ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2017


ამონარიდი

დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს. ბუნდოვანი გამოსახულება ორ წამში გაქრა. არც ისე ადვილი აღმოჩნდა თვალების გახელა. განსაკუთრებით წუხანდელი ღამის შემდეგ. დასაშვებზე მეტი მხიარულება მოუვიდათ ბიჭებს. რას აღნიშნავდნენ? საკუთარ კარგად ყოფნას. არც არასდროს დაჭირვებიათ მხიარულებისთვის მიზეზი.
მეორე მცდელობა შედარებით წარმატებული აღმოჩნდა, თვალები კი გაახილა, მაგრამ ახლა დაუძლეველ მისიად ბალიშიდან თავის აწევა რჩებოდა. რას არ მისცემდა, სამსახურში წასასვლელი რომ არ ყოფილიყო. პრინციპში შეეძლო არც წასულიყო, ორგანიზაცია, სადაც რიგით არქიტექტორად მუშაობდა, მის ოჯახს ეკუთვნოდა. დირექციასთან ნათესაობა კი აძლევდა სამსახურში გამოუცხადებლობის უფლებას, მაგრამ ეს „რიგითის“ სტატუსი აიძულებდა დამორჩილებოდა შინაგანაწესს, რომლის ერთ-ერთ მკაცრ მოთხოვნად პუნქტუალურობა რჩებოდა.
მძიმედ წამოსწია თავი და ნელ-ნელა აითრია სხეულიც. თავი საშინლად ტკიოდა და ალბათ, მთელი კოლოფი ასპირინიც ვერ უშველიდა. ჯერ სააბაზანოს მიაშურა. იქიდან ცოტა მხნედ გამოვიდა, თუმცა თავის გაუსაძლის ტკივილს ლამის ჭკუიდან გადაეყვანა. მოწესრიგდა და კარისკენ გაემართა. დერეფანში დაკიდებულ სარკეში ერთი წამით შეავლო თვალი საკუთარ გამოსახულებას, „რას ჰგავხარ მეგობაროო“ – ჩაიბუტბუტა და კარი გაიხურა. საჭეს მიუჯდა და გეზი სამსახურისკენ აიღო.
მანქანა მაღალ სართულიანი ბიზნესცენტრის ავტო სადგომზე გააჩერა და შენობაში შესვლისას ცდილობდა მეტნაკლებად ადეკვატური გამომეტყველება შეენარჩუნებინა. ლიფტით მესამე სართულზე ავიდა და საკუთარ კაბინეტში შესული მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. ისევ ეს აუტანელი თავის ტკივილი...
ყავამ ცოტა აზრზე მოიყვანა და საქმეს შეუდგა. აგერ უკვე რამდენი ხანი იყო ერთ პროექტზე მუშაობდა. უნდოდა რაღაც განსხვავებული და მისეული გამოსვლოდა, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ ძალიან შორს იყო. არც ერთი მონახაზი არ მოსწონდა. ნაგვის ურნა სავსე იყო დაკუჭული ქაღალდებით. რამდენიმე ვერც კი ჩატეულიყო და მაგიდის ქვეშ შორეულ კუთხეში მიმალულიყო, ზოგი კი ასევე დაკუჭულ მდგომარეობაში იქვე მაგიდაზეც კი დარჩენოდა. დილანდელი თავის ტკივილი თითქოს აღარც ახსოვდა. სავარძელზე ბოლომდე გადაწოლილს თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა და ფიქრობდა. დაახლოებით ერთი საათი იყო ამ მდგომარეობაში, მერე წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. ხვდებოდა, ახლა ვერ გააგრძელებდა მუშაობას და დროს ტყუილად კარგავდა.
კაბინეტში სადილის შემდეგ დაბრუნდა. მოხერხებულად მოეწყო სავარძელში და მაგიდაზე წერილი შეამჩნია, ვიღაცას მის მიერ დაკუჭულ პროექტზე ფანქრით მიეწერა:
„ბატონო არქიტექტორო, ვერ მივხვდი მაგიდაზე დატოვებული ქაღალდები უნდა გადამეყარა თუ არა და თავს უფლება მივეცი გამეშალა და წამეკითხა. ჩემი აზრით შესანიშნავი პროექტია, განსაკუთრებით ეს მონახაზი მომეწონა. 
პ. ს. შემდეგისთვის, თუ რომელიმე ქაღალდი გადასაგდები იქნება, უბრალოდ ურნაში მიუჩინეთ ადგილი და მეც აღარ ჩავყოფ ცხვირს თქვენს ნივთებში.
პატივისცემით დამლაგებელი.“
გაეღიმა და რამდენჯერმე გადაიკითხა ტექსტი. დამლაგებლისთვის მეტისმეტად დახვეწილი ეჩვენა ეს წერილი. არა, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებდა ამ პროფესის ადამიანებს, უბრალოდ, ვისაც ასე დახვეწილად შეეძლო წერა, უფრო მეტზე უნდა ჰქონოდა პრეტენზია, ვიდრე დამლაგებლობა იყო. თან თავისი მონახაზებიდან ეს ყველაზე მეტად მოსწონდა და ხვდეოდა, რომ მის პროფესიაშიც ჩახედული უნდა ყოფილიყო წერილის ავტორი. ოთახს თვალი მოავლო, თითქოს რამე კვალს ეძებსო. რა თქმა უნდა ვერაფერი საეჭვო ვერ შეამჩნია. კიდევ ერთხელ გადაიკითხა წერილი და კაბინეტიდან გავიდა.
– სანამ გასული ვიყავი, ჩემს ოთახში შემოსული, ხომ არავინ დაგინახავს? – დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ კანცელარიის კლერკს მიაძახა.
– არავინ... – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – მოხდა რამე?
– დღეს ამ სართულს ვინ ალაგებს?
– არ ვიცი, მე მგონი ოფისის სისუფთავე ჩვენს კომპანიას არ ეხება. დასუფთავების სააგენტო უზრუნველყოფს ამას, ისინი გზავნიან კადრებს. რა იყო, მოხდა რამე? არ მითხა, რომ რამე დაიკარგა კაბინეტიდან.
– არა, არა... არაფერი დაკარგულა. კარგი, დაივიწყე. – ხელი ჩაიქნია და ოთახში შებრუნდა.
წერილი გადასაგდებად ვერ გაიმეტა. გაასწორა და მაგიდაზე ქაღალდებთან დადო. თითქოს მიივიწყა კიდეც და საქმეს მიუბრუნდა. თუმცა წასვლის წინ კიდევ ერთხელ გაახსენდა, ხელში აიღო და კიდევ ერთხელ გადაიკითხა ღიმილით. მერე ფანქით დაბლა მიუწერა:
„ქალბატონო დამლაგებელო, (უკაცრავად თქვენი სახელი არ ვიცი)
დაკუჭულ მდგომარეობაში მყოფი ქაღალდი გადასაგდებია. უბრალოდ ურნა გადავსებული იყო და აღარ ჩაეტია. დავიჯერო ამ ქაღალდების გადაკითხვა ზედმეტმა სიფრთხილემ გადაგაწყვეტინათ? თუ თქვენც ქალთა სქესის რიგითი ცნობისმოყვარე წარმომადგენელი ხართ და უბრალოდ შანსი არ გაუშვით ხელიდან?
პ. ს. არქიტექტურაში კარგად უნდა ერკვეოდეთ, რაკი ასეთ რჩევას მაძლევთ.
პატივისცემით, ბატონი არქიტექტორი.“
ქაღალდი ისევ მაგიდაზე დატოვა და კაბინეტის კარი გაიხურა.

****
მეორე დღეს სამსახურში მისულმა, კაბინეტს მიაშურა და მაგიდაზე დატოვებული ქაღალდს დასწვდა. ჩაეღიმა – პასუხი მიეწერათ. სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და ღიმილით გადაავლო თვალი სტრიქონებს:
„დავიჯერო ფლირტის გაბმას ცდილობთ, ბატონო არქიტექტორო? თუ მომეჩვენა და თქვენი წერილის პირველი სტრიქონი არ იყო ჩემი სახელის გაგების შეფარული სურვილი?
დაკუჭულ მდგომარეობაში ქაღალდი გადასაგდებია თუ ნაგვის ურნაში, ან მის ახლოს გდია. აი, მაგიდაზე კი, სათუოა. იქნებ სატრფოს წერილია და მასზე გაბრაზებულმა მოკუჭეთ, შემდეგ გადასაგდებად ვერ გაიმეტეთ და მაგიდაზევე დატოვეთ?
პ. ს.  რა მნიშვნელობა აქვს ვერკვევი თუ არა არქიტექტურაში? მავარია კარგი რჩევა მოგეცით.
პატივისცემით... უბრალოდ პატივისცმით.“
ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. ცნობისმოყვარეობა კლავდა. დაუძლეველი იყო სურვილი გაეგო იდუმალი წერილების ავტორის ვინაობა. წერილი გვერდზე გადადო. ჯერ ვერ გადაეწყვიტა რა მიეწერა პასუხად. სამუშაოს მიუბრუნდა, მაგრამ გული ვერ დაუდო, თვალი წამდაუწუმ წერილისკენ გაურბოდა. ბოლოს გონების მოკრება რომ ვერაფრით შეძლო, წერილი  უჯრაში შეინახა და თვითონ კაბინეტიდან გავიდა. ლიფტით ერთი სართულით დაბლა ჩავიდა და დერეფნის ბოლოს მარჯვენა კართან შეჩერდა. „ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი“ ამოიკითხა აბრაზე. ასეთი ჩვევა ჰქონდა ბავშვობიდან – ნებისმიერ წარწერას, თუნდაც უკვე მრავალჯერ წაკითხულს, აუცილებლად თავიდან კითხულობდა. 
ოთახში სლავური წარმოშობის ასე 30-35 წლის გოგონა დახვდა. არაერთხელ შეხვედრია მას ლიფტში, დერეფანში, თუნდაც ამ ოთახში. ყოველი შეხვედრისას გრძნობდა როგორი მონდომებით უჟუჟუნებდა თვალებს გოგონა და ცდილოდა მისი ყურადღება მიექცია. ახლა ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა.
– დილა მშვიდობის, – მიესალმა შესვლისთანავე. – დღეს მარტო მუშაობ?
გოგონა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა.
– კი, მარტო...
– იცი რა მაინტერეებს, ჩვენი კომპანიის სისუფთავეზე, რომელი ორგანიზაცია ზრუნავს?
– დასუფთავების სააგენტო.
– თანამშრომლების სია გვაქვს?
– არა, რა მოხდა, რამით უკმაყოფილო ხართ?
– არა, ყველაფერი მშვენივრადაა. უბრალოდ ერთი ჩემი ნაცნობი უნდა მუშაობდეს იქ და მაინტერესებდა ჩვენს კომპანიას თუ ემსახურებოდა.
– სახელი და გვარი მითხარით და მოვიკითხავ.
– არა, უმჯობესია სია გამოვითხოვოთ. შეძლებ?
– კი, ახლავე დავურეკავ და ვთხოვ გამომიგზავნონ.
გოგონას დაემშვიდობა და თავისი კაბინეტისკენ გაბრუნდა. ოთახში შესულს მაგიდაზე დადებული ქაღალდი მოხვდა თვალში. არადა კარგად ახსოვდა ქაღალდი უჯრაში ჩადო. მაგიდას მიუახლოვდა და დახედა.
„ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა ინტერესს თუ აღვძრავდი თქვენში. დაუჯერებელია, თვით კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი იყო კადრების განყოფილებაში და უბრალო დამლაგებლის სახელის გასაგებად მთელი კომპანია ააწრიალა. ეს-ესაა საკუთარი თვითშეფსების ნიშნული რამდენიმე საფეხურით მაღლა ამიწიეთ.
გმადლობთ ამისთვის.“
გაოცებული დაყურებდა წერილს, ესე იგი სულ ცოტა ხნის წინ კაბინეტში იყო შემოსული? ჯანდაბა, როცა გჭირდება მაშინ არაა კაციშვლის ჭაჭანება დერეფანში. კაბინეტიდან გამოვიდა და ვიღაცას მოჰკრა თვალი, რომელიც დერეფნის ბოლოს გაუჩინადა. ჩქარი ნაბიჯით იქით წავიდა თვითონაც. მოსახვევიდან კიბის უჯრედი იწყებოდა, მარჯვნივ კი საპირფარეშო. კიბეებზე ჩაიხედა არავინ ჩანდა. ასე უცებ ვერ მოასწრებდა კიბის ჩავლას, ესე იგი საპირფარეშოში შევიდა. კარებს მიუახლოვდა და შიგნიდან მოშვებული ონკანის ხმა მოესმა. იქ იყო. ღრმად ჩაისუნთქა და სახელური ჩამოსწია. ნელ-ნელა იღებოდა კარი და გარკვევით ხედავდა ქალის სილუეტს, საშუალო სიმაღლის, „არც ისე“ გამხდარი, მასზე „ცოტა“ უფროსი, ასე 45-50 წლის ქალბატონი იდგა ვედროთი ხელში და გაოცებული თვალებით უყურებდა.
– თქვენ... – გაოცებისგან და დაბნეულობისგან ენა ჩაუვარდა.
– ვაიმე, შვილო, აქ ქალების საპირფარეშოა. მამაკაცების მეორეა. – არანაკლებ დაბნეული უყურებდა ქალიც.
– უკაცრავად... – კარი გამოიხურა და კაბინეტისკენ გამობრუნდა. ოთახში შესულს ისტერიული სიცილი აუვარდა. დაახლოებით ხუთი წუთი ვერ დაწყნარდა.
– რა გჭირს? შენი გრუხუნი შენობის ბოლო სართულზეც კი ისმის. – ოთახში მაღალი დაახლოებით მისი ასაკის ბიჭი შემოვიდა. – წეღან ვასილიჩი გამორბოდა კაბინეტიდან, ვინ როხროხებს ასე, კედლიდან სტალინის სურათი ჩამომივარდაო.
ამის გაგონებაზე სულ გადაირია, ფეხზე ძლივს იდგა და ცალი ხელით მაგიდას ეყრდნობოდა. დაახლოებით ორი წუთი დასჭირდა ადამიანის სახე რომ დაბრუნებოდა.
– აღარ იტყვი რა მოხდა? – სავარძელში ჩაეშვა შემოსული.
– რა და დროა მდივანი ავიყვანო, მაგრამ ჩვენს დეპარტამენტს ბიუჯეტი არ ჰყოფნის მდივანის ხელფასისთვს და რა ვქნა არ ვიცი. – შენ მოგიკვდი მე, დაგიდგები მდივნად, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, მოკლე კაბა და დეკოლტე არ მიხდება.
ახლი ძალით იფეთქა სიცილმა და ახლა ორივეს ხარხარი აზანზარებდა მთელ შენობას.
ხმაურზე ოთახში კანცელარიის კლერკი შემოვიდა.
– რა გჭირთ, ხალხო? დერეფანში ვასილიჩი...
ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. ვასილიჩის ხსენებაზე უკვე ადამინის სახეები დაკარგეს. გაოგნბული გოგონა კარში იდგა და ვერაფერი გაეგო. ცოტა ხანი უყურა, მერე ხელი ჩაიქნია და კარი გაიხურა.
კიდევ დიდხანს ვერ წყნარდებოდნენ.
– უუჰ, მომკალი კაცი. – როგორც იქნა შეძლო სული მოეთქვა. – ახლა რამდენი ვასილიჩს დავინახავ, იმდენი სტალინი გამახსენდება.
– ეგ არაფერია კაცო, მთავარია ჩემი დანახვისას დეკოლტე არ გაგხსენდეს და...
– გეყოფა, თორემ სპაზმები დამეწყო უკვე.
– მივდივარ, ბატონო. – წამოდგა წეღანშემოსული და კარი გაიხურა
თავადაც საუშაო ადგილს დაუბრუნდა. მაგიდაზე დადებულ  მეორე წერილსაც უჯრაში მიუჩინა ადგილი და საღამომდე არც გახსენებია. თუმცა წასვლის წინ კიდევ ერთხელ გადაიკითხა. საკუთარი თავი აკვირვებდა. მანამდე არასდროს ამჩატებულა ასე. დიდი რამე, დამლაგებელმა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა მიუწერა. თვითონ რამ ააღელვა ამხელა კაცი? ქალის პროვოკაციას ასე ადვილად როგორ წამოეგო? 
უკვე საკმაო დრო გასულიყო. სამუშაო საათები დიდი ხნის წინ დამთავრებულიყო, მაგრამ იგი სახლში წასვლას არ ჩქარობდა. ოთახში სინათლე გამოერთო და მხოლოდ მაგიდის სანათის სუსტ შუქზე ძლივს გაარჩევდით სავარძლის საზურგეს მიყრდნობილ და ჩაფიქრებულ მამაკაცს. რაზე ფიქრობდა? პროექტზე ნამდვილად არა. მაგიდის უჯრა გამოაღო და წერილები ამოიღო. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და ისევ ჩაეღიმა. რაღაცნაირ სითბოს გრძნობდა ამ წერილებიდან. თვითონაც ვერ გაეგო. მანამდე მსგავსი არაფერი განეცადა. რა იყო ეს? ნუთუ ამ წერილების ავტორის იდუმალება მოქმედებდა მასზე ასე ძალიან? ალბათ, სწორედ ეს აკლდა ყოველთვის ურთიერთობაში. ადვილად იღებდა ყველაფერს. თვითონ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები არ აძლევდნენ საშუალებას ზედმეტად შეეწუხებინა თავი ურთიერთობებში, უფრო საინტერესო გაეხადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პირიქით. იგრძნობოდა, რომ წერილის ავტორი საკმაოდ ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი იყო და თითქოს რაღაც შეუმჩნეველი, ძალიან ფრთხილი ინტრიგაც გაუბა. აი, ეს ინტრიგა იყო, რაც აიძულებდა გონებაში კვლავ და კვლავ გადაევლო თვალი სტრიქონებისთვის.
სახეზე ხელები ჩამოისვა და სავარძლის საზურგიდან წამოიწია. წერილებს მიბრუნდა და ფანქრით მიუწერა:
„რამდენადაც მახსოვს პირველი წერილი თქვენი ავტორობით იყო დაწერილი. დავიჯერო, ასე ძალიან მოგეწონათ ჩემი პროექტი, რომ იმ წერილის შთაგონების წყარო მხოლოდ ეს იყო? ჩემი აზრით წერილი ყველაზე ინტიმური ურთიერთობის გზაა, რომლის მოწმე მხოლოდ ორი ადამიანი შეიძლება იყოს და ზუსტად თქვენმა წერილმა მომცა უფლება დავინტერესებულიყავი თქვენი პიროვნებით.
პ. ს.  რადგან ასეა, იქნებ აღარ გეწვალებინეთ და სახელი გაგემხილათ.“
წერილის წერა დაამთავრა, ქაღალდი მოკუჭა და ერთხნს ხელში ეჭირა. რაღაცაზე ფიქრობდა, ბოლოს დაიხარა, წერილი ურნის ახლოს დაყრილ ქაღალდებს შეურია. კმაყოფილს ჩაეღიმა და ოთახი დატოვა.
მეორე დღეს სამსახურში მისულმა ჯერ დასუფთავების სააგენტოდან გამოთხოვილი თანამშრომელთა სია გამოართვა ადამიანური რეესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელს, სლავური გარეგნობის გოგონას.
ოთახში შესული კართან შეჩერდა, თითქოს გული დაწყდა. წერილი მაგიდაზე არ იდო. მართალია, არც მას დაუტოვებია იქ, მაგრამ რატომღაც ჯეროდა რომ ეს წერილი იმდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ადრესატისთვის, რომ სადაც არ უნდა დაედო, თუნდაც ურნაშიც ჩაეგდო, მაინც იპოვიდა და მიუწერდა პასუხს.
მაგიდას მიუახლოვდა და სია, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, უხეშად დააგდო. ღირდა კი გადახედვა? სავარძელში ჩაჯდა და მაგიდის ქვეშ შეიხედა. ურნის შორიახლოს ისევ ეგდო რამდენიმე ქაღალდი. დაიხარა და გუშინდელი ქაღალდი აიღო. ჯერ გადაგდება უნდოდა, მაგრამ მაინც გაშალა და თვალებს არ დაუჯერა, პასუხი მიეწერათ:
„შესანიშნავი სვლა იყო, გაინტერესებდათ რამდენად შორს წავიდოდა ჩემი ინტერესი (ან სურვილი თქვენგან ახალი შეტყობინების მიღებისა). ვაღიარებ, წერილი ვეძებე, როგორც ჩანს არც ჩემთვისაა უმნიშვნელო ეს მიმოწერა. გამოგიტყდებით თითოეული მათგანის ქსეროქსიც კი მაქვს შენახული. (მე მგონი ახლა თქვენი თვითშეფასების ნიშნული ავწიე რამდენიმე საფეხურით მაღლა.)
პ. ს.  რა თქმა უნდა ბევრად ადვილი იქნებოდა ჩემი სახელი მევე გამემხილა, მაგრამ მშვენიერი გამოძიება წამოიწყეთ და ხელს არ შეგიშლით.“
იღიმოდა და ხვდებოდა, რომ თავიდან ფეხებამდე გაბმული იყო მახეში. მოსწონდა კიდეც ეს.
დაახლოებით რვაჯერ გადაიკითხა წერილი და ბოლოს გვერდზე გადადო. აღარ იცოდა რა ექნა, ფაქტიურად აღიარება მიიღო ამ წერილით, მართალია თავშეკავებული, მაგრამ მაინც აღიარება. ახლა რაღა უნდა ექნა? როდემდე უნდა გაეგრძელებინა ეს „დამალობანა“ და „აბა მიცანი, თუ შეძლებ?“ ძალიან უჩვეულო იყო ეს ყველაფერი მისი ასაკის მამაკაცისთვის, რომელიც თავს საკმაოდ თავშეკავებულ ადამიანად თვლიდა. დიდად არ უყვარდა საკუთარი გრძნობების გამოხატვა. არასდროს დაუკარგავს თავი. ყოველთვის ფიქრობდა რომ პრაგმატული ადამიანი იყო და საღი გონებით უყურებდა ცხოვრებას. სიყვარულს ყოველთვის ეძებდა და ვერავინ იტყოდა, რომ ცივი და უგრძნობი ადამიანი იყო, მაგრამ რაღაც „ძალიან დიდისაც“ არასდროს სჯეროდა. მსგავსი გრძობისგან ახალაც შორს იყო, რამდენიმე წერილი ნამდვილად ვერ გახდებოდა მისთვის თავის დაკარგვის მიზეზი, მაგრამ ახლა მისი მთავარი საფიქრალი „იდუმალი დამლაგებელი“რომ იყო, ამას ვერ უარყოფდა.
მაგიდაზე დადებულ სიას დასწვდა და გადაშალა. საკმაოდ მსუყე ჩამონათვალი იყო – ას კაცს ცდებოდა. არ ეგონა, ერთი ორგანიზაციის სისუფთავეზე ამდენ ადამიანს თუ შეიძლებოდა ეზრუნა. რთული იქნებოდა მისი პოვნა, მაგრამ არა შეუძლებელი. მამრობითი სქესის წარმომადგენლები გამორიცხა, თუმცა სია სულ 18 ადამიანით შემცირდა. კარგი იქნებოდა თანამშრომლების დოსიეები მოეთხოვა, ასაკის მიხედვით შეიძლებოდა კიდევ გამორიცხვა, თუმცა რა გარანტია ჰქონდა, რომ წერილი ავტორი არ იყო ორმოცს გადაცილებული, ჩამრგვალებული ქალბატონი? თუნდაც ის, გუშინ საპირფარეშოში რომ შეხვდა? უკვე ვეღარ ხვდეოდა რა უნდა ექნა. მაგიდაზე დადო სია და სავარძელზე გადაწვა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. სამუშაოს გულს საერთოდ ვეღარ უდებდა.  თუმცა შეძლო და თავი ხელში აიყვანა. სიმართლე უნდა ითქვას ასეთი საკუთარი თავი, რაღაცით აბრაზებდა კიდეც. ამიტომ თავიდან ამოიგდო ზედმეტი ფიქრები და პროექტს მიუბრუნდა.
მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა. საღამოს წასვლისას ისევ მიაწერა ქაღალდზე:
„სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, თუმცა ალბათ ზედმეტად გავერთე ამ ყველაფრით. ნამდვილად საინტერესო ადამიანი ხართ და იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე, როცა თქვენ გამბედაობას მოიკრებთ და მზად იქნებით პირისპირ შესახვედრად, შევხვდებით.
პ. ს.  უნდა ვაღიარო, რომ პირველი ქალი ხართ, ვინც მაიძულა ამდენი რამ გამეკეთებინა მისი ვინაობის გასაგებად. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ბრავო, დიდებული ადამიან ხართ.
ბატონი... უბრალოდ არქიტექტორი.“
და ოთახი დატოვა.
ამ დღის მერე აღარ დახვედრია წერილი. შეიძლება იჩქარა, ხვდებოდა რომ ამ წერილის მერე დიდი ალბათობით ვეღარ მიიღებდა პასუხს, თუმცა არ ნანობდა. მისთვის ასეთი საკუთარი თავი მიუღებელი იყო, გონებაგაფანტული და არა სამუშაო ფორმაში. თუმცა სამსახურში მისვლისას ჩვევად ექცა პირველი ქაღალდებს ამოწმებდა.
წერილები შეწყდა...
ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები