ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2017


სისუსტე (4)

იმ დღის მერე შევიცვალე. ხანდახან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ალბათ, ღმერთმა შეისმინა ლალი დეიდას ვედრება და ჭკუა მომემატა. თუმცა საკითხავია, მომეტა თუ დამაკლდა. ასეა თუ ისე, იმ ერთმა საღამომ ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა. დილით სარკეში სამჯერ მაინც ჩავიხედე ჩემი – დღის რეკორდი იყო. მანამდე იმ დიდი სარკის ჩამოხსნასაც კი ვაპირებდი, ლალი დეიდამ გაიგიჟა თავი – ცუდის ნიშანიაო. გულში მეცინებოდა, მაგრამ არ ღირდა ეს სარკე მის ნერვიულობად და ამიტომ დავტოვე. ახლა კი ყოველ გავლაზე საკუთარ თავს ვათვალიერებდი. დიდი არაფერი შეცვლილიყო გამოსახულებაში,  მაგრამ მე მაინც სხვანაირად აღვიქვამდი.
იმ დღეს ლექციები გავაცდინე და დილიდანვე წავედი ბიბლიოთეკაში. შუადღემდე თუ მოვრჩებოდი საქმეს, დღის მეორე ნახევარში თავისუფალი მექნებოდა. ლალი დეიდას ვემალებოდი, აქ რომ დავენახე მიხვდებოდა ლექციები რომ გავაცდინე და ერთი გულისგანმგირავად ამოიოხრებდა. როგორ არ მიყვარდა ეს ამოოხვრა?! უფრო სწორად მცხვენოდა.
თითქმის მთელმა დღემ ისე ჩაიარა, რომ არ მინახავს. უკვე ვასრულებდი საქმეს, რომ დერეფანში მოვკარი თვალი და მთელი სისწრაფით შევვარდი სამკითხველო დარბაზში. ვიგრძენი რომ თვითონაც აქეთ შემოუხვია. ყურადღება არ მიმიქცევია ნანა დეიდას გაოცებული სახისთვის და მისი მაგიდის ქვეშ შევძვერი. ვცდილობი არც კი მესუნთქა, ყელს ვუწევდი ნანა დეიდას არ გამცეთ-თქო და მაგიდის ქვეშ ვიკუჭებოდი.
– ეჰ, ანა, ანა... ამხელა გოგო ხარ და რითი ვერ ისწავლე, რომ მაგსიგრძე ფეხების დამალვა არც ისე ადვილია. – ზევიდან გადმომხედა ლალი დეიდამ. – გამარჯობა ნანა.
– უი, ლალი დეიდა, – მიამიტი სახით ამოვხედე ქვევიდან. – საყურე დავკარგე და ვეძებდი.
– რომელი საყურე, ანა? – გულზე გადაიჯვარედინა ხელები და გამომცდელად შემომხედა. – ყურებიც კი არ გაქვს გახვრეტილი.
– მქონდა და შემიხორცდა. – ისევ სისულელე წამოვაროშე და გავწითლდი.
აღარაფერი უთქვამს, ხელი ჩაიქნია და გავიდა. დამნაშავესავით ვიყავი აწურული ძლივს მოვახერხე გარეთ გასვლა. არ მიყვარდა ლალი დეიდას რომ იმედს ვუცრუებდი.
სამუშაო დღის დასრულებისთანავე ჭორფლიანი ცხვირის სანახავად წავედი. საავადმყოფოს ჭიშკართან ბექას მანქანა რომ დავინახე კინაღამ მოძრაობის უნარი წამერთვა. ვერაფრით ვიფიქრებდი აქ თუ დამხვდებოდა. არ მახსოვს როგორ შევედი შენობაში.
– ჭიშკართან რომ მანქანა დგას, ვისთანაა? – მღელვარებაშეპარული ხმით ვკითხე დერეფანში მიმავალ დოდო დეიდას.
– მთავარ ექიმთანაა შესული. – მომაძახა და ერთ-ერთი პალატის კარი შეაღო.
თითქმის ფეხაკრეფით მივუახლოვდი მთავარი ექიმის კაბინეტს და იმ იმედით რომ რამეს მაინც გავიგებდი სუნთქვაც კი შევიკავე რამდენიმე წამით.
– როგორც უკვე გითხარით, ვითარება მეტად რთულია, მიჭირს თქმა მაგრამ უიმედოც. – ქალბატონი მანანს ხმა ვიცანი და ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა.
– მაგრამ ხომ არსებობს სხვა გზაც? – ეს უკვე ბექა გახლდათ. – მედიცინა დღესდღეობით სასწაულებს ახდენს. იქნებ საზღვარგარეთ გვეცადა.
– თეორიული შანსიც კი არ არსებობს... ანას დაჟინებული თხოვნით ანალიზები გავაგზავნეთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მაგრამ მათგანაც ვერ მივიღეთ სანუგეშო პასუხი.
– იქნებ მაინც გვეცადა? შემიძლია დავაფინანსო მისი მკურნალობა...
– მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, დროის და ფინანსების ფუჭი ხარჯვაა.
აქ კი ვეღარ შევიკავე თავი და მთელი ძალით შევგლიჯე კაბინეტის კარი. არ ვიცი მაშინ როგორი სახე მქონდა, მაგრამ მათი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ საშინელი. მსგავსი ემოცია ბექას სახეზე არასდროს მენახა.
– ეგ ვინ თქვა? – საკუთარი ხმა მეუცნაურა. იმდენი რისხვა ჩავდე ამ წინადადებაში, რომ მეგონა ცოტაც და ადგილზე ავფეთქდებოდი.
– ანა... – ჩემსკენ წამოვიდა ქალბატონი მანანა. – შენც ხომ იცი... – შეეცადა მხარზე მოეხვია ხელი.
უხეში მოძრაობით ავიცილე.
– რა ვიცი? – ხმის სიძლიერის გაკონტროლება მიჭირდა და ვხვდებოდი რომ ცოტა ხანში ყვირილზე გადავიდოდი. – ან თქვენ რა იცით? – უფრო მაღალ ტონალობაში განვაგრძე. – რომელი დროის ფუჭად ხარჯვაა? მისი დროა ფუჭი? ჯერ რა დრო აქვს? ვინ თქვა რომ ის დრო რომელიც მას ეკუთვნის ფუჭია? მე მივცემ ჩემს დროს, მე დავუთმობ ყველაფერს, თქვენ არც არავინ გთხოვთ. – უკვე მთელი საავადმყოფოს გასაგონად ვყვიროდი. – შენ კიდევ ვაჟბატონო, – ახლა ბექას მივუბრუნდი. – ჩემი ვალი გაქვს. ხოდა ის ფული, რომელიც თქვენთვის ფუჭია, ჩემია, მე მეკუთვნის და მე გადავწყვეტ რაში დავხარჯო. – საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, სანამ კიდევ უარესს ვიტყოდი გამოვბრუნდი და დერეფანს გავუყევი სირბილით. კარებს ხელი ვკარი და ეზოში გამოვედი. ორივე ხელი მუცელზე მქონდა მოჭერილი და ვცდილობდი ამომესუნთქა, ვერ ვტიროდი, სუნთქვა მიჭირდა და ძლივსგასაგონად ვკვნესოდი. ფეხზე დგომასაც ძლივს ვახერხებდი, რამდენჯერმე ჩავჯექი და ისევ გავიმართე. ისტერიული შეტევა მქონდა და ვერაფრით ვმშვიდდებოდი. მთავარი ექიმის ეს განწყობა ჩემთვის უცხო არ იყო, ვიცოდი ხელი რომ ჰქონდა ჩაქნეული მის გამოჯანმრთელებაზე, მაგრამ რა უფლება ჰქონდა სხვისთვისაც მოეკლა იმედი?
მკლავზე ვიგრძენი შეხება და მივხვდი ის იყო. ისევ ხმამაღლა ვსლუკუნებდი.
– ანა... – ფრთხილად შემომაბრუნა თავისკენ.
– არა აქვს უფლება... – უკვე სისველეს ვგრძნობდი ღაწვებზე. – რა უფლებით?.. – ხმა ჩამიწყდა.
ახლოს მიმიზიდა და ორივე ხელი შემომხვია. მისგან წამოსულმა სითბომ სულ მომიკლა გული და ახლა ხმამაღლა ავტირდი. არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ გულში ვყავდი ჩაკრული და ჩაჯდომის საშუალებას არ მაძლევდა. ხელები რომ გაეშვა ალბათ თავს ვერ შევიმაგრებდი. ოდვან დავმშვიდდი, თუმცა ტირილს მაინც ვერ ვწყვეტდი.
– ბექა, შევპირდი. – პირველად მივმართე სახელით. – შევპირდი, რომ სრულწლოვანი გახდებოდა და ბავშვთა სახლიდან პირდაპირ ჩემთან წავიყვანდი. – სლუკუნს არ ვწყვეტდი. – შევპირდი, გესმის?
მხოლოდ თავი დამიქნია, თქმით კი არაფერი უთქვამს. ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი და ნელ-ნელა ვითავისუფლებდი თავს მისი მკლავებიდან. საკმაოდ მაღელვებდა მისი ასე ახლოს ყოფნა. უკვე ცალ-ცალკე ვიდექით, აღარ ვტიროდი.
– ფულზე არ არის საქმე, – წამოიწყო ბექამ, როგორც კი მიხვდა რომ საბოლოოდ დავმშვიდდი. – შენც ხომ ხვდები, რომ არანაირი უფლება არ გვაქვს... ისინი სანამ არ გადაწყვეტენ ვერაფრით დავეხმარებით.
ვიცოდი რასაც გულისხმობდა და სწორედ ამიტომ ვრეაგირებდი ასე მძაფრად. ის მიკლავდა გულს, რომ მათ ხელში იყო ჭორფლიანი ცხვირის ბედი. არანაირი უფლება არ მქონდა გადაწყვეტილება მიმეღო მისი მკურნალობის შესახებ. არ მქონდა მეურვეობა მასზე.
– რამდენჯერ მივმართე იცი, თხოვნით მეურვეობა მოეცათ ჩემთვის? – ბორდიურზე ჩამოვჯექი და ხმაში უკვე სასოწარკვეთა შემპარვოდა. – იცი რა მიპასუხეს? საკმარისი რესურსი არ გაქვთ იმისთვის, რომ ასეთ ავადმყოფს უპატრონოთო. – თავი ხელებში ჩავრგე და მიწას ჩავაშტერდი.
ბექაც გვერდით მომიჯდა.
– რა იციან მაგათ ადამიანურ რესურსებზე? – თავი ავწიე და პირდაპირ თვალებში ჩავხედე. – რა იციან რამდენი რესურსი მაქვს? თვითონ საერთოდ ჩაიქნიეს ხელი. ეს თვითონ არ ჰყოფნით რესურსი. – გავჩუმდი და თვალები ამიცრემლიანდა. – შეუძლებელს ვითხოვ?
ეტყობა წაშლილი სახე მქონდა. ვხედავდი როგორ ეცვლებოდა თვითონაც გამომეტყველება, ასეთ ემოციას პირველად ვხედავდი მის სახეზე. თანაგრძნობას ჰგავდა.
– მე ვიშვილებ. – შემაკრთო მისმა სიტყვებმა.
გავოგნდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა ისიც კი არ ვიცოდი.
– არც შენ მოგცემენ უფლებას. – დაახლოებით ორი წუთის შემდეგ შევძელი პასუხის გაცემა. – დაუოჯახებელი მამაკაცებიც არასასურველი მეურვეები არიან მის მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისათვის. – ვერ შევძელი სიტყვა „ავადმყოფის“ წარმოთქმა.
– ცოლი მყავს. – მეგონა მომესმა. მეგონა არსებობა შევწყვიტე. რამდენიმე წამით ძარღვებში სისხლმაც კი შეწყვიტა მოძრაობა. ვერც კი დავითვალე, გონებამ რამდენჯერ გაიმეორა მისი სიტყვები. კიდევ კარგი ვიჯექი, თორემ აუცილებლად წავიქცეოდი, ისედაც ვეღარ ვგრძნობდი საყრდენს.
ასე რამ დამზაფრა? იმან რომ ადამიანი, რომელიც ასე ახლოს მოვუშვი და შეიძლება ითქვას უკვე საყრდენად მეჩვენებოდა, ახლა სულ ცოტა ათი კილომეტრით დამშორდა. ისევ მარტო დავრჩი სამყაროში. ზედმეტად მტკივნეული იყო ეს ორი სიტყავა, იმდენად რომ თვითონაც გამიკვირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები