოდა.
– დაგელოდები. – არც კი შემოუხედავს ისე მითხრა.
– დიდხანს დავრჩები ალბათ. – ღვედი შევიხსენი. – მადლობა ყველაფრისთვის.
პასუხს არ დავლოდებივარ ისე შევედი საავადმყოფოს ეზოში. ვიცოდი მთავარი შესასვლელი დაკეტილი იქნებოდა. ამ დროს მნახველებს არ  უშვებდნენ. შენობას უკან შემოვუარე და პატარა ხის კარებს დავეჯაჯგურე. დაკეტილი დამხვდა. რა მექნა აღარ ვიცოდი, აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავი შიგნით, ჭორფლიან ცხვირს შევპირდი. რამდენიმე მეტრი გავიარე და დაჟანგულ ჟოლობს ავაყოლე თვალი. დიახ ბატონო, უკიდურეს შემთხვევაში ამ ჟოლობზეც კი ავძვრებოდი. თუმცა უკვე უკიდუესი შემთხვევა იყო, არანაირი სხვა გზა არ არსებობდა, შენობაში მხოლოდ ფანჯრიდან თუ შეიძლებოდა შეეღწევა. ფეხსაცმელები გავიხადე და ხელით მოვსინჯე რამდენად მყარად იყო მიმაგრებული ჩემი „კიბე“.
– ვერ გაგიძლებს. – მოულოდნელობისგან კინაღამ გული გამისკდა. ჩემს უკან ბექა იდგა.
– იმედი მაქვს ცდები. აუცილებლად უნდა მოვხვდე შენობაში, ჭორფლიან ცხვირს შევპირდი.
შენობას ახედა.
– რომელ ფანჯარაშია ჭორფლიანი ცხვირი?
– მეორე სართულზე, ოდნავ შეღებული ფანჯარა. – ხელით ვანიშნე.
კედელთან მივიდა და თვალი ვერც კი მივადევნე, როგორ აღმოჩნდა პირველი სართულის ფანჯრის რაფაზე შემდგარი. საკმაოდ მსუბუქად მოძრაობდა, მეორე სართულზე აძვრომაც არ გაუჭირდებოდა. ჩემსკენ გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა. ხელი მოვკიდე და თვალის დახახმხამებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე მის გვერდით ვიდექი. მისი ძლიერი მკლავი ახლა წელზე შემომხვეოდა მარწუხივით და იმდენად მყარად ვეჭირე, რომ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია შიში. მოვეშვი და ბოლომდე მივენდე. ახლაც, საღი გონებითაც ვერ ვხვდები როგორ მოახერხა შენობის მეორე სართულზე აძვრომა ჩემიანად. მაგრამ ფაქტი ერთია, უკვე ჭორფლიანი ცხვირის პალატაში ვიდექით ორივე და მის გაფართოებულ თვალებს ვუყურებდით.
– ანა, – ძლივს ამოთქვა, გონს მოსვლა რომ შეძლო. – ფანჯრიდან ამოძვერი?
– შეგპირდი და მოვედი. – შუბლზე ვაკოცე და საწოლზე ჩამოვუჯექი.
– ეს ვინ არის? – ჩემკენ მოიწია და ჩუმად მანიშნა ბექაზე.
– ეეგ? – ჩამეღიმა, – სამყაროს ცენტრი. – ჩუმადვე ვუპასუხე და თვალი ჩავუკარი.
– რომელი ტომიდანაა? – კიდევ ერთხელ გახედა ჩემი მხრის იქით.
– მე მგონი აპაჩებდან. – სიცილს ძლივს ვიკავებდი.
– ბელადია?
ის იყო პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ზურგსუკან მომესმა:
– არა, ბელადის მარჯვენა ხელი.
– ისეთი სახელი გქვია?! – ახლა მას მიმართა ჭორფლიანმა ცხვირმა.
– ბელადმა დამარქვა, მისი ქალიშვილი გადავარჩინე ერთხელ და... მას ერქვა სამყაროს ცენტრი და პატივისცემის ნიშნად ეს სახელი და სვირინგი მისახსოვრა. – საწოლზე მეორე მხრიდან ჩამოუჯდა და პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო. გაოგნებული ვუყურებდი. ჯერ ისიც ვერ გადამეხარშა წესიერად ამდენი წინადადების ერთად წარმოთქმა თუ შეეძლო. მერე მის ნელ-ნელა გაშიშვლებულ სხეულს ვერ ვწყვეტდი თვალს. ზემოთაც მოგახსენეთ, რომ საკმაოდ ძლიერი აღნაგობა ჰქონდა და ეს პიჯაკშიც კი ეტყობოდა, მაგრამ ახლა მის მამაკაცურ განიერ მხრებს და იდეალურ პრესს, რომ ვუყურებდი, რბილად რომ ვთქვათ მეტყველების უნარი წამერთვა და ალბათ მოძრაობისაც. თვითონ კი მშვიდად გადაიწია პერანგი და მარჯვენა ბეჭზე ამოსვირინგებული უცანური ტოტემის გამისახულება აჩვენა ჭორფლიანს.
– ვაა, მაგარია. – ფეხზე ისე ცქვიტად წამოხტა, სულ გადაავიწყდა გადაღლილობა, რასაც ამ ბოლო დროს ქრონიკულად გრძნობდა. – რას ნიშნავს?
– სიძლიერის სიმბოლოა და სამყაროს ცენტრს ნიშნავს. – ღილების შეკვრა დაიწყო.
– შუბის სროლა იცი? – უკვე თვალებანთებული აღფრთოვანებული უყურებდა და კითხვებს აყრიდა.
ნელ-ნელა მეც მიბრუნდებოდა ჯანსაღი გონება და ისიც გავაცნობიერე, რომ ფეხშიშველი ვიყავი. ფეხსაცმელები ფანჯრის ქვეშ დავტოვე, ხელი რომ არ შეეშალა კედელზე ამოძვრომაში. პალატიდან გავედი, მე მგონი ვერც კი შენიშნეს ჩემი არყოფნა, იმდენად იყვნენ გართული საუბარში. უკანა კარებთან მივედი და ურდული ავწიე. გრილმა ჰაერმა ცოტა მიშველა. ვერც კი ვხვდებოდი, თურმე როგორ მქონდა აჩქარებული პულსაცია. ფეხშიშველმა გავიარე თითქმის მთელი ეზო და ფანჯრის ქვეშ გავჩერდი. კიდევ ერთხელ ავხედე და თითქოს ისევ წარმოვიდგინე, როგორ ავედით კედელზე. ფეხსაცმელებს დავწვდი და იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი. დღევანდელი დღის გადახარშვას ვცდილობდი. საკუთარ შეგრძნებებშიც მინდოდა გავრკვეულიყავი. მსგავსი არასდროს არაფერი განმეცადა. რა თქმა უნდა ვხვდებოდი ეს რასაც ნიშნავდა. პატარა გოგო აღარ ვიყავი და ვნების და ლტოლვის შესახებ უკვე გამეგო, მაგრამ მეშინოდა უფრო მეტი არ აღმოჩენილიყო. არც ბევრი მქონდა ცხოვრებაში ნანახი, მაგრამ მასთან განშორება, რომ მაშინებდა ვხვდებოდი. იმასაც ვხვდებოდი, რომ საკმაოდ რთული ადამიანი იყო და საღი გონებით რომ შემეხედა სიტუაციისთვის, ყველაზე არასასურველი პრეტედენტი ჩემთვის. ერთადერთი თავს რითიც ვიმშვიდებდი, ის იყო რომ შეიძლება ხვალ გაევლო ამ ეიფორიას და ბევრად უფრო მარტივად შემეხედა სიტუაციისთვის. ბოლოსდაბოლოს ერთადერთი „თავგადასავალი“ იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე და ასეთი ემოციები არც გამემტყუნებოდა. საკუთარმა ფიქრებმა ცოტა დამამშვიდა, ვგიჟდებოდი ჩემს „პრაგმატულ მეზე“, ალბათ მისი დამსახურება იყო ყოველთვის, რომ ყველანაირ რთულ სიტუაციას გმირულად ვუმკლავდებოდი. საკმარისი იყო ვითარება „მისი“ თვალით შემეფასებინა და გამოსავალს ვპოულობდი.
– რაზე ფიქრობ? – ბექას ხმამ გამომარკვია.
არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გავუღიმე. თვითონაც ბორდიურზე ჩამოჯდა. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე. მე მასზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ჩვენზე, იმ ვითარებაზე ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. ყველაზე ახლობელ ადამიანად მეჩვენებოდა. საოცარია, მაგრამ სულ რამდენიმე საათი იყო რაც ვიცნობდი და უკვე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნდა. მის გვერდით ჩემი „პრაგმატული მე“ სადღაც ჯანდაბაში იკარგებოდა თავს სისუსტის უფლებას ვაძლევდი. შეიძლება იმიტომ რომ ცოტა დრო მქონდა დარჩენილი, შეიძლება სულ რამდენიმე წუთი და წავიდოდა  ისე, რომ არც კი გავახსენდებოდი. რამდენიმე წუთით სისუსტის ნება დავრთე საკუთარ თავს.
– ვინ არის შენთვის ჭორფლიანი ცხვირი? – თავი არ მოუბრუნებია ისე მკითხა.
– ყველაფერი. – არც მე შემიხედავს.
– ღამე აქ აპირებ დარჩენას? – საკმაოდ ფრთხილად დასვა ეს კითხვა, ეტყობა ფიქრობდა, რომ უსახლკარო ვიყავი. ცოტათი გული დამწყდა, მაგრამ არ დამიდანაშაულებია, გულის სიღრმეშიც კი.
– არა, ავალ ჭორფლიან ცხვირს დავემშვიდიბები და სახლში წავალ. ისედაც კარგი დღე არ დამადგება, ღამით აქ რომ მნახონ. – ვუთხარი და წამოვდექი. თვითონ არ განძრეულა.
ფეხზე ჩავიცვი და შენობაში შევედი. ჭორფლიან ცხვირს ეძინა. ფრთხილად მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე.
– ანა, – თვალები გაახილა და ამომხედა. – მაგარი ადამიანია სამყაროს ცენტრი, ცოლად გაყევი.
შევცბი, რამდენიმე წამი ვიდექი გაშტერებული.
– ძილი ნებისა. – თქმით კი მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
– ძილი ნებისა, ანა. – თვალები დახუჭა, როგორც ყოველთვის.
შენობიდან გამოვედი და იქით გავიხედე, სადაც წეღან ვიჯექით. აღარ იჯდა.
„წავიდა.“ – გავიფიქრე და გული დამწყდა.
კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ეზოს და გასასვლელისკენ წავედი. ახლაღა ვიგრძენი დაღლილობა, ფეხსაცმელებმაც ფეხები დამამტვრია, ქვებზე სიარული ხომ საერთოდ საშინელება იყო. ის იყო ალაყაფის კარებს გავცდი, რომ ბექა დავინახე. მანქანაზე იყო მიყუდებული და მიცდიდა. ვერ ავხსნი რა ვიგრძენი. ორგანიზმში ფეიერვერკი განგიცდიათ როდისმე? მე მაშინ ვიგრძენი. რა მიხაროდა ვერ გეტყვით, მაგრამ საშინლად ბედნიერი ვიყავი.
– გაგიყვან. – ფიქრებიდან ბექამ გამომიყვანა. მანქანას მოშორდა და კარები გამიღო.
რა თქმა უნდა დავთანხმდი. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, ერთადერთი მისამართი ვუკარნახე და მორჩა. მდუმარედ ვიჯექით. ერთიორჯერ გავაპარე თვალი მისი შრამისკენ. ისეთი საზარელი აღარ მეჩვენებოდა, როგორც მაშინ.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა.
– ღამე მშვიდობის. – ვუთხარი და კარები გამოვაღე.
ხელზე ხელი დამადო და შემაჩერა.
– მადლობა ყველაფრისთვის. – საკმაოდ თბილი მეჩვენა  – ღამე მშვიდობის.
შანთივით მიწვავდა მთელ სხეულს, ჩემსაზე დადებული მისი ხელი. ვხვდებოდი, ცოტაც და სანთელივით დავდნებოდი. ამიტომ სანამ საღი აზრი კიდევ შემრჩენოდა, ფრთხილად გავინთავისუფლე ხელი და სადარბაზოში გავუჩინარდი. კიდევ დიდხანს დავრჩი კიბეებზე და სახლში შესვლას ვერ ვახერხებდი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ცივ საფეხურზე. ლალი დეიდას რომ დავენახე ახლა?! შეიცხადებდა: გაცივდები ანა, ღმერთო როდის უნდა მოემატოს ამ გოგოს ჭკუაო. – და ხელს ჩაიქნევდა. ფიქრებიდან მანქანის ძრავის ხმამ გამომიყვანა. ფეხზე წამოვდექი, „ნუთუ, აქამდე ისიც აქ იყო?“ ეზოში გავიხედე და მოსახვევში გაუჩინარებულ მის მანქანს მოვკარი თვალი. კმაყოფილს ჩამეღიმა. რითი ვიყავი კმაყოფილი ვერ გეტყვით, მაგრამ მესიამოვნა. სახლში შევედი და მაშინვე საძნებელს მივაშურე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები