ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 იანვარი, 2017


არსება სინტაგმათა მიღმა ანუ სოსო მეშველიანის ,,მუღმურულას სურნელი’’

ნინო დარბაისელი სტრონი                                                                                 
 
არსება სინტაგმათა მიღმა ანუ
სოსო მეშველიანის ,,მუღმურულას სურნელი’’
       

მუღმურულას სურნელი
- - - - - - - - - -

აქამდე როგორ ვერ შევნიშნე,
ველური კამის ბუჩქები,
გზატკეცილთან,
ავტომობილთა ნაკადებს შორის,
სადაც დგას კაფე "ფორტალეზე"
და საუბრობენ ტურისტები დამტვრეული ინგლისურით,
ჩემი სევდა კი უტეხია, როგორც რკინა.
წვიმამ მომანატრა ნორჩი,
სპოროფიტი გვიმრის სუნი
და შხამიან სოკოზე მიმხმარი ლოკოკინა.

აყვავებული აკაციის ტევრი,
მძიმე, სურნელოვანი სითეთრე,
უსასრულობისკენ რომ გეწევა და
უკანასკნელ სურვილს კლავს შენში
მხატვრის, პოეტის - თავსმოხვეული სრულყოფილება.
სად დაფრინდება ნეტავი, ახლა?
ძლივს ამომძვრალი ჰიბიკუსის ვიწრო ყელიდან,
გამხმარ ფუნაზე?
თუ წებოვანი თალუსის ხავსზე?
გაუცხოვდება ღამეები მშობლიურ სოფლის,
ამ იდუმალი ხმებითა და განცდებით სავსე.

უცხო ძაღლი ყეფს, უცხო ხმაზე, ნაცნობ ეზოდან,
ბავშვობაში რომ სხვა ძაღლი ყეფდა.
ჩემი მოწყენა სულ არ არის უმიზეზო და
სულში მიმხმარი შხამიანი ბაყაყის ლორწო,
უცხო ძაღლი ყეფს, უცხო ხმაზე,
ა, ამ ეზოდან,
შორს, ექოებად რომ ასკდება ქარაფის ორწოხს.



    თვალწინ ,,კომპიდან’’ ამობეჭდილი ფურცელი მიდევს:
    მომცრო ტექსტი, ავტორის სახელი, სათაური, გვერდის შუაში ჩამომწკრივებული სხვა და სხვა ზომის სტრიქონები, სამ არათანაბარ ბლოკად გაყოფილი…
    ესე იგი, ლექსია, თანაც თავისუფალი, ამ ბლოკებს კი ლექსმცოდნენი, ტრადიციულად, სტროფოიდებს უწოდებენ. ეს მარტივად, ,,პირობით სტროფს’ ნიშნავს.
      ,,ტრადიციულ”, კონვენციურ ლექსში სტროფი რიტმულ-ინტონაციური ერთიანობაა, რომელსაც რაიმე სახის თანაზომიერება ახასიათებს,  თავისუფალ ლექსს კი ამ მხრივაც თავისუფლება აქვს მოპოვებული, თანაზომიერებას არ დაგიდევთ, თუმცა რატომ! ….თავის ცალკეულ ქვესახეობებში, იქნებ კიდეც მიმართოს…
        დავცქერი ფურცელს:
      ტექსტში სტრიქონთა ბოლოები აქა-იქ გარითმულია (მაგალითად ასე: როგორც რკინა//ლოკოკინა, სავსე//ხავსზე, ნაცნობ ეზოდან//უმიზეზო და, ლორწო//ორწოხს და ა.შ)
      ბოლოკიდური სარითმო წყვილების განლაგება თავისუფალია, გარითმვის ამ სახეს კი ძირითადად, სპორადულ რითმას უწოდებენ.
    გვეყო თეორეტიზირება!
    უმჯობესია, ჩვენს ფურცელს დავუბრუნდეთ.
პირველ სტრიქონზე ავტორის ვინაობაა - სოსო მეშველიანი.
    გასაგებია. დაახლოებით ჩემი თაობის ან უფრო გვიანდელი ცნობილი პოეტია, სვანი, ესპანეთში ცხოვრების გამოცდილებით. წლების მანძილზე, ასე თუ ისე, თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას, რომელიც ბიოგრაფიით არის ნასაზრდოები. თუმცა, არის კი ქვეყნად პოეტი, რომლის შემოქმედებაც ბიოგრაფიით არ არის ნასაზრდოები? როგორი ტრანსფორმაციაც არ უნდა განიცადოს ავტორსეულმა ბიოგრაფიამ, უკვალოდ გაქრობა - გამორიცხულია.
      აქ რამ გამახსენა ეს ნეგატიური, ასე ვთქვათ, შავფრთიანი ანალოგი, მაგრამ ვიტყვი:                        ,,შეუძლებელია, დამნაშავემ არ დატოვოს რაიმე კვალი, ეს კრიმინალისტიკის აქსიომაა’’.
    სოსო მეშველიანის ლექსები თემებისა და მოტივების მხრივ, შეიძლება პირობითად, ორ - ევროპულ და სვანურ წყებად გაიყოს, თუმცა არის მესამეც, თუმცა ამაზე - ქვემოთ.
        დროა, თვალიერება მოვილიოთ და კითხვას შევუდგეთ. ახლა, აქ თავისებურად ვეთამაშები ტექსტსაც და მკითხველსაც, თორემ ეს ლექსიც წამიკითხავს და მის კლიტულთა გასაღებების ძიებაც მიცდია.

***
      რას გვაუწყებს ლექსის პირველი სიგნალი - სათაური ,,მუღმურულას სურნელი’’?
    ამაოდ შეეცდებით ,,მუღმურულას’ შესახებ რაიმე სხვა ინფორმაციის მოძებნას ამ პატარა ლექსშივე, ამ სიტყვას ვერც სალიტერატურო ენის რაიმე ლექსიკონში მივაგნებთ.
    ისევ ინტუიცია თუ გვიკარნახებს, რომ სვანური სიტყვა უნდა იყოს, და რაკი ამ სინტაგმის მეორე წევრი ,,სურნელი’’ ანუ კეთილი, სასიამოვნო სუნია, ალპური ფლორის რაიმე სახეობას, მცენარეს, იქნებ სულაც ყვავილს უნდა ნიშნავდეს.

***
    ლექსის ნარატიული მონახაზი ამგვარია:
    ადამიანი წლების შემდგომ უბრუნდება მშობლიურ ადგილს, რომელიც პირველქმნილი ბუნებით და მასთან ორგანულად შერწყმული კულტურით იყო ცნობილი.
    მეტისმეტად, ლამის არსობრივად შეცვლილია მშობლიური ადგილი: უცხოელი ტურისტები მომრავლებულან, ავტომობილებს გაუვსია გზა-სავალი, სადაც ძლივს-ღა მოჩანს ველური კამა, კაფე ,,ფორტალეზეში”  დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობენ, ანუ,  როგორც დიდი პოეტი იტყოდა, ,,სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული’’.
      მეტისმეტად, ლამის არსობრივად შეცვლილია ,,შინ’ მობრუნებული ადამიანიც - ის უცხო თვალით, უცხო ენაზე ,,კითხულობს” გაუცხოებულ მშობლიურ გარემოს.
    მის ცნობიერებასა და შესაბამისად, ლექსიკაში უბრალო გვიმრას განმარტებად ,,სპოროფიტი’’ ახლავს, მთის ველური მცენარე ჰიბიკუსად ( ჰიბისკუსად?) მოიხსენიება, ხოლო ხავსს ,,წებოვანი თალუსი” აქვს.
    ისიც კი სათუოა, კიდევ არსებობს თუ არა იქ მისი ,,შინ’.
      გავუსწრებ მსჯელობას და წინასწარ გეტყვით - ამ კითხვაზე რაღაც პასუხს ტექსტის ბოლოში, სტრიქონქვეშ ამოდებული გასაღები გაგვცემს, მანამდე კი საცალფეხო ბილიკს შევუყვეთ.

***
  ,,ფორტალეზე’’ - ასეთი საკუთარი სახელი ან სიტყვა არ არსებობს.
    რაკი წეღან ესპანურ გარემოსთან სიახლოვე ვახსენე, აღვნიშნავ: დასაშვებად მიმაჩნია ვარაუდი, რომ ეს ავტორისეული ნეოლოგიზმიც იყოს.
    რეალურად კიდეც რომ არსებობდეს ამ სახელის მქონე კაფე სვანეთში, ალბათ, ჩემს ვარაუდს ეს ხელს ვერ შეუშლის, რადგან ავტორი თავისი ტექსტის ბატონ-პატრონია და აქვს რეალიის პოეტური რე-სემანტიზაციის უფლება.
  არსებობს ესპანური სიტყვა ,,ფორტალესერ’ რაც ესპანურენოვან გარემოში ნიშნავს გამაგრებას, მყარად დგომას, წინსვლას, სიმტკიცეს, გაჭიმვას დ ა. შ.
    ასევე არსებობს ცნობილი ქალაქი ,,ფორტალეზა’’, მდებარე ბრაზილიის ჩრდილოეთში. შესაძლოა, მისი პორტუგალიური სახელი ეტიმოლოგიურად ,,ციხე-სიმაგრესაც”’ უკავშირდებოდეს (გავიხსენოთ ქართული ანალოგები: ვარციხე, ველისციხე, უფლისციხე..)
      რაკი ციხე-სიმაგრე ფუნქციურად თავდაცვითი ნაგებობაა, სიტყვა ,,ფორტალეზე-ფორტალეზა’ მიბიძგებს ტექსტის ამგვარი ინტერპრეტაციისკენ:
      კაფეს ამ სახელში, რომელიც თავისებურ სიმულაკრს წარმოადგენს,  სვანეთის წიაღიდან გამოსული პოეტის მწარე თვითირონიაც მეჩვენება აკუმულირებული. 
    მრავალსაუკუნოვანი სვანური კულტურული სივრცე თანამედროვე ცივილიზაციის შემოტევას ვეღარ უმკლავდება.
    მომხვდური, მაგრამ  თავდაცვით რეჟიმში მოქმედი თანამედროვე ცივილიზაცია, რომელიც თვითდამკვიდრებას ესწრაფვის, ,,ფორტალეზეშია’’ გამაგრებული.
    დამხვდური - ბუნებასთან ორგანულად შერწყმული კულტურა - რედუცირებულია.
    მომხვდურიცა და დამხვდურიც - პოეტის სულიერ- ხორციელი გამოცდილების ცოცხალი ნაწილია, დასათმობად ვერგასამეტებელი და სწორედ ეს ამწვავებს მისი, როგორც შემოქმედის შინაგან კონფლიქტს.
      სიტყვა ,, სურნელი’’, რომელიც ლექსის სათაურშივეა დაფიქსირებული, მაფიქრებინებს ავტორის ინტენციაზე - წინასწარ განზრახვაზე, განწყობაზე, ლექსში ადამიანის ქვეცნობიერი და ცნობიერი პლასტების კონფლიქტურ მიმართებათა მომენტი მოიხელთოს.
    ყნოსვადი აღქმა ადამიანის ქვეცნობიერთან ყველაზე მოკლე მანძილზეა, ლექსში ამას მოსდევს ,,სპოროფიტი გვიმრისა’’და აყვავებული აკაციის ,,მძიმე,  სურნელოვანი სითეთრე’’. ამგვარი, არაერთჯერადი მინიშნება ქვეცნობიერის გააქტიურებაზე, რომელსაც ერთვის განცდათა და შეგრძნებათა უცნაური, სვანურ-ლათინური წინარე-ვერბალიზაციის (ანუ გრძნობის, ფიქრისა და განცდის სიტყვად გადაქცევის) მომენტის მოხელთების ცდა, ბადებს კითხვას, ხომ არა გვაქვს საქმე ქვეცნობიერიდან ცნობიერისკენ მიმავალ ამგვარ გეზთან:
          ფორტალეზე - ბრაზილია - ბრაზი
      თუ კითხვაზე დადებითად ვუპასუხებთ,  ადვილად ასახსნელი გახდება ამ ლექსში  როგორც მშობლიურ-ყოფილი, ასევე, უცხო შეგრძნებებისა და საგნების ნეგატიური გამოსახვის მოტივი (არაესთეტიკურის გაესთეტიკურების ცნობილი მხატვრული ხერხი) - გამხმარი ფუნა’’, ,შხამიან სოკოზე მიმხმარი ლოკოკინა’’, ,,სულში მიმხმარი შხამიანი ბაყაყის ლორწო’’
(ერთი დაუზუსტებელი ინფორმაციაც, მოპოვებული ინტერნეტით: შხამიანი ბაყაყის დღემდე ცნობილი ოცი სახეობიდან შვიდი სწორედ ბრაზ-ილიის ბინადარია და ამ გარემოებამ შესაძლოა, თავისებურად შეამაგროს ჩემი ვარაუდი. მინდა დავასწრო მკითხველს და თავადვე აღვნიშნო, რომ ამგვარი მსჯელობა მეცნიერული თვალსაზრისით, ნონსენსია, მაგრამ პოეტი-კოლეგები დამეთანხმებიან, რომ პოეტური ეტიმოლოგია ასეთ რაღაცეებს იტანს და მეტიც, უყვარს მათით საზრდოობა).
    კიბურ ტრიადაში (ბუნება-კულტურა- ცივილიზაცი) შუა საფეხური, რომელზეც დგას ავტორი, რედუცირებულია, მეტიც, ჩატეხილია, ბუნებასთან ცივილიზაციის აგრესიული მიმართების გამო.
      ამას ემატება ისიც, რომ ორი ენა, ყოფიერების ორი უძველესი სახლი, სვანური და ლათინური, მათგან ერთი - დღემდე ცოცხლად მოსული, მეორე კი მკვდარი, თუმცა სხვა ენათა საფუძველსა და ტერმინოლოგიაში შემონახული, პოეტის არსებაში ერთმანეთს კი არ ხსნის ან ერწყმის, პირიქით, ეჯახება და ამ კონფლიქტშია მისი მდგომარეობის, შესაბამისად, ლექსის დრამატიზმი.
    ყოფილი ,,შინ’, რომელიც მოფარღალალავებულია უცხოთათვის, დაბრუნებული შემოქმედის სულს კი არ ესალბუნება, არამედ, თრგუნავს თავისი ბუნებრივი სრულყოფილებით, როგორც ,,აკაციის ტევრის სურნელოვანი სითეთრე”.
      მშობლიური სოფლის ღამეები, იდუმალი ხმებითა და განცდებით სავსე, გაუცხოებულია, უცხოა ხმები, უცხო ძაღლები დარაჯობენ ნაცნობ ეზოებს, სადაც პოეტს უკვე აღარ მიესვლება...
      და დაპირებულ გასაღებსაც მივადექით.
    ლექსის ბოლო სიტყვა ორწოხი (ნაპრალი), ქართული პოეზიით ნასაზრდოები მკითხველის მეხსიერებაში მეყსეულად აცოცხლებს გასული საუკუნის პატროტული ლირიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს.
    მისი წყალობით, ლექსის ბოლო წინადადება გაისმის, როგორც მწარე, თავისებურად ირონიული თუ კვლავ თვითირონიული შეხმიანება დიდ წინაპართან, რომლისგაც გვისწავლია:
,,და სიყვარულით დამდნარმა შხივად
სამშობლოვ ჩემო, რაღა ვინატრო,
მინდა ეს სიმი გადმექცეს სხივად,
სადღაც ორწოხი ამოგინათო.’’
                                                  (გ.ლეონიძე)
      სოსო მეშველიანის ეპოქის მამულში კი, აწ
,,უცხო ძაღლი ყეფს, უცხო ხმაზე
ა, ამ ეზოდან,
შორს ექოებად რომ ასკდება ქარაფის ორწოხს.’’
    და ამ ფინალში ლექსის დრამატიზმი ტრაგიზმამდე ივრცობა.
და თითქოს აღარ რჩება არავითარი იმედი…
თუმცა თუ მივუბრუნდებით ლექსს, აღმოვაჩენთ იმას, რაც თავდაპირველი წაკითხვისას სახეთა და სინტაგმათა მიღმა ,,გამოგვრჩა’.
      ეს არის უსახელოდ დატოვებული ვინმე, ვიღაც, ინსტანცია, იდუმალი არსება, დაჯილდოებული ფრენის უნარით.
,,სად დაფრინდება ნეტავი, ახლა?
ძლივს ამომძვრალი ჰიბიკუსის ვიწრო ყელიდან,
გამხმარ ფუნაზე?
თუ წებოვანი თალუსის ხავსზე?’’
    ეს,  ალბათ,  თავად პოეტი-შემოქმედის სულია ან მისი სიმბოლო მაინც - ბუნებრივი სივიწროვიდან თავდაღწეული, ყოფით რეალობასთან მისაწებებლად განწირული, მაგრამ მაინც ცოცხალი, ცოცხალი, ვიდრე იდუმალი მუღმურულას სურნელს შეიგრძნობს.
        მარადიული კი ამქვეყნად არაფერია..





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები