ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 თებერვალი, 2017


დიდი დანაკარგის მესაკუთრე

ნინო დარბაისელი სტრონი

                                            დიდი დანაკარგის მესაკუთრე

                                    (რეზო გეთიაშვილის ,,გოქსუს' ინტერპრეტაცია)


გოქსუ
- - - -

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

      რას წამოიღებს ადამიანი ამერიკაში  საქართველოდან, განა,  ისეთი რა გამაჩნდა, აქ  რომ გამომდგომოდა?
        ბარგში სულ ეს  ჩამეტია: დიდი ბიბლია, სასკოლო ვეფხისტყაოსანი, საბას "სიტყვის კონა",…  ბოლოს "სიყვარულის წიგნი" და ლებანიძის შედგენილი  ,,შედევრები" ვატრიალე ხელში, ვფურცლე  და ისევ დავდე.
    აღმოვაჩინე ის, რაც თეორიულად ისედაც ვიცოდი: წიგნი - მძიმეა, მაგრამ პოეზია, ბოლომდე კიდევაც რომ არ გესმოდეს, არ იცოდე იგი, თუ ერთხელ გული გაუღე და დაიხსომე, ცოდნასავით მუდამ  თან დაგდევს, ,,რაზომცა დაეტარები“.
        აი, მაგალითად ეს ლექსი, ,,გოქსუ’.  ადრე, ალბათ  დეკადის წინ,  სადღაც წავიკითხე. ავტორს, რეზო გეთიაშვილს ფოტოთი ვიცნობ, ასე, ჩემი მომდევნო თაობის პოეტი უნდა იყოს, ან უფრო ახალგაზრდა. მინდოდა შეხვედრა და ვერ მოვახერხე.

***
      უცნაური სათაურია, არა, ,,გოქსუ?! თითქოს საკუთარი სახელი უნდა იყოს.  აღმოსავლურია? ჟღერადობითაც, არც რაიმე ნაცნობ ბგერათშეთანხმებას მაგონებს, გარდა ერთი გვარის  შეკვეცილი, გაკნინებითებული ფორმისა, თუმცა მეეჭვება, ქართულ პოეტურ და სოციალურ სივრცეში ავტორს ასე, პირდაპირ დაესახელებინა ვინაობა ქალი-ადრესატისა, რომელსაც პოეზიის ენაზე ლამის ღიად ეუბნება, შენი სხეული ადრე მეკუთვნოდა, მაგრამ ახლა დავკარგეო.
      დღეს იქნებ უარესებიც ითქმევა ღიად, მაგრამ ….
      მახსოვს, ოთხმოცდაათიანებში, გ. ლეონიძის საიუბილეო კრებულის შემდგენელი -  თამარ ბარბაქაძე  როგორ გულწრფელად შემიწუხდა, როცა ,,ციცარის’ ანალიზი გადავეცი.  მეწერა, სათაური ,,ციცარი’’ - ანაგრამაა და მსახიობი თამარ ციციშვილი ჩანს ამ მწარედ სატრფიალო ლექსის ადრესატი-მეთქი.
        ,,იქნებ ეს მომენტი არ იყოს საჭირო, ორივე მხარეს შთამომავლები არიან, რომელთათვისაც ამის მოსმენა სასიამოვნო არ იქნებაო”.
          რა გაეწყობოდა, დავყაბულდი, თუმცა ,,გამგებთათვის’ მინიშნება მაინც დავტოვე იმ შეკვეცილ აბზაცში.
        ,,გოქსუს’’ რაც შეეხება, აქ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია:
        არსებობს სათაური - გასაღები, რომელიც ხსნის, აღებს ტექსტს.
        ასევე,  არსებობს სათაური-კლიტე, რომლის გასაღები არც ტექსტში, არც კონტექსტში  არ მოიპოვება, ამ სივრცეთა გარეთ, სათავისოდ დაიტოვა ავტორმა.
          ქართველ მკითხველს ისღა  დარჩენია:
          ან  მიიღოს სიტყვა  ,,გოქსუ’ უცნაურ და უჩვეულო საკუთარ სახელად,
          ან დაუშვას, რომ იგი განგებ არის იმგვარად კოდირებული ავტორის მიერ, რომ მკითხველის მხრიდან დეკოდირებას არ დაექვემდებაროს.
        იმის გათვალისწინებით,რომ პოეტური ხელოვნებისთვის  უცხო არ არის მოვლენა, როცა ავტორი ტექსტში მხოლოდ თავისთვის  ჰა და ჰა, კიდევ ვიღაც რეალური ერთისთვის  გასაგებ, სანუკვარ  კოდებს ,,ინახავს" , მე მეორე ალბათობისკენ ვიხრები.


***
        რაკი ,,ციცარი"  ვახსენე, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ  ამ ტიპის სატრფიალო  ლექსების ნარატიული ჩარჩო-მოდელი ძირითადად ასეთია:
      შეყრა-დაწყვილება - წყვილის ერთად ყოფნა - ფატალური განშორება- ვაჟის  გზაზე დადგომა-გადაკარგვა.
      ამ ორივე ლექსში განშორების გადაწყვეტილება ქალის მიღებული ჩანს, ოღონდ ერთია, ,,ციცარის“  ავტორი ამ გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზად,  ქალის ქცევას - სხვა არჩევანს  მიიჩნევს,  ,,გოქსუსი“ კი ამაზე ღიად  არაფერს გვაუწყებს. რაც შეეხება გზაზე დადგომას, ლეონიძე თუ ამბობს:

მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

ანუ მაქსიმალური ექსტრავერსიის გზას ირჩევს, რომ კონკრეტული ლოკალიდან  გაღწეულმა, გადაკარგულმა, უცხოობიდან  თარის ხმით  მთვარეს უწვდინოს  თავისი ამბავი,
რ.გეთიაშვილის ლირიკული სუბიექტი ინტროვერსიის გზას ირჩევს, თავის თავში ჩატრიალებული, მაგრამ უკვე  გაუცხოებული ამბობს:

საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ
  ერთი უცხოელი ტურისტივით.

ძარღვები -  სისხლის მოძრაობის ადგილია, უფრო ზუსტად,  უწყვეტი  გზაა  სისხლისა, რომელმაც ჩვენს შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ გაგვეგება.
თავისთავთან გა-უცხოებულ//გაუცხო-ელ-ებული არსება , რომელიც, ჩანს,  მომხდარის მიზეზად  საკუთარ თავს მიიჩნევს,  საკუთარი სისხლისგან მოელის რაღაც პასუხს,  მაგრამ უშედეგო სიარულით ღონემიხდილია.
      სიტყვა ,, სიარულის” სინონიმთა ბუდეში წანწალი, მაგალითად, ხეტიალისგან - უმიზნო, უმისამართო სიარულისგან უღონობის ნიშნით განსხვავდება.


****
    ამ პატარა ლირიკულ შედევრს საყურადღებო კომპოზიცია აქვს. ფაქტობრივად იგი შედგება ორი მცირე დასრულებული ლექსისა  და მათ შორის გადებული ხიდისაგან.
პირველი ლექსი  - დასაწყისია:

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.

მეორე ლექსი,  უფრო მცირე, დასასრულისაა:

მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

  ეს ორ  ლექსი, გაჯერებული პოეტური  მახვილგონიერებითა  და მწარე თვითირონიით (ფსევდო-თვითკმაყოფილება), რომელიც  მტკივნულ განცდათა გადმოცემისთვის ,,არაპოეტური’, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული  ლექსიკა- ფრაზეოლოგიის მოხმობით და  ბოლოში  - ოქსიუმორონით  მიიღწევა, თავისებურად უპირისპირდება ,,ხიდის’  წრფელ სასოწარკვეთილებას.
  ძნელი საცნობი არ არის ,,ხიდში’  შეხმიანება ნ. ბარათაშვილთან .

არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,

        ეს მოტივი ქართულ პოეზიაში ბარათაშვილის შემოტანილია და რ. გეთიაშვილი  აქ ლექსიკის დონეზეც აფიქსირებს  ალუზიას. ,გავიხსენოთ ,,ნუვინ იტყვის ობლობისა ვაება….. საბრალოა მხოლოდ სული ობოლი’”.
        თანამედროვე პოეტს დიდ წინაპართან დიალოგი  მომდევნო საფეხურზე აჰყავს: ოცდამეერთე საუკუნეშიც,  ობლობის ტკივილი - იგივეა, მაგრამ  გამოხატვის, გამოთქმის გზა  რაღაცას,  ჯერ გაუცვეთელს საჭიროებს.
მაგალითად, ასეთს? - საკუთარ ძარღვებში მოწანწალე გრძნობდე:

თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.

სისულელეა!
გრამატიკული ნონსენსი!
როგორ შეიძლება, ერთპირიანი ,,ვიღიმები" ზმნა  კიდევ ერთ, ობიექტურ  პირს შეიწყობდეს (რას? -  გულისკივილს) ან როგორ შეიძლება, გულისტკივილი იყოს დაკიდებული და თანაც საცალფეხო?...
        მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ საცალფეხო და დაკიდებული- ეს გზის ერთი,  სპეციფიკური სახეობის - ბეწვის ხიდის განსაზღვრებებია. ძარღვების გზა კი, რომელზეც არსება დაწანწალებს საკუთარ არსებაშივე, ყოველ ახალ წრეზე ამ სათუთ, მკერდში ბეწვის ხიდივით ,,დაკიდებულ’ გზაზე - გულზე გადის, რომელიც მართლაც,  სიკვდილ- სიცოცხლეს შუა, საცალფეხო  ბეწვის ხიდია,  წარმოგვიდგება იმაგინაცია, გულისტკივილის  დაფარვის მცდელი, გარეგნულად ,,ფართოდ მოღიმარი”  არსებისა. რომელიც ცდილობს, გარეგნულად  ისე წარმოაჩინოს,  ვითომ ,,ყველაფერი წესრიგშია”.
  ... თუმცა პოეტური იმაგინაცია  ხომ სახის ამგვარი ,,გამოშიგვნის“ გარეშეც , მსწრაფლ აღწევს მკითხველამდე და მსმენელამდე.  ეს პოეზიის ენაა, რომელმაც  ,,უჩვენოდაც“ იცის უმოკლესი გზა ჩვენს არსებამდე...
    მაგრამ ურდოები და მეფეები რაღად დასდევნებიან საკუთარ თავში გზაარეულს?
    ვინ არის ეს მდევარი?
    ოჰ! ეს ქალურ- მკითხველური ცნობისმოყვარობა! - გასაქანს რომ არ მაძლევს და მაიძულებს ძირის- ძირამდე ვჩხრიკო!
        ჯერ ,,ჩემი  დაკარგული მიწებიო’, ბოლოს ,,ჩემს გვირგვინად ეს აკურთხესო’ , ხომ არ მიგანიშნებს იმაზე,  რომ უნდა გავიხსენოთ სიყვარულის სოციოლოგიიდან,  კერძოდ, ურთიერთობათა მოდელებიდან ერთი -  ,,მეფე - მხევალი” , რომელიც ჩვენი ლექსის წარმოსახულ სიტუაციაში ქალისთვის ჩვეული, არაერთჯერადი  იყო (,,მეფეები’), ხოლო კაცისთვის პირველი და საბედისწერო გამოდგა.  მას  წარსულზე ეჭვიანობის საბაბი მიეცა, რის გამოც დაკარგა ქალი. დანაკარგის მერეც კი ეჭვის ურდოები და მასსავით აწ უკვე ყოფილ თუ მომავალ  მეფეებზე  ფიქრი- მდევარი  საკუთარ არსებაში  შეხიზნულსაც  ვეღარ მოუშორებია.

***
    პოეტური მეხსიერების საგანძურში კონვენციური ლექსები  ძირითადად რიტმის მიხედვით არის დაჯგუფებული.  მეც, როცა  ერთ ლექსს ვიხსენებ და გულში ვიმეორებ,  რაღაც იმაგვარი მჭირს,  ღიღინისას ერთი მელოდია სხვა მსგავს მელოდიას რომ გამოიხმობს ხოლმე.
    ეს ლექსი  - მარცვლიანობის მხრივ, ათმარცვლედია.
    მაგრამ ქართულმა ლექსმა ათმარცვლედის არაერთი სახეობა იცის.
      არსებობს ათმარცვლედის დღემდე გაბატონებული სახეობა...ახლა თავისუფალი რეფლექსიის ნაცვლად,  ლექსმცოდნე-კოლეგებს რომ ვესაუბრებოდე, ვეტყოდი, აქ ქორე-დაქტილურ ათმარცვლედს ვგულისხმობ-მეთქი (ო.ჭილაძის და მის მიმდევართა ლექსების უმრავლესობა)  ან  ,,გოქსუზე„ აღვნიშნავდი, რომ ათმარცვლედის შედარებით  იშვიათი სახეობაა,  ქორე-ორი მეორეპეონი ან მარტივად დავუწერდი  (2/4/4), იქნებ  ვარიაციებზე საუბარსაც  შევყოლოდით. დაგვემატებინა, რომ რ. გეთიაშვილი ტრადიციას მისდევს, xbxb. (ანუ მხოლოდ ლუწი სტრიქონებია გარითმული), ეს ტექნიკური გამარტივება კი იმით კომპენსირდება, რომ ლექსის რიტმულ-ინტონაციური დინამიკა ჰიპერდაქტილურ  (სამზე მეტ მარცვლიან) რითმებთან ერთად  (იწყებიან/მიწებია, ნუვინ ტირის/ ტურისტივით/გულისტკივილს, ეს აკურთხეს/მესაკუთრე), აქა-იქ შიდა რითმებსა და ბგერწერულ აქცენტებსაც ეყრდნობა… 
      ახლა კი ადამიანურად ვიტყვი, რომ  ,, გოქსუს" რიტმულმა  ინერციამ მედეა კახიძის ერთი უცნობილესი ლექსი  მოიყოლა:

,იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
….
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.

      არა მხოლოდ საერთო რიტმული დინება. ამ ორ ლექსს დასაწყისი სარითმო წყვილის. ია - მღერადი ხმოვანთკომბინაციაც ამსგავსებს (შვეულია/ შეუძლია, იწყებიან// მიწებია), რაღაც მსგავსი  არაერთხელ შემინიშნავს მურმან ლებანიძესთანაც, მაგალითებსაც გავიხსენებდი, მაგრამ შემიყოლებდა და  სათქმელიდან გადახვევა მომიწევდა.


***
        პოეტური ქმნილებისადმი  ანალიტიკურ მიდგომისას ერთ-ერთი პირველი საქმე დრო-სივრცულ- სიტუაციური პარამეტრების მონიშვნაა:
      რა ხდება, სად, როდის, ვინ მონაწილეობს, ვინ მეტყველებს და ვინ - მოქმედებს  და როგორ და ა. შ.
        ცხადია, როგორც  ზემოთაც  აღვნიშნე,  სახეობრივი პლანი ლექსისა უამკითხვებოდაც აღძრავს მკითხველში ინდივიდუალურ პოეტურ იმაგინაციას, რომელიც შეიძლება არც კი დაემთხვეს სხვა მკითხველებისას და თავად ავტორისას.
      ეს ბუნებრივია, რადგან გარდა კოლექტიური კულტურულ-პოეტური გამოცდილებისა და ინტენციისა, ყველა ჩვენთაგანს, როგორც მკითხველს, გაგვაჩნია საკუთრივიც, მხოლოდ თითოეული ჩვენთაგანისთვის ნიშნეული.
      ჩემს წარმოსახვაში რეზო გეთიაშვილის ეს ლექსი მუსიკასთან ერთად, ფერით შემოდის და ეს ფერი მოვარდისფრო-ბაც მეწამულია.
        ეს იმ ყოჩივარდების ფერია, კამერულ სივრცეში, მაგიდის საპირისპირო მხარეს, სოციალური და არა - ინტიმური აკომოდაციის არეში,  გარეგნულად  მშვიდად მჯდომი (,,ყველაფერი წესრიგშია”) ყოფილი შეყვარებულების შუაში, რაღაც, პატარა ჭურჭელში ჩადებულ ერთი ციცქნა ყვავილების თაიგულ-ბარიერი რომ ,,გამოსცემს”.
        ყოჩივარდა - ადრეული გაზაფხულის მაცნე ყვავილია. მაგრამ, ახლა ის ბარიერად ქცეული, არა ამ ნაწყვილარის, არამედ,  ალბათ, ახალი საწყვილეს გაზაფხულის მოახლოებას მოასწავებს.
        ,,ყველაფერი წესრიგშია", მოგვარდა, დამთავრდა. სიჩუმეა... ამიტომაც არ ღირს, უკვე აღარ ეგების კაცისგან ლაპარაკი. მას სახეზე ფართოდ გაღიმება აწერია - შინაგანი ძალისხმევით ღიმილად გარდაქმნილი გულისტკივილი და  ჩვენც  ლექსში მხოლოდ მისი შინაგანი მონოლოგი გვესმის.
        მას ამ განშორებით,  წაურთმეველი ქონება ერგო,  თანაც ნაწილი კი არა, ,,მთელი უშენობა”.
          ვცადე და ვერც რუსულად, ვერც ინგლისურად ვერ მოვუძებნე რაიმე ერთსიტყვიანი თარგმანი ,,უშენობას” - ქართული პოეზიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონცეპტს, რომლის ძირების ძიებაშიც ალბათ  ვეფხისტყაოსნამდე მოგვიწევს ჩასვლა.
      ქართული პოეტური სულისთვის  - ,,უშენობა” სიყვარულის ამბის  ლამის გარდაუვალი გაგრძელებაა,  სიყვარულისა, რომელსაც დასასრული არ უწერია.

    P.S.
    დავასრულე  თუ არა ამ  წერილზე მუშაობა, ავტორს ხმა ვაწვდინე.
    შევიტყვე, რომ ეს ლექსი, რომელიც მე სატრფიალო პოეზიის ნიმუშად მივიჩნიე, სინამდვილეში,  ეხება ტაო-კლარჯეთს, იქ მცხოვრებ პატარა ქართველ გოგონას -  გოქსუს და ადამიანებს, რომელნიც ტერიტორიებთან ერთად დავკარგეთ.
      შევთანხმდით, რომ გამოქვეყნების შემდეგ ტექსტი ავტორს აღარ ,,ეკუთვნის“, იგი მკითხველისაა.
      შესაძლო ინტერპრეტაციათა უსასრულობა  კი ნებისმიერ მკითხველს  მუდამ აძლევს მარჯვე შესაძლებლობას,  თავად დაუკვირდეს  ტექსტს და თავისი ,,გოქსუ" აღმოაჩინოს.
        ჩემი ,,გოქსუ“ კი ესაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები